ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
1 ოქტომბერი - არჩევნების დღე
16 ოქტომბერი, 2012 წ.
საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა - ასე შეაფასეს ეუთოსა და ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები.

მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების და შემდეგ უკვე ხმის დათვლის პროცესი დემოკრატიულობის შთაბეჭდილებას დიდად არ ტოვებდა, შედეგებიდან გამომდინარე, არჩევნები მაინც ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარებულად შეფასდა.

დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიაც მორჩა და სექტემბერიც. პირველ ოქტომბერს კი უკვე დილიდან საქართველოს მოსახლეობა მოქალაქეობრივი ვალის აღსრულებას შეუდგა. საარჩევნო უბნები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დილის შვიდ საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა კი ამომრჩეველს უკვე 8 საათიდან შეეძლო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851-ს შეადგენდა. ქვეყნის მასშტაბით სულ 73 საარჩევნო ოლქი, 3 668 ჩვეულებრივი და 71 სპეციალური უბანი ფუნქციონირებდა. 45 უბანი გაიხსნა საზღვარგარეთაც. კენჭისყრის პროცესი საღამოს რვა საათამდე გაგრძელდა და მასში მონაწილეობა მოსახლეობის 61%-მა მიიღო. არჩევანი 14 პოლიტიკურ პარტიასა და 2 საარჩევნო ბლოკს შორის გაკეთდა.

საპარლამენტო არჩევნებს 61 საერთაშორისო და 50 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა. დარღვევებზე საუბარი ჯერ კიდევ დილიდან დაიწყო: რიგ ოლქებში ბევრად ნაკლები საარჩევნო ბიულეტენი მივიდა, რამდენიმე ამომრჩეველმა ხმის მიცემა იმ უბრალო მოტივით ვერ შეძლო, რომ ვიღაც მის მისვლამდე მისი სახელის და გვარის გასწვრივ ხელმოწერის გრაფის შევსებით გარჯილა. იყო შემთხვევები, როდესაც რაიონში ჩასული ამომრჩეველი საცხოვრებელ მისამართზე სიაში ჩაწერილი არ აღმოჩნდა და არჩევნის გაკეთებამ მისთვის სრულიად უცხო სოფელში მოუწია. დაფიქსირდა საარჩევნო კაბინაში რამდენიმე ადამიანის ერთად შესვლის ფაქტებიც. საუბარი იყო მუქარებზე, ძირითადად მმართველი პარტიის მხრიდან, წინასწარ შემოხაზული ბიულეტენების საარჩევნო ყუთში ჩაყრაზე, გადასატანი ყუთის გატაცებაზე, სიებში მკვდარი სულების არსებობაზე, სხვის ნაცვლად ხმის მიცების მცდელობებზე, მარკირების სითხის არასანდოობაზე, კარუსელებზე და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ მთელი ამ პროცესის მიმდინარეობის გაშუქებისას მუდმივად ცხადდებოდა ეგზითპოლის შედეგები, რომელიც რამდენიმე ორგანიზაციამ ჩაატარა. მართალია, შედეგები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ლიდერული პოზიცია კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნებას“ ეკავა. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეგზიტპოლით, რომელიც ორგანიზაცია GfK-მ ჩაატარა, „ქართულმა ოცნებას“ 35 % უნდა მიეღო, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 30%, ქრისტიან-დემოკრატებს - 2,4%, ხოლო 32%-მა არ ისურვა პასუხის გაცემა. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ დაკვეთით გამოკითხვა კომპანია „ედისონ რისერჩმაც“ აწარმოა, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნება 50%-იან შედეგს აჩვენებდა, ნაციონალური მოძრაობა 41%-ს, ქრისტიან დემოკრატები - 5%-ს, ხოლო დანარჩენი პარტიებზე ხმების 4% გადანაწილდა.რაც შეეხება მაესტროს, მისი მონაცემებით ქართული ოცნება 66%-ით ლიდერობდა, ნაციონალური მოძრაობა 30%-ით, ქრისტიან დემოკრატებს სულ 1% , ხოლო სხვა პარტიებზე ჯამში 3% გადანაწილდა.

პარალელურად კეთდებოდა განცხადებებიც. მმართველი პარტიის წარმომადგენლები პროპორციული სიით დამარცხებას აღიარებდნენ, თუმცა მაჟორიტარების გამარჯვებაში დარწმუნებულები იყვნენ მაინც, მთავარი ოპოზიციური ძალა კი, ფაქტობრივად, გამარჯვებას უკვე ზეიმობდა. უფრო მეტიც, ხმების რეალურად დათვლამდე ქართული ოცნების აქტივისტებმა თბილისის მასშტაბით მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს და თავისუფლების მოედანზე შეკრებითაც აღნიშნეს გამარჯვება. მათ სიტყვით ბიძინა ივანიშვილმაც მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მართალია, საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების ჩატარების მშვიდ და დემოკრატიულ მიმდინარეობაზე საუბრობდნენ, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ოქმების შედგენა და ცესკოს ოფისში გადმოტანა არც თუ ისე მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში წარიმართა. სპეცრაზმელების საარჩევნო უბნებზე შესვლა და ოქმების შედგენა-გადაკეთება საზოგადოებაში მღელვარე დისკუსიების ახალი თემა გახდა. ხმის მიცემის პროცედურების დამთავრებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ ხაშურის ოლქის რამდენიმე უბანზე სპეც. დანიშნულების რაზმის შეჭრასა და შემაჯამებელი ოლქების გადაკეთებაზე საუბრობდა: “46-ე უბანზე მყოფი ჩვენი დამკვირვებლის თქმით, ხმების დათვლის დროს შემჯამებელ ოქმში დაფიქსირდა, რომ „ქართულმა ოცნებამ” ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა მცირე ხნის შემდეგ უბანზე გამოჩნდნენ შეირაღებული პირები, რომლებმაც ყველა დამკვირვებელი შენობიდან გაყარეს. შედეგად, დაიწერა ახალი შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც უკვე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვა. საოლქო კომისიამ სწორედ ეს ოქმი ჩაიბარა. ჩვენი კიდევ ერთი დამკვირვებლის ცნობით, სპეც. დანიშნულების რაზმი ასევე შეიჭრა მე-19 უბანზე, სადაც დამკვირებლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და უბნიდან გამოაძევეს.

ხაშურში მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა ეუთოს სადამკვირვებლო მისიამაც, რომელმაც გვაცნობა, რომ მე-5 და მე-45 უბანშიც სპეც. დანიშნულების რაზმი შეიჭრა. ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხაშურის სხვა უბნებზეც იგივე ხდება.“ ორგანიზაციამ შესაბამის ორგანოებს მყისიერი რეაგირებისა და სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით მსგავსი ფაქტების არსებობა მეცხრე არხის ვიდეორეპორტაჟებითაც დადასტურდა. ადგილობრივებმა სპეცნაზელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, რაც სერიოზულ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. მოგვიანებით, სპეციალური დანიშნულების რაზმმა მხუთავი აირი გაუშვა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოშიც მოხვდა. შსს-მ ამ თემაზე საკუთარ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა და მომხდარი ფაქტი სრულიად უარყო, ხოლო სამართალდამცავების სხვადასხვა ტერიტორიაზე ყოფნა გარეპერიმეტრის კონტროლით გაამართლა.

არჩევნების მეორე დღე შედარებით მშვიდ გარემოში წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობოები უამრავ დარღვევაზე საუბრობდნენ და რამდენიმე ოლქის შედეგების სრულიად გაუქმებასაც მოითხოვდნენ, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა მარცხის აღიარება მაინც დაიწყეს. რამდენიმე მმართველი პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატმა კონკურენტებს გამარჯვებაც მიულოცა. ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის წარმატებას არჩევნების გზით მათ მიერ შექმნილი დემოკრატიით ხსნიდნენ. პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი ხალხს სპეციალური განცხადებითაც მიმართა, რომელშიც საკუთარი პარტიის მარცხი აღიარა, საქართველოში არსებულ დემოკრატიას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, ნაციონალური მოძრაობის ერთ გუნდად დარჩენის, ქვეყნის ინტერესებისთვის ერთგულად ბრძოლის პირობა დადო და ოპოზიციურ ძალასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. იმავე დღეს პრესკონფერენცია გამართა გამარჯვებულმა ძალამაც. მართალია, ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილთან თანამშრომლობის კანონიერი გზების გამოძებნის ალბათობა ვერ დაინახა, თუმცა პრობლემების მოგვარების იმედი გამოთქვა. სამართლიანი, დემოკრატიული, აღმავალი საქართველოს მშენებლობა - ეს იყო მისი მთავარი სამომავლო მესიჯი.

ცესკოს წინასწარი მონაცემები: 54.94% - ქართული ოცნება, 40,33 % - ნაციონალური მოძრაობა... დანარჩენი პარტიები ბარიერს მიღმა დარჩნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31