„საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 63-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისთვის უსინათლო ამომრჩეველთა თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, დამტკიცდეს საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის აღწერისა და გამოყენების ინსტრუქცია დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია
ცესკოს მდივანი გიზო მჭედლიძე
დანართი
უსინათლო ამომრჩეველთა საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის აღწერისა და გამოყენების ინსტრუქცია
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს უსინათლო ამომრჩევლის მიერ დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთებისათვის საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის აღწერასა და მისი გამოყენების წესს.
2. გარდა ბრაილის შრიფტის მცოდნე უსინათლო ამომრჩეველისა, საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის გამოყენებით არჩევანის გაკეთება შეუძლია იმ უსინათლო ამომრჩეველს, რომელიც ვერ კითხულობს ბრაილს.
მუხლი 2. საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის აღწერა
1. საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო დამზადებულია მუყაოს სპეციალურ ქაღალდისგან, რომელიც ორად არის დაკეცილი.
2. საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩოს შუაში თავსდება საარჩევნო ბიულეტენი, რომელზეც მითითებული ციფრები ზუსტად ემთხვევა ჩარჩოზე ამოჭრილ წრეებს.
3. ყოველი წრიული ჭრილის გასწვრივ რელიეფურად (ხელის შეგრძნებით აღქმისათვის) მითითებული არის ციფრი ბრაილის შრიფტით და ციფრი არაბული, ანუ ბრტყელი შრიფტით.
მუხლი 3. საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის გამოყენება
1. საარჩევნო უბანზე გამოცხადებულ უსინათლო ამომრჩეველს, რეგისტრატორი კომისიის წევრი საარჩევნო ბიულეტენს აწვდის საარჩევნო ბიულეტენის შესავსებ ჩარჩოში ჩადებულ მდგომარეობაში.
2. უსინათლო ამომრჩეველი დამოუკიდებლად ხაზავს მისთვის სასურველი საარჩევნო სუბიექტის ნომერს.
3. საარჩევნო ბიულეტენის შევსების შემდეგ, უსინათლო ამომრჩეველი თავად იღებს ბიულეტენს ჩარჩოდან, კეცავს მას და ჩარჩო/ფორმას უბრუნებს კომისიას.
4. უსინათლო ამომრჩეველს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი აწვდის სპეციალურ კონვერტს.
5. საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი ეხმარება უსინათლო ამომრჩეველს სპეციალურ კონვერტში მოთავსებული ბიულეტენის საარჩევნო ყუთში განთავსებაში ან უსინათლო ამომრჩეველი თავად ათავსებს სპეციალურ კონვერტში მოთავსებულ ბიულეტენს საარჩევნო ყუთში.
მუხლი 4. საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის გამოყენების აღრიცხვა
1. დამტკიცდეს, საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის გამოყენების აღრიცხვის ფორმა, დანართის შესაბამისად.
2. დაევალოს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს დამტკიცებული ფორმის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩეველთა აღრიცხვა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის დოკუმენტის წარდგენა.
3. დაევალოს, ცესკოს კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტს, საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის გამოყენების აღრიცხვის საბოლოო ანგარიშის ცესკოსთვის წარდგენა.
დანართი
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნები
№ ____ ოლქის № ____ საუბნო საარჩევნო კომისია
I. უბანზე მოსული შშმ ამომრჩეველი
№ | შშმ პირთა კატეგორია | შშმ პირთა რაოდენობა | ||
1 | ეტლით მოსარგებლე | |||
2 | სმენადაქვეითებული | |||
3 | უსინათლო | ხმის მიცემა საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის გამოყენებით - | ხმის მიცემა საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის გამოყენების გარეშე | |
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ______________
(ხელმოწერა).