ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
22 - 28 ოქტომბერი
31 ოქტომბერი, 2012 წ.

პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა


პარლამენტის პირველ სხდომაზე მიმდინარე კვირის სამუშაო გეგმა დაზუსტდა. სამუშაო გრაფიკი დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გააცნო, რომელმაც ვიცე-სპიკერები, კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები 22 ოქტომბერს 11:00 საათზე, ბიუროს ოთახში საორგანიზაციო შეხვედრაზე დაიბარა. იმავე დღეს 12:00 საათზე პარლამენტის ყველა კომიტეტმა დაიწყო მუშაობა, 15:00 საათზე კი ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს პირველი ბიუროს სხდომა გაიმართა. სამშაბათსა და ოთხშაბათს ახალი მთავრობის საკითხზე საკომიტეტო მოსმენები ჩატარდა. ოთხშაბათის ბიუროს სხდომაზე კი, ამ მოსმენების შედეგები შეჯამდა. ხუთშაბათს, 25 ოქტომბერს პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა.

როგორც წინასწარვე იყო ცნობილი, საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გახდა. საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა კი ფუნქციონირება შემდეგი შემადგენლობით დაიყწო: თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია; შინაგან საქმეთა მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი; იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში - ალექსი პეტრიაშვილი; რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - კოტე სურგულაძე; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - გიორგი მარგველაშვილი; გარემოს დაცვის მინისტრი - ხათუნა გოგალაძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი; ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი - კახა კალაძე; კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი - გურამ ოდიშარია; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - დავით დარახველიძე; საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე; სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით კირვალიძე; ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგენკო; სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი - სოზარ სუბარი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - დავით ნარმანია; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი.

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობასა და პროგრამას მხარი 88 ხმით 54-ის წინააღმდეგ დაუჭირა. სულ რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა.

ბიძინა ივანიშვილმა უმცირესობის შეკითხვებს უპასუხა


24 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უმცირესობის შეკითხვებს უპასუხა. კითხვები ძირითადად `ქართული ოცნების` წინასაარჩევნო პროგრამაში ასახულ დაპირებებს, მათი შესრულების გზებსა და ვადებს ეხებოდა. შეკითხვები შეეხო უნივერსალურ დაზღვევას, სამედიცინო სექტორის გაუმჯობესებას, პენსიების ზრდას, სოფლის მეურნეობის მილიარდდოლარიანი პროგრამის განხორციელებას, საბანკო კრედიტებზე პროცენტების დაწევას, ტარიფების შემცირებას, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

ბიძინა ივანიშვილმა კონკრეტული თარიღების დასახელებისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, იმისთვის, რომ რაღაც დააკონკრეტოს, ჯერ კარგად უნდა შეისწავლოს ბიუჯეტი და ყველა ხელთ არსებული შესაძლებლობები და მერე ისაუბროს კონკრეტულ თარიღებზე. თუმცა მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის მიცემულ ყველა დაპირებას გარეთანხების კანონიერად მოზიდვის ფარგლებში აუცილებლად შეასრულებდა. ივანიშვილის თქმით, ცალკეული ქმედებების განსახორციელებლად ხალხის აზრს აუცილებლად გაითვალისწინებდა და მსგავსი საკითხების გადაჭრისას ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არასდროს მიიღებდა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასაც შეეხო. მისი თქმით, `სწორი ქმედებებით, სწორი ქცევითა და დიპლომატიური ურთიერთობებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელი იყო, ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ გაკეთებული განცხადება პოლიტიკიდან წელიწადნახევარში წასვლის შესახებ დაადასტურა და განმარტებაც გააკეთა: „მე საქართველოდან არ წავალ. დავტოვებ ისეთ გუნდს, რომელიც ჩვენს ყველა დაპირებას შეასრულებს. ამ დაპირებებზე მე პასუხისმგებლობას არ ვიხსნი. ვაპირებ სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთ აქტიურ წევრად დარჩენას და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ვაკონტროლებ ჩემ მიერ დატოვებულ ხელისუფლებას, რადგან ჩვენი დიდი პრობლემაა სამოქალაქო საზოგადოების გამოუცდელობა, როგორ აირჩიოს და შემდეგ აკონტროლოს ხელისუფლება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მუდმივად კარგი პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის მოლოდინში. უნდა ვისწავლოთ, როგორ ავირჩიოთ და როგორ ვაკონტროლოთ, რათა მივიღოთ ევროპული ტიპის საზოგადოება, - განაცხადა ივანიშვილმა.

უმცირესობის ლიდერები ბიძინა ივანიშვილის პასუხებით უკმაყოფილებას გამოხატავდნენ და აღნიშნავდნენ, რომ მათ არც ერთ კითხვაზე პასუხი არ მიუღიათ, პრემიერის მხრიდან არც ერთი ვადა არ დაკონკრეტებულა და შესაბამისად, ისინი ბიძინა ივანიშვილის მთავრობას მხარს ვერ დაუჭერენ.


აჭარის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარეების არჩევაში უმცირესობის წევრებმა მონაწილეობა არ მიიღეს


28 ოქტომბერს აჭარაში ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. რეგისტრაცია 21-ვე წევრმა გაიარა. სხდომას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ფარული კენჭისყრით აირჩიეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის თავმჯდომარეები. უმცირესობაში მყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც სხდომას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა, უმცირესობის ეს გადაწყვეტილება მათი ხელმძღვანელების სატელეფონო ზარს დაუკავშირა: "უმცირესობის პოზიცია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვეს, გულწრფელად არ მომეწონა. კარგი იქნებოდა, რომ მიეღოთ მონაწილეობა. ჩემი აზრით, ეს მათი ხელმძღვანელის მიერ დარეკილი ზარის გამო მოხდა. თუმცა, საინტერესო იყო უმცირესობის წარმომადგენლების სახეები, როგორი დაბალანსებული და გულწრფელი ხალხია, განსხვავებით საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წარმომადგენლებისა... აქ განსხვავებული უმცირესობა დავინახე", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატიდან 13 კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელია, ხოლო 8 - უმცირესობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის".
რუსეთის საგარეო საქმეთა უწყება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას გამოეხმაურა

ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმულ სურვილს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ალექსანდრე ლუკაშევიჩი ყოველკვირეულ შემაჯამებელ ბრიფინგზე გამოეხმაურა. „ ბოლო დღეებში მინისტრი ლავროვიც, ჩვენი უწყების სხვა წარმომადგენლებიც ვაცხადებდით, რომ განცხადებები განცხადებებად რჩება. ჩვენ ორიენტაციას კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებზე ავიღებთ. ჩვენ ვხედავთ და ვაფიქსირებთ ახალი ხელისუფლების მხრიდან წამოსულ ამ სიგნალებს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების რეალური და გულწრფელი ზრახვების შეფასებას მხოლოდ კონკრეტული პრაქტიკული საქმეების შემდეგ შევძლებთ,“- განაცხადა ლუკაშევიჩმა.

საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი გამოთქვა ვლადიმერ პუტინმაც, თუმცა დასძინა, რომ ის აუცილებლად გააგრძელებს კონფლიქტური რეგიონების მხარდაჭერას.

დიმიტრი შაშკინი მეცხრე არხზე გასულ სიუჟეტს მინისტრის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის შესახებ „ამაზრზენ ტყუილს“ უწოდებს


28 ოქტომბერს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მეცხრე არხზე გასულ სიუჟეტს, რომელშიც მინისტრის კორუფციულ გარიგებებში მონაწილოების შესახებ იყო საუბარი, მის წინააღმდეგ აგორებული ბინძური და უზნეო კამპანია უწოდა და განმარტება ტრადიციულად ფეისბუქის პირადი გვერდის საშუალებით გააკეთა: „არ ვაპირებ, თავი შევიკავო და დავუშვა, რომ ჩემ სახელთან ასოცირებული იყოს პასუხგაუცემელი ბრალდებები. "მე-9 არხზე" ამაზრზენი ტყუილი გაჟღერდა. ყველა ბრალდება ჩემსა და ჩემი გუნდის მიმართ აბსოლუტური ცილისწამება და სიცრუე იყო.2011 წელს 1-6 კლასებისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა შევიდა ძალაში, შესაბამისად, კანონის მიხედვით, დღის წესრიგში სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხი დადგა. ეს იმას ნიშნავს, მე კი არ გავაუქმე სახელმძღვანელოების ლიცენზიები, როგორც ეს სიუჟეტშია ნათქვამი, არამედ, კანონის მოთხოვნის მიხედვით, გამომცემლებს მოუწია 1-6 კლასების სახელმძღვანელოებისთვის ახალი გრიფირების მიღება. 2011 წელს შუამავლის მეშვეობით, სიუჟეტში ნაჩვენები პიროვნება დამიკავშირდა და პირისპირ შეხვედრა მთხოვა. შეხვედრა პრობლემა არასოდეს არ იყო, რადგან მე გამომცემლებს ყოველთვის ვხვდებოდი, ოღონდ - საჯაროდ. თუმცა, აღნიშნულ პიროვნებას უნდოდა ჩემთან პირისპირ შეხვედრა და უკვე ადვილი მისახვედრი იყო, რომ მას კანონსაწინააღმდეგო წინადადების გაკეთება უნდოდა. ამ განზრახვის შესახებ იმავე დღეს შევატყობინე შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას. შედეგად, სამართალდამცავმა ორგანოებმა გადაწყვიტეს, რომ დაგეგმილიყო სპეციალური ოპერაცია, რათა აღკვეთილიყო უკანონო ქმედება და დამნაშავეების დაკავება კონკრეტულ ფაქტზე მომხდარიყო. სწორედ ამ მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები მოავლინეს, რომლებმაც დაკავების ოპერაცია დაგეგმეს და აღასრულეს, რაც საზოგადოებამ სიუჟეტში იხილა, ეს მათი ოპერატიული მუშაობის კადრები იყო. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ დამნაშავეები დაეკავებინათ თანხის გადაცემის მომენტში და სწორედ ასეც მოხდა.

ქრთამის გადაცემის მომენტი გადაღებული იყო და შემდგომში ტელევიზიებითაც არაერთხელ გადაიცა.... ყველა ეს ფაქტი სატელევიზიო არქივებშია და ძალიან მარტივად შეიძლება ამის გადამოწმება. მე ვადასტურებ, რომ ამ ადამიანებს, ქრთამის სახით უნდოდათ, ჩემთვის 50,000 აშშ დოლარი და მათი ბიზნესის გარკვეული წილი შემოეთავაზებინათ", - ნათქვამია განცხადებაში.

შაშკინი ფეისბუქის საშულებით პასუხობს კიდევ რამდენიმე ბრალდებას, რომელიც არჩევნების შემდეგ მისი მისამართით გაისმა. ის გატეგორიულად უარყოფს ფაქტს, თითქოს მან საქართველოდან წასვლამდე საკუთარ თავს 700 000-ლარიანი პრემია გამოუწერა. „მინდა, გითხრათ, რომ ეს არის სრული ტყუილი. არც ერთი ლარის და არც 700 000 ლარის ოდენობით ჩემთვის პრემია არ გამომიწერია. თუმცა, ამ ოთხი წლის განმავლობაში ყოველთვის ვახალისებდი შრომისმოყვარე და კეთილსინდისიერ თანამშრომლებს პრემიების მეშვეობით“. შაშკინი ასევე ეხმაურება სექტემბრის თვეში ბინების სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის არასამართლიანად გადაცემის ბრალდებას. "ესეც არის სრული სიცრუე. მინდა, მოვახსენო საზოგადოებას, რომ ამ ბინების მშენებლობა მიმდინარეობდა 2007 წლიდან და ჩემი თავდაცვის სამინისტროში გადასვლისას, მშენებლობის პროცესი შეჩერებული დამხვდა. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მშენებლობა გაგრძელებულიყო და 2 თვეში დავასრულებინე ამ კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი - ოთხი კორპუსის დასრულება. გაერთიანებულ შტაბში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის წევრებიც იყვნენ ჩვენი შეიარაღებული ძალების საუკეთესო ოფიცრები და სწორედ მათ გადაანაწილეს აღნიშნული ბინები 800 სამხედრო მოსამსახურისთვის. დარჩენილ სამხედრო მოსამსახურეებს ეს ბინები გადაეცემოდათ 2013 წლის მაისში, როდესაც დასრულდებოდა დანარჩენი კორპუსების მშენებლობა. ჩემი ერთადერთი თხოვნა კომისიის მიმართ იყო ის, რომ პირველ რიგში, დაეკმაყოფილებინათ ავღანეთში დაჭრილი სამხედროები და მათი ოჯახები და ლოპოტის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სამხედრო ექიმის ოჯახი. თუ ეს დანაშაულია, მე მზად ვარ, პასუხი ვაგო ამისთვის ქართული საზოგადოების წინაშე", - აცხადებს შაშკინი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ახალ ხელისუფლებას მოქალაქეთა უკანონო მოსმენების ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდებს

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო" გამოეხმაურა საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას ტელეკომუნიკაციის სფეროში სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოქალაქეების უკანონო მოსმენების თაობაზე. "როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ერთ-ერთი ოპერატორი კომპანიის მფლობელმა, მამია სანადირაძემ განაცხადა, ხელისუფლებისთვის ამგვარ ქმედებაზე უარის თქმის გამო მას გარკვეული პრობლემები შეექმნა. შედეგად, მამია სანადირაძე იძულებული გახდა კომპანიის საკონტროლო პაკეტი გაეყიდა. მიმდინარე წელს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ონლაინ მედია სფეროს მდგომარეობის კვლევის ფარგლებში საქართველოში მოქმედ მობილურ, ინტერნეტ და სატელეფონო სერვისის განმახორციელებელ ოპერატორებს კითხვარი გაუგზავნა, რომელიც სხვადასხვა საკითხებთან ერთად ეხებოდა ქვეყანაში არსებული უნებართვო მოსმენების პრაქტიკას. პირისპირ შეხვედრებისას მოწოდებული ინფორმაციის საპირისპიროდ, ოპერატორებმა წერილობით პასუხებში არ დაადასტურეს, ჰქონდა თუ არა ადგილი საქართველოში მათ მომხმარებელთა მიმართ უკანონო მოსმენებს ან ხორციელდებოდა თუ არა მათზე ზეწოლა აღნიშნული უკანონო ქმედების ჩადენის მიზნით. მისასალმებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის სადავო მუხლი, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, სამართალდამცავ ორგანოს შესაძლებლობას აძლევდა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე დაკვირვება განეხორციელებინა დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობაზე. სოციალურ ქსელებსა და მედიაში პერიოდულად ქვეყნდებოდა მთელი რიგი სატელეფონო საუბრების ჩანაწერები ყოველგვარი მითითების გარეშე. უცნობი იყო, თუ რეალურად ვინ მოახდინა აღნიშნული აუდიოჩაწერა და შემდგომ მათი განთავსება. თვალშისაცემი იყო გასული წლების განმავლობაში პოლიტიკურად დაძაბულ პერიოდებში და, განსაკუთრებით კი, არჩევნების წინ ისეთი აუდიომასალის გავრცელება, სადაც უმეტეს შემთხვევაში მთავარ მოქმედ პირებად ხელისუფლების ოპონენტები გვევლინებოდნენ. ზოგ შეთხვევაში, სატელეფონო საუბრების ჩაწერას ხელისუფლება ახორციელებდა. დღემდე საზოგადოებისთვის უცნობია, რა პირობებში და რის საფუძველზე ხდებოდა ამგვარი ჩანაწერების გაკეთება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" მოუწოდებს ახალ ხელისუფლებას, გამოიძიოს ქვეყანაში მოქალაქეთა უკანონო მოსმენების ფაქტები. ასევე ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედმა ყველა ოპერატორმა საჯარო გახადოს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია ზემოაღნიშნულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" კვლავაც განაგრძობს მედია და კომუნიკაციების სექტორის შესწავლას და აქ არსებული პრობლემების საზოგადოებისთვის გაცნობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა ქვეყანაში გაფიცვების სასწრაფოდ შეწყვეტის მოწოდებით გამოდის

ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქციების და გაფიცვების ბუმი დაიწყო. როგორც აღმოჩნდა „იდეალურ ქვეყანაში“ არც ისე იდეალურად გვქონია საქმე. დევნილებმა მიტოვებული თუ მოქმედი შენობების დაკავება დაიწყეს და ახლანდელ ხელისუფლებას მათი პრობლემების მოსმენა და მათი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოსთხოვეს, ბიზნესმენები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ზეწოლაზე და თანხის გამოძალვაზე ალაპარაკდნენ, ყურადღების მიპყრობა სცადეს სამარშრუტო ტაქსების მფლობელებმა და სოციალურად დაუცველმა პირებმაც, ისეთმა ორგანიზაციებმა კი, როგორიცაა „თელასი“, „საქართველოს რკინიგზა“, „სინო ჰიდროს“ და ა.შ. გაფიცვები მოაწყვეს და სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ხელფასის მომატება და პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა მოითხოვეს. მოლაპარაკებებში პროფკავშირებიც აქტიურად ჩაერთვნენ.

გაფიცვები მოეწყო მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობის გამოსწორების მოთხოვნითაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარისში. გახშირებული ყაჩაღობის ფაქტების აღკვეთის მოთხოვნით სოფლის მოსახლეობა სოფელ თამარისის პოლიციის ქვეგანყოფილებასთან შეიკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა.

ქვეყანაში გახშირებული გაფიცვების შეწყვეტისკენ მოუწოდა მოსახლეობას საერთაშორისო სავაჭრო პალატამ. როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი , ბოლო ორი კვირის მანძილზე, საქართველოს მოსახლეობა თვალყურს ადევნებს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში აგორებულ გაფიცვების ტალღას ქვეყნის რამდენიმე რეგიონში. "საერთაშორისო სავაჭრო პალატა მხარს უჭერს მომუშავეთა კანონიერ ულფებებს, თუმცა გამოსვლები, რომლებიც არალეგიტიმური და პოლიტიკურ ფონზეა მოტივირებული ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ბიზნესის განვითარებასა და ქვეყნის იმიჯზე. ახალმა საპარლამენტო უმრავლესობამ ნათლად განაცხადა, რომ მათი პოლიტიკის პრიორიტეტი არის "შრომის კოდექსის" გადახედვა, აქედან გამომდინარე, მიმდინარე გაფიცვები მხოლოდ ასუსტებს ახლად დამტკიცებული მთავრობის ნდობისუნარიანობას და მის შესაძლებლობებს დაიცვას სოციალური სტაბილურობა",-აღნიშნულია განცხადებაში. საერთაშორისო სავაჭრო პალატა მოუწოდებს სავაჭრო გაერთიანებებს, სასწრაფოდ შეაჩერონ წესრიგის დამრღვევი ქმედებები და აქვე მოუწოდებს გააგრძელონ საუბარი ბიზნესის წარმომადგენლებთან საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის ეგიდით შექმნილ სამმხრივი კომისიის ფარგლებში, რომლის მიზანია განიხილოს და აწარმოოს მოლაპარაკებები ყველა საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. "აღნიშნული ქმედებები, რომლის მოწმენიც ვართ ამ პერიოდის მანძილზე, ხელს უწყობს ურთიერთობების დაძაბვას სოციალურ პარტნიორებს შორის და შესაბამისად ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე. ",-ნათქვამია განცხადებაში.

შენობებში შეჭრისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს დევნილებს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ბოლო დღეებში გახშირდა დროებით გამოთავისუფლებულ შენობებში სოციალურად დაუცველებისა და დევნილების შეჭრის შემთხვევები. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო გაგებით ეკიდება გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი, მრავალი წლის მანძილზე უბინაოდ დარჩენილი დევნილების პრობლემებს, მაგრამ დევნილებს შეახსენებს, რომ შენობების სპონტანურად დაკავება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. "მოვუწოდებთ აფხაზეთიდან დევნილებს, თავი შეიკავონ მსგავსი ნაბიჯებისაგან, არ აყვნენ ცალკეულ პირთა პროვოკაციულ მოწოდებებს, პირველ რიგში იხელმძღვანელონ იმით, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში დემოკრატიული არჩევნებით მოსული ახალი პოლიტიკური ძალა საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დევნილების სოციალური ყოფის, მათ შორის საბინაო საკითხების მოგვარებაზე ზრუნვას მიიჩნევს. ამიტომაც, ხელს ნუ შევუშლით ახალ ხელისუფლებას ამ საკითხების სამართლიანად, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების სრული დაცვით განხილვასა და გადაჭრაში", - ნათქვამია მიმართვაში.

ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში 113 მილიონი ლარის დეფიციტზე საუბრობს


თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში არსებულ 113 მილიონი ლარის დეფიციტზე განცხადება ახლად დანიშნულმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, არსებული საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრის საკითხზე მისი სამუშაო ჯგუფი უკვე მუშაობს და გარკვეული მოსაზრებებიც აქვთ ჩამოყალიბებული, რომელსაც ის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გააცნობს.

გიორგი ჟვანია მისი ძმის, ექპრემიერის გარდაცვალების შესახებ ახალ გარემოებებზე საუბრობს


დეპუტატი გიორგი ჟვანია აცხადებს, რომ მისი ძმის, გარდაცვლილი ექსპრემიერის, ზურაბ ჟვანიას ცხედარს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა . მას ჰქონდა გახეთქილი ქვედა ტუჩი , ჰქონდა სერიოზული სისხლჩაქცევაც. „მისი მთელი სხეული იყო დაჭრილი, მათ შორის თავის არეში, უკანა მხარეს ნაკერები ედო. ეს იმით ახსნეს, რომ ექსპერტიზისთვის სინჯები აიღეს",-განაცხადა გიორგი ჟვანიამ. მისი თქმით, მას აქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომ საბურთალოს #53-ში მდებარე ბინაში "სუფრის ინსცენირება" მიხეილ სააკაშვილმა, ვანო მერაბიშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა და გიორგი ბარამიძემ გააკეთეს.
ევროპარლამენტში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით დებატები გაიმართა
26 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში 1-ელ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. როგორც შტეფან ფულემ განაცხადა, საქართველოს საპარალმენტო არჩევნებიდან მნიშვნელოვანი გაკვეთილების სწავლაა საჭირო და ისინი დიდი ინტერესით ელოდებიან ეუთო-ს საბოლოო დასკვნას. მისი თქმით, ის ეთანხმება ევროპარლამენტარის, მარტინ შულცის შეფასებას, რომ 1-ელი ოქტომბრის არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და დემოკრატიული, "რომელმაც აჩვენა, რომ საქართველო დემოკრატიისკენ მიდის". მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა კვლავაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტქუტურებში ინტეგრაციისკენ არის ორიენტირებული და ამის ხაზგასმა მნიშვნელოვანია. "ჩვენ ჩვენის მხრივ დავარწმუნეთ ისინი, რომ ევროკავშირი კვლავაც მხარს დაუჭერს მათ ამ მიზნებს როგორც ტექნიკურად, ფინანსურად, ასევე დიალოგის გზით", - აღნიშნა შტეფან ფულემ.

ერიკ რუბინის აზრით, „ქართული დემოკრატია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სლოგანი“


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინმა ვაშინგტონში ნიქსონის ცენტრში საქართელოს მიღწევებზე საუბრისას გაოცება გამოთქვა და განსაკუთრებული ყურადღება უკანასკნელი ათწლეულზე გაამახვილა. "კორუფცია აილაგმა, მოხდა პოლიციის რეფორმირება და ქართველებმა შექმნეს საზოგადოებრივი ინსტიტუტები, რომელთა მსგავსიც პოსტსაბჭოთა სივრცეში და კიდევ ბევრგან არ არსებოს. 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა დაამტკიცა, რომ ქართული დემოკრატია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სლოგანი. ხელისუფლების გადაბარების მიმდინარე პროცესი კი მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს ახალი დემოკრატიებისთვის. პრობლემები და გამოწვევები, რა თქმა უნდა, კვლავაც უამრავია, სისულელე იქნებოდა გვეთქვა, რომ საქართველომ უკვე მიაღწია ყველა მიზანს, რაც საჭიროა მის სრულიად დემოკრატიულ, თავისუფალ საზოგადოებად გადასაქცევად, რომელიც ევროატლანტიკურ საზოგადოებაში იქნება ინტეგრირებული. მიუხედავად ამისა, ჩემი რეაქცია უკანასკნელი თვის მოვლენებისადმი არის მკაფიოდ პოზიტიური", - განაცხადა ერიკ რუბინმა. მისივე თქმით, საქართველოსთან მიმართებაში აშშ-ის კურსი უცვლელი რჩება. "ჩვენი ერთადერთი კანდიდატი იყო და დარჩება ქართული დემოკრატია, და "ქართული პროექტი", რომელმაც საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერად აქცია. ჯერ ადრეა, ვილაპარაკოთ არჩევნების ისტორიულ მნიშვნელობაზე, მაგრამ ორი რამ უკვე ცხადია - ერთი, რომ ქართველი ხალხი მზად იყო ცვლილებისათვის და მათ მიიღეს ეს ცვლილება. მეორე - არჩევნების შედეგად მიღებული პარლამენტი, რომელშიც კონსტიტუციური უმრავლესობა არც ერთ პარტიას არ გააჩნია, ნიშნავს იმას, რომ გამარჯვებულ კოალიციას, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, არ ექნება კარტ-ბლანში კონსტიტუციაში ცვლილებები თავის ნებაზე შეიტანოს, ან კანონშემოქმედება აწარმოოს სწრაფი ტემპებით და ოპოზიციის ჩაურევლად, როგორც ამას წინა მთავრობა აკეთებდა... პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრა არჩევნების შემდეგ ამ თანამშრომლობის სიმბოლური გამოხატულება იყო. სახელისუფლებო თანაცხოვრება საქართველოსთვის ახალი ხილია, მაგრამ სწორედ ამით უნდა დაამტკიცოს საქართველომ, რომ მას შეუძლია, ეს გამოწვევაც მიიღოს. ამერიკა ამაყობს, რომ დაეხმარა საქართველოს ამ დემოკრატიულ ტრანზიციაში და აღუთქვამს მას უწყვეტ მხარდაჭერას ამ პერიოდში“. - განაცხადა ერიკ რუბინმა.

ჯეიმს აპატურაი: „ალიანსი საქართველოს გვერდში დაუდგება“

წელს საქართველო შეფასებული იქნება იმ ტესტის მიხედვით, რომელიც წარმატებით ჩააბარა, - ამის შესახებ "ამერიკის ხმას" ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განუცხადა. "ჯერ კიდევ მრავალი გასაკეთებელის მიუხედავად, არჩევნების წარმატებით ჩატარება საკმაოდ პოზიტიური ფაქტია. განსაკუთრებით კი, ისეთი რეგიონისთვის, სადაც მოცემული მოვლენა არც თუ ისე ხშირია... ახლოვდება ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა, რომელზეც ნატო-ს ქვეყნები ყურადღებით მოეკიდებიან და განიხილავენ ამ საკითხს... ალიანსი კი, თავის მხრივ, მზად იქნება გვერდში დაუდგეს საქართველოს", - აღნიშნა აპატურაიმ.




სხვადასხვა


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძვანელის, ლუის ნავაროს შეფასებით, ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს, რომლებმაც არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე არ იცოდნენ, თუ ვისთვის მიეცათ ხმა, კონკრეტული გადაწყვეტილება ციხის სკანდალმა მიაღებინა. "ჩვენი ბოლო კვლევა 21 ივლისი-12 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. ამომრჩევლის უმეტესობამ პასუხი არ გასცა კითხვას ან პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. სწორედ ამ ადამიანებმა დაიკავეს პოლიტიკური ცენტრი, რადგან არც ისე ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლები და არც ისე პესიმისტურად, როგორც "ქართული ოცნების" ამომრჩევლები. ციხის სკანდალმა განაპირობა ის, რომ ამომრჩევლები, რომლებმაც არ იცოდნენ და გადაწყვეტილი არ ჰქონდათ, ვისთვის უნდა მიეცათ ხმა, არჩევნების დღეს ჩამოყალიბდნენ, თუ ვისთვის უნდა დაეჭირათ მხარი", - განაცხადა ნავარომ. NDI-ის წარმომადგენლის თქმით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის ისტორიულია. "ჩვენ ვაკვირდებით, როგორ მშვიდობიანად გადასცემს ძალაუფლებას ერთი პოლიტიკური ძალა მეორეს. პირველად ხდება საქართველოში, როცა განსხვავებული პოლიტიკური კუთვნილების წარმომადგენლები არიან აღმასრულებელ ხელისუფლებაში, საპარლამენტო უმრავლესობაში, განსხვავებული პოლიტიკური კუთვნილება აქვს პრეზიდენტს და ადგილობრივ თვითმმართველობებს", - აღნიშნა ნავარომ. მისივე თქმით, NDI სოციოლოგიურ კვლევებს კვლავაც გააგრძელებს, თუმცა როდისთვის უნდა ველოდოთ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მორიგ კვლევას, ნავარომ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

25 ოქტომბერს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 27-ე შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, მონაწილეებმა აღნიშნეს სტაბილური უსაფრთხო სიტუაცია და განიხილეს დაკავების შემთხვევები, შესაძლო საჰაერო სივრცის დარღვევა და დაკარგული ადამიანების ბედი. შეხვედრაზე ზარდიანთკარში მომხდარი შემთხვევის საკითხი დაისვა, აგრეთვე ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარის მიერ დაკავებულების მდგომარეობა. ხაზგასმული იყო სამხედრო მოძრაობების და სამხედრო ვარჯიშების ადრეული შეტყობინება ყველა მხარის მიერ. მხარეები მიესალმებიან დაკავებულების გათავისუფლებას ორივე მხარის, ქართული და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობების მიერ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ანჟეი ტიშკევიჩმა ყურადღება გაამახვილა, რომ შეშის შეგროვების პერიოდი დაიწყო და ითხოვა შემწყნარებლობა ხალხის მიმართ, რომელნიც შემთხვევით გადაკვეთენ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს. შეხვედრის ყველა მონაწილემ გამოხატა სატელეფონო ცხელი ხაზის მნიშვნელობა პოტენციული დაძაბულობის მოხსნაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, შეხვედრა კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა 28 ნოემბერს გაიმართება.

არასამთავრობო ორგანიზაციები დავით დარახველიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაზე ბიძინა ივანიშვილის გამოხმაურებას მიესალმებიან. როგორც არასამთავრობოების განცხადებაშია ნათქვამი, მინისტრობის კანდიდატების დასახელება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და სამოქალაქო სექტორი მხოლოდ დამკვირვებლის როლით შემოიფარგლება. "ბიძინა ივანიშვილის გამოხმაურება გვაძლევს იმედს, რომ ახალი მთავრობა იქნება გახსნილი და უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მისასალმებელია, რომ დავით დარახველიძე ჩაერთო საჯარო დისკუსიაში და წარმოადგინა საკუთარი არგუმენტები. იგი პირადად შეხვდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. 22 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე მას განვუმარტეთ ჩვენი წუხილის მიზეზი და ის საფრთხეები, რაც მსგავსმა გამონათქვამებმა შეიძლება შექმნას, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამინისტროს მანდატი მოიცავს ურთიერთობას განსაკუთრებით დაუცველ ჯგუფებთან, კერძოდ, დევნილებთან, ლტოლვილებთან, თავშესაფრის მაძიებლებთან და რეპატრიანტებთან. ვიმედოვნებთ, პოლიტიკური თანამდებობის პირები განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდებიან საჯარო გამონათქვამებს და უზრუნველყოფენ თანასწორობის პრინციპის დაცვას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 11 არასამთავრობო ორგანიზაცია.


საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით ქვეყნების პირველ ათეულში შევიდა. გარდა ამისა, 2005 წლიდან მოყოლებული, საქართველომ რეფორმების განხორციელების კუთხით მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო შედეგი აჩვენა.


უზენაესმა სასამართლომ 9 თვის საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა. პრეზენტაცის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაზა მეიშვილმა 23 ოქტომბერს საერთაშორისო და ადილობრივ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა. მეიშვილის განცხადებით, არასამთავრობოებთან შეხვედრის მიზანი საქმეების განხილვის შესახებ მათთვის ინფორმაციის მიწოდება იყო. "სისხლის სამართლის საქმეებმა სასამართლოში იკლო. რაც ყველაზე მთავარია, იკლო მსჯავრდებულთა რიცხვმა. გაიზარდა გამამართლებელი განაჩენები. მნიშვნელოვანი ტენდენციებია იმაში, რომ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევებმა იკლო. ასევე, ძალიან დაბალია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებების გასაჩივრების რიცხვი. ეს ნიშნავს, რომ პირველი ინსტაციის გადაწყვეტილებების აბსოლუტური უმრავლესობა მხარეებისთვის მისაღებია და ამ გადაწყვეტილებებს უმრავლეს შემთხვევებში არ ასაჩივრებენ",- აღნიშნა ზაზა მეიშვილმა. სასამართლოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 24,3 %-ით შემცირდა პირველი ინსტანციის სასამართლოებში შესული სისხლის სამართლის საქმეთა რაოდენობა, ხოლო მსჯავრდებულთა რაოდენობა 4125 (31%) პირით შემცირდა. ამასთან, თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 1572-ით ნაკლებ პირს. 2012 წლის 9 თვის მონაცემებით, მსჯავრდებული 9162 პირიდან თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 3871 პირს, პირობითი მსჯავრი 4258 პირს, ჯარიმა 620 პირს, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა კი 405 პირს. რაც შეეხება გამამართლებელი განაჩენების რაოდენობას, არსებითად განხილულ საქმეებში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 9,7%-ს შეადგენს. სტატისტიკური მონაცემებით, შემცირდა გამოყენებელი აღკვეთის ღონისძიების მაჩვენებელიც. საპატიმრო სასჯელების რაოდენობამ 44,4%, ხოლო არასაპატიმრო სასჯელების რაოდენობამ- 55,6% შეადგინა. 2012 წლის 9 თვის მონაცემებით, შემცირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის, ამერიკის საელჩოს, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს", "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" წარმომადგენლები.


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება და მთავრობის მეთაურად დანიშვნა მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. სატელეფონო საუბარი ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ბიძინა ივანიშვილს შორის 26 ოქტომბერს შედგა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქართველი კოლეგა ისრაელში დაპატიჟა, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა.

ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში უკანონო მოსმენები შეწყდება. მინისტრის თქმით, ის და მისი გუნდი ყოველგვარ უკანონობას წერტილს დაუსვამენ. რაც შეეხება უწყებაში სტუქტურულ ცვლილებებს, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კუდ-ი და სოდ-ი გაუქმდება. „ამ უწყებების ფუნქციები გადანაწილდება და შეიქმნება ახალი სტუქტურული ერთეულები. ეს იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელიც ძალიან მძლავრი ანტიკორუფციული სააგენტო იქნება. ნაწილს კი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი შეითავსებს,"-განაცხადა ღარიბაშვილმა. „ მე მხოლოდ და მხოლოდ მოწინავე და პროგრესული იდეებით მოვდივარ სამინისტროში. ვპირდები ყველას, რომ იმაზე უკეთ იქნება ყველაფერი, ვიდრე აქამდე იყო", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ პატრული არის ძალიან პროგრესული და კარგი პროექტი.

პარლამენტის სერვერები იუსტიციის სახლშია განთავსებული. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი , როგორც დეპუტატების, ასევე პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა კომპიუტერები ერთიან ქსელშია ჩართული, რომელსაც თავის მხრივ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური სამსახური უწევს კონტროლს. არსებული ვითარება იძლევა იმის შესაძლებლობას რომ აღნიშნულმა უწყებამ აკონტროლოს ყველაფერი, რაც ელექტორნული მიმართულებით პარლამენტში ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა დაახლოებით ერთი წლის წინ მიიღო სპეციალური კანონი, რომელიც კომპიუტერულ-ტექნიკური ინფორმაციის დაცვას ეხება. კომპიუტერულ სფეროში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში შეიქმნა სპეციალური სააგენტო რომელსაც სწორედ ამ მიმართულებით ღონისძიებების გატარება დაევალა. თავის დროზე საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებმა აღნიშნული გადაწყვეტილება 2008 წლის ომის დროს სახელმწიფო უწყებების საიტებზე კიბერშეტევის პრობლემის გადაჭრის აუცილებლობით ახსნეს. ამასთან, პარლამენტის კომპიუტერებში ნებისმიერი პროგრამის ჩატვირთვა სწორედ იუსტიციის სამინისტროს ზემოხსენებული სააგენტოს საშუალებით უნდა მოხდეს.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ბიძინა ივანიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილს თვითმმართველობის სისტემის რეფორმის დაწყებისკენ მოუწოდებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორმა სპეციალური მიმართვაც შეიმუშავა, რომელსაც ხელს 39 სუბიექტი, მათ შორის არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, ასევე ჟურნალისტები აწერენ. მიმართვის ტექსტი კოალიცია "არჩევნის თავისუფლების" ოფისში, დღეს თავად მიმართვის ავტორებმა გააცნეს. "1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დღის წესრიგში დადგა მმართველობის სისტემის რეფორმირების საკითხი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. სახელმწიფოს მართვის პროცესში საზოგადოების თანამონაწილეობის გაზრდა და საქართველოს კიდევ უფრო დაახლოება ევროატლანტიკურ სივრცესთან. ვფიქრობთ, რომ ამ ამოცანის გადაჭრა შეუძლებელი იქნება თვითმმართველობის სრულფასოვანი რეფორმის მომზადებისა და განხორციელების გარეშე. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ყველა ხელისუფლება წარუმატებლად ცდილობდა ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების ცენტრალურ ხელისუფლებაში მობილიზების გზით გადაეჭრა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური პრობლემები. ამ პროცესის კულმინაცია იყო 2005-2006 წლებში გატარებული თვითმმართველობის რეფორმა, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ფაქტობრივად აღდგა მართვის საბჭოური სისტემა. ქალაქებმა და სოფლებმა დაკარგეს შესაძლებლობა, თავად ეზრუნათ საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე და ისინი პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული გახადეს. ამ ფორმით საბოლოოდ დასრულდა საქართველოში ერთპიროვნული და ერთპარტიული სახელისუფლებო ვერტიკალის ფორმირება. ამ რეფორმის შედეგად მივიღეთ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისა და სურვილების აბსოლუტურად მოწყვეტილი ხელისუფლება, რომელიც ხშირად ქვეყნის პირველი პირის მოსაზრებებიდან გამომდინარე ადგილობრივი ინტერესებისა და საჭიროებების სრული იგნორირებით უზარმაზარი საბიუჯეტო დანახარჯებით ახორციელებდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თვიმმართველობის ძირითადი პრინციპით ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების სრული უგულებელყოფის გამო საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლებამ სწორედ იქ წააგო, სადაც ყველაზე მეტი პროექტი განახორციელა. ამრიგად ხელისუფალთა მიერ რეფორმის გაუტარებლობა მარტო სახელმწიფოს განვითარებას კი არ აფერხებდა, არამედ თავად ხელისუფლებას უქმნიდა პრობლემებს. ძალაუფლების მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებაში კონცენტრაციამ მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, როცა ნებისმიერი საკითხის მოუგვარებლობას მოსახლეობა ყველა შემთხვევაში ცენტრალურ ხელისუფლებას აბრალებს", - ნათქვამია მიმართვაში. მიმართვის ავტორები ახალ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დროულად დაიწყოს შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი. აღსანიშნავია, რომ თავად მიმართვის ავტორებს და არასამთავრობო სექტორს შემუშავებული აქვს კონცეფცია, თუ როგორ ხედავენ ისინი დეცენტრალიზაციას. მათი თქმით, მათი კონცეფცია ევროპულ გამოცდილებას ეყრდნობა.

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი. როგორც ხაინდრავამ "მაესტროს" პრესკლუბში განაცხადა, მის მასალებში, რომლებსაც პროკურატურას წარუდგენს, ერთ-ერთი ძირითადი იქნება "სანაკოევის საქმე", სადაც მერაბიშვილის დანაშაული იკვეთება. "ნიკუშა კვინტრაძის საქმე უკვე განაჩენია ვანო მერაბიშვილისთვის. ამას უნდა დავამატოთ ზემოდან გირგვლიანის საქმე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მიერ პრაქტიკულად უკვე არის გამოძიებული. ნათლად იხატება სურათი, რომ ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფო დამნაშავესთან. ამას მე კიდევ დავამატებ სანაკოევის საქმეს, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი იქნება იმ მასალებში, რომლებსაც მე პროკურატურას წარვუდგენ. ამ ყველაფერს ემატება უამრავი მსხვერპლი, უამრავი უდანაშაულო ადამიანის წამება. ეს სისტემა შექმნა მერაბიშვილმა", - განაცხადა ხაინდრავამ. მისივე თქმით, გამოძიებიდან გამქრალია ვიდეომასალა, რომელმაც დააფიქსირა გურამ შარაძის მკვლელობა და ამაში ბრალი ზურაბ ადეიშვილს მიუძღვის. "ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ გურამ შარაძე გიორგი ბარათელის მოკლულია, თავიდანვე არსებობდა. როდესაც გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე ამბობს, რომ ეს ადამიანი არ არის მამაჩემის მკვლელი, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რატომ ლაპარაკობს ამას რუსუდან შარაძე?! თუ ის დარწმუნებულია, რომ მამამისი ამ ადამიანის მიერ არის მოკლული, რატომ იქნება მისი მფარველი, რატომ დაიწყებს ლაპარაკს იმასთან დაკავშირებით, რომ ასე არ იყო? ამის დასადასტურებლად საკმარისი იყო იმ ფირის ნახვა, რომელმაც დააფიქსირა ზურაბ შარაძის მკვლელობის ფაქტი. დარწმუნდები ფირის ნახვის შემდეგ, რომ იქ ბარათელი საერთოდ არ არის. ეს არის პირდაპირ ზურაბ ადეიშვილის დანაშაული, რომ ეს ფირი გამოძიებიდან გაქრა", - აღნიშნა ხაინდრავამ.

27 ოქტომბერს საქართველოში ახალი ორგანიზაცია "სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი" დაფუძნდა. დარბაზის გამგეობის წევრებმა ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ განცხადება ეროვნულ ბიბლიოთეკაში გააკეთეს. ასევე, გამგეობის წევრებმა ქვეყანაში მომხდარი მოვლენები შეაფასეს და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორისა და პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისადმი მიმართვები წაიკითხეს. მიმართვებში აღნიშნული იყო, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებით, ქამელეონივით ფერი იცვალა, რევანშისთვის ემზადება და საზოგადოების ბრძოლა დასრულებული არ არის. "ქართველმა ერმა 1-ელ ოქტომბერს დააფიქსირა თავისი ნება, იცხოვროს თავისუფალ, ღირსეულ, ღვთისმოსავ ქვეყანაში. ეს გამარჯვება უნდა დაიცვას და ბოლომდე მიიყვანოს გამარჯვება", _ განაცხადა გამგეობის წევრმა ავთანდილ იოსელიანმა. მისივე თქმით, საქართველოს უმეტეს რეგიონებში უკვე დააფუძნეს წარმომადგენლობები. "სახალხო დარბაზის" თავმჯდომარე კინორეჟისორი რეზო ჩხეიძეა. დარბაზის გამგეობა შედგება 8 წევრისგან. საზოგადოებრივი დარბაზის პრეზენტაცია მომავალ კვირას არის დაგეგმილი.


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით თევზაძეს თანამშრომლობას სთავაზობს. როგორც ალასანიამ, იგეგმება სამინისტროსთან მრჩეველთა ჯგუფის ჩამოყალიბება და თევზაძე მის ერთ-ერთ წევრად მოიაზრება. ალასანიას განმარტებით, ის ამ საკითხზე დავით თევზაძეს უკვე ესაუბრა და მომავალში შეხვედრასაც აპირებს. მას ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ გია ყარყარაშვილთან და გენერალთა კლუბთან.

თბილისის საკრებულოს სხდომის გადაწყვეტილებით, დასუფთავების ტარიფი შემდგომი 5 თვის განმავლობაში 2,5 თეთრი იქნება. საკითხის განხილვის დროს კახა კუკავამ ითხოვა ფინანსთა სამინისტროსგან თანხების გამოყოფა და დასუფთვებისა და დენის ტარიფების გამიჯვნა მოითხოვა. საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრები დადებითად მიიჩნევენ ტარიფის განახევრებას და აცხადებენ, რომ დასუფთავების ტარიფი დენის გადასახადზე არ უნდა იყოს მიბმული. საბოლოოდ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 39 ხმით სამის წინააღმდეგ.


მსოფლიო ბანკის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველო მეცხრე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებია. მეცხრე ადგილზე გასულმა საქართველომ ცალკეულ ნომინაციებში უკეთესი შედეგებიც აჩვენა. მაგალითად, მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ქონების დარეგისტრირება ყველაზე ადვილია. როგორვ ანგარიშშია ნათქვამი, ასევე უპრობლემოდ ხდება მშენებლობის ნებართვის აღება (მე-3 ადგილი) და საბანკო სესხების გაცემა (მე -4 ადგილი).
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31