ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
24-30 სექტემბერი
03 ოქტომბერი, 2012 წ.
მთავარი სიახლეები

1ოქტომბერს მედიასაშუალებებს მუშაობა შეზღუდულ რეჟიმში მოუწევთ


25 სექტემბერს საარჩევნო უბნებზე მედიასაშუალებებისთვის დაწესებული შეზღუდვები ძალაში შევიდა. არჩევნების დღეს ვიდეო და ფოტოგადაღებები მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის მიერ სპეციალურად გამოყოფილი ადგილებიდან იქნება შესაძლებელი. ჟურნალისტებს თავისუფლად გადაადგილება მხოლოდ პირველი 10 წუთი შეეძლებათ, ხოლო გადაღების გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, ცესკოს დადგენილების თანახმად, მუშაობას მათთვის გამოყოფილი სპეციალური ადგილებიდან უმოძრაო რეჟიმში გააგრძელებენ. ფოტო და ვიდეოგადაღებები მთელი დღის განმავლობაში იწარმოებს, თუმცა საარჩევნო უბნის დატოვების შემთხვევაში ჟურნალისტს იმავე უბანზე მუშაობის გაგრძელების საშუალება აღარ მიეცემა. აღნიშნული რეგულაციები არ ვრცელდება მობილური ტელეფონით გადაღების წარმოებაზე. დადგენილებაში მითითებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, „ურჩ ჟურნალისტს“ საარჩევნო უბნიდან გააძევებენ. ცესკოს თავმდომარე ზურაბ ხარატიშვილი მსგავსი ტიპის რეგულაციების მიღებას ამომრჩეველთა ნების გამოხატვის ხელისშემშლელი ფაქტორებისგან დაცვის სურვილით ხსნის. აღსანიშნავია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს დადგენილება 11 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. მომხრეთა შორის იყო ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელიც, რის გამოც პარტიის ერთ-ერთმა გამოკვეთილმა ლიდერმა გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ინგა გრიგოლიამ პროტესტის ნიშნად საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა. მედიისთვის მიღებული დამატებითი რეგულაციები თბილისსა და ბათუმში გააპროტესტეს ჟურნალისტებმა, არასამთავრობოებმა და ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციამაც. მსგავსი პრეტენზიით არასამთავრობოებმა სასამართლოსაც მიმართეს, თუმცა ამ უკანასკნელმა ცესკოს მიერ მიღებული დადგენილება ძალაში დატოვა. პროტესტის მიუხედავად ჟურნალისტებს 1 ოქტომბერს მუშაობა მაინც შეზღუდულ რეჟიმში მოუწევთ.

საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, NDI-სა და პოლონეთის რეპუბლიკის სეიმის სადამკვირვებლო მისიებიც დააკვირდებიან

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება. ორგანიზაციის დელეგაციის შემადგენლობაში არიან წარმომადგენლები იორდანიიდან, ლიტვიდან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და შეერთებული შტატებიდან. ისინი არჩევნების დღეს ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცედურებს მიადევნებენ თვალ-ყურს. არჩევნების დღის შემდეგ კი ორგანიზაცია გააკეთებს წინასწარ განცხადებას არჩევნების მონიტორინგის მიგნებებთან დაკავშირებით. ბრიფინგების შემდეგ დელეგატები გაემგზავრებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და უშუალოდ დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებს საარჩევნო უნებზე. ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე როგორებიცაა კამპანიის რეგულაციები, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და ანგარიშგების პროცესები. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის სადამკვირვებლო მისიის 16 კაციანი ჯგუფი და "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) შვიდი ქვეყნის წარმომადგენლისგან შემდგარი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაც.

კომპრომატების ომი და წინასაარჩევნო კამპანიის დასასრული

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე პარტიებმა წინასაარჩევნო კამპანია განსაკუთრებით გაააქტიურეს. თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა, ლიდერები თუ მაჟორიტარები, ხალხის ნდობის მოპოვებას მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ. ვითარება ჩვეული მიმდინარეობით წარიმართა. მმართველი პარტიის რამდენიმე წარმომადგენელმაც მათ მთავარ ოპონენტებთან გადაინაცვლა. ორმა პარტიამ( „თავისუფალმა საქართველომ“ და „ქართულმა დასმა“) კი მაჟორიტარები კვლავ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა. შეხვედრები მოსახლეობასთან ყველა პარტიის დღის წესრიგში იდგა. ვითარება განსაკუთრებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის დაიძაბა. ე.წ. „კომპრომატების ომი“ კიდევ მეტად გახურდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება კატეგორიულად უარყოფდა წამების ფაქტების გასაჯაროებასთან კავშირს, მმართველმა გუნდმა მათთვის ხურდის დაბრუნება მაინც სცადა და კოალიციის წევრების საუბრების აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელიც ან „ქართული ოცნების“ ლიდერების ქურდულ სამყაროსთან კავშირს ამტკიცებდა, ან განხეთქილების არსებობას კოალიციის წევრებს შორის და ერთმანეთით უკმაყოფილებას შეურაცხმყოფელი გამონათქვამების ფონზე ასაჯაროებდა. ყურადღება მიიქცია ივანიშვილის დაცვის ერთ-ერთი წევრის ბესო სურმავას მიერ youtube-ზე ატვირთულმა ვიდეოჩანაწერებმაც, რომლის შემდეგაც ხსენებული დაცვის წევრი აღარავის უნახავს. მისი მეუღლის განმარტებით კი ბესო სურმავას არა თუ ვიდეოპორტალზე მასალების ატვირთვა, კომპიუტერთან ელემენტარული უნარ-ჩვევების გამოყენებაც კი არ შეეძლო, ამიტომ სურმავას ამ კადრებთან კავშირს ის კატეგორიულად გამორიცხავს. რაც შეეხება თვითონ სურმავას მიერ გაკეთებულ ვიდეოაღიარებას, რომელიც ასევე youtube-ის ქსელში გავრცელდა, მეუღლის მტკიცებით, შესაძლოა ის ამ დროს ფსიქოტროპული წამლების ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყო. ომბუდსმენის აპარატი და ქართული ოცნების წარმომადგენლები ბესო სურმავას ადგილსამყოფელის დადგენას სამართალდამცავ ორგანოებს ჯერ-ჯერობით უშედეგოდ თხოვენ.

კოალიციის წევრების განცხადებით ხელისუფლების მიერ გავრცელებული კომპომატები ფაბრიკაციაა და ეს ქართული ოცნების ერთიანობას ვერ შეარყევს. დაჭერების, კოალიციის წევრების ცემის გახშირებული ფაქტების, სამსახურიდან მათი მხარდამჭერების და ცალკეული აქციების ჩაშლის მცდელობების მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობის დიდი რაოდენობით მობილიზება 29 სექტემბერს საქართველოს ორ დიდ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში მაინც შეძლო. ხალხმრავალმა აქციამ დედაქალაქში ექსცესების გარეშე ჩაიარა და მას მსახიობები, სპორტსმენები, სტუდენტები , მწერლები და სხვა საზოგადო მოღვაწეებიც შეუერთდნენ. მცირე ინციდენტი მოჰყვა ქუთაისში გამართულ აქციას, რომლის დასრულების შემდეგ, თვითმხილველების თქმით, მოედანზე ნაციონალების მანქანა შევარდა და რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დააზარალა. ქართული ოცნების აქციას წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა უძღვოდა, რომელიც 28 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ სტადიონზე გაიმართა. 29 სექტემბერს კი მმართველმა პარტიამ შეხვედრები ბათუმის და ფოთის მოსახლეობასთან გამართა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მხრიდან მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის გასაჯაროებით უკამყოფილოა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მხრიდან მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის გასაჯაროებით, რომელიც ქართული ოპოზიციის დანაშაულებრივ სამყაროსთან შესაძლო კავშირს ეხება, უკმაყოფილებს უწყების ოფიციალურ ვებ-გვერზე გამოთქვამს და ამ ფაქტს მომავალ საპარალმენტო არჩევნებს უკავშირებს. ქართული მხარე კი საფრანგეთის განცხადებაზე გაკვირვებას ვერ მალავს. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თინა ბურჯალიანის თქმით, მსგავსი სამართლებრივი ფაქტის კონფინდენციალურობაზე მათ შეთანხმება არ ჰქონიათ. "ეს სამართლებრივი დახმარების თხოვნა, რომელიც საქართველოს პროკურატურამ გაუგზავნა საფრანგეთის სასამართლოს, სრულად დაკმაყოფილდა გუშინ 25 სექტემბერს. იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებს და ასევე საჯარო პირების შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებს, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს არც ერთ ეტაპზე არ აუღია ვალდებულება საფრანგეთის შესაბამისი სტრუქტურების წინაშე ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით", - განაცხადა თინა ბურჯალიანმა.


წინასაარჩევნო გარემოს ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები


25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 67-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო დადებითად შეაფასა და პარტიათა შორის არსებულ თანაბარკონკურენტულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ნებისმიერ პლიტიკურ პარტიას ჰქონდა წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად, ყოველგვარი შეფერხებით წარმოების უფლება და ამ მხრივ მმართველი პარტია ნამდვილად არ ყოფილა უპირატეს მდგომარეობაში. საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენების შესაძლებლობა და სხვა დარღვევების ფაქტების არსებობა სრულიად გამორიცხა და ამის გარანტად ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი ქცევის კოდექსი დაასახელა. განსხვავებული შეფასებებია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OშჩE/ODIHღ) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მეორე შუალედურ ანგარიშში, სადაც მმართველი პარტიის აშკარა უპირატესობასა და პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების სამსახურებიდან დათხოვნის ფაქტებზეა გამახვილებული ყურადღება. ხაზგასმულია ასევე ნაციონალური მოძრაობის დომინანტური პოზიციაც სარეკლამო სივრცის ათვისების კუთხით. საუბარია პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის, ცემის ფაქტებზე და ემიგრანტებისთვის რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურების შესახებ ინფორმაციის დაგვიანებულად მიწოდებაზე. წინასაარჩევნო გარემოს უთანასწორობაზე ისაუბრეს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. „იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კონკურენცია მიმდინარეობდა არა პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ სახელმწიფოსა და ოპოზიციას შორის , - ამის შესახებ 29 სექტემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წარმომადგენლებმა განაცხადეს. არასამთავრობოებმა ყურადღება კანონის შერჩევით აღსრულებაზე, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასა და სხვა მრავალ დარღვევაზე გაამახვილეს.

„საეჭვო“ შენობა

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ცესკოსთან მისასვლელ „საეჭვო“ გზას მიაგნო და ჟურნალისტებს იმ შენობის გადაღება სთხოვა, რომელსაც, სავარაუდოდ, ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებს. როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ცესკოს შენობის უკანა მხარეს, ერთ-ერთი კერძო მესაკუთრის ეზოდან გაიჭრა ბეტონის ღობე, საიდანაც შეიძლება გადასვლა ძველ შენობაში, რომელიც, სავარაუდოდ, მერიის ბალანსზეა და ამ დროისთვის საეჭვოდ სუფთავდება. გზა მიდის სიების დაზუსტების კომისიის შენობასთან, საიდანაც ოთახების გავლით შესაძლებელია ცესკოში გადასვლა. როგორც საგანელიძე აცხადებს, არსებობს ორი ვერსია, თუ რატომ აკეთებს ამას ხელისუფლება. "ეს ხელისუფლება ბევრ სისაძაგლეს აპირებს. ჩვენ ბევრი გვინახავს ასეთი. დაწყებული ყუთების შეცვლით, როდესაც წინასწარ ჰქონდათ ჩაყრილი ბიულეტენები და ცვლიდნენ ყუთებს. არ არის გამორიცხული, ახლაც იგივეს გეგმავდნენ. ამ მხრიდან ამას ვერავინ დაინახავს, ცენტრალურ შესასვლელთან კი ასეთ რამეს ვერ განახორციელებენ", - აღნიშნა საგანელიძემ. მისივე თქმით, არსებობს მეორე ვერსიაც, რომ ამ მიტოვებულ შენობაში შესაძლოა სპეცრაზმი განათავსონ. როგორც ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ამბობს, მას ამ შენობის შესახებ არაფერი სმენია, მან იცის, რომ ცესკოში ყველაფერი რიგზეა და რა ხდება კომისიის შენობის გარეთ, მაგაზე ინფორმაციას არ ფლობს.


10 თვის ჩვილის მკვლელობას პოლიტიკური შეფასება მიეცა

კახეთში, სოფელ კოლაგში 10 თვის ბავშვი ღვინით სავსე ქვევრში ჩაგდებული იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მშობლებმა ოთახში დატოვეს, თავად კი სამზარეულოში სავახშმოდ გავიდნენ, დაბრუნებულებს კი ჩვილი ადგილზე აღარ დახვდათ. დაახლოებით საათნახევრიანი ძებნის შემდეგ, გოგონა ქვევრში დამხრჩვალი ნახეს. ახლობლებმა მომხდარი პოლიტიკური ნიშნით მაშინვე შეაფასეს და ტრაგედიის მიზეზად ნაციონალური მოძრაობა დაასახელეს. როგორც ქართული ოცნების პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე იტყობინება, ბავშვი კოალიციის კოორდინატორის, დალი მეჩირიშვილის დიშვილია და ის სწორედ მისი ოჯახიდანაა გატაცებული. ოჯახზე გარკვეული ზეწოლა ხორციელდებოდა, იყო მუქარები და მოსყიდვის მცდელობებიც.

"მე დღეს თავს შევიკავებ პოლიტიკური განცხადების გაკეთებისგან, რადგან გამოძიებამ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა მომხდარ ტრაგედიას შეხება პოლიტიკურ მიზნებთან. მოვუწოდებ პოლიციას, სასწრაფოდ დაიწყონ ფაქტის გამოძიება არა მხოლოდ იმის გამო, რომ ადგილი აქვს შემზარავ ტრაგედიას, არამედ იმიტომაც, რომ მომხდარს შესაძლოა მოჰყვეს გარკვეული სპეკულაციები და ამიტომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა მოხდა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შსს-მაც, დაღუპულის ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა და ამ ფაქტის პოლიტიზირების მცდელობის გამო მწუხარება გამოთქვა. ეკა ზღულაძემ კი ბავშვის მკვლელობის გამოძიების და საქმის პირად კონტროლქვეშ აყვანის პირობა დადო.


სხვადასხვა

გერმანულმა საზოგადოებრივმა კვლევის ცენტრმა "ფორსამ" მორიგი კვლევა საქართველოს მასშტაბით 20-25 სექტემბერს მთელი ჩატარდა და 1 943 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოკითხა. კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 88% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მზადაა. გამოკითხულთა 40% მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით ძალიან დაინტერესებულია, 39% - უბრალოდ დაინტერესებული, ხოლო ნაკლებად დაინტერსებულთა მაჩვენებელმა სულ 18% შეადგინა, დანარჩენ 3%-ს პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებს. გამოკითხულთა 47%-ის აზრით არსებული პოლიტიკური პრობლემების ეფექტურად გადაჭრას "ქართული ოცნება" შეძლებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობ"ისგან ამას 22%-ი მოელის,, "ქრისტიან-დემოკრატებისგა" - 4%, ხოლო 24%-მა ამ კითხვაზე პასუხი არ გასცა. როგორც "ფორსას" წარმომადგენელმა პიტერ მატუშეკმა აღნიშნა, კვლევაში მონაწილე რესპონდენტთა 46%-მა წინა არჩევნებში ხმა ერთიან "ნაციონალურ მოძრაობას" მისცა.

ამერიკელი ანალიტიკოსი კარლ ვიკლანდერი ინტერნეტგამოცემა IVN-ში სააკაშვილის ხელისუფლებას აკრიტიკებს და ბიძინა ივანიშვილის რეიტინგს ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებს მიაწერს. მისი თქმით, სააკაშვილის მრავალი განცხადების მიუხედავად, თითქოს ის ლიბერალურ და დემოკრატიულ ქვეყანას აშენებს, ამ რეჟიმს ავტორიტარიზმის დაღი მაინც აზის. როგორც კარლ ვიკლანდერი აცხადებს,  სააკაშვილი ამერიკის ხელისუფლებისა და "რესპუბლიკური პარტიის" ფავორიტად ითვლება, თუმცა მისი მმართველობის დროს ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებისა და ოპოზიციის კუთვნილი სატელევიზიო არხების დახურვას. მკვლევარის აზრით, არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ასევე საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ხასიათს. „სააკაშვილსა და საქართველოს, რომელთაც 2008-ში მათი აქტიური მოკავშირე ბუშიც კი ვერ დაეხმარა, სურთ "ნატოს" წევრები გახდნენ, თუმცა ეს როგორც ჩანს არ ჯდება ობამას საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში, რომელიც თბილისის სახით მხოლოდ სტაბილურ პარტნიორს ეძებს. "მიუხედავად არჩევნების შედეგებისა, სააკაშვილის მემკვიდრე ალბათ გააგრძელებს ბრძოლას ნატო-ს წევრი ქვეყნის სტატუსისათვის, რასთან დაკავშირებითაც ამერიკას საკუთარი არჩევნის გაკეთება მოუწევს",- აცხადებს ვიკლანდერი.

რიკარდო მილიორიმ საქართველოში არჩევნების წინა პერიოდში ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების დაპატიმრებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა : "სერიოზული მიდგომა სჭირდება იმ ფაქტს, რომ ხდება დაპატიმრებები და ბრალდებების წაყენება პოლიტიკური აქტივისტების მიმართ, მათი საარჩევნო პერიოდში თამაშიდან გამოთიშვის მიზნით. არჩევნები იძლევა ფართო დიალოგის შესაძლებლობას და უნდა ჩატარდეს სათანადო პირობებში. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოავლინოს სათანადო თავშეკავება ამ სენსიტიურ პერიოდში. უკიდურეს შეშფოთებას იმსახურებს თითოეული მოქმედება, რამაც შეიძლება დისბალანსის შექმნის შთაბეჭდილება დატოვოს",-ნათქვამია მელიორის მიერ 25 სექტემბერს გავრცელებულ წერილში.

აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, არჩევნებზე აკრედიტებული საერთაშორისო დამკვირვებლის რანგში, სამეგრელოში წინასაარჩევნო ვითარებასა და მედიაგარემოს ეცნობა. როგორც ამერიკის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრებისას ელჩი სთხოვს ყველა პოლიტიკურ პარტიასა და კანდიდატს, თავიანთი მოქმედებებით, რიტორიკით ხელი შეუწყონ სიწყნარესა და სიმშვიდეს არჩევნების დღეს, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ხმის მიცემა მუქარისგან თავისუფალ გარემოში შეძლონ. "შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საქართველოში. სამართლიანი არჩევნები განამტკიცებს ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს და ხელს შეუწყობს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. 2008 წლის შემდეგ აშშ-ის მთავრობა საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად 120 მილიონი დოლარით დაეხმარა. შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან კანდიდატს. ის მხარს უჭერს დემოკრატიულ პროცესს და საქართველოს მონდომებას, შექმნას დემოკრატიული ინსტიტუტები",- ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" არჩევნების დღეს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე ვიდეომონიტორინგს განახორციელებს, ორგანიზაციის სათანადოდ ტექნიკურ აღჭურვილობას კი "ინფო 9" უზრუნველყოფს. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნანა კაკაბაძის განმარტებით, მოხდება უწყვეტი ვიდეოგადაღება, როგორც საარჩევნო უბნის შიდა, ასევე გარეთა პერიმეტრზე. ნანა კაკაბაძემ ყურადღება სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაზეც გაამახვილა, რომელიც სახეების ამოსაცნობად გამოიყენება და რომელიც „საარჩევნო კარუსელის“ შემთხვევების არსებობას დაადგენს. ორგანიზაციის მიერ გადაღებული მასალები ექსკლუზიურად ინფო 9ის ვებ-გვერდზე აიტვირთება, თუმცა მოგვიანებით ყველა მედიასაშუალებას მისი გავრცელების საშუალება მიეცემა. გადაღებული ვიდეომასალები მიეწოდება საერთაშორისო ორგანიზაციებს და უცხოელ დამკვირვებლებს.

24 სექტემბერს სტუდენტებმა მასობრივი აქციები განაახლეს და პენიტენციალურ სისტემაში არსებული პრობლემები და დამნაშავეთა დაუსჯელობა გააპროტესტეს. მათ სპორტსმენები და საზოგადო მოღვაწეებიც შეუერთდნენ. ამავე კვირას სტუდენტურმა ორგანიზაციებმა საქართველოს მთავრობას პატიმრების დაცვისა და არჩევანის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით, სპეციალური განცხადებით მიმართეს და პატიმართა წამებაში ეჭვმიტანილი ყველა პირის დასჯა მოითხოვეს. ახალგაზრდებმა ხელისუფლებას არჩევნების სამართლიანად ჩატარებისკენ მოუწოდეს და საკუთარი ხმების დაცვის მზადყოფნა გამოთქვეს. 26 სექტემბერს სტუდენტებმა აქციების შეწყვეტის შესახებ გააკეთეს განცხადება, მოტივად კი მოახლოებული არჩევნები და პოლიტიკური პარტიების მიერ დაგეგმილი აქციები დაასახელეს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ამის შესახებ 24 სექტემბერს ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, 1 ოქტომბერს საზღვარგარეთ 45 საარჩევნო უბანი გაიხსნება, არჩევნებში კი საზღვარგარეთ მცხოვრები 42 613 საქართველოს მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას.

26 სექტემბერს ორგანიზაცია "პოლიტპატიმების წინააღმდეგობის მოძრაობა - ბრძოლა მმართველი ხუთიანის დიქტატის წინააღმდეგ და საქართველოს პოლიტპატიმრები დემოკრატიული ფასეულობების გადასარჩენად" სიმბოლური ხუთდღიანი შიმშილობა დაიწყო ლოზუნგით: "არა ძალადობას, არა გაყალბებას და არ შემოხაზო ხუთიანი". პოლიტპატიმრების სიმბოლური, ხუთდღიანი შიმშილის აქცია 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ათენში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს და პროტესტი 24 სექტემბერს აქციით გამოხატეს. მათ მომხდარში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულეს და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვს. ემიგრანტთა ნაწილი აქციაზე ცოცხებით მივიდა და მოგვიანებით ამ სიმბოლური ნივთის პრეზიდენტისთვის გაგზავნაც სცადა, თუმცა „საქართველოს ფოსტის“ ოფისის წარმომადგენლებისგან მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი მიიღო. საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველებმა ერთობლივი ტექსტიც შეიმუშავეს, რომელშიც საპატრიარქოს ეგიდით შექმნილი საგამოძიებო კომისიის წინაშე დამნაშავეთა წარდგენა მოითხოვეს. მათივე განმარტებით, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნების 25 სექტემბრამდე არ დააკმაყოფილებს, საბერძნეთის რესპუბლიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას მიმართავენ , 1-ელ ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებენ და პროტესტის ნიშნად უცხოეთის სახელმწიფოებს პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭების თხოვნითაც მიმართავენ.


არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებადამცველთა გაერთიანება" ახალი სახალხო დამცველისგან, ხელისუფლების მხრიდან მართლმადიდებელ ეკლესიაზე განხორციელებულ დანაშაულებებზე, რეაგირებას ითხოვს. "უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ თეოლოგ და ჟურნალისტ ლაშა ცაიშვილთან ერთად დღეს კავკასიურ სახლში პრესკონფერენცია გამართა და 2003 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ხელისუფლების მიერ ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტები წარმოადგინა. მჟავანაძის თქმით, მათ გააჩნიათ 25 დადასტურებული ასეთი ფაქტი, კერძოდ გლდანში 2003 წელს ეკლესიაში შევარდნით დაწყებული, რომლის დროსაც მოხდა მამა ბასილის აყვანა, 2011-12 წლებში პატრიარქზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ განსაკუთრებული ზეწოლის ფაქტებით დამთავრებული. პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მათ ხელთ არსებული ფაქტები ყოფილ სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს მიაწოდეს, თუმცა მას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია და არც ერთ სახალხო დამცველის მოხსენებაში არ ყოფილა ასახული. პრესკონფერენციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ გიორგი ტუღუში ხელისუფლების თამაშის მონაწილეა და რომ მან ყველა ფაქტზე დახუჭა თვალი. "ამ ფაქტების წინასაარჩევნოდ გახსენება გვსურდა იმის გამო, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვისთან გვაქვს საქმე. ეს ხელისუფლება თუ დარჩა ხელისუფლების სათავეში პატრიარქსაც და ეკლესიასაც ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება. ამაზე მარტო ჩვენ არ ვსაუბრობთ, ამაზე მეუფეებიც სააუბრობენ", - აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" სიმულირებული არჩევნები ჩაატარა. სიმულაციის მეთოდით ხმების პარალელური დათვლა მოეწყო. ორგანიზაციის პრესსამსახურის ცნობით, სიმულაციის ერთი საათის განმავლობაში დამკვირვებელთა 97%-მა ანგარიშგება წარმატებულად განახორციელა. დღევანდელი სიმულაცია სამართლიანი არჩევნების მისიის წინასაარჩევნო მომზადების ნაწილია და მიზნად დამკვირვებლების, ცენტრალური ოფისის ოპერატორების, მონაცემთა ბაზისა და კომუნიკაციის სისტემის გამოცდას ისახავდა. სიმულაციაში მონაწილეობა ორგანიზაციის თითოეული დამკვირვებლისთვის აუცილებელი წინაპირობაა, არჩევნების დღის მაღალი ხარისხით დაკვირვების უზრუნველსაყოფად, - განმარტავენ ორგანიზაციაში. სამართლიანმა არჩევნებმა" დამკვირვებელთა ორდღიანი ტრენინგები 5-დან 24 სექტემბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელა. შესაბამისი მასალები ორგანიზაციის ყველა დამკვირვებელს უკვე გადაეცა. დღევანდელი სიმულაციის შემდეგ კი სამართლიანი არჩევნები დარწმუნებულია, რომ მისი სადამკვირვებლო მისია არჩევნების დღისთვის მზად არის. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ორგანიზაცია ხმების პარალელურ დათვლას განახორციელებს, რაც სტატისტიკურად შემთხვევით შერჩეული უბნებიდან არჩევნების დღეს ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს გულისხმობს.

სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში", 26 სექტემბერს კონფერენცია - "გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში" გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ინვალიდ-მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის" თავმჯდომარე მანანა მებუკემ განუცხადა, კონფერენციის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საჯარო დისკუსიის წამოწყება გენდერული თანასწორობის რეკომენდაციებსა და 2013-2014 წლების გენდერულ სტრატეგიასა და სამოქმედო პლატფორმაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის პარალელურად შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების პირველ პირებთან გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, განხორციელებული რეფორმები და მოახლოებული არჩევნები იყო.
"ლეიბორისტული პარტია" პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალების ჰააგის სასამართლოში გაგზავნას გეგმავს. პარტიის ინფორმაციით, აღნიშნულ ჩანაწერებს ისინი პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში მათ მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, დამატებითი მტკიცებულებების სახით წარადგენენ. "ჰააგის სასამართლოში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე გავაგზავნით დამატებით მტკიცებულებებს ვიდეო მასალების სახით, სადაც აღბეჭდილია სააკაშვილის შექმნილ და ივანიშვილის დაფნასებულ ციხის სისტემაში მომუშავე მოძალადეთა შემზარავი მოქმედებები. მასალების გაგზავნა გვიწევს დაგვიანებით, რადგან ოლიგარქმა მტკიცებულებები დამალა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულების დასაწერად და ჩვენთვის აღნიშნული ვიდეო მტკიცებულებები თვეების მანძილზე ხელმიუწვდომელი იყო", - აცხადებენ პარტიაში. მათივე ინფორმაციით, ჰააგის სასამართლოში სააკაშვილის წინააღმდეგ მათი სარჩელის მტკიცებულებათა გამოკვლევა უკვე დაწყებულია.

ე.წ. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა არჩევნების დღეს 09:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიმცემთა სია ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე დგება. ამომრჩეველს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიისთვის კენჭისყრის დღემდე ორი დღით ადრე მაინც უნდა მიემართა. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესზე ვრცელდება ყველა პროცედურა, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო უბანზე ხმის მიცემასთან; იდენტურია წარმომადგენლისა და დამკვირვებლის უფლებამოსილებებიც. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20 საათისა.

"ამომრჩეველთა ლიგა" 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლს ჩაატარებს.ორგანიზაციის თავმჯდომარის კოკა გუნცაძის თქმით, "ამომრჩეველთა ლიგამ" ურთიერთთანხმობის მემორანდუმი გააფორმა ამერიკულ პარტნიორ ორგანიზაცია "ბარსელო ენდ კომპანისთან". აღნიშნული ორგანიზაციის კონსულტაციით, "ამომრჩეველთა ლიგა" ეგზიტპოლების ჩატარებასთან ერთად, ხმების პარალელურ დათვლასაც განახორციელებს. "ამომრჩეველთა ლიგის" 2400 წარმომადგენელი საქართველოს მასშტაბით 1200 საარჩევნო უბანზე ხმების პარალელურ დათვლას განახორციელებს. ეგზიტპოლის შედეგები 1-ელ ოქტომბერს 20.00 საათზე გამოაქვეყნდება, ხოლო პარალელური დათვლის შედეგებს ორგანიზაცია 1-ელ ოქტომებრს დღის ბოლოს შეაჯამებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31