აკაკი ასათიანის საარჩევნო პროგრამა
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დიდი ხნით განსაზღვრავს საქართველოს მომავალს. ამ არჩევნების განსაკუთრებულობას განაპირობებს: (1) დღევანდელი ხელისუფლების მიერ გატარებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის სრული გაურკვევლობა, სტრატეგიული კონცეფციის არარსებობა და არათანმიმდევრულობა. ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს პრემიერ-მინისტრის განცხადება გადადგომის შესახებ (ეს დემარში პოლიტიკური სისტემის გარკვეულ დესტაბილიზაციას აუცილებლად გამოიწვევს, რისი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა); (2) მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების მიმართ აბსოლუტურად დაუცველნი ვართ, ხოლო ჩვენი ეკონომიკა, რომელიც მინიმალურად მაინც რაღაცის ბაზისი შეიძლება იყოს, არა გვაქვს; (3) ქაოსი მთელს დიდ ახლო აღმოსავლეთში (საქართველო მისი ნაწილია), რომელიც ფართოვდება და სახიფათოდ გვიახლოვდება; (4) უშუალო მეზობლებთან თანმიმდევრული და გაწონასწორებული პოლიტიკის არარსე-ბობა, რის გამოც მოვლენათა შესაძლო განვითარება სრულიად არაპროგნოზირებადი გახდა.

დაძაბული საერთაშორისო და რთული პრობლემებით აღსავსე საშინაო ვითარების პირობებში ქართველი ამომრჩევლის წინაშე განსაკუთრებული ამოცანა დგას. სერიოზული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ სწორედ მომდევნო რამოდენიმე წლის განმავლობაში იქნება მისაღები ჩვენი ქვეყნის ბედის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

ასეთ პირობებში მომლოდინე, მხოლოდ პასიურ რეაქციაზე დამყარებული პოლიტიკა და ამგვარი პოლიტიკის მომხრე ლიდერების არჩევა ქვეყანას კიდევ უფრო მძიმე, მეტიც - გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებს. ყოველივე ზემოთქმული ნათლად გვიჩვენებს იმ განსაკუთრებულ ვითარებას და პირობებს, რაშიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება.

ამგვარ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში ამომრჩეველს მართებს უდიდესი პასუხისმგებლობის გამოჩენა, რათა ქვეყნის სათავეში მოიყვანოს გამოცდილი და გაწონასწორებული პიროვნება. ისეთი, რომელიც არა მხოლოდ არბიტრის როლს შეასრულებს, არამედ მტკიცედ ეკავება ხელში ქვეყნის საჭე მოსალოდნელ ქარტეხილებში.

პრეზიდენტობის კანდიდატის აკაკი ასათიანის საარჩევნო პროგრამა, რომელსაც იგი, არჩევის შემთხვევაში განახორციელებს ყველა კონსტიტუციური საშუალებებით (მიმართვა პარლამენტს, პარლამენტში მხარდამჭერთა ჯგუფის ჩამოყალიბება, კანონპროექტის ინიცირებისათვის ან რეფერენდუმის მოთხოვნისათვის ხელმოწერების შეგროვება, საგანგებო მდგომარეობისას - დეკრეტების გამოცემა), ეფუძნება შემდეგ პოსტულა-ტებს: ტრადიცია, ნაციონალიზაცია, მოდერნიზაცია, ნეიტრალიტეტი.

ტრადიცია

ქართული საზოგადოება ტრადიციული ღირებულების მატარებელი საზოგადოებაა. იმავდროულად იგი ყოველთვის ღია იყო სხვა კულტურებთან ნაყოფიერი ურთიერთგავლენებისა და თანაარსებობისათვის. სიტუაცია შეიცვალა მეოცე საუკუნის ბოლოსათვის, როცა ტექნოლოგიურმა პროგრესმა განაპირობა გლობალიზაცია (ინფორმაციის, იდეების, კაპიტალისა და სამუშაო ძალის თავისუფალი და სწრაფი გავრცელება მთელს მსოფლიოში). აუცილებელი გახდა როგორც პიროვნების თავისუფლების, ისე მისი იდენ-ტობის დაცვა. სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს საზოგადოებრივი ურთიერთობანი იმგვარად, რომ გლობალიზაციის პროცესებსაც ავუწყოთ ფეხი და ეროვნული იდენტობა, ეროვნული ტადიციებიც შევინარჩუნოთ.

ამ უაღრესად რთულ ამოცანას ძველმა ხელისუფლებამ თავი ვერ გაართვა. იგი მოგვევლინა გლობალიზაციის ძალების დაკვეთის ბრმა შემსრულებლად, რაც ისეთი ტრადიციულ ფასეულობებზე ორიენტირებული ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, კატეგორიულად მიუღებელია.

2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ მოსულ პოლიტიკურ ძალებს კი საერთოდ არ გააჩნიათ რაიმე პოზიცია ამ მიმართულებით, რაც ახლო პერსპექტივაში კიდევ უფრო დიდ საფრთხეს გვიქადის.

ჩვენი ქვეყნისა და მათი მოქალაქეების ინტერესები უნდა იქცნენ ზრუნვის უპირველეს საგნად, რის გარეშეც შეუძლებელი გახდება კეთილდღეობის და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა. ამასთან, როგორც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქის უფლებები და თავისუფლებანი, ისე მოქალაქეც ვალდებულია დაიცვას სახელმწიფო. ამ ფუძემდებლურ პრინციპს დაემყარება ქართული სახელმწიფო.

სახელმწიფო ყოველმხრივ დაიცავს საქართველოში გავრცელებულ ტრადიციულ აღმსარებლობებს. შექმნის მყარ და საიმედო სამართლებრივ ბაზას მათი მშვიდობიანი და კეთილმოსურნე თანაარსებობისათვის.

უნდა გაგრძელდეს ეთნიკური და სარწმუნოებრივი შემწყნარებლობის სასახელო ტრადიცია. მაგრამ ასევე ტრადიციულად შეურიგებელნი ვიქნებით მიწაწყლის მიტაცებისა და ეროვნული იდენტობის შებღალვისას.

ტრადიციული ოჯახი სახელმწიფოს არსებობის საფუძველია. ყველანაირად დავიცავთ ოჯახის ინსტიტუტს. დაუშვებელია კაცთმოძულეობის პროპაგანდა, რაც სრულიად შეუთავსებელია ქართულ ტრადიციულ ეთიკასა და ზნეობასთან, შექმნის გადაულახავ დემოგაფიულ პრობლემებს და საბოლოოდ ეჭვის ქვეშ დააყენებს ქართულ სახელმწიფოს არსებობას.

ნაციონალიზაცია

ეროვნული სიმდიდრის დაცვა ხელისუფლების წმიდათაწმინდა მოვალეობაა. საქართველოში ეკონომიკა სოციალურად უნდა იყოს ორიენტირებული. ასეთ შემთხვევაში მეწარმე სუბიექტების შემოსავალი გარანტირებულად იქნება ინვესტირებული ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებაში და ხელს შეუწყობს სოციალურ სამართლიანობის დამკვიდრებას..

უნდა მოხდეს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ნაციონალიზაცია შემდგომი აქციონირებით, რათა საკუთრება გახდეს საჯარო, ჭეშმარიტად საერთო-სახალხო საკუთრება.

მიწა უდიდესი ეროვნული სიმდიდრეა. მისი მესაკუთრე მხოლოდ საქართველოს მოქალაქე შეიძლება იყოს. უნდა მოხდეს უცხოელებზე გასხვისებული მიწების ნაციონალიზაცია, გადაიხედოს ყველა გარიგება და კანონიერ მფლობელებზე გაიცეს გრძელვადიანი კომპენსაცია.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების პირდაპირი სუბსიდირება. უნდა შეიქმნას სპეციალური აგროსამრეწველო ბანკი მიზნობრივი დაფინანსებისათვის. რაც შესძლო ილია ჭავჭავაძისეულმა საადგილმამულო ბანკმა კოლონიურ პირობებში, მითუმეტეს უნდა შესძლოს დამოუკიდებელმა სახელმწიფომ.

აუცილებლად უნდა მოხდეს საბანკო სექტორის ნაციონალიზაცია, რაც გულისხმობს საქართველოში მოქმედი ბანკების, რომელთა საკონტროლო პაკეტებიც უცხოელების ხელშია, მკაცრი სახელმწიფო რეგულირების ქვეშ მოქცევას. საქართველოს ეკონომიკის მასშტაბებიდან და რესურსებიდან გამომდინარე (მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, უმუშევრობის დონე, ქვეყნის მოქალაქეთა ხეთ არსებული დანაზოგების მოცულობა და ა.შ.) უნდა მოხდეს ქვეყნის გარედან მოზიდული საკრედიტო რესურსების ნორმატივე-ბის დაწესება , რაც გამორიცხავს უცხოეთიდან შემოსული იაფი რესურსების ქვეყნის მოქალაქეებზე სამჯერ და უფრო ძვირად მიყიდვას და ამით მათ კაბალურ მდგომარეობაში ჩაყენებას. სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს ამ ბანკებისა და მათთან დაკავშირებული სხვა საფინანსო ორგანიზაციების თუ პირების (ე.წ. იპოთეკარების) საკუთრებაში გადასული ჩვენი მოქალაქეების უძრავი ქონება, უნდა დაუბრუნოს იგი ყოფილ მესაკუთრეებს სარგებლობის და შემდგომი გამოსყიდვის უფლებით, ამ ქონების გამოსასყიდად მოქალაქეებს უნდა შესთავაზოს გრძელვადიანი, მათთვის ხელმისაწვდომი განვადება.

მოდერნიზაცია

საქართველოში სამწუხაროდ ვერ მოხერხდა წარმატებული სახელმწიფო მშენებლობის გარანტირება. ამიტომ ქვეყნის განვითარების ძირითად მიზანს სახელმწიფოდ შედგომა უნდა წარმოადგენდეს. საქართველო უნდა იქცეს თავისუფალ და პასუხისმგებელ მოქა-ლაქეთა სამართლებრივ სახელმწიფოდ.

საქართველო კვლავ საბჭოური მოდელით არის მოწყობილი (დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 22 წლის შემდეგ!), რაც განვითარების ძირითად შემაფერხებელ ფაქტორს წარმოდგენს. ქვეყანა საჭიროებს სისტემურ რეფორმებს. აუცილებელი ხდება ახალი კონსტიტუციის მიღება. ბოლოს და ბოლოს უნდა მოხერხდეს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებათა ურთიერთგამიჯვნა და ურთიერთდაბალანსება, თვითმმართველობის განხორციელება ყველა დონეზე.

მუნიციპალური და რეგიონული არჩევითი და აღმასრულებელი სტრუქტურების ეფექტური ფუნქციონირების გარეშე შეუძლებელია ქვეყანაში ნორმალური და ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრებისა და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება. საჯარო სახელმწიფო პოლიტიკა და პოლიტიკური ლიდერები მხოლოდ ამ პირობებში ყალიბდებიან. პოლიტიკური კრიზისების (რომლითაც ასე მდიდარია საქართველოს ისტორია) ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობების გაუაზრებელ, ირაციონალურ სტრუქტურებსა და ფუნქციონირებაში უნდა ვეძიოთ. სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება ჩვენი მუშაობა. მითუმეტეს, რომ ადგილობრივი არჩევნები კარს მოგვადგა. შექმნილ ვითარებაში კი, კიდევ ერთი წარუმატებლობა გვემუქრება.

ჩვენს ქვეყანაში ათწლეულების მანძილზე მართალი სამართალის ისეთი დეფიციტია, რომ სწრაფი და გააზრებული რეფორმის გარეშე უეჭველად დავდგებით სამოქალაქო მშვიდობის დაკარგვის მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე. ჩვენ ვიზიარებთ მოსახლეობის უმრავლესობის შეშფოთებას დღევანდელი ხელისუფლების უნიათობის გამო და მიგვაჩნია, რომ სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო.

უპირველესი ამოცანა სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაა. ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალს იმაზე, რომ საქართველოში არსებული ტრაგიკული სამართლებრივი ვითარებისა და უმძიმესი სოციალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის ერთ-ერთი ძირითადი შემოქმედი სწორედ სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი ორგანოები და უშუალოდ მისი მეთაურია. ამიტომ ვთვლით, რომ ისინი უპირობოდ უნდა წავიდნენ დაკავებული თანამდებობიდან. ისინი უნდა ჩაანაცვლონ კომპეტენტურმა, პასუხისმგებელმა და სინდისიერმა ადამიანებმა, რომლებმაც გასული წლების განმავლობაში საჯაროდ დაადასტურეს საკუთარი მიუკერძოებლობა, სამართლიანობის დამკვიდრების სურვილი და უნარი.

მნიშვნელოვან რეფორმირებას და განახლებას მოითხოვს პროკურატურა. სტრუქტურული და სისტემური ცვლილებები უნდა გატარდეს სამართალდამცავ სისტემაშიც. ეს რეფორმები უნდა გატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან ურთიერთშესაბამისობაში. აუცილებელია სისხლის სამართლის კანონმდებლობის შეცვლა, მისი ლიბერალიზაცია.

დაუშვებლად მიგვაჩნია ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ მომსახურებაზე ორიენტირება (სატრანსპორტო ფუნქცია, ტურიზმი). რეალური პროდუქციაც უნდა ვაწარმოოთ. ეკონომიკა ცოდნაზე უნდა იქნეს დამყარებული.

განათლება და პროფესიული მომზადება ქვეყნის განვითარების მიზანს უნდა შეესაბამებოდეს. საშუალო განათლება უნდა იყოს სრულყოფილი, საყოველთაო და უფასო. უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემაში სახელმწიფო გრანტებთან ერთად უნდა დაინერგოს გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი საგანმანათლებლო კრედიტები. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ასევე უფასო უნდა იყოს. უნდა წახალისდეს ბიზნესის მხრიდან სწავლის დასპონსორება.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სწავლის ხარისხს, უმაღლეს განათლებულთა დასაქმებას, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ განათლება და მეცნიერება სადღეისოდ სავალალო მდგომარეობაშია და სწორედ ეს არის, ე.წ. განათლების რეფორმის ძირითადი შედეგი. დღევანდელი ხელისუფლება აგვიანებს გადამჭრელი ზომების მიღებას. რჩება შთაბეჭდილება, რომ მას სა-ერთოდ არ გააჩნია მეტნაკლებად მისაღები რეალური კონცეფცია ამ სფეროში.

სახელმწიფომ თავის ხელში უნდა აიღოს მოსახლეობის პირველადი და ამბულატორული სამედიცინო დახმარება. მიზანშეწონილია პოლიკლინიკური დახმარების აღორძინება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სამკუთხედის „ავადმყოფი-ექიმი-დამზღვევი“ ყველა წევრის ინტერესთა დაბალანსება.

პირდაპირ გასაოცარი ვითარება შეიქმნა კულტურის სფეროში. იმის ნაცვლად, რომ ქართული კულტურა გამხდარიყო ქვეყნის მოსახლეობის ერთიანობისა და შეკავშირების საფუძველი, ხოლო საერთაშორისო თვალსაზრისით აგვემაღლებინა ჩვენი პრესტიჟი და ავტორიტეტი, სახეზე გვაქვს მრავალი პრობლემა და ხმაურიანი საერთაშორისო სკანდალი. ამ მხრივ დღევანდელი ხელისუფლება წარმატებით აგრძელებს „ნაციონალურ ტრადიციას“.

ამგვარი მოუთმენელი ვითარება მხოლოდ არაპროფესიონალიზმითა და უცოდინრობით შეიძლება აიხსნას. მისი გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება კომპეტენტური საქმის მცოდნე და ქართული და მსოფლიო კულტურის მცოდნე და გულშემატკივარი ადამიანების მობილიზებით, რომლებიც ჯერ კიდევ მრავლად არიან ჩვენს ქვეყანაში. ხელისუფლებას კი, უნდა გააჩნდეს მტკიცე, ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოზიცია, მოსმენის უნარი და შესაბამისი პოლიტიკის გატარების ნება. ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ნეიტრალიტეტი

აქტიური ნეიტრალიტეტი ანუ მიუმხრობლობა საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა და რამდენადმე მაინც თავიდან ავიცილოთ მხარედ ყოფნა საერთაშორისო დაძაბულობისას. ქვეყანა უნდა გამოცხადდეს უსაფრთხო ზონად. ეს იქნება საუკეთესო პირობა სოხუმთან და ცხინვალთან უშუალო მოლაპარაკებების დასაწყებად.

მიუმხრობლობა არ გამორიცხავს სტრატეგიულ პარტნიორობას. ოღონდ სტრატეგიული პარტნიორობა (ორმხრივი ვალდებულებით) დასაშვები იქნება მხოლოდ იმ მხარესთან, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტს;

„ქართულ მიწა-წყალზე ქართული სახელმწიფო“ ჩვენი წინაპრების დანატოვარი ანდერძია, რაც ორი ათას წელზე მეტია იმპერატივს წარმოადგენდა ყველა თაობის ქართველ ხელისუფალთათვის. სწორედ ეს ზეამოცანა განსაზღვრავდა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, რის გამოისობითაც უწყვეტად შევინარჩუნეთ სახელმწიფოებრიობა (მხოლოდ 50 წელი იყო ქართული სახელმწიფოებრიობა შეწყვეტილი - სვანეთის სამთავროს გაუქმებიდან პირველ რესპუბლიკამდე) და მრავალჯერ აღვიდგინეთ ერთიანობა. ამ ზეამოცანამ განაპირობა გეორგიევსკის ტრაქტატიც (რის თანახმადაც, ქართული სახელმწიფო ექვემდებარებოდა რუსეთს და მისი ხელშეწყობით უნდა დაებრუნებინა მიტაცებული ტერიტორიები), პირველი რესპუბლიკაც (კაიზერის გერმანიის უდიდესი მხარდაჭერით განხორციელებული) და 1991 წლის დამოუკიდებლობაც (რომ არა რეფერენდუმით დადასტურებული დამოუკიდებლობის გამოცხადება, ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების თანახმად საქართველო განწირული იყო დასაშლელად).

დღესაც ქართული მიწა-წყლის რეინტეგრაციის ზეამოცანამ უნდა განსაზღვროს ჩვენი საგარეო-პოლიტიკური კურსი და არა პირიქით. სტრატეგია რეალურ პოლიტიკაზე უნდა ავაგოთ. მაშინ, როცა ნატოზე სწორება გვაკარგვინებს განდგომილ ტერიტორიებს (საქართველო ფაქტიურად გაყოფილია ამერიკისა და რუსეთის ზონებად და ნატოში გაწევრიანება იურიდიულადაც გააფორმებს ამ გაყოფას), ხოლო რუსეთთან ასოცირება (როგორც არ უნდა „მიგვესვლებოდეს პუტინთან“), ნიშნავს „ევრაზიულ კავშირში“ გაწევრიანებას ქვეყნის შემდგომი დაშლის პერსპექტივით, მხოლოდ აქტიური ნეიტრალიტეტის პოზიცია გვიტოვებს შანსს დავარეგულიროთ ურთიერთობა განდგომილ ტერიტორიებთან და შევქმნათ სახელმწიფოებრივი გაერთიანება.

ტერიტორიული პრობლემის მოგვარების გარეშე ყველა რეფორმა განწირული იქნება მარცხისათვის, ქართული სახელმწიფო უბრალოდ ვერ შედგება.

* * *

გავლენიანი პოლიტიკური ძალები პირდაპირ თუ არაპირდაპირ ცდილობენ დააკნინონ საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობა. არადა, უკანასკნელ წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები ნათლად მიგვითითებენ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის პიროვნული თვისებების და გამოცდილების მნიშვნელობაზე, საზოგადოებრივი მშვიდობისა და ეროვნული ღირსების დაცვის საჭიროებაზე, საგარეო ურთიერთობებში ქვე-ყნის ეროვნული ინტერესების განუხრელი, მტკიცე და უნარიანი გატარების აუცილებლობაზე.

ყველაფერი ეს რეალურ საქმედ იქცევა, თუკი საქართველოს პრეზიდენტის პოსტს აკაკი ასათიანი დაიკაებს.

ვიმედოვნებთ, რომ ამომრჩეველი უდიდესი პასუხისმგებლობით გააკეთებს არჩევანს.

ბეჭდვა