ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
15-21 ოქტომბერი
23 ოქტომბერი, 2012 წ.
ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომა ახალ პარლამენტის შენობაში გაიმართა

21 ოქტომბერს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა რეგისტრაცია და ყველა მომდევნო აუცილებელი პროცედურა გაიარეს, ფიციც დადეს და ჰიმნიც მოისმინეს. რეგლამენტის მიხედვით სხდომა პრეზიდენტმა გახსნა, რომელმაც მოგვიანებით სიტყვა პარლამენტის უხუცესს წევრს გადასცა. პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც, რომელმაც წაიკითხა ფიცის ტექსტი, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ქვეყნის სხვა რელიგიურ კონფესიათა უმაღლესი სასულიერო პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, დიპლომატიური კორპუსის და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. სხდომას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა კოალიციის ლიდერიც ბიძინა ივანიშვილი.

ახალარჩეულმა პარლამენტმა პირველ სხდომაზე საკითხები შემდეგი თანმიმდევრობით განიხილა: - აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, შექმნეს კომიტეტები და რეგლამენტით დადგენილი წესით აირჩიეს მათი თავმჯდომარეები.

პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მანანა კობახიძე, გარდა ამისა, უმრავლესობიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერები - ზვიად ძიძიგური და ზურაბ აბაშიძე, უმცირესობის მხრიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე კი გიორგი ბარამიძე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კვოტით - მურმან დუმბაძე აირჩიეს.

უმრავლესობამ მესამე ვიცე-სპიკერის კანდიდატად ზურაბ ტყემალაძე წარადგინა, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ 150-კაციან პარლამენტში, ამდენი ვიცე-სპიკერის არსებობა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

აგრარულ საკითხთა კომიტეტს გიგლა აგულაშვილი უხელმძღვანელებს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს - ეკატერინე ბესელია, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტს - ივანე კიღურაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს - ზურაბ ზვიადაური, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს - ზურაბ ტყემალაძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს - გუბაზ სანიკიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს - ვიქტორ დოლიძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს - ირაკლი სესიაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს - ვახტანგ ხმალაძე, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტს - ერეკლე ტრიპოლსკი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს - თედო ჯაფარიძე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს - ირინა იმერლიშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს - დავით ონოფრიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს - ლერი ხაბელოვი, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს - დიმიტრი ხუნდაძე.

"უნდა დასრულდეს ეპოქა, როდესაც გამარჯვებულს ყველაფრის უფლება აქვს და დამარცხებული რჩება ბედის ანაბარა. როდესაც დამარცხებული არის იმ განცდების ქვეშ, რომელშიც ვიყავით მე და ჩემი კოლეგები 1-ელ ოქტომბრამდე, როდესაც საკუთარ სახელმწიფოში თავი მოქალაქეობის არმქონედ მეგონა", - განაცხადა უსუფაშვილმა. მისი თქმით, პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩენები არ ნიშნავს იმას, რომ მათ უნდა დაივიწყონ ყველაფერი, რაც 1-ელ ოქტომბრამდე ხდებოდა. ისაუბრა გამოუძიებელ მკვლელობებზე, დამნაშავეთა გამოვლინებებზე, კანონის უზენაესობაზე და სხვა მრავალ საკითხზე. დავით უსუფაშილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანარაირ პოლიტიკურ დევნას და ანგარიშსწორებას ადგილი არ ექნება.

სხდომას ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, რომელმაც კმაყოფილება არ დამალა არც პარლამენტის ახალი შენობით და არც პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლით: "დღეს ამაღელვებელი დღე იყო. ეს არის შესანიშნავი შენობა. შესანიშნავად არის გაკეთებული პლენარული დარბაზი. პრეზიდენტს კარგი გამოსვლა ჰქონდა. ეს შთამბეჭდავია. მან გადადგა პირველი და კარგი ნაბიჯები ორგანიზებისთვის. ... ჩანდა ისიც, რომ პარლამენტის წევრები საკუთარ პასუხისმგებლობას აცნობიერებენ. "ამ ყველაფრის დანახვა შეიძლება იმ ადამიანისთვის იყოს რთულად წარმოსადგენი, ვინც მოვლენებს თვალს ტელევიზორით ადევნებდა. დღევანდელი დღე იყო ისტორიული და ვულოცავ მას ქართველ ხალხს"", - განუცხადა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს.

"მთლიანობაში სხდომა წარიმართა დადებითად, ეს იყო გაგრძელება იმ პროცესისა, რომელიც ბოლო კვირეებში მიმდინარეობს. ჩვენ ვქმნით ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლის მოდელს. მესმის, რომ ეს იყო პირველი შესაძლებლობა დეპუტატებისთვის, მძიმე საარჩევნო კამპანიის შემდეგ შეკრებილიყვნენ ერთ დარბაზში და ამან მცირე გავლენა იქონია სხდომაზეც, თუმცა, საერთო ჯამში ის ცივილურად და ისე წარიმართა, როგორც საქართველოს პარლამენტს ეკადრება",- ასე შეაფასა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა.

დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან დემოკრატიის გზით ხელისუფლების შეცვლის ოფიციალური გაფორმება ხდება. "როცა არჩევნებში მიშამ გაიმარჯვა, მას ოპოზიცია არ ჰყავდა. დღეს კი, განსაკუთრებული დღეა, რადგან საქართველოს მთავრობა დემოკრატიის გზით შეიცვალა", - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ამომრჩეველთა 54,97%-ის, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" 40,34%-ის მხარდაჭერა. რაც შეეხება მანდატებს, "ქართულ ოცნებას" პარლამენტში 85 დეპუტატი ეყოლება, მათ შორის პროპორციული სისტემით 44-ს აიღებს, ხოლო მაჟორიტარული სისტემით - 41-ს. 65 მანდატი ექნება "ნაციონალურ მოძრაობას, მათ შორის პროპორციული სისტემით 33, ხოლო მაჟორიტარული სისტემით - 32.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო პროცედურა დაასრულა, ცესკოს თავმდომარის ზურაბ ხარატიშვილის თქმით, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა დადებითად შეაფასა. „ მადლობით მივმართავ ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო დამკვირვებელს, ჟურნალისტებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო პროცესში და დაგვეხმარნენ საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში, რითაც ჩვენ ასე ვამაყობთ. ... ამასთან, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაგვიხადა არჩევნების კარგად ჩატარებისთვის. - განაცხადა ხარატიშვილმა.

„კიდევ მეტი“ - ევროკავშირის სამოქმედო ფორმულა

15 ოქტომებრს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ იყო ორგანიზებული, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაეწრნენ და ხელისუფლბის გადაბარების პროცესი და სხვა მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები განიხილეს, განსახილველ თემებს შორის იყო მედია, მართლმსაჯულება და საკუთრების უფლებებიც. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის აშშ-ის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი, ევროკავშირის ელჩი, ფილიპ დიმიტროვი და შვეიცარიის ელჩი, გიუნტერ ბეჰლერი.

"საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ ასეთი კალიბრის პატრიოტები ჰყავს, ლიდერები, რომლებიც მზად არიან, განსხავავებებს გადააბიჯონ და იმოძრაონ საქართველოს ინტერსებისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო ძალიან კარგ ხელშია", - აღნიშნა ნორლანდმა. აშშ-ის ელჩმა პოლიტიკურ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ქართულმა არასამთავრობო სექტორმა თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია წარმატებით შეასრულეს.

"საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა სერიოზულ რეჟიმში დაიწყო და ვიმედოვნებ, რომ ასევე გაგრძელდება. ჩვენ საქართველოსთან მიმართებაში ყოველთვის ვმოქმედებთ ფორმულით - "კიდევ მეტი", ევროკავშირის ამ ქვეყნისადმი დამოკიდებულება ყოველთვის იყო და იქნება ძალზედ სერიოზული. ჩვენი მოთხოვნებიც იყო ძალზედ სერიოზული და ეს ნიშნული უფრო მაღლა აიწევს, რადგან საქართველოს შეუძლია, კიდევ უფრო მეტი იმუშაოს, რათა მიუახლოვდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას", - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა და დასძინა, რომ ასეთივე დამოკიდებულებას ელოდება საქართველოს მხრიდანაც. რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შესახებ ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს, ელჩის თქმით, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები და ამის რეალიზაცია ხდება. დიმიტროვმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ფინანსურ დახმარებასაც, რომელიც ქვეყნისთვის 670 მილიონი ევროს გამოყოფაში გამოიხატება. "თანხის ნაწილი წავა უშუალოდ ბიუჯეტის დასახმარებლად, ნაწილი - კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე. დიმიტროვი საქართველოში არსებული კონფლიქტების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამ საკითხით დაინტერესებას აგრძელებს, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ახალი ხელისუფლების მიდგომებს ელოდება. "თუ მათი, ახალი ხელისუფლების მოსაზრებები ჩვენს მოლოდინებს დაემთხვევა, მაშინ პროდუქტიული იქნება ჩვენი თანამშრომლობა ამ მიმართულებითაც", - დასძინა დიმიტროვმა.

"არჩევნების დროს მე მარნეულსა და ბოლნისის საარჩევნო უბნებზე დამკვირვებელი ვიყავი. ეს იყო უდიდესი დემოკრატიული მოვლენა საქართველოს ისტორიაში. ეს იყო პლებისციტი, რომელიც მოსახლეობამ ჩაატარა და იყო დემოკრატიული არჩევანი ბოლო 20 წლის განმავლობაში. საქართველო ამით გამოვიდა პოსტ-საბჭოთა სივრციდან. შეიძლება ითქვას, რომ გამოცდის პირველი ნაწილი კარგადაა ჩაბარებული", - განაცხადა შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბეჰლერმა. ელჩის განმარტებით, მეორე ნაწილი პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებასა და ინსტიტუტების წარმატებით ფორმირებაში მდგომარეობს, მესამე ნაწილი კი პრიორიტეტების განხორციელებაში. "დემოკრატია არ არის დედამიწაზე სამოთხე, მაგრამ ეს არის უფრო ღირსეული სისტემა, ვიდრე სხვა სისტემები, რადგან ის ქმნის ალტერნატივების არსებობის შესაძლებლობებს. იმედი გვაქვს გამოცდის მეორე ნაწილიც წარმატებით იქნება ჩაბარებული, რაც პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებას და ინსტიტუტების ფორმირებას გულისხმობს. მესამე ნაწილი კი მოიცავს პრიორიტეტების განხორციელებას. ამომრჩეველმა ხმა მისცა დასაქმებას, სოციალური ცხოვრების, ჯანდაცვის, განათლების სისტემების გაუმჯობესებას. მხარეებმა არ უნდა დაივიწყონ დაპირებები და ისინი უნდა შეასრულონ. სამწუხაროდ, პოლიტიკოსებს დაპირებები ხანდახან ავიწყდებათ ხოლმე", - განაცხადა შვეიცარიის ელჩმა. ამასთან, დიპლომატის განმარტებით, ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, შვეიცარია საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციაში ვერ დაეხმარება, მაგრამ შეუძლია დახმარება აღმოუჩინოს ევროპული ინსტიტუტების შექმნაში", - აღნიშნა დიპლომატმა.

ჯეიმს აპატურაი: „საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და ვერავითარი მესამე, ნატო-ს არაწევრი ქვეყანა ამაზე გავლენას ვერ მოახდენს“


18 ოქტომბერს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ეწვია და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე როგორც არსებულ ხელისუფლებასთან, ისე არჩევნებში გამარჯვებული "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართა.

"კიდევ ერთხელ ვადასტურებ ნატოს სურვილს, საქართველო გახდეს ალიანსის წევრი ქვეყანა. ჩვენთვის მთავარია, კარგი ურთიერთობა იყოს ნატო-საქართველოსა და ნატო-რუსეთს შორის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ორივე მიმართულებით შევძლებთ ურთიერთობების დამყარებას", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ შეხვედრების დასრულების შემდეგ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეჭვი არავის უნდა შეეპაროს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და ვერავითარი მესამე, ნატო-ს არაწევრი ქვეყანა ამაზე გავლენას ვერ მოახდენს.“ მისი თქმით, როგორ მათთვის არის ცნობილი ახალი მთავრობა აკეთებს აქცენტს როგორც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, ასევე ნატო-ში ინტეგრაციაზე. ჯეიმს აატურაიმ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება

ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა სამუშაო პირობების გაუმჯობესების და ხელფასის 100%-ით გაზრდის მოთხოვნით გრძელდება. ხელმძღვანელობის მხრიდან მოლაპარაკება შრომის ანაზღაურების მხოლოდ 25%-ით გაზრდის შეახებ არ შედგა. გაფიცულებს სოლიდარობას უცხადებენ პროფკავშირები და სტუდენტური ორგანიზაციები. ამ მიზნით სტუდენტებმა აქცია ჯერ ქუთაისში პარლამენტის შენობასთან გამართეს, სადაც შრომის კანონმდებლობის გადახედვა და სხვა მოთხოვნებიც წამოაყენეს და შემდეგ ჭიათურაში გადაინაცვლეს. ორგანიზაციებმა "ნარინჯისფერი კლუბი" და "რეაქტორი" კი სოლიდარობის აქცია თსუ-ის პირველი კორპუსის წინ ჩაატარეს. გაფიცულ მაღაროელებს დახმარება აღუთქვა თინა ხიდაშელმაც, რომელმაც ორგანიზაციის ფინანსური დოკუმენტაციის და ზოგადად, ფინანსური მდგომარეობის შესწავლის პირობა დადო, რომლის შედეგადაც ცხადი გახდება, აქვს თუ არა ორგანიზაციას მაღაროელთა მოთხოვნების შესრულების საშუალება და რისი გაკეთება არის შესაძლებელი სიტუაციის გასანეიტრალებლად. ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზის" დირექტორი ველველ ლოზინსკიც ჩავიდა. როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ წერეთელმა განაცხადა, "ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლებმა ხელმძღვანელობასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა, მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება. მისივე თქმით, მაღაროელების მთავარი მოთხოვნა, უსაფრთხოებისა და შრომის პირობების გაუმჯობესება, ასევე ხელფასების გაზრდაა. წერეთლის განცხადებით, მაღაროელებს უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა, ისინი დღესაც ისევე მუშაობენ, როგორც მე-19 საუკუნეში, რის გამოც სხვა მოთხოვნებთან ერთად, გადაიარაღებაც შედის.

გაფიცვა „თელასში“


„თელასის“ ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის ზურაბ არსოშვილის გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. მათი თქმით, არსოშვილმა თელასის კომერციული დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ 150 თანამშრომელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების და მოტივაციის გარეშე გაათავისუფლა და მათ ადგილზე ნაციონალური მოძრაობის წევრები დანიშნა. სააქციო საზოგადოება "თელასის" პროფკავშირების თავმჯდომარე მალხაზ ღომიაშვილის თქმით, აქცია სპონტანური იყო და დილით მთაწმინდა-კრწანისის ფილიალში მენეჯერის მხრიდან თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა, რის შემდეგაც აღნიშნული ფილიალის თანამშრომლები გაიფიცნენ. მოგვიანებით გაფიცულმა თანამშრომლებმა "თელასის" ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც მათ "თელასის" სხვა ფილიალების წარმომადგენლები და ორი თვის წინ სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლებიც შეუერთდნენ. მოგვიანებით აქციაზე შეკრებილმა მომიტინგეებმა თანამდებობიდან ზურაბ არსოშვილისა და "თელასის" გენერალური დირექტორის, აშოტ მანუკიანის გადადგომის შესახებ მოთხოვნა დააყენეს. ისინი ასევე ითხოვენ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას, უმუშევრობის გამო მათ კომპენსაციას, შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ხელმძღვანელობის მხრიდან ნორმალურ მოპყრობას. "თელასის" გათავისუფლებული და გაფიცული თანამშრომლები ორშაბათიდან პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ.
გამაფრთხიელები აქციის მოწყობას გეგმავს სს "თელასში" დასაქმებულთა პროფკავშირიც. სს "თელასის" მუშაკთა პროფკავშირის მოთხოვნებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაც უერთდება და მათ სრულ მხარდაჭერას უცხადებს. როგორც გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელები აცხადებენ, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სს "თელასის" მუშაკთა პროფკავშირი კანონით დადგენილ ვადებში სრულმასშტაბიან და უვადო გაფიცვას დაიწყებს.

ამასთან, პროფკავშირები აფრთხილებს სს "თელასის" ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელს, ყველა დონის მენეჯერს, რომ გაფიცვაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზნით თანამშრომლებზე ზეწოლა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში პროფკავშირები დამნაშავე პირების წინააღმდეგ საქმის აღძვრის მოთხოვნით დაუყოვნებლივ პროკურატურას მიმართავს.

„თელასის“ ყოფილმა თანამშრომლებმა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილსაც მიმართეს.

"თელასის" ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების მოთხოვნებთან დაკავშირებით კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და თელასის გენერალური დირექტორის აშოტ მანუკიანის მხრიდან გაფიცულთა მოთხოვნების შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გაცნობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

არასამთავრობოები ბიძინა ივანიშვილს თანამდებობის პირების წარდგენისას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილს მინისტრებისა და საჯარო მოხელეების წარდგენისას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ: "2012 წლის 16 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა მინისტრთა კაბინეტი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ტოლვილთა მინისტრობის კანდიდატად დასახელებულ იქნა ბატონი დავით რახველიძის კანდიდატურა. არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მინისტრობის კანდიდატის მიერ ამბროლაურის რაიონში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამები, ისევე, როგორც აგრესიული ტონი მასმედიასთან ურთიერთობისას. აღნიშნული გამონათქვამები ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს და ევროინტეგრაციის კურსს, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაცხადებული პრიორიტეტია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციები სთხოვენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გადახედოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის დასახელებულ კანდიდატურას და უფრო მეტი სიფრთხილე და პრინციპულობა გამოიჩინოს სხვადასხვა თანამდებობებზე დასანიშნი საჯარო მოხელეების შერჩევისას, ხოლო საჯარო მოხელეები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საჯარო გამონათქვამებს და თავი შეიკავონ სიძულვილის ენისა და რასისტული გამონათქვამების გამოყენებისაგან", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია", "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია", "მრავალეროვანი საქართველო", "მწვანე ალტერნატივა", ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", ნათია კუპრაშვილი და ლაშა ტუღუში აწერენ.
ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობოების მიმართვას გამოეხმაურა და მათთან კონკრეტული საკითხის განხილვისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

სხვადასხვა


საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) განხილვის მიზნით 15-16 ოქტომბერს საქართველოში ნატო-ს შემფასებელთა მისია ჩამოვიდა. პროგრამის განხილვის შემდეგ მისია შეფასების დოკუმენტს მოამზადებს. 2008 წლის დეკემბრიდან საქართველოსთვის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) მინიჭების შემდეგ ეს არის ნატოს შემფასებელთა ჯგუფის მეოთხე მისია საქართველოში.

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ერიკ რუბინმა ამერიკის საელჩოში 16 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ამერიკისთვის კვლავაც მიუღებელია რუსეთის მხრიდან 2008 წელს აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. "ჩვენთვის ასევე მიუღებელია რუსეთის ჯარის ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე", - აღნიშნა ერიკ რუბინმა და დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც დარჩება საქართველოს მტკიცე პარტნიორად.

საქართველოში დემოკრატიამ გაიმარჯვა, - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ვილფრედ მარტენსმა ბუქარესტში მიმდინარე 21-ე კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მარტენსის გამოსვლის ქართული თარგმანის თანახმად, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსდა, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა საქართველოში ჩატარებული დემოკრატული არჩვენების შესახებ ისაუბრა და მიხეილ სააკაშვილთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, რათა ქვეყანამ ევროატლანტიკური კურსი შეინარჩუნოს.

ევროპის სახალხო პარტიის კონგრესის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, ქვეყნის პირველი პირი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა და ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შეაფასა და 1-ელ ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროცესი უწოდა.

ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის პატრიოტიზმს და საზოგადოებრივ შეგნებას მიესალმება, - ამის შესახებ განცხადება ფულემ 18 ოქტომბერს სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი განმარტებით, საქართველოში ჰელგა შმიდტთან ერთად ქეთრინ ეშტონის თხოვნით იმყოფება და შეხვედრებზე ყოფილი და არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის საკითხი განიხილა. "დაივიწყეს რა აზრთა განსხვავებები, პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა უზრუნველყვეს, რომ ძალაუფლების გადაცემა მსუბუქად წარიმართა. მივესალმები მათ პატრიოტიზმს და საზოგადოებრივ შეგნებას. "ვაფასებთ ახალი მთავრობის მზაობას, შეინარჩუნოს ევროკავშირისადმი სწარფვის ძალისხმევის უწყვეტობა. ასევე შევხვდით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ ესმით მათ თავიანთი როლი, როლი ოპოზიციისა, რომელიც მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა აყენებდეს ხელისუფლების საქმიანობას, თუმცა, კონსტრუქციული მეთოდებით. ჩვენ ევროკავშირის სახელით საჯაროდ ვუხდით მადლობას პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის მთავრობას რეფორმებისა და მიღწევებისთვის, რითაც შეუძლიათ იამაყონ. მათ ასევე შეუძლიათ იამაყონ იმით, რომ მოხდა ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემა", - განაცხადა შტეფან ფულემ.

საქართველოს პრეზიდენტი 18 ოქტომბერს ბუქარესტში კოტროჩენის სასახლეში რუმინელ კოლეგას შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა და ტრაიან ბასესკუმ საქართველოში გამართული არჩევნების შესახებ ისაუბრეს. რუმინეთის პრეზიდენტის შეფასებით, ამ არჩევნებით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აქვს დემოკრატიული მმართველობის კურსი და იბრძვის პოლიტიკური უსაფრთხოების, სტაბილურობისა და დემოკრატიული პროცესების გასაღრმავებლად. რუმინეთის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ დემოკრატიული არჩევნები, რომელიც საქართველოში 1-ელ ოქტომბერს გაიმართა, ხელს შეუწყობს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის პროცესს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა, "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარებისა და თავდაუსხმელობის გარანტიის შემთხვევაში, თბილისთან თანაბარუფლებიანი ურთიერთობების დაწყების მზადყოფნა გამოთქვა. თიბილოვის თქმით, აუცილებლობას წარმოადგენს იმ დოკუმენტის გაფორმება, რომლის თანახმად საქართველომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალა არ უნდა გამოიყენოს. "საქართველოს აგრესიამ სამხრეთ ოსეთში ადეკვატური პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება საქართველოშივე უნდა მიიღოს. რეგიონში ყველა დაინტერესებული პირის გააზრებული ქმედება ახალი რეალობის წინაშე მშვიდობიანი განვითარების წინაპირობა იქნება. თუ ეს არ მოხდება, მაშინ საუბარი რაიმე სასიკეთო ცვლილების შესახებ ჩვენ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შეუძლებელი იქნება",-განაცხადა თიბილოვმა.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის თქმით, ბრძანებულება ამოქმედდება საფრანგეთში ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტისთანავე. "საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის I პუნქტის, ბ, ც პუნქტის და 33-ე მუხლის შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო", - განმარტა მანანა მანჯგალაძემ. ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს პრეზიდენტის განკარგულებით შეუწყდა. მოგვიანებით სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება მხოლოდ ეკატერინა ხვედელიძის მიმართ გააუქმა. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღება მოითხოვა. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2012 წლის 4 აპრილის დასკვნით ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი ეთქვა.

21 ოქტომბერს პატიმართა ახლობლებმა, უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის წევრებმა კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან აქცია გამართეს და სახალხო დამცველად დიმიტრი ლორთქიფანიძის დანიშვნა მოითხოვეს. ამ მიზნით მათ თბილისსა და რეგიონებში 8 000-მდე ხელმოწერა შეაგროვეს.

"დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიცია" ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე ლელა გულედანის კანდიდატურის განხილვას ითხოვს. როგორც კოალიციაში აცხადებენ, ლელა გულედანი კოალიციას და არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა რამდენიმე წელი, არის კვალიფიციური ექსპერტი, რომელსაც კარაგად ესმის დევნილებთან მუშაობის სპეციფიკა.

თორნიკე მოლაშვილის ოჯახის წევრებმა და "უფლებადამცველთა გაერთიანებამ" თორნიკე მოლაშვილის დაპატიმრებამდე ჩაწერილი მისი ვიდეომიმართვა გაავრცელეს. 69-წამიანი მასალა მოლაშვილის დაპატიმრებამდე ორი თვით ადრე, 22 მაისს არის გადაღებული, სადაც იგი საუბრობს, რომ ნარკოტიკების მოხმარების, ან იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით უახლოეს დღეებში მისი დაპატიმრება არის მოსალოდნელი. ოჯახის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის თქმით, აღნიშნული ვიდეომიმართვა მტკიცებულების სახით სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება, სადაც თორნიკე მოლაშვილის სარჩელი უკვე შეტანილია. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი 2011 წლის 21 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედება ნარკოტიკების, ასევე საბრძოლო მასალის შენახვა. ბრალდების საფუძველზე მოლაშვილს რვა წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ახალაიას მიზანია, რომ ვლადიმერ ბედუკაძე ბელგიაში შეტანილი სარჩელის მოწმე აღარ იყოს , - ამის შესახებ 19 ოქტომბერს რადიო "პალიტრის" ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას "ობიექტივის" ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბელგიაში იმყოფება ადამიანების ერთი ჯგუფი, რომელიც ბედუკაძეს მართავს და ხელისუფლების სასარგებლოდ აკეთებინებს განცხადებებს. "ბატონი ჭელიძე, რომელიც ბრიფინგის შემდეგ, უცბად გაჩნდა ბრიუსელში, არის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი. ის უცბად აღმოჩნდა ბედუკაძის გვერდით და ახლა სააკაშვილის სასარგებლო განცხადებებს აკეთებინებს", - განაცხადა ინაშვილმა. "პალიტრის" ეთერში ბრიუსელიდან სატელეფონო ჩართვის მეშვეობით ბედუკაძემაც ისაუბრა და ირმა ინაშვილის ციხეში ჩასმის პროგნოზიც გაახმოვანა. მართალია, ჟურნალისტის მიმართ პრეტენზიები არ დაუკონკრეტებია, , თუმცა აღნიშნა, რომ შესაბამისი ინფორმაცია ერთ-ერთ ქართულ გაზეთში გამოქვეყნდებოდა. "ირმა ინაშვილი ასრულებს ივანე მერაბიშვილის დაკვეთას და აქეთ მდებს ბრალს მე მათთან კავშირში", - განაცხადა ვლადიმერ ბედუკაძემ, რომელმაც ბრიუსელიდან ციხის სკანდალური კადრები გაავრცელა.

"თავისუფალი საქართველო" და "საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაცია" იწყებენ იმ სკოლის დირექტორების დასახელებას, ვინც განახორციელა მასწავლებელთა პოლიტიკური თუ სხვა სუბიექტური მიზეზით დევნა. ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებული 24 პირის ოჯახის წევრებმა და ახლობლები გლდანის მერვე საპყრობილესთან საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც ისინი აცხადებენ, ყინწვისში დაკავებული 24 პირი არანაირ სამხედრო გადატრიალებას არ ამზადებდა და ერთმანეთს არც კი იცნობდნენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი ახლობლები უკანონო პატიმრები არიან და პრეზიდენტმა ისინი კი არ უნდა შეიწყალოს, არამედ უნდა გაათავისუფლოს. აქციის მონაწილეების იმასაც ითხოვენ, რომ პასუხისგებაში მიეცნენ ის პირები, რომლებმაც უკანონოდ დააპტიმრეს მათი ოჯახის წევრები და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 10-დღიან ვადას აძლევენ, რათა ბრალდებულები 10 დღეში გაათავისუფლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტი ბიზნესზე ზეწოლისა და ბიუჯეტში თანხების იძულებით ჩარიცხვის სტატისტიკაზე საუბრობს. კახა კოხრეიძის განცხადებით, მხოლოდ 2012 წლის განმავლობაში კერძო კომპანიების მიერ შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებულია დაახლოებით 1 მილიარდი ლარის ოდენობის დარიცხვები, რასაც ისინი უსამართლოდ მიიჩნევდნენ. მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების დიდი ნაწილი ივსებოდა ე.წ. შეთანხმებების შედეგად, როდესაც გადამხდელი იძულებული იყო წასულიყო გარიგებაზე, გადაეხადა იმაზე მეტი ვიდრე კანონი აკისრებდა და თავიდან აერიდებინა დამატებითი უსიამოვნებები.
ლაფანყურის ოპერაცია სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დადგმული ფარსი იყო, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მის პიარს ემსახურებოდა, - ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში იჩქერიის პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის დიშვილი უმარ იდიგოვი აცხადებს. მისივე მტკიცებით, პანკისელებს თავად ქართული მხარე შეჰპირდა ჩეჩნეთში გადაყვანას, "სპეციალურად ამისთვის მისცეს იარაღი, მერე კი ადრევე დაუნაღმეს გზა და ალყაში მოაქციეს". "ეს სპეცოპერაცია იყო მხოლოდ პოლიტიკური რეკლამა და სხვა არაფერი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებში ამ სპეცოპერაციით პოლიტიკური პიარი გაიკეთა. არანაირი მოლაპარაკება მძევლების გაცვლის შესახებ არ ყოფილა. ეს იყო სააკაშვილის წინასაარჩევნო პიარი, ამისთვის გაიმეტეს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე", - აცხადებს უმარ იდიგოვი და აქვე განმარტავს, რომ პანკისელ ახალგაზრდებს იარაღი ბაჩო ახალაიამ მისცა. რაც შეეხება სპეცოპერაციის დროს დაჭრილ ახმედ ჩატაევს, იდიგოვის თქმით, ის ციხის საავადმყოფოშია, ფეხის ამპუტაცია კი "სპეციალურად გაუკეთეს, რომ საავადმყოფოში წოლილიყო და არჩევნებამდე არ ალაპარაკებულიყო".

ტელეკომპანია "იმედი" ბადრი პატარკაციშვილს ოჯახს უბრუნდება. "იმედის" ინფორმაციით, ამის შესახებ პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებაშია ნათქვამი. "ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მოხარულია იმით, რომ მან მიაღწია შეთანხმებას ტელეკომპანია "იმედის" დღევანდელ მფლობელებთან ოჯახისთვის ტელეკომპანიის გადაცემასთან დაკავშირებით. ოჯახისთვის "იმედის" გადაცემის პროცესი დაიწყო და ჩვენ არ დავიშურებთ ენერგიას, რომ "იმედი" იყოს მაღალპროფესიული და ობიექტური არხი", - ნათქვამია პატარკაციშვილების ოჯახის განცხადებაში.

პოლიტიკურ გაერთიანებებს ფინანსური აუდიტის მიზნით, "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად , სერტიფიცირებული აუდიტორებისთვის მიმართვის უფლების გამოყენების შესაძლებლობა 2013 წლის 1-ელ ივნისამდე გადაეწიათ. ცვლილება გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" ბრძანებაში ასახა. კერძოდ, პარტიებს სერტიფიცირებული აუდიტორებისთვის მიმართვის შესაძლებლობა 1-ელ ნოემბრიდან ეძლეოდათ. გენერალური აუდიტორის ბრძანების გათვალისწინებით კი, ისინი ამ უფლებით 2013 წლის 1-ელი ივნისიდან ისარგებლებენ. კანონით პარტია უფლებამოსილია თავისი საქმიანობის ფინანსური აუდიტის განხორციელების მიზნით მიმართოს ნებისმიერ დამოუკიდებელ აუდიტორს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილ სტანდარტებს აკმაყოფილებს. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის უფლება ენიჭება კანონმდებლობის შესაბამისად აუდიტორული საქმიანობის უფლების მქონე პირს (აუდიტური ფირმას), რომელსაც აუდიტორული საქმიანობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება აქვს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31