ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ლევან ჩაჩუას საარჩევნო პროგრამა
რას წარმოადგენს ჩვენი პროგრამა

ჩვენ ვიბრძვით მართლმადიდებლური, ზნეობრივი სახელმწიფოს შექმნისთვის. ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს კლირიკალიზმს (დღევანდელი გაგებით "თეოკრატია"), რადგან მართლმადიდებლობა თავისთავად არის ყველაზე ტოლერანტული სარწმუნოება და არც ეკლესიას არ აქვს პრეტენზია სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის მიღებისა. მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ ეკლესიასთან და გამოვიყენებთ ჩვენი პატრიარქის ბრძნულ რჩევებსა და ავტორიტეტს კონკორდატის ფარგლებში, რადგან ვთვლით, რომ ეს მხოლოდ წაადგება ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, ჩვენი წმინდა წინაპრების, დიდი მეფეებისა და მღვდელმთავრების ურთიერთობის მაგალითზე.

ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობა

ჩვენ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნა, სადაც პარლამენტარიზმი უფრო დიდი დოზით იქნება გატარებული, ვიდრე რესპუბლიკური მმართველობის სხვა ფორმაში. ქართველმა ხალხმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს პრეზიდენტი, რადგან ის მისთვის უკვე გამაღიზიანებელია და მას აღარ ენდობა. საპარლამენტო რესპუბლიკა, თავისი არსით გავს საპარლამენტო მონარქიას, იმ განსხვავებით, რომ აქ მეთაური მემკვიდრეობითი მონარქია.

ჩვენი სურვილია, საბოლოოდ, საქართველოში საპარლამენტო მონარქია დამყარდეს. საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი ფორმალურად ფართო უფლებებით სარგებლობს, მაგრამ ხელისუფლება პრემიერ მინისტრის მიერ ხორციელდება. საპარლამენტო რესპუბლიკის ძირითად ნაკლად მთავრობის არამდგრადობას ასახელებენ. ამის თავიდან ასაცილებლად ბევრი კონსტიტუცია ახდენს პარლამენტარიზმის შერბილებას, რაც რაციონალური პარლამენტარიზმის სახელით არის ცნობილი. საქართველოში სახლხო კონსტიტუციური მონარქიის აუცილებლობაზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ, ამისკენ თავის ქადაგებაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც მოგვიწოდა: „1801წელს შეწყდა ბაგრატიონთა დინასტიის მეფობა საქართველოში და აქედან მოყოლებული ქართველი ხალხის ოცნება იყო, აღედგინა ეს უძველესი ღვთივკურთხეული დინასტია . ეს ნიშნავს იმას, რომ მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. მეფე არის გარანტი ქვეყნის მთლიანობის და ყოველი ადამიანის დაცვის და შეიძლება მომავალში ქართველმა ხალხმა ამის შესახებ იფიქროს.“

მეფე თუ პრეზიდენტი

– მეფე არის ქართველთა ერთობის, სამართლიანობისა და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლებათა დაცვის გარანტი.
– მონარქიის აღდგენით მთელი მსოფლიო გაიგებს რომ, მინიმუმ 23– საუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე ერი ვართ.
– მონარქიის არსებობა უდაოდ გაზრდის ქართველთა სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და პასუხისმგებლობას. პროპორციულად გაიზრდება ეროვნული ღირსების განცდა და ამაღლდება სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონე. ამით მაქსიმალურად აღმოიფხვრება კოლონიალიზმისა და ათეიზმის ძველი გადმონაშთები, დაიძლევა ნაცმოძრაობის სადისტური მმართველობის შედეგად დანერგილი უზნეობისა და შიშის სინდრომი.
– მონარქიის არსებობა არის და იქნება ასევე ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე მყარი სიმბოლო და გარანტი.

სანამ ქართულ სახელმწიფოში საკონსტიტუციო მოწყობის საკითხზე გადავიდოდეთ, განვიხილოთ მისი იდეის განვითარების თეორიული ასპექტები.

მონარქია და არა ტირანია – ეს ის ფორმაა, სადაც გამორიცხულია ხელისუფლების ბოროტად გამოყენება და ის ემსახურება მთელ საზოგადოებას. კონსტიტუციური მონარქიის დროს შეიძლება პარლამენტის დათხოვნა პრემიერის გადაწყვეტილებით, მეფესთან შეთანხმებით, რომელიც ფორმდება მონარქის აქტით.

კონსტიტუციური მონარქიის უმთავრესი უპირატესობა არის კონტრასიგნაცია. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მონარქის მიერ გამოცემული აქტები იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ პრემიერის, ან შესაბამისი მინისტრის ხელმოწერის შემდეგ.
საკონსტიტუციო მონარქია გამოირჩევა სახალხო ხელისუფლებიანობისა და პარლამენტარიზმის რეალური არსებობით. აქედან გამომდინარე კონსტიტუციური მონარქიის დროს, კონტრასიგნაციის ინსტიტუტისა და სოლიდარული პასუხისმგებლობის პირობებში, მონარქი ხდება სახელმწიფოს უშიშროებისა და ერთიანობის გარანტი. სამთავრობო და საპარლამენტო კრიზისების შემთხვევაში, სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი. კონსტიტუციით მეფე არის უმაღლესი მთავარსარდალი.

მეფის უფლებები

ა) მოიწონოს და გამოაცხადოს კანონები (კონტრასიგნაციის წესით პრემიერთან ერთად.)
ბ) მოიწვიოს და გაიწვიოს პარლამენტი (პრემიერთან შეთანხმებით - კონტრასიგნაცია), დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციით განსაზღვრული წესის მიხედვით.
გ) დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციით განსაზღვრული წესის მიხედვით.
დ) პარლამენტის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი სპეციალური აქტით გამოაცხადოს პრემიერ მინისტრად და დაავალოს მთავრობის ფორმირება კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადაში. ასევე პარლამენტის მიერ უნდობლობის შემთხვევაში, სპეციალური აქტით შეუწყვიტოს პრემიერს უფლებამოსილება (ავტომატურად გადადგეს მთავრობა) და წამოაყენოს ახალი პრემიერის კანდიდატურა პარლამენტში დასამტკიცებლად.
ე) პრემიერთან შეთანხმებით (კონტრასიგნაცია) გაათავისუფლოს ან დანიშნოს მთავრობის წევრები.
ვ) გამოსცეს მინისტრთა კაბინეტის დეკრეტები (კონტრასიგნაცია)კანონის მიხედვით მიანიჭოს სამოქალაქო და სამხედრო წოდებები, ღირსების ჯილდოები, შეიწყალოს მსჯავრდებულები.
ზ) პრემიერის თხოვნის თანახმად (აუცილებლობის შემთხვევაში) უხელმძღვანელოს მთავრობის წლის შემაჯამებელ სხდომას. მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო საქმეებისა და საიდუმლოებების შესახებ.
თ) წარმოადგენს ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს.
ი) მოახდინოს შემწყნარებლობის აქტები კანონის შესაბამისად.
კ) იღებს რწმუნებათა და გაწვევის სიგელებს ელჩებისაგან, ის წარმოადგენს ქვეყანას ოფიციალური ვიზიტების დროს სხვა ქვეყნებში.

ჩვენ უნდა ავაშენოთ ახალი, ჭეშმარიტად ქართული სახელმწიფო, მართლმადიდებლობით, ღვთივკურთხეული სამეფოთი, სადაც მთავარი მოქმედი პირი იქნება მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი და საქართველოს მოსახლეობა. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომლის მთავარი არსი იქნება: უფალი, სამშობლო, ხალხი და მეფე.

საგარეო პოლიტიკა

ჩვენ ვთვლით, რომ წარმატებული საგარეო პოლიტიკის გარანტი, დაბალანსებული საშინაო პოლიტიკაა.

რუსეთის იმპერიის მონობისაგან გათავისუფლების გზაზე შემდგარმა ქართველობამ დღემდე ვერ მივაღწიეთ ჭეშმარიტ თავისუფლებასა და ნამდვილ დამოუკიდებლობას, რადგან ჩვენი უბედობის უმთავრეს მიზეზად კვლავაც რჩება ღვთის ნაცვლად პოლიტიკურ "მოხერხებულობასა" და უცხოელი „პატრონების“ ქვეშევრდომობაზე იმედის დამყარება. ამიტომაა, რომ მავანისთვის მისაღები ხდება არა ის, რაც სასარგებლოა საქართველოსთვის, არამედ ის, რასაც საქართველოსათვის "სასარგებლოდ" უცხოეთში (დასავლეთში, თუ ჩრდილოეთში) მიიჩნევენ. მართალია, მსოფლიოში რეალურად არსებულ გავლენიან ძალებს ანგარიში უნდა გავუწიოთ, ეს ბუნებრივი და აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პოლიტიკა ავანტიურისტულ ხასიათს შეიძენს, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ქართველ პოლიტიკოსთა უდიდეს ნაწილს არა აქვს მყარი მსოფლმხედველობა, ეროვნული ღირსების განცდა და ისინი მუდამ სხვისი იდეოლოგიური ნასუფრალის შემყურედ რჩებიან. ვიდრე ამგვარი დამოკიდებულება იბატონებს, ჩვენს სახელმწიფოს და მის ეროვნულ ინტერესებს არავინ გაუწევს ანგარიშს.

ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საგარეო-პოლიტიკური ვექტორი მკვეთრად არ უნდა იხრებოდეს რომელიმე მიმართულებით. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ურთიერთობა ამერიკასთანაც, ევროპასთანაც და რუსთთანაც, ოღონდ, აუცილებლად საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. უმთავრეს პრიორიტეტად უნდა მივიჩნიოთ თვითმყოფადობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა (ქვეყნის მმართველობის იურისდიქციაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება), ჩვენი სულიერებისა და ცნობიერების შენარჩუნება, ნებისმიერი ეთნო-რელიგიური კუთვნილების მქონე საქართველოს მოქალაქესთან მშვიდობიანი თანაცხოვრება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ზნეობრივი და ძლიერი სახელმწიფოს შექმნა.
აუცილებლად უნდა აღდგეს ურთიერთობა რუსეთთან (რაზეც მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქი არ უნდა ზრუნავდეს). საქართველო არ უნდა ვაქციოთ დესტაბილიზაციის კერად და ნატო-რუსეთის დაპირისპირების პოლიგონად.

გონივრული და დაბალანსებული პოლიტიკით ჩვენ ღირსეული წვლილი უნდა შევიტანოთ საყოველთაო მშვიდობის, საბოლოო ჯამში რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიების შექმნის საქმეში. ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას, ჩვენდამი კეთილგანწყობილ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე ქართული პროდუქციის დაბრუნებასა და ეკონომიკურ წინსვლას.

პოლიტიკური და კულტურული თვალსაზრისით ეს იქნება არა ორიენტირებული, არამედ დაბალანსებული, თვითმყოფადი ქვეყნის თვითმყოფადი პოლიტიკა. ისტორიულად სწორედ ასეთი გამოცდილებაა საქართველოსთვის ყველაზე წარმატებული და გასაზიარებელი: ავთენტური და არა მკვეთრად გამოხატული დასავლური, აღმოსავლური თუ ჩრდილოური ორიენტაციები; არა მკვეთრი გადახრა რომელიმე მიმართულებით, არამედ, ბუნებრივად განსაზღვრული გეოპოლიტიკური და გეოკულტურული ხიდის როლის შესრულება; არა ადაპტირება, არამედ, თვითმყოფადობა; შემეცნება და არა გადმოღება. სწორედ ასეთი პოლიტიკა შექმნის საუკეთესო პირობებს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ინტერესების დაცვისათვის.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისას აუცილებლად გამოყენებული უნდა იქნას სახალხო დიპლომატია, შერეული ოჯახები, მისი უწმინდესობის – ილია მეორის სიბრძნე და ავტორიტეტი, მართლმადიდებლური ეკლესიის ჩართულობა ერთმორწმუნე აბხაზ და ოს ძმებთან ურთიერთობაში.

ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, რომელიც სასურველი და საინტერესო იქნება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისათვის. მათ უნდა ეამაყებოდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა, ამიტომ აუცილებლად უნდა დარეგულირდეს საკითხი ლგბტ საზოგადოების უფლებების შესახებ. გამორიცხულია საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების, მათთვის შვილების აყვანის, ჰომოსექსუალიზმისა თუ სხვა უზნეობის პროპაგანდისა და გეიაღლუმების ჩატარების დაკანონება. ეს, არა მხოლოდ ჩვენი სულიერებისა და ცნობიერებისთვისაა მიუღებელი, არამედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უმნიშვნელოვანეს დაბრკოლებას წარმოადგენს. მოგეხსენებათ, ჩვენი აბხაზი თუ ოსი ძმები და დები მკვეთრად გამოხატული ტრადიციების მიმდევრები, კავკასიური მენტალობით გამოირჩეული ხალხია და ამიტომ ისინი არასოდეს დათანხმდებიან იმ სახელმწიფოში თანაცხოვრებას, სადაც ზემოაღნიშნული უზნეობა იქნება დაკანონებული. აქვე ავღნიშნავთ, რომ ნებისმიერი ადამიანის მიმართ ძალადობა იქნება კანონდასჯადი და სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის დაცვას.

ჩვენ დავიწყებთ ფართომაშტაბიან მოლაპარაკებებს რუსეთთან, ევროპასთან და ამერიკასთან და მივაღწვთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

„ნატოსთან“ დაკავშირებით, უნდა მოხდეს მოსახლეობის მკაფიო ინფორმირება, ხალხმა ზუსტად უნდა იცოდეს „ნატოს“ პლიუსები და მინუსები, პირობები რომელსაც ის უყენებს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას. ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს საყოველთაო რეფერენდუმი გამჭვირვალობის სრული ხარისხით და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ქართველმა ხალხმა.

დამოკიდებულება მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და სხავა კონფესიებთან

ურთიერთობა სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის რეგულირდება კონსტიტუციური შეთანხმებით (კონკორდატი), რითაც მართლმადიდებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მინიჭებული და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ეს საკონტიტუციო შეთანხმება მთელი ძალით ამოქმედდება. ამას მოითხოვს ისტორიული სამართლიანობა, რადგან, მართლმადიდებლობა ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა საქართველოს სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში და მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ჟამთა ავბედობის გამო, ერთმანეთთან მოქიშპე სამთავროებად იყო დაყოფილი, ქართველთა ერთობის ერთადერთ გარანტად მხოლოდ ჩვენი დედაეკლესია რჩებოდა. ამიტომ, მართლმადიდებელი ეკლესია, თავისი ისტორიული ღვაწლისა და დამსახურების გამო საქართველოში არის და იქნება უპირატესი. ჩვენს ქვეყანაში ყველა სხვა კონფესიების უფლებებიც დაცული იქნება მართლმადიდებლური ტოლერანტობის და შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით.

თავდაცვა

ქართული არმიისთვის კონცეფცია უნდა იყოს თვდაცვითი დოქტრინა, რაც გულისხმობს შეკავების სამხედრო სტრატეგიას. ამის აფუძველზე უნდა შეიქმნას ახალი სამხედრო დოქტრინა, სადაც განისაზღვრება თავდაცვითი პოლიტიკის ამოცანები, არა მარტო თანამედროვე, არამედ უახლოესი მომავლისათვის.

დღევანდელი საერთაშორისო სისტემის თავისებურებებიდან გამომდინარე გაჩნდა ახალი ტერმინი: "ტერიტორიული თავდაცვითი ძალები". ე.ი. ქართული რეგულარული არმია უნდა შედგებოდეს სავარაუდოდ 30,000 სამხედრო მოხელის, ოფიცეთა კორპუსისა და ჯარისკაცისაგან. ასევე დაემატოს სამობილიზაციო რესურსი (რეზერვი). ამით გამონთავისუფლდება თავდაცვისთვის გამოყოფილი გაბერილი ხარჯები, რომელიც სხვა სფეროში ჩაიდება პრიორიტეტების განსაზღვრის მიხედვით.

საქართველო ვერასდროს ვერ შექმნის რაოდენობრივად ისეთ დიდ არმიას, რომელიც შეძლებს დაამარცხოს მრავალრიცხოვანი მტერი. შესაბამისად ეს ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს.

ეკონომიკა

ჩვენ ვთვლით, რომ უნდა მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება. უნდა შეიქმნას მორგებული საგადასახადო სისტემა, საბანკო კრედიტები არ უნდა გაიცემოდეს კაბალური პირობებით.

გადასახადების ლიბერალიზაცია.

• უნდა მოხდეს საჯარიმო სანქციებისა და საურავების ლიბერალიზაცია. გაზრდილი საჯარიმო სანქციები და საურავები იწვევს საგადასახადო სუბიექტის სრულ გაკოტრებას.
• საგადასახადო სუბიექტს უნდა მიეცეს ჯარიმების და საურავების  რესტრუქტურიზაციის საშუალება.
• საშემოსავლო და მოგების გადასახადი უნდა შემცირდეს, რის ხარჯზეც განვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი, რაც გამოიწვევს ეკონომიკურ ზრდას, ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას. ასევე შეუწყობს ხელს ინვესტიციების შემოდინებას.
• მეანაბრეების საქმეები დაწვრილებით უნდა გადაიხედოს. შეჩერდეს ჯარიმებისა და საურავების გადახდა და უნდა მოხდეს ძირითადი თანხის რესტრუქტურიზაცია უფრო დიდ ვადაზე.

სოფლის მეურნეობა

• სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს სოფლის მეურნეობის განვითარებას.
• სარწყავი სისტემების მოწყობას.
• სასუქებით და შესაწამლი ნივთიერებებით უზრუნველყოფა.
• უნდა მოვიპოვოთ და ავითვისოთ საერთაშორისო მასალების ბაზრები და დავიკავოთ ეკოლოგიურად სუფთა ხარისხის ნიშა, რომელზეს ძალიან დიდი მოთხოვნაა მსოფლიო ბაზარზე.
• უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებული მიწები სახელმწიფოს მიერ უნდა იქნას გამოსყიდული.
• შეჩერდეს სტრუქტურული ობიექტების გასხვისება უცხო ქვეყნის  მოქალაქეებზე, როგორიცაა საზღვაო პორტი, საზღვაო ტერმინალი (პრინციპში ყველა სტრუქტურული ობიექტი გასხვისებულია, დარჩენილია რკინიგზა).
• ხელისიფლებამ ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი ინვესტიცების განხორციელებას.

სამართლიანობის აღდგენა

• ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში ქართველ ბიზნესმენებზე ხორციელდებოდა ზეწოლა, ტერორით ართმევდნენ ქონებას და ასხვისებდნენ ვითომ უცხოელ ინვესტორებზე. სინამდვილეში ისევ ნაცმოძრაობის წერვრების მფლობელობაშია დღესაც.
• პროკურატურაში 20 000 განცხადებიდან არც ერთი არ განხილულა.
• უნდა დაჩქარდეს გამოძიების პროცესი და პასუხი გაეცეს ყველა მოქალაქეს.
• 27 000 ობიექტი ყოფილი ხელისუფლების მიერ 1 ლარადაა გადაცემული კერძო პირებზე (ანუ მათ ახლო ნათესავებზეა გაფორმებული).
• 1ლარად მიღებული ქონების და პრივატიზებული ობიექტის  მფლობელებმა უნად გადაიხადონ ქონების რეალური ღირებულება.ამ თანხებით შეიქმნას ფონდი, რაც მოხმარდება უსამართლოდ დაზარალებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციების გაცემას.
• უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა ქონების ჩამორთმევის შესახებ. ჩამორთმეული ქონება იყიდება არარეალურ ფასად ნულოვან აუქციონზე და ქონების მფლობელს გადასახადი მაინც გადასახადად რჩება.

საქართველოს მოქალაქის სტატუსი

საქართველოს მოქალაქის სტატუსი უნდა მიენიჭოს პირს, რომელიც მოემზადება და ჩააბარებს გამოცდას საქართველოს ისტორიაში, ქართული ენასა და ლიტერატურაში (როგორც ეს ხდება ყველა განვითარებულ ქვეყანაში)

მიწა უნდა გასხვისდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე.

ჯანდაცვა

• უნდა მოიხსნას მონოპოლია ფარმაცევტულ ბაზარზე და კერძო  კლინიკებზე.
• სამკურნალო ობიექტების გასხვისების შემთხვევაში იქ მომსახურე  სამედიცინო პერსონალს უნდა მიენიჭოს უპირატესობა.
• უკვე გასხვისებული ობიექტების საქმეები უნდა გადაიხედოს.
• დაცული უნდა იქნას როგორც პაციენტის, ასევე ექიმის უფლებებიც.
• აუცილებლად უნდა გაიხსნას მუნიციპალური კლინიკები.
• სახელმწიფომ უნდა უზრუნველჰყოს მოქალაქეთა ხარისხიანი სამედიცინო  ჯანდაცვის პაკეტები.
• ორსულობა და მშობიარობა უნდა იყოს უფასო.
• ექიმებისა და ექთნების შვებულება უნდა ანაზღაურდეს ხელფასის ოდენობით.
• ყოველი შემდეგი შვილის გაჩენის შემთხვევაში ოჯახი უნდა წახალისდეს  მატერიალურად, ოღონდ ეს თანხა არ უნდა იყოს მიზერული (როგორც დღესაა). ოჯახი უნდა იყოს სახელმწიფოს დასაყრდენი. მისი სიმტკიცე ხელისუფლების ძირითადი საზრუნავი უნდა გახდეს. დეკრეტული შვებულების საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ხელისუფლებამ უნდა შექმნას ახალი პროგრამები მრავალშვილიანი ოჯახების  დასახმარებლად და ხელშესაწყობად.საქარტველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს დემოგრაფიული პირობები.  მტკიცე ოჯახი, მყარი სახელმწიფოს გარანტიაა. არსად არაა ოჯახი ისეთი დაცული და მოვლილი, როგორც კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებში.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31