ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
1990 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები
02 ნოემბერი, 2021 წ.
1990 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ პირველად საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ისტორიაში მრავალპარტიული არჩევნების შედეგად ხუთი წლის ვადით აირჩია საქართველოს უზენაესი საბჭო, რომლის შემადგენლობა განსაზღვრული იყო 250 წევრით.

არჩევნები ჩატარდა 1990 წლის 18 აგვისტოს მიღებული „საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად. კანონს ხელს აწერდნენ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. გუმბარიძე და პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია.

საარჩევნო სისტემა

არჩევნები ჩატარდა შერეული(პარალერული) საარჩევნო სისტემით. 125 დეპუტატი აირჩეოდა პროპორციული საარჩევნო სისტემით(ერთიანი პარტიული სიებით) 4% საარჩევნო ბარიერით, ხოლო 125 აბსოლუტური უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემით.

მაჟორიტარული სისტემით არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა, თუ მასში მონაწილეობას მიიღებდა შესაბამის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.
საარჩევნო ოლქში პირველ ტურში არჩეულად ითვლებოდა ის დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც მიიღებდა არჩევნებში ხმის მიცემის მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს, თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებდა ხმის მიცემის მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს, ინიშნებოდა ხელახალ ხმის მიცემა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ პირველ ტურში ორი საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი. არჩეულად ითვლებოდა ის კანდიდატი, როელიც ხელახალი ხმის მიცემის დროს მეტ ხმას მიიღებდა.

არჩევნების პირველ ტურში ან ხელახალი ხმის მიცემისას ორი ან რამდენიმე კანდიდატის მიერ ხმათა ტოლი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ეძლეოდა ასაკით უფროს კანდიდატს.
პროპორციული არჩევნების შედეგების დასადგენად გამოიყენებოდა დ’ონდტის ფორმულა. პირველ რიგში დგინდებოდა ხმის მიცემის მონაწილეთა 4 პროცენტი, ამის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენდა საერთო გამყოფს, რისთვისაც საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემული ხმების რაოდენობა თანამიმდევრელად იყოფოდა 1 – ზე, 2-ზე, 3-ზე და ა.შ. გაყოფის შედეგად მიღებული უმცირესი რიცხვი წარმოადგენდა საერთო გამყოფს.

ყოველი საარჩევნო სუბიეტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა განისაზღვრებოდა საერთო გამყოფის მიხედვით. ამ რაოდენობის დასადგენად ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა იყოფოდა საერთო გამყოფზე. გაყოფის შედეგად მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენდა საარჩევნო სუბიეტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.
აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება

აქტიური საარჩევნო უფლება მიენიჭა საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, 18 წლის ასაკიდან, ხოლო პასიური საარჩევნო უფლება განისაზღვრა 23 წლით. არჩეული შეიძლება ყოფილიყო საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არჩევნების დღისათვის 23 წელი შეუსრულდა. პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობისათვის დადგენილი იყო საქართველოში მუდმივად ცხოვრების არანაკლებ ათწლიანი ბინადრობის ცენზი.
აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება შეზღუდული ქონდათ იმ პირებს, რომლებიც:

• მსახურობდნენ ისეთ სამხედრო ან გასამხედროებულ შენაერთებში, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების იურისდიქციას
• სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ იყვნენ ცნობილი
• სასამართლოს განაჩენით იმყოფებოდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილას

საარჩევნო ადმინისტრაცია

არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფდნენ საქართველოს პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოძრაობების, შრომითი კოლექტივების, საშუალო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელთა კოლექტივების, ამომრჩეველთა ჯგუფების წარმომადგენლებისაგან შექმნილი ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეებს და ოთხ-ოთხ წევრს ცენტრალურ და საოლქო კომისიებში ნიშნავდა საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კომისიის თითო წევრს ასევე ავტონომიური რესპუბლიკების საბჭოები ან მათი პრეზიდიუმები.
ყველა დონის საარჩევნო კომისიაში თითო წევრის დანიშვნის უფლება ჰქონდა არჩევნების მონაწილე ყველა პარტიას.
საუბნო საარჩევნო კომისიაში თავმჯდომარის მოადგილესა და 2 წევრს ნიშნავდა ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, საოლქო და საუბნო კომისიების თავმჯდომარეებსა და ყველა დონის კომისიების მდივნებს, საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევდნენ შესაბამისი კომისიები.

საარჩევნო რეგისტრაცია

არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პოლიტიკურ პარტიებს მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენა არ ევალებოდათ. საკმარისი იყო ცენტრალურ სარჩევნო კომისიაში მხოლოდ განცხადების და წესდების წარდგენა.
მაჟორიტარულ სააჩევნო ოლქებში მონაწილეობა ასევე შეეძლოთ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომელთაც საარჩევნო ოლქის სულ ცოტა 500 მხარდამჭერი ამომრჩეველის ხელმოწერა უნდა წარედგინათ. ერთ ამომრჩეველს უფლება ქონდა საარჩევნო ოლქში მხოლოდ ერთი კანდიდატის მხარდაჭერა გამოეხატა.
არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 39 პოლიტიკურმა პარტიამ. საბოლოოდ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღო 30 პოლიტიკურმა პარტიამ, საიდანაც ექვსმა დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა, ხოლო დანარჩენები ხუთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.

არჩევნების შედეგები

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 3 444 002
არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა - 2 406 742 (69, 88 %)
ხმის მიცემაში მონაწილეთა რაოდენობა - 2 311 923 (67, 18 %)
ბათილი ბიულეტენების რაოდენობა - 84 797
არჩევნების პირველი და მეორე ტურის შედეგად აირჩა 246 დეპუტატი, 125-პროპორციული სისტემით, 121-მაჟორიტარული სისტემით.
პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად, რომელშიც თერთმეტმა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა, 4 % საარჩევნო ბარიერი გადალახა მხოლოდ ორმა:
• საარჩევნო ბლოკმა ‘’მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო’’ მიიღო ხმების 53.99% - 81 მანდატი
• საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ ხმების 29.58% - 44 მანდატი
ვერც ერთმა სხვა პარტიამ თუ ბლოკმა ვარ დააგროვა ხმების ოთხი პროცენტი.

მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პირველ ტურში( 28 ოქტომბერი) 125 საარჩევნო ოლქიდან აირჩა მხოლოდ 57 საარჩევნო ოლქში. “მრგვალი მაგიდა” -33, კომუნისტური პარტია - 17, დამოუკიდებელ კანდიდატი - 4, თითო მანდატი მიიღეს საქართველოს სახალხო ფრონტის, “დემოკრატიული საქართველოს” და “განთავისუფლებისა და ეკონომიკური აღორძინების” ბლოკების წარმომადგენლებმა.

1990 წლის 11 ნოემბერს 64 საარჩევნო ოლქში გამართულ მეორე ტურში „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“-მ 41 მანდატი მოიპოვა, სახალხო ფრონტმა 11 მანდატი, დამოუკიდებელმა კანდიდატებმა - 5 მანდატი, ბლოკი “დემოკრატიული საქართველო” – 3, კომუნისტური პარტიამ - 3, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებამ - 1 მანდატი.

მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად დეპუტატი ვერ აირჩა და ხელახალი არცევნები დაინიშნა ტყვარჩელის, გუდაუთის, ცხინვალის და ჯავის საარჩევნო ოლქებში.
ორი ტურის შედეგების მიხედვით საქართველოს უზენაეს საბჭოში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:

• „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“ - 155 მანდატი( 81 პროპორციული, 74 მაჟორიტარული)
• საქართველოს კომუნისტური პარტია - 64 მანდატი (44 პროპორციული, 20 მაჟორიტარული)
• სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება - 1 (მაჟორიტარული) მანდატი
• განთავისუფლება და ეკონომიკური აღორძინება - 1 (მაჟორიტარული) მანდატი
• საქართველოს სახალხო ფრონტი - 12 (მაჟორიტარული) მანდატი
• დემოკრატიული საქართველო - 4 (მაჟორიტარული) მანდატი
• დამოუკიდებელი კანდიდატები - 9 (მაჟორიტარული) მანდატი


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა