ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
კობა დავითაშვილის საარჩევნო პროგრამა
საპრეზიდენტო პროგრამის თეზისები

შესავალი

ახალ მოდელში, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, პრეზიდენტის უფლებამოსილებები იკვეცება, მაგრამ მას მაინც რჩება მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები, რომლებიც საშუალებას აძლევს, ეფექტიანად განახორციელოს დემოკრატიული საზოგადოების მთავარი მოთხოვნა – ხალხის მმართველობა.

პრეზიდენტის ამოცანაა ხალხის უშუალო მმართველობის განხორციელება, რის საშუალებასაც მას პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვა ანიჭებს: ახალი საკონსტიტუციო მოდელით, პრეზიდენტი და საზოგადოება ბუნებრივი მოკავშირეები ხდებიან და მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ამდენად, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი იყოს დამოუკიდებელი, არ წარმოადგენდეს არც ერთ პოლიტიკურ ძალას, ემსახურებოდეს მხოლოდ ხალხს, საკუთარ გამარჯვებას მიაწერდეს მხოლოდ ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას ქვეყნის შიგნით ან სხვა ქვეყნის მხარდაჭერას.

პრეზიდენტი უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ საზოგადოების მხარდაჭერას. კონსტიტუციის ახალი მოდელი მას ანიჭებს შესაბამის ფუნქციას: ინიცირება გაუკეთოს 200 000 ამომრჩევლის, ან პარლამენტის, ან მთავრობის მიერ ამა თუ იმ საკითხის რეფერენდუმზე გატანას. ამ ფუნქციას არ იყენებდა არც ერთი წინამორბედი პრეზიდენტი, რადგან, ტრადიციულად, ყველა პრეზიდენტს ჰყავდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. პრეზიდენტს შეუძლია, დანიშნოს პლებისციტი. პოლიტიკურად აქტიურ პრეზიდენტს, შეზღუდული უფლებამოსილებით, მაგრამ საზოგადოების მხარდაჭერით, ახალი კონსტიტუცია ბევრი, საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას ანიჭებს.

საგარეო პოლიტიკა

ერთ-ერთი მთავარი საპრეზიდენტო ფუნქციაა, წარმოადგინოს ქვეყანა საგარეო ურთიერთობებში. საგარეო პოლიტიკა უშუალოდ უკავშირდება საშინაო პოლიტიკის მთავარ საკითხს: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

ქართულ პოლიტიკაში ჩამოყალიბდა ორი მიმართულების საგარეო კურსი: მედასავლეთეებისა და მერუსეთეების, რომელთა პოზიციები კატეგორიულად ეწინააღმდეგება და გამორიცხავს ერთმანეთს. ჩემი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის, პოზიცია ამ საკითხისადმი ცენტრისტულია – ეს წინააღმდეგობა უნდა გამოვიყენოთ საკუთარი ეროვნული ინტერესების გასატარებლად, რაც ეფუძნება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ გამოცდილებას და ბრიტანული პოლიტიკის ცნობილს თეზას –„ ჩვენ არ გვყავს მუდმივი მეგობრები, ჩვენ გვაქვს მუდმივი ინტერესები“, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოსავალ პრინციპად უნდა იქცეს.

ჩემი მოდელით, რადგან ქვეყანაში არსებობენ პროდასავლური და პრორუსული პოლიტიკური ძალები, უნდა არსებობდეს კოალიციური მთავრობის სისტემა სამი პოლიტიკური ცენტრით: პროდასავლური, პრორუსული და პროქართული პოლიტიკური ძალების ერთობა. პროქართული ძალის ლიდერი უნდა იყოს პრეზიდენტი, რომელსაც, ახალი კონსტიტუციით, არბიტრის ფუნქცია ენიჭება.

დაბალანსებული პოლიტიკური კურსის გასატარებლად აუცილებელია, რომ პრეზიდენტი არ იყოს არც ერთი პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენელი: კონკრეტული საგარეო-პოლიტიკური მიმართულების ერთხელ და საბოლოოდ არჩევა და საპირისპიროსკენ გზის მოჭრა მხოლოდ დააზარალებს ქვეყანას. პრორუსი და პროამერიკელი, პროდასავლელი ძალები უნდა იყვნენ წარმოდგენილნი პარლამენტში; ქმნიდნენ მთავრობას, მაგრამ უნდა არსებობდეს დამაბალანსებელი ძალა – პრეზიდენტი, რომელიც, საზოგადოების მხარდაჭერით, უნდა იწვევდეს სამთავრობო კრიზისს, თუ დავინახავთ, რომ გზა, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკურმა ფრთამ შემოგვთავაზა, არ აღწევს დასახულ მიზანს. მთავრობის ცვლა ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ და დინამიკურ განვითარებას.

უმუშევრობა და სოციალური პოლიტიკა

უმუშევრობის საკითხი მჭიდროდ უკავშირდება სოციალურ პოლიტიკას. დღეს მოქმედი სოციალური დახმარების სისტემა არაეფექტიანი – აბსოლუტურად მცდარი და უსამართლოა. მეტიც, ხელს უწყობს, ერთის მხრივ, უმუშევრობის ზრდას, მეორე მხრივ, უმუშევრობის მაღალი დონის შენარჩუნებას.

პირველი – ნაცვლად არსებულისა, უნდა შემუშავდეს ახალი მოდელი, რომელიც, უპირველესად, გულისხმობს ქულების მინიჭებას არა ქონებრივი მდგომარეობის, არამედ – შემოსავლების მიხედვით;

მეორე – საოჯახო დახმარების გაცემას თითოეულ ბავშვზე

მესამე – უმწეოთა დახმარების ნაცვლად უნდა გაიცემოდეს უმუშევრობის დახმარება, 3 ან 9 თვემდე.

იმავდროულად, სახელმწიფომ შრომის ბირჟაზე დარეგისტრირებულ მოქალაქეებს უნდა შესთავაზოს პროფესიული გადამზადების კურსები, რის შემდეგაც შესთავაზოს კონკრეტული სამსახური. თუ ადამიანი უარზეა, შეიცვალოს კვალიფიკაცია და დასაქმდეს ახალი პროფესიით, მას უარი უნდა ეთქვას უმუშევრობის დახმარებაზე.

ადმინისტრაციული რეფორმა

პრეზიდენტს რჩება უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რომელსაც დღეს არ ენიჭება დიდი მნიშვნელობა: ის არის საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი.

თუ პრეზიდენტი განახორციელებს ამ ბიუროს ხელმძღვანელის ფუნქციას და რეალურად გატარდება ადმინისტრაციული რეფორმა, ეს საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ პროფესიონალ და პრინციპულ საჯარო მოხელეთა ინსტიტუტი, რომლებიც არ შეასრულებენ ზემდგომთა უკანონო ბრძანებებს.

აუცილებელია კონკურსების დებულების ახალი ფორმატის დამტკიცება. რაც გასაუბრების ინსტიტუტის გაუქმებას ეფუძნება, რადგან ამ ინსტიტუტმა ზოგადად აზრი დაუკარგა კონკურსანტის ობიექტურ შეფასებას. საჯარო სამსახურში უნდა მოიშალოს ნაცნობ-მეგობრობის ინსტიტუტი და თანამდებობაზე ადამიანები უნდა დაინიშნონ არა გასაუბრების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით (რაც არაკეთილსინდისიერი არჩევნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა) არამედ, ობიექტური, მიუკერძოებელი კრიტერიუმების შესაბამისად.

ეკონომიკა

სახელმწიფოს ფუნქცია არ არის პირდაპირ სამუშაო ადგილების შექმნა, მეტიც, გაბერილი საჯარო აპარატი ტვირთად აწევს ბიუჯეტს. ამდენად, ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს კერძო სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა. სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირების უამრავი საუშალებაა: ფულად-საკრედიტო პოლიტიკა; საგადასახადო პოლიტიკა (საგადასახადო შეღავათების დაწესება იმ საწარმოებისთვის, რომლებიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნიან) და ორიენტაციის აღება საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე. ხოლო იმავე მცირე ბიზნესს დაუწესდეს ფიქსირებული გადასახადი.

ჯანდაცვა

უნდა შესრულდეს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება და ჯანდაცვა გახდეს საყოველთაო. საბაზისო პაკეტი, რომელსაც დააფინანსებს სახელმწიფო, გაიცეს ყველა მოქალაქისთვის. დამატებითი სადაზღვევო პაკეტები კი მოექცეს სადაზღვევო კომპანიების ადმინისტრირების ქვეშ.

უნდა დაინგრეს ის მახინჯი სისტემა, როდესაც სახელმწიფოს ფულს ადმინისტრირებას უწევს კერძო სადაზღვევო კომპანიები. ჯანდაცვის პოლიტიკის ამოცანა უნდა იყოს ჯანდაცვის განვითარება და არა – სადაზღვევო ბიზნესის ხელშეწყობა. ჯანდაცვის პოლიტიკის ამოცანად გვესახება ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა - ორიენტირებული პაციენტზე და არა ე.წ. სადაზღვევო ბიზნესის შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

პენსიები

პენსიის გაცემა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით კვლავ რჩება პრიორიტეტად: მუშაობის თითოეული წელი უნდა დაფასდეს და საბაზისო პენსიის ოდენობას თითო ნამსახურებ წელზე დაემატოს ერთი ლარი, რაც ოდნავ მაინც შეამსუბუქებს პენსიონერთა მდგომარეობას და მოსპობს უსამართლობის განცდას.

ანაბრები

საქართველო ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელშიც დღემდე მოუგვარებელია ანაბრების პრობლემა. ჩემი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის, ინიციატივაა, ანაბრები გავისტუმროთ უძრავი ქონებით, კერძოდ, მიწის პრივატიზაცია ჩატარდეს სალაროს წიგნაკებით, რაც, ერთი მხრივ, დაიცავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისებას; მეორე მხრივ კი, უმტკივნეულოდ გადაჭრის, ერთი შეხედვით, გადაუჭრელ პრობლემას. კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწაზე კერძო საკუთრებისუფლებას მიანიჭებს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს. ამავე დროს, მიწის პრივატიზაცია უნდა ჩატარდეს სალარო წიგნაკებით, რაც მიწის საქართველოს მოქალაქის საკუთრებაში გადაცემას უზრუნველყოფს.

უძრავი ქონებით ანაბრების გასტუმრება მომგებიანია სახელმწიფოსთვისაც, რადგან ეს ბიუჯეტს არ დააწვება ტვირთად. სარგებელი გვექნება ეკონომიკის თვალსაზრისითაც - ასე ავირიდებთ ინფლაციასაც. ხოლო თვითონ მეანაბრეები ორმაგად მოგებული იქნებიან - ფულისგან განსხვავებით, უძრავი ქონება და განსაკუთრებით - მიწა, დროთა განმავლობაშიო ფასს არ კარგავს. მისი თვითღირებულება მხოლოდ მატულობს.

ნარკოტიკული დანაშაულის დეკრიმინალიზაცია

აუცილებელია ნარკოდანაშაულის მკაცრი დეკრიმინალიზაცია, რაც გულისხმობს მხოლოდ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას, მაგრამ საკმაოდ მკაცრი ადმინისტრაციული სანქციების დაწესებას, როგორც ჯარიმების, ისე ადმინისტრაციული პატიმრობის სახით. ჩემი პროექტით, სანქციები მიზნად ისახავს ადამიანის წაბიძგებას მკურნალობისკენ. პიროვნება გათავისუფლდება ჯარიმისა და ადმინისტრაციული პატიმრობისგან, თუ დათანხმდება მკურნალობას. ჩვენი ამოცანაა არა ბიუჯეტის შევსება ჯარიმების მეშვეობით და ადამიანების ციხეში გამოკეტვა, არამედ – ნარკომომხმარებლების შემცირება, რაც, ჩემი პროექტით, სავსებით რეალურია.

აბორტები

უმწვავეს დემოგრაფიულ პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს მოუწესრიგებელი კანონმდებლობა აბორტთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით აბორტი ნებადართულია, საერთო რაოდენობაში, არალეგალური აბორტების წილი 80-პროცენტია, რაც დაკავშირებულია შერჩევით აბორტთან: ფაქტობრივად, მიმდინარეობს გოგონების გენოციდი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ფაქიზი თემაა, კანონმდებლობის დახვეწასთან ერთად, სახელმწიფომ მომავალ დედებს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზთა გამო არ სურთ შვილის გაჩენა, უნდა შესთავაზოს ალტერნატივა. კერძოდ, გავითვალისწინოთ უცხოური გამოცდილება და განხორციელდეს სახელმწიფო პროგრამა, მოწმის დაცვის პროგრამის მსგავსი: სახელმწიფო მომავალი დედისთვის, რომელსაც არ სურს ფეხმძიმობის გამხელა, უზრუნველყოფს მცირეხნიანი ლეგენდის შექმნას, რაც მას საშუალებას მისცემს, არ მოკლას შვილი და მშობიარობის შემდეგ დაუბრუნდეს თავის ჩვეულ ცხოვრებას. მეორე მხრივ, ეს გაუიოლებს შვილად აყვანის პროცესს უშვილო წყვილებს, რომლებიც წლობით ელოდებიან თავიანთ რიგს. მეტიც, შესაძლებელია, უშვილო წყვილების ჩათვაც ამ პროგრამაში. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოფს შუამავლობა ამ ორ გროლს შორის და თავის თავზე აიღოს პროგრამაში მონაწილეთა ანონიმურობა. აღნიშნული ინციატივა, ერთი მხრივ, შეამცირებს აბორტების რაოდენობას და, მეორე მხრივ, დადებით ზეგავლენას იქონიებს დემოგრაფიულ ვითარებაზე.

სამართლიანობის აღდგენა

საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნა, სამართლიანობის აღდგენა, შედგება სამი ელემენტისგან:

პირველია – იმ ადამიანების დასჯა, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ ხელისუფლებას;

მეორე – უკანონოდ ჩამორთმეული ქონების მფლობელებისთვის დაბრუნება;

მესამე – სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანების აღდგენა სამუშაო ადგილებზე.

სამართლიანობის აღდგენის მთავარი ღერძია სასამართლო რეფორმა და ამ პროცესში პრეზიდენტის როლი შეუცვლელია: ახალი რედაქციით, მას აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების წარდგენის და სხვა მოსამართლეების დანიშვნის უფლება.
სამართლიანობის აღდგენა უნდა დავიწყოთ უსამართლოდ გათავისუფლებული მოსამართლეების აღდგენით. 2005 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ განხორციელებული სასამართლო რეფორმის, ფაქტობრივად კი, რეორგანიზაციის შედეგადაც მასობრივად შეამცირეს მოსამართლეები და მათ სახელცვლილ თანამდებობებზე დანიშნეს ახალი მოსამართლეები. ჩვენ უნდა აღვადგინოთ 2005 წლამდე არსებული სასამართლო სისტემა, იმ პერიოდში მასობრივად დათხოვნილი მოსამართლეები კი – სამუშაო ადგილებზე. ერთი მხრივ, ეს უზრუნველყოფს მოსამართლეთა კორპუსის სრულ დამოუკიდებლობას; მეორე მხრივ კი, ამ გზით დანიშნული მოსამართლეები ბუნებრივად იქნებიან დაინტერესებულნი სამართლიანობის აღდგენით: ისინი იქნებიან პირველები, რომელთა მიმართაც აღდგა სამართლიანობა, რაც მათ მისცემს სტიმულს, რომ სამართლიანობა აღდგეს სხვათა მიმართაც.

სამართლიანი და ეფექტიანი სასამართლო რეფორმა საშუალებას მოგვცემს, აღვადგინოთ სამართლიანობა დანარჩენ სფეროებშიც.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31