ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
6-12 აგვისტო
13 აგვისტო, 2012 წ.
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების პერიოდულ შეჯამებას. ამ მიზნით, ორგანიზაცია თვალს ადევნებს პოლიტიკურ პარტიების, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის წინასაარჩევნო აქტივობებს და წარმოგიდგენთ მის ყოველკვირეულ მიმოხილვას.

6-12 აგვისტო

მთავარი სიახლეები

საქართველოს ამერიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი ეწვია


საქართველოს ამერიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი ეწვია. მიხეილ სააკაშვილმა სენატორი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო და ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ესაუბრა. სენატორი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრა თბილისი მარიოტში გაიმართა და მასში მონაწილეობა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა“ გიორგი თარგამაძემ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თედო ჯაფარიძემ, ირაკლი ალასანიამ და დავით უსუფაშვილმა მიიღეს. საუბარი არჩევნებს და მის დემოკრატიულად ჩატარებას შეეხო. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხზეც. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ განმარტეს, ამერიკა განსაკუთრებით ხმის დათვლის პროცესს დააკვირდება.

კამპანია „ეს შენ გეხება“-ს მონაწილეები აუდიტის სამსახურს ხელისუფლების ინტერესის გატარებაში ადანაშაულებს

კამპანია „ეს შენ გეხება“-ს მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთაშორისო დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართვა გაუგზავნეს, რომელშიც წინასაარჩევნო დარღვევებზე ვრცლად ისაუბრეს. – „მმართველი პარტიის მიერ მიღებული არაადეკვატურად მცირერიცხოვანი გადაწყვეტილები, რა დროსაც სრული რეაგირების გარეშეა დარჩენილი მსხვილი დარღვევები, გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეალურად მმართველი პარტიის ხელში კიდევ ერთ ბერკეტს წარმოადგენს და მისი საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით არ მიმდინარეობს, - ნათქვამია მიმართვაში.

16 პირი „ქართული ოცნებაში“ გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმეს

უკანონო შემოწირულობების განხორციელებისთვის „ქართულ ოცნებაში“ გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობით 16 პირი დააჯარიმეს. სასამართლო პროცესი სამ დარბაზში მიმდინარეობდა. დაჯარიმებულებს შორის სხვა თანამშრომლებთან ერთად, „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი და კოალიციის 8 წარმომადგენელიც იყო. ბანკის თანამშრომლების ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, გადაწყვეტილება სრულიად უკანონო იყო, ამასთან პროცესის მიმდინარეობისას "ქართული ოცნების" შემომწირველების თითქმის არც ერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილებულა. ნოდარ ჯავახიშვილი ჯარიმის გადახდას არ აპირებს და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ბრძანება ფასიანი რეკლამებისთვის თანხის წინასწარ გადახდის ვალდებულების შესახებ ძალაში 12 აგვისტოდან შევიდა

მთავარი აუდიტორის ბრძანებულება, რომლის თანახმადაც წინასაარჩევნო რეკლამისთვის პოლიტიკურ პარტიებს წინასწარი ანგარიშსწორების განხორციელება დაევალებათ, ძალაში 12 აგვისტოდან შევიდა. როგორც ლაშა თორდია განმარტავს, დადგენილებები ხელს უწყობს გამჭვირვალე და თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნას. შეგახსენებთ, რომ ბრძანებულების მიხედვით, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია ფასიანი რეკლამისთვის გადასახდელი თანხა წინასწარ ერთი კვირის განმავლობაში დაფაროს.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტებს დიდგორობის დღესასწაულზე დასწრების უფლება არ მისცეს


„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობის წევრებს პოლიციამ დიდგორში მისასვლელი გზა გადაუკეტა. სამართალდამცავების განმარტებით, კოალიციის წევრები „დაპატიჟებულთა“ სიებში არ იყვნენ და დიდგორის ველზე შესვლას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებდნენ, რაც იქ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიება დასრულდებოდა.

მოვლენების პარალელურად დიდგორის შესასვლელთან „ქართული ოცნების“ მაისურში გამოწყობილმა ნასვამმა ქალბატონებმა პროვოკაციის მოწყობა სცადეს. ისინი ხმამაღლა აღნიშნავდნენ, ღონისძიებაზე მოსვლისათვის გარკვეული თანხა გადაგვიხადესო. „ქართული ოცნების“ წევრების განმარტებით, რეალურად, არც ერთი მათგანი კოალიციის აქტივისტი არ ყოფილა.

„ქართული ოცნება“ საარჩევნო „ქცევის წესებს“ შეუერთდა და მმართელი პარტია ამ წესების ხშირ დარღვევაში დაადანაშაულა

კოალიცია „ქართული ოცნება“ სამოქალაქო საზოგადოების მიერ 16 ივლისს შემოთავაზებულ 17 პუნქტიან დოკუმენტს უპირობოდ შეუერთდა და მასში მოცემული პრინციპებისა და ქცევის წესების დაცვის ვალდებულება აიღო. კოალიციამ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებისა და ახალგაზრდების დანაშაულებრივ ქმედებებში ჩათრევის მცდელობაზეც გაამახვილა ყურადღება და მმართველი პარტია მათ მიერ ხელმოწერილ „ქცევის წესების“ დარღვევაში დაადანაშაულა. „ქართულმა ოცნებამ“ ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აღნიშნული ფაქტების დროულად და სრულყოფილად შესწავლისა და შეფასებისკენ მოუწოდა და ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას თანამშრომლობას და მათ ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდებას დაპირდა

საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი 20 243 825 ლარით, ხოლო კახი კალაძე 16 944 960 ლარით დააჯარიმა

აუდიტის სამსახური ბიძინა ივანიშვილს, მისი და მისი მეუღლის პირადი ანგარიშიდან 5 მილიონ ლარზე მეტი ოდენობით თანხის გატანას და ამ ფულის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ედავება. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე ნოტარიულად დამოწმებული მტკიცებულება წარმოადგინა, რომელიც აშკარად ადასტურებდა , რომ ანგარიშებიდან გამოტანილი თანხა პარტიული შემოწირულობისთვის არ დახარჯულა და იგი ნაღდი ფულის სახით ინახება, სასამართლომ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში მორიგი გადაწყვეტილება მიიღო და კოალიციის ლიდერი 20 243 825 ლარით დააჯარიმა.

აუდიტის სამსახურის მოთხოვნით ამავე მოტივით 16 944 960 ლარით დაჯარიმდა კახი კალაძეც. გარდა ჯარიმისა, სასამართლომ რამდენიმე კომპანიაში მისი 100%–იანი წილი და მთლიანი უძრავ–მოძრავი ქონება დააყადაღა.

"2012 წლის განმავლობაში გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებმა ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე სოლიდური თანხები გაიტანეს. დასახელებულ პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა გაანაღდა 5 მილიონ 552 ათას 135 ლარი, ხოლო კახი კალაძემ –3 მილიონ 388 ათას 992 ლარი", – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 8 აგვისტოს განცხადებაში.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს და კახი კალაძეს ამ თანხებით განხორციელებული საქმიანობისა და გაწეული ხარჯების შესახებ დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია უნდა წარმოედგინათ, რაზეც დაუსაბუთებელი უარი განაცხადეს.

„ქართული ოცნების მხარდამჭერს ზურაბ კოტრიკაძეს „საქართველოს ბანკში“ პირად ანგარიშზე მილიარდიანი ჯარიმა დახვდა

„კონსერვატიული პარტიის“ ყოფილი წევრი, ამჟამად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ზურაბ კოტრიკაძე დაჯარიმებულთა შორის აღმოჩნდა, მაგრამ სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამ უკანასკნელმა მის პირად ანგარიშზე მილიარდიანი ჯარიმის დადების მიზეზი ამ დრომდე ვერ გაარკვია. ზურაბ კოტრიკაძე გასული წლის ნოემბრამდე "ენერგო პრო ჯორჯიას" ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომელი იყო. სწორედ იქ მუშაობის პერიოდში გახსნა სახელფასო ანგარიში "საქართველოს ბანკში". როგორც კოტრიკაძე ამბობს, სამსახურიდან ჯანმრთელობის პრობლემების გამო წამოვიდა და მას შემდეგ ანგარიშს 20-30 ლარით ავსებდა. , ორი დღის წინ კი ბანკომატთან მისულმა აღმოაჩინა, რომ მის ანგარიშზე მილიარდიანი ჯარიმაა.

"საქართველოს ბანკი" წარმომადგენლები ზურაბ კოტრიკაძეს ამ დავალიანების მიზეზს ვერ უმარტავენ და სიტუაციაში გასარკვევად ოფისში მისვლას თხოვენ.

თბილისის მთავრობამ საარჩევნო პლაკატების გაკვრის წესი დაარეგულირა

თბილისის მთავრობამ, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქალაქში საარჩევნო პლაკატების გაკვრის წესი დაარეგულირა. ბაჩო დოლიძის განცხადებით, გამოყოფილია ადგილები, სადაც სპეციალურად დამონტაჟებული სტენდით სარგებლობა ყველა საარჩევნო სუბიექტს თანაბრად შეეძლება. საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, რეაბილიტირებულ შენობებზე, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოებზე.

სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე თავდაცვისთვის ემზადება

„ოქტომბერი იმისთვის კი არ არის, რომ თავი მოვიწონოთ, იმისთვის არის რომ თავი დავიცვათ“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რაჭის მოსახლეობასთან შეხვედრისას. -სააკაშვილის აზრით, ოპოზიციას ქვეყნის წარსულში დაბრუნებას ცდილობს, დასანგრევი ობიექტების გრძელი სია აქვს და ამას არც მალავს. „ ახლახან გავხსენი იუსტიციის სახლი ახალციხეში , შემდეგი ამ სიაში არის პარლამენტი პარლამენტში, შემდეგი არის იუსტიციის სახლები, რადგან მათი კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის იუსტიციის სახლი არის პრობლემა, იმიტომ რომ როგორც კი კორუფცია დაბრუნდება მთავრობაში, კორუფცია დაბრუნდება პოლიციაში, სავადმყოფოებში და ყველგან.” - აღნიშნა პრეზიდენტმა.


„საერთაშორიოს გამჭვირვალობა საქართველო” ქართული ტელემაუწყებლობის პოლიტიკასთან მჭიდრო კავშირზე საუბრობს

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო სატელევიზიო სექტორის ანალიზს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით არჩევნების წინ ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები პოლარიზებულ გარემოს ასახავს. მოსახლეობის გამოკითხვამ ცალსახა შედეგი აჩვენა: ნებისმიერი ტელევიზია ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირდება და შესაბამისად, არც ერთი არ არის მიჩნეული ობიექტურად. ახალ ანგარიშში ვხვდებით გლობალ ტივის, სტერეო პლიუსისა და ვიდეო სკოპის გახმაურებულ ისტორიებს. ყურადღების ცენტრში მოხვდა ისეთი ფაქტებიც, როგორიცაა მეცხრე არხის და ინფო 9-ის ჟურნალისტების დევნა, „მონიტორის“ ოფისის გაძარცვა და ა.შ.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მასტ ქერისა და მასტ ოფერის ამოქმედება პოზიტიური შედეგია თუმცა ამბობენ, რომ ეს ინიციატივა არჩევნების შემდეგაც უნდა გაგრძელდეს.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის აზრით, ზოგიერთი მედიასაშუალებების ქმედებები ნორმალურ წინასაარჩევნო ატმოსფეროს საფრთხეს უქმნის


თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისია მიიჩნევს, რომ სხვადასხა მედია საშუალებების ქმედებები ნორმალურ წინასაარჩევნო გარემოს საფრთხეს უქმნის. საუბარია განსხვავებულ სარედაქციო პოზიციის მქონე ჟურნალისტთა ქმედებებზე პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და მათი აქტივისტების შეხვედრების გაშუქებისას. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თამარ კინწურაშვილის აზრით, ამ ტიპის ქმედებები ძალადობის პროვოცირების პოტენციალს შეიცავს. ერთი მხრივ, ხელი ეშლება პარტიების მიერ პოლიტიკური კამპანიის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას, მეორე მხრივ, მედია საშუალებების ნორმალურ საქმიანობას. მისი თქმით, კომისია ასეთ ქმედებებს პრობლემატურად მიიჩნევს.

ამერიკული კომპანია „პენ შონ ბერლანდის“ კვლევების მიხედვით, კოალიცია „ქართული ოცნება“ ერთი პუნქტით უსწრებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას

ამერიკულმა კომპანია პენ შონ ბერლანდმა საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხის პერიოდი 3-15 ივლისს მოიცავდა და 1980 ამომრჩეველი მონაწილეობდა. კვლევა ჩატარდა ფარული ბიულეტენების გამოყენებით. ამომრჩეველს დაუსვეს იგივე შეკითხვა, რომელიც რეალურ საარჩევნო ბიულეტენშია. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ეს მეთოდიკა გამოყენებული იქნა ამომრჩევლის შიშის ფაქტორის შესამცირებლად, რომელიც არაერთხელ დაფიქსირდა მკვლევარებისა და ანალიტიკოსების მიერ. კვლევამ აჩვენა, რომ კოალიცია ქართული ოცნება ერთი პუნქტით უსწრებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. როდესაც რესპონდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია ძირითადი ლიდერების შესახებ წინასაარჩევნო კამპანიის მეთოდიკით, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების ლიდერის უპირატესობა 1-დან 9 პუნქტამდე გაიზარდა 46% - ქართული ოცნება, 37% - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. კვლევის ავტორთა ინფორმაციით, ნაწილობრივ ამის მიზეზი ბოლო დროს მთავრობის მიერ „ქართული ოცნების“ და მისი წევრების შევიწროვებაზე ამომრჩევლების ნეგატიური დამოკიდებულებაა.

„ქართულმა ოცნებამ მმართველ პარტიას აგვისტოს ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით ორდღიანი დუმილის შენარჩუნებისა და ამ გზით ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა


კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით 7 და 8 აგვისტოს მასობრივი ღონისძიებების ჩატარებისგან თავი შეიკავა, თუმცა ლოკალური მასშტაბების საარჩევნო შეხვედრების ჩატარებისა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარების კუთხით კანდიდატებს მუშაობა არ შეუწყვეტიათ.

„ქართულმა ოცნებამ კომენატარი აგვისტოს ომთან დაკავშირებითაც გააკეთა. "ეს იყო ყველაზე დიდი ტრაგედია საქართველოს უახლოეს ისტორიაში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ორი დღის განმავლობაში შეინარჩუნოს სრული დუმილი და ამ მხრივ მაინც მოიბოდიშოს იმ უბედურებისთვის, რაც მათი უგუნური პოლიტიკის გამო ქვეყანას თავს დაატყდა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე.

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ გაერთიანდნენ


ახალმა საარჩევნო ბლოკმა „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიულმა გაერთიანებამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი დღეს შეიტანა. ორი პოლიტიკური პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გაერთიანდა.


2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველი 40 პარტიიდან 22-მა რეგისტრაცია უკვე გაიარა


ცეესკოში შეტანილი 40 პარტიის განაცხადიდან 22-მა რეგისტრაცია უკვე გაიარა. ნომრები შეინარჩუნეს იმ პარტიებმა, რომლებსაც 2008 წლის არჩევნებზე კარგი შედეგი ჰქონდათ. ესენია: ნაციონალური მოძრაობა 5, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა 10 და საქართველოს კონსერვატიული პარტია 7. არის კიდევ 11 კვალიფიციური სუბიექტი, რომელაც წინა არჩევნებში მინიმალური ზღვარის გადალახვა შეძლო. ესენია: ჩვენი საქართველო 6, სამართლიანი საქართველოსთვის 9, საქართველოს ევროპელი დემოკრატები 11, ეროვნული ფორუმი 14, თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზა19, სალომე ზურაბიშვილის საქართველოს გზა 19, ქართული დასი 23, ახალი მემარჯვენეები 24, მრეწველობა გადაარჩენს საქრათველოს 25, რესპუბლიკური პარტიას 34, ლეიბორისტული პარტია 38. ასევე არიან ის პარტიები, რომლებმაც მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს: თავისუფალი საქრათველო, სახალხო მოძრაობა, მერაბ კოსტავას საზოგადოება, ტრადიციონალისტები, მწვანეთა პარტია.

სხვადასხვა

ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარი კანდიდატის ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბი "ელიტა-ბურჯის" ადვოკატის, იმედა ნიკურაძისთვის 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების ფაქტს ეხმიანება და გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიების ფინანსური საქმიანობის კანონიერებისა და გამჭვირვალობის მონიტორინგს ახორციელებს. - "ამ კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია წინასაარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული რეგულაციები დააწესოს მაუწყებელსა და პოლიტიკურ სუბიექტს შორის ურთიერთობებში. აღნიშნული განპირობებულია მაღალი საჯარო ინტერესით, მოხდეს ყველა მაუწყებლის მიერ საარჩევნო სუბიექტების თანაბარ და არადისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენება, და ამ პროცესში ფინანსური რესურსების გამჭვირვალედ გამოყენება", - ნათქვამია განცხადებაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გენერალური აუდიტორის ბრძანებით განმარტა გამჭვირვალობის სტანდარტები წინასაარჩევნო პერიოდში სარეკლამო ხარჯებთან მიმართებაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახური განმარტავს, რომ გენერალური აუდიტორის ბრძანებით დადგენილი რეგულაციები, ერთი მხრივ, არ აფერხებს პოლიტიკური სუბიექტებისთვის კანონით უზრუნველყოფილ უფლებას, შეუფერხებლად აწარმოონ საარჩევნო აგიტაცია. მეორე მხრივ, აღნიშნული რეგულაციები უზრუნველყოფს ფინანსური რესურსების განკარგვის ეფექტურ მონიტორინგს და ამ გზით ახდენს საარჩევნო სუბიექტების ან/და მაუწყებლების მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევის რისკების მინიმიზაციას. შესაბამისად, კერძო და საჯარო ინტერესების შეჯერების გზით, გენერალური აუდიტორის ბრძანებით დადგენილი რეგულაციები ხელს უწყობს ლეგიტიმური ინტერესის - ფინანსურად გამჭვირვალე ჯანსაღი საარჩევნო გარემოს დამკვიდრებას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოთხი წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთის შეიარაღებული ძალები შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით განახორციელეს პირდაპირი სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. - „ომიდან ოთხი წლის თავზე საქართველო მომავლისკენ იყურება, სჯერა საკუთარი ძალების და სულ უფრო მყარად იმკვიდრებს ადგილს თავისუფალ ერებს შორის"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე "ფესიბუკის " საკუთარ გვერდზე კოალიციის ლიდერის წინააღმდეგ დაგეგმილ ავანტიურაზე საუბრობს და აღნიშნულში მონაწილეებს მორალის არსებობას ახსენებს.

„დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველოსათვის“ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ამბობს.

ქალაქ თელავში, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის თეონა კაპანაძის და გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის ინიციატივით მედია ექსპერტების, პოლიტიკური პარტიების და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განხილული იქნა „მასთ ქერის“ მნიშვნელობა წინა საარჩევნო პერიოდის დროს. ასევე საუბარი იყო რეგიონში მედიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მედია ექსპერტებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს საზოგადოებრივი არხის რეგიონული ბიუროს არსებობის აუცილებლობა და განაცხადეს, რომ ამ საკითხს უწყებათშორის კომისიის წინაშე დააყენებენ.

ახლახან ასამდე გაურკვეველი ადამიანის სამზადისმა „მაესტროს“ ყურადღება მიიპყრო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ გაურკვეველ წვრთნებს გეგმიური უწოდა. სამეგრელოში უკანონოდ შექმნილ ფორმირებებზე ჯერ კიდევ 2011 წელს საუბრობდა ირაკლი ალასანია.

არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლება არჩევნების შემდგომ ვითარების გართულებისგან იზღვევდა თავს. ტელეკომპანია „მაესტროს“ ექსკლუზიურ კადრებში, სადაც ზუგდიდში დაუდგენელი ჯგუფების გაურკვეველი წვრთნებია ასახული, ერთ-ერთი გიორგი სამუშიაა. სამუშია კადრებში „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა მიქაიამ ამოიცნო. მისი თქმით, ეს ის ადამიანია, რომელიც 2008 წლის 28 ოქტომბერს ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშწორების ინციდენტში მონაწილეობდა და რომელიც ბიძინა გუჯაბიძეს ფიზიკურად გაუსწორდა.

ეკა ბესელიამ მხარდამჭერებთან ერთად ფოთის სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია გამართა. მათ აუდიტის სამსახურის მოთხოვნის შედეგად სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასეს, როგორც აკრძალული პოლიტიკური მეთოდებით ბრძოლა. ეკა ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და კახი კალაძისთვის ახალი მიზეზით ჯარიმის დაკისრება მმართველი გუნდის მხრიდან ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის შეფერხებას ემსახურება.

საპრეზიდენტო პროგრამა, რომელიც 50 წელს გადაცილებული მოსახლეობის სტომატოლოგიურ დახმარებას გულისხმობს გუშინ დაიწყო, თუმცა პროგრამის ამოქმედების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა დიდი ხნით ადრე გასცა. მართალია აჭარაში 200-მდე პენსიონერმა კბილები გამოიცვალა, თუმცა სხვა რეგიონებისთვის ეს ახლა გახდა ცნობილი. ადგილობრივები ამ ქმედებას წინასაარჩევნო კამპანიად აფასებენ.

ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი თიანეთში მომღერალი გიორგი ჩიტაური იქნება. ამის შესახებ კახა ძაგანიამ განაცხადა. ლეიბორისტები აფრთხილებენ ნაცმოძრაობას და ქართულ ოცნებას, რომ ხელოვნური ბარიერების შექმნის მიუხედავად, მაინც შეძლებენ გამარჯვებას.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის აქტიურ ფორმას მიმართავს და კონკრეტულ ინფორმაციას საერთაშორისო საზოგადოებას აწვდის. საქმე ეხება 5 ოპოზიციური პარტიის მიერ მიმდინარე წლის 25 მაისს შეტანილ სარჩელს პარტიების დაფინანსების წესის შესახებ, რომლის განხილვასაც საკონსტიტუციო სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს.
აუდიტის სამსახურში პოლიტიკური პარტიების ტრენინგი მიმდინაროებს. ლევან მერაბიშვილის განცხადებით, არჩევნების თარიღი ცნობილია, ამიტომ ეფექტური მონიტორინგის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ლეიბორისტულ პარტიაში შექნილი სპეციალური კომისია, რომელიც ედუარდ შევარდნაძის მოღვაწეობას იკვლევს, მასალებს აქვეყნებს. პაატა ჯიბლაძის განცხადებით, 2002 წლის 11 მაისს ელმავალმშენებელი ქარხანა 15 000 დოლარად შევარდნაძემ ვინმე ზურაბ ცინცაძეს მიყიდა, მისი ფასი კი გაცილებით მეტია. ლეიბორისტები პროკურატურას მოუწოდებენ ამ ფაქტით დაინტერესდნენ.

პარტია თავისუფალი საქართველო ქუთაისში ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ამომრჩეველთა სიას უნდობლობას უცხადებს. გიორგი წულაიას აზრით, საპარლამენტო არჩევნებისთვის დაფიქსირებული რაოდენობა, რომელიც 163 654 ამომრჩეველს გულისხმობს, არის ტყუილი. 2004 წელს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს როცა ხელისუფლება იყო ახალი მოსული და ეშინოდა შევარდნაძის სიებით არჩევნების ჩატარება, გადაამოწმა და ქუთაისში დაფიქსირდა 110 000 ამომრჩეველი. ცესკოს მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგებს უნდობლობაც უცხადებს „საქართველოს გზა“-ც.

ნაცმოძრაობა წინასაარჩევნოდ პარტიის ადმინისტრაციული ხარჯების გამოყენების კონტროლს იწყებს. პარტიის ყველა რეგიონულ ოფისში უკვე გავრცელდა საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული სპეციალური სახელმძღვანელო.

გია ცაგარეიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული ჟურნალით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს, რომელსაც ნაცმოძრაობის აქტივისტები ქუჩაში არიგებენ. ჟურნალში სხვადასხვა არქიტექტურული პროექტებია ასახული.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ავღანეთში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციების შესრულების მიზნით შექმნილი სპეციალური ჯგუფის წევრები აირჩია. ცენტრალური საარჩევნო კომისია ავღანეთში ორ საარჩევნო უბანს ხსნის. ქართველი ჯარისკაცები არჩევნებში ხმის მიცემას ჰელმანდის პროვინციაში შეძლებენ.
ილია მეორემ მრევლს თხოვნით მიმართა, რომ გააძლიერონ ლოცვა, რადგან საარჩევნო პერიოდმა მშვიდობით ჩაიაროს.

შეხვედრები ამომრჩევლებთან

ნაციონალური მოძრაობა

საქართველოს პრეზიდენტი რაჭაში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილი ამბროლაურის რაიონის ორ სოფელში - ღარსა და ღებში მეუღლესთან, სანდრა რულოვსთან და უმცროს შვილთან ერთად ჩავიდა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და მოგვიანებით შეხვედრა გამართა მოსახლეობასთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით ზემო ნიქოზს ესტუმრა. პრემიერ-მინისტრი საგუშაგოზე მყოფ ჯარისკაცებს შეხვდა და საქართველოს სახელით მათ მადლობა გადაუხადა.

„ქართული ოცნება“

ქართული ოცნების სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამგორის რაიონის მცხოვრებლებს შეხვდა. მან ადგილობრივებს ქართული ოცნების ჯანდაცვისა და განათლების პროგრამები გააცნო.

ზურაბ აბაშიძე ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ კოალიციის პრობლემები გააცნო. პირველ ოქტომბერს ერთად გადავწყვეტთ სამშობლოს მომავალს და ერთად ვიცხოვრებთ მშვიდ და წყნარ გარემოში, - განაცხადა აბაშიძემ.

პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ბაღდათის მოსახლეობას შეხვდა და მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა. ამავე კვირას კოალიციის ლიდერი ურეკს
ესტუმრა. ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და სამშობლოსათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“

ქრისტიან-დემოკრატები წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად მოძრაობის ლიდერები რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდნენ. გიორგი თარგამაძემ და გიორგი ახვლედიანმა შეხვედრა ცაგერის მოსახლეობასთან გამართეს და ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს. ამავე კვირას ჭიათურის მოსახლეობასაც ესტუმრნენ, მაღარო მოინახულეს და მაღაროელებს გაესაუბრნენ.

პარტიის ლიდერებმა ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, საჩხერისა და გურჯაანის შემდეგ მორიგი მასშტაბური შეხვედრა მოსახლეობასთან ოზურგეთში გამართეს, 2008 წლის საომარი მოქმედებების ერთ-ერთ ეპიცენტრში-გორის რაიონ სოფელ შინდისშიც ჩავიდნენ და აგვისტოს ომში დაღუპულ ქართველ გმირთა ხსოვნასაც მიაგეს პატივი.

„თავისუფალი საქართველო“

თავისუფალი საქართველოს ლიდერები გურჯაანის რაიონში იმყოფებოდნენ და მოსახლეობასთან სოფლის მეურბნეობის პრობლემებზე ისაუბრეს. კუკავამ მათი საარჩევნო გეგმები გააცნო.

„ახალი მემარჯვენეები“

ახალი მემარჯვენეები მოსახლებასთან შეხვედრებს განაგრძობენ. მამუკა კაციტაძე რაჭაში იმყოფებოდა, სადაც მოსახლებას შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. ამავე კვირას მემარჯვენეები ასურეთსაც ესტუმრნენ. პარტიის ლიდერმა მოსახლეობას თეთრიწყაროს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გია გოცირიძე წარუდგინა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31