საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის წესი და ვადა
საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს, ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობაც ეფუძნება შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს:

საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემა;
საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლისგან თავის შეკავება;
პოლიტიკური მიუკერძოებლობა;
საარჩევნო პროცესის მონაწილეებისაგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა;
საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვა.


საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას რეგისტრაციაში ატარებს ცესკო.

საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-7 დღისა (24 სექტემბერი) განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს და წარუდგინოს დამფუძნებელი დოკუმენტის ასლი. თუ დამკვირვებელი (დამკვირვებლები) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელია, მან უნდა წარადგინოს მხოლოდ განცხადება და რწმუნების დამადასტურებელი საბუთი.

ერთ საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 2 საერთაშორისო დამკვირვებლისა. საერთაშორისო დამკვირვებლებს შეიძლება ახლდეს თარჯიმანი, რომელიც მათთან ერთად გადის რეგისტრაციას ცესკოში.

ამასთანავე, ცესკო უფლებამოსილია ორგანიზაციის რეგისტრაციისას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც შესაძლებელს გახდის ორგანიზაციის საქმიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებთან შესაბამისობის დადგენას.

ცესკო განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს. კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა (29 სექტემბერი) რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია დამკვირვებელთა შესახებ და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

ცესკოს მდივანი დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა გამოსცემს განკარგულებას წარდგენილი დამკვირვებლის (დამკვირვებლების) რეგისტრაციაში გატარების ან რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის შესახებ. დამკვირვებლის (დამკვირვებლების) რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში ცესკოს მდივანი ორგანიზაციას გადასცემს დამკვირვებლის მოწმობას (მოწმობებს), რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდე ნიშანს.

საარჩევნო კომისიის განკარგულება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა.
ბეჭდვა