ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ქართლოს ღარიბაშვილი საარჩევნო პროგრამა

 

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ქართლოს ღარიბაშვილი

 

საპრეზიდენტო პროგრამა

საქართველოს კონსტიტუცია

პრეამბულა


მე, საქართველოს ამომრჩეველი, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის  არჩევნებზე ვიღებ და ვიწონებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის  ქართლოს ღარიბაშვილის შემოთავაზებას –   მის საპრეზიდენტო პროგრამას – საქართველოს კონსტიტუციას და ხმას ვაძლევ მას.

საქართველოში ხელისუფლება არის ქართველი ხალხი.

ჩვენ, ქართველი ხალხი,

ვაღიარებთ რა ადამიანის სიცოცხლეს ცივილიზაციის ხელშეუხებელ ფასეულობად, ვეფუძნებით გაგებას, რომ  ადამიანი ვერ დაიცავს  სიცოცხლეს თანამედროვე სტანდარტებით დადგენილი უფლებათა და თავისუფლებათა გარეშე, გამოვხატავთ  ურყევ  ნებას და მტკიცე სურვილს უფრო აქტიურად გავაგრძელოთ ქართული ცივილიზაციის ინტეგრირება მსოფლიოს დემოკრატიულ სივრცეში, ვუერთდებით ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში საერთაშორისო  კონვენციებს, დეკლარაციებს, სხვა საერთაშორისო აქტებს და ვაცხადებთ მათ საქართველოს  კონსტიტუციის შემადგენელ ნაწილად;

აღვასრულებთ რა საკუთარ  ნებას,  ვაფუძნებთ დემოკრატიას საქართველოში ხელისუფლებათა შექმნით, მათში ჩვენი წარმომადგენლების გარკვეული ვადით მივლინების გზით, ვაძლევთ მათ საზოგადოების ცხოვრების წესების დადგენის, მათი აღსრულების და დადგენილის უზრუნველყოფისათვის ძალის გამოყენების მხოლოდ დელეგირებულ უფლებას;

ვქმნით საქართველოს ხელისუფლებათა  ფორმირების, ფუნქციონირების, მათი ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერთდაბალანსების და ურთიერთკონტროლის ახალ წესს და ისეთ სისტემას, რითაც გარანტირებული იქნება თითოეულის ეფექტური და სტაბილური მუშაობა, ქართველი ხალხის ცხოვრების დონის ამაღლების, ქართული კულტურის შემდგომი აღმასვლის შეუქცევადი პროცესი, მომავალი თაობების სიმშვიდე და კეთილდღეობა, ყოველივესთვის ვადგენთ საქართველოს კონსტიტუციას და ყოველივეს ვაფიქსირებთ მასში.

მუხლი პირველი.   საქართველოს ტერიტორიული მოწყობა

საქართველო არის გაეროს მიერ აღიარებული ერთიანი სახელმწიფო განუყოფელი ტერიტორიით  და დაყოფილია ადმინისტრაციულ ტერიტორიებად, ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტრადიციულ მხარეებად: დედაქალაქი თბილისი, არაგვეთი, აფხაზეთი, აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, მესხეთი, რაჭა, სამეგრელო, სამხრეთ ოსეთი, სვანეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქალაქეთა გადაადგილება, მათ მიერ საკუთრების

შეძენა და ნებისმიერი ლეგალური ბიზნესის ან სხვა საქმიანობის წარმოება თავისუფალია და მათთვის რაიმე შეზღუდვის დადგენა ან დაბრკოლების შექმნა აკრძალულია და ისჯება კანონით.

მუხლი მეორე.  საქართველოს დარბაზი, საქართველოს დეპუტატთა პალატა

ქართველი ხალხი საკანონმდებლო ხელისუფლებას განხოციელებას ავალებს საქართველოს დარბაზს და საქართველოს დეპუტატთა პალატას  და აღჭურავს მხოლოდ მათ კანონის მიღების უფლებით  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

საქრთველოს დარბაზში  თითოეული მხარე ექვსი წლით აგზავნის ორ დარბაისელს, დედაქალაქი თბილისი – სამ დარბაისელს.

საქართველოს დარბაზის წევრად შეიძლება  აირჩეს  ოცდაათ წელს მიღწეული  საქართველოს მოქალაქე, რომელიც  მუდმივად ცხოვრობს  მხარეში  არჩევნებამდე ექვსი თვე მაინც.

საქართველოს დარბაზი  არის მუდმივმოქმედი და ყოველ ორ წელიწადში ხდება მის წევრთა ერთი მესამედით განახლება.

პირველად არჩეულ საქართველოს დარბაზს იწვევს მისი თავჯდომარე. პირველივე  სხდომაზე პირველად არჩეული საქართველოს დარბაზის წევრები დაიყოფიან სამ ნაწილად: პირველი მესამედი, რომლის უფლებამოსოლების ვადად დგინდება ორი წელი, მეორე მესამედი, რომლის უფლებამოსილების ვადა იქნება ოთხი წელი და მესამე მესამედი,  რომელიც  დარბაზის წევრებად დარჩება ექვსი წლით.  ამავე  სხდომაზე საქართველოს დარბაზის თავჯდომარის რეკომენდაციით ხმების უბრალო უმრავლესობით საქართველოს დარბაზის წევრთაგან აირჩევა საქართველოს დარბაზის დროებითი თავჯდომარე.

საქართველოს დარბაზის წევრის მიერ თავისი მოვალეობების მუდმივად შეუსრულებლობის, მისი გარდაცვალების ან მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი მხარის დარბაზი ირჩევს მის შემცვლელს და საქართველოს მორიგ არჩევნებზე  ხდება საქართველოს დარბაზის ახალი წევრის არჩევა დარჩენილი ვადით.

საქართველოს დეპუტატთა პალატის დეპუტატებს ამომრჩევლები ირჩევენ ორი წლით  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  თანაბარი პრინციპით შექმნილ  საარჩევნო ოლქებში ოცი – ოცდახუთი ათასი ამომრჩევლის ქვოტით.

საქართველოს დეპუტატთა პალატის წევრად შეიძლება  აირჩეს  ოცდახუთ წელს მიღწეული  საქართველოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს  საარჩევნო ოლქში  არჩევნებამდე  ექვსი თვე მაინც.

საქართველოს დეპუტატთა პალატის არჩეული დეპუტატები იკრიბებიან იმავე წლის აგვისტოს პირველ სამუშაო დღეს.

ახლად არჩეული საქართველოს დეპუტატთა პალატის პირველ სხდომას, მისი თავჯდომარის არჩევამდე, თავჯდომარეობს  საქართველოს დეპუტატთა პალატის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის მიერ დანიშნული საქართველოს დეპუტატი.

საქართველოს დეპუტატთა პალატის წევრის მიერ თავისი მოვალეობების მუდმივად შეუსრულებლობის, მისი გარდაცვალების ან მისთვის უფლებამოსლიების შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი მხარის დარბაზი დარჩენილი ვადით ირჩევს მის შემცვლელს.

საქართველოს დარბაზი და საქართველოს დეპუტატთა პალატა  საქმიანობას წარმართავენ  პალატების კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე. მუშაობენ ცალ–ცალკე, თავისსავე რეგლამენტებით გარდა საქართველოს პრეზიდენტის და ვიცეპრეზიდენტის არჩევის კოსტიტუციით გათვალისწინებული საგანგებო შემთხვევისა                         .

საქართველოს დარბაზი და საქართველოს დეპუტატთა პალატა  საქართველოს კანონებს ღებულობს ერთობლივად. კანონპროექტს ჯერ განიხილავს  საქართველოს დეპუტატთა პალატა და მისი მოწონების შემთხვევაში  აგზავნის მას საქართველოს დარბაზში.

საქართველოს დარბაზის მიერ ანალოგიური პროცედურით მოწონებული კანონპროექტი ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს და იძენს საქართველოს კანონის ძალას საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისი ხელმოწერისთანავე. საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია  კანონპროექტი შენიშვნებით გადაუგზავნოს უკან  საქართველოს დეპუტატთა პალატას, რის შემდეგაც კანონპროექტი გადის იგივე პროცედურებს.

საქართველოს დარბაზს და საქართველოს დეპუტატთა პალატას შეუძლიათ გამოსცენ რეგლამენტებით გათვალისწინებული სხვა აქტები.

საქართველოს დარბაზის კომიტეტს ეძლევა უფლება დაიბაროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ნებისმიერი თანამდებობის პირი ნებისმიერი  ინფორმაციის მისაღებად ნებისმიერ დროს.

მხოლოდ საქართველოს დარბაზს ენიჭება უფლება დაადგინოს საქართველოს პრეზიდენტის, ვიცეპრეზიდენტის, საქართველოს დარბაისელის, საქართველოს დეპუტატის,  საქართველოს უმაღლესი სასამართლოს თავჯდომარის და მოსამართლის, თბილისის მერის, საქართველოს მხარის  გუბერნატორის და მხარის დარბაზის წევრის  წლიური სამსახურებრივი გასამრჯელოს ოდენობა.

საქართველოს ყველა არჩევით თანამდებობაში მყოფი პირი  იღებს მხოლოდ სამსახურებრივ გასამრჯელოს და მათ ეკრძალებათ სხვა რაიმე თანამდებობის დაკავება, ან სხვა რაიმე გასამრჯელოს მიღება.

მუხლი მესამე.  საქართველოს პრეზიდენტი

ქართველი ხალხი აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ავალებს ოთხი წლის ვადით არჩეულ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს დედაქალაქში თბილისის მერს, საქართველოს მხარეში  მხარის გუბერნატორს, ორი წლით არჩეულ  ქალაქის მერს ქალაქში და  სოფლის მამასახლისს სოფელში..

საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება არჩეულ იქნეს ორმოცდახუთ წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს მუდმივად ოცი წელი, მათ შორის არჩევნებამდე  ერთი წელი მაინც.

საქართველოს პრეზიდენტად ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ ორჯერ.

საქართველოს პრეზიდენტთან  ერთად აირჩევა ვიცეპრეზიდენტი, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს დარბაზის თავჯდომარე.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი მოვალეობების დროებით ან  დარჩენილი საპრეზიდენტო ვადაში შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ავადმყოფობის, გადადგომის, გარდაცვალების ან მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობებს ასრულებს ვიცეპრეზიდენტი.

ვიცეპრეზიდენტის მიერ თავისი მოვალეობების დროებით ან დარჩენილ საპრეზიდენტო ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში,  ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას იკავებს საქართველოს დეპუტატთა პალატის თავჯდომარე და საქართველოს დეპუტატთა პალატის თავჯდომარის მოვალეობებს ასრულებს მისი მოადგილე  ან საქართველოს დეპუტატთა პალატა ირჩევს ახალ თავჯდომარეს.

საქართველოს პრეზიდენტის ვაკანტური თანამდებობის დაკავების  კონსტიტუციით დადგენილი პროცედურის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სასწრაფოდ იკრიბება საქართველოს დარბაზი და საქართველოს დეპუტატთა პალატა ერთობლივ სხდომაზე და საქართველოს დარბაზის შეთავაზებით ხმათა  უმრავლესობით დარჩენილი საპრეზიდენტო ვადით საქართველოს პრეზიდენტად ირჩევს საქართველოს ერთ–ერთ დარბაისელს.

საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს  უმაღლესი თანამდებობის პირი, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში, ქართველი ხალხის კეთილდღეობის, სიმშვიდის, უასფრთხოების, წესრიგის და  სამართლიანობაში ცხოვრების  გარანტი.

საქართველოს პრეზიდენტი თავისი კონსტიტუციური  მოვალეობების და მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობის შესრულებისათვის საქართველოს დარბაზის რჩევითა და თანხმობით ნიშნავს თავისი კაბინეტის  წევრებს, საქართველოს ელჩებს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, ანიჭებს წოდებებს, აძლევს ჯილდოებს, აქვს შეწყალების უფლება  და ახორციელებს საქართველოს კანონებით მასზე დაკისრებულ სხვა უფლება–მოვალეობებს.

საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერი მის მიერ დანიშნული თანამდებობის პირი, რომელიც სათანადოდ ვერ ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობებს.

ქართველი ხალხის სიმშვიდის, უსაფრთხოების და წესრიგის ხელყოფის ან საქართველოსთვის გარე რეალური საფრთხის წარმოქმნის  პირობებში საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია გამოაცხადოს საქართველოს დარბაზის შემდგომი დადასტურებით საომარი ან საგანგებო მდგომარეობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან ნაწილში აქ ჩამოთვლილი პირობების აღმოფხვრამდე  ვადით.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მკაცრად და ამომწურავად უნდა  იქნეს დადგენილი   ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა და თავისუფლებათა  შეზღუდვები და აკრძალვები

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს დარბაზის და საქართველოს დეპუტატთა პალატის საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობს საქართველოს დეპუტატთა პალატაში კანონპროექტის წარდგენის და  საქართველოს დარბაზის მიერ დამტკიცებულ და მისთვის ხელმოსაწერად გადაცემულ  საქართველოს კანონპროექტებზე  ხელმოწერის უფლების რეალიზების გზით.

საქართველოს პრეზიდენტი ყოველი წლის დასაწყისში საქართველოს დარბაზს და საქართველოს დეპუტატთა პალატას წარუდგენს საქართველოს  ბიუჯეტს დასამტკიცებლად და ინფორმაციას საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტი ნებას გამოხატავს დეკრეტით, ბრძანებულებით, განკარგულებით ან სხვა რაიმე აქტით

მუხლი მეოთხე.  საქართველოს მხარის დარბაზი

საქართველოს  თითოეულ მხარეში წარმომადგენლობითი ორგანო არის მხარის დარბაზი, რომლის თხუთმეტ წევრს ირჩევენ  მხარის ამომრჩევლები ოთხი წლით  მხარეში სათანადოდ შექმნილ საარჩევნო ოლქებში.

მხარის დარბაზის წევრად შეიძლება აირჩეს ოცდახუთ წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს მხარის საარჩევნო ოლქში არჩევნებამდე ექვსი თვე მაინც.

მხარის დარბაზი პირველივე შეკრებაზე ირჩევს დარბაზის თავჯდომარეს და მის მოადგილეს.

მხარის დარბაზი ზრუნავს მხარის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე, ასრულებს მისთვის საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით და სხვა ნორმატიული აქტებით დაკისრებულ ვალდებულებებს  და მუშაობას წარმართავს თავის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე.

მხარის დარბაზი უფლებამოსილია სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად გამოსცეს ნორმატიული აქტები, რომელთა შესრულება სავალდებულოა მხარის მთელ ტერიტორიაზე.

თუ მხარის დარბაზის წევრის ადგილი გახდა ვაკანტური,  მხარის გუბერნატორი მისი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთაგან  ნიშნავს მის შემცვლელს და საქართველოს მორიგ არჩევნებზე მხარის დარბაზის წევრის ვაკანტურ ადგილზე აირჩევა ახალი წევრი დარჩენილი ვადით.

მუხლი მეხუთე. საქართველოს მხარის გუბერნატორი

საქართველოს თითოეულ მხარეში აღმასრულებელ ხელისუფლებას  განახორციელებს მხარის გუბერნატორი თავისი კაბინეტის მეშვეობით და ნიშნავს მის წევრებს მხარის დარბაზის რჩევითა და თანხმობით.

მხარის გუბერნატორს  შეუძლია ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს მის მიერ დანიშნული თანამდებობის პირი, რომელიც  სათანადოდ ვერ ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობებს.

საქართველოს მხარის გუბერნატორად შეიძლება აირჩეს ოცდაათ წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს მხარეში არჩევნებამდე ექვსი თვე მაინც.

საქართველოს მხარის გუბერნატორად ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ ორჯერ.

მხარის გუბერნატორთან ერთად აირჩევა ვიცეგუბერნატორი.

საქართველოს მხარის გუბერნატორის მიერ  თავისი მოვალეობების შესრულების დროებით ან მუდმივად შეუძლებლობის  შემთვვევაში  მის თანამდებობას იკავებს და მის მოვალეობებს ასრულებს მხარის ვიცეგუბერნატორი და მხარის დარბაზი თავის წევრთაგან ირჩევს დროებით ან ახალ ვიცეგუბერნატორს.

მხარის გუბერნატორი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თანამშრომლობს საქართველოს პრეზიდენტთან,  გამოსცემს ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მხარის მთელ ტერიტორიაზე.

მხარის გუბერნატორი ყოველი წლის დასაწყისში მხარის დარბაზს წარუდგენს მხარის ბიუჯეტს დასამტკიცებლად და ინფორმაციას მხარეში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

მხარის გუბერნატორს აქვს  თავის მხარეში მყოფი პატიმრის შეწყალების უფლება.

მუხლი  მეექვსე. თბილისის დარბაზი.  თბილისის მერი

თბილისში წარმომადგენლობითი  ორგანო არის თბილისის დარბაზი, რომლის  ოცხდახუთ წევრს ირჩევენ თბილისის ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით დედაქალაქში სათანადოდ შექმნილ საარჩევნო ოლქებში.

თბილისის  დარბაზის წევრად შეიძლება აირჩეს ოცდახუთ  წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს თბილისის იმ საარჩევნო ოლქში არჩევნებამდე ექვსი თვე მაინც, სადაც მისი არჩევა  ხდება.

თუ თბილისის დარბაზის წევრის ადგილი გახდა ვაკანტური,  თბილისის მერი მისი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთაგან  ნიშნავს მის შემცვლელს და საქართველოს მორიგ არჩევნებზე თბილისის დარბაზის წევრის ვაკანტურ ადგილზე აირჩევა ახალი წევრი დარჩენილი ვადით.

საქართველოს დედაქალაქის მართვას თბილისის მერი განახორციელებს თბილისის მერიის მეშვეობით, რომლის წევრებს ნიშნავს  თბილისის დარბაზის რჩევითა  და თანხნობით.

თბილისის მერად შეიძლება აირჩეს ოცდაათ წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს თბილისში არჩევნებამდე ექვსი თვე მაინც.

თბილისის მერად საქართველოს ერთი და იგივე მოქალაქე  შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ ორჯერ..

თბილისის მერთან ერთად აირჩევა თბილისის ვიცემერი

თბილისის მერი თბილისის დარბაზს წარუდგენს ყოველი წლის დასაწყისში თბილისის ბიუჯეტს დასამტკიცებლად და ინფორმაციას საქართველოს დედაქალაქში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

თბილისის მერის მიერ  თავისი მოვალეობების შესრულების დროებით ან მუდმივად შეუძლებლობის  შემთხვევაში  მის თანამდებობას იკავებს თბილისის ვიცემერი და  თბილისის დარბაზი თავის წევრთაგან ირჩევს თბილისის დროებით ან ახალ ვიცემერს.

თბილისის დარბაზისა და თბილისის მერის  უფლებამოსილებას ადგენს საქართველოს კანონი დედაქალაქის შესახებ

მუხლი მეშვიდე.  ქალაქის დარბაზი. ქალაქის მერი

საქართველოს თითოეულ ქალაქში წარმომადგენლობითი ორგანო არის ქალაქის დარბაზი, რომლის  თერთმეტ წევრს ირჩევენ ქალაქის ამომრჩევლები ორი წლით სათანადოდ შექმნილ საარჩევნო ოლქებში.

ქალაქის დარბაზის წევრად შეიძლება აირჩეს ოცდახუთ წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ამავე ქალაქის შესაბამის საარჩევნო ოლქში არჩევნებამდე ექვსი თვე მაინც.

ქალაქის დარბაზი პირველივე შეკრებაზე ირჩევს დარბაზის თავჯდომარეს და მის მოადგილეს..

ქალაქის დარბაზი ზრუნავს ქალაქის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე, ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით და სხვა  ნორმატიული აქტებით დაკისრებულ ვალდებულებებს და მუშაობას წარმართავს პლენარულ სხდომებზე.

თუ ქალაქის დარბაზის წევრის ადგილი გახდა ვაკანტური, ქალაქის მერი  ქალაქის  დარბაზის წევრის ვაკანტურ ადგილზე მისი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთაგან ნიშნავს  მის შემცვლელს  დარჩენილი ვადით.

ქალაქის  მართვას ახორციელებს ქალაქის მერი ქალაქის მერიის მეშვეობით ქალაქის დარბაზის კონტროლითა და მეთვალყურეობით, ქალაქის დარბაზს წარუდგენს წლის დასაწყსში ქალაქის ბიუჯეტს დასამტკიცებლად და ინფორმაციას ქალაქში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

ქალაქის მერად შეიძლება აირჩეს ოცდახუთ წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ქალაქშიარჩევნებამდე ექვსი თვე მაინც.

ქალაქის მერთან ერთად აირჩევა ქალაქის ვიცემერი

ქალაქის მერის მიერ თავისი მოვალეობების შესრულების დროებით ან მუდმივად შეუძლებლობის  შემთვვევაში  მის თანამდებობას იკავებს და მის მოვალეობებს ასრულებს ვიცემერი და ქალაქის დარბაზი  თავის წევრთაგან ირჩევს დროებით ან ახალ ვიცემერს.

ქალაქის დარბაზისა და ქალაქის მერის  უფლებამოსილებას ადგენს მხარის დარბაზი.

მუხლი მერვე. სოფლის დარბაზი. სოფლის მამასახლისი

საქართველოს სოფლებში ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელება  ევალებათ სოფლის დარბაზს და სოფლის მამასახლისს, რომლებიც აირჩევიან ორი წლის ვადით.

სოფლის დარბაზში აირჩევა ხუთი დარბაისელი.

სოფლის დარბაზის და სოფლის მამასახლისის  მუშაობის წესსა და უფლებამოსილებას  ადგენს შესაბამისი მხარის დარბაზი.

სოფლის მამასახლისი სოფელს მართავს სოფლის დარბაზის კონტროლითა და მეთვალყურეობით, ყოველი წლის დასაწყისში სოფლის დარბაზს წარუდგენს სოფლის ბიუჯეტს დასამტკიცებლად და ინფორმაციას სოფელში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

სოფლის მამასახლისის მიერ თავისი მოვალეობების შესრულების დროებით ან მუდმივად შეუძლებლობის  შემთვვევაში  სოფლის დარბაზი   ირჩევს სოფლის დროებით ან ახალ მამასახლისს.

თუ დარბაზის წევრის ადგილი გახდა ვაკანტური, მამასახლისი  სოფლის  დარბაზის წევრის ვაკანტურ ადგილზე სოფლის ამომრჩეველთაგან ნიშნავს  მის შემცვლელს დარჩენილი ვადით.

მუხლი მეცხრე. საქართველოს სასამართლო ხელისუფლება

ქართველი ხალხი საქართველოს კონსტიტუციის,  საქართველოს კანონების, ნორმატიული და არანორმატიული აქტების შესრულებაზე  კონტროლის და საქართველოში სასამართლო ხელისუფლების განხორციელების უფლებას გადასცემს  საქართველოს უმაღლეს სასამართლოს, სააპელაციო და საქართველოს მხარეთა  სასამართლოებს.

საქართველოს უმაღლესი სასამართლოს თავჯდომარეს  და მის ცხრა მოსამართლეს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს  დარბაზი უვადოთ.

საქართველოს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის მინიმალური ასაკი არის ორმოცდაათი  წელი.

სააპელაციო და მხარის სასამართლოს თავჯდომარესა და მოსამართლეებს საქართველოს უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს საქართველოს  დარბაზი უვადოთ.

სააპელაციო და მხარის სასამართლოს მოსამართლის მინიმალური ასაკი არის ორმოცი წელი.

საქართველოს უმაღლესი სასამართლოს თავჯდომარეს ენიჭება უფლება საქართველოს მხარის სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივითა და წარდგინებით საქართველოს მხარის ქალაქებში გარკვეული მსუბუქი კატეგორიის ბრალდების საქმეებზე და სამოქალაქო დავების გადასაწყვეტად  დანიშნოს  და გაათავისუფლოს მომრიგებელი მოსამართლე.

მოსამართლე ემორჩილება მხოლოდ კანონსა და საკუთარ სინდისს და მის საქმიანობაში ნებისმიერი ჩარევა აკრძალულია და დასჯადი.

სასამართლო საქმეს განიხილავს საქმეში მონაწილე მხარეთა შეჯიბრობითობისა და თანასწორობის  პრინციპით.

სასამართლო ბრალდების საქმეს განიხილავს ბრალმდებლისა და დამცველის მონაწილეობით. ბრალდების საქმის აღძვრის უფლება  აქვს დამოუკიდებელ გამომძიებელს, რომელიც პირისათვის ბრალდების წაყენებისთანავე საქმეს გადასცემს სასამართლოს განსახილველად.

მუხლი მეათე.   იმპიჩმენტის პროცედურა

საქართველოში ყოველ არჩევით თანამდებობაში მყოფი  პირი თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ხელშეუხებელია და სარგებლობს იმუნიტეტით. მისი  იმუნიტეტისგან  განთავისუფლება შეუძლია მხოლოდ საქართველოს დეპუტატთა პალატას და საქართველოს დარბაზს მის მიერ დანაშაულის ან რაიმე გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.

იმპიჩმენტის პროცედურას აღძრავს საქართველოს დეპუტატთა პალატა,  ხმების უმრავლესობით  ადგენს ბრალდების მუხლებს და აგზავნის საქართველოს დარბაზში. თუ საქართველოს დარბაზი წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით დაამტკიცებს ბრალდების მუხლებს, თანამდებობაში მყოფი პირი ითვლება  თანამდებობიდან განთავისულებულად და იგი გადადის საერთო სასამართლოების იურისდიქციაში.

საქართველოს პრეზიდენტის  წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურით ბრალდების მუხლების დამტკიცებისას საქართველოს დარბაზის სხდომას თავჯდომარეობს საქართველოს უმაღლესი სასამართლოს თავჯდომარე

მუხლი მეთერთმეტე . კომპეტენციის გამიჯვნა

თითოეული ხელისუფლება მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მის მიერ გამოცემული აქტის  შესრულება სავალდებულოა მხოლოდ მის სამოქმედო  ტერიტორიაზე.

ნებისმიერი სასამართლოს ნებისმიერი აქტის შესრულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურების მიერ გამოცემულ აქტებს შორის ერთსა და იმავე  სფეროში და ერთსა და იმავე საკითზე კოლიზიის შემთხვევაში უპირატესი მოქმედების ძალა აქვს ზემდგომი ორგანოს აქტს. ასეთ შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს აქვს უფლება მიმართოს სათანადო ტერიტორიულ სასამართლოს, რომელიც ღებულობს საბოლოო გადაწყვეტილებას.

საქართველოს მხარეში ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტა არის მხარის გუბერნატორისა და დარბაზის განსაკუთრებული პრეროგატივა და მათში ჩარევის უფლება არ აქვს არც საქართველოს პრეზიდენტს, არც საქართველოს დარბაზს და არც საქართველოს დეპუტატთა პალატას.

მუხლი მეთორმეტე.  საქართველოს არჩევნები

საქართველოში ყველა დონის ხელისუფლების არჩევნები  არის პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი, ფარული  და ტარდება ყოველი მეორე  წლის ოცდაექვს მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სათანადოდ შექმნილ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.

საქართველოში არჩევნების ჩატარება ევალებათ საარჩევნო კომისიებს, რომლებსაც ქმნის, ორგანიზაციას უკეთებს და კოორდინაციას უწევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებსა და მის თავჯდომარეს  ნიშნავს  საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს დარბაზის რჩევითა და თანხმობით უვადოდ.

არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლება არჩევნებში მონაწილე ის სუბიექტი, რომელიც  შეაგროვებს სხვაზე მეტი ამომრჩევლის ხმას.

ყოველი  არჩეული  უფლებამოსილებას არჩეულ თანამდებობაზე მოიპოვებს აქ დადგენილი ფიცის ხელმოწერისთანავე:

„ღმერთისა და ქართველი ხალხის წინაშე ვფიცავ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, წესიერად და პირნათლად ვემსახურები ქართველ ხალხს და ვიზრუნებ საქართველოში ყოველი ადამიანის კეთილდღეობაზე  ყველა ჩემი შესაძლებლობით.“

თავი მეცამეტე. საქართველოს ბიუჯეტი  და ფინანსები

საქართველოში მოქმედებს ერთიანი ფულადი სისტემა. მისი დადგენა, საფინანსო და საბიუჯეტო პრინციპების განსაზღვრა არის საქართველოს დარბაზის და საქართველოს დეპუტატთა პალატის განსაკუთრებული პრეროგატივა.

საქართველოს ბიუჯეტი  შედგება ფედერალური და მხარეთა ბიუჯეტებისგან და შემოსავლები ბიუჯეტში ნაწილდება მათ შორის თანაბრად. მხარის ბიუჯეტი შედგება მხარის, მისი ქალაქების, სოფლების ბიუჯეტებისგან. შემოსავლები ბიუჯეტში ნაწილდება თანაბრად.

მიზნობრივი შემოსავალი ეკუთვნის იმ ბიუჯეტს, რომელშიც იგი არის მიმართული.

მხარეს არ აქვს უფლება ქვეყნის შიგნით ან გარეთ  აიღოს ან გასცეს  ვალი.

მუხლი მეთოთხმეტე.  საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვა

საქართველოს დეპუტატთა პალატა წევრთა ხმების არა ნაკლებ ორი მესამედით ამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციაში დამატებისა და შესწორების ტექსტს და  გადასცემს მას საქართველოს დარბაზს, რომელიც თუ დაეთანხმება დამატებისა და შესწორების ტექსტს წევრთა არა ნაკლებ ორი მესამედით, საქართველოს კონსტიტუციის დამატება და შესწორება გადაეცემა მხარეთა დარბაზებს.

მხარის დარბაზი საქართველოს კონსტიტუციის დამატებასა და შესწორებას  ამტკიცებს  წევრთა ხმათა არა ნეკლებ ორი მესამედით.

საქართველოს კონსტიტუციის დამატება და შესწორება შეტანილად ითვლება მხარეთა დარბაზების მხარდაჭერით სამი მეოთხედით მაინც.

მუხლი მეთხუთმეტე.  კონსტიტუციის ამოქმედება

საქართველოს კონსტიტუცია ამოქმედებულად ითვლება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის  2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნების შედეგების  ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტად საქართველოს პრეზიდენტობის იმ კანდიდატის არჩევის  შემთხვევაში, ვის საარჩევნო პროგრამასაც წარმოადგენს საქართველოს წინამდებარე კონსტიტუცია.

 

 

ადვოკატი      ქართლოს   ღარიბაშვილი

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31