საარჩევნო პროგრამა საპარლამენტო არჩევნები 2016 (საქართველოს ლეიბორისტული პარტია)
საარჩევნო პროგრამა საპარლამენტო არჩევნები 2016 (საქართველოს ლეიბორისტული პარტია)

ოლიგარქიული  წყობილებიდან  ეროვნულ, ევროპულ - დემოკრატიულ სოციალიზმამდე

90-იან წლებში, ორასწლიანი შესვენების  შემდეგ, დამოუკიდებლობის მოპოვებით გამოწვეული ეიფორია დიდხანს არ გაგრძელებულა. ის შეწყვიტა შეიარაღებულმა სახელმწიფო გადატრიალებამ, სამოქალაქო ომმა, საერთაშორისო კონფლიქტებმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არეულობამ და იარაღის დიქტატურამ, რომლის დროსაც მოხდა ქვეყნის მთელი ეროვნული სიმდიდრის დატაცება, ეკონომიკური ბაზისის  ნგრევა–გადანაწილება, ხალხის ქონების მითვისება იმდროინდელი ფსევდოელიტის მიერ, რამაც საფუძველი დაუდო უსამართლო სოციალურ წყობას,  მონოპოლისტურ-ოლიგარქიულ ეკონომიკას, ყალბ, მოჩვენებით დემოკრატიას, ხელისუფლებაში მოსვლას არჩევნების ტოტალური ფალსიფიცირებით ან უკანონო  რევოლუციებით. ყველა ეს პროცესი იგეგმებოდა და ფინანსდებოდა  ერთობლივად: შევარდნაძის, შემდგომ სააკაშვილის რეჟიმისა და ოლიგარქიული ზედაფენის ურთიერთგარიგებით, რომლის სათავეში, ძირთადად, კრიმინალური წარმოშობის მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი იდგა. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ოლიგარქმა უკვე ჩამოიხსნა ნიღაბი და მთელი ძალაუფლება ოფიციალურად აიღო თავის ხელში. რეჟიმის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილმა შესძლო მთელი პოლიტიკური სპექტრის მოსყიდვა, ელიტის ფულით განეიტრალება, ყველა საკვანძო  პოსტზე  ოლიგარქიულ-კრიმინალური პერსონების დანიშვნა, ხოლო თვითონ ჩრდილში გადავიდა და ინკოგნიტოდ განაგრძო  მმართველობა. პასუხისმგებლობა კი მთლიანად მოიხსნა  მის მიერ  მოტყუებული ხალხის წინაშე.

კაცობრიობის ისტორიული ბრძოლის უმთავრესი მიზანი იყო: ძალაუფლება ყოფილიყო ხალხის და არა გამდიდრებული ფენის ხელში,   გამოყოფილიყო ბიზნესი პოლიტიკისგან. საქართველოში კი ეს ყველაფერი დაიმსხვრა და ხალხი აღმოჩნდა სრული სოციალური გენოციდის საკონცენტრაციო ბანაკში. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ არ ვეტყვით უარს  ყველა ოლიგარქს, რომ იყვნენ  პოლიტიკაში; არ დავაბრუნებთ მათ თავიანთი საქმიანობის სფეროში (ბიზნესსა თუ ეკონომიკაში) ახალი სამუშაო ადგილების გასახსნელად და ბიუჯეტში გადასახადების გადამხდელად. მათ უნდა დააბრუნონ ის, რაც უკანონოდ მიითვისეს.

ჩვენ გვეშველება მაშინ,  როდესაც ქვეყნაში იქნება ბევრი მდიდარი და არცერთი მილიონერი პოლიტიკაში!

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა უნდა უპასუხოს სწორედ ამ კითხვას: მზად არის თუ არა ქართველი ხალხი, დაიბრუნოს წართმეული ძალაუფლება და თავისი ადგილი მიუჩინოს ოლქოკრატიას. ამ არჩევნებმა უნდა ჩამოგვრეცხოს ის ლაქა, რაც დაგვაჩნდა ივანიშვილის არჩევით, რომელიც მთელმა მსოფლიომ  შეაფასა, როგორც  ფულის თაყვანისცემა. ჩვენ ამ ლაქათი ვერ ვივლით ქვეყანაში და ამ ლაქას ვერ დავუტოვებთ შთამომავლობას სირცხვილად.  ამრიგად, დღის წესრიგშია არა იმდენად პარტიული კონკურენცია, არამედ ძალაუფლებიდან კლასობრივი მტრის, მილიონერთა კლანის გამოძევება, რაც ძალუძს იმ ხალხს, რომელსაც ფულით ვერ მოისყიდი, ვერცხლით  ან რამე მატერიალური ღირებულებით ვერ დაახარბებ.

ლეიბორისტული პარტია, რომელიც მთავარი ალტერნატივაა,   ძირითადი პოლუსია არა მარტო ოლიგარქიული ხელისუფლების საპირწონედ, არამედ ყველა პოლიტიკური ძალის, ერთად აღებული. ის იძლევა არა წინასაარჩევნო დაპირებებს, არამედ იღებს ვალდებულებას თითოეული  თქვენგანის წინაშე,  დაამთავროს 3%-იანი ფულის ტომრების ბატონობა 97%-იან  მოსახლეობაზე, ააშენოს  ეროვნული, ევროპული, დემოკრატიული სოციალიზმი, სადაც ყველანაირი აუცილებელი სულიერი და მატერიალური სიკეთე სამართლიანად გადანაწილდება ყველა მოქალაქეზე.

ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგია - ქართული სახელმწიფო დაეფუძნება ეროვნულ-ქრისტიანულ, ტრადიციულ, ტოლერანტულ ღირებულებებს, სადაც ყველა ეროვნების, ეთნიკური ჯგუფებისა და აღმსარებლობის ადამიანთა უფლებები თანაბრად იქნება დაცული.

სახელმწიფო ზრუნვის მთავარი ფენომენი გახდება ოჯახი.

ქრისტიანული კულტურა, წინაპართა ამაღლებული ტრადიციები, უდიდესი ისტორიული მემკვიდრეობა  მომავალი თაობის აღზრდისა და განათლების სულიერი ბაზისი გახდება.

მთელ მსოფლიოში გაიშლება ფართო პროპაგანდისტული, სარეკლამო მუშაობა ქართული ცივილიზაციის, საქართველოს  უდიდესი ისტორიული მემკვიდრეობისა და ეკონომიკური პოტენციალის ფართოდ გასაცნობად.

პოლიტიკა - ვიღებთ ვალდებულებას, რომ ოლიგარქები განიდევნებიან პოლიტიკის უმაღლესი ეშელონებიდან და ჩაიკეტება მათი შემოსვლის გზები  ხელისუფლებაში.  ისინი ვეღარ მიიღებენ გადაწყვეტილებებს ხალხისთვის უსამართლო გადასახადებისა და თავიანთვის კომფორტული რეჟიმის მოწყობის შესახებ. არჩევითი იქნება მოსამართლეები, პოლიციის უფროსები, სახალხო დამცველი. ქვეყანას ეყოლება „ფრანგული მოდელის“ ზომიერად პოლიტიზირებული პრეზიდენტი, რომელსაც აღიარებს მსოფლიო ან ასეთი უფუნქციო  პოსტი საერთოდ იქნება გაუქმებული. დაკანონდება დეპუტატის გამოწვევის მექანიზმი, თუ მან შეიცვალა პარტიული კუთვნილება, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც დაივიწყებს ამომრჩეველს, ამ ინსტიტუტის სრულ გაუქმებამდე, გამოწვეული იქნება ადგილობრივი პლებისციტის გზით. გაუქმდება საშვების სისტემა პარლამენტსა და სამთავრობო სტრუქტურებში. თითოეულ ადამიანს  შეეძლება, თავისუფლად შეხვდეს ნებისმიერ არჩევით  თუ დანიშნულ საჯარო მოხელეს, მოქალაქის მიღებაზე უარის და   განცხადებაზე ერთ თვეზე მეტი ხნით წერილობითი პასუხის გაუცემლობაზე დაწესდება სასჯელი შესაბამისი წესით. თანამდებობის პირებისთვის აიკრძალება ბიუჯეტის ფულის  ფლანგვა პრემიების, ძვირფასი ავეჯის, მრავალშტატიანი აპარატის, ლუქსკლასის ექსკორტების შესაძენად. სასწრაფოდ გატარდება ისეთი საარჩევნო რეფორმა, რომელიც სამუდამოდ გამორიცხავს ხმათა გაყალბების გზით ძალაუფლების უზურპაციას და საფუძველს ჩაუყრის თანასწორ, სამართლიან, ჭეშმარიტად დემოკრატიულ არჩევნებს ყველა დონეზე.

ეკონომიკა - ეკონომიკა ორიენტირებული იქნება არა მცირე ჯგუფის, არამედ მთელი საზოგადოების კეთილდღეობაზე. მოხდება ეკონომიკის სრული დეოლიგარქიზაცია და დემონოპოლიზაცია. ნიჭიერ ახალ ადამიანებს მიეცემა ბიზნესის დასაწყებად ყველა საშუალება და მათ პოლიტიკური ძალაუფლებით ვეღარ დაატერორებენ მონოპოლისტი ოლიგარქები.

სტრატეგიული დარგები და ეროვნული სიმდიდრეები გამოცხადდება სახელმწიფო, საერთო სახალხო საკუთრებად და შემოსავლები გადანაწილდება თითოეულ ოჯახსა და მოქალაქეზე.  უცხოელი ინვესტორები პირველი სამი წლის განმავლობაში სრულიად გათავისუფლდებიან გადასახადებისგან. საშუალო და წვრილი ბიზნესის განვითარება გახდება პრიორიტეტული, ამისთვის მოხდება ამ ტიპის საწარმოთა სამუდამო ან მრავალწლიანი გათავისუფლება  გადასახადებისგან, ფიქსირებული გადასახადის ფართოდ დანერგვა, მრავალწლიანი, შეღავათიანი და უპროცენტო კრედიტების გამოყოფა. ბაზრებში გაუქმდება ე.წ. საკასო აპარატები.

სოფელი - ქართული მიწა უნდა დარჩეს  საქართველოს მოქალაქეთა განკარგულებაში. სახელმწიფო-ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტი გახდება სოფელი, სადაც ცხოვრების პირობები მაქსიმალურად უნდა  დაუახლოვდეს ქალაქისას, გაზით, წყლით, გათბობით, გზით, ინტერნეტიზაციით, ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურით,   პატარა ნაკვეთებისგან შეიქმნება მსხვილი, ნებაყოფლობითი კოოპერატივები, რომლებიც იქნებიან უზრუნველყოფილი შეღავათიანი საგადასახადო, სადაზღვევო, საკრედიტო,  მომარაგებითი რეჟიმით. განსაკუთრებული ზრუნვის სფერო იქნება ინდივიდუალური, გლეხური, ფერმერული მეურნეობები. ფართოდ უნდა განვითარდეს საკონსერვო, გადამამუშავებელი, მსუბუქი მრეწველობა სოფლებში. აღდგება ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სავალდებულო  სახელმწიფო შესყიდვა-დამზადება  საბაზრო ფასებით. უპირატესობა მიეცემა საქართველოში მოწეულ, უნიკალურ, ეკოლოგიურად სუფთა, არაგენმოდიფიცირებულ საკვებ პროდუქტებსა და   სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. შეწყდება ხალხის მოწამვლა უცხოური მავნებლური საკვებით.

დემოგრაფიული პოლიტიკა -ვალდებულებას ვიღებთ, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი გახდება ახალშექმნილი ოჯახები და  მრავალშვილიანობის წახალისება.  ახალდაქორწინებულებს გადაეცემათ  სარგებლობაში ბინები სახელმწიფო საბინაო ფონდიდან. მშენებლობის ნებართვის გასაცემად აუცილებელი იქნება ამ ფართში სახელმწიფო ფონდისთვის სივრცის გადაცემა. თითოეულ ბავშვზე დაბადებიდან  სრულწლოვანებამდე სახელმწიფო გამოყოფს თანხას. მრავალშვილიანობაზე დაწესდება დამატებითი წასახალისებელი  ღონისძიებები. მშობიარობა და წინარე კონსულტაციები იქნება უფასო,  ახალდაქორწინებულებს უფასოდ გადაეცემათ ერთკვირიანი საგზური. განსაკუთრებული ზრუნვა დაწესდება მარტოხელა დედებზე.

პოლიტიკა განათლების სფეროში     - დაუყოვნებლივ, სახელმწიფოს ხარჯზე მოხდება გადაუხდელობის გამო ყველა სტატუსშეჩერებული სტუდენტის აღდგენა უმაღლეს სასწავლებლებში. შემდგომში,  სახელმწიფო  უმაღლეს სასწავლებლებში გაუქმდება ყოველგვარი გადასახადი და დაფინანსებას თავის თავზე აიღებს სახელმწიფო. სტუდენტებზე აღდგება სტიპენდიების გაცემა. ასევე, უფასო იქნება მაგისტრატურა, დოქტორანტურა. შემუშავდება ახალგაზრდა სპეციალისტთა სამუშაოზე განაწილების სახელმწიფო პროგრამა. საშუალო განათლება გახდება ათწლიანი.  სახელმძღვანელოები   სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლებისთვის იქნება ერთიანი, სტანდარტიზებული და დაფინანსებული საქართველოს მთავრობის მიერ და უსასყიდლოდ გადაეცემა მოსწავლეებსა და სტუდენტს. ბიუჯეტის ხარჯზე ყოველწლიურად ათასობით წარმატებული ახალგაზრდა გაიგზავნება უცხოეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. გლობალურად აღდგება სახელმწიფო საბავშვო ბაღების უფასო ქსელი, სკოლის მოსწავლეებზე თანდათანობით დაინერგება კვების ბარათების გაცემა.  გაკვეთილების და ლექციების ჩატარება  დაიგეგმება კულტურის, ისტორიის ძეგლებთან, წარმოებებში, დაწესებულებებსა და ლაბორატორიებში. მასწავლებლის ხელფასი თანდათან დაუახლოვდება მოსამართლის ანაზღაურებას. სრულიად აღსადგენია განადგურებული პროფესიული განათლების სისტემა, ბიბლიოთეკები და  წიგნის ფონდები, უფასო  სამუსიკო, სპორტული და საგნობრივი წრეები.

პოლიტიკა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში- დღევანდელი ჯანმრთელობის დაცვის სისტემა სიცოცხლით ვაჭრობის გენოციდური მოდელია, სადაც სახელმწიფო წილობრივი გარიგებით პაციენტს სთავაზობს, თითქოსდა, თანადაფინანსებით გამოჯანმრთელებას, როდესაც ავადმყოფს  უწევს საბანკო ვალის აღება, სახლის დაკარგვა და სხვა უმძიმესი შედეგებით ამ მკურნალობის დამთავრება. ვალდებულებას ვიღებთ, რომ ყოველგვარი თაღლითური სადაზღვევო რგოლების გარეშე, სახელმწიფო  პასუხისმგებელი იქნება ავადმყოფის გამოკვლევის, თერაპიული ან ქირურგიული მკურნალობის, მედიკამენტებით უზრუნველყოფის და რეაბილიტაციის მთელ კომპლექსურ სპექტრზე,  თუ ეს დაავადება სერიოზულად ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს და მას არ გააჩნია მკურნალობის საშუალება. ჩატარდება მოსახლეობის მასობრივი სავალდებულო გამოკვლევა, თითოეულზე შედგება სამედიცინო პასპორტი. დაფასებული იქნება ექიმის განუმეორებელი როლი, რომელიც დღეს რეკეტის ობიექტია სამედიცინო დაწესებულების მფლობელთა მხრიდან და რომელსაც ურთულესი ოპერაციებისა თუ მკურნალობის ჩატარებაში სთავაზობენ უმცირეს ანაზღაურებას. დაიწყება ყველა რეგიონში უფასო რეგიონული საავადმყოფოების გახსნა. დაინერგება  სასწრაფო სამედიცინო დახმარება სპეციალური შვეულმფრენებით, კრიტიკული შემთხვევებისათვის. ყველგან,  ქალაქებში, მასობრივი თავშეყრის  ადგილებში გაიხსნება უფასო სამედიცინო  პუნქტები, რომელიც აღჭურვილი იქნება  გულის მუშაობის აღმდგენი აპარატებით, არტერიული წნევის გაზომვის და კარდიოგრამის გადასაღები მოწყობილობებით.

პოლიტიკა შრომითი უფლებების სფეროში- შრომითი უფლებების მიმართულებითაც დღევანდელი ეპოქა საქართველოში შუასაუკუნეობრივი მონობის ნაირსახეობაა. დაწესდება შრომის მინიმალური ანაზღაურების ღირსეული ოდენობა. სრულყოფილად აღდგება შვებულებების, ბიულეტენების, დეკრეტული შეღავათების მთელი სისტემა.   დაქირავებული კანონით იქნება დაცული დამქირავებლის თვითნებობის, უსულგულობის, უკანონო ქმედებათა საფრთხისგან. მთავრობაში შემოღებული იქნება შრომის დაცვის მთავარი რწმუნებულის პოსტი.

სოციალური პოლიტიკა- სოციალური სტრატეგია დააეფუძნება მიზანს: ადამიანს შეუქმნას საკუთარი ნიჭისა და უნარის გამოვლენის ფართო სარბიელი. უპირველესად, დასაქმებისა და ღირსეული ანაზღაურების გზით. დაინერგება უმუშევრობაზე კომპესაციების გაცემის სისტემა, სოციალურად დაუცველთა მიმართ გამარტივდება ქულების შეჯამების მექანიზმი ყოველგვარი შეურაცხმყოფელი და მოგონილი კრიტერიუმების გარეშე. სოციალურად უმწეოთათვის, ვეტერანების, ინვალიდების, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დასახმარებლად დაწესდება სიმდიდრის გადასახადი, შეიქმნება ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს ამ კატეგორიის ადამიანთა ღირსეულად ცხოვრებას. დაწესდება პირველადი მოხმარების პროდუქტებსა და მედიკამენტებზე  ფასების მაქსიმალურად დასაშვები ზღვარი. აუცილებლად და პროგრესულად დაიწევს ყაჩაღური, დაუსაბუთებელი ტარიფი ელექტროენერგიაზე, გაზზე, წყალზე,  კომუნალური მომსახურების სხვა სეგმენტებზე.

საპენსიო რეფორმა -დღეს არსებული პენსია წარმოადგენს ხალხის დაცინვას. პენსია გადაანგარიშდება სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, საპენსიო ასაკი თანდათანობით მამაკაცებისთვის დაიწევს 60 წლამდე, ქალბატონებისთვის – 55 წლამდე. დაწესდება მე-13 პენსია, რომელსაც მიიღებს პენსიონერი თავის დაბადების დღეზე. 80 წლიდან პენსიას დაემატება ხანდაზმულობის კომპონენტი, ყოველ წელზე 100 ლარის ოდენობით.

სამწუხაროდ, დღეს გაცემული ყველა დაპირება პენსიის  ტოტალურ  ზრდაზე სრული სიცრუეა. ის მოხდება თანდათანობით, ეკონომიკის გაძლიერების და ბიზნესის განვითარების კვალდაკვალ.

საბანკო რეფორმა- დამთავრდება საბანკო-მონოპოლისტური დიქტატურის ეპოქა. საქართველოში დღევანდელი საბანკო ორგანიზაციები წარმოადგენენ არა ბიზნესის განვითარებისა და ადამიანის კეთილდღეობის წყაროს, არამედ მორალური და ფიზიკური ტრაგედიისა და ბიზნესის მოხრჩობის კრიმინალურ სტრუქტურებს. ბანკირები, იმავდროულად, წარმოადგენენ სახელმწიფოს მართვაში გაბატონებული პოლიტიკურ ელიტას, რასაც იყენებენ ბოროტად. ისინი ჩამოცილდებიან  ხელისუფლებას.  უპირველესად, დადგინდება ბანკებისთვის სესხის საშუალო, ევროპული ოდენობა და საბანკო პროცენტი არ გადააჭარბებს 7-ს.  ვინც არ დაემორჩილება ამ წესს, დაიხურება და მოხდება მისი ნაციონალიზაცია. სამუდამოდ გაუქმდება მძარცველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თავისი ყაჩაღური პროცენტებით, დაიხურება ყველა ონლაინ-სათამაშო სტრუქტურები და ყველა კაზინო გადავა ქალაქიდან შორს, ახალგაზრდებისთვის ძნელად მისადგომ ადგილებში, სპეციალურ ზონებში.

დაკარგული ანაბრები - სხვა კატეგორიის  დაზარალებულები- ჩვენი ანაბრები არსად  დაკარგულა, ის მიითვისა 90-იანი წლების ქაოსში მმართველმა ზედაფენამ და  დღეს მოქმედმა კონკრეტულმა ბანკირებმა. შესაბამისად, დაიწყება ანაბრების დაბრუნების ეტაპობრივი პროცესი უფროსი ასაკიდან - ქვევით, სამართლიანი კურსით და მემკვიდრეების გათვალსიწინებით. ამ დაწყებულ პროცესს კი ვერავინ გააჩერებს. ასევე, სახელმწიფო პოლიტიკის აქცენტები გადავა მიწისძვრით, ბუნებრივი კატაკლიზმებით დაზარალებულთა კომპენსირებაზე, დაზარალებულ მენაშენეთა, კორპორაციულ ბინათმშენებელთა და იპოთეკართა პრობლემების გადაწყვეტაზე.

შეიარაღებული ძალები, პოლიცია და სხვა ძალოვანი სტრუქტურები-

ქვეყნის, პიროვნების უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული ძლიერი შეიარაღებული ძალებისა და კარგად უზრუნველყოფილი პოლიციის გარეშე. რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მყოფი ჩვენი ქვეყანა, რომელსაც ასევე გადასაწყვეტი აქვს კრიმინალთან, ტერორიზმთან, ნარკობიზნესთან, იარაღის და ბირთვულ ნივთიერებათა კონტრაბანდასთან ბრძოლის პრობლემები და რაც მთავარია, წინ გველის დეოკუპაციის პროცესი, ვალდებულია, ყოველდღიურად ზრუნავდეს თავის დამცველებზე, რომლებსაც ფრონტის წინა  ხაზზე უწევთ მოღვაწეობა.  აღდგება პრემიების და წახალისების სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში. სამხედრო მოსამსახურეებზე და პოლიციის მუშაკებზე გაიცემა გრძელვადიანი, უპროცენტიო კრედიტები, მოხდება მათი შრომის ანაზღაურების პროგრესული, სისტემური ზრდა. მიღებული  იქნება მათი და მათი ოჯახის წევრთა დაცვის რეალური საკანონმდებლო რეგულაციები.

საგარეო პოლიტიკა და დეოკუპაცია - საქართველო რთულ მდგომარეობაშია. ის ძირითადად  მოქცეულია მტრულ გარემოცვაში. მისი ტერიტორიის 20 % -ი ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას და  არ სურს  დეოკუპაციის პროცესის დაწყება,  არც უვიზო რეჟიმის  დაწესება. პირიქით, გამოიკვეთა საშიში  ალიანსი რუსეთ-თურქეთ ირანის მონაწილეობით, სადაც ითრევენ ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს. ნეიტრალიტეტის მატარებელმა ჩაიქროლა ათეული წლის წინ, როდესაც მაშინდელმა საქართველოს ხელმძღვანელობამ უარყო ეს მოდელი, რაც მაქსიმალურად აგვაცილებდა შემდგომ განვითარებულ უმძიმეს მოვლენებს. დღეს ერთადერთი ჩვენი უსაფრთხოების გარანტი ამერიკის შეერთებული შტატებია, თავისი უძლიერესი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალით, როგორც მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფო.  ამ ქვეყანასთან გასაფორმებელია ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულება, შემდგომში უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის შემოღებით ჩვენს ქვეყნებს შორის. საგარეო პროდასავლური კურსი დარჩება უცვლელი. მიღებული იქნება შესაძლო ზომები რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობათა დასარეგულირებლად, ისე რომ არ დაზიანდეს სახელმწიფოებრივი ინტერესები.  ჩატარდება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლობითი საბჭოს ახალი არჩევნები ლტოლვილთა და დევნილთა მონაწილეობით. ეს ორგანოები იქნებიან არა თავის თავის მსახური, არამედ დევნილთა პრობლემების დამცველი და მათი ინტერესების ლეგიტიმური წარმომადგენელნი საშინაო და საერთაშორისო ურთიერთობებში. ყველა სეპარატისტ თანამდებობის პირზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, გაიცემა დაპატიმრების სანქციები და გადაეცემა ინტერპოლს საერთაშორისო ძებნისათვის. ჩვენი მოქალაქეების ხელყოფის, უკანონო ბორდერიზაციის ნებისმიერ ფაქტზე, ოკუპანტები მიიღებენ  უმკაცრეს სახელმწიფოებრივ პასუხს შიდა და საერთაშორისო საშუალებებით გაეროს უშიშროების საბჭოსა და სანქციების  დონემდე. გასაგრძელებლია აფხაზეთში ქართველთა მასობრივი გენოციდის გამოძიება. ასევე, გამოსაძიებელია დღესაც  ქართველთა მონური მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. პასუხისგებაშია მისაცემი და დასასჯელია ყველა ის პირი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, ვინც მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ბრძოლებში, გაგრის ტრაგედიაში,  სოხუმის აღებაში, ტამიშის სპეცოპერაციაში, ჟიული შარტავას და სხვა მოქალაქეთა დახვრეტებში. ეს დამნაშავეები  ჩამოყვანილი უნდა იქნენ საქართველოში გასასამართლებლად, ამისათვის უნდა გაძლიერდეს სპეცსამსახურები.


პოლიტიკა  ემიგრაცია- იმიგრაციის  სფეროში- დღევანდელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენ გარშემო მიმდინარე პოლიტიკური, სამხედრო კატაკლიზმების ფონზე,  მნიშვნელოვნად იზრდება ქვეყნის დაცვის აუცილებლობა უკანონო მიგრაციისგან. საჭიროა  კანონმდებლობის გამკაცრება, რათა ქვეყანა არ წალეკოს მიგრანტთა ტალღებმა, რომლის მატების საშიშროება გაიზრდება ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკის გაძლიერების ფონზე. საჭიროა, უპირველესად, დავიცვათ  ჩვენი შრომითი ბაზარი უცხო მუშა ხელისგან. სასწრაფოდ შესაქმენლია მიგრაციის კონტროლის კომისარიატი. ამავდროულად,  სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა გაატაროს ყველა ზომა უცხოეთში მილიონზე მეტი გადახვეწილი საქართველოს შვილთა უკან დაბრუნების, მათი სათანადოდ მოწყობისა და ადაპტაციისთვის, რისთვისაც შეიქმნება დაბრუნების ფონდი. მსოფლიოს ყველა ქალაქში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ქართველები, უნდა გაიხსნას საკვირაო სკოლები ბიუჯეტის ხარჯზე, რათა იქ დაბადებული მომავალი თაობა გაიზარდოს ქართულად. მასობრივად უნდა მიენიჭოთ ორმაგი მოქალაქეობა ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც  ჩვენდამი მეგობრულად განწყობილ ქვეყნებში ცხოვრობენ.

მეცნიერება და ხელოვნება - უმძიმესმა წლებმა დაანგრია და ბოლო მოუღო მსოფლიოში აღიარებულ ქართულ მეცნიერებას, განადგურდა სამეცნიერო- კვლევითი დაწესებულებები, შეწყდა გლობალური კვლევები, სამოღვაწეო სფეროდან განიდევნენ მეცნიერთა და მკვლევართა მთელი ჯგუფები. სახელმწიფო შექმნის მეცნიერების განვითარების ფონდს, საიდანაც დაიწყება კვლევითი საქმიანობის აღდგენა და დაფინანსება. მოხდება ქართველ მეცნიერთა სტაჟირება უცხოეთის წამყვან სამეცნიერო დაწესებულებებში. ეროვნული მეცნიერება კვლავ გადაიქცევა საზოგადოების, ეკონომიკის, ინოვაციების, პროგრესის გენერატორად. ყოველგვარი სახელმწიფო პატრონობის გარეშე დარჩა მსოფლიოში ცნობილი ქართული ხელოვნება, მისი ყველა დარგი და სფერო. დაანგრიეს მანამდე არსებული სისტემები და არ შექმნეს ახალი ინსტიტუტები. საჭიროა, აღდგეს შემოქმედებითი კავშირები, რომლებსაც დააფინანსებს ბიუჯეტი კერძო ბიზნესთან ერთად. ეს ეროვნული იდეოლოგიის, ჩვენი სულიერი უკვდავების აუცილებელი გარანტიაა.


სახელმწიფო და ეკლესია-
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ჩვენი ისტორიული არსებობის ციტადელია, რომელიც უნდა ემყარებოდეს რუის-ურბნისის კრების უდიდეს მემკვიდრეობას, რომელმაც თავის თავზე უნდა აიღოს ზრუნვა ქვრივ-ობლებზე, შეზღუდული შესალებლობების პირებზე, უსახლკაროებსა და მიუსაფრებზე, მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი უფასო საეკლესიო რიტუალებს გაჭირვებულთათვის, როგორიცაა ნათლობა, ჯვრისწერა, კურთხევა, პანაშვიდი, წესის აგება. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ხალხის ნდობას და სიყვარულს დედა-ეკლესიისადმი. ამავდროულად, ღვთისმსახურნი უნდა ეწეოდნენ მრევლისთვის მისაღებ ასკეტურ და სულიერ ცხოვრებას. უანგარობის და არავერცხლმოყვარეობის პირად მაგალითს უნდა აძლევდნენ ხალხს. ღვთისმსახურნი არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკასა და სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაში. მით უფრო, დაუშვებელია საარჩევნო ბატალიებში მათი ჩარევა და მონაწილეობა. სახელმწიფო ყოველმხრივ შეუწყობს ხელს ეკლესიის გაძლიერებას მოქმედი კონკორდატის დაცვით. ამასთან, ჩვენი ხალხის ტოლერანტობიდან გამომდინარე, უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ ყველა რელიგიის მიმდევარნი, რომლებიც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ.


სპორტი და ტურიზმი- უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება ახალგაზრდა, ჯანმრთელი თაობის აღზრდას, რაც შეუძლებელია მასობრივი სპორტის ფართოდ განვითარების გარეშე. ქალაქის ყველა უბანში, სოფლებში, დაბებში  დაინიშნებიან სპორტული ორგანიზატორები, რომლებიც მასობრივად ჩააბამენ ახალგაზრდებს სპორტში, შეარჩევენ და აღზრდიან მომავალ სპორტულ და ოლიმპიურ ვარსკვლავებს, შეიზღუდება სპორტული ფედერაციის  ბობოლა ჩინოვნიკებისთვის ზღაპრული ხელფასები და ეს თანხები გადანაწილდება სპორტის მასობრივ განვითარებაზე. ასევე, შეიქმნება სპორტის განვითარების სპეციალური სახელმწიფო ფონდები, ახალგაზრდების ყოველმხრივი ხელშეწყობისთვის. რეგიონებში გაიხსნება უფასო სპორტული კომპლექსები მოზარდთათვის.

საერთაშორისო ტურიზმი, არამარტო მთელი მსოფლიოსთვის  ჩვენი ქვეყნის გაცნობისა და ეროვნული იდეოლოგიის უმნიშვნელოვანესი პოლიგონია, არამედ მსხვილი, საშუალო და საოჯახო ბიზნესის განვითარებისთვის უძლიერესი სტიმულიცაა. ფართოდ განვითარდება საკურორტო ინფრასტრუქტურა წელიწადის ოთხივე დროს, შესაბამისად საოჯახო ტურიზმი მთლიანად გათავისუფლდება გადასახადისგან. ასეთ ოჯახებს მიეცემა ხანგრძლივვადიანი უპროცენტო კრედიტები.

მთის  რეგიონების  განვითარება- თუ მთიდან წამოსულ მოსახლეობას მასობრივად არ დავაბრუნებთ მთაში, ეს საქართველოს დასასრული იქნება. ამიტომ ყოველმხრივ შეეწყობა ხელი ამ პროცესის დაჩქარებას. მთის ზონა დაიყოფა კატეგორიებად. უმაღლეს კატეგორიებში მცხოვრებთ ექნებათ ყოველთვიური კონპენსაციები სახელმწიფოსგან ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით, ისინი გათავისუფლდებიან ელექტროენერგიის, გაზის, მიწის და ყველა გადასახადისგან. მათ მიეცემათ შეღავათიანი უპროცენტო კრედიტები მრავალი წლით.  ამ ზონებში გახსნილი წარმოება და ბიზნესსაქმიანობა ასევე გათავისუფლდება გადასახადისგან.


ეკოლოგია,  ბუნების დაცვა,  ფლორა  და  ფაუნა -საქართველო უნიკალური კლიმატური საოცრებების გზაჯვარედინია, თუმცა უკონტროლო სამრეწველო გამონაბოლქვით, ავტოტრანსპორტის, განსაკუთრებით უცხოური სატრანზიტო ტვირთგადამზიდი საშუალებებით ისეა დაბინძურებული ჰაერი, რომ ჩვენ ვდგავართ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე. განსაკუთრებით დაბინძურებული ჰავაა თბილისში, კასპში, რუსთავში, ჭიათურაში, ზესტაფონში, ქუთაისში, ფოთში, ბათუმში. შესაბამისად, მომატებულია საერთო სიკვდილობა მოსახლეობაში, მკვეთრადაა გაზრდილი სასიკვდილო დაავადებების დინამიკა. ვალდებულებას ვიღებთ, რომ არცერთი საწარმო არ იმუშავებს, თუ არ დამონტაჟდება გამწმენდი თანამედროვე მოწყობილობა, მკაცრად გაკონტროლდება უცხოური მძიმე ტრასპორტიდან და საერთოდ გამონაბოლქვის დასაშვები ამპლიტუდა, აიკრძალება ქვეყნიდან  ხე-ტყის მასობრივი გატანა, ჩვენი ბუნებრივი, მწვანე საფარის მოჭრა-განადგურება. განახლდება ტყეების  აღდგენისა და გაშენების პროცესები, გამოიყოფა სახსრები ეროზიის, მეწყერული მოვლენებისა და ზვავური პროცესების დასარეგულირებლად.  უნიკალური წყლის რესურსები ჩადგება ჩვენი ხალხის სამსახურში და არ დაიშვება მათი გადაქაჩვა მეზობელ სახელმწიფოებში კრიმინალური ბიზნეს-გარიგებით, როგორც ამას აპირებენ დღეს. შეჩერდება, დაკონსერვდება, გადაისინჯება დამანგრეველი ჰიდროპროექტების რეალიზაცია მთიან აჭარაში,  ჭოროხის ხეობაში, თერგის ხეობაში, ენგურის, სვანეთის მონაკვეთზე, რაჭაში და ყველგან, სადაც ჩვენი ბუნების განადგურების,  ეკომიგრაციის, მეწყერების,  ზვავების და ბუნების გადაგვარებისთვის სახელისუფლო ოლიგარქების მიერ ხორციელდება ჰესების მშენებლობა, რაც ჩვენი ხალხისთვის და მთლიანად მიმდებარე რეგიონისთვის ეკოლოგიური გენოციდის ტოლფასია. საქართველოში მობინადრე უნიკალური ფაუნის დასაცავად შემუშავდება მტკიცე სახელმწიფო პოლიტიკა, განსაკუთრებული დაცვის ობიექტი გახდება განადგურების პირას მყოფი სახეობების გადარჩენა და მომრავლება, გაფართოვდება დაცული ტერიტორიების სივრცე, გაძლიერდება მათზე სახელმწიფო ზრუნვა და ყურადღება. შინაური და გარეული ცხოველებისადმი ჰუმანური მოპყრობა უნდა გადაიქცეს საზოგადოებრივი ცხოვრების წესად.  საქართველოს კიდევ აქვს შანსი და რაც მთავარია, ყველა ადამიანური და ბუნებრივი რესურსი, უმოკლეს  დროში დასძლიოს 20-წლიანი გამყინვარება, რაც მას დააყენებს მსოფლიო პროგრესის მოწინავეთა ფლანგზე, აღადგენინებს იმ დიდებას, რასაც ჩვენი სამშობლო ყოველთვის იმსახურებდა, მაგრამ ვერ აღწევდა უნიათო, კორუმპირებული და არაეროვნული ხელისუფალთა გამო. ჩვენს  ხალხს დღეს ძალიან მოსწონს მრავალი წლის წინ (მაშინ ირონიით აღქმული) ლეიბორისტული პარტიის სლოგანი -  „ერთხელ მაინც გვანდეთ ქვეყანა“. დიახ, ჩემო ძმებო, დებო, დედებო, მამებო, შვილებო, შვილიშვილებო, ბებიებო და ბაბუებო, უნდა გვენდოთ, ეს არის ისტორიის და განგების მოთხოვნა! გფარავდეთ ღმერთი! ჩვენ მხოლოდ გამარჯვების უფლება გვაქვს!

არჩევანი ერთია -  ან ჩვენ ან არავინ!

ბეჭდვა