ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
17-23 სექტემბერი
25 სექტემბერი, 2012 წ.
მთავარი

სტუდენტები პატიმრების წამების ფაქტების უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ და დამნაშავეთა დასჯის და სიტუაციის რადიკალურად ცვლილების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს მართავენ.

მოვლენათა ქრონოლოგია: 18 სექტემბერს „მეცხრე არხის“ და „მაესტროს“ ეთერით სასჯელაღსრულების მერვე საპყრობილეში პატიმართა არაადამიანური წამების დამადასტურებელი შოკის მომგვრელი კადრები გავრცელდა, რომელსაც მომდევნო დღეებში არასრულწლოვანთა და ფსიქიატრიულ ავადმყოფთა წამების ფაქტებიც მოჰყვა. ამას წინ შსს-ს მიერ გავრცელებული შედარებით უფრო მსუბუქი კადრები უძღოდა. აღშფოთებულმა საზოგადოებამ საპროტესტო აქცია იმ ღამითვე სოციალური ქსელის საშუალებით დაგეგმა და გლდანის ციხესთან მოიყარა თავი. აქციები საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში გაიმართა. განსაკუთრებული აქტიურობით სტუდენტები გამოირჩეოდნენ. ახალგაზრდების თქმით, ისინი უსამართლობის, არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ამით არც ერთი პარტიის ინტერესებს არ გამოხატავდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა ციხეებში ძალადობის შეწყვეტა და მომხდარზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა იყო.

სამთავრობო უწყებებში მომუშავე რიგმა პარტიულმა თუ უპარტიო წევრებმა თანამდებობები დატოვეს და „ქართული ოცნების’ რიგებს შეუერთდნენ. პროტესტი გამოთქვეს მომღერლებმა, მსახიობებმა, მწერლებმა და საზოგადოების სხვა ცნობილმა წარმომადგენლებმაც. მომხდარით შეშფოთებულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციებიც. უცხოენოვანი პრესა შექმნილი გარემოების გამო არჩევნების შედეგების შეცვლის ალბათობაზე ალაპარაკდა.

ოპოზიცია: პოლიტიკურმა პარტიებმა ახლახან გამოაშკარავებული, მაგრამ მათთვის უკვე კარგად ცნობილი ფაქტების გამო აღშფოთება ვერ დამალეს და საზოგადოებას შესაბამისი რეაქციისა და არჩევნებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდეს. მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა კი ხელისუფლებას დააკისრეს და დამნაშავეთა კანონმდელობით დასჯა მოითხოვეს.

ხელისუფლება: საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ნანახს გარედან პროვოცირებული უწოდა და თანამდებობიდან უწყების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა გაათავისუფლა, თუმცა მეორე დღეს პოლიტიკური და ადამიანური პასუხისმგებლობის აღების მოტივით გადადგომის შესახებ პრემიერ-მინისტრს თვითონაც მიმართა. იგივე გაიმეორა შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალაიამაც, რომელიც საზოგადოებაში ასეთი უმაწყალო სისტემის შექმნის ინიციატორად მოიაზრეობა. გაბრაზებულმა პრეზიდენტმა პენიტენციალური სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებად აქცია, კალმახელიძის „მემკვიდრეობა“ ახლა უკვე ყოფილ სახალხო დამცველს გადააბარა, ახალაიას დროებით შემცვლელად კი მისი მოადგილე ეკა ზღულაძე დანიშნა და საზოგადოებას მსგავსი ინციდენტის გამეორების შეუძლებლობაში დაარწმუნა. ნანახზე შეშფოთება გამოთქვეს სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმაც და დამნაშავეთა დასჯის პროცესიც დაიწყეს. მაგ, საქართველოს საზღვრის გადაკვეთამდე დააკავეს გლდანის N8 საპყრობილის ოფიცერი დათა აკობია, რომელმაც პატიმართა წამების შემზარავი ფაქტები გადაიღო. დაკავებულია ასევე მერვე საპყრობილის 10 თანამშრომელიც, რომელთაც პატირმების არაადამიანურ წამებაში ედებათ ბრალი. ხოლო ერთ-ერთ ოფიცერზე ბედუკაძეზე, რომელიც ამ კადრების გასაჯაროების ერთ-ერთი მონაწილე იყო, ძებნაა გამოცხადებული.

ხელისუფლების აზრით, ციხეში მიმდინარე მოვლენების გამოაშკარავება არჩევნებს უკავშირდება და ეს ოპოზიციური ძალების ინტერესებში იყო მხოლოდ. ვიდეოგადაღების დამკვეთად სამთავრობო უყწებაში ქართული ოცნების დედოფლისწყაროს მაჟორიტარის მამა თამაზ თამაზაშვილი სახელდება. პრეზიდენტმა სიტუაციის გამოსწორება პრემიერ-მინისტრს დაავალა, რომელმაც, თავის მხრივ, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში დროებით პატრულის თანამშრომლები შეუშვა.

პატიმრების აღიარება: სიტუაციის შეცვლის იმედით პატიმრებმა მერვე საპყრობილეში არსებული მდგომაროების სრული სიმძიმის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ჟურნალისტების, ადვოკატების, ნათესავების საშუალებით მიაწოდეს და ის პირებიც დაასახელეს, რომლებიც პატიმრებთან განსაკუთრებულად სასტიკი დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. პატიმრები შიშობენ, რომ დროებით წინასაარჩევნოდ ჩაწყნარებული სიტუაცია აქციების დაშლის შემთხვევაში მათ საწინააღმდეგოდ შემობრუნდება.

ვინ მოიპოვა ვიდეომასალა? მედიაკავშირ ”ობიექტივის” ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ საპატიმროებში წამების ამსახველი კადრების საათნახევრიანი მასალა მას ივნისის დასაწყისში, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის სახელით, უცნობმა მამაკაცმა მიაწოდა. მისი თქმით, თამაზაშვილს და ქართულ ოცნებას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. არსებობს მოწმე, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის ხელძღვანელად საქართველოს პრეზიდენტს ასახელებს. “მე-9 არხის” კორესპონდენტი გიორგი ფოფხაძე ადასტურებს, რომ მან ირმა ინაშვილისგან მიიღო ინფორმაცია და შემდეგ, ამ მასალის გადამღებ, ამჯამად საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფ ლადო ბედუკაძესთან ერთად, ევროპარლამენტს, ევროკომისიას, არასამავრობო ორგანიზაციებს, წამების კომიტეტს გააცნო. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მორიგე ინსპექტორი ლადო ბედუკაძის თქმით, ეს საშინელება ბაჩო ახალაიას დანიშვნის შემდეგ დაიწყო და ის თავად იყო პატიმრების წამების ინიციატორი და უშუალო შემსრულებელი.

დაჭერების სერია: „21 სექტემბერს თბილისში ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ჩადენისთვის დაკავებულ იქნა ოთხი პირი – დავით ფაცაცია, ზურაბ მესხია, შოთა ბაზერაშვილი და კონსტანტინე ლაბარტყავა. ოთხივე დაკავებულს პოლიციამ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით წაუყენა. ფაცაციასა და მესხიას უკვე შეეფარდათ 40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა; 22 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო აქტივისტები დაჩი ცაგურია და ბექარ ალადოშვილი დააკავა. მათ 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ ცაგურია აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდების საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, მისი დაკავების ფაქტი დამატებით ეჭვებს წარმოშობს. ვფიქრობთ, წინასაარჩევნო პერიოდში ამგვარი ქმედება ცალსახად პოლიტიკურად იყო მოტივირებული", - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ორგანიზაციის აზრით, მესტიის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" წარმომადგენელ კახა ჟორჟოლიანის დაკავებაც, რომლის საფუძველიც არჩილ სოფრომაძის საჩივარი გახდა, ეჭვს იწვეს. არჩილ სოფრომაძემ მას ბრალი კომისიის მუშაობის ხელშეშლაში დასდო. "თუმცა, კომისიის სხდომის ოთხი წევრისა და ზოგიერთი თვითმხილვევლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩხუბისა და ხულიგნობის ფაქტი არ მომხდარა. მათი განცხადებით, ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკებას და ხმამაღალ კამათს. ჩვენი ინფორმაციით, ადმინისტრაციული დაკავების საფუძველი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი, წვრილმანი ხულიგნობაა, რაც ითვალისწინებს სახდელს 100 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღის ვადით. ამ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, საქართველოს საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს შესაბამის ზომებს, მათ შორის, კომისიის კოლეგიური გადაწყვეტილების საფუძველზე ხელშემშლელი ან წესრიგის დამრღვევი პირის სხდომიდან გაძევებას. შესაბამისად, მიუღებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენება, როდესაც შემთხვევა დარეგულირებულია იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი და სპეციალური კანონით, როგორიცაა ორგანული კანონი – საარჩევნო კოდექსი", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა „ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენლის დაკავების, ცემის (იყო სახეში მჟავის შესხმის ფაქტიც) და გაუჩინარების ფაქტებიც.

სხვადასხვა

17 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით პრესკონფერენცია გაიმართა. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის აუდრონიუს აჟუბალისის თქმით, ისინი საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით ეწვივნენ. მან საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ეს არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს. "ჩვენ ვიქნებით მიუკერძოებელი დამკვირვებლები და იმედია, ჩვენს პოზიციაზე გავლენა არც ერთ მხარეს არ ექნება. ჩვენ ფაქტებს აღვრიცხავთ, საუკეთესო მეგობარი არის ის, ვინც შეცდომებს ხედავს და გვეუბნება", - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. არჩევნების სამართლიანად ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს სხვა მინისტრებმაც. მანამდე კი ლიტვის, ლატვიის, რუმინეთის, ჩეხეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკური ხედვითა და სტრატეგიითაც დაინტერესდნენ. მინისტრები"ლეიბორისტული პარტიის" გენერალურ მდივანს იოსებ შატბერაშვილს, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს გიორგი თარგამაძეს და "ახალი მემარჯვენეების" ლიდერს დავით გამყრელიძესაც შეხვდნენ. საუბარი წინასაარჩევნო გარემოს და პოლიტიკური პარტიების მხრიდან არჩევნების შედეგების აღიარების მზაობას შეეხო. გიორგი თარგამაძის თქმით, ევროპელი ლიდერები არჩევნების შემდეგ უკმაყოფილების შემთხვევაში ხალხის შესაძლო რეაქციითაც დაინტერესდნენ.

ამერიკელმა კონგრესმენებმა - ჯოან ემერსონმა, მაიკ თერნერიმ, მაიკ როსიმ და ბენ ჩენდლერმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადება ჰილლ -ის კონგრესმენების ბლოგზე გამოქვეყნდა. „1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელ პერიოდში საქართველომ შექმნა ძლიერი სისტემა, რათა ხელი შეუწყოს თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს. არჩევნებს მსოფლიოში აღიარებული სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები დააკვირდებიან, რათა დაადასტურონ, რომ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პირნათლად დაცულია თავისუფლებისა და სამართლიანობის პრინციპები, უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტების შესაბამისად. ამ დამოუკიდებელი არბიტრების სიტყვებს ყველამ უნდა მოუსმინოს და პატივი სცეს", - ნათქვამია კონგრესმენების განცხადებაში. მათივე თქმით, მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხი საკუთარ არჩევანს გააკეთებს, შედეგებს კომპეტენტური ორგანოები შეაჯამებენ და სადამკვირვებლო ჯგუფები შეაფასებენ, მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, პატივი სცენ შედეგებს, გვერდით გადადონ განსხვავებები და ითანამშრომლონ მშვიდობიანად ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი ელჩი ტისკევიჩი ყველა მხარეს პროვოკაციული განაცხადებისა და ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. . "ყველა მხარესთან გაგრძელდება მუშაობა, ვიდრე დაძაბულობა არ შემცირდება. ჩვენი მიზანი კვლავ რჩება, შენარჩუნდეს ხალხის უსაფრთხოება და სტაბილურობა ადმინისტრაციულ საზღვრისპირა რეგიონში", - აცხადებს მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი.

ამერიკულ მონიტორინგის ჯგუფს საქართველოში არჩევნებზე დაკვირვებაზე, ორგანიზაციის მიერ არასაკმარისი ინფორმაციის წარდგენის მოტივით, ცესკო-მ უარი უთხრა, - ამის შესახებ ამერიკულმა ორგანიზაცია "ღია დემოკრატიის კომიტეტის" წარმომადგენლებმა 19 სექტემბერს "ინტერპრესნიუსის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. "ჩვენმა ორგანიზაციამ არჩევნებზე დაკვირვების აკრედიტაცია სხვადასხვა ქვეყანაში ექვსჯერ მიიღო. ვაკვირდებოდით არჩევნებს უკრაინაში, მოლდოვაში, სლოვენიასა და მონტელეგროში. თუმცა 1-ელ ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების უფლებაზე საქართველოში უარი მივიღეთ. ეს ფაქტი საქართველოს მხრიდან, წლების მანძილზე ბრძოლით მოპოვებული დემოკრატიული პრინციპებიდან და ინსტიტუტებიდან გადახვევას ნიშნავს... სააკაშვილის ადმინისტრაცია ანიჭებს აკრედიტაციას ბელორუსიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც გააყალბა არჩევნები და მას აეკრძალა აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა. ამის მიუხედავად, იგი მაინც მიიღო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა"- აღნიშნა კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან მეფორდმა. ორგანიზაციის წევრების თქმით, ისინი აკრედიტაციის მოპოვებას კიდევ შეეცდებიან.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ამერიკელი კანონმდებლები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავენ და რუსეთის ფედერაციას საქართველოს მათ მიერ უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან საჯარისო შენაერთების გაყვანისკენ მოუწოდებს. . კანონმდებლები ასევე მხარს უჭერენ აშშ-ის უფრო აქტიურ ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებში. "მე ვამაყობ დღეს, ჩემს კოლეგასთან ერთად, ამ რეზოლუციის წარდგენით. რეზოლუციის განხილვა ძალზედ დროულია, რადგან საქართველოში 1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს", - განაცხადა კონგრესმენმა შუსტერმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოში აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდს შეხვდა. პატრიარქმა საქართველოში აშშ-ის ელჩს და, ზოგადად, უცხოელ დამკვირვებლებს საქართველოში გამჭირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში ხელშეწყობა თხოვა. უწმინდესი და ამერიკელი დიპლომატი პატიმართა წამებისა და შეურაცხყოფის მტკივნეულ თემასაც შეეხნენ, რაზეც მხარეებმა, ერთნაირი პოზიცია დააფიქსირეს.

17 სექტემბერს უცხოეთის ქვეყნებში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მინიჭების მოთხოვნით ბათუმის იუსტიციის სახლთან აქცია გამართეს. საქართველოს მოქალაქეები თურქეთიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ავტობუსებით ჩამოვიდნენ და თან იმ ათასობით ადამიანის სიაც ჩამოიტანეს, ვისაც არჩევნებში მონაწილოების საშუალება არ ეძლევა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საკონსულომ მათი დოკუმენტების მოწესრიგება ვერ მოასწრო და ხსენებულ უწყებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ემიგრანტების აქციას კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები და ემიგრანტების ახლობლებიც შეუერთდნენ. კოალიციის წარმომადგენლები აღნიშანვენ, რომ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება კონსტიტუციით დაცულია, თუმცა ემიგრანტებს სხვა ქვეყნებში ეს უფლება შეუზღუდეს.

21 სექტემბერს ქართველმა ემიგრანტებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფის "ჩვენ დავბრუნდებით" სახელით აქცია გამართეს და არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მოთხოვნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს. აქციის მონაწილეებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელზე განცხადება შეიტანეს, რომელსაც თან ერთვის მათივე ხელმოწერები.მათი თქმით, ემიგრანტების ოჯახის წევრებიც ქართულ საპატიმროებში იმყოფებიან ა მათ შესახებ ქვეყნიდან წასულ მოქალაქეებს ინფორმაცია არ აქვთ. "ასი ათასობით უფლებაწართმეული ქართველი ემიგრანტი უნდობლობას ვუცხადებთ, საქართველოს ხელისუფლებას და ვგმობთ იმ ძალადობრივ რეჟიმს, რომლესაც წლების მანძილზე ხელისუფლება კარგად ფუთავდა როგორც წარმატებულ რეფორმას. ამ მოვლენებმა კიდევ უფრო გაზარდა ემიგრანტების მოტივაცია და სურვილი, აქტიურად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა", - ნათქვამია განცხადებაში. ემიგრანტები მოითხოვენ ხელისუფლებამ მაქსიმალურად სწარფად და ყველანაირი შეფერხების გარეშე გამარტივების წესით მოახდინოს საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია საზღვარგარეთ, ასევე გახსნას ამომრჩეველთა რიცხვის შესაბამისი უბნების რაოდენობა იმ ქალაქებში, სადაც კომპაქტურად იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები, ასევე ითხოვენ კენჭისყრის დროს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის გადმოტანილი იქნას, კვირას 30 სექტემბერს. ვინაიდან დრო საკმაოდ ცოტაა, საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა ჩაატარონ ყველა საჭირო ღონისძიება, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დროულად ინფორმირებისთვის და ითხოვენ დიპლომატიური მისიებისთვის არჩევნებამდე ყველა უქმე დღე გამოცხადდეს სამუშაო დღედ.

არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება "აღმოსავლეთის პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა" წინასაარჩევნო რეკომენდაციებს აქვეყნებს. „ეროვნული პლატფორმა“ საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს კანონმორჩილებისა და არჩევნების სამართლიანად ჩატარებისკენ მოუწოდებს, რაც გამოკვეთილი პრობლემემების აღმოფხვრითაა შესაძლებელი.

საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა უფლებების დარღვევის ფაქტებზე 21 სექტემბერს აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისიაზე იმსჯელეს. სხდომას კონგრესმენი კრის სმიტი უძღვებოდა, რომელმაც არჩევნების პარალელურად, საქართველოში პენიტენციური სისტემის სკანდალზე ისაუბრა.

ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერის მანანა ნაჭყებიას განცხადებით, მათი პარტიის თავმჯდომარე დავით გამყრელიძე ვა ბანკზე მიდის და ბარიერის ვერგადალახვის შემთხვევაში პოლიტიკისთვის თვის დანებებას აპირებს. ამის შესახებ მან 17 სექტემბერს სააგენტო „ივერონის“ პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. ნაჭყებიას თქმით, წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები იშვიათ შესაძლებლობას იძლევა, რომ დაბალანსებული შედეგი დადგეს და ეს შანსი პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ ფლანგზე დადგომამ განაპირობა. ნაჭყებია იმედოვნებს, რომ ახალი პარლამენტი დღევანდელის მსგავსად ერთპარტიული არ იქნება. - "არ ვიცი რა დოზით, მაგრამ ცხადია, რომ ახალ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" გარდა წარმოდგენილი იქნება "ქართული ოცნება", "ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობა", ვიქნებით ჩვენ, "მემარჯვენეები" და კარგი იქნება თუ იქნებიან მემარცხენე პოლიტიკური ძალებიც, მაგალითად "ლეიბორისტული პარტია". ვფიქრობ პარლამენტში შესვლის შანსი "ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას" და პარტია "თავისუფალ საქართველოსაც" ექნება", აღნიშნა მანანა ნაჭყებიამ.

17 სექტემბერს "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლებმა ენგურის ხიდთან აქცია გამართეს. მათი თქმით, სადემარკაციო ზოლს იქით - გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობა რუსული სპეცსამსახურებისა და რუსული სამხედროების მხრიდან წნეხის ქვეშ იმყოფება. "მათ არჩევნების დღეს შეუძლიათ ზუგდიდში გადმოვიდნენ და საქართველოს სასარგებლოდ თავისუფალი არჩევანი გააკეთონ. საოცრებაა, როცა უცხო ქვეყნის, მით უმეტეს მტრულად განწყობილი სახელმწიფოს საოკუპაციო ძალები ჩვენს მოქალაქეებზე ზეწოლას ცდილობენ", - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ. მისივე ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმი მოსახლეობას მიანიშნებს, რომ არჩევნებზე მხარი პრორუსულ პოლიტიკურ ორგანიზაციას დაუჭირონ. ედპ-ს წევრებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აღნიშნული ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდეს.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი 16 სექტემბერს ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერით ნანა ლეჟავას გადაცემა "კვირის რეპორტაჟში" გასული სიუჟეტის საფუძველზე პროკურატურისგან ამავე რაიონში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მერაბ სამადაშვილის საქმიანობის შესწავლას მოითხოვს. მისი თქმით, "სიუჟეტში მოყვანილი იყო კონკრეტული მოწმეების კომენტარები სამადაშვილის კორუფციული და უკანონო ქმედებების შესახებ, მათ შორის საარჩევნო პროცესების არამართლზომიერად წარმართვასთან დაკავშირებით: სიუჟეტის მონაწილეები საუბრობდნენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მხრიდან, ამომრჩევლებზე ზეწოლის, დაშინების, მუქარის, მოსყიდვის და სხვა სახის უკანონო ღონისძიებების გატარების მიზნით, სახელმწიფო ბერკეტების გამოყენებაზე“. პარტია "თავისუფალი საქართველო" საქართველოში აკრედიტებულ საარჩევნო პროცესების მონიტორინგზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს აღნიშნულით დაინტერესებისა და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების მიერ ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტების შესწავლისკენ მოუწოდებს.

17 სექტემბერს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" "ქართული ოცნების" ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია 4 ორგანიზაციის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის, აიესითი-ის კვლევითი ინსტიტუტის, "ლიბერალური აკადემიის" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წინასაარჩევნო პროექტის ფარგლებში გაიმართა. ამავე პროექტის ფარგლებში უკვე წარმოადგინეს ეკონომიკური პროგრამები "ეროვნულ-დემოკრატიულმა" პარტიამ, ახალმა მემარჯვენეებმა და "ქრისტიან-დემოკრატიულმა" მოძრაობამ. 24 სექტემბერს ეკონომიკურ პროგრამას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" წარმოადგენს.

კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ სამოქალაქო საზოგადოების მიერ შეთავაზებულ პარტიათა ქცევის კოდექსის ყველა პუნქტის სრულად აღიარება 17 სექემბერს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დაადასტურა და ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეგნებულად ცდილობს.

გამომცემლობა "გურია ნიუსი" მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრობს და ხელისუფლებისგან უსაფრთხოების დაცვას ითხოვს. როგორც "გურია ნიუსის" განცხადებაშია ნათქვამი, 17 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" ჩოხატაურელი აქტივისტები, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვაჟი, ფსევდო "ინფო 9"-ის წარმომადგენლებთან ერთად, ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ მუშაობაში. „მოვითხოვთ, დაცული იქნეს ჩვენი უსაფრთხოება, ამჯერად მაინც, დაისაჯოს ყველა, ვინც შემოიჭრა დამოუკიდებელი მედიასაშუალების ოფისში, მოგვაყენა შეურაცხყოფა და ხელი შეგვიშალა მუშაობაში", - აღნიშნულია განცხადებაში.

კოალიცია "ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარი ფეპუტატობის კანდიდატის ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბი მთავარ პროკურატურას მიმართავს და "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თენგიზ სარიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. მისი თქმით, საქმე ეხება ამომრჩევლის მოსყიდვის სამ ფაქტს, რომელიც სარიშვილისა და მოსახლეობის შეხვედრებზე სააგენტო "ინფო 9"-მ გადაიღო. „ამ ვიდეომასალით პირდაპირ დასტურდება, რომ ეს არ არის დაპირება და პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვასთან გვაქვს საქმე. ჩვენ, დღეს ვამზადებთ საჩივარს და მივმართავთ მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება. ვინაიდან ეს ინფორმაცია გავრცელდა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, პროკურატურა ვალდებულია ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს“. აცხადებს გელაშვილი. იურისტის განმარტებით, სასამართლომ მათი საჩივარი უმოკლეს დროში უნდა დააკმაყოფილოს, რადგან ფაქტობრივ მასალას ფლობენ.

"ლეიბორისტებმა" "ნაციონალებთან" თანამშრომლობის მიზეზით თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი იოსებ ტეტუნაშვილი და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ფიქრია ავალიანი მოხსნეს, - ამის შესახებ 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა ჯიბლაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამავე მიზეზით დათხოვილია თეთრიწყაროს და წალკის საარჩევნო ოლქებში პარტიიდან წარდგენილი კომისიის წევრების სრული შემადგენლობა. სააკაშვილის "ნაცები" და ივანიშვილის "ოცნება" ზუსტად ერთნაირი ბინძური მეთოდებით იბრძვიან არჩევნების გაყალბებაში პირველობისთვის, რისთვისაც ადგილებზე ლეიბორისტული პარტიის აქტივზე ახორციელებენ შესაბამისად ძალადობასა და მოსყიდვას. ლეიბორისტებმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ამ რეგიონების განსაკუთრებულ კონტროლქვეშ აყვანის თხოვნით მიმართეს.

ლეიბორისტების ორმა მაჟორიტარმა „ქართული ოცნების „ სასარგებლოდ კანდიდატურები მოხსნა, რამაც "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავით რობაქიძის აღშფოთება გამოიწვია და „მეოცნებეებს“ კომბლით თავის გატეხვით დაემუქრა.

აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ომის ვეტერანებმა 18 სექტემბერს კინოს სახლში გამართულ შეხვედრაზე საგანგებო განცხადება გააკეთეს და ქართულ საზოგადოებას არჩევნებში კოალიცია "ქართულ ოცნებისა" და მის მაჟორიტარი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

კოალიცია "ქართული ოცნების" დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით , სპეციალური უბნები ისეთ დაწესებულებებშია შექმნილი, რომლებიც არ წარმოადგენენ სამხედრო ნაწილებს, რამაც, მისი თქმით, შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. ამის შესახებ ხმალაძემ 18 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით 70 სპეციალური უბანია შექმნილი და ამ უბნების სიაში 58 ათასზე მეტი ადამიანია შეყვანილი. ხმალაძის განცხადებით, სპეციალური უბნები შექმნილია, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროში და დაცვის პოლიციაში, მაგრამ არც ერთი მათგანი სამხედრო ნაწილს არ წარმოადგენს. "სპეციალურ სიებში მყოფი ადამიანები, რომლებიც ისეთ საარჩევნო უბნებში არიან, რაც სამხედრო ნაწილს არ წარმოადგენს (ანუ არ არის ყაზარმა, გარნიზონი) დილით მიდიან სამსახურში და საღამოს ბრუნდებიან, ამასთან 1 ოქტომბერი არის უქმე დღე და, თუ ეს სამხედრო ნაწილი არ არის, იმ დღეს სამსახურში ყოფნა ამ ადამიანებს არ ევალებათ. აქედან გამომდინარე, მათ შეუძლიათ, მისცენ ხმა სპეციალურ უბანში და მერე იქ, სადაც რეგისტრირებულები არიან", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ. მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ითხოვს სპეციალურ სიებში შეყვანილ ამოიმრჩეველთა სიებს, რათა თავისი თვალით დარწმუნდნენ, შესრულებულია თუ არა კანონის მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ თუ პირი შეყვანილია სპეციალურ საარჩევნო უბანზე, მაშინ ძირითად სიაში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი. კოალიციამ უკვე გაასაჩივრა ცესკო-ში ცხრა სპეციალური უბნის შექმნა, თუმცა ცესკომ ეს არ დააკმაყოფილა. "ქართული ოცნება" ამ მომთხოვნით სასამართლოსაც მიმართავს.
18 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პროექტ „დებატები 2012“-ის ფარგლებში პოლიტიკური პარტიების სიის #1 პირების ერთმანეთს რიგ საკითხებთან დაკავშირებით დაუპირისპრიდნენ. დებატები ურთიერთბრალდებების, საარჩევნო დაპირებების და საკუთარი ხედვის გატარების გარდაუვალობის მტკიცების ფონზე წარიმართა.

"თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა და პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, მათ ბოკერიას უწყების თანამშრომლებს ყველა ის ძირითადი პრობლემა გააცნეს, რაც წინასაარჩევნო პროცესისას "თავისუფალ საქართველოს" არამართლზომიერად ექმნება.

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერები 19 სექტემბერს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ და წინა დღეს „მაესტროსა“ და „მეცხრე არხზე“ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე, თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე, წინასაარჩევნო პერიოდსა და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ესაუბრნენ.

"თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხემძღვანელი, ზვიად წაქაძე და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გია ყრუაშვილი პარტიის ქუთაისის ოფისში ეუთო-ს დამკვირვებლებს შეხვდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი საქართველოდან" აცნობეს, პარტიის წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო მისიას ქუთაისსა და ხარაგაულის რაიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გააცნეს და ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ყოფილი დიპლომატები საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში აკრედიტებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ღია წერილით მიმართეს და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაგალითების ჩვენებისკენ მოუწოდეს. "მოგმართავთ ყველა დიპლომატს, ვისაც სინდისი სუფთა აქვს, თავად აჩვენეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაგალითები და თავი დააღწიეთ მორალისა და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასული მმართველი რეჟიმის სამსახურს. ამის შანსი თქვენ ქართველ ხალხთან ერთად გეძლევათ 1-ელ ოქტომბერს., - აღნიშნულია მიმართვაში. ღია წერილის ავტორები სალომე ზურაბიშვილი, ირაკლი ალასანია, თედო ჯაფარიძე, ალექსი პეტრიაშვილი, ვიქტორ დოლიძე, მაია ფანჯიკიძე, დავით ზალკალაინი, ზაალ გოგსაძე, გიორგი ვოლსკი, ირაკლი ჩიქოვანი და კონსტანტინე სურგულაძე არიან.

"თავისუფალი საქართველოს" მაჟორიტარობის 12 კანდიდატი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ კანდიდატურები მოხსნა. კანდიდატურები ასევე კოალიციის სასარგებლოდ მოხსნა ჯონდიბაღათურიას „ქართულმა დასმა“-ც.

22 სექტემბერს კოალიცია "ქართულმა ოცნებამ” მორიგი ხალხმრავალი მიტინგი ზუგდიდში გამართა. ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ერთადერთი, სადაც კოალიცია აგებდა, სამეგრელო იყო, თუმცა დღეს ამ მხრივ დღეს სიტუაცია შეცვლილია. მეორე დღეს აქცია ზუგდიდში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც“ გამართა და საკუთარ მიღწევებსა და შექმნილი სიტუაციის გამოსწორების აუცილებლობაზე ისაუბრა.

23 სექტემბერს გამართულს ცესკოს საგანგებო სხდოდამზე საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღების არძალვის დადგენილება განიხილეს. ეს ფაქტი არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააპროტესტეს და ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს. არასამთავრობოებმა იმედი გამოთქვეს, რომ დადგენილებას ცესკო არ მიიღებს.












FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31