თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები (2013 წლის 13 სექტემბრის სხდომა)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის,  აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას და ამ მიზნით, საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას და დარღვევებზე
რეაგირებას,  ადასტურებს, რომ მას არ აქვს უფლებამოსილება, განმარტოს კანონი ან შეცვალოს სასამართლო გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ყველა კანდიდატისათვის თანაბარი კონკურენტული გარემოს არსებობა არის მნიშვნელოვანი, და რეკომენდაციით მიმართავს:

1. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომლის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვასაც,  შესაძლოა, ხელი შეეშალა თავმჯდომარის მოულოდნელი გადადგომის გამო, მაქსიმალური პროფესიული ყურადღება გამოიჩინოს თითოეულ საპრეზიდენტო კანდიდატთან  დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესწავლისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

2. პოლიტიკურ პარტიებს

პოლიტიკურმა პარტიებმა გასცენ მკაფიო მითითება, რომ მათმა აქტივისტებმა თავი შეიკავონ კონკურენტი საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისაგან კონტრ-აგიტაციის თუ სიტყვით გამოსვლის მიზნით, რათა გამოირიცხოს პოლიტიკურ  ნიადაგზე თუნდაც სიტყვიერი დაპირისპირება, და კანდიდატებმა შეფერხების გარეშეშეძლონ ამომრჩეველთან კონტაქტი.
ბეჭდვა