ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
13-19 აგვისტო
20 აგვისტო, 2012 წ.

მთავარი სიახლეები

ელჩების სამუშაო ჯგუფი საარჩევნო პროცესებს დააკვირდება

ელჩების სამუშაო ჯგუფი საქართველოში საარჩევნო პროცესებს დააკვირდება. ამის შესახებ, მათ მიერ 17 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სამუშაო ჯგუფი პარტიებს „ეს შენ გეხებას“ მიერ შეთავაზებული 17-პუნქტიანი ქცევის კოდექსის დაცვისა და ცენტრალური საარჩევნო კომპანიის მიერ დადგენილი არჩევნების შედეგებისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაცემების პატივისცემისკენ მოუწოდებს. სამუშაო ჯგუფი მიესალმება „must-carry“-სა და must-offer”-ის ამოქმედების გზით მრავალფეროვან საინფორმაციო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

"ეს შენ გეხება" შეთანხმების ტექსტში ცვლილებებისთვის მზადაა


18 აგვისტოს კამპანია "ეს შენ გეხება" განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს მათ მიერ შემუშავებულ ქცევისა კოდექსზე საბოლოო შეთანხმების მიღწევის პროცესი დაიწყოს დაუყოვნებლივ.

აუდიტის სამსახურმა ქართულ ოცნებას მიმართვა გაუგზავნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, 2012 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ერთი წყაროს, ბიძინა ივანიშვილის, მიერ დაფინანსებული შემომწირველებისგან 624 ათას ლარამდე მეტი მიიღო. შესაბამისად, კანონით დადგენილ ზღვარს 124 ათასამდე ლარით გადააჭარბა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქართულ ოცნებას მიმართვა გაუგზავნა, რომლის თანახმადაც კოალიციამ კოალიციამ 124 ათას ლარამდე შემოწირულობა 5 დღის ვადაში შემომწირველებს უნდა დააბრუნოს.

უწყებათაშორისი კომისია ადმინისტრაციულ შენობებში პარტიული სიმბოლიკის განთავსებას დაუშვებლად მიიჩნევს

უწყებათაშორისი კომისიის განცხადებით, არსებობს ფაქტები, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანოების შენობებში (კახეთსა და რუსთავში) მმართველი გუნდის სააგიტაციო პლაკატები და საარჩევნო ნომერი იყო განთავსებული. კომისიის აზრით, მსგავსი ქმედებები ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო აგიტაციის მიზნით გამოყენება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა და 2 000 ლარით ჯარიმდება.

უფასო სარეკლამო დრო ოთხ საარჩევნო სუბიექტს გამოეყო


"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ" იმ საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებსაც მაუწყებელთა ეთერში უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება ეძლევათ. ამ ჩამონათვალში ოთხი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი შევიდა:„შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“,„გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“,„ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" სიების დაზუსტების კომისიის საქმიანობას დადებითად აფასებს

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" სიების დაზუსტების კომისიის საქმიანობას დადებითად აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაციამ მონიტორინგის შუალედური ანგარიში 16 აგვისტოს წარადგინა.

„ქართული ოცნების“ ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათ დიპლომატებს წარუდგინეს კონკრეტული ფაქტები, სადაც ასახულია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლას ცდილობენ. დიპლომატებს მათ იმ ჯარიმების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძესა და პოლიტიკურ პარტიებს დაეკისრათ.

კახა კალაძის პრესმდივნის ოთარ ჩრდილელის თქმით, სამტრედიის პოლიციის უფროსი ზვიად ობოლაძე პოლიტიკურ რეპრესიებს ახორციელებს


სამტრედიის რაიონული განყოფილების პოლიციის თანამშრომლებმა 22 წლის სერგო კიღურაძე დააკავეს. კიღურაძე მოძრაობა "შვიდი ნოემბრის" წევრია, ამჟამად კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი. კიღურაძის დაკავებას მისი ოჯახის წევრების ცემაც ახლდა თან. სერგო კიღურაძის დაპატიმრების პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაპროტესტების გამო დააკავეს მისი ბიძაშვილი, თემურ კიღურაძეც. კახა კალაძის პრესმდივნის ოთარ ჩრდილელის ინფორმაციით, სამტრედიის პოლიციის უფროს ზვიად ობოლაძე სამტრედიის რაიონში პოლიტიკურ რეპრესიებს ატარებს და ქართული ოცნების აქტივისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. ჩრდილელი მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს მეტი გულისყურით მოეკიდონ სამტრედიის რაიონს.

ელისო ჩაფიძე მისი ლიკვიდაციის გეგმაზე საუბრობს


„ქართული ოცნების“ ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ აქვს მტკიცებულებები, სადაც სპეცსამსახურები მისი ლიკვიდაციის გეგმაზე საუბრობენ. როგორც ჩაფიძემ გაზეთ „ყველა სიახლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ადგილობრივი კუდ-ის თანამშრომლები სისტემატიურად უღებენ მის ავტომობილს ფოტოებს და თვალყურს ადევნებენ მისი გადაადგილებების პროცესს.

"ქართულმა ოცნებამ " ადიგენში სიმბოლური შტაბი გახსნა


კოალიცია „ქართული ოცნების“ ადიგენის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბიძინა გუჯაბიძემ ადიგენში კარვის სახით სიმბოლური შტაბი გახსნა. როგორც კოალიციის ვებგვერდი იტყობინება, ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზეწოლისა და დაშინების გამო, ადგილობრივი მოსახლეობა „ქართულ ოცნების“ წევრებზე სახლებს ვერ აქირავებს "ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ ადიგენის პოლიციის შენობის გვერდით სიმბოლური შტაბი გახსნა.

თინა ხიდაშელი გამგებელს უჩივის

კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საგარეჯოში, თინათინ ხიდაშელმა სოფელ იორმუღანლოს პოლიციაში დუზაგრამას გამგებლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ხიდაშელის თქმით, ის სოფელ მუღალოსა და ქეშალის მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდა, სადაც გამგებლის დისშვილები მივიდნენ და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. მათ "თვითმარქვია" "ინფო 9"-ის წარმომადგენლები „ნამდვილი“ სააგენტოს ჟურნალისტები ეგონათ და ჩხუბი დაუწყეს. მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ხიდაშელმა გამგებლის წინააღმდეგ საჩივარი წინასაარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლის ბრალდებით შეიტანა.საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი თბილისში დაბრუნების შემდეგ განცხადებას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უწყებათშორის კომისიაშიც შეიტანს.

კოალიცია „ქართული ოცნება“ სასამართლოს მიერ მოქალაქეთა დაჯარიმებას პოლიტიკური ნიშნით დევნის მცდელობად აფასებს

პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ბრიფინგზე, საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც კოალიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, ასევე სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახი კალაძეს აუდიტის სამსახურის დადგენილების საფუძველზე მორიგი ჯარიმა დაეკისრათ. ასევე, მაია ფანჯიკიძემ პოლიტიკური პარტიებისათვის განხორციელებული შემოწირულობების გამო დაჯარიმებული მოქალქეების საკითხზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს არის მოქალაქეთა პოლიტიკური დევნის ნათელი მაგალითი.


სხვადასხვა
17 აგვისტოს უწყებათაშორისი კომისია პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კანცელარიაში დახურულ კარს მიღმა შეხვდა. სხდომაზე პოლიტიკური პარტიების საქმიანობისთვის ხელისშეშლის ფაქტებზე იმსჯელეს.

13 აგვისტოს საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ პრემიერ–მინისტრი და მთავრობის წევრები გურიის რეგიონში გაემგზავრებოდნენ, სადაც მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებოდნენ და ახალ ოთხწლიან სამთავრობო გეგმას „მეტი სარგებელი ხალხს“ გააცნობდნენ.

კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ კახეთის დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თუ არ იქნება საკმარისი 80 მილიონი, ის 20 მილიონიან ჯარიმასაც გადაიხდის და კახი კალაძესაც დაითანხმებს ჯარიმის გადარიცხვაზე.

„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოში განაცხადი შეიტანა და საარჩევნოდ მეშვიდე ნომრით რეგისტრაციის სურვილი გამოთქვა.

ცესკო და კომპანია „ITDC“-მ ერთობლივი პროექტის განხორციელება დაიწყეს, რომლის საშუალებითაც საარჩევნო ტელე-დაიჯესტის ნახვა ინტერნეტში გახდა შესაძლებელი. კერძოდ, „ITDC“-მ შექმნა პროექტი “Georgian TV Election News Digest”, რაც გულისხმობს ვიდეო პორტალ „www.myvideo.ge“-ზე სპეციალური არხის განთავსებას, სადაც აიტვირთება სიახლეების დაიჯესტი საარჩევნო თემატიკაზე. აღნიშნული მასალა ითარგმნება ინგლისურ და რუსულ ენებზე.

შეხვედრები ამომრჩევლებთან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

საქართველოს პრეზიდენტი რუსთავის მოსახლეობას შეხვდა და ქალაქის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ კი ტყიბულის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი პავლე კუბლაშვილი წარუდგინა.

მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ქალაქის მერმა გიგი უგულავამ და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ანდრია ურუშაძემ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი მშენებარე გვირაბი დაათვალიერეს და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

19 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა ბახმაროს მოსახლეობას ფერიცვალება მიულოცა და დოღსაც დაესწრო.

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“

ქრისტიან-დემოკრატები მთელი კვირის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ამომრჩევლებთან შეხვედრებს მართავდნენ. პარტიის ლიდერები ყაზბეგში იმყოფებოდნენ, ერთ-ერთი ლიდერი მაგდა ანიკაშვილი გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევს ესტუმრა, „ქრისტიან-დემოკრატებმა“ ასევე სარფის და ბათუმის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნეს. ამავე კვირას ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ახლვედიანი, მოსახლეობას შეხვდა და მათ ოცნების ნაცვლად, საქმის გაკეთებას დაპირდა.

ახალი მემარჯვენეები

"ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხათუნა კახაძემ, დაბა ჩაქვში, მოსახლეობას პარტიის საარჩევნო პროგრამა "შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად" გააცნეს. ამავე კვირას დავით გამყრელიძე და პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთის რაიონში ლევან კალანდაძე, ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდნენ.

„თავისუფალი საქართველო“

"თავისუფალი საქართველოს" გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე ხაშურის მოსახლეობას „თავისუფალი საქართველოს“ პროგრამის პრიორიტეტებზე ესაუბრა.

ამავე კვირას პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა საჩხერეში მაჟორიტარობის კანდიდატი მელვუდ შარვაძე წარადგინა. მაჟორიტარობის წარდგენის შემდეგ შარვაძე და კუკავა ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

„ქართული ოცნება“

19 აგვისტოს „ქართული ოცნების“ რიგით მერვე აქცია ქალაქ რუსთავში გაიმართა. ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილმა ზვიად ძიძიგური წარადგინა. აქციაზე ცნობილი გახდა, რომ შემდეგი მიტინგი 26-27 აგვისტოს რაჭა-ლეჩხუმში, ხოლო 2 სექტემბერს კი თელავში გაიმართება. კოალიციის ლიდერმა ხალხს სიტყვით მიმართა და სამართლიანობის აღდგენის პირობა დადო. "იცოდეთ, მოემზადეთ გამარჯვებისთვის!"- ასე დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა თავისი გამოსვლა.

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბათუმში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. აფხაზეთიდან დევნილებმა ბიძინა ივანიშვილს აჭარაში ჩასახლებული 120 იძულებით გადაადგილებული ოჯახის პრობლემა გააცნეს. თავის მხრივ კოალიციის ლიდერმა დევნილებს მათი პრობლემების გადაჭრის მისეული ხედვა გააცნო.

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა პირველი შეხვედრა ახალგაზრდა ამომრჩევლებთან გამართა ეგიდით “ჩემი პირველი არჩევანი“, დავით უსუფაშვილმა შეხვედრა ქართველ იუნკერთა სახელობის თბილისის 52-საჯარო სკოლასთან გამართა. მისი თქმით, თითოეულმა ახალგაზრდამ კარგად უნდა განსაზღვროს, თუ ვის უნდა მისცეს ხმა არჩევნებზე, რათა შემდეგ სანანებელი არ გაუხდეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31