მიხეილ სააკაშვილი: ჩემი დასწრება ინაუგურაციაზე შეუძლებელია
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი დასწრება ინაუგურაციაზე შეუძლებელია
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება 17 ნოემბერს ქვეყნის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას. ამის შესახებ ის „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„მსურს გაგიზიაროთ ჩემი დამოკიდებულება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით.

ყოველთვის წარმომედგინა, რომ დავესწრებოდი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იქნებოდა იგი, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა ქვეყნის მომავლის შესახებ და მიუხედავად აშკარად შეუთავსებელი ღირებულებებისა.

ვფიქრობდი, რომ მე და სანდრა დავხვდებოდით ახალ პრეზიდენტს პრეზიდენტის სასახლეში, როგორც ეს ხდება მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ან სხვა დემოკრატიებში, შევუძღვებოდით მას შენობაში და გადავცემდით არა მარტო შენობას, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტს.

ასეთი მშვიდი გადაბარება იქნებოდა სიმბოლო სახელმწიფოებრიობის განგრძობითობის, დადასტურება ჩვენი დემოკრატიის შთამბეჭდავი პროგრესისა და ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ყველა საქართველოს შვილები ვართ და მშვიდობიანი თანაცხოვრება შეგვიძლია.

ცერემონიის შემდეგ დავტოვებდი შენობას და წავიდოდი ჩემს ოჯახთან ერთად დასასვენებლად, ან ვისადილებდი ჩემს მეგობრებთან და პოლიტიკურ თანამოაზრეებთან ერთად.

ეს იქნებოდა ძალიან ნორმალური და ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ასე დამესრულებინა ჩემი პრეზიდენტობის 10 წლიანი ვადა.

სამწუხაროდ, ძალაუფლების გადაცემის არსებულმა რეალობამ ამ ოცნების ასრულება შეუძლებელი გახადა.

გასული წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩემმა მთავრობამ ძალაუფლება მშვიდობიანად გადასცა ახალ მთავრობას, ჩვენ იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე კონსტიტუცია გვავალდებულებდა და ახალ უმრავლესობას გადავაბარეთ ძალოვანი სამინისტროებიც, რომლებიც ამჟამინდელი კონსტიტუციით პრეზიდენტს ექვემდებარებიან. ჩვენ ერთგვარი ტრენინგიც ჩავუტარეთ მათ ახალ თანამდებობებზე, სახელმწიფო ბიუჯეტში კი რამდენიმე მილიარდი დავუტოვეთ. მოვლენათა სამწუხარო განვითარებამ ამ ჩვეულებრივი ოცნების ასრულება შეუძლებელი გახადა.

ერთი წლის წინ ჩვენ ვიცოდით, თუ რამდენად დაძაბული იქნებოდა თანამშრომლობა ახალ ხელისუფლებასთან. ჩვენ არ გვქონდა მადლიერებისა და დიდსულოვნების მოლოდინი 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებული ძალის მხრიდან, გვესმოდა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი შეჩერდებოდა, ბევრი რეფორმა უკან წავიდოდა და ზოგადად მათი პოლიტიკა იქნებოდა სრულიად განსხვავებული ჩვენი პოლიტიკისგან. მაგრამ ხალხმა არჩევანი გააკეთა და ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ ქართველი ხალხის, ჩვენი საერთო და უზენაესი ბატონის, ნებას.

არა, ჩვენ მოკრძალებული იმედები გვქონდა. უბრალოდ ვიმედოვნებდით, რომ ისინი პატივისცემით მოეპყრობოდნენ კონსტიტუციას, მათთვის მისაღები იქნებოდა ინსტიტუტებისადმი ლოიალურად განწყობილი ძლიერი ოპოზიციის არსებობა, თავს შეიკავებდნენ სასამართლოს გამოყენებისაგან მისივე განადგურებისთვის და მოახდენდნენ მთელი ენერგიის კონცენტრაციას ჩვენი ქვეყნის მომავალზე და არ მიეჯაჭვებოდნენ წარსულს.

როგორც იცით, ყველაფერი სრულიად საპირისპიროდ მოხდა.

მათ დაკითხეს ნაციონალური მოძრაობის ათასობით აქტივისტი, ასზე მეტ ჩვენს ყოფილ თანამდებობის პირს თუ პარტიის აქტიურ ლიდერს ბრალი წაუყენეს, ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები, როგორებიც არიან ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი, კუდიანებზე ნადირობის ირაციონალური პოლიტიის მსხვერპლნი გახდნენ. ისინი ახლა ციხეში არიან. ამ ვითარებამ ჩვენი დემოკრატიის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით მშვიდობიანად გადაგვებარებინა, ჩაშალა, ხოლო ინსტიტუტების განვითარების პერსპექტივა გაურკვევლობის დროში გადაისროლა.

თვითმმართველობის არჩევნების მთავარ იდეას ადგილობრივ მმართველობებში არჩეული თანამდებობის პირების ძალადობრივმა შეცვლამ აზრი გამოაცალა. ეს ცენტრალური მთავრობის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ ხდებოდა. ამ პროცესმა, რომელიც სასამართლოსა და მასობრივი ძალადობის გამოყენებით მიმდინარეობდა, უკანონოდ შეცვალა 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგი, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებული იყო როგორც თავისუფალი და სამართლიანი, და დე ფაქტო წაშალა ინსტიტუციური ზღვარი ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის.

საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებს შეიძლება თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ისე, რომ ამას არანაირი რეაგირება არ მოყვება. მეც, ქვეყნის პრეზიდენტს, ბევრჯერ დამესხნენ თავს ხელისუფლებისა და პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ მართული ჯგუფები. სამწუხაროდ, არჩეულ თანამდებობის პირებზე თავდასხმების გამო სერიოზულად არავინ დასჯილა. ეს ინსტიტუტების დაცვის მთავარ იდეას საფრთხეს უქმნის.

დასახელებული მიზეზების გამო, ჩემი დასწრება ინაუგურაციაზე შეუძლებელია. მე ვერ მოგატყუებთ, თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა და ინსტიტუციურად ყველაფერი გრძელდება მაშინ, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი, ჩემი ყოფილი პრემიერ-მინისტრი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა იყოს სახელმწიფოებრიობის განგრძობითობის გამოხატულება და დღე არსებული ინსტიტუტების ირგვლივ ქვეყნის ერთიანობისა. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში ბევრჯერ აჩვენა, რომ ის უარყოფს განგრძობითობის მთავარ იდეას და რომ მას არ აღელვებს არსებული ინსტიტუტები.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებებიდან მათ სიმბოლურად ამოიღეს სამხედრო აღლუმი, იყენებენ ყველა შესაძლო საშუალებას, რათა შეცვალონ კონსტიტუცია და პარლამენტი ქუთაისიდან გადმოიტანონ. ასევე, უკვე გამოაცხადეს, რომ აპირებენ გააუქმონ პრეზიდენტის სასახლე, როგორც სახელმწიფო დაწესებულება. არადა, ამ შენობას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ტრადიცია უკავშირდება. აქ ხელი მოეწერა დიდი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტებს და სწორედ ამ შენობაში იყო მოწვეული უფრო მეტი სახელმწიფოს ლიდერი, ვიდრე საქართველოს მთელი წინამდებარე ისტორიის მანძილზე.

პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩვენ ავაშენეთ ქვეყნის პირველი პირის სასახლე, ვიმეორებ, სასახლე და არა ვიღაცის რეზიდენცია, სიმბოლოდ იმისა, რომ ჩვენ ვინმეს დანამატი და ვასალი კი არ ვართ, არამედ - სრულფასოვანი სახელმწიფო, რომელსაც იცნობენ და პატივს სცემენ მთელს მსოფლიოში. სამწუხაროდ, ახალი მთავრობისათვის ამ სიმბოლოს პატივისცემა მნიშვნელოვანი არ არის.

ამას დიდი სინანულით ვწერ, რადგან მე დავესწრებოდი ინაუგურაციას იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ ჩემი პრეზიდენტობის დროს დაწყებული ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი შეაჩერა.

ოთხწლიანი ურთულესი მოლაპარაკებები შეერთებული შტატების მთავრობასთან, რომელიც წარმატებით დასრულდა ბათუმში ახალი ამერიკული ტექნოლოგიური ინსტიტუტის გახსნით და რომელიც ჩვენი განათლების სისტემის მომავალი უნდა გამხდარიყო, პრემიერ-მინისტრმა ერთ წუთში ჩაშალა.

თბილისის შემოვლითი რკინიგზა, რომელიც თითქმის დასრულებული იყო და მასზე ასობით მილიონი დაიხარჯა, რომელსაც ჩევნი დედაქალაქისთვის ახალი სიცოცხლე უნდა შთაებერა, ერთ დღეში შეაჩერეს.

კიდევ ერთი დიდი პროექტი, ჩემი მთავარი სიამაყე - ქართული სამხედრო წარმოება, რომლის ჩამოყალიბებაც საქართველოსთვის ნამდვილი ტექნოლოგიური გარღვევა იყო, თითქმის ბოლომდე შეჩერდა, ისევე, როგორც ეს მოხდა თბილისის გარშემო თავდაცვით ნაგებობებთან დაკავშირებით.

ეს ძალიან სამწუხარო ნაბიჯებია, რომელიც ძვირად დაუჯდება ჩვენს ქვეყანას, ისევე, როგორც ახალი პრეზიდენტის უარი გამოიყენოს ტერმინი „ოკუპაცია“ ან დაგმოს რუსული აგრესია ჩვენი ქვეყნის მიმართ. მთავრობას აქვს კონსტიტუციური უფლება უარი თქვას ამ პროექტებზე.

ის, რასაც ისინი კონსტიტუციურად ვერ გააკეთებენ და რაც შეუძლებელია, შეინიღბოს ინაუგურაციის ცერემონიის ფსევდო-ნორმალურობით, ეს არის პოლიტიკური მიზნებისთვის სასამართლოს გამოყენება, ოპოზიციის აქტივისტებისა და წარმომადგენლების დაუსჯელი ძალადობის მსხვერპლად ქცევა და წინა ადგილობრივი არჩევნების შედეგების ძალადობრივი შეცვლა.

მე ძალიან მიყვარს და ყოველთვის ძალიან მეყვარება ქართველი ხალხი. უაღრესად მადლიერი ვარ იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც მომეცა - ცხრა წლის განმავლობაში პრეზიდენტის რანგში მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის. ბუნებრივია, პატივს ვცემ მათ არჩევანს. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ ჩემს თანამემამულეებს და მათ მიერ არჩეულ წარმომადგენლებს.

მტკიცედ მჯერა, რომ ყველა სირთულე დროებითია. როგორც მდინარე მიანგრ-მოანგრევს გარშემო ყველაფერს წყალდიდობის დროს და შემდეგ ისევ თავის კალაპოტს დაუბრუინდება, ისევე, როგორვ ვერავინ აიძულებს მდინარეს დინების საწინააღმდეგოდ იდინოს, ასევე ვეღარავინ დააბრუნებს წარსულში საქართველოს. იგი აუცილებლად მალე დაუბრუნდება იმ სანიმუშო პროგრესს, რომელიც წინა წლების განმავლობაში გვქონდა. განვლილმა დრომ დაამკვიდრა არა ნგრევის, არამედ შენების ტრადიცია, რომელსაც ვეღარავინ მისცემს დავიწყებას.

ჩემი მთავარი იმედია ის ახალგაზრდობა, რომელსაც „მიშას თაობას“ უწოდებენ და რომელიც აღარასდროს შეეპუება მისი ქვეყნის მონობას ან, თუნდაც, კლასიკური პოსტ-საბჭოთა ქვეყნის მდგომარეობაში დაბრუნებას.

ვიცი, რომ მთავრობა ჩემს ყოველ ნაბიჯსა და განცხადებაზე ღელავს. მინდა მათაც ვუთხრა, რომ ვუსურვებ წარმატებას ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში, რუსული ზეწოლის გაძლებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებაში, რომლისთვისაც ჩვენ ამდენი ვიმუშავეთ. ჩვენი საერთო ინტერესია, რომ მოვახდინოთ ზიანის მინიმიზაცია და თავიდან ავიცილოთ ყველაზე უარესი.

არ ვაპირებ მათ რაიმე ფორმით შევუშალო ხელი. გუშინ დავასრულე ბოლო კონსულტაციები ევროკავშირის და ევროპარლამენტის ლიდერებთან ვილნიუსის სამიტის წინ. პარალელურად, განვიხილავ რამდენიმე წინადადებას წამყვანი უცხოური უნივერსიტეტიდან ჩემს სახელთან დაკავშირებული ახალი საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის შექმნის თაობაზე. ვაპირებ, ამ ეტაპზე ამით დავკავდე და თავი შევიკავო საქართველოს ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისგან. ამის მიუხედავად, ყოველთვის მზად ვიქნები, დავდგე ჩემი ხალხის გვერდით ნებისმიერ დროს, როცა ამის აუცილებლობას დავინახავ და ვემსახურო ჩემს სათაყვანებელ სამშობლოს - საქართველოს", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.
ბეჭდვა