ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
27 აგვისტო - 2 სექტემბერი
03 სექტემბერი, 2012 წ.

მთავარი სიახლეები

"მაესტროს" დაყადაღებული სატელიტური თეფშების საკითხი კიდევ ერთხელ განიხილება


როგორც 27 აგვისტოს უწყებათაშორის კომისიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს კოალიციის წევრმა, გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განუცხადა, შეხვედრაზე გიგა ბოკერიას "მაესტროს" თეფშების მოსახლეობაში დარიგებაზე მონიტორინგის განხორციელება შესთავაზეს. ტუღუშის თქმით, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები მზად არიან, ამ პროცესზე მონიტორინგი განახორციელონ. მისივე ინფორმაციით, სერიოზული დისკუსიის და კამათის შემდეგ უწყებათაშორისი კომისიისგან მიიღეს დაპირება, რომ საკითხი კიდევ ერთხელ იქნება განხილული და კოალიცია პასუხს უახლოეს პერიოდში მიიღებს. შეხვედრა კოალიციის წევრებთან ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.


აღმოსავლეთ პარტნიორობის საზოგადოება წინასაარჩევნო მედიაგარემოში კვლავ სერიოზულ პრობლემებს ხედავს


აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა, საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილი მედიაგარემოში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და მათ მიერ 29 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში must carry/must offer-ის პრინციპებზე, ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ ანტენების დაყადაღებასა და ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას. აღმოსავლეთ პარტნიორობის საზოგადოების აზრით, მრავალფეროვან ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება, ამასთან must carry/must offer-ს განგრძობითი ხასიათი უნდა ჰქონდეს და მისი შეწყვეტა არჩევნების წინა დღეს არაგონივრულია. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყონებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის თითოეული ფაქტის სრულყოფილი გამოძიება.

ბიძინა ივანიშვილმა 30 აგვისტოს არჩევნების შედეგების წინასწარ აღიარების სანაცვლოდ რამდენიმე პირობა წამოაყენა

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, მათი მიზანი გაყალბებულ არჩევნებთან ბრძოლა კი არა, არჩევნებში გამარჯვებაა, ამიტომ ის მზადაა, წინასწარ აღიაროს არჩევნების შედეგები, თუ წინასაარჩევნო კამპანიის ნორმალურ პირობებში გაგრძელების საშუალება მიეცემა.

"ჩვენ მაინც მზად ვართ, დღესვე მოვაწეროთ ხელი არჩევნების შედეგების აღიარების ვალდებულებას, მხოლოდ იმ პირობით, რომ დღეიდან არჩევნებამდე საარჩევნო გარემო პრინციპულად შეიცვლება და დაკმაყოფილდება შემდეგი მოთხოვნები:
1. დაუყოვნებლივ შეჩერდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიცირებით გამოტანილი ყველა ჯარიმის, ყადაღისა თუ სანქციის აღსრულება, ისე, როგორც ეს მოხდა პარტიებისთვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით;
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კოალიცია “ქართული ოცნების” შემოსავლებიდან და ხარჯებიდან ამოირიცხოს ის თანხები, რომელთა კავშირი კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებთან არაფრით არ არის დადასტურებული, გარდა კონტროლის პალატის ვარაუდებისა და მხოლოდ ვარაუდების საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებებისა;
3. შეიქმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა (ამომრჩევლის 25%) მოახერხონ არჩევნებში მონაწილეობა, თუნდაც ამისათვის საჭირო გახდეს ხმის მიცემის დღის შეცვლა;
4. დაუყოვნებლივ მოიხსნას ყველა დაბრკოლება კერძო კომპანიების მიერ მოსახლეობაში სატელიტური თეფშების გასავრცელებლად და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ამომრჩევლის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით დაგეგმილ სხვა პროექტებს, მაგალითად, ქართველი ემიგრანტების ინიციატივას;
5. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შევიდეს კოალიციის წარმომადგენელი, კომისიამ იმუშაოს ყოველდღიურ, გამჭვირვალე რეჟიმში და სხვა საკითხებთან ერთად, დაუყოვნებლივ განიხილოს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნის (დაპატიმრება, სამსახურიდან გათავისუფლება, შანტაჟი) დღემდე მომხდარი ყველა ფაქტი;
6. სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული და კოალიციის მიერ გაზიარებული "ქცევის კოდექსის" დაცვის მონიტორინგისთვის შეიქმნას ქმედითი მექანიზმი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
ერთადერთი ქმედითი მექანიზმი, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ჯერ კიდევ ანგარიშს უწევს, ეს არის საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის პოზიცია. მაგალითად, უკანასკნელ ხანს ევროსაბჭოსა და ეუთოს წარმომადგენლების მწვავე კრიტიკის შემდეგ ხელისუფლებამ ზოგიერთ საკითხში უკან დაიხია (მოხსნა ინკასო პარტიების ანგარიშებიდან, კოალიციის ცენტრალური ოფისიდან გაიყვანა უკანონოდ შემოჭრილი პირები, გადაავადა ზოგიერთი ჯარიმის აღსრულება).
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ თუ ხელისუფლება მათ მიერ წამოყენებული პირობების თუნდაც მცირე ნაწილს გაითვალისწინებს, ის, თავის მხრივ, ყველა აქამდე არსებულ დარღვევას დაივიწყებს და იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებამდე ახალი დარღვევები და ახალი „კრიტიკული ტალღა“ არ დაფიქსირდა, კოალიცია არჩევნებს აღიარებს.

აუდიტის სამსახურმა "საქართველო არ იყიდება" „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ უსასყიდლოდ გადაცემული ვიდეორგოლებისთვის სამართალდამრღვევად სცნო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ორგანიზაციის "საქართველო არ იყიდებას" მიერ განხორციელებული არაფულადი შემოწირულობის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ვიდეო რგოლების უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი შეისწავლა. აუდიტის სახელმწიფო სამსახურის განცხადების მიხედვით, „საქართველო არ იყიდება"-ს მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის ასახული ვიდეო რგოლების სახით არაფულადი შემოწირულების მიღების ფაქტი, რის გამოც აუდიტის სამსახურმა გიგა ნასარიძის ორგანიზაცია სამართალდამრღვევად სცნო და ოქმი შეადგინა, რომელიც 5 ათას ლარიან სანქციას ითვალისწინებს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, პარტიამ აუდიტის სამსახურში მათ ანგარიშზე განხორციელებული არამატერიალური შემოწირულობის თაობაზე დეტალური ინფორმაცია წარადგინა. ამიტომ მათ მიმართ აუდიტის სამსახურს დამატებითი კითხვები აღარ გასჩენია.

სამართალდარღვევის საქმე განსახილველად ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.

„ნაციონალები“ შემომწირველებს 315 ათას ლარს დაუბრუნებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 5 შემომწირველს 315 ათას ლარს დაუბრუნებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩვენი შემომწირველების შესახებ ინფორმაცია შეისწავლა და დაადგინა, რომ რამდენიმე შემოწირულობის განხორციელება არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 315 ათასი ლარი უკან დავუბრუნოთ შემომწირველებს. საზოგადოების მეტი ინფორმირებულობისთვის, დღეიდან, ჩვენს საიტზე განთავსდება დეტალური ინფორმაცია იმ შემოწირულობების შესახებ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში „ნაციონალოურ მოძრაობაში“ განხორციელდა“,- ამბობს ჩიორა თაქთაქიშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის „დებატები“ და ხელისუფლების „ხვოსტები“ რა არ მოსწონს კოალიციის ლიდერს?

საზოგადოებრივი მაუწყებელი წინასაარჩევნოდ პარტიების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს და სიის პირველ ნომრებს დებატებში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გია ჭანტურიას თქმით, დებატებში მონაწილეობის უფლება ოთხ პარტიას: ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, კოალიცია ”ქართულ ოცნებას”, ”ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობასა” და "ლეიბორისტულ პარტიას" აქვს. „ნაციონალებმა“ და „ქრისტიან-დემოკრატებმა“ დებატებში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა უკვე განაცხადეს. „ქართული ოცნება“ კი გადაწყვეტილების მისაღებად საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ოფიციალურ, წერილობით „დაპატიჟებას“ ელოდებოდა. ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლობის ეს წამოწყება თვალთმაქცობად შეაფასა. მისთვის ქრისტიან-დემოკრატების ოპოზიციად შეფასება, მაშინ როდესაც ისინი რეალურად სახელისუფლებო ფრთას წარამოადგენენ, მიუღებელი აღმოჩნდა.

„ეს ფორმატი არის სიცრუე. სიცრუეში ჩვენ არ წავალთ. მე პოლიტიკაში მოვედი იმისთვის, რომ ეს სიცრუე მოისპოს ქვეყანაში. სიცრუის გამაგრებაში მათ ჩვენ არ დავეხმარებით. ეს ხომ სიცრუეა „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“ წარმოდგება ოპოზიციად. ეს არის „ხვოსტი“, კუდია სააკაშვილის. „ნაციონალური მოძრაობის“ გაგრძლება, ისევ, როგორც „ლეიბორისტული პარტია“ და „ახალი მემარჯვენეები““- განაცხადა ივანიშვილმა და „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატთან და პირველ ნომერთან დებატებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

თინათინ ხიდაშელი სოფელ მუღანლოსა და ქეშალის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკითხეს

კოალიცია "ქართული ოცნების" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელი, 17 აგვისტოს სოფელ მუღალოსა და ქეშალის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საგარეჯოს პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
პოლიტიკოსი იმედოვნებს, რომ საქმისწარმოება მომხდარის ფაქტის შესახებ აუცილებლად დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ხიდაშელმა საჩივარი გამგებლის წინააღმდეგ კამპანიაში ხელისშეშლის ბრალდებით შეიტანა. თუმცა მოძალადეების ნაცვლად სამართალდამცავებმა კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დააკავეს. საუბარია სოფელ მუღალოსა და ქეშალის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტზე, სადაც, "ქართული ოცნების" თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ, ჩხუბი ატეხეს და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. ოცნებისვე ინფორმაციით, ისინი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ "ინფო 9"-ის თვითმარქვია წარმომადგენლის მიმართ, რომელსაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ლეიბორისტული“ ეჭვები, ხელისუფლების და კოალიციის „გარიგება“ და ივანიშვილის ჭუჭყიანი ხელები, რომელსაც ვერც არაგვი, ვერც დუნაი და ვერც მისისიპი ვერ გარეცხავს

„ლეიბორისტებმა“ სააკაშვილი და ივანიშვილი გარიგებაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, გასული შაბათ-კვირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კომისიებში ძალაუფლების გადასანაწილებლად გამოიყენეს. როგორც კახა ძაგანიამ ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართულიმა ოცნებამ“ სხვა სატელიტ პარტიებთან ერთად რამდენიმე ათეული კომისიის მდივანი „დაითრია“ და ყველაფერი წმინდა მაქსიმეს ტაძარში ივანიშვილის და ბაქრაძის ხელის ძმური ჩამორთმევით დაასრულა. ლეიბორისტებმა კოალიციას და ხელისუფლებას თხოვნით მიმართეს, ბინძური გარიგებებისთვის ეკლესიების გამოყენებას შეეშვან. კახა ძაგანიას თქმით, ივანიშვილს ხელები ისე აქვს დასვრილი, რომ ვერც არაგვი, ვერც დუნაი, ვერც მისისიპი ვერ გარეცხავს.

გუგავამ „ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიციის ლიდერები დებატებისგან თავის არიდების მიზნით „ბუჩქებსა“ და „შუშის კოლბაში“ დამალვაში დაადანაშაულა

„ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, შალვა ნათელაშვილმა მიხეილ სააკაშვილს და ბიძინა ივანიშვილს დებატებში მასთან ერთად პირისპირ დაჯდომა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება შესთავაზა, თუმცა „როგორც კურდღლებს შეშვენით, ერთი შეიმალა ბუჩქებში, მეორე ჩაიმალა შუშის კოლბაში“,- აღნიშნა გიორგი გუგავამ. მისივე თქმით, სააკაშვილი და ივანიშვილი ერთი ძალაა, ისევე როგორც ერთი ხის ორი ტოტი.

„ქართული ოცნების“ ადიგენის შტაბი კარავში აღარაა

კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბმა კარვიდან ბინაში გადაინაცვლა. კოალიციის შტაბის ხელმძღვანელის დავით ბაციკაძის ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ ადიგენში ორი ბინა იქირავა. მას შემდეგ, რაც კარავში გახსილი შტაბის შესახებ შეიტყო, ერთ-ერთი ქალბატონი მას თავად დაუკავშირდა და შტაბისთვის საკუთარი ფართი შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ორივე ბინის მფლობელი ადგილობრივი და თან უმუშევარია. შეგახსნებთ, რომ ”ქართულ ოცნებას“ 15 აგვისტოდან შტაბი ადიგენის რაიონული სამმართველოს გვერდით დადგმულ კარავში ჰქონდა გახსნილი. როგორც კოალიციის წევრები აცხადებენ, ისინი თვენახევრის განმავლობაში ადგილობრივები ფართის მიქირავებაზე შიშის გამო ეუბნებოდნენ უარს.

"საქართველოს გზა" ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმისა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს


"პარტია “საქართველოს გზა“ გრძნობს რა ქვეყნისა და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას, უარს აცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე და მის ხელთ არსებული ყველა რესურსით მზად არის დახმარება გაუწიოს კოალიცია “ქართულ ოცნებას“. - განაცხადეს პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერებმა და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდეს. კოალიციის სასარგებლოდ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი "მწვანეთა პარტიამაც" თქვა.

ბიძინა ივანიშვილი მასწავლებლებს და სოფლის მამასახლისებს არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობას არ ურჩევს

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მასწავლებლებს და სოფლის მამასახლისებს არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობას არ ურჩევს.

„არ დაემონოთ ხელისუფლებას და არ მიიღოთ მონაწილეობა არჩევნების, ანუ ჩვენი სახელმწიფოს მომავლის, გაყალბებაში. თუ ისინი უარს არ იტყვიან ამ მძიმე დანაშაულში მონაწილეობის მიღებაზე, კანონის წინაშე ძალიან მკაცრად აგებენ პასუხს. აი, ამას გპირდებით მე თქვენ" - განაცხადა ივანიშვილმა ამბროულაურში გამართულ აქციაზე და აღნიშნა, რომ უნდა მოხერხდეს და ქვეყანაში კანონის უზენაესობა დამყარდეს.

სხვადასხვა

საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა 27 აგვისტოს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე სააგენტო „ინფო-9“-ის მიერ გადაღებული ვიდეომასალა წარმოადგინა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ურიგებენ მოსახლეობას შუა ღამეს რუსთავის რწმუნებულის დემნა გოგოლაძის ხელმძღვანელობით კარტოფილს, ფქვილს, ზეთს, შაქარს და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტებს. კადრებში ჩანს ადამიანიც, რომელიც აცხადებს, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის დახმარებაა. ძიძიგურის აზრით, ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფო რესურს წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს, რაც ყოვლად დაუშვებელია, - "ეს რომ 41-ნომრიანი მაისურებით ვინმეს გაეკეთებინა, "ნაციონალური არხები" მაშინვე წამოვიდოდნენ ჩვენს წინააღმდეგ"- აცხადებს ძიძიგური. მაჟორიტარობის კანდიდატი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სურსათი რუსთავის ყველა მოქალაქეს გადასცეს, რადგან სტიქიამ რუსთავი მთლიანად დააზარალა, ხოლო მოსახლეობას ურჩევს, მიიღოს ეს „დახმარება“ ხელისუფლებისგან, რადგან ის მათი კუთვნილი ფულითაა შეძენილი და სულაც არ ავალდებულებს არჩევნებზე ხუთიანის შემოხაზვას.

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე თერჯოლაში მისულ "მედიაჯგუფის" წარმომადგენლები კოალიციის ლიდერმა სიცრუეში დაადანაშაულა და მათ კითხვებსაც არ უპასუხა. ”მედიაჯგუფის” წარმომადგენლების მტკიცებით, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით "ქართული ოცნება" არჩევნებში მარცხდება და ამ ფონზე მათ არჩევნების აღიარებასთან დაკავშირებით ივანიშვილისეული გეგმები აინტერესებდათ. კოალიციის ლიდერმა "მედიაჯგუფის" წევრებს მოუწოდა, "სიცრუის მსახურებას თავი დაანებონ და პროფესიული მოვალეობა კეთილსინდისიერად შეასრულონ". გავრცელებული ინფორმაციით, ”მედიაჯგუფის” წარმომადგენლების კითხვებს შეხვედრის მონაწილეების გაღიზიანება მოჰყვა, რაც ერთმანეთის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ამის შემდეგ "ქართული ოცნების" აქციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა, ”მედიაჯგუფის” წარმომადგენლებს შეხვედრის ტერიტორია დაატოვებინეს. თუმცა "ქართული ოცნების" ინფორმაციით, არც ივანიშვილსა და არც მისი დაცვის წევრებს "მედიაჯგუფის" წარმომადგენლებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.


პოლიტიკური სუბიექტების მიმართ შემუშავებულ 18–პუნქტიან დოკუმენტთან დაკავშირებით დისკუსია ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 27 აგვისტოს გაიმართა. დისკუსიას პოლიტიკურ პარტიები, სამოქალაქო სექტორი და დოკუმენტის ავტორები ესწრებოდნენ. პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ხელისშეშლის, ამომრჩევლის მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, პოლიტიკური პარტიების მიერ არჩევნების დღეს ძალადობისა და აგრესიის წახალისების აკრძალვა – ეს იმ მოთხოვნების არასრული ჩამონათვალია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს დაუწესდათ. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის– „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული დოკუმენტის შემუშავება არჩევნების ნორმალურ ვითარებაში ჩატარებას შეუწყობს ხელს.

„ახალი მემარჯვენეების“ახალი ინიციატივა ადგილობრივი თვითმართველობებისათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადების 50%–ის ადგილზე დატოვებას და ადგილობრივი ხელისუფლებისათვის რაიონული საჭიროებებისა და რაიონის განვითარების პროექტების დასაფინანსებლად ამ თანხების განკარგვის უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.

28 აგვისტოს აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები განსაზღვრა.

„ლეიბორისტული პარტია“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, განათლების სისტემაში ცვლილებებს შეიტანს. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა - „ლეიბორისტების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტში ცვლილებები შევა. კერძოდ, ყველა ადამიანი უფასო განათლების უფლებით ისარგებლებს - „ანუ სახელმწიფოს დაფინანსება შეიცვლება, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით“,- განმარტა პაატა ჯიბლაძემ.

„ლეიბორისტული პარტია“ „ნაცურიოცნების“ მიერ საარჩევნო კომისიის წევრების მოსყიდვის თავის ასაცილებლად, პარტიის პოლიტიკურ კომიტეტში წესებს ადგენს. ამის შესახებ, დღეს, გამართულ ბრიფინგზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა, „ლეიბორისტების“ მიერ დანიშნული წალკისა და ყვარელის საარჩევნო კომისიის წევრების გადაბირებას ცდილობდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წევრები. მისივე თქმით, პარტიამ აღნიშნული საარჩევნო კომისიის წევრები გაათავისუფლა. გუგავას განცხადებით, პარტიის დანიშნულ კომისიის წევრებს „ნაცურიოცნების“ წევრებთან ყველანაირი ურთიერთობა ეკრძალებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ვინაობას საჯაროს გახდიან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდა „2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ“ მემორანდუმს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმეტს ხელი პარტიის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა მოაწერა. მემორანდუმში ფორმულირებულია საარჩევნო კოდექსის ის ნაწილები, რომლებითაც მასზე ხელმომწერები საარჩევნო კამპანიის წარმოებისას სახელმწიფო რესურსების გამოყენებაზე უარს ამბობენ. მემორანდუმი არჩევნებში ყველა პარტიისთვის თანაბარი გარანტიების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. დოკუმენტს, უკვე მოაწერეს ხელი უწყებათაშორისმა კომისიამ, შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და "მერაბ კოსტავას საზოგადოებამ".

კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის ფართში განლაგებულმა პირებმა ოფისის ტერიტორია დატოვეს. ბიძინა ივანშვილის ოფიციალური"ფეისბუკის" ცნობით, აქ მყოფი გაურკვეველი პირები თავს შპს „ლაით ჯგუფის“ წარმომადგენლებად ასაღებდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ შენობაში 150 კვადრატული მეტრის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია გააჩნდათ, თუმცა ამ დოკუმენტების წარმოდგენაზე უარს აცხადებდნენ. როგორც კოალიაციის ერთ-ერთი წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, აქ განლაგებულ პირებს რეალურად არანაირი ოფისი არ ჰქონდათ და ისინი სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც მას შემდეგ გაჩნდნენ, რაც ცხადი გახდა, რომ კოალიციის ოფისი აქ იქნებოდა. "მშვენიერი ადგილია იმისთვის, რომ უსმინო ნახევარ შენობას მაინც, თუ მთლიანად არა. დაჯდე კომუნიკაციებზე და აკონტროლო. ეს იყო ჩვეულებრივი ჯაშუშური საქმიანობა," - აცხადებს სუბარი და აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების გაქრობის მიზეზი ეუთოს დელეგაციის ჩარევაა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური კოალიცია "ქართული ოცნების" ანგარიშზე განხორციელებულ უკანონო შემოწირულობებზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, შემომწირველებმა სხვადასხვა მომსახურების შესყიდვისა და პარტიის ვალდებულებების შესრულებისათვის თანხები დაადეკლარირეს, როგორც არაფულადი შემოწირულობა, რაც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის დარღვევაა. განცხადებაში საუბარია, რომ თავიანთ ქმედებებს აღნიშნული პირები ხსნიან კოალიციაში შემავალი პარტიების ანგარიშებზე დადებული ყადაღით. თუმცა, აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ ამ ფიზიკურ პირებს შეეძლოთ ტრანზაქცია კანონის შესაბამისად ეწარმოებინათ.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა პროკურატურაში სარჩელი შეიტანა და "ნაციონალური მოძრაობის" დუშეთში მაჟორიტარობის კანდიდატის წინააღმდეგ საქმის აღძვრა მოითხოვა. სუბარის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" დუშეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურა ოტიაშვილმა ამომრჩეველი მოისყიდა. მან ადგილობრივ მოქალაქეს 500 ლარი გადასცა, რაც სუბარის განცხადებით კანონით აკრძალული ქმედებაა. უფრო მეტიც, ზურა ოტიაშვილმა არაპირდაპირი აღიარება მისცა და თქვა რომ "კარგი" საქციელი ჩაიდინა. სუბარის განმარტებით, ოტიაშვილს აქვს უფლება "კარგი", "ჯიგრული" საქმეები აკეთოს, დაეხმაროს ვისაც უნდა, მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. სოზარ სუბარი აცხადებს, რომ დუშეთის მაჟორიტარობის კანდიდატს კენჭისყრა სურს, მაშინ ის კანონს უნდა დაემორჩილოს.

პარტია „საქართველოს გზის“ წარმომადგენელმა გერმანიასა და ესპანეთში არჩილ ჯორჯაძემ ოპოზიციურ ძალებს თელავში „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ, საკუთარი კამდიდატების მოხსნისაკენ მოუწოდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ყრილობა ერთი კვირით გადაიდო. საქართველოს 11 ქალაქში დადეგმილი ღონისძიება პირველი სექტემბრის ნაცვლად, 8 სექტემბერს ჩატარდება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს, ყრილობის გადადების მიზეზი რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკლვეთზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს სამი სპეცრაზმელის გარდაცვალებაა.

2 სექტემბერს თელავში დაგეგმილი აქცია გადაიდო. ამის შესახებ ჟურნალისტებს საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ლაფანყურში განვითარებული მოვლენების შემდეგ გახდა ცნობილი, კოალიციამ თელავში აქციის გადადების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მისი თქმით, აქცია თელავში აუცილებლად გაიმართება, თუმცა, ჯერჯერობით, აქციის თარიღი დადგენილი არ არის.

„ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა გლდანის საარჩევნო ოლქში ინგა გრიგოლიამ პარტიული სიით პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. პარტიულ საპარლამენტო მანდატზე უარი თქვეს ქდმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატმა კრწანისის რაიონში ზაზა გაბუნიამ და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯაბა სამუშიამაც.

„ლეიბორისტული პარტია“ მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს მესხეთ-ჯავახეთში მაჟორიტარობის კანდიდატების სიიდან სეპარატისტების ამოღებისაკენ მოუწოდებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ განაცხადა, ხელისუფლებამ და ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარებად საქართველოდან მოწყვეტის იდეოლოგი და სეპარატისტული ორგანიზაცია „ჯავახკის“ იდეოლოგი წარადგინა. კახა ძაგანიას განცხადებით, სააკაშვილ-ივანიშვილი „პოლიტიკური ბედნიერების ახალ ეტაპს“ ამრიგად მესხეთ-ჯავახეთის გაყიდვით აპირებენ.

ქუთაისში არსებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თანხების სიმცირის გამო, მოკრძალებული საარჩევნო კამპანიით შემოიფარგლებიან. "ახლებს", "თავისუფალ საქართველოს", "ქართულ ოცნებასა" და "ლეიბორისტებს" ქალაქში თითო–თითო ოფისი აქვთ, რომელიც ასევე, საარჩევნო შტაბის ფუნქციას ასრულებს. მათგან განსხვავებით, შედარებით გაუმართლათ "ქრისტიან–დემოკრატებს", რომლებიც ცენტრალური ოფისის გარდა, ქალაქში 10 საარჩევნო შტაბს ფლობენ. თავის მხრივ, ქდმ–ს ქუთაისის წარმომადგენლობაში მწირ ფინანსურ შესაძლებლობებზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ შტაბები პარტიის აქტივის ნატურით შემოწირულობის წყალობით აქვთ.

კოალიცია ქართული ოცნების გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო ვახტანგაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა სახის დარღვევები დაფიქსირდა. მისი თქმით, ზოგან არ არის გამოკრული საარჩევნო უბნის მიმანიშნებელი აბრა, ზოგიერთი უბანი კი საოლქო კომისიის მიერ მითითებულ ადგილზე არ არის გახსნილი.

"ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი გელა გოშაძე, რომელიც გენერალურმა ინპექციამ დააკავა, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. გოშაძეს სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. გელა გოშაძე, რომელსაც ძალოვნები სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან, დაახლოებით 18 წლის განმავლობაში იმერეთის სამხარეო და ქუთაისის საქალაქო სამმართველოებში უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. ძალოვანი სტრუქტურა გოშაძემ წელიწადნახევრის წინ დატოვა. ყოფილი პოლიციელისთვის წაყენებული ბრალდება, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ გელა გოშაძე ძალოვნებმა ქუთაისში, "ოცნების" აქტივისტების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის მაისში და ივნისში დასაკითხად დაიბარეს, თუმცა მაშინ მისი დაკითხვა გადაიდო.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სიების შეტანის ვადა პირველ სექტემბერს ექვს საათზე ამოიწურა. ამ დროისთვის ცესკოში სულ 17 სუბიექტი, 15 პარტია და ორი - საარჩევნო ბლოკია რეგისტრირებული. ცესკოს პრესსპიკერის ეკა აზარაშვილის განმარტებით, სიებში შესული ის კანდიდატები, რომლებსაც სახელმწიფო თანამდებობა უკავიათ, თანამდებობიდან 3 სექტემბრამდე უნდა გადადგნენ. სწორედ ამის შემდეგ შემოწმდება პარტიული სიები.

საარჩევნო ბლოკის „ბიძინა-ივანიშვილი-ქართული ოცნების“ წევრი თედო ჯაფარიძე 29-30 აგვისტოს ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საქართველოში არსებული წინასაარჩევნო სიტუაცია გააცნო.

ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის ტრეინინგს ატარებს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის 3-დან 9 სექტემბრამდე ტრეინინგების II ეტაპი ჩატარდება, რომელზეც ამომრჩევლების სიებს, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებების, კენჭისყრის დღის განცხადებისა და საჩივრების წარმოების საკითხებს განიხილავენ. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სწავლების კურსის მომდევნო III ეტაპი 11-დან 27 სექტემბრამდე განხორციელდება. ცესკოს ეგიდით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი “სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტების და პროცესების გაძლიერება“, ტრეინინგს ერთობლივი პარტნიორობით ახორციელებენ.

პარტია "თავისუფალი საქართველო" მაჟორიტარობის კანდიდატებს შვიდ ოლქში "ქართული ოცნების" სასარგებლოდ არ წარადგენს. პარტიას ამ მიზეზით არც მთაწმინდის ოლქში არ წარუდგენია მაჟორიტარები და მხარი ზაზა პაპუაშვილს დაუჭირა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ბიძინა ივანიშვილის მიერ, მე-9 არხის ეთერში გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს: "საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია რეაგირების გარეშე ვერ დატოვებს საარჩევნო ბლოკი ”ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც მან 31 აგვისტოს ტელეკომპანია მე-9 არხის გადაცემა ”მთავარ კითხვაში” გააკეთა. კერძოდ, - ”...ცესკო-ს შენობა დაიხურება ერთი საათით ან ორი საათით, ან შეაჩერებენ როგორც წინა არჩევნებზე შეაჩერეს, გადაწერენ უწყისებს, გამოყრიან ჩვენი კომისიის წევრებს და ასე შემდგომ და გამოიტანენ და დადებენ შედეგებს...” პოლიტიკური ლიდერების მხრიდან არარსებულ ფაქტებზე აპელირება და მსგავსი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იწვევს საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობას და აუარესებს საარჩევნო გარემოს. სატელევიზიო ეთერში გაჟღერებული ზემოაღნიშნული განცხადება საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის არცოდნასთან. მომავალში მსგავსი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ვთავაზობთ ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს ორშაბათს, 3 სექტემბერს, მობრძანდეს ცესკო-ში და უშუალოდ გაეცნოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას." - აღნიშნულია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"ქართული ოცნების" წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა სიების დაზუსტების კომისიაში საკუთარი კარდაკარის შედეგად აღმოჩენილი უზუსტობების სია მიიტანა. როგორც ქუცნაშვილი ამბობს, ეს მონაცემები ახალ სიებთან არის შედარებული და ხარვეზებიც გამოიკვეთა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლის განცხადებით, ზუგდიდში 4 ათასზე მეტი არასწორი მონაცემია, რომელიც სიების დაზუსტების კომისიის კარდაკარმა არ ასახა. ასევე, დარღვვებია თიანეთში, სადაც 120 უზუსტობა დაფიქსირდა. სიების კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე კი ამბობს, რომ კანონი მას მხოლოდ ორ რამეს ავალდებულებს: 1) ცესკო-ს გადაუგზავნოს ერთიანი სია და 2) ეს სია გაასაჯაროოს. კაციტაძე ამ ორივე პირობას 14 დღის შემდეგ შეასრულებს.

ბათუმის მერიამ უკვე განსაზღვრა ის შვიდი ადგილი, სადაც საარჩევნო პლაკატების გასაკრავად სტენდები განთავსდება - ევროპის მოედანი, საოცრებათა მოედანი, ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე სკვერი, ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთა, რესტორან „აჭარულის სახლის“ და რესტორან „კოშკის“ მიმდებარე ტერიტორია, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია და ახალ ბულვარში ამფითეატრის ტერიტორია. მისივე თქმით, თითოეულ ადგილას განთავსდება იმდენი სტენდი, რამდენი საარჩევნო სუბიექტიც არის. სტენდებზე კი გაკრული იქნება სტიკერი ინფორმაციით იმის შესახებ, თუ რომელმაა საარჩევნო სუბიექტმა უნდა ისარგებლოს ამ კონკრეტული სტენდით. ბათუმის საკრებულოს 6 აგვისტოს დადგენილების მიხედვით, საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია საკულტო შენობა-ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების და პოლიციის შენობა-ნაგებობებზე. ჩამონათვალში ასევე შედის ბულვარი, საგზაო ნიშნები და ბათუმის სხვადასხვა ქუჩა.

სამართალდამცველებმა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრი, 18 წლის ბექა ჯიქიძე დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრმა ლაშა გოლუბიანმა განუცხადა , ჯიქიძე გუშინ, 18.00 საათზე დააკავეს. მისივე თქმით, დაკავებული თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი და მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. გოლუბიანის ინფორმაციით, ჯიქიძეს დღეს საღამოს გაესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მან დანაშაული მასზე მორალური და ფიზიკური ზეწოლის შემდეგ აღიარა.

თბილისის მერიამ საარჩევნო ბლოკს "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნებას", "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის" შესაბამისად, 29 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე მანიფესტაციის გამათვაზე თანხმობა მისცა, თუმცა 23 სექტემბერს ბერას კონცერტის გამართვა სატრანსპორტო მიმოსვლის შეფერხების მოტივით მიზანშეუწონლად მიიჩნია. - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერიამ გაავრცელა და აქვე განმარტა, რომ "ქართულ ოცნებას" შეუძლია, კონცერტის ჩასატარებლად გამოიყენოს ნებისმიერი ადგილი, სადაც კონცერტის გამართვით ტრანსპორტის მოძრაობა არ შეიზღუდება.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2012 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 164 მუხლი) გამოძიება დაიწყო 32 დანაშაულზე, ხოლო სისხლის სამართლის დევნა 8 პირის მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას opendata.ge, საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31