ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
2-7 ოქტომბერი
16 ოქტომბერი, 2012 წ.
ოპოზიციიდან ხელისუფლებამდე და პირიქით

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ ხმების 54,85%, ნაციონალურმა მოძრაობამ კი 40,43% მიიღო. 39 მაჟორიტარულ ოლქში კოალიციის, 33-ში კი - მმართველი პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პარლამენტში 83 მანდატი "ქართულ ოცნებას" ერგება, "ნაციონალურ მოძრაობას" - 67. სხვა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა კი ბარიერის გადალახვა საერთოდ ვერ მოახერხეს. მათ შორის იყო არსებული საპარლამენტო უმცირესობა: ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ახალმა მემარჯვენეებიც. შედეგად, მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა და მის რიგით წევრობას დაყაბულდა, ნაწილობრივ, მსგავსი მომავლის პროგნოზირება სცადა კახა კუკავამაც საკუთარი პარტიისთვის იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების ნდობის მოპოვებას მომავალშიც ვერ შეძლებს. ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერმა ინგა გრიგოლიამ კი პოლიტიკიდან ისევ უკან, ჟურნალისტიკაში გადაინაცვლა.

მართალია, საჩივრების განხილვა ჯერ კიდევ გრძელდება და შესაძლოა, არსებულის მცირედი კორექტირებაც მოხდეს, მაგრამ შედეგების მხრივ, რადიკალური ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია. ფაქტი ერთია: ოპოზიციამ ხელისუფლებაში და ხელისუფლებამ, პირიქით, ოპოზიციაში გადაინაცვლა. ორი პარტიის ურთიერთმონაცვლეობამ სხვა პარტიები პარლამენტს მიღმა დატოვა. როგორც ჯერ კიდევ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ამბობენ, მათ ოპოზიციაში გადასვლის მენტალური პრობლემები გმირულად დაძლიეს და ახლა ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ ცხელი საარჩევნო კვირა ექსცესებით წარიმართა, ის მაინც მშვიდობიანად დასრულდა. ცალკეულ საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ზონდერბრიგადები, საკუთარი ხმის დასაცავად შეკრებილი მოსახლეობა, საარჩევნო დარღვევების უამრავი ფაქტი, სამართალდამცავთა და ამომრჩეველთა ხელჩართული ბრძოლის მაგალითები და არჩევნების გაყალბების შიშით პროტესტის ყველა ფორმით გამოხატვის მზაობა არჩევნების ასეთ დასასრულს ნამდვილად არ პროგნოზირებდა.

პირველმა ეგიტპოლებმა მმართველი პარტიის თვითდაჯერებულობა სანახევროდ შეარყია, ხოლო ცესკოს პირველადმა მონაცემებმა აიძულა ეღიარებინა, რომ ის დამარცხდა. პრეზიდენტმა არჩევნების არც თუ ისე სასურველი შედეგები საჯაროდ, ოლიმპიური სიმშვიდით აღიარა და ხელისუფლების გადაბარების პროცესის მშვიდად და უმტკივნეულოდ წარმართვისთვის მზაობა გამოთქვა. უკვე ოპოზიციონერმა პრეზიდენტმა ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების საწარმოებლად სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელშიც დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და პავლე კუბლაშვილი ჩართო, ხოლო ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიამ, დავით უსუფაშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და სოზარ სუბარმა წარმოადგინეს. პირველი შეხვედრა 5 ოქტომბერს მედიისთვის დახურულ გარემოში შედგა. რამდენიმე ტელევიზიას პროტოკოლის კადრების გადაღების უფლება მისცეს. მასმედიის საშუალებებისთვის შერჩევითმა მიდგომამ დანარჩენის პროტესტი და მედიის თავისუფლების კუთხით სამომავლოდ არც თუ ისე საიმედო პროგნოზი გამოიწვია.

როგორც ჩანს, შეხვედრამ გართულებების და დაძაბულობის გარეშე ჩაიბარა, რადგან იქედან გამოსული სამუშაო ჯგუფის წევრები ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების პროცესზე კიდევ უფრო დამაჯერებლად საუბრობდნენ და აღნიშნავდნენ, რომ არც ერთი მხარე მეორესთვის გართულებების შექმნას არ ცდილობს.

დავით ბაქრაძის თქმით, მართალია პრეზიდენტს კონსტიტუციით საკუთარი მინისტრთა კაბინეტის შექმნის უფლება აქვს, მაგრამ ის ამ უფლებას არ გამოიყენებს და ამ არჩევანს უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსულ ოპოზიციას დაუთმობს.

აღსანიშნავია, რომ თავად ყოფილი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პირველ რიგში ბიზნეს სექტორსაც შეხვდა და მათ ბიზნესში ჩაურევლობის გარანტიებიც მისცა. შეხვედრის შემდეგ ქართველი ბიზნესმენები დაძაბულ და არახელსაყრელ გარემოზე პირველად ალაპარაკდნენ და ბიზნესის „რენესანსის“ პერიოდის დადგომა იწინასწარმეტყველეს. საუბარი საწვავსა და მედიკამენტებზე ფასების დაკლებასაც შეეხო და ამ მხრივ, მაგალითად, საწვავზე ფასების დარეგულირების კუთხით, პირველი ნაბიჯების გადადმა უკვე მოხერხდა.

შაბათ-კვირას კი შეხვედრები და კონსულტაციები მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით იმართებოდა.

საჩივრების განხილვა გრძელდება


არჩევნების პარალელურად ფუნქციონირებდა მედიაცენტრი, რომლის საშუალებითაც არასამთარობო ორგანიზაციები ჟურნალისტებს არჩევნების მიმდინარეობის შესახებ რეგულარულად აწვდიდნენ ინფორმაციას. ბუნებრივია, დარღვევები დოკუმენტურადაც ფორმდებოდა და ჯერ საოლქო ,შემდეგ საქალაქო სასამართლოებში და ბოლოს ცესკოში განიხილებოდა. საჩივრების უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა, თუმცა რამდენიმე უბნის შედეგები, როგორიცაა, მაგალითად, ხაშურის ოლქი, სადაც ზონდერ ბრიგადების აქტივობები და საარჩევნო ყუთების გატაცებები დაფიქსირდა, ბათილად იქნა ცნობილი. ბათილად გამოცხადდა კიევის საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგებიც. ცესკოს დააკმაყოფილა , მაგალითად, დავით ბეჟუაშვილის სარჩელი თეთრიწყაროს #23 უბანზე შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, თუმცა იგივე რაიონში "თავისუფალი საქართველოს" იმავე შინაარსის მოთხოვნა იმავე სასამართლომ კოდის #40 უბანთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. რამდენიმე უბანზე უკვე დაინიშნა განმეორებითი კენჭისყრა. მარტო "სამართლიანი არჩევნების" მიერ საარჩევნო უბნებზე დარეგისტრირებული საჩივრების რაოდენობამ 66 შეადგინა. აქედან 58 ორგანიზაციამ საოლქო სასამართლოში შეიტანა. 16 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 30 კი - არა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კენჭისყრის დღის დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრები დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის მცდელობას; მარკირებასთან დაკავშირებულ დარღვევებს; საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნას; საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოებას; სხვა პირის ნაცვლად ხმის მიცემას; არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემას/ხმის მიცემის მცდელობას; საარჩევნო სიებთან დაკავშირებულ ხარვეზებს; საუბნო საარჩევნო კომისიებში მასალების ნაკლებობასა და ხმების დათვლის პროცედურის დარღვევებს შეეხებოდა.საჩივრების განხილვა ჯერ კიდევ გრძელდება.

საარჩევნო სუბიერტებს საოლქო კომისიებზე ზეწოლის შეწყვეტისკენ ცესკომ, დიმპლომატიურმა კორპუსმა და უწყებათაშორისმა კომისიამ მოუწოდეს


პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ზეწოლის შედეგად საოლქო საარჩევნო კომისიების ნაწილის შეფერხებით მუშაობაზე ზურაბ ხარატიშვილმა 3 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და მხარეებს მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. "მივმართავ ყველა სუბიქეტს, ვისაც კი რამე პრეტენზია აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან, როდესაც ამხელა ღონისძიება ტარდება ხარვეზები გამორიცხული არ არის. პირობას ვაძლევ ყველას, რომ ცესკოს მხრიდან ადეკვატური და სწრაფი რეაგირება იქნება, თუ ეს პრეტენზიები იქნება სამართლებრივ ჩარჩოში",-აღნიშნა ხარატიშვილმა. მან ხაზი თეთრიწყაროს შემთხვევას გაუსვა და აღნიშნა, რომ საოლქო კომისიის თავმჯდომარეს მიღებული გადაწყვეტილება ღამის 2 საათზე შეაცვლევინეს, მისივე თქმით, ზეწოლა იყო თერჯოლის ოლქშიც, საერთო ჯამში კი ზეწოლა 19 ოლქის კომისიაზე განხორციელდა.

იმავე დღეს ცესკოსთვის მშვიდ გარემოში მუშაობის საშუალების მიცემისკენ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს დიპლომატიურმა კორპუსმაც. „მთავარი მესიჯი მარტივია - ყველა ქართველმა უნდა გაიგოს, რომ ცესკო-მ თავისი საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს. თუ არსებობს რაიმე შეუთანხმებლობა შედეგებთნ დაკავშირებით, ამისთვის არსებობს გადაჭრის ლეგალური გზები", -განაცხადა საფრანგეთის ელჩმა რენე სალენსმა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ფილლიპ დიმიტროვის თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედონ. "იყავით მშვიდად, მიეცით საშუალება ინსტიტუციებს, გააკეთონ თავიანთი საქმე ", -განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა უწყებათაშორისმა კომისიამაც. "ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პრობლემები იკვეთება თერჯოლის, მარნეულის, თეთრიწყაროს, სიღნაღის, ამბროლაურის, მარტვილის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს საოლქო კომისიების ნორმალური ფუნქციონირების მხრივ. კომისიების შენობებთან შეკრებილი აქტივისტები ზეწოლას ახდენენ კომისიის წევრებზე, ზოგჯერ კი მათ მიმართ ძალადობის მუქარას აქვს ადგილი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დაძაბულ ვითარებაში წარიმართა 2 ოქტომბერს თეთრიწყაროს საოლქო კომისიის სხდომა, სადაც ერთის მხრივ, კომისიასთან მობილიზებული იყვნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები, ხოლო მეორეს მხრივ, სხდომაზე იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი, რომელიც აიძულებდა კომისიის წევრებს, გაეუქმებინათ საარჩევნო ოქმები და მხოლოდ ამის შემდეგ დაეტოვებინათ შენობა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს ყველა მხარეს, დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები და შესაძლებლობა მისცენ საოლქო საარჩევნო კომისიებს ნორმალურ და მშვიდ ატმოსფეროში წარმართონ თავიანთი საქმიანობა", - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

„ბრალდებული“ პარტიები კი გარკვეულ საარჩევნო უბნებში არასასურველი შედეგების მიღებაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. კოალიცია მმართველ პარტიას ბრალს არჩევნების გაყალბებაში, ხოლო ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციასა და ამომრჩეველთა ნების ფეხქვეშ გათელვაში სდებდა.

საპროტესტო აქციები და გახშირებული კრიმინალი


არჩევნების შემდეგდროინდელი პერიოდი არანაკლები დაძაბულობით გამოირჩეოდა. მოსახლეობის უმრავლესობას საკუთარი ხმის დაცვა მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი და არასასურველ შედეგებს შესაბამისი აქციებით აპროტესტებდა. განსაკუთრებული მასშტაბურობით გამოირჩეოდა ზუდიდში ირაკლი ალასანიას მხარდასაჭერად გამართული აქცია, რომლესაც არა მარტო ზუგდიდის მოსახლეობა, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ამომრჩეველიც აპროტესტებდა. აქციაზე ჩავიდა შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდიც, რომელიც ზუგდიდის საოლქო კომისიის მუშაობასაც გაეცნო. კვირის განმავლობაში ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებასაც როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე ქართული ოცნების მხარდამჭერთა მხრიდან. დაფიქსირდა მარნეულის გამგეობაში კოალიციის აქტივისტების შეჭრის მცდელობაც, თუმცა ეს უკანასკნელნი საკუთარ ქმედებას ნაციონალების მიერ მათი თანამოაზრეების ცემის და სამართალდამცავების ინერტული დამოკიდებულებით ხსნიან. გახშირდა სხვადასხვა ობიექტების ძარცვის ფაქტებიც. მაგალითად, გაიძარცვა პროკრედიტბანკის და საქართველოს ბანკის ფილიალები, მინიმარკეტი რუსთავში და ა.შ. მოსახლეობაში ამას პოსტარჩევნების პერიოდის სირთულეებით ხსნიან, თუმცა სოციალურ ქსელებში მუსირებს პროვოკაციის ალბათობის ვერსიაც, რომლის თანახმადაც სიტუაციურ სირთულეებს მმართველი პარტია სადავეების შესანარჩუნებლად ქმნის. ტელეკომპანია "მაესტროს" ინფორმაციით, ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარი ყაჩაღობისა და ძარცვის ფაქტების უკან, შესაძლოა, ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტი გია უდესიანი იდგეს. "მაესტროს" რესპონდენტის განმარტებით, უდესიანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის, ძარცვის, ყაჩაღობისა და არეულობის დავალებებს მას პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების სანაცვლოდ აძლევდა.

გახშირებულ კრიმინალურ ვითარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 5 ოქტომბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ეკა ზღულაძესთან და მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავასთან თათბირი გამართა, არსებულს სიტუაციაზე შეშფოთება გამოთქვა და მმართველ პირებს საკუთარი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება დაავალა.

გიორგი ბარამიძეს ცესკოში წარმომადგენლის უფლება შეეზღუდა

ხმაური მოჰყვა ცესკოს მიერ გიორგი ბარამიძისთვის წარმომადგენლის უფლების მინიჭებას. ეს ფაქტი არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ცესკოში რამდენიმე წარმომადგენელმა გააპროტესტეს. კოალიციის იურისტების განმარტებით, ადმინისტრაციებში პარტიების წარმომადგენლების ჩანაცვლება ცესკო-ს მხოლოდ 1-ელ ოქტომბრამდე შეეძლო. განკარგულება კი, რომლითაც გიორგი ბარამიძე საარჩევნო ადმინისტრაციაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გახდა და ზუგდიდის საოლქო კომისიის სხდომას დაესწრო, ადვოკატების ინფორმაციით ცესკომ 3 ოქტომბერს გასცა. კოალიციის იურისტებმა აღნიშნული ფაქტი საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლად შეაფასეს და სასამართლოში გაასაჩივრეს. საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის ჩანაცვლების ფაქტი საია-მ და "სამართლიანმა არჩევნებმაც" გააპროტესტეს და ცესკოს 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებას კანონსაწინააღმდეგო უწოდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ცესკომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მედიასაშუალებებს გადაუმოწმებელი იფნორმაციების გავრცელებისგან თავის შეკავება სთხოვა, ხოლო არასამთავრობოები ცალმხრივი და არაკვალიფიციური კომენტარების გაკეთებაში დაადანაშაულა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავს, მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული შესაბამისი ინფორმაციის თანახმად, ეჭვქვეშ დგება ცესკო-ს მოქმედების კანონიერება, მაშინ როცა საარჩევნო კოდექის 42.6 მუხლით დადგენილია, რომ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს, გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. "აღნიშნული ნორმით საარჩევნო სუბიექტს ეკრძალება წარმომადგენლის გამოწვევა ან შეცვლა მხოლოდ კენჭისყრის დღეს. ეს შეზღუდვა აღარ ვრცელდება კენჭისყრის დასრულების შემდეგ, მით უმეტეს, რომ საარჩევნო კოდექსის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე მონაწილეობა მიიღოს ყველა სხვა სახის არჩევნებში და თავისი შეხედულების შესაბამისად დანიშნოს და შეცვალოს წარმომადგენლები როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში.“ - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადება გააპროტესტეს არასამთავრობოებმა: "სრულიად მიუღებლად და არაეთიკურად მიგვაჩნია ცესკოს მიერ საიასა და "სამართლიანი არჩევნების" კომენტარების მოხსენიება როგორც "ცალმხრივი და არაკვალიფიციური". საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი, როგორც ცესკოს, ასევე ცესკოს აპარატს ავალდებულებს "საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას ტაქტიანად გამოხატოს დასაბუთებული კრიტიკა". ვიმედოვნებთ, რომ ეთიკის კოდექსის თითოეული მოთხოვნა მომავალში ზედმიწევნით იქნება შესრულებული. ასევე, ვერ დავეთანხმებით ცესკოს მიერ შემოთავაზებულ განმარტებას, რომ თითქოს საარჩევნო სუბიექტის უფლება, არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, გულისხმობდეს წარმომადგენლის გამოწვევის ან შეცვლის აკრძალვას მხოლოდ კენჭისყრის დღეს, შემდეგი მიზეზების გამო - ნორმაში გარკვევითაა მითითებული, რომ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული უფლება არჩევნების დღესა და მის შემდგომ აღარ არსებობს. ნორმაში არ არის მითითებული, რომ წარმომადგენლის გამოწვევა ან/და შეცვლა მხოლოდ არჩევნების დღეს იკრძალება; ჩვენს ინტერპრეტაციას მხარს უჭერს ნორმაში გამოყენებული ტერმინიც - საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ასეთად, ამავე მუხლის მიზნებისათვის, მოიაზრება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ყოველ საარჩევნო კომისიაში არაუმეტეს 2 წარმომადგენლის დანიშვნის უფლება აქვთ სწორედ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. აღნიშნული ჩანაწერები, ცესკოს მოსაზრების საპირისპიროდ, მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ საარჩევნო სუბიექტებს წარმომადგენლების დანიშვნა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში შეუძლიათ, რამეთუ არასაარჩევნო პერიოდში არ არსებობს საარჩევნო სუბიექტი, და შესაბამისად, საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობაში უკვე არჩეული პირის წარმოდგენას ყოველგვარი აზრი ეკარგება; რაც შეეხება მითითებას რეგისტრირებული პარტიის/საარჩევნო ბლოკის უფლებაზე მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე მონაწილეობა მიიღოს ყველა სხვა სახის არჩევნებში, კანონი არ აბრკოლებს საარჩევნო სუბიექტებს, საარჩევნო პერიოდში შეუზღუდავად განახორციელონ საკუთარი უფლება წარმომადგენლის დანიშვნის, გამოწვევასა თუ შეცვლასთან დაკავშირებით. საარჩევნო სუბიექტის სტატუსს ეს პირები მოიპოვებენ საკუთარი განცხადების საფუძველზე, რამეთუ საპარლამენტო არჩევნებამდე ყველა სხვა სახის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ავტომატური არ არის და გარკვეული ფორმალობის დაცვას საჭიროებს", - ნათქვამია საიასა და "სამართლიანი არჩევნების" ერთობლივ განცხადებაში.

7 ოქტომბერს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართული ოცნების" სარჩელი დააკმაყოფილა და გიორგი ბარამიძეს საარჩევნო ადმინისტრაციაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის უფლება შეუზღუდა.

საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები


არჩენების მიმდინარეობა შეაფასეს საერთაშორისო ორგანიზაციების წამრმონმადგენლებმაც. ლუკა ვოლონტეს თქმით, ნაკლოვანებების მიუხედავად არჩევნები ძალიან კონკურენტუნარიანი იყო. "ახალ პარლამენტში როგორც უმრავლესობით არჩეულმა, ასევე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა ახლა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და მიმართონ თავიანთი ძალები არსებული ნაკლოვანებების გამოსასწორებლად ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ახალ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა ძალასთან მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებისთვის აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს", - აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა 2 ოქტომბერს „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ჩვენი მისიის შეფასებით, არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობდა. არ შეგვიმჩნევია არც ერთი ინციდენტი, რასაც არჩევნების მიმდინარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეეძლო. არჩევნები საკმაოდ გამჭვირვალედ წარიმართა. ყველა უბანზე იყვნენ მრავალრიცხოვანი დამკვირვებლები და მედიაც პროცესის გაშუქებაში აქტიურად იყო ჩართული. ჩვენ სიხარულით აღვნიშნავთ ამ წინ გადადგმულ ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიისთვის", - განაცხადა პოლონეთის სეიმის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მალგოჟატა გოშიევსკამ.

საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობასა და გამოვლენილ დარღვევებზე 2 ოქტომბერს სასტუმრო "ამბასადორში" პლურალიზმის კავშირის ცენტრის ქსელის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს. აზერბაიჯანელი დამკვირვებელის არიფ გაჯილიას თქმით, თუ წინა არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 80-დან 100%-მდე მერყეობდა, 1 ოქტომბრის საპარალმენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 36-24%, ანუ 13 000 მოსახლიდან 2 000 მოსახლემდე მივიდა. დამკვირვებლებმა ისიც აღნიშნეს, რომ არჩევნებზე ერთდროულად კაბინებში 2-3 ადამიანი შედიოდა, რაც კანონის დარღვევაა. მრავალი დარღვევის დაფიქსირების მიუხედავად, აზერბაიჯანელმა დამკვირვებლებმა არჩევნები მაინც დემოკრატიულად შეაფასეს.

4 ოქტომბერს აშშ-ის სენატორებმა ჯონ მაკკეინმა, ჯო ლიბერმანმა და ლინდსი გრემმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ცხრა წლის განმავლობაში სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით საქართველოს მიღწევებზე ისაუბრეს. „ამ კვირას საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეაფასეს, როგორც ამ ქვეყნის ისტორიაში ჩატარებული ყველაზე სანდო და კონკურენტული, საქართველოს ნამდვილი და შესანიშნავი პროგრესის სრული დადასტურებაა პოსტსაბჭოთა ავტორიტარიანიზმიდან დასავლური დემოკრატიის მიმართულებით... რამდენადაც მნიშვნელოვანი და ისტორიული იყო ამ არჩევნების მიერ მიღწეული შედეგი საქართველოსთვის, იმდენად მნიშვნელოვანი იქნება წინ არსებული პერიოდი მისი მომავლისთვის. ჩვენ ვულოცავთ ბიძინა ივანიშვილს და "ქართული ოცნებას" გამარჯვებას და აღვნიშნავთ პრეზიდენტი სააკაშვილის მიერ დამარცხების ღირსეულად აღიარებას. ეს ისეთი დემოკრატი სახელმწიფო მოღვაწის და საქართველოს პატრიოტის ნაბიჯი იყო, როგორადაც მიშას ყოველთვის ვიცნობდით. მოვუწოდებთ საქართველოს ახლად არჩეულ ლიდერებს, იყვნენ ისეთივე ღირსეულები გამარჯვებაში, როგორიც მათი ოპონენტები იყვნენ დამარცხების შემდეგ", - ნათქვამია განცხადებაში. სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ გამონათქვამების თაობაზე, რომელიც პრეზიდენტი სააკაშვილის გადადგომისკენ მოწოდებას მოიცავდა. "ქართულმა ოცნებამ" უნდა პატივი სცეს კანონს და არ უნდა გამოიყენოს სახელმწიფო ინსტრუმენტები პოლიტიკური შურისძიებითვის; უნდა ემსახურონ მთელი ერის ინტერესებს და მისწრაფებებს და იმუშავონ კონსტრუქციულად ოპოზიციასთან იმისთვის, რომ მათმა ქვეყანამ წინ იაროს. "

4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გერმანიის წარმომადგენლობითი დელეგაცია მიიღო, რომელსაც ბუნდესტაგის თავმჯდომარის მოადგილე ვოლფგანგ ტირზე ხელმღვანელობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გერმანელმა კანონმდებლებმა შეხვედრისას, საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების პროცესი შეაფასეს და აღნიშნეს, რომ საქართველომ და ქვეყნის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მმართველობის დემოკრატიული კურსი. ვოლფგანგ ტირზეს განცხადებით, 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულობის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. "საუბრისას მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობაზე გაამახვილეს და თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზეც იმსჯელეს. გარდა ამისა, მათ რეგიონული და საერთაშორისო საკითხებიც განიხილეს. დასასრულს, დელეგაციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ", - აღნიშულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. ამავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც უმასპინძლა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ევროკავშირის ელჩის, ფილიპ დიმიტროვის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ფილიპ ლეფორისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ანდჯეი ტიშკევიჩის შეფასებით, არჩევნები, ისევე, როგორც საარჩევნო პროცესი წარმატებით დასრულდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანა დემოკრატიულ კურსს ინარჩუნებს. როგორც ევროპელმა დიპლომატებმა საუბრისას აღინიშნეს, 1-ელ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შეძლო თავისუფალი აზრის გამოხატვა და ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთგულია დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების მიმართ.

ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ქართველ ხალხს თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და მშვიდობიანი არჩევნების დასრულებას ულოცავს. "ეს არის ისტორიული მომენტი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ ერთად იღვაწოს ქვეყნის საკეთილდღეოდ; განახორციელონ რეფორმებისა და დემოკრატიული ინსტიტუციების შემდგომი კონსოლიდაცია. ნატო ერთგულია საქართველოსთან ახლო ურთიერთობების პოლიტიკისა და ჩვენ განზრახული გვაქვს კიდევ უფრო გავამყაროთ ეს ურთიერთობები", - ნათქვამია ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.

ევროპარლამენტის დამკვირვებლები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს პროგრესულ ნაბიჯად აფასებენ , თუმცა აღნიშნავენ, რომ ხმის მიცემის პროცესში გარკვეული ხარვეზებიც გამოვლინდა. ამის შესახებ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მილან ჩებრნოხის 3 ოქტომბრის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. "მიღწეული პროგრესი განსაკუთრებით გამოვლინდა ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებებისადმი სათანადო პატივისცემაში, რამაც განაპირობა ამომრჩევლის აქტიური მონაწილეობა და პოლარიზებული, მაგრამ კონკურენტუნარიანი საარჩევნო კამპანიების ჩატარება" - განაცხადა მილან ჩებრნოხმა. მისი თქმით, საქართველო ევროკავშირისათვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. "ჩვენ ვიმედოვნებთ რომ პარლამენტის წევრები, იქნებიან ისინი ოპოზიციისა თუ მთავრობის წევრები, ჯეროვნად გამოიყენებენ თავიანთ პრივილეგიას და გააგრძელებენ დემოკრატიისა და რეფორმების გზას", - განაცხადა ჩებრნოხმა.

5 ოქტომბერს "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მეთაური გენერალ ლეიტენანტი ჯონ პაქსტონი, პოლკოვნიკი ჯეიმს ომეარა , ევროპაში აშშ-ს საზღვაო ძალების უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი მიიღო. შეხვედრას ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და თავდაცვის ატაშე ესწრებოდნენ. ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოულოცეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობას. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა შეერთებულ შტატებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს შეიარაღებული ძალების ფორმირებასა და ნატოს სტანდარტებთან მიახლოებაში. "ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორობა ნატო-ში, ავღანეთსა და სხვა ცხელ წერტილებში გაგრძელდეს",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლებმა თავისუფლად და დემოკრატიულად გამოიყენეს თავისი უფლებები, - ამის შესახებ თურქეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "მიგვაჩნია, რომ 1-ელ ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ნაბიჯია მოძმე და მეგობარი საქართველოს დემოკრატიის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ხალხმა, თავისუფლად გამოიყენა რა თავიანთი დემოკრატიული უფლებები, პოლიტიკური სიმწიფის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მესიჯი გაუგზავნა მთელ რეგიონსა და მსოფლიოს. მოხარული ვართ, რომ ქვეყნის ყველა პოლიტიკურმა ძალამ გამოხატა პატივისცემა არჩევნების შედეგებისადმი. ", - აღნიშნულია განცხადებაში.

5 ოქტომბერს ამერიკის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონსა და "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სახელმწიფო მდივანმა ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ჰილარი კლინტონმა და ბიძინა ივანიშვილმა საუბრისას ხაზი გაუსვეს შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შემდგომ თანამშრომლობაზე. ჰილარი კლინტონმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს მისი მისწრაფებისთვის, კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სხვადასხვა

6 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკა ზღულაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რიჩარდ ნორლანდს შეხვდნენ. მთავრობის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ვითარება და ხელისუფლების ტრანზიციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს. გარდა ამისა, საუბარი გარდამავალ პერიოდში ქვეყანაში მართლწესრიგის შენარჩუნებისთვის სამართალდამცავი ორგანოების მიერ გატარებულ ზომებსაც შეეხო.

საქართველოს პრეზიდენტმა "ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" ბრძანებულებაში ცვლილები შეიტანა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ბრძანებულების პრეამბულაში სიტყვები "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" შეიცვალა სიტყვებით "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ". ამასთან, დოკუმენტის მუხლს, რომელიც უცხოელთა იმ კატეგორიას განსაზღვრავს, რომელთაც საქართველოში უვიზოდ ყოფნის შეღავათი აქვთ, ემატება პუნქტი - უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის ან შენგენის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების მოქმედ მრავალჯერად, ერთხელ მაინც გამოყენებულ ვიზებს ერთი წლის ან მეტი მოქმედების ვადით, შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ან ყოფნა უვიზოდ 90 დღემდე, მაგრამ არა უმეტეს ვიზის მოქმედების ვადისა. ამავე ცვლილებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელებს შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ან ყოფნა უვიზოდ 90 დღემდე. საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანებულებას ხელი უკვე მოაწერა.

4 ოქტომბერს კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ელჩებს შორისიყვნენ აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, საფრანგეთის ელჩი რენო სალენსი, ევოკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმტროვი. არც ელჩებს და არც კოალიციის წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კოალიცია "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ზუგდიდში, შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ ნორლანდის ჩასვლას ეხმიანება. როგორც ალასანიამ გადაცემა "სუბიექტურ აზრში" განაცხადა, ნორლანდის ვიზიტი იყო მხარდაჭერა ზუგდიდელების მიმართ. "დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს. ამის შემდეგ ბატონმა ელჩმა გადაწყვიტა ჩამოსულიყო სამეგრელოში. მე მქონდა მასთან პირადი სატელეფონო საუბარი დილით. ნორლანდის დღევანდელი ვიზიტი ზუგდიდში არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონკრეტულ პარტიას უჭერენ მხარს ისინი საქართველოში. აშშ-ის ელჩი ჩამოვიდა იმიტომ, რომ იცის, რამდენად რთული რეგიონია, იცის, რა ბერკეტებით და ზეწოლით უძღვებოდნენ აქაური სამართალდამცველი სტრუქტურის თუ სხვა ხელმძღვანელები ადგილობრივ პოლიტიკურ ცხოვრებას. ნორლანდის ჩამოსვლა იყო მისი მხარდაჭერა ზუგდიდელების მიმართ, სამეგრელოს მიმართ, რისთვისაც ძალიან მადლიერები ვართ ყველანი", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. დღეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც ის "ქართული ოცნების" აქციაზეც მივიდა და საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობასაც გაეცნო.

ასავალ-დასავალის ბოლო ნომერში გამოქვეყნებულ სასჯელაღსრულების #8 იზოლატორის თანამშრომლების სიას სათაურით „ამოიცანი ჯალათი“, რომელსაც თან მისამართებიც და ტელეფონის ნომრებიც ახლდა, მოსახლეობაში დიდი აჟოტაჟი მოჰყვა. ზოგმა ეს დადებითად შეაფასა, ზოგმა კი ანგარიშსწორებისკენ მოწოდებად აღიქვა. გაზეთ "ასავალ-დასავალის" რედაქციასთან სტუდენტებმა საპროტესტო აქციაც გამართეს, რასაც რედაქციის მხარდამჭერებთან ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა. "ლაბორატორია 1918"-ის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ჯერ გამოძიება ჩატარებული არ არის, რის გამოც ადამიანების გვარების გამოქვეყნება უდანაშაულობის პრეზუმპციას არღვევს. ამასთან, მათი აზრით, ამ ქმედებით "ასავალ-დასავალი" საზოგადოებაში რევანშის განწყობას თესავს. ასავალ დასავალში გამოქვეყნებულ სტატიას და მასთან დაკავშირებით გამოხატულ მის სუბიექტურ აზრს, რომელსაც სტატიის ავტორთან კამათიც მოჰყვა, უკავშირებენ მწერალ ზაზა ბურჭულაძეზე თავდასხმის ფაქტს, რის შედეგადაც მან ტვინის შერყევა მიიღო. აღნიშნული ფაქტი მწერლის მეგობრებმა მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ პოლიციასთან გააპროტესტეს და მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიება მოითხოვეს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ "უფლებადამცველთა გაერთიანებამ" მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ნიუნბერგის მსგავსი პროცესის გამართვა მოითხოვა.. "ვითხოვთ ნიუნბერგის მსგავსი პროცესის ჩატარებას. გერმანელებმა თუ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის აგეს პასუხი, მოქმედმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის უნდა აგოს პასუხი", - განაცხადა მჟავანაძემ.

გარდაბანში "ქართული ოცნების" მაჟოროტარობის კანდიდატის, მამუკა არეშიძის საარჩევნო შტაბის კოორდინატორი აღიარებს, რომ კუდ-თან თანამშრომლობდა. გიორგი სიბაშვილმა, რომელიც მის შესახებ რამდენიმე კვირის წინ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ფიგურირებდა, აცხადებს, რომ დავალებებს კუდ-ის მაღალჩინოსნის, გიორგი ყავლაშვილისგან იღებდა. ფარული ჩანაწერებიც იმ მიზნით განხორციელდა, რომ მომხდარიყო არეშიძის დისკრედიტაცია და არჩევნებში მისი კონკურენტის გამარჯვება ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

წინასაარჩევნო პერიოდში დაკავებული 69 პირი საპატიმროებიდან გათავისუფლდება, - ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრში" კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა და გათავისუფება ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს შეეხება. პოლიტმატიმრების გათავისუფლების პროცესი უკვე მიმდინარეობს.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 40%-იანი წილის მფლობელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "მედია ჯორჯია" გახდა , რომლის დამფუძნებელი, 100%-იანი წილის მფლობელი დავით კეზერაშვილია. საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ "მედია ჯორჯიამ", რომელიც გუშინ, 3 ოქტომბერს დაფუძნდა, 40%-იანი წილი ლევან ყარამანიშვილისგან ნახევარ მილიონ დოლარად შეიძინა. წილის მიყიდვის გადაწყვეტილება დღეს, პარტნიორთა კრებაზე მიიღეს. "რუსთავი 2"-ის 50%-ს ლევან ყარამანიშვილი, 10%-ს გიორგი გეგეშიძე და 40%-ს დავით კეზერაშვილი ფლობს.

სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე თანამდებობას ტოვებს და კომისიის რიგით წევრად რჩება. "მე ნათქვამი მქონდა, რომ 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ჩემს თავს ვეღარ მოვიაზრებდი ამ თანამდებობაზე. რის გამოც დღეს მე მივმართე კომისიას და დავტოვე თანამდებობა", - განაცხადა კაციტაძემ ვინ გახდება კომისიის თავმჯდომარე, ჯერ უცნობია. კაციტაძის განმარტებით, კანონმდებლობით ამ პოსტზე შესაძლებელია მისი მოადგილე ან ოპოზიციონერი წევრებიდან რომელიმე დაინიშნოს.

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი როლანდ ახალაია კონკურენტს "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ალასანიას ზეწოლაში დაადანაშაულა. როგორც როლანდ ახალაიამ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მას ხობის მხედრიონის ყოფილი უფროსი მიუგზავნა და დაჭერით დაემუქრა. ასევე, როლანდ ახალაია ამბობს, მისი ოპონენტები ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ საოლქო კომისიაზე და არჩევნების შედეგები შეცვალონ. თავის მხრივ ალასანიამ როლანდ ახალაია შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა და შესაბამისი საჩივრით საოლქო კომისიას მიმართა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31