ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ზურაბ ხარატიშვილის საარჩევნო პროგრამა
განვითარება

ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად განვითარება ესაჭიროება, მაგრამ რა არის განვითარება? როგორ უნდა განვსაზღვროთ ვვითარდებით თუ არა? საჭიროა მკაფიო ორიენტირები, პრიორიტეტები, მიზნები და ე. წ. ”შუალედური ნიშნულები”, რათა ზუსტად ვიცოდეთ საით მივდივართ და რა ეტაპზე ვიმყოფებით.

ჩვენი სტრატეგიული მიზანია გავხდეთ ე. წ. პოსტინდუსტრიული სამყაროს ნაწილი. სხვანაირად მსოფლიოს ამ ნაწილს ”ოქროს მილიარდსაც” უწოდებენ. აქ იგულისხმება ის ქვეყნები, რომელთაც განვითარების ინდუსტრიული ფაზა უკვე გაიარეს და ხარისხობრივად უფრო მაღალ საფეხურზე იმყოფებიან. ასეთია ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია და ახალი ზელანდია. ამ პრესტიჟულ კლუბში მოხვედრის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროპასა და ამერიკასთან, გლობალურ ეკონომიკურ, სამეცნიერო, სამხედრო და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა და ა. შ.

რატომ დასავლეთი?

დასავლეთთან ურთიერთობა გარეშე მტრისგან თავის დაცვის გარდა სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც მოიცავს და ღირებულებების სფეროს განეკუთვნება.

საქართველოში მრავლად არიანდასავლური ორიენტაციის მომხრენი და მოწინააღმდეგენი, მათ სხვადასხვა არგუმენტები აქვთ, მაგრამ მე ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება, სიტყვის თავისუფლება და მეწარმეობის თავისუფლება არ უნდოდეს. დასავლეთიც ეს არის, შესაბამისი ღირებულებები და ინსტიტუტები. ჩვენთან ეს ყველაფერი ჯერ დამკვიდრების პროცესშია და საბოლოოდ დასამკვიდრებლად მხარდაჭერა გვჭირდება. სად უნდა ვიპოვოთ დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, სიტყვისა და მეწარმეობის თავისუფლების მხარდამჭერი მოკავშირე რუსეთში? ჩინეთში? ირანში? მგონი ცხადია, რომ ასეთი მოკავშირე მხოლოდ დასავლეთია.

გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - სახელმწიფოს მოწყობა და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა. 90-იანი წლების დასაწყისში დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და აღმოვაჩინეთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნისათვის საჭირო ცოდნა არ გვქონდა. ამის გამო მრავალი უბედურება გადავიტანეთ, რასაც თავი ისევ დასავლელი მეგობრების დახმარებით დავაღწიეთ. მათი დახმარება ძირითადად სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში გამოიხატებოდა. სწორედ დასავლეთის დახმარებით მოვიპოვეთ საჭირო ცოდნა და ეს პროცესი კიდევ გრძელდება. ჩვენ ჰაერივით გვჭირდება დასავლური ცოდნა, ტექნოლოგიები, საუნივერსიტეტო განათლება, ბაზარი, უსაფრთხოება და ა. შ. რუსეთი გვთავაზობს მისი გავლით ვიურთიერთოთ დასავლეთთან. რატომ? ჩვენ მეცხრამეტე საუკუნეში აღარ ვცხოვრობთ და დასავლეთთან პირდაპირ, შუამავლების გარეშე შეგვიძლია ურთიერთობა.

დასავლეთის სიდიდემ და შესაძლებლობებმა არ უნდა შეგვაშინოს. საქართველო ყოველთვის ახერხებდა დიდ ცივილიზაციებთან ადაპტაციას ისე, რომ საკუთარი უნიკალურობა შეენარჩუნებინა და განევითარებინა. ასე რომ, თუ საქართველოსი გვჯერა, ჩვენ უნდა გავიხსნათ ახალი ცოდნისა და ღირებულებებისთვის. ამით მხოლოდ გავძლიერდებით.

საქართველო და ნატო

ნატო არის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, რომლის წევრობაც თანმედროვე მსოფლიოში უსაფრთხოების ყველაზე დიდ გარანტიას იძლევა. ამდენად საქართველოს რომ ნატოს წევრობა უნდა ამაში გასაკვირი არაფერია.
საინტერესოა ის მოსაზრებები, რომელთა თანახმადაც შესაძლებელია ასეთივე დონისა და ხარისხის უსაფრთხოების ალტერნატიული გზებით მიღწევა. გარკვეული დონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველო თავისი ძალებითაც შეძლებს, მაგრამ საეჭვოა ყველა რისკისა და საფრთხის გამკლავება მოახერხოს.

მოდი განვიხილოთ შესაძლო ალტერნატივები. ძირითადად ორი მიმართულება არსებობს. საქართველო შედის რაიმე სხვა სამხედრო ალიანსში ან თავისივე ძალებით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.

პირველ შემთხვევაში უნდა ვთქვათ რა ალინსების შესაძლებლობა არსებობს საქართველოსთვის. ჩვენ სამი დიდი და სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი სახელმწიფო გვესაზღვრება. ესენია თურქეთი, ირანი და რუსეთი. თურქეთი ნატოს წევრია და მასთან ალიანსი იგივეა, რაც ნატოში გაწევრიანება. ირანის სამხედრო მოკავშირეობა დასავლეთთან დაპირისპირებას ნიშნავს, რაც არ შედის ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებში. დარჩა რუსეთი, რომელთანაც სამხედრო კონფლიქტი გვაქვს და რომელიც ჯერჯერობით არ აპირებს თანაბარუფლებიან პარტნიორად განგვიხილოს. ამასთან, ირანის ან რუსეთის სამხედრო მოკავშირეობა ვერ დაგვიცავს ისეთი საფრთხისგან როგორიცაა მაგალითად საერთაშორისო ტერორიზმი ან ბირთვული იარაღის არალეგალური გავრცელება. რუსეთს თავად აქვს პრობლემები ჩრდილოეთ კავკასიაში და თან, როგორც ჩვენივე გამოცდილება გვიჩვენებს, მისი დაპირებები სანდო არ არის. საგულისხმოა ისიც, რომ ჩვენი მეზობლები ტექნოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ ჩამორჩენილები არიან ნატოს წევრ ქვეყნებთან შედარებით.

გამვიხილოთ მეორე გზა, ანუ საქართველომ საკუთარი ძალებით სცადოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა ისეთ დონეზე, როგორიც ექნებოდა ნატოს წევრობის შემთხვევაში. ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაში საქართველომ უნდა შეძლოს და იქონიოს საკუთარი ბირთვული იარაღი, ბალისტიკური რაკეტები, თანამდროვე ავიაცია და საზღვაო ფლოტი, შესაბამისი კვალიფიკაციის ოფიცრებითა და ჯარისკაცებით. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი არასერიოზულად გამოიყურება. როგორ უნდა შეძლოს საქართველომ ეს? საიდან ამ ყველაფრის ფინანსური, ტექნოლოგიური და პოლიტიკური რესურსი? სავარაუდოდ ასეც არის, მაგრამ თუ ნატოს წევრობის შესადარისი უსაფრთხოების გარანტიების დამოუკიდებლად შექმნაზე სერიოზულად ვიფიქრებთ, ამის გაკეთება მოგვიწევს.

რუსეთი და ამერიკა

საქართველოს საგარეო პოლიტიკური პარტნიორების განხილვისას რუსეთსა და ამერიკას ერთმანეთს ხშირად ადარებენ. ჩემი აზრით ჯერ მათი ფუნქცია და შესაძლებლობები უნდა შევაფასოთ და ისე ჩამოვაყალიბოთ დამოკიდებულება მათ მიმართ.
ვინ არის ამერიკა? ამერიკა არის ქვეყანა, რომელიც ყველა სხვა ქვეყანას უსწრებს ტექნოლოგიური, ფინანსური, სამხედრო, სამეცნიერო და ინტელექტუალური შესაძლებლობებით. ამერიკა არის დასავლური სამყაროს პოლიტიკური ლიდერი და მასზეა პასუხისმგებლობის ტვირთი, იქნება ეს საერთაშორისო ტერორიზმი, ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური და სამხედრო კონფლიქტები თუ სხვა. რის შემოთავაზება შეუძლია დასავლეთს ამერიკის ლიდერობით საქართველოსთვის? პირველ რიგში ისეთი მიმზიდველი პოლიტიკური პროექტების სადაც საქართველო თავის მომავალს დაინახავს. მაგალითად ნატო და ევროკავშირიც საკმარისია.

ვინ არის და რა შეუძლია რუსეთს? რუსეთი არის საბჭოთა კავშირის ერთგვარი გაგრძელება, იგივე ამბიციებით, ოღონ უფრო მოკრძალებული შესაძლებლობებით. რის შემოთავაზება შეუძლია რუსეთს? არაფრის, გარდა იმისა, რომ იმაზე უფრო ცუდად არ მოგვექცევა, ვიდრე აქამდე მოგვექცა. რუსეთს არ შეუძლია იყოს ლიდერი. მას არა აქვს არც ახალი პოლიტიკური იდეები და არც პროექტები. ე. წ. ”ევრაზიული კავშირი” საბჭოთა კავშირის გადამღერებაა და სხვა არაფერი. მაგრამ რუსეთს უნდა რომ აქ, ჩვენს ტერიტორიაზე, იყოს ”ხაზეინი”. ამიტომაც ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში შესვლას. იმიტომ, რომ თუ საქართველო ნატოში შევა, რუსეთი აქ ”ხაზეინის” სტატუსით ვეღარ შემოვა.

ასე, რომ ლიდერი თუ ”ხაზეინი”, აი ეს არის განსხვავება რუსეთსა და ამერიკას შორის.

თავდაცვა და უსაფრთხოება

ჯარისკაცის ღირსება და პატივისცემა, ტექნოლოგიური ჩამორჩენის დაძლევა, ოფიცერთა ფენის ფორმირება, სამხედრო ელიტა - ეროვნული ელიტის განუყოფელი ნაწილი, განსაკუთრებული სიფრთხილე საკადრო საკითხებში - ახლო წარსულში გაუმართლებელი მოქმედების გამო არმიიდან გაძევებული კვალიფიციური ოფიცრების პრობლემა.

განათლება და მეცნიერება

განათლება - განათლების სისტემაში, ისევე როგორც სხვა სფეროებში, მთავარი პრობლემა კვალიფიკაციის ნაკლებობაა. კარგია სკოლების ტექნოლოგიური ბაზის განახლება და შენობების მოწყობა, მაგრამ ეს ვერ შეცვლის მასწავლებლის ფუნქციას. თუ გვინდა, რომ სასკოლო განათლების დონე ავამაღლოთ, მთავარი ყურადღება მასწავლებლებს უნდა მივაპყროთ. დღესდღეობით მასწავლებლობა არაპრესტიჟულია და წარმატებული ადამიანები ამ პროფესიას არ ირჩევენ. ამიტომ სკოლების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად მასწავლებლების პრესტიჟი და რეპუტაცია უნდა ავამაღლოთ.

მეცნიერება - ჩვენი მეცნიერება აუცილებლად უნდა გახდეს გლობალური სამეცნიერო პროცესის ნაწილი. ჩვენისთანა პატარა და ღარიბ ქვეყანას დამოუკიდებლად მეცნიერების განვითარება გაუჭირდება. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ევროპული ან სხვა სამეცნიერო ცენტრებში მიმდინარე კვლევითი სამუშაოების გარკვეული კომპონენტები საქართველოს სამეცნიერო ცენტრებში განხორციელდეს. ასე შევძლებთ შევქმნათ საფუძვლები, რომელზეც მეცნერთა ახალი თაობა ჩამოყალიბდება.
განათლებასა და მეცნიერებაზე მშპ-ს 5% უნდა დავხარჯოთ.

ჯანდაცვის სისტემა და სამედიცინო მომსახურება

სახელმწიფომ უნდა წაახალისოს სამედიცინო დაზღვევაზე გაწეული ხარჯები. ასეთი ხარჯები არ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით. აგრეთვე, არასწორად მიგვაჩნია პოლიტიკა, რომელიც სადაზღვევო კომპანიების მიერ საავადმყოფოების მშენებლობას გულისხმობს. სადაზღვევო კომპანიები და სამედიცინო მომსახურების ცენტრები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და დაზღვეულ ადამიანს მომსახურების მიღება ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა შეეძლოს. ისევე როგორც სხვა სფეროებში აქაც მთავარი მამოძრავებელი სტიმული კონკურენცია უნდა იყოს. სახელმწიფო მხოლოდ დამხმარე როლით უნდა დაკმაყოფილდეს.

სამედიცინო სფეროს ერთერთი მთავარი პრობლემა მენეჯმენტისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების ნაკლებობაა. ხშირია შემთხვევები, როდესაც მაღალი კლასის ქირურგი ატარებს რთულ ოპერაციას, პაციენტი გადარჩენილია, მაგრამ ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისათვის საჭირო პირობებისა და კვალიფიკაციის უქონლობის გამო პაციენტი იღუპება. ეს სამედიცინო მენეჯმენტის პრობლემაა და მისი გადაწყვეტა სერიოზული პროფესიული გადამზადებითაა შესაძლებელი.

დასაქმება, უმუშევრობა, პენსიები

პრობლემის მასშტაბურობა, სწრაფი გამოსავალი არ არსებობს, იდეალურ შემთხვევაში პრობლემა გადაწყდება 10 წელში, ოპტიმისტური პროგნოზით 15-17 წლის განმავლობაში.
განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკა, უმუშევრობის დაზღვევა და გაწეული ხარჯების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან გათავისუფლება, ახალი ცოდნისა და კვალიფიკაციის გავრცელების ხელშეწყობა და ა. შ.

ეკონომიკა

საქართველოს პირობებში სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის რეგულირებას შეძლებისდაგვარად მცირე მასშტაბები უნდა ქონდეს. თუმცა, სადაც ეს საჭიროა იქ ”ჭკვიანური რეგულირება” უნდა განხორციელდეს. მთავარი საშუალო და გრძელვადიანი შედეგებია და რეგულირება რეგულირებისთვის ან მოკლევადიანი ეფექტისთვის არ გვჭირდება.

ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა ადამიანების საქმიანი აქტივობაა და სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია ამ აქტივობის ხელისშემშლელი ფაქტორების მოხსნაში გამოიხატება. უპირველესად ადამიანებს პოლიტიკური და სამართლებრივი სტაბილურობის განცდა უნდა გაუჩნდეთ და ამ თვალსაზრისით საკუთრების ხელშეუხებლობა მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამასთან, პოლიტიკოსებმა უნდა შეწყვიტონ კონკურენტების მიერ ინიცირებული ეკონომიკური პროექტების (მიშა - სინგაპური, ბიძინა - დუბაი) დისკრედიტაცია და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად შეხედონ მოვლენებს.

საქართველოში ჯერჯერობით ცოტაა გრძელვადიანი ეკონომიკური პროექტები. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. საპენსიო ფონდების გაჩენის, ინდუსტრიის განვითარების ფონდის შექმნის და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაზრდის შედეგად უნდა გაჩნდეს ე. წ. ”გრძელი ფული”, რომელიც გრძელვადიან პროექტებს დააფინანსებს და ეკონომიკური ზრდას უზრუნველყოფს.

გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე უარი უნდა ვთქვათ საბიუჯეტო დეფიციტზე. თუ ამის გაკეთება მაინც დაგვჭირდება, მიმდინარე წლის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 3 პროცენტს არ უნდა აცდეს. აგრეთვე შეძლებისდაგვარად უნდა შევამციროთ საგარეო ვალი, ნუ გამოვრიცხვთ, რომ ეს პირობა პრივატიზაციის პროცესში ან კონცესიების გაცემის დროს დავაყენოთ.

უნდა გავაკონტროლოთ და 3-4 პროცენტის ჩარჩოებში მოვაქციოთ ინფლაცია. ამჟამინდელი დეფლაციის პროცესი სარისკოდ გვეჩვენება და დასაშვებად მიგვაჩნია მონეტარულმა პოლიტიკამ გარკვეული ცვლილებები განიცადოს.

დასაშვებად მიგვაჩნია აგრეთვე ლარის პარალელურად დოლარისა და ევროს დაშვება თავისუფალ მიმოქცევაში. ამით სავალუტო რისკებს შევამცირებთ და საინვესტიციო გარემოს გავაუმჯობესებთ.

ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისას, ისევე როგოც სხვა შემთხვევებში, მთავარია სწორად დავსვათ ამოცანა. ანუ კონკრეტულად რა პრობლემა უნდა გადაიჭრას და შემდეგ დავსახოთ მოქმედების გზები. მაგალითად, ბევრი ლაპარაკია სოფლად მაცხოვრებელი ადამიანების პრობლემებზე, მაგრამ საქმე წინ ვერ მიდის. ეს იმიტომ ხდება, რომ ამოცანა აგრარული სექტორის ამა თუ იმ მიმართულების გაუმჯობესებამდეა დაყვანილი. ამ დროს პრობლემა გაცილებით უფრო მასშტაბურია. სოფლად ორი მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ამოცანა მათი სიღარიბიდან ამოყვანაა. შეუძლია მხოლოდ აგრარულ სექტორს ამ ამოცანის გადაწყვეტა? პასუხი მარტივია - არა, რადგან საქართველოს აგრარულ სექტორს ამხელა პოტენციალი არ აქვს. საჭიროა ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარება და სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანების რაოდენობის შემცირება. ეკონომიკამ მთლიანობაში უნდა შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და ერთი რომელიმე დარგის განვითარების იმედად ვერ ვიქნებით.

დამოკიდებულება სხვადასხვა კულტურული საკითხის მიმართ

საქართველო არის ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი, ერთსქესიან ქორწინებას არა, აბორტებს არა, ქალების როლის გაძლიერება, დედობაზე დახარჯული დროის კომპენსაცია, 90-იან წლებში ქალებმა ზურგით გაათრიეს ოჯახები, საქართველო საქმის კაცებისა და საქმის ქალების ქვეყანა.

უმცირესობების ინტეგრირება და მათი ”პოლიტიკურ ქართველებად” ჩამოყალიბება.

დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება

რისთვის გვინდა დემოკრატია? ამ საკითხზე ჩვენს საზოგადოებაში სხვადასხვა მოსაზრება არსებობს და ჩვენთვის დამახასიათებელი მაქსიმალიზმით, ზოგი დემოკრატიას რაღაც მსოფლიო შეთქმულების ინსტრუმენტად განიხილავს, ზოგი - უცხოელ პარტნიორებთან თავის მოწონების შესაძლელბლობად. ჩვენი აზრით, დემოკრატია არის ის, რაც გვჭირდება ქვეყნის საბოლოოდ ჩამოყალიბებისთვის. ჩვენ უნდა შევქმნათ და დავამკვიდროთ ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტრადიცია, რომ ხელისუფლებისა და მთავრობების ცვლა ხდებოდეს მშვიდობიანი გზით და ახალი მთავრობა წინა მთავრობის მიღწევებს წყალს არ ატანდეს. ეს მხოლოდ დემოკრატიული არჩევნებითაა შესაძლებელი.

არ არსებობს და არც არასდროს იარსებებს მთავრობა შეცდომების გარეშე. საზოგადოებას სჭირდება მთავრობის შეცდომების გამოსწორების ლეგიტიმური მექნიზმი. ეს არის სხვადასხვა დონის პერიოდული არჩევნები. მხოლოდ არჩევნებით შეუძლია საზოგადოებას მიუთითოს პოლიტიკურ ელიტას თავისი ნების შესახებ და შეიტანოს კორექტივები ქვეყნის მართვაში.

დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია სამოქალაქო საზოგადოება. ამ ცნების ქვეშ ჩვენ ვგულისხმობთ საზოგადოების წევრთა უფლებას და შესაძლებლობას გაერთიანდეს სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებში და მთავრობის ჩარევის გარეშე მოაგვაროს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხები.

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ჩანასახოვან მდგომარეობაშია. ჯერჯერობით აქტიურად მხოლოდ ე. წ. ”მოდარაჯე ძაღლები” ჩანან. პროფესიული ასოციაციები, ბიზნეს ასოციაციები, სათემო კავშირები თუ სხვადასხვა ტიპის ინტერესების მიხედვით შექმნილი ერთობები პასიურ როლს თამაშობენ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ჯერ ვერ დამკვიდრდა საკუთარი თავის ამა თუ იმ ინტერესთა ჯგუფთან გაიგივების ტრადიცია და ადამიანებიც შესაბამისად არ მონაწილეობენ საზოგადოებრივი გაერთიანებების დაფინანსებაში, რაც მხოლოდ სიღარიბითა და გაჭირვებით არ აიხსნება. უბრალოდ, ასეთი ქცევა ჩვენი კულტურისთვის უცხოა და შესაბამისად აზრად არავის მოსდის. იგივე ”მოდარაჯე ძაღლები” მხოლოდ უცხოური დონორი ორგანიზაციების წყალობით არსებობენ, რაც თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოების გააქტიურების პარალელურად მთავრობამაც უნდა აჩვენოს, რომ სჭირდება და მზად არის ისარგებლოს სამოქალაქო ინსტიტუტების სერვისებით. მაგალითად, უმჯობესია ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოციალური დაცვა, შშმპ-ზე ზრუნვა, განათლების სფეროში სხვადასხვა პროგრამების განხორციელება, უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრირება, პროფესიული გადამზადება, ლოკალური ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაწყვეტა და სხვა, ბიუროკრატიული სახელმწიფო დაწესებულებების შექმნის ნაცვლად, შესაბამისი მომსახურება ამა თუ იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან შევიძინოთ.

შესაძლებლად გვესახება კვლევით ცენტრებისა და ბიზნეს ასოციაციების ჩართვა სამთავრობო პროგრამების და სტრატეგიების შემუშავების პროცესში, აგრეთვე ”მოდარაჯე ძაღლების” წარმომადგენელთა მონაწილეობა სხვადასხვა საზოგადოებრივ საბჭოებში.
მთლიანობაში, სამოქალაქო საზოგადოებას ჩვენ განვიხილავთ ადამიანების შესაძლებლობების გამოვლენისა და რეალიზაციის ასპარეზად და მის არსებობა ქვეყნის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

პოლიტიკური კლასი და მედია

90-იანი წლებიდან მოყოლებული ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა. შეიქმნა პოლიტიკური პროცესების მართვის ცოდნა და გაჩნდნენ სახელმწიფოს მართვის გამოცდილების მქონე ადამიანები. თუმცა, ჯერ კიდევ დიდია პოლიტიკური ტრადიციის დეფიციტი და პროცესის მშვიდობიანი კალაპოტიდან გასვლის რისკი. ამ რისკების თავიდან ასაცილებლად უნდა შეწყდეს პოლიტიკური კონკურენტების მოსისხლე მტრებად განხილვის პრაქტიკა და სიძულვილის ენაზე საუბარი. შეიძლება ითქვას, რომ სიძულვილმა წალეკა ქართული პოლიტიკა. ჩვენი ამოცანაა მივაღწიოთ იმას,რომ საქართველოში იმართებოდეს ღირსებაზე და პატივისცემაზე დამყარებული პოლიტიკური კამპანიები და ყოველი ახალი არჩევნები კიდევ უფრო აერთიანებდეს საზოგადოებას.

სამწუხაროა, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ სიძულვილის ვირუსი მედიაზეც ვრცელდება. მოხდა ისე, რომ მედია ვერ შედგა სრულფასოვან და დამოუკიდებელ ინდუსტრიად. ქართული მედია არა ბიზნესი, არამედ პოლიტიკის გაგრძელებაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მედიას უნდა მივცეთ პოლიტიკისგან გათავისუფლების საშუალება, მაგალითად, ტელემაუწყებლებს მოვუხსნათ ე. წ. უფასო პოლიტიკური რეკლამის ვალდებულება.

დემოგრაფია, ტერიტორიული მოწყობა და თვითმმართველობა

უაღრესად მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ თუ როგორი დემოგრაფიული სურათის პირობებში ვცხოვრობთ. ჩვენი რელობაა - 1,5 მილიონიანი თბილისი და დანარჩენი პროვინციული საქართველო, ელიტების თავმოყრა თბილისში და ”ლიდერშიფის” დეფიციტი რეგიონებში, ურბანული განვითარების საჭიროება, საბიუჯეტო დეცენტრალიზაციის აუცილებლობა. ამ პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი ტერიტორიული მოწყობის საკითხებისა და სახელისუფლებო ინსტიტუტების მმართველობითი ფუნქციების შესახებ.

ბევრი საზოგადოებრივი ჯგუფი გამოდის ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ინიციატივით, თუმცა თავიდან ბოლომდე გააზრებული კონცეფცია არავისგან მოგვისმენია. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს აპირებენ ჯერ შექმნან რეგიონული ხელისუფლების ორგანოები და მათ ფუნქციურ დატვირთვაზე მერე იფიქრონ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯერ უნდა ჩამოვაყალიბოთ საჯარო/სახელმწიფო ინსტიტუტების მმართველობითი ფუნქციები და მერე დავაზუსტოთ თუ რომელი ფუნქცია რომელმა ინსტიტუტმა უნდა შეასრულოს.

საკუთრება, სასამართლო და სამართლიანობა

იმისათვის, რომ საზოგადოებაში დავამკვიდროთ სამართლიანობის განცდა, საკუთრების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. უნდა მივაღწიოთ მდგომარეობას, როდესაც მესაკუთრეებს არ მოუწევთ უდანაშაულობის მტკიცება. თუ საჭირო იქნება, გამოვაცხდოთ ფართო ამნისტია და მივიღოთ სტრატეგიული პოლიტიკური გადაწყვეტილება კონკრეტული თარიღით არსებული მდგომარეობის ხელშეუხებლობის შესახებ. სხვა შემთხვევაში ეკონომიკური განვითარება შეუძლებელი იქნება.
საბოლოოდ უნდა დავამკვიდროთ სადავო საკითხების სამართლიანი გარჩევის პრაქტიკა და ამით განვამტკიცოთ სასამართლოს, როგორც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუციის ავტორიტეტი და რეპუტაცია.

კონფლიქტები

საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტები გადაწყვეტა რთული საკითხია. იოლი გამოსავლის იმედი არ უნდა გვქონდეს. წარსულის შეცდომებზე ჭკუა უნდა ვისწავლოთ და ამ პრობლემას ფრთხილად და გააზრებულად მივუდგეთ.
ჩვენი კონფლიქტების მოგვარება მრავალმხრივი საერთაშორისო პროცესია. ამ პროცესის რიგ საკითხებში ძლიერი პოზიციები გვაქვს და ეს ”კოზირი” უნდა გავიყენოთ. მთავარი აქცენტი უნდა გადავიტანოთ კონფლიქტის ჰუმანიტარულ მხარეზე, ანუ ლტოლვილებსა და მათ უფლებებზე. უნდა მივაღწიოთ იმის აღიარებას, რომ ამ ადამიანებს აქვთ საკუთარ მიწაზე უპირობო დაბრუნების უფლება და შემდეგ მოვიფიქროთ ამ პროცესის უზრუნველყოფის პოლიტიკური, სამართლებრივი და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31