ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
8-14 ოქტომბერი
16 ოქტომბერი, 2012 წ.
განმეორებითი მაჟორიტარული არჩევნები „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვებით დასრულდა

15 ოქტომბერს საქართველოს სამი საარჩევნო ოლქის (გორი, ხაშური, სიღნაღი) 11 უბანზე განმეორებითი მაჟორიტარული არჩევნები ჩატარდა. ცესკოს თქმით, არჩევნები თითოეულ უბანზე, განსაკუთრებული ექსცესების გარეშე, მშვიდ გარემოში და სრული გამჭვირვალობის პირობებში წარიმართა. ამომრჩეველთა აქტივობამ 32,9 % შეადგინა.

წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხაშურში სულ 52 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა, 43 უბნის მონაცემებით, რომელთა შედეგები ლეგიტიმურად პირველივე ეტაპზე გამოცხადდა, 53 პროცენტით ლიდერობდა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ სერგო ქიტიაშვილს კი 37 პროცენტის მხარდაჭერა ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყარმდე ერთი დღით ადრე სერგო ქიტიაშვილმა კანდიდატურის მოხსნის შესახებ გააკეთა განცხადება, მოტივად კი ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდან ზეწოლა დაასახელა. განმეორებითი არჩევნების ჩატარების მთავარ მოტივად ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმაც იგივე მიზეზი დაასახელეს, რამაც მათი აზრით, არჩევნების გამჭირვალედ და სამართლიანად ჩატარებას შეუშალა ხელი. საუბრისას არც მაჟორიტარს და არც მაჟორიტარობის კანდიდატს ის ექსცესები არ უხსენებია, რომელიც არჩევნების დღეს ზონდერ ბრიგადების გამოჩენას და მათ შემდგომ ქმედებებს მოჰყვა.

მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის გადაწყვეტილების მიუხედავად, ხაშურში განმეორებითი არჩევნები მაინც ჩატარდა. ცესკოს სპიკერის ეკა აზარაშვილის თქმით, "ყველა კანდიდატს აქვს უფლება განაცხადოს კანდიდატურის მოხსნის თაობაზე, თუმცა ვინაიდან დადგენილი ვადები ამოწურულია, საარჩევნო ბიულეტენზე მისი გვარი მაინც იქნებოდა ასახული".

განმეორებით არჩევნებში ხაშურის ცხრა უბანზე რეგისტრირებულ 10.381 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა დაახლოებით 28 პროცენტმა, 2929 ადამიანმა მიიღო. მათმა 91.8 პროცენტმა მხარი ვალერი გელაშვილის კანდიდატურას დაუჭირა. "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სერგო ქიტიაშვილს კი 112 ხმა ერგო.

რაც შეეხება დანარჩენ ორ ოლქს, №32 გორის საარჩევნო ოლქის - №4 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1415 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 429 ადამიანმა მიიღო. აქედან "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მალხაზ ვახტანგაშვილს ხმა მისცა 397 ადამიანმა, ხოლო "ნაციონალების" კანდიდატ გიორგი ტატიშვილს 32 ადამიანის მხარდაჭერა ჰქონდა მხოლოდ.

სიღნაღის #5-ე საარჩევნო უბანზე კი ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა გელაშვილმა 527 ხმა მიიღო , "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ლევან ბეჟაშვილმა კი - 86. საუბნო კომისიამ 10 ბიულეტენი ბათილად ცნო. სულ კენჭისყრაში მონაწილეობა 623 ამომრჩეველმა მიიღო.


ახალი მთავრობის შემადგნელობის ძირითადი ნაწილი უკვე ცნობილია

8 ოქტომბერს კოალიცია "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის მომავალი შემადგენლობიდან უმრავლესობა დაასახელა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი; თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ალასანია (ამავე დროს ვიცე-პრემიერი); იუსტიციის სამინისტრო - თეა წულუკიანი; სასჯელაღსრულების სამინისტრო - სოზარ სუბარი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - კახა კალაძე (ამავე დროს მეორე ვიცე-პრემიერი). სოფლის მეურნეობის სამინისტრო - დავით კირვალიძე; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო - ლევან ყიფიანი; საგარეო საქმეთა სამინისტრო - მაია ფანჯიკიძე; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - გურამ ოდიშარია; ჯანდაცვის სამინისტრო - ამირან გამყრელიძე. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - კოტე სურგულძე; ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი - რევაზ შავიშვილი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - ნოდარ ჯავახიშვილი; გენერალური პროკურორი - არჩილ კბილაშვილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი - მაია მიმინოშვილი. პარლამენტის თავმდომარე დავით უსუფაშვილი იქნება, ხოლო თინა ხიდაშელი სპეციალურ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას უხელმძღვანელებს.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ლინკოლნ მიტჩელი საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებულ ახალი მთავრობის წევრებს დადებითად ახასიათებს. მიტჩელის თქმით, წინა მთავრობისგან განსხვავებით "ესენი მუშტებზე არ იყურებიან, წყნარი და გაწონასწორებული ხალხია". "ვფიქრობ, ისინი თავიანთ წინამორბედებზე უფრო ეფექტურები იქნებიან. ეს არ არის ხალხი, რომელთაც იდეოლოგიური მოტივები ამოძრავებთ, მათ არ აწუხებთ ხელისუფლებაში დარჩენის მანია და არ ჭირდებათ ყოველი ქვის ქვეშ რუსეთის ხრიკები ეძებონ. მსგავსმა პოლიტიკამ სააკაშვილის მთავრობას ხელი შეუშალა მიეღწია საგარეო პოლიტიკაში დასახული მიზნებისათვის", - ამბობს მიტჩელი რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტთან საუბრისას.

ამ დროისთვის ჯერ კიდევ ვაკანტურია შვიდი პოსტი: ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი, ასევე - გარემოს დაცვის, ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატები. არაფერი თქმულა დასაქმების სახელმწიფო მინისტრის შესახებ. სავარაუდოდ, ეს თანამდებობა და შესაბამისი უწყება საერთოდ გაუქმდება.

მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის პირველი შეხვედრა შედგა

9 ოქტომბერს კოალიციის ლიდერისა და საქართველოს პრეზიდენტის პირველი შეხვედრა შედგა. საუბარმა 40 წუთს გასტანა და ქვეყნის სამომავლო გეგმებს და საგარეო პოლიტიკის კურსს შეეხო. "ჩვენი სწრაფვა იქნება განუხრელად ევროპისკენ და საქართველო მოახერხებს გახდეს ნატოს წევრი. კარგია, რომ ჩვენ მოვახერხეთ შეხვედრა“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. კოალიციის ლიდერის თქმით, მისმა გუნდმა ხელისუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვლის პრეცედენტი შექმნა და შეძლო ოპონენტების უღირსი საქციელისთვის ღირსეული პასუხი გაეცა. “ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, ჩვენი კულტურა“ - აღნიშნა მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

"ჩვენ ყველას გვაქვს ისტორიული შანსი, რომ სერიოზულად წავიწიოთ წინ ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. დეკემბერში არის ნატო-ს მინისტერიალი, სადაც შესაძლებელი იქნება, მიიღონ ახალი გადაწყვეტილებები და ამის თაობაზე მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს. ჩვენ გვმართებს, ერთად მუშაობა, მათ შორის არჩევნების შედეგად მოსულ კოალიციასთან, რომ წავიწიოთ ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით წინ. მე მზად ვარ, როგორც პრეზიდენტი, ჩემი საპრეზიდენტო შემდგომი ერთი წლის განმავლობაში, ყველაფერი გავაკეთოთ იმიტომ, რომ ახლა ამ არჩევნების ფონზე, როდესაც ყველამ ეს არჩევნები დემოკრატიის ნიმუშად აღიარა, ჩვენ გვაქვს ეს შესაძლებლობა. საქართველოს დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად, როგორც არასდროს, საჭიროა ევროატლანტიკური კურსის გაძლიერება. ამ კურსს არ აქვს ალტერნატივა ქვეყნის მომავლისთვის", -განაცხადა სააკაშვილმა ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. ამასთან მან აღნიშნა, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პრაღაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიაზე პირადად მიიწვია, სადაც მიხეილ სააკაშვილი მთავარ გამომსვლელად წარსდგება.

ხელისუფლების ნებაყოფლობითი გადაბარების „შეხმატკბილებული“ პროცესი გრძელდება


ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მიღწეული კონსესუსი, ქართველი ხალხის ნების პატივისცემა და მარცხის ღირსეულად აღიარება - ეს არჩევნების მეორე დღიდანვე მმართველი პარტიის მთავარ მესიჯად იქცა. წინა კვირას დაწყებული შეხვედრები ამ კვირას კიდევ მეტი ინტენსივობით გაგრძელდა. საკადრო პოლიტიკის ფორმირება, ქვეყნის საშინაო თუ საგარეო კურსი, სოციალური აქცენტები, რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების აუცილებლობა, არსებული ხარვეზებსა და სწორ მიმართულებებზე გაკეთებული აქცენტები ქართული რეალობისთვის უცნაურად შეხმატკბილებული პოლიტიკოსების საჯარო გამოსვლების და დისკუსიების მთავარი თემები გახლდათ.

სამუშაო ჯგუფების შეხვედრა, კონსულტაციები კოალიციის ლიდერთან ამ კვირასაც გაგრძელდა. კოალიციის ლიდერს პრეზიდენტის დავალებით შეხვდა უშიშროების საბჭოს მდივანიც.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს უსაფრთხოების დაცვისა და ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის შენარჩუნების საკითხებში "ქართულ ოცნებასთან" თანაშრომლობა მჭიდრო იყოს" , განაცხადა ბოკერიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. “ჩვენს გუნდებს შორის არსებობს ძალიან სერიოზული და ფუნდამენტური განსხვავებები და ეს განსხვავებები არსად არ გამქრალა და ალბათ, არც მომავალში გაქრება, მაგრამ რაც შეეხება ქვეყნის უსაფრთხოებას და საგარეო საფრთხეებისგან მის დაცვას, ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის სვლის კურსის შენარჩუნებას და გამყარებას, ამ საკითხში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი თანაშრომლობა იყოს მჭიდრო და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. მისივე განმარტებით, კურსის შენარჩუნების თაობაზე ის "ქართული ოცნების" პოზიციას მიესალმება. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილთან მისი შეხვედრის იდეა სამუშაო ჯგუფების კონსულტაციებისას დაიბადა.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით კი, ისინი ოპოზიციას სავსე ბიუჯეტს უტოვებენ. „ საქართველოს აქვს იმხელა რესურსები ბიუჯეტის, როგორც არასდროს არ ჰქონია ისტორიაში. სხვა რომ არაფერი შექმნან და უბრალოდ ეს რესურსები იქნას გამოყენებული, ძალიან ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება. საქართველოს ბიუჯეტი არის სავსე, როგორც არასდროს. ამიტომ ახლა უნდა მოხდეს ამ ბიუჯეტის გადაბარება, მისი ქართველი ხალხისთვის, განვითარებისთვის მოხმარება. უნდა გაგრძელდეს ასევე საგარეო-პოლიტიკური, ევროატლანტიკური კურსი. ჩვენ ამას ყველანაირად შევუწყობთ ხელს. პოლიტიკოსებიც უნდა მიხვდნენ, რომ საარჩევნო კაპმანია დამთავრდა. აიღონ თავის თავზე პასუხისმგებლობა და მოვეშვათ საარჩევნო რიტორიკას, აგრესიას, რაღაც სხვა გამონათქვამებს. რეალურად დავიწყოთ იმაზე მუშაობა, რასაც ხალხმა არჩევნებზე მისცა ხმა - ეს არის პროგრესი საქართველოს და თითოეული ქართული ოჯახის",-განაცხადა სააკაშვილმა.

სანამ კიდევ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები საკუთარი საამაყო მიღწევების გადაბარებით არიან დაკავებულები, ოპოზიცია თითქმის ყველა სფეროში რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს. სოზარ სუბარის აზრით, პენიტენციალურ სისტემაში გაცილებით უარესადაა საქმე, ვიდრე წარმოგვედგინა, კოალიციის წევრების თქმით კი გადასახადებიც ხელოვნურადაა გაზრდილი და ფასებიც მედიკამენტებსა თუ სურსათზე ბევრად მაღალია შესაძლებელზე. მართალია, ფარმაცევტულ პროდუქტებსა და საწვავის ფასების კლება არჩევნების შემდეგ უკვე შეინიშნება, მაგრამ როგორც ახალი უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რეალური რეფორმების განხორციელება 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ დაიწყება. მაია ფანჯიკიძის თქმით, არსებობს კონკრეტული გეგმაც, რომლითაც ისინი, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებასაც შეძლებენ.

სხვადასხვა

ნატო-ს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ბიძინა ივანიშვილს 9 ოქტომბერს ტელეფონით ესაუბრა და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქში", ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. რასმუსენმა აღნიშნა, რომ ამ არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი წარმატებით ჩააბარა. მხარეებმა ნატო-საქართველოს შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების იმედი გამოთქვეს. ნატოს გენერალური მდივანი ამავე დღეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც ესაუბრა და ქვეყნის პირველ პირთან და მომავალ პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრის შესახებ ტვიტერის საკუთარ გვერდზე კომენტარიც გააკეთა. „ ახლახან დავურეკე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ორივე ლიდერს მივულოცე... ვულოცავ საქართველოს ახალ ხელმძღვანელობასა და ქართველ ხალხს თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტუნარიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ნატო მზად არის, კვლავაც დაეხმაროს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებში. ველით და მზად ვართ კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

"ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის არჩევნებზე ბევრად მეტია საჭირო." ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში თომას მელიამ ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში დისკუსიის დროს განაცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, მუდმივი რეფორმების პოლიტიკა ხელს შეუწყობს საქართველოს მეტი სარგებელი მიიღოს მოვლენათა ამ "იმედისმომცემი განვითარებიდან".

სერგეი ლავროვი ნატოს მიეწ წაყენებული მოთხოვნით, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ეხება, უკმაყოფილოა. მისი თქმით, ნატო თავის სასარგებლოდ ხელს უწყობს ევროპაში შეიარაღების მხრივ დისბალანსის გამძაფრებას, რუსეთისგან კი "ევროპაში შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების" პირობების შესრულებას მოითხოვს, მაშინ, როცა რუსეთი ამ ხელშეკრულებიდან 2007 წელს გამოვიდა. ევროპაში შეიარაღების კონტროლის ახალი ხელშეკრულების დადების ერთ-ერთ წინაპირობად კი, ლავროვის თქმით, ნატო რუსეთისაგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას მოითხოვს. "ახლა, როცა ჩვენი პარტნიორები ნატოდან შეიარაღებაზე კონტროლის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობენ, ისინი მოითხოვენ ჩვენგან არამარტო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას 2008 წლისთვის არსებულ ფარგლებში, არამედ ჩვენს დაბრუნებას "ევროპაში შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების" ფარგლებში, მაშინ, როცა თვითონვე მოახდინეს ამ ხელშეკრულების საბოტირება", - განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ ნატოს მიერ წამოყენებული მოთხოვნები "ყოვლად არარეალურია, რის გამოც აზრი ეკარგება ნატოსთან ერთობლივ მუშაობას შეიარაღებაზე კონტროლის დაწესების საკითხში".

საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2011 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ორი საფინანსო შეთანხმება გაფორმდა. სამინისტროს ინფორმაციით, საფინანსო შეთანხმებების ბიუჯეტი 23 მილიონ ევროს შეადგენს და ის გულისხმობს: 1. სექტორული პოლიტიკის მხარაჭერის პროგრამას "იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიმღები თემის მხარდასაჭერად" \'ე2\'80 19 მილიონი ევრო; 2. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროგრამას - 4 მილიონი ევრო. ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი. დოკუმენტებს ევროკომისიის სახელით, ბრიუსელში უკვე მოაწერა ხელი ევროკომისიის განვითარებისა და თანამშრომლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა მარკუს კორნარომ.

საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი შეერთებულ შტატებს ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში ეწვევა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, თომას მელიამ განაცხადა. მისივე თქმით, ივანიშვილის ვაშინგტონური ვიზიტის განხილვა კოალიციის ლიდერებთან შეხვედრის დროს მოხდა. ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვევა არჩევნების დამთავრებისთანავე მიიღო, მაგრამ გადაწყვიტა ვიზიტი ნოემბრამდე გადაედო.

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებისთვის სატელეფონო საუბრისას მადლობა გადაუხადა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კანონდარღვევებთან და მის მიერ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწვეტილებებთან დაკავშირებული მასალები პარლამენტსა და მთავარ პროკურატურას რეაგირებისათვის გადაეგზავნება. ამის შესახებ განცხადება კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის" წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელ ექსპერტთა საინიციატივო ჯგუფმა 12 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს და ყურადღება წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიებისთვის ხელოვნურად შექმნილ კანონდარღევებზე გაამახვილეს.

პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, მთელ რიგ უმაღლესი თანამდებობის პირებს თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ერთი წლის განმავლობაში, შესაძლოა დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება შეუნარჩუნდეთ. ამის შესაძლებლობას საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებაში შეტანილი შესაბამისი შინაარსის დამატება იძლევა.

ბათუმის საკრებულოს წევრი "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდან" ვაჟა ვერულიძე პარტიას გაემიჯნა. ვერულიძის თქმით, მისი გადაწყვეტილების საფუძველი პარტიაში განვითარებული მოვლენები გახდა. "ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს გადაწყვეტილებას არავითარი კავშირი არ აქვს ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან და დამდგარ შედეგთან. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა, განსაკუთრებით ბოლო თვენახევრის განმავლობაში პარტიაში განვითარებული მოვლენები და მისი ანალიზი... მე ვრჩები უმცირესობაში დამოუკიდებელ დეპუტატად", - აღნიშნა ვაჟა ვერულიძემ.

გარკვეულმა ჯგუფებმა ქვეყანაში არსებული გარდამავალი პერიოდით ისარგებლეს, - ამის შესახებ შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა ზღულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში დანაშაულებები ყოველთვის ხდებოდა და ქვეყანაში არსებული გარდამავალი პერიოდით ადამიანების გარკვეულმა ჯგუფებმა ისარგებლეს. როგორც ზღულაძემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში მომხდარი კრიმინალური ფაქტების გამოძიება გრძელდება და უკვე გახსნილია თბილისში ერთი ყაჩაღობის საქმე, ასევე სამეგრელოში ქურდობის საქმე. "ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება", - განაცხადა ეკა ზღულაძემ.

ტყიბულში მინდელის სახელობის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მაღაროელები ადმინისტრაციისგან მოითხოვენ არსებული ხელფასების შენარჩუნებას, რადგან აქვთ ინფორმაცია, რომ მათი ხელფასების შემცირება იგეგმება. ასევე, ისინი მოითხოვენ სამომავლოდ ხელფასების ზრდას და მათი უფლებების დაცვას. მაღაროელების კიდევ ერთი მოთხოვნა დაზღვევის პაკეტსა და დაგეგმილი შემცირებების დაუშვებლობას ეხება. გაფიცულებს ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი ელისო ჩაფიძე ხვდება.

საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის უკვე ყოფილმა ხუთმა წევრმა საკრებულოში ახალი ფრაქცია „თავისუფლება“ შექმნა, რომელიც იდეოლოგიურად კოალიცია "ქართულ ოცნების" პოლიტიკურ პლატფორმას შეუერთდა. ამის შესახებ საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქციის წარმომადგენლებმა განაცხადეს. ფრაქციის ერთ-ერთი წევრის მერაბ რაფავას თქმით, ის არის საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი და ვერ იქნება საკუთარი მოსახლეობის ოპოზიციაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის ფინანსურ ანგარიშებში უზუსტობები აღმოაჩინა. აუდიტის სამსახურის თქმით, საარჩევნო პარტიების ფონდების ფინანსური ანგარიშების შემოწმებისას 10-მდე ტექნიკური ხასიათის ხარვეზი იქნა აღმოჩენილი. დარღვევების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმართავს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომელთაც არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 1 თვის განმავლობაში წარმოსადგენი აქვთ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშგების ფორმები, გაითვალისიწინონ შეცდომები, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს მსგავსი ტიპის დარღვევების არსებობა.

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერის კახა კუკავას თქმით, პარტია აქტიურად გააგრძელებს მონაწილეობას ქვეყნის, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. მისივე თქმით, "თავისუფალი საქართველო" საქმიანობას უცვლელი გუნდით განაგრძობს.

"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია მონაწილეობის მიღებას მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც აპირებს. „ჩვენ ყველა არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას. ზოგჯერ ჩვენს კანდიდატურას დავაყენებთ, ზოგჯერ კი კოლეგებთან ერთად ვიბრძოლებთ", - აღნიშნა "ქართული დასის" ლიდერმა.

არჩევნების შედეგები, ხარვეზების მიუხედავად, დიდი ალბათობით ასახავს ქართველი ხალხის ნებას, - ამის შესახებ "ღია დემოკრატიის კომიტეტის" განცხადებაშია ნათქვამი. ხუთი თვის მანძილზე საქართველოში გრძელვადიანი საარჩევნო დაკვირვების ჩატარების შემდეგ, "ღია დემოკრატიის კომიტეტს" მიაჩნია, რომ საქართველოში 1-ელ ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებში ხარვეზია - ძირითადად მაჟორიტარულ უბნებზე - ამომრჩეველთა სიაში პრობლემების, კარუსელებისა და დაშინების გამო. თუმცა, ამ ხარვეზების მიუხედავად, არჩევნების შედეგები დიდი ალბათობით ასახავს ქართველი ხალხის ნებას. "ღია დემოკრატიის კომიტეტის" დასკვნა ეფუძნება არჩევნების დღეს ინტენსიურ დაკვირვებასა და აპრილის შემდეგ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს. "ღია დემოკრატიის კომიტეტი" მოუწოდებს ცესკო-ს, სათანადოდ და ეფექტურად, ასევე დროულად გააკეთონ ანგარიში არჩევნების შესახებ. "ღია დემოკრატიის კომიტეტი" ასევე მოუწოდებს საარჩევნო პროცესის მონაწილეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ემოციების გარეშე და დემოკრატიულად გამოხატონ საკუთარი აზრი და პრობლემები კონსტრუქციული დიალოგის გზით მოაგვარონ.

"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი" საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტ ვახო სანაიას დათხოვნას აპროტესტებს და მაუწყებელს ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც ფონდის განცხადებაშია აღნიშნული, 2011 წლის აპრილიდან მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით, "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" ინიციატივითა და თანადაფინანსებით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი სატელევიზიო არხის ეთერში გადიოდა გადაცემა "ევროპული არჩევანი", რომლის წამყვანი ვახო სანაია იყო. ფონდისა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად, ეთერში უნდა გასულიყო 56 გადაცემა. "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი დირექტორის ბატონი გიორგი ჭანტურიას 2012 წლის 9 ოქტომბრით დათარიღებული წერილის საშუალებით, "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა" შეიტყო გადაცემის "ევროპული არჩევანი" წამყვანის ვახტანგ სანაიას გათავისუფლების შესახებ. ფონდსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის არსებული ხელშეკრულების პირობების საწინააღმდეგოდ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ცალმხრივად, ფონდთან ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ცვლილება შეეტანა სატელევიზიო პროექტის მსვლელობაში. წამყვანის გათავისუფლება/შეცვლა განსაკუთრებით გაუმართლებლად მიგვაჩნია მაშინ, როდესაც პროექტის ფარგლებში მოსამზადებელი დარჩა 7 გადაცემა", - აცხადებენ ევრაზიის ფონდში. ფონდის წარმომადგენლების განცხადებით, სანაიას დათხოვნის შესახებ შეუთანხმებელმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა პრობლემები, კერძოდ, მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვა და შრომითი კანონმდებლობის დახვეწის აუცილებლობა. "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი" ურჩევს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ თანამშრომლებს, მიმართონ ფონდისა და ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში შექმნილ ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, რათა დაიცვან თავიანთი შრომითი და სხვა უფლებები. თავის მხრივ, ფონდი განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ცვლილებები მედიის დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და შრომის კოდექსის გაუმჯობესების მიზნით", - აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.

თბილისის "ჰელსინკის ჯგუფმა" 167 პირი პოლიტიკურ პატიმრად სცნო. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში უფლებადამცველებმა პრესკონფერენცია გამართეს. თბილისის "ჰელსინკის ჯგუფის" თავმჯდომარის ლალი აფციაურის განცხადებით, ჯგუფმა ასევე პოლიტიკური ნიშნით დევნილად ცნო 12 პირი, რომლებიც ამჟამად ძებნაში იმყოფებიან. ჯგუფმა პოლიტიკურ პატიმრებად ცნო საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ბიწაძე, ბიძინა გიორგობიანი, ნორა კვიციანი, ზურაბ შალიკიანი. "პოლიტიკური პატიმრების საქმეების შემსწავლელი კომისიის არსებობა აუცილებელი გახდა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, როდესაც პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნას პერმანენტული ხასიათი ჰქონდა", - განაცხადა ლალი აფციაურმა. მისივე თქმით, სიაში არიან გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებული პირები: იგორ გიორგაძის საქმე, 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2009 წლის 9 აპრილის მოვლენები, მუხროვანის ინციდენტი, 2011 წლის 26 მაისის მოვლენები და ყინწვისის საქმე. უფლებადმცველების თქმით, პირების პოლიტიკურ პატიმრად ცნობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი კრიტერიუმებით მოხდა. თბილისის "ჰელსინკის ჯგუფი" პატიმრების საქმეს 2009 წლიდან ინდივიდუალურად განიხილავს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის თქმით, პოლიტიკურ პატიმართა სია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეცემა. "ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს პოლიტიკოსების მიერ სამოქალაქო საზოგადოების დევნა და შევიწროება. სასწრაფოდ მივითხოვთ, რომ ნებისმიერი კანონიერი მეთოდით გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაში მყოფი პირები", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

"ტელეარხი 25" არჩევნებამდე გაიყიდა, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ ახლა გახმაურდა. როგორც ტელეარხის დამფუძნებელი და მესაკუთრე, მერაბ მერკვილაძე "ფეისბუქზე" წერს , სანოტარო აქტი რამდენიმე თვის წინ შედგა, მაგრამ ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდი იყო და ტელევიზიის გასხვისება საზოგადოების დაეჭვების საბაბი გახდებოდა, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ინფორმაცია არჩევნებამდე არ გახმაურებულიყო.“ ამ ტელევიზიამ საკუთარ თავზე გადაიტანა ყველა ის სირთულე, რასაც საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები განაპირობებდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ შევძელით, რომ არხი არ გამხდარიყო პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. მიზეზი, რის გამოც ტელევიზიის გაყიდვის გადაწყვეტილება მივიღეთ, სწორედ კომერციული ინტერესებით იყო განპირობებული. სხვა ფაქტორებიც არსებობდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად რენტაბელურობისა, არხის ფინანსური პოტენციალი ვერ ვითარდებოდა მისი სწრაფად მზარდი ტექნიკურ-შემოქმედებითი შესაძლებლობების შესაბამისად",-განაცხადა მერკვილაძემ.

გლდანის საპყრობილეში გადაღებული ფარული ვიდეოჩანაწერის ერთ-ერთი ავტორი, გლდანის N8-ე საპყრობილის ოფიცერი დავით აკობია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ დავით აკობია 19 სექტემბერს, გამთენიისას, საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სადახლოს საბაჟოზე დააკავეს.

კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" ე.წ. "სამართლიანი სამართლებრივი სისტემის" კონცეფციის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის სურვილს და მზადყოფნას გამოთქვამს. "ქართული საზოგადოება გახდა ხელისუფლების არჩევნების გზით, მშვიდობიანად გადაცემის მომსწრე, რამაც განსაკუთრებული მოლოდინები წარმოშვა დემოკრატიული პროცესების ახლებურად წარმართვის კუთხით. რამდენადაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მიმდინარეობს ე.წ. "სამართლიანი სამართლებრივი სისტემის" კონცეფციის ჩამოყალიბება, რომელიც ასევე მოიაზრებს სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხებს. ჩვენ მივესალმებით აღნიშნულ ინიციატივას და აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით უნდა წარიმართოს", - ნათქვამია განცხადებაში.

საია თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ფონდების საქმიანობის გამჭვირვალობას ითხოვს. ორგანიზაციის წარმომადგენლების აზრით, აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია საბიუჯეტო რესურსების განკარგვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საია თბილისის მერიას მიმართავს, გაასაჯაროოს 2005-2011 წლებში ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ თბილისის მთავრობაში წარდგენილი ანგარიშები. "მიგვაჩნია, რომ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის შესახებ ქართული მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს კიდევ ერთ საფუძველს, რათა სხვადასხვა ფონდიდან, წლების მანძილზე ბიუჯეტიდან გადაცემული თანხების ხარჯვის კანონიერებისა და მიზნობრიობის საკითხით შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები დაინტერესდნენ. უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, სრულყოფილად და დროულად შეისწავლოს მსგავსი ფონდების საქმიანობა და მოახდინოს კანონით გათვალისწინებული რეაგირება", - აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

ახალი საპარლამენტო უმრავლესობა სულ მცირე, 3-4 ფრაქციით იქნება წარმოდგენილი, ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერმა "რესპუბლიკელმა" ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ფრაქციის ფორმირების პრობლემა არ აქვს "რესპუბლიკურ პარტიას", "თავისუფალ დემოკრატებს" და "ქართულ ოცნებას-დემოკრატიულ საქართველოს". მისი აზრით ფრაქციის შექმნას შესძლებენ "კონსერვატორებიც". რაც შეეხება კოალიციაში წარმოდგენილ კიდევ ორ პოლიტიკურ სუბიექტს, "ეროვნულ ფორუმსა" და "მრეწველებს", ამ ეტაპზე მათ დამოუკიდებელი ფრაქციების შესაქმნელად დეპუტატთა საჭირო რაოდენობა არ ჰყავთ, თუმცა დარწმუნებულია, რომ პარლამენტში "გარკვეული გადაადგილებები დაიწყება და ეს ორი პოლიტიკური სუბიექტიც იპოვიან მაჟორიტარებს, რომლებთან ერთადაც უმრავლესობის ფარგლებში საპარლამენტო ფრაქციების ფორმირებას შესძლებენ".

ინგა გრიგოლიამ საკრებულოს დატოვების თაობაზე ოფიციალური განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაალ სამადაშვილს დღეს მიმართა. რაც შეეხება ტელეკომპანია "მზეში" მის გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, გრიგოლიას განცხადებით, თავის დროზე ტელეკომპანია "მზე" სწორედ ვანო ჩხარტიშვილთან ერთად გაკეთდა. "იმით მომწონს ეს წინადადება, რომ ეს ტელევიზია თავის დროზე ჩვენ გავაკეთეთ და ამდენად, ამ კუთხით არის ჩემთვის ძალიან საინტერესო. თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერი არ მაქვს",-დასძინა გრიგოლიამ.

მედიაკავშირ "ობიექტივის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი განცხადებას ავრცელებს. "მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის კანდიდატთა გვარები დაასახელა, მიკავშირდებიან ჩემი კოლეგები და ინტერესდებიან,- აქვს თუ არა კავშირი პატიმრების წამების ფაქტების გამომზეურებასთან ბატონ კოტე სურგულაძეს და ბატონ სოზარ სუბარს. დღის მანძილზე ტელეფონითა და სკაიპით 70-ზე მეტი ადამიანი დამიკავშირდა, ამიტომ იძულებული ვარ, გავაკეთო საჯარო განმარტება: ბატონ კოტე სურგულაძეს არავითარი კავშირი არ ჰქონია და არა აქვს ამ საქმესთან. მე მას არ ვიცნობ და არასდროს შევხვედრივარ. ბატონ სოზარ სუბარს დიდიხანია ვიცნობ. მასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ბატონ სოზარსაც ხსენებულ საქმესთან არავითარი კავშირი არა აქვს, რასაც თავადაც დაადასტურებს. ემიგრაციაში მყოფი ჩემი ახლო მეგობრებიდან ამ საქმეში (ადრე დასახელებული პირების გარდა) აქტიურად მონაწილეობდა ვახტანგ ბეგიაშვილი, რომელიც ამ პერიოდში ჟენევაში ცხოვრობდა და მუშაობდა იქ განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამ საქმესთან დაკავშირებით ხშირად ჩამოდიოდა ბრიუსელში. არაერთგზის შეხვედრია ბატონ ბედუკაძესაც და მის ადვოკატსაც",-აღნიშნულია ირმა ინაშვილის განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31