დამკვირვებლის უფლებები
დამკვირვებელს უფლება აქვს:

დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით გამოვიდეს სიტყვით კომისიის თავმჯდომარის თანხმობით, კომისიის წევრების შემდეგ;

კენჭისყრის დღეს, ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;

ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;

დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად;

დაესწროს ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;

დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას;

დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;

განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცე-მისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას;

მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში;

დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;

გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, მოითხოვოს და მიიღოს ამ ოქმების ასლები;

განახორციელოს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

დამკვირვებელს უფლება არ აქვს:

გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;

აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;

ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;

კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე.


ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებლის და მედიის წარმომადგენლის საარჩევნო კოდექსით დადგენილი უფლებების შეზღუდვა ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ბეჭდვა