მთავარი სიახლეები
წინასაარჩევნო „ლენინიზმი“ და აუდიტის სამსახურის „საეჭვო გადაწყვეტილებები“
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გამონათქვამს, სადაც რიკარდო მილიორიმ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესი ლენინიზმს შეადარა, სისულელე უწოდა. მოგივანებით კი ამ გამოთქმისთვის ბოდიში მოიხადა და უეცარი „გაცხარება“ არასწორად მიწოდებული ინფორმაციით ახსნა.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო გააკრიტიკა და მასში ლენინიზმის ნიშნები დაინახა.
ეუთოს ვიცე პრეზიდენტმა ტონიო პიცულამ კი აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებებს „საეჭვო“ და „ბუნდოვანი“ უწოდა. ეუთო-ს სადამკირვებლო მისიას იმედი აქვს, რომ არჩევნებამდე საქართველოს ხელისუფლება შეძლებს უზრუნველყოს ყველა მოთამაშისთვის თანაბარი საარჩევნო პირობების შეთავაზება.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად, საარჩევნო სადამკვირვებლო მისია დააფუძნა. მისიას ნიკოლაი ვულჩანოვი უხელმძღვანელებს. ის, თბილისში მოვლენილი 15 საერთაშორისო ექსპერტისა და ქვეყნის მასშტაბით განაწილებული 28 გრძელვადიანი დამკვირვებლისაგან შედგება. გარდა ამისა, ODIHR-ი დამატებით გამოითხოვს 350 მოკლევადიან დამკვირვებელს, რომლებიც დააკვირდებიან საარჩევნო დღის მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს.
ქართული ოცნება წინასაარჩევნო კამპანიას 41 ნომრით გააგრძელებს
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ნომრად შვიდიანის გამოყენების უფლება არ მისცა. პროტესტის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კამპანიისთვის მინიჭებული 41 ნომრის გამოყენება მაინც გადაწყვიტა. მანამდე კი კოალიციამ მთელი საარჩევნო კამპანია 7 ნომერზე ააგო. ფინანსური დანახარჯების მიუხედავად, ქართული ოცნება ამჯერად დათმობაზე წავიდა და მოსახლეობის მხარდაჭერის იმედით საარჩევნო კამპანიის 41 ნომრით გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ჯანფიკიძის თქმით, კოალიციას ახალი სააგიტაციო მასალების დაბეჭდვის სახსრები უკვე აღარ აქვს, ამიტომ ისინი მოხალისეებისა და მხარდამჭერების იმედად არიან.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ პოლიტიკური ზეწოლის ნიშნით 55 ფაქტი გამოავლინა
21 აგვისტოს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. მონიტორინგის დროს ორგანიზაციამ 55 პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტი, მათ შორის ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლის 5 შემთხვევა გამოავლინა.
საარჩევნო „უზუსტობები“ , გადაჭარბებული ჯარიმები და რეალ-ტვ-ს ჟურნალისტის პროტესტი
ამერიკულმა ორგანიზაციამ „ღია დემიკრატიის კომიტეტმა“ ჟურნალისტებისთვის სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე რამდენიმე მიტოვებული შენობის ფოტომასალა წარმოადგინა, სადაც ათობით ამომრჩეველია რეგისტრირებული, თუმცა ორგანიზაციის პროფესიონალმა პოლიტიკურმა კონსულტანტმა ტერი ბენჰემმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ეტაპისთვის უზუსტობები აღმოფხვრილია. „ღია დემოკრატიის კომიტეტი“ ასევე თვლის, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის კახა კალაძის და კოალიციის ლიდერის მიმართ დაწესებული მილიონიანი ჯარიმები გადაჭარბებულია. მისი თქმით, თანხის ასეთმა დიდმა ოდენობამ შესაძლოა გააჩინოს ეჭვი, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მოტივირებულია. პროტესტის ნიშნად, გაურკვეველი „მოქალაქეობრივი“ მოტივით კონფერენცია რეალ-ტვ-ს ჟურნალისტმა დატოვა.
„ამომრჩეველთა ლიგა“ კვლავ სიების უზუსტობაზე საუბრობს
„ამომრჩეველთა ლიგა“ კვლავ სიების უზუსტობაზე საუბრობს. "საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის გამოქვეყნებული სია 1 200 000 ამომრჩევლით გაზრდილია 2004 წელთან შედარებით. განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს უცხოეთში მყოფთა დაბალი მაჩვენებელი 300 000, რაც 3,5 -4-ჯერ ნაკლებია რეალურ მაჩვენებელთან შედარებით," - ნათქვამია ამომრჩეველთა ლიგის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციატაძე „ამომრჩეველთა ლიგას“ ბიზნეს პროექტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ უზუსტობები, რომლითაც ”ამომრჩეველთა ლიგა” აპელირებს, ძველ სიებში არის აღმოჩენილი , მას შემდეგ კი სახელმწიფო კომისიამ „კარდაკარი“ ჩაატარა და არჩევნებისთვის სია საბოლოოდ განაახლა.
უწყებათაშორისი კომისია კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ბრალდებას, მათი მხარდამჭერების მიმართულებით მომწამვლელი ხსნარის მიფრქვევის შესახებ, უსაფუძვლოს უწოდებს
უწყებათაშორისი კომისია „ქართული ოცნების“ ბრალდებას წალენჯიხის რაიონში მათი მხარდამჭერების მიმართულებით მომწავლელი ხსნარის მიფრქვევის შესახებ პასუხობს და განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც კოალიციის ბრალდებები საფუძველს მოკლებულია, რადგან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რეგიონში ნათესების დაცვის მიზნით, გავრცელებული თეთრი (ამერიკული) პეპლის წინააღმდეგ გეგმიურ შეწამვლას ახორციელებდა და ამის შესახებ მოსახლეობა წინასწარ იყო გაფრთხილებული. პრეპარატი კი ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო იყო.
კოალიციას, შესაძლოა, 3,5 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისროს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური "ქართულ ოცნებას" შემომწირველებისთვის დაახლოებით 700 ათასი ლარის დაბრუნებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კოალიციას 3,5 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრება. ამის შესახებ, კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ამბობს. პრესსპიკერის თქმით, აუდიტის სამსახური შემომწირველების მიერ კოალიციაში გადარიცხულ აბსოლუტურად დასაბუთებულ თანხებს დაუსაბუთებელ შემოსავლებად ასაღებს. ფანჯიკიძეს მაგალითად მოჰყავს "ქართუ ბანკის" დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი, რომელმაც ბანკის დირექტორობიდან გათავისუფლების შემდგომ, კომპენსაციის სახით, ბანკისგან 20 ათასი ლარი მიიღო. პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ ეს თანხა ჯავახიშვილს იძულებით დანიშნულმა დირექტორმა ვლადიმერ უგულავამ გადაურიცხა. ნოდარ ჯავახიშვილმა 17 ათასი ლარი "ქართული ოცნების" ანგარიშზე გადარიცხა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კი ეს დაუსაბუთებელ შემოსავლად ჩაუთვალა.
ივანიშვილის აზრით, მიხეილ სააკაშვილი მასთან დებატებში დაჯდომას ვერ გაბედავს
ბიძინა ივანიშვილი მიხეილ საკააშვილს დებატებში იწვევს. გამოწვევას ვანო მერაბისშვილი და დავით ბაქრაძე თანხმდება, თუმცა კოალიციის ლიდერს საუბარი მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერთან“ სურს. ივანიშვილის თქმით, თუ ვანო მერაბიშვილის სიის პირველ ნომერში იგულისხმება მომავალში ქვეყნის პირველი პირი, ანუ პრემიერი, მაშინ ის მზადაა, მასაც დაუჯდეს დებატებში. ივანიშვილი აქვე აღნიშნავს, რომ სააკაშვილი მასთან დებატებში დაჯდომას ვერ გაბედავს, თუმცა აქვე პირდება, რომ არც ერთ უხერხულ შეკითხვას არ დაუსვამს და არც მის შეცოდმებზე გააკეთებს აპელირებას.
სხვადასხვა
25 აგვისტოს სენაკში კოალიცია "ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატთან შესახვედრად მისულ მოქალაქეებს ქვები დაუშინეს. მეცხრე არხის ინფორმაციით, გურამ ოდიშარია სოფელ მენჯში სასტუმრო "კოლხიდაში" მცხოვრებ დევნილებს წინასაარჩევნო პროგრამას აცნობდა, როცა შეკრებილ საზოგადოებას ადგილობრივი მკვიდრი სოსო ლუკავა შეუერთდა, შეხვედრა გააპროტესტა, შემდეგ რვასართულიანი სასტუმროს მეხუთე სართულზე ავიდა, სახეზე შავი ნაჭერი აიფარა და აივნიდან ქვების სროლა დაიწყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ინციდენტის დროს მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„უფლებადამცველთა გაერთიანება“ ბახმაროში ხელისუფლების მიერ ფერისცვალების დღესასწაულის აღნიშვნას პარტიულ დღესასწაულს უწოდებს, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების გარდა სხვა პარტიების წარმომადგენლებს დასწრების უფლება არ მისცეს.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის კახი კალაძის განცხადებით, სერგო და თემურ კიღურაძეები პოლიციამ სამტრედიაში იმის გამო დააკავეს, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ უჭერენ. კალაძის თქმით, მოჭიდავე კიღურაძის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც მან „ინფო-9“-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ლადო ვარძელაშვილსა და მის პარტიას მხარს არ დაუჭერს, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი წინასაარჩევნოდ გამოჩნდნენ და სპორტდარბაზის გაკეთებას დაპირდნენ.
"ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული კარდაკარის შედეგები ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ეკა ბესელია სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე აკრიტიკებს და კვლავ მრავალ დარღვევაზე, როგორიცაა არარსებული მისამართები ან გარდაცვლილები, საუბრობს.
ცსკ-ის ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსებაზე თანხმობა 11-მა საარჩევნო სუბიექტმა განაცხადა. ეს პარტიებია: პ/მ - თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზას, პ/გ ქართული დასი, პ/პ თავისუფალი საქართველო, ახალი მემარჯვენეები, პ/გ ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა, პ/გ ქრიასტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია, ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საქართველოს ლეიბორისტული პარტია, პ/გ საქართველოს ევროპელი დემოკრატები, ეროვნულ დემოკრატიული პარტია.
ფოთში მდებარე ნიკო ნიკოლაძის კოშკის სახელით ცნობილი ისტორიული ძეგლის ერთი ნაწილი შეიძლება, ფოთის რეაბილიტაციის პროექტს შეეწიროს. ეს ფაქტი უკვე გააპროტესტეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. „ქართული ოცნების“ წევრებმა საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად კოშკს ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, ისტორიული ნაგებობების ხელყოფა არ დაუშვას.
ქუთაისელ სერთიფიცირებულ პედაგოგებებს ხელფასის მომატების ნაცვლად "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმის მიცემას სთხოვენ. როგორც "პირWელს" ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგმა განუცხადა, მას სკოლის დირექტორმა უთხრა, რომ თუ მომატებული ხელფასი სურს, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" ნომერი 5 უნდა შემოხაზოს და დასტურად, სურათი გადაუღოს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ "ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსათვის" ათენსა და სალონიკში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისაგან ამომრჩეველთა სიაში დარეგისტრირების განაცხადების შეგროვება დაიწყო.
მოსახლეობის მხრიდან ამომრჩეველთა სიებში არსებული დარღვევების შესახებ განცხადებების მიღება 1 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ განაცხადა. მისი თქმით, 1 აგვისტოდან დღემდე სია-ში შესული დაახლოებით 56 ათასი განცხადებიდა ნ, უკვე განხილულია 19 ათასი. კაციტაძე აღნიშნავს, რომ ამ 19 ათასი განცხადებიდან 16 ათასში თავად სიების დაზუსტების კომისიას უზუსტობები უკვე გამოსწორებული ჰქონდა, დარჩენილი სამი ათასი შემთხვევა კი მათთვის ნამდვილად სიახლე იყო.
Greenberg Quinlan Rosner(GQR) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების 69% ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას მოელის. აღნიშნული მაჩვენებელი 6%-ით უსწრებს, ივლისის თვის მაჩვენებელს. ამავე კვლევის მიხედვით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხმების 46%-ს იღებს , "ქართული ოცნება" -24%-ს, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"- 5%-ს, "ახალი მემარჯვენეები" - 3%-ს, "ლეიბორისტული პარტია" - 1%-ს, ამომრჩევლის 20%-მა კი არ იცის, ვის მისცემს ხმას ან უარს აცხადებს პასუხზე. კვლევა ,,გრინბერგ ქუინლან როზნერმა" შეიმუშავა და ჯერემი როზნერის ხელმძღვანელობით 1-6 აგვისტოს შუალედში ჩატარდა, ხოლო საველე სამუშაოები ქართულმა კომპანიამ ,,ეი სი თი" -მ აიღო თავის თავზე. სულ 1500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევის დამკვეთი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა".
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ორგანიზაციას "საქართველო არ იყიდება" იურიდიულ პირად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მის მიერ "ნაციონალური მოძრაობისთვის" გაკეთებულ უფასო რეკლამა უკანონო შემოწირულობაა."საქართველო არ იყიდებას" ერთ-ერთი დამფუძნებელი news.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ უფასო პოლიტიკური რეკლამა გააკეთა არა იურიდიულმა პირმა, არამედ ფიზიკურმა პირებმა, თვითონ და მისმა რამდენიმე მეგობარმა. ამიტომ, ნასარიძის თქმით, ბრალდებას საფუძველი არ აქვს.
"საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" ლობისტების მიერ გავრცელებულ ბრალდებას, რომ ხელისუფლებამ გაყინა "ქართული ოცნების" ან მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების საბანკო ანგარიშები. არცერთი პარტიის ანგარიში არ არის გაყინული" - განცხადება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელზეც "ქართული ოცნების" ლობისტები საუბრობენ, აღსრულების ეროვნული ბიურო აღასრულებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კოალიციაში შემავალი პარტიები 2,850,717.06 ლარით დაჯარიმდნენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ანგარიშების გაყინვის გარეშე ჯარიმის მხოლოდ მცირე ნაწილი 122,000.00 ლარი ამოიღო. "ქართულმა ოცნებამ" კი 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 25 ივლისამდე შეაგროვა 44,539,123 ლარი, რომლიდანაც 18 მილიონზე მეტი უკანონო შემოწირულობები იყო.
ცესკომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც საარჩევნო კომისიის წევრს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და მასში მონაწილეობის უფლება არ აქვს "კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომისიის წევრების მიერ რომელიმე საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო სიმბოლოებიანი მაისურების, კეპის ან სხვა რაიმე სახის ატრიბუტიკის ტარება. მითუმეტეს, ამგვარი ატრიბუტიკით კომისიის სხდომებზე დასწრება, წარმოადგენს წინასაარჩევნო აგიტაციას. აღნიშნული წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით", - ნათქვამია განცხადებაში.
ახმეტაში "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის 8 წევრმა პარტია დატოვა და "ქართულ ოცნებას" შეუერთდა პარტიის შეცვლის მიზეზად ახალგაზრდები ხელისუფლების მხრიდან ბოლო დროს განხორციელებულ ქმედებებს ასახელებენ და დანარჩენ თანატოლებსაც ერთ გუნდში გაერთიანებისკენ მოუწოდებენ. მათი მხრიდან საჯაროდ გაკეთებული განცახდების მიუხედავად, "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის კახეთის რეგიონული შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი აღნიშნულს სიცრუეს უწოდებს."ეს არის სრული ტყუილი და ეს არის "ქართული ოცნების" მხრიდან დაგეგმილი პროვოკაცია. არავინ "ქართულ ოცნებაში" გადასვლას არ აპირებს", - აცხადებს ბოტკოველი.
კოალიცია ,,ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი თინა ხიდაშელი სახელმწიფო სამსახურის აუდიტში, მოწმის სტატუსით დაიბარეს. თინა ხიდაშელის თქმით, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ანგარიშებზე ინკასო იყო დადებული და ფულად შემოწირულობას ვერ გააკეთებდა, ამიტომ მან მომსახურება შეძინა."თავისუფალ დემოკრატებს" და "კონსერვატიულ პარტიას" ჰქონდა ფინანსური ვალდებულება და ჯამში გადავუხადე 10 000 ლარამდე, რადგან მათ ანგარიშებს ინკასო ჰქონდა დადებული,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა. აღნიშნული ფაქტი დაედო საფუძვლად თინა ხიდაშელის აუდიტში დაბარებას.
"ქართული ოცნების" წევრი კახა კალაძე პოლიტიკურ დევნად აფასებს პროგრეს ბანკის თანამშრომლის დაკავების ფაქტს. კალაძის თქმით, კრედიტ ოფიცერსა და მოლარეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლოზე დაკავებულებმა თქვეს, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა. კახა კალაძე უნდა დაესახელებინათ კონკრეტული საბანკო ოპერაციის დამკვეთად. საბანკო ოპერაცია, რის გამოც ბანკის თანამშრომლები დააკავეს, 80 ათასი დოლარის ოდენობის სესხის გაცემა იყო. კალაძე სხვა დეტალებს არ აზუსტებს.
არჩევნებზე უარს "მწვანეების" ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ამბობს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში ვერ გაერთიანდა, მაგრამ ახლა საკუთარ ხმებზე უარის თქმით, თანადგომას უცხადებს "ოცნებას."
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმსარულებელი მდივანი ნოდარ ხადური აუდიტის სამსახურში დაკითხეს.როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, აუდიტის სამსახურს მის მიერ საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი- ქართული ოცნებისთვის“ გადარიცხული თანხის არა წარმომავლობა, არამედ გადარიცხვის მექანიზმი აინტერესებდა.
,,სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა“ ავლაბარში პრეზიდენტის რეზიდენციასთან მდუმარე აქცია გამართა. სტუდენტები საზაფხულო დასაქმების პროგრამას ,,suumer job” აპროტესტებდნენ. ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ პროგრამა წინაასაარჩევნოდ იყო შექმნილი და არჩევნებზე ხმების მოზიდვას ითვალისწინებდა. მდუმარე აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ლოზუნგები: ,,არ ვიყიდებით“ და ,,ვერ მოისყიდით სტუდენტებს“.
კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი კოლია ლაფერაშვილი კასპში დააკავეს. ამის შესახებ, "ქართული ოცნების" კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით ონოფრიშვილმა News.Ge-ს განუცხადა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე თანამდებობიდან გადადგა. პრესცენტრში გადადგომის მიზეზად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გიორგი ბარამიძის ბათუმის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენა დაასახელეს.
29 სექტემბერს თბილისში დაგეგმილი მანიფესტაციის ჩატარებაზე, კოალიცია „ქართული ოცნება“ თბილისის მერიისგან პასუხს 5 დღის ვადაში ელოდება.
ბათუმის მერიასთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის აქცია გაიმართა. ახალგაზრდებმა აქციაზე წარმოადგინეს ბათუმის იმ ნაწილის ფოტოები, რომლესაც რეაბილიტაცია ჯერ არ ჩატარებია.
"ქართული დასი", საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის პარტიასთან "განახლებული საქართველოსთვის" ერთად იბრძოლებს. ამის შესახებ, "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ და "განახლებული საქართველოსთვის" წევრმა ნანა გულუამ განაცხადეს. პარტიები, ერთიან სიას წარადგენენ. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც "განახლებულ საქართველოს" რეგისტრაცია ცესკოში გაუუქმდა. ჯონდი ბაღათურია "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობაზეც საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ მინდია გულუა გუშინ გამორიცხავდა ივანიშვილთან ურთიერთობას. ბაღათურია ამბობს, რომ იგი გულუას ესაუბრა და დღეის მდგომარეობით, იგი "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობაზე თანახმაა.
„ლეიბორისტული პარტია“ ხელისფლების და „ვაი“ ოპოზიციის ოჯახის წევრების დასვენების ხარჯების ინფორმაციის გამოქვეყნებას მოითხოვს. გიორგი გუგავას აზრით, ხელისუფლება და „ვაი“ ოპოზოციის ოჯახის წევრები მსოფლიო ფეშენებელურ კურორტებზე ისვენებდნენ. გუგავას თქმით, „ლეიბორისტების“ ხელმძღვანელობასა და მათ ოჯახის წევრებს არსად დაუსვენიათ, ისევე როგორც მოქალაქეთა დიდ ნაწილს.
კოალიცია "ქართული ოცნების" ადვოკატი შალვა თადუმაძე ამბობს, რომ კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მასზე დაკისრებულ 21 მილიონს მხოლოდ მაშინ გადაიხდის, თუ მთავრობა დაამტკიცებს, რომ წინა გადახდილი ჯარიმა, 80 მილიონი, სტიქიით დაზარალებულებს მოხმარდათ.
მოძრაობა „ქრისტიან დემოკრატებმა“ ბრიფინგი გამართეს, ბრიფინგის თემა, ხელისუფლების მიერ აჭარის მაღალმთიან სოფლებში მიწების უფასოდ რეგისტრიაცია იყო. ქედის საკრებულოს, ფრაქცია „ქედას“ თავმჯდომარის - ელგუჯა ნაკაშიძის თქმით, მიწების უფასოდ რეგისტრაცია შესაძლოა არჩევნებს უკავშირდებოდეს.
კაბინეტში განთავსებული „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მასალის გამო სოფელ ჩალაუბნის რწმუნებული 1000 ლარით დაჯარიმდა. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათი ცნობით, ცესკომ შეისწავლა 17 აგვისტოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიწოდებული კანონდარღვევის ფაქტი და მასალები გურჯაანის რაიონულ სასამართლოს გადაუგზავნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი სოფელ ჩალაუბნის რწმუნებული 1000 ლარით დაჯარიმდა.ცესკოს ინფორმაციით, უწყებათაშორისმა კომისიამ მათ ასევე მიაწოდა ინფორმაცია რუსთავის მერიის სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაო ოთახში განთავსებული ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების ფაქტის შესახებაც. როგორც ცესკო იტყობინება, აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო მოხელის მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. კანონის თანახმად ოქმი რუსთავის საქალაქო სასამართლოშია გადაგზავნილი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური რამდენიმე პარტიის შემოწირულობების წარმომავლობას იკვლევს. ამის შესახებ, აუდიტის სამსახურის ოფიციალური გვერდი იტყობინება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ფინანსური მონიტორინგის სამსახური სულ 32 პირის შეწირული თანხის კანონიერებას იკვლევს. მათი ცნობით, აქედან 21-მა პირმა თანხა შესწირა "ნაციონალურ მოძრაობას", 6-მა "ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს", ორმა პირმა - „თავისუფალი საქართველოს", 3 პირმა კი - „რესპუბლიკურ პარტიას".
ადუტის სამსახური ამჟამად ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კომერციული ბანკებიდან ოფიციალური ინფორმაციის გამოთხოვას ახორციელებს, რის შემდეგაც აუდიტის სამსახური, მოწმეების სახით, შემომწირველებს დაკითხავს.
სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის ზაზა გაბუნიას მხარდამჭერი ორგანიზაცია “კრწანისი” დააარსეს. ამის შესახებ სტუდენტებმა, დღეს, “პრაიმ-ტაიმის” პრესკლუბში ისაუბრეს. შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტის მარიამ მახარობლიძის თქმით, ზაზა გაბუნია ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც ახალგაზრდების დასაქმების ახალი სისტემა შემოაქვს. მათი მხარდაჭერაც სწორედ ამან განაპირობა.
"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის პაატა ჯიბლაძის განცხადებით, შალვა ნათელაშვილი მზადაა დებატები გამართოს როგორც ბიძინა ივანიშვილთან, ისე მიხეილ სააკაშვილთან და ვანო მერაბიშვილთან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ქართული ოცნების“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას ადვოკატების სააპელაციო საჩივრის განხილვა დაიწყო. სერგო ჩაჩიბაია, რომელიც კოალიციის შემადგენლობაში შემავალი ერთ–ერთი პოლიტიკური სუბიექტის– „თავისუფალი დემოკრატების“ რიგებში ირიცხება, სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის 25 მარტს, ზუგდიდში დააკავეს. გამოძიებამ მას ბრალი ორი მუხლით წაუყენა: პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა და ცივი იარაღის ტარება. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩაჩიბაიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
"ბანკი ქართუს" გენერალური დირექტორის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით 17 აგვისტოს სს "ბანკი ქართუ"-ს მოუვიდა სააღსრულებლო ფურცელი, რომელიც მას ნოტარიუსმა ნარგიზა მინდიაშვილმა გამოუწერა. აღსრულების ფურცელი ბანკს 10 მილიონი აშშ დოლარის და დარიცხული პირგასამტეხლოს (850 000 აშშ დოლარი) გადახდა შპს "BETA MAX"-სათვის. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბანკს კიდევ წინასწარ გადახდილი საფასური-მოთხოვნის 2%, ანუ 217 000 აშშ დოლარი, ასევე აღსრულების საფასურის 7%. საბოლოო ჯამში ბანკს 7 დღეში 11.609.500 აშშ დოლარის გადახდა დაევალა. საუბარია სახელმწიფოს მიერ "ბანკი ქართუს" დანიშნული დროებით მმართველის, ვლადიმერ უგულავას მიერ 4 კომპანიაზე გაფორმებული საკრედიტო ხელეკრულებებსა და მათ საფუძველზე აღებული 50 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტების 5 დღეში სრულად გაცემის ვალდებულებაზე. ამ 4 კომპანიას შორის არის შპს "BETA MAX"-ი."ბანკი ქართუს" გენერალური დირექტორის ნოდარ ჯავახიშვილის თქმით 11.609.500 აშშ დოლარის 7 დღეში გადახდა ბანკისთვის შესაძლოა ლიკვიდურობის დაკარგვის მიზეზი გახდეს. ასეთ შემთხვევაში ჯავახიშვილი არ გამორიცხავს ახლა უკვე ეროვნული ბანკის სახელით "ბანკი ქართუსთვის" დროებითი მმართველის დანიშვნას.დღესვე საპასუხო ბრიფინგი გამართა შპს "BETA MAX"-ის დირექტორმა მალხაზ მირცხულავამ. მისი განცხადებით, ხელშეკრულება მანამდე იყო შეთანხმებული სანამ "ბანკი ქართუს" დროებითი მმართველი დაენიშნებოდა და ეს ყველფერი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დროსაც იყო გადაწყვეტილი. მისი თქმით, ეს არის სამართლებრივი საკითხი "ბანკ ქართუსა" და BETA MAX"-ს შორის და ნოდარ ჯავახიშვილი ცდილობს ეს პოლიტიკურ საკითხად აქციოს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი წინასაარჩევნოდ მუშაობის პრინციპებს არ შეცვლის. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი ლევან გახელაძე ამბობს, რომ მეორე არხზე ყველა საარჩევნო სუბიექტს მიეცემა დრო საკუთარი პროგრამის მოსახლეობისთვის გასაცნობად. ამასთან, პირველ არხზე დაგეგმილია წინასაარჩევნო დებატებიც.
შეხვედრები ამომრჩეველთან
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მიხეილ სააკაშვილი 25 აგვისტოს ბათუმში 150 წარმატებულ სტუდენტს შეხვდა. ბათუმის ის რაიონებიც დაათვალიერა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამავე კვირას საქართველოს პრეზიდენტი საირმის ინფრასტრუქტურულ პროექტებს პირადად გაეცნო, შეხვდა იმერეთის, სამტრედიის მოსახლეობასაც.
ვანო მერაბიშვილი დაბა წნორის შემდეგ სოფელ სამთაწყაროში ჩავიდა, სადაც რთველის დაწყებას დაესწრო და ადგილობრივ გლეხებთან ერთად ყურძნის კრეფაში მიიღო მოაწილეობა. სამთაწყაროდან ვანო მერაბიშვილი ბაკურციხეში გაემგზავრა, სადაც მისი მითითებით დამშრობ არხზე დაწყებული გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსთავში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდა.
დავით ბაქრაძემ მაჟორიტარები ახალციხის, ლანჩხუთის და ჩხოროწყუს მოსახლეობას წარუდგინა. შეხვედრები გამართეს ვაზისუბანში თბილისის მერმა გიგი უგულავავ და ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმაც .
ქუთაისის ყოფილმა მერმა გია თევდორაძემ, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია, საარჩევნო კამპანია დაიწყო და ქუთაისის მოსახლეობას შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელთან ერთად ყაზბეგის რაიონს ესტუმრა და რამდენიმე ობიექტი დაათვალიერა.
ახალი მემარჯვენეები
"ახალმა მემარჯვენეებმა" ამ კვირაში თელავის, ლაგოდეხის, წყალტუბოს, ბაღდათის, გორის, ხაშურის, ქარელის მოსახლეობა მოინახულეს და მათ თავიანთი პრორამა: "შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად" წარუდგინეს.
კოალიცია „ქართული ოცნება“
ბიძინა ივანიშვილი ცაგერის და ლენტეხის მოსახლეობას შეხვდა და"ქართული ოცნების" ევროატლანტიკურ მისწრაფებასაც გაუსვა ხაზი.
მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა თბილისის, გორის, ზუგდიდის და საგარეჯოს რაიონებში.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“
მოსახლეობას შეხვდნენ და საკუთარი პროგრამა გააცნეს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატებმაც თბილისში, ცაგერში, ქუთაისსა და ახალქალაქში.
26 აგვისტოს „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი, ცაგერში, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.
თავისუფალი საქართველო
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ სამეგრელოს საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.