ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
10 - 16 სექტემბერი
17 სექტემბერი, 2012 წ.

მთავარი

თომას მელია : არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას უნდა ასახავდეს

10 სექტემბერს საქართველოს სამდღიანი ვიზიტით ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ტომას მელიას ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებული შტატების უწყებათაშორისი დელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებიც იყვნენ. საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ თომას მელიამ 12 სექტემბერს სასტუმრო "რედისონში" შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.

"ჩვენ არ ვანიჭებთ უპირატესობას რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას თუ კანდიდატს და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას იმ ლიდერებთან, რომლებსაც ქართველი ხალხი აირჩევს. მომავალი არჩევნები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საქართველოს წინსვლისათვის მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების თვალსაზრისით. წინასაარჩევნო პოლიტიკური კამპანიის სამართლიანობის საშინაო და საგარეო აღქმა - ვგულისხმობ მედიაზე ხელმისაწვდომობას, კანონის უზენაესობის დაცვას, დავების სამართლიან განხილვას - მთავარი ინდიკატორი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა." - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ. მისი თქმით, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, წინასაარჩევნოდ რამდენიმე პრინციპის დაცვა მოეთხოვება, მათ შორისაა თანაბარი წინასაარჩევნო პოლიტიკური არენის შექმნა, კანონის უზენაესობა და სამართლიანი მართლმსაჯულება, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების პატიცისცემა, მედიაზე ხელმისაწვდომობა და კონსტრუქციულ ჩართულობა, რაც ძალადობისგან მაქსიმალურად თავის შეკავებას გულისხმობს. თომას მელიას თქმით, არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის პოლიტიკურ ნებას უნდა ასახავდეს.

ლუკა ვოლონტე - 1-ლი ოქტომბრის არჩევნები იქნება ლაკმუსის ტესტი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს შეამოწმებს

1-ელი ოქტომბრის არჩევნები იქნება ლაკმუსის ტესტი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს შეამოწმებს, - ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლუკა ვოლონტემ 12 სექტემბერს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ყველა პოლიტიკურ სუბიექტს არჩევნების ჩატარებამდე მისი შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისგან თავის შეკავება ურჩია. დელეგაციამ მხარეებს შორის არსებული პოლარიზაციისა და ანტაგონიზმის გამო შეშფოთება გამოთქვა და პოლიტიკურ სუბიექტებს ისეთი ქმედებებისგან თავის შეკავება ურჩია, რომელიც დაპირისპირების გამწვავებას შეუწყობს ხელს. ვოლონტემ ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენების ფაქტების აღმოფხვრისკენ მოუწოდა და ჯარიმების თემასაც შეეხო. მან დადებითად შეაფასა უწყებათაშორისი და სიების დაზუსტების კომისიების მუშაობა და ხელისუფლებას მასთ ქერი-ისა და მასთ ოფერ-ის გახანგრძლივების შესაძლებლობის განხილვა და რეგიონებისთვის მედიაზე წვდომის შესაძლებლობის მოძიება სთხოვა.
ევროსაბჭოს დელეგაცია საქართველოში გრძელვადიან სადამკვირებლო მისიას ახორციელებს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ლუკა ვოლონტე, დელეგაციის ხელმძღვანელი (იტალია), ემ მატეუ პი (ანდორა), კრისტოფერ ჩოპე (გაერთიანებული სამეფო), ბორის სილევიჩი(ლატვია), მაიკლ ასტრუპ იენსენი(დანია), ბოგდან ტორკატორიუ (რუმინეთი), ბას კლეინი (ნიდერლანდები), და ენ გოდფრეი(გაერთიანებული სამეფო).

არჩევნების დღეს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში შედარებით გაფართოებული შემადგენლობით ჩამოვა და მოვლენების განვითარებას არჩევნების შემდეგაც დააკვირდება.

ნატოს ელჩები საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრნენ

13 სექტემბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ნატოს ელჩები ეწვივნენ.. დელეგაცის შემადგენლობაში იყვნენ ლიტვის ელჩი კესტუტის იანკაუსაკი, ესტონეთის ელჩი ლაური ლეპიკი და პოლონეთის ელჩის მოადგილე მიხაი მიარკა. ელჩებმა შეხვედრები სახალხო დამცველიდან დაიწყეს. ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შემაჯამებელი შეხვედრა ალიანსში აკრედიტირებულმა ელჩებმა სახელმწიფო მინისტრთან ევროინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძესთან გამართეს. შეხვედრა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხებოდა. ელჩებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალი არჩევნები სამართლიანად ჩატარდება და არჩევნების შემდგომ პერიოდში მიმდინარე მოვლენები კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში დარჩება.
ეუთოს ანგარიშის მიხედვით წიასაარჩევნო გარემო ხშირი საჯარო ბრალდებებით ხასიათდება
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებულია. ამის შესახებ მისიის პირველ შუალედურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 22 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო გარემო ხშირი საჯარო ბრალდებებით ხასიათდება, რომლებსაც პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ერთმანეთს უყენებენ. "ერთიანი "ნაციონალური მოძრაობა" ერთ-ერთ ყველაზე თვალშისაცემ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვედრების გამართვით და ბილბორდების გამოყენებით. რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსს, ეუთო-ს მისიის აზრით, არსებობს ადმინისტრაციული რესურსების შეზღუდულად გამოყენების საშუალება. "მაგალითად, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი შენობების გამოყენების უფლება. ყველა საარჩევნო სუბიექტს აქვს უფლება თანაბრად ისარგებლონ ამ რესურსით", - ნათქვამია ანგარიშში.

ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნების " მიერ ორგანიზებულ სავარაუდო სამოქალაქო დაპირისპირების შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

ბიძინა ივანიშვილი ვოლ სთრით ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიას ეხმაურება და ესტონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ძველი მეგობრების დახმარებით ევროპელების შეცდომაში შეყვანას უკავშირებს. მისი თქმით, კოალიციის ინიცირებით არჩევნების შემდეგ ხალხის ქუჩაში გამოყვანის და სამოქალაქო დაპირისპირების დაგეგმილი ალბათობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. "ლამის დღესასწაულად ვაქციეთ ჩვენი ყველა აქცია, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვმართავთ. მხოლოდ ამისი მსგავსი რამ შეიძლება იყოს არჩევნების შემდეგაც. სამოქალაქო დაპირისპირებისგან ღმერთმა დაგვიფაროს." - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, ურმას რეინსალუ ვოლ სთრით ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში ამბობს, რომ "პუტინის გასული თვის აღიარებით და რუსეთის მზარდი სამხედრო კონტინგენტით საქართველოს ტერიტორიაზე, შეიძლება ვიხილოთ ბატონი პუტინისგან საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის ახალი მეთოდი - საშინაო პოლიტიკის გზით. "ეს ძალისხმევები, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის გარშემო იყრის თავს. ჯგუფები, რომლებსაც ივანიშვილი აფინანსებს, დაკავშირებული არიან ძალადობასთან. "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა პარტიების "ქცევის კოდექსს" შეერთებოდა, როდესაც სხვა პარტიებმა ეს მიიღეს... რადგანაც ივანიშვილისთვის საარჩვენო ყუთების გზით გამარჯვება არის მიუღწეველი, "ქართული ოცნება" არ აპირებს არჩევნების შედეგების აღიარებას. ამან შეიძლება მოახდინოს კონფლიქტის პროვოცირება", - ნათქვამია სტატიაში.

არასამთავრობო კოალიციური ორგანიზაცია "ემიგრანტები დემოკატული საქართველოსთვის მიუნხენში დამატებით საარჩევნო უბნის გახსნას მოითხოვს

არასამთავრობო კოალიციური ორგანიზაცია "ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის" მიუნხენში არსებულ საქართველოს საპატიო საკონსულოში დამატებითი საარჩევნო უბნის გახსნას მოითხოვა. . ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ განცხადებაც გაავრცელა. "გვსურს განმარტება გავაკეთოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 15 სექტემბერს გამოქვეყნებული განცხადების თაობაზე. ჩვენ ვადასტურებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნახსენები 187 ადამიანი უკვე შეყვანილია ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში. თუმცა გვსურს ასევე განვმარტოთ, რომ ამა წლის 14 სექტემბერს "ქართული ოცნების" ემიგრაციისა და დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განცხადების შეტანის დროს ეს ადამიანები არ ირიცხებოდნენ ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში. შედეგად დასტურდება, რომ აღნიშნული ადამიანები 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ნამდვილად იმყოფებიან სამხრეთ გერმანიის ტერიტორიაზე. როგორც ამ ადამიანების უმრავლესობამ, ასევე სამხრეთ გერმანიაში მცხოვრებმა ასობით სხვა ჩვენმა თანამემამულემ ხელი მოაწერა მიუნხენში საარჩევნო უბნის გახსნის პეტიციას და შეიტანა ბერლინში საქართველოს საელჩოში. ეს ციფრი არის სრულიად საკმარისი საარჩევნო უბნის გახსნისთვის. ზემოთ ნახსენები 187 ადამიანის არსებობა ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში აბათილებს ცესკოს მიერ გამოთქმულ არგუმენტს იმის თაობაზე, რომ მიუნხენში დამატებითი საარჩევნო უბნის არ გახსნის მიზეზი გახდა არასაკმარისი რაოდენობით განცხადებების წარმოდგენა და ამდენად, სრულიად გაუგებარია, რატომ ქმნის ცესკო ხელოვნურ ბარიერს და არ ხსნის საარჩევნო უბანს მიუნხენში. 15 სექტემბერს ცესკოს მიერვე გამოქვეყნებული განცხადება ეწინააღმდეგება მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებას უბნის არგახსნის შესახებ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ დაბეჯითებით მოვითხოვთ მიუნხენში არსებულ საქართველოს საპატიო საკონსულოში, დამატებითი საარჩევნო უბნის გახსნას! ჩვენს ამ მოთხოვნას ამყარებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 23-ე მუხლი, რომელიც კრძალავს ერთ საარჩევნო უბანზე 1500-ზე მეტ ამომრჩეველს. ბერლინში საქართველოს საკონსულოს მიერ გამოქვეყნებული სიების მიხედვით, გერმანიის ტერიტორიაზე საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა აღემატება 2500; მათ შორის 1000-ზე მეტი რეგისტრირებულია სამხრეთ გერმანიის ტერიტორიაზე. გერმანული კანონმდებლობა არ კრძალავს საპატიო საკონსულოებში საარჩევნო უბნების გახსნას და, შესაბამისად, ვთვლით, რომ არ არსებობს მიუნხენში დამატებითი საარჩევნო უბნის გახსნისთვის ხელის შემშლელი მიზეზი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ სამხრეთ გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნა საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშრებით და ამით გაუადვილოთ 1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა", - ნათქვამია განცხადებაში.

ფორსა-ს კვლევით, გამოკითხულთა უმეტესობა პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილს აირჩევდა

ასეთია12 სექტემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" კვლევითი ცენტრი ფორსა-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგის პრეზენტაცია გაიმართა. კვლევის შედეგების თანახმად, პრემიერ-მინისტრად გამოკითხულთა 43% კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აირჩევდა. შემდეგ 33%-ით მოდის ვანო მერაბიშვილი. დანარჩენი 24 პროცენტი კი აცხადებს, რომ ხმას პრემიერ-მინისტრობის ან არც ერთ კანდიდატს მისცემდა ან არა აქვს პასუხი. გარდა ამისა, გამოკითხვის ფარგლებში დასმული იყო შეკითხვა, თუ როგორ შეხვდებოდნენ რესპონდენტები საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" უმრავლესობით გამარჯვებას. 52 % ამას მიესალმება, 20% არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებისადმი უარყოფითად არის განწყობილი, 28 პროცენტი კი შეკითხვაზე პასუხისგან თავს იკავებს.

ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ კოალიციის დაშლას არ გამორიცხავს

ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნების" დაშლას არ გამორიცხავს. - "ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა არსებობს. კოალიცია რამდენიმე პარტიას აერთიანებს. გარკვეულწილად ეს ლოგიკური და ნორმალურია", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟუნალისტებთან საუბარში .

სხვადასხვა

პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობას ვერ მიიღებენ. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ 10 სექტემბერს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ამას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა განაპირობებს, რაც იქ მცხოვრები ქართველების არჩევნებში უსაფრთხოდ მონაწილეობის უზრუნველყოფას, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის. "სექცია გაუმართავად მუშაობს, შეზღუდული ვართ იმ ბერკეტებშიც, რაც გულისხმობს შუამდგომლობას პარტიების წარმომადგენლებისათვის ვიზების მიღებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ლატვიის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის ბიუროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ლატვიელმა ექსპერტებმა დეტალურად შეისწავლეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა, გაეცნენ სამსახურის მიერ შემუშავებულ ელექტრონული დეკლარირების პროგრამას, ფინანსური ანგარიშგების ფორმებს და ადმინისტრაციული სამართალდაღვევების საქმეებს. ლატვიელი კოლეგები ასევე შეხვდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და არასამთავრობო სექტორს.

"ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა" საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც 30 ივლისიდან 12 აგვისტომდე და 13 აგვისტოდან 25 აგვისტომდე პერიოდებს მოიცავდა, "თბილისი მარიოტში" გაიმართა. როგორც ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, ანგარიში მოიცავს 6 ქართულ ტელეარხზე გასულ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს. "საერთო ჯამში ტელეეთერში ყველაზე ხშირად "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური რეკლამა გადის, სუბიექტებიდან ყველაზე ხშირად კი "ქართული ოცნება" შუქდება, თუმცა მისი გაშუქების ტონი უარყოფითია. უარყოფითი ტონით ნაწილობრივ შუქდება საქართველოს პრეზიდენტიც", - აცხადებს ნანუაშვილი.

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მომავალ კვირას გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფიულესთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. შტეფან ფიულემ თანხმობა მხოლოდ გარკვეული პირობის სანაცვლოდ განაცხადა. ბიძინა ივანიშვილა ქცევის წესების ხელმოწერის და არჩევნების შედეგების აღიარების პირობა უნდა მისცეს.

12 სექტემბერს "ამომრჩეველთა ლიგამ" დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, დამკვირვებელ და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის შექმნილ უსამართლო და არათანაბარ პირობებზე ისაუბრა.
"ამომრჩეველთა ლიგის" განმარტებით, ის დარეგისტრირდა, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კი თავისი გადაწყვეტილებით "ამომრჩეველთა ლიგა" სასწრაფოდ აღიარა საარჩევნო მიზნების მქონე ორგანიზაციად და პოლიტიკურ პარტიებთან გათანაბრებული პირის სტატუსი მიანიჭა. - "მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგამ", საარჩევნო სიების დაზუსტებისას უამრავი ცდომილება გამოავლინა საარჩევნო სიებში და პირდაპირ მიუთითა ხელისუფლებას საარჩევნო სიის იმ ნაწილზე, რისი გამოყენებითაც ხდება გაყალბება. სიაში გამოვლენილი ყველა უზუსტობით, ინფორმაციულად აღჭურვილი, გამოცდილი 2.000-ზე მეტი დამკვირვებელი აშკარაა, რომ ხელს შეუშლის საარჩევნო ხმების თავისუფლად გაყალბებაში", - აღნიშნულია "ამომრჩეველთა ლიგის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პროექტის "გამჭვირვალე ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსების საქართველოში" ფარგლებში ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის აგვისტომდე საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. საანგარიშო პერიოდში აღინიშნა სამართლებრივი რესურსების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნით გამოყენება, კანონის აღსრულების პრობლემა და შერჩევითი სამართალწარმოება. ანგარიშში ასევე საუბარია, პარტიების შესახებ ინფორმაციის არასათანადო გავრცელებაზე, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლებებზე, საუბარია ოპოზიციური პარტიების აქტივისტების დაშინებაზე, პარტიის საქმიანობისთვის ხელისშეშლაზე, ბიზნესზე ზეწოლაზე. პროექტის "გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსების საქართველოს" ფარგლებში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წინასაარჩევნოდ კიდევ ორ კვლევას გამოაქვეყნებს.

კამპანია "ეს შენ გეხებას" "აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის" და კოალიცია "მედიის ადვოკატირების" შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მაესტროს სატელიტურ ანტენებზე ყადაღის მოხსნას გულისხმობს, განცხადება გაავრცელეს, რომელიც 12 სექტემბრის პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს "აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ქეთევან ციხელაშვილმა გააცნო. "გვინდა აღვნიშნოთ, რომ მედია პლურალიზმის უზრუნველყოფისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს "მასტ ქერის" და "მასტ ოფერის" პრინციპებს, რომელთა ამოქმედებამ წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალფეროვან ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში", - აღნიშნულია განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას "მასტ ქერის" და "მასტ ოფერის" პრინციპების მოქმედება გააგრძელოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე და პარტლამენტთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამენ.

პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ნება. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ყველა პოლიტიკურ კანდიდატს და ძალას აქვს საშუალება, მიიღოს საარჩევნო პროცესში მონაწილეობა. ურმას პაეტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება და ამისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" საპარლამენტო არჩევნებზე დაგეგმილი ეგზიტპოლის ფარგლებში 220 საარჩევნო უბანზე 25 ათასი ამომრჩევლის გამოკითხვას გეგმავს. როგორც არხის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეგზიტოპლს საერთაშორისო კვლევების ევროპული ლიდერი კომპანია GFK განახორციელებს. "ეს "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" მესამე ეგზიტპოლი იქნება, აქედან უკვე მეორედ GFK-მ მიიღო ეს დაკვეთა. ამ ორგანიზაციის შერჩევა იმ მაღალი სიზუსტითაა განპირობებული, როგორიც თბილისის მერის არჩევნების დროს მივიღეთ, როდესაც ცდომილება 2 %-ს არ აღემატებოდა. იმედს ვიტოვებთ, რომ ახლაც იგივე მოხდება", - აღნიშნა ჭანტურიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" სარჩელი ქართველი ემიგრანტების საარჩევნო რეგისტრაციასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. მოსარჩელე მხარე, კერძოდ კი, ცესკო-ში ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნების" წარმომადგენელი ზურაბ მარაქველიძე მოითხოვდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 9 სექტემბრის 37-ე დადგენილებიდან ამოეღოთ სიტყვები "პირადად ან ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულების საფუძველზე". "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის ფოსტით გაგზავნაც შესაძლებელია. კოალიციის აზრით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 37-ე დადგენილება არათანაბარ პირობებში აყენებს საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ და არალეგალ ემიგრანტებს, რაც ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს და ნორმას ამომრჩეველთა თანასწორუფლებიანობის შესახებ.

ლალი მოროშკინა ნაციონალების გამარჯვების შემთხვევაში ევროპისთვის პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნას აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტმა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა 11 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობიდან "ქართული ოცნების" მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს.

10 სექტემბერს უწყებათაშორის კომისიასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა აღნიშნა, მმართველმა პარტიამ უწყებათაშორის კომისიას "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან არსებულ დარღვევებზე, კერძოდ კი მათი ყრილობების და ამომრჩეველთან შეხვედრების ჩაშლის მცდელობებზე მიაწოდა ინფორმაცია. "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებისა და ფიზიკური ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა. "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის"ერთ-ერთი ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ კი ყურადღება სამოქალაქო რეესტრის დაწესებულებებში გიორგი ვაშაძის სარეკლამო რგოლის დატრიალების ფაქტზე გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ ცესკო სამოქალაქო რეესტრს კანონის დარღვევის და არასათანადო პოლიტიკური რეკლამისთვის დააჯარიმებს.

10 სექტემბერს უწყებათაშორისმა კომისიამ ადგილობრივ თვითმმართველობას სააგიტაციო მასალების განთავსების არეალის გაფართოების და გარკვეული შეზღუდვების შესახებ საარჩევნო სუბიექტების ინფორმირების რეკომენდაცია მისცა. კომისიამ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს და სახელმწიფო დაწესებულებებს მათი ორგანიზაციების ეგიდით გამოცემული ბეჭდური თუ ელექტრონული გამოცემების შინაარსის საარჩევნო კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლისა და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მსგავსი პრაქტიკის აღკვეთისკენ მოუწოდა.

10 სექტემბერს საერთაშორისო არასამთავრობო კოალიციამ "ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის" ცესკოს წერილი გაუგზავნა, საარჩევნო უბნების გახსნა ქალაქებში - მიუნხენი, ბარსელონა, ტორონტო, სალერნო, ნიუ-იორკი, ფლორენცია, მილანი, ეგალია, ხანია, ბარი, ლიონი, რენე, სტრასბურგი, ფილადელფია, კალითეა, პაფოსი და ორლეანი - მოითხოვა და კოალიციაში შემავალი პარტიების ოფისების საარჩევნოდ დათმობის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, თავისივე ხარჯებით საარჩევნო კოდექსით დადგენილი კენჭისყრის შენობის მოწყობის ერთიანი სტანდარტის შესაბამისად, საჭირო ფართების დაქირავებისთვის მზადყოფნაც გამოთქვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კარლ ბილდტის მოწოდება არჩევნების შემგომ ქუჩის აქციების უშედეგობაზე უცნაურად მიიჩნია და დემოკრატიის ნორმების შესაძლო დარღვევაზე რეაქციის შეზღუდვად შეაფასა. ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა. "მცდელობა,შეიზღუდოს რეაქცია არჩევნებში დემოკრატიის ნორმების შესაძლო დარღვევაზე, სულ მცირე, შვედი მინისტრის შეხედულებების არათანმიმდევრულობაზე მიუთითებს", - განაცხადა ლუკაშევიჩმა. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ეწვევა და მას აუცილებლად დაუსვამენ კითხვას, თუ რას ემსახურება მისი "შერჩევითი წინააღმდეგობა ადამიანთა უფლებებისა და თვითგამოხატვისადმი".

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური მმართველ გუნდს არათანაბარი წინასაარჩევნო პირობების შექმნაში და წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. ძიძიგურის განცხადებით, რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი ყოველდღიურად მართავს შეხვედრებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულების შრომით კოლექტივებთან და ეს მაშინ, როდესაც მას, მრავალჯერადი მცდელობის, ურეაქციოდ დატოვებული რამდენიმე ათეული წერილობითი თხოვნის მიუხედავად, ანალოგიურის საშუალება არ ეძლევა. ძიძიგური, აშკარა და უხეშ დარღვევებზე რეაგირების მოთხოვნით, ჯერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს, ხოლო შემდეგ ყველა უცხოურ სადამკვირვებლო მისიას და საერთაშორისო ორგანიზაციას მიაწვდის ინფორმაციას.

კოალიცია "ქართული ოცნების" კრწანისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ხსოვნის აქცია გაიმართა. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, კოალიციის მხარდამჭერები, მათ შორის უსინათლო მოქალაქეები საელჩოსთან მივიდნენ და ყვავილებითა და სანთლების ანთებით 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში მომხდარი ტერაქტის დროს გარდაცვლილებს მიაგეს პატივი. ამერიკის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების წარმომადგენელმა ჩარლზ ვეტერმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "თავისუფალი საქართველოს" სარჩელი, რომელიც ქუთაისში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიქტებისათვის წინაარჩევნო შეხვედრებისთვის შენობებისა და საარჩევნო ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების (პლაკატების) გასაკრავი ადგილების გამოყოფას შეეხებოდა, არ დააკმაყოფილა. "არჩევნები არ ყალბდება მხოლოდ არჩევნების დღეს, 1-ელ ოქტომბერს, არჩევნები ქუთაისში უკვე გაყალბდა, როდესაც საკრებულომ სასამართლოს დასტურით პოლიტიკურ პარტიებს უარი უთხრა წინაარჩევნო შეხვედრებისთვის სხვადასხვა შენობების გამოყენებაზე და საარჩევნო ბეჭდვითი სააგიტაციო მასალებისთვის (პლაკატების) გასაკრავი ადგილების გამოყოფაზე", - განაცხადა პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

12 სექტემბერს პარლამენტთან ახალგაზრდების აქცია გაიმართა. ახალგაზრდებმა წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები , კერძოდ კი საარჩევნო სიებში არსებული უზუსტობები გააპროტესტეს და მათი აღმოფხვრა მოითხოვეს.

ამერიკაში ვიზიტით მყოფი "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების ცენტრში მოხსენებით გამოვიდა და საქართველოსა და რეგიონებში შექმნილი ფეთქებადსაშიში ვითარება მიმოიხილა. მისი შეფასებით, "სააკაშვილის ძალადობა ამომჩეველზე და კრიმინალ ოლიგარქ ივანიშვილის მიერ ხალხის საარჩევნოდ მოსყიდვა, შეიძლება გახდეს უმძიმეს პროცესთა განვითარების საფუძველი". პარტიის ცნობით, კონფერენციას უძღვებოდა ცენტრის პრეზიდენტი დიმიტრი საიმსი. სხდომას ესწრებოდნენ ვაშინგტონში არსებული ყველა ძირითადი სტრატეგიული ცენტრების პასუხისმგებელი წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით სასტუმრო "ბეტსში" საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის ინსცენირება გაიმართა. ღონისძიებას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საარჩევნო სუბიექტების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცესკო-მ საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც "ინტერპრესნიუსს"ცესკო-დან აცნობეს, საზღვარგარეთ აქტიური საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 42 613-ს შეადგენს. მათ შორის 1 409 ამომრჩეველმა 10 სექტემბრის ჩათვლით საკონსულო საარჩევნო რეგისტრაცია გაიარა. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, ცესკომ სხვა სახელმწიფოებში დამატებითი საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრები, რომლებსაც არჩევნებზე დამკვირვებლების სახით დარეგისტრირებაზე საქართველოს ცესკომ უარი უთხრა , ევროპის საბჭოს მიმართავენ, - ამის შესახებ "იზვესტიასთან" ინტერვიუში პალატის წევრს სერგეი მარკოვმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ცესკო-მ საერთაშორისო სამართლის ნორმები უხეშად დაარღვია.

გარე რეკლამის კომპანიები "ალმა+" და "აუთდორ.ჯი" პარტიებს წინასაარჩევნო პერიოდის დასრულებამდე პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე 35%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ.


ცესკო-ს განცხადებით, გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სიაში არყოფნის შესახებ "ქართულმა ოცნებამ" გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საინფორმაციო საშუალებებმა ფართოდ გააშუქეს "ქართული ოცნების" ემიგრაციისა და დიასპორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გერმანიაში მცხოვრები საქართველოს 187 მოქალაქე შეყვანილი არ არის საკონსულოს მიერ შედგენილ სიაში. კომისიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია "ქართულმა ოცნებამ" ცესკო-საც მიაწოდა, გადამოწმების შემდეგ კი დადგინდა, რომ მიმართვაში წარმოდგენილი ყველა მოქალაქე უკვე შეყვანილია ამომრჩეველთა სიაში კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და მათ შეუძლიათ ხმა მისცენ საქართველოს საკონსულოში, ბერლინში.

კოალიცია "არჩევანის თავისუფლებისთვის" წევრის ირაკლი მელაშვილის ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ, მიმდინარე წლის განმავლობაში ცენტრალური ბიუჯეტიდან რეგიონებში მილიარდ ლარზე მეტი გადაირიცხა. მისივე თქმით, ისევ ხშირია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ოპოზიციური პარტიებისთვის წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელისშეშლა. "ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილი საკმაოდ სერიოზულად იზიარებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებს და ეს მათ რიტორიკასაც ეტყობა", - დასძინა მან.

"საქართველოში ხალხის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით ორი ადამიანი მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ვაჭრობს. ერთი მონიპოლისტური კომპანიების "ავერსისა" და "პსპ" მფლობელია, ხოლო მეორე "ფარმადეპოსი". - ამის შესახებ 11 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე "ლეიბორისტული პარტიის" გენერალურმა მდივანმა და გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იოსებ შატბერაშვილმა განაცხადა და მოსახლეობას "ლეიბორისტული პარტიის" გამარჯვების შემთხვევაში, ძირითად მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესდებას დაჰპირდა.

კოალიცია "ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია ნაბადას უბნის მოსახლეობას საერთაშორისო დამკვირვებლების თანხლებით შეხვდა. ბესელიამ "ღია დემოკრატიის კომიტეტის" წარმომადგენლებს იმ ხელისშემშლელ ფაქტებზე მიაწოდა ინფორმაცია , რომელიც ფოთში წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისას ექმნებათ. დამკვირვებლებმა მედიასთან კომენტარისგან თავი შეიკავეს. ისინი პოლიტიკოსებთან ერთად შეხვედრაზე მისულ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ.

კოალიცია "ქართული ოცნების" საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით უსუფაშვილის საარჩევნო შტაბმა, მოსახლეობის პრობლემების წინ წამოწევის მიზნით, ახალი პროექტი "ჩვენ ამას შევცვლით" წამოიწყო. პროექტის ფარგლებში, საარჩევნო შტაბში არსებული მედიაჯგუფი საბურთალოს ოლქში მცხოვრებ ყველა იმ ოჯახს ეწვევა, რომლებიც თავად მიმართავენ მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბს, ან შტაბი მოიძიებს ინფორმაციას კონკრეტული პრობლემის შესახებ. ამის შემდეგ მედიაჯგუფი პრობლემის შესწავლისა და შესაბამისი ამსახველი ვიდეომასალების საშუალებით კონკრეტული ოჯახების პრობლემას საზოგადოებას გააცნობს.
10 სექტემბერს "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრის ძირითად თემას საარჩევნო გარემო წარმოადგენდა. "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ყურადღება სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე და კონკურენტული გარემოს შექმნის აუცილელობაზე გაამახვილა.

11 სექტემბერს "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ჩუღურეთის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ბასილია წინამძღვრიშვილის ქუჩის მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და ამომრჩეველთან ათპუნქტიანი ხელშეკრულება "ნდობის ფურცელი" გააფორმა. "ნდობის ფურცელი" მოიცავს: 1. ჩუღურეთის განვითარების ფონდის შექმნას. 2. შეიქმნება ჩუღურეთელთა დარბაზი, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სპეციალობის პროფესორები, რომლებიც რეკომენდაციას მისცემენ მუნიციპალურ ორგანოებს ჩუღურეთში პრობლემების მოგვარების შესახებ. 3. დაარსდება ყოველთვიული გაზეთი "ჩუღურეთის მაცნე". 4. ფუნქციონირებას დაიწყებს იურისტთა 24 საათიანი უფასო კონსულტაცია. 5. გაიხსნება მოზარდთა უფასო სპორტული სექციები. 6. გაიხსნება მოზარდთა უცხო ენისა და კომპიუტერის შემსწავლელთა უფასო კურსები, წარჩინებულ მოსწავლეებს დავეხმარებით უცხოეთში სწავლის გაგრძელებაში. 7. დავიცავთ ჩუღურეთის ომის ვეტერანთა უფლებებს პარლამენტში. 8. ხელი შეეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესს. 9. ვიბრძოლებთ ტარიფების შემცირებისთვის, ასევე, მარტოხელა მოხუცებს ფონდი დაეხმარება კომუნალური გადასახადების დაფარვაში. 10. შეიქმნება ექიმთა სამუშაო ჯგუფი", - განაცხადა კახა ბასილიამ და დასძინა, რომ თუ ერთი წლის განმავლობაში რომელიმე პუნქტი არ შესრულდება, მოსახლეობას საშუალება ექნება იგი პარლამენტიდან გამოიწვიოს.

11 სექტემბეს "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მოჭიდავეებისა და მოკრივეების გარკვეულ ჯგუფს შეხვდა. - ჩემი მიზანია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" 15 %-ზე "დავტოვო... ის, ვინც სააკაშვილმა შაბათის შეკრებაზე გამოიყვანა, მისი მხარდამჭერების მაქსიმუმია - 150 ათასი კაცი. თვითონ ამბობენ, რომ 200 ათასი იყოო, ასეც რომ ჩავუთვალით, ესაა 7-8 %. ერთი ამდენი სიებით უნდათ რომ მოიპარონ. ჩემი მაქსიმუმიც ესაა, დავტოვო ისინი 15 %-ზე", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით საყვარელიძის ინიციატივით , ფონიჭალის მაგისტრალსა და შიდა საუბნო გზებზე ველორბოლა მოეწყო, რომელშიც ბატონმა დავითმა თავადაც მიიღო მონაწილეობა.

"ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა 11 სექტემბერს ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე განათლებაზე გამოყოფილი თანხის გაორმაგების აუცილებლობაზე, სახელმძღვანელობის მაღალ ფასებსა და მათ საარჩევნო პროგრამაში შეტანილ ხელმისაწვდომი განათლების სისტემის განვითარებაზე ისაუბრა.

მაჟორიტარების შეხვედრები მოსახლეობასთან კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. ამ კვირაში განსაკუთრებით აქტიურობით ნაციონალური მოძრაობის, ქართული ოცნების, ქრისტიან-დემოკრატების და ახალი მემარჯვენეების კანდიდატები გამოირჩეოდნენ. რაც შეეხება კახა კუკავა-თავისუფალ საქართველოს, მან მოსახლეობას რამდენიმე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31