ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
30 ივლისი - 5 აგვისტო
06 აგვისტო, 2012 წ.
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების პერიოდულ შეჯამებას. ამ მიზნით, ორგანიზაცია თვალს ადევნებს პოლიტიკურ პარტიების, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის წინასაარჩევნო აქტივობებს და წარმოგიდგენთ მის ყოველკვირეულ მიმოხილვას.

30 ივლისი - 5 აგვისტო, 2012

მთავარი სიახლეები

საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს ჩატარდება

საპარლამენტო არჩევნების პირველ ოქტომბერს ჩატარების შესახებ ოფიციალური განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა პირველ აგვისტოს გააკეთა. შესაბამისად, ამ დროიდან ამოქმედდა ის საკანონმდებლო რეგულაციები, რასაც საქართველოს საარჩევნო კოდექსი წინასაარჩევნო პერიოდში ითვალისწინებს.

"საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ გაუსვა ხაზი მთავრობის მზაობას, რომ შემოდგომაზე დანიშნული საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საარჩევნო კამპანია კი ღია და გამჭვირვალე. დღეს კიდევ ერთხელ გვინდა გამოვთქვათ რწმენა, რომ ეს არჩევნები და ეს კამპანია იქნება სამაგალითო," - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მედიას და საზოგადოებას საარჩევნო გარემოებების გაუმჯობესების მიზნით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ისეთი ნაბიჯები შეახსენა, როგორიცაა, მაგალითად, დამკვირვებელთა მოწვევა , საარჩევნო სიების დაზუსტება , უწყებათაშორისი კომისია, Must Carry, რომლის საფუძველზეც ყველა საკაბელო მაუწყებელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ყველა ტელეკომპანიათა შესაბამის ქსელებში ჩართვას უზრუნველყოფს, პარტიათა ქცევის დეკლარაცია .
საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში".

ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის და საბჭოთა ხელისუფლების მსგავსებას უსვამს ხაზს

5 აგვისტოს კოალიცია "ქართული ოცნების" რიგით მეექვსე ფართომასშტაბიანი აქცია ბათუმში "საოცრებათა მოედანზე" წვიმის ფონზე 2 საათი მიმდინარეობდა.

- თქვენ ტყუილისგან თავისუფალ, სიმართლესა და კანონიერებაზე აშენებულ ქვეყანას იმსახურებთ. და ახლა, საქართველოში სიმართლის, სამართლიანობის დრო მოდის! - ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა „საოცრებათა მოედანზე“ შეკრებილ მოსახლეობას.

კოალიციის ლიდერმა ყურადღება მრავალ საკითხზე გაამახვილა, ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, ტურიზმსა თუ სხვა სფეროებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ხალხს მათი მოგვარების პირობა მისცა.

- რამდენი რამ დამაბრალეს, რაც პოლიტიკაში შემოვდგი ფეხი. ისიც კი დამაბრალეს, რომ თურმე, საბჭოთა კავშირი მენატრება. მე კარგად მახსოვს საბჭოთა კავშირი, რომელიც საყოველთაო, ტოტალური ტყუილის იმპერია იყო . საბჭოური აზროვნება დღემდე ცოცხალია და საზოგადოების განვითარებასაც აბრკოლებს. დიახ, სწორედ ტყუილი, თვალთმაქცობა და ფარისევლობა იყო საბჭოეთის ნამდვილი, რეალური იდეოლოგია, რომელიც ადამიანებს აიძულებდა, ერთი ეფიქრათ, მეორე ელაპარაკათ და მესამე ეკეთებინათ. ნაციონალური ხელისუფლება გაჭრილი ვაშლივით ჰგავს თავის საბჭოთა წინამორბედს, უფრო ზუსტად, წინაპარს. დააკვირდით სააკაშვილს, დააკვირდით სააკაშვილის ხელისუფლებას და უზუსტეს მსგავსებას იპოვით საბჭოთა ხელისუფლებასთან. ჩვენი ხელისუფლება ისე იცხოვრებს, როგორც ჩვენი ხალხი ცხოვრობს, მე ამას გპირდებით!’’ - ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა კოალიციის ლიდერმა.

კოალიცია“ ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მანანა კობახიძის თქმით, აქციაზე აჭარლები ოპტიმისტური განწყობით მოვიდნენ და გამარჯვების იმედით წავიდნენ.

"დღევანდელი აქციით ძალიან კმაყოფილები ვართ. იყო ხალხმრავალი აქცია. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა ხულოდან, ქედადან, შუახევიდან, ქობულეთიდან და თავად აჭარიდანაც. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. აჭარლები ოპტიმისტური განწყობით მოვიდნენ და გამარჯვების იმედით წავიდნენ" - განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილი „აშენებული“ ქვეყნის ოპოზიციისთვის „გადაბარებას“ არ გეგმავს

„მეტი საქმე არ მაქვს, ჩვენი აშენებული ქვეყანა თქვენ გადმოგაბაროთ და დაგანგრევინოთ“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 4 აგვისტოს ზემო აჭარაში ბეშუმობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა არასდროს არ ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის და ეს იმის დამსახურებაა, რომ ხალხიც ძლიერია.

პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა, რომ აშენებული ქვეყნის დანგრევა ძნელია, მაგრამ არსებობენ „წარსულის პოლიტიკოსები“, რომლებსაც ეს არ გაუჭირდებათ.

"მაგათ ხელში რომ ჩაუგდო ჩვენი 50-სართულიანი ცათამბჯენები, შეიძლება 2 თვეში აღარაფერი დარჩეს. ნურას უკაცრავად, ჩვენ ასაშენებელი გვაქვს ახალი კურორტები, ახალი სკოლები, ახალი უნივერსიტეტები, არსებული გვაქვს გასაუმჯობესებელი. ჩვენ ჩვენს შვილებს უნდა მივცეთ საუკეთესო განათლება. ახალი სავადმყოფოები, ახალი ამბულატორიები, ყველა ხეობაში უნდა მივიდეთ კარგი გზით. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს კარგი დაზღვევა, ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს გააგზავნოს, საქართველოში საუკეთესო უნივერსიტეტში და უცხოეთში საუკეთესო უნივერსიტეტში“

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტს ბეშუმში მომხდარი ინციდენტის პროვოცირებაში ადანაშაულებს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმის აქციაზე ბეშუმში მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა და მიხეილ სააკაშვილი პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, იგი ზემო აჭარაში შუამთობის დღესასწაულზე დასასწრებად ავიდა, თუმცა ადგილობრივი გამგეობის წამომადგენლებმა მოსახლეობასთან შეხვედრის და მთაზე ასვლის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ქართული ოცნების აქტივისტები უსიამოვნების თავიდან არიდების მიზნით იქაურობას გაეცალნენ. – „პოლიცია ამ ყველაფერში მხოლოდ მაშინ ჩაერია, როცა ინციდენტი ჩვენი მხრიდან უკვე განმუხტული იყო",- განაცხადა ივანიშვილმა.

„ქრისტიან დემოკრატები" პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნის ფაქტებზე საუბრობენ

„ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის თამაზ ბაკურიძის განცხადებით, პროფესიული კოლეჯის თანამშრომლის თამარ კაიკაციშვილის სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი მისი ოჯახის წევრების განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები იყო. ეს ინფორმაცია თამაზ ბაკურიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა. მისი თქმით, 2012 წლის 19 ივნისს ამ კოლეჯის დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა მორიგი უკანონო მითითება შეასრულა და არასაიმედოობის მოტივით თანამდებობიდან მისი მოადგილე, თამარ კაიკაციშვილი დაითხოვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რამდენიმე თანამშრომლის გაშვება კოლეჯის შინაგანაწესის დარღვევის და სასწავლო პროცესში ჩავარდნების მოტივით კვლავაც იგეგმება. თამაზ ბაკურიძემ განათლების სამინისტროს დაწყებული დათხოვნების შეჩერებისკენ, ხოლო უწყებათაშორის კომისიას ასეთი ქმედებებისთვის დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს გაზეთები და მოსაწვევები დაუხია და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა

"ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს, რომლებიც ქუჩაში გაზეთებსა და მოსაწვევებს არიგებდნენ, თავს დაესხა ნაცმოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი ნაჭყებია, გაზეთები და მოსაწვევები დაუხია და გოგონებს აგინა". "ქართული ოცნების" აქტივისტებმა პროვოკატორს თავი აარიდეს და გზა განაგრძეს. მათ აედევნა შავი ფერის ჯიპი "ტოიოტა პრადო" სახელმწიფო ნომრით CJC-251, რომელიც ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს. მანქანებში მსხდომებმა, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც იქაურობას გაეცალნენ".
ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის ეკა ბესელიას განცხაადებით, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით კოალიციამ უკვე მიმართა შესაბამის ორგანოებს. მისივე თქმით, სამართალდამცავებს არ უნდა გაუჭირდეთ დამნაშავის იდენტიფიცირება, რადგან “ქართული ოცნების"აქტივისტებმა ამ უკანასკნელის ავტომანქანის ნომრის ჩაწერა მოასწრეს".

"მსგავსი ქმედებებით, "ნაციონალური მოძრაობა" თვითონ მოდის წინააღმდეგობაში მათ მიერ ინიცირებულ 4 პუნქტიან გეგმასთან წინასაარჩევნოდ ეთიკის დაცვის შესახებ," _ ნათქვამია კოალიცია “ქართული ოცნების" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია "ქართულ ოცნებას" მცდარი ინფორმაციების გავრცელებაში ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა ლია კილაძემ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ სოფელ ნატანებში "ქართული ოცნების" სახელით ხელმოწერების შეგროვების შესახებ კატეგორიულად უარყო და „ქართული ოცნება“ მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, ქალბატონი მზია ბოლქვაძე არასდროს ყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" არათუ აქტივისტი, არამედ მხარდამჭერიც კი. ის ხელმოწერებს პოლიტიკური გაერთიანება ,,გამარჯვებული საქართველოსთვის” აგროვებდა, რომ ამ უკანასკნელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ჰქონოდა. მან ასევე უარყო პატიმრების გათავისუფლების მოტივით ხელმოწერების შეგროვების ფაქტი და განმარტა, რომ ,,ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში დასახელებული ნატანებელი პიროვნება – ხათუნა გოგუაძე _ არა თუ პარტიაში, არამედ ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებშიც კი არ მოიაზრება. ლია კილაძემ „ქართულ ოცნებას“ მსგავსი ტიპის განცხადებების ტირაჟირებისას მეტი პასუხისმგებლობის და კვალიფიციურობის გამოჩენისკენ მოუწოდა

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ბიუროს პრესსამსახურის განცხადებით, სოფელ ნატანების მკვიდრი, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი, ხათუნა გოგუაძე ადგილობრივ მოსახლეობას ხელს ცარიელ ფურცლებზე აწერინებდა და პირადობის მოწმობის ნომრებსაც ითხოვდა.

"ქართული ოცნება" ხელისუფლების მხრიდან ლონდონის ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს

"ქართული ოცნება" სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლონდონის ოლიმპიადაში მონაწილე ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანზე ზეწოლასა და უყურადღებობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ 2 აგვისტოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ,სპორტსმენებს ნაციონალების და ,,ქართული ოცნების' მომხრეებად ჰყოფს და მას არც სპორტის განვითარება აინტერესებს, არც ოლიმპიური მედალი და არც საქართველოს წარმატება"

როგორც პრესპიკერმა გვაცნობა შუკვანი ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლის მიძღვნას „ქართული ოცნებისთვის“ აპირებდა. ოპოზიციური პარტიის ასეთი მხარდაჭერის გამო ჯერ კიდევ თვითმფრინავში გია უდესიანმა სპორტსმენს საკუთარი სიმპატიების გამოხატვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და ურჩია, ახლოსაც არ გაჰკარებოდა ,,ქართულ ოცნებას" . რჩევები და მოწოდებები უცენზურო სიტყვების თანხლებით ისმოდა. მინისტრის მოადგილის მხრიდან სპორტსმენზე ასეთის სახის ზეწოლა მომდევნო დღეებშიც გრძელდებოდა. ყველაფრის მიუხედავად, შუკვანმა პირველი შეჯიბრება მოიგო, ხოლო მეორე შეჯიბრებისას შეხვედრის დასრულებამდე ათი წამით ადრე, თითიდან სისხლი წამოუვიდა, წესით, მსაჯს შეჯიბრი უნდა შეეწყვიტა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. შუკვანმა მსაჯების უკანონო გადაწყვეტილებაზე რეაგირება საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს უშედეგოდ სთხოვა. მოგვიანებით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გია უდესიანი 10 კაცთან ერთად ითხოვდა ითხოვდა სპორტსმენთან შეხვედრას. შუკვანმა გართულებებს თავი აარიდა, ფანჯრიდან გადახტა და საქართველოში ხორვატი მეგობრის დახმარებით დაბრუნდა.

ფანჯიკიძის თქმით, ბეთქილ შუკვანის ასპარეზობა ქართულ ტელევიზიებს არც კი გადმოუციათ . ყველა სხვა ქართველი მონაწილის შეჯიბრი კი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშები დაყადაღებულია

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარემ თეონა აქუბარდიამ ვერ მიიღო პასუხი დაყადაღების მიზეზების შესახებ .

მისივე თქმით, უნივერსიტეტის დამფუძნებლები არიან ვახტანგ ხმალაძე და გია ხუხაშვილი, რომლებაც დატოვეს უკვე საბჭო. ინტიტუტის ანგარიშზე ბიძინა ივანიშვილმა, ოქტომბრის თვეში, შემოწირულობა განახორციელა.

ამავე ინსტიტუტმა რამდენიმე თვის უკან ჩაატარა ერთადერთი სოციოლოგიური კვლევა, რომელიც ქართულმა ოცნებამ აღიარა. ამ კვლევების მიხედვით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 35% მოაგროვა, ხოლო კოალიცია "ქართული ოცნება" კი 31%.

იმავე დროს გამოქვეყნებული NDI-ის კვლევების მიხედვით კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ" - 47% მოიპოვა და კოალიცია "ქართული ოცნებამ" კი 10%. საინტერესოა, რომ ორგანიზაციის დამბფუძნებელი გია ხუხაშვილი კატეგორიულად უარყოფდა კვლევების ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებას. თავად ხუხაშვილი და ორგანიზაციის კიდევ ერთი დამფუძნებელი (ამჟამად „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი) ვახტანგ ხმალაძე საერთაშორისო ორგანიზაციების NDI-ისა და IRI-ის მიერ ჩატარებულ სოცილოგიურ კვლევებსა და პოლიტიკურ რეიტინგებს აკრიტიკებდნენ და არასანდოდ მიიჩნევდნენ.


ცესკო-ში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიათა რეგისტრაცია დასრულდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიათა რეგისტრაცია 5 აგვისტოს 18.00 სთ-ზე დასრულდა. საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაცია 40-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა გაიარა, 19 კი ოფიციალურად დარეგისტრირდა. ეს პარტიებია: "ახალი მემარჯვენეები" , "მერაბ კოსტავას საზოგადოება", "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", ,,კახა კუკავა -თავისუფალი საქართველო", საქართველოს კონსერვატიული პარტია, ,,საქართველოს ევროპელი დემოკრატები", ,,ქართული დასი" ,,საქართველოს მწვანეთა პარტია", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", ,,ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები", "ეროვნული ფორუმი" ავთანდილ დავითაძე, ,,შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია", ,,საქართველოს რესპუბლიკური პარტია", ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", ,,სახალხო მოძრაობა" , ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს", ,,ტრადიციონალისტები" , ,,სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა".

პარტიებმა კანდიდატურები და პარტიული სიები 1-ელ სექტემბრამდე უნდა წარადგინონ

"საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, პარტიული სია ცეესკოს თავმჯდომარეს პარტიის ან საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის შემდეგ არა უგვიანეს 30 დღის ვადაში უნდა წარედგინოს. ვინაიდან საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს დაინიშნა, შესაბამისად, კანდიდატურები და პარტიული სიები პარტიებმა ცესკო-ს 1-ელ სექტემბრამდე უნდა წარუდგინონ.

ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო ქცევის წესებზე ხელმოწერისგან თავის შეკავების მიზეზები ახსნა

ქართულმა ოცნებამ საარჩევნო ქცევის წესების დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავის შეკავების მიზეზებზე ისაუბრა. "ეს იყო არასამთავრობოების, კერძოდ "ეს შენ გეხება"-ს ინიციატივა, რომელიც მიიტაცა მმართველმა პარტიამ და წარმოადგინა, როგორც საკუთარი იდეა. ნაციონალურმა პარტიამ არავის და არაფერს უგდო ყური და გამოაქვეყნა ჯერ 4-პუნქტიანი დოკუმენტი, შემდეგ კი მას არასამთავრობოების 17 პუნქტიც მიამატა, არადა პირიქით უნდა მომხდარიყო ", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ .

"ქართულ ოცნებაში" წინასაარჩევნო დეკლარაციას არასრულფასოვან დოკუმენტად თვლიან, რადგან მასში ის პრინციპები აისახა, რასაც ისედაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი და საარჩევნო კანონმდებლობა. - "არ შეიძლება მმართველი პარტია ამბობდეს, არ გამოვიყენებთ ადმინისტრაციულ რესურსსო და ამაზე ხელს აწერინებდეს ისეთ პარტიებს, რომლებსაც ადმინისტრაციული რესურსი ისედაც არა გააჩნიათ. არ შეიძლება შეთანხმება დაიდოს იმ პრინციპებზე, რაც ისედაც ასახულია სისხლის სამართლის კოდექსში და საარჩევნო კანონმდებლობაში", _ აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

მმართველი პარტია კი ამ ფაქტის გამო წუხილს გამოთქვამს და საკუთარ ვებგვერდზე განხადებას ავრცელებს: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოდგენილი რეკლამით კიდევ ერთხელ ვთხოვთ და მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", შემოუერთდეს ერთობლივ დეკლარაციაში ჩამოყალიბებულ პრინციპებს ყოველგვარი წინაპირობების, შესწორებებისა და დამატებების გარეშე. სხვა შემთხვევაში ჩნდება ლეგიტიმური მოსაზრება, რომ "ქართულ ოცნებას" არ სურს, მონაწილეობა მიიღოს კონკურენტულ და სამართლიან არჩევნებში, რომელიც აღიარებული იქნება საარჩევნო ადმინისტრაციისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან", _ ნათქვამია განცხადებაში.

სხვადასხვა

2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, ცესკოში ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომლის მიზანია დაინტერესებული პირებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით, ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის დროულად მიწოდება. ცხელი ხაზისთვის შეირჩა სულ 22 ოპერატორი, მათ შორის არიან, იურისტები, ფსიქოლოგები და ოპერატორები, რომლებიც საუბრობენ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ცხელი ხაზი დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე. იმუშავებს.

"ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის ფოთის სამმართველოს ფოთის მაცხოვრებლად დარეგისტრირების მოთხოვნით მიმართა. - "ყველა ქალაქის მოსახლეს უნდა, რომ მაჟორიტარად ადგილობრივი წარმომადგენელი ჰყავდეს, მე ეს სურვილი ფოთელებს ავუსრულე. უკვე რამდენიმე დღეა აქ ვიმყოფები, მოსახლეობისგან ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობ და ეს ძალიან მახარებს. გუშინ მივიღე გადაწყვეტილება, დღეს ყველა საჭირო პროცედურა გავიარე და დავრეგისტრირდი ფოთში, რათა გავხდე ფოთელი და ვიყო ერთ-ერთ მათგანი," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ხუცუბნის სოფლის რწმუნებულმა და ამავდროულად ხუცუბნის თემის ტერიტორიული ორგანოს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელმა ანზორ დუმბაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დატოვა და „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდა.

კოალიცია "ქართული ოცნება" სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მეორე ეტაპს იწყებს. მისივე განცხადებით, კოალიცია სპეციალურად შემუშავებული კითხვარის საშუალებით აღწერს მიყენებული ზარალის რაოდენობას.

1 აგვისტოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ხელმძღვანელისგან ამომრჩეველთა ერთიანი სია მიიღო. სიის ელექტრონული ვერსია ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს მამუკა კაციტაძემ გადასცა. ერთიან სიაში ამომრჩეველთა მონაცემები პირველი აგვისტოს მდგომარეობით არის ასახული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ორგანიზებით ქ.გურჯაანში, დიდების მემორიალზე, კახეთის მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას ჩატარებული ღონისძიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

არასამთავრობო და საერთაშორისო სექტორის აქტივობები

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები“ საქართველოს 69 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმარველობების საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო პროცედურების დაცვაზე ტრენინგებს ჩაუტარებს . პროექტს მხარდაჭერას უცხადებს უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისია და ცენტრალური საარჩევნო კომისია. „სამართლიანი არჩევნები“ იმედოვნებს, რომ ფართომასშტაბიანი ტრენინგები, რომლებშიც მონაწილეობას გამგეობისა და საკრებულოს აპარატებსა და ქვესამსახურებში, ტერიტორიულ ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეები მიიღებენ, ხელს შეუწყობს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარებას.

თბილისი (BPI) – წინასაარჩევნო პერიოდსა და 1 ოქტომბრის არჩევნებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები დააკვირდებიან. იმ არასამთავრობოებმა, რომელთაც არჩევნებზე დაკვირვება სურთ, ცესკო-ს უნდა მიმართონ და თავიანთი წესდება წარადგინონ. მათ რეგისტრაცია არჩვენებამდე 10 დღით ადრე უნდა გაიარონ. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები განაცხადის შეტანას ვადაზე ადრე აპირებენ. არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის მიღების სურვილი უკვე გამოთქვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"; "სამართლიანი არჩევნები"; "ახალი თაობა- ახალი ინიციატივა" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია". არჩევნებზე ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ცენტრალურ ოფისთან ერთად 5 რეგიონალური ოფისი იმუშავებს და მათ 1000 დამკვირვებელი 73 ოლქში ეყოლებათ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" თავის სადამკვირვებლო მისიაში 300 ადამიანი ეყოლება, მათ შორის ქართველი და უცხოელი დამკვირვებლები იქნებიან. არჩევნებს 200-კაციანი სადამკვირვებლო ჯგუფით დააკვირდება ,,საია”.

შეხვედრები ამომრჩევლებთან

„ნაციონალური მოძრაობა“

სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მშენებლობაზე 50–მდე სტუდენტი მოხვდა. დავით ბაქრაძემ დასაქმებულ სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მთავრობის ერთ –ერთ უმთავრეს პრიორიტეტს დასაქმება და სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს.

საქართველოს პრეზიდენტმა მთიანი აჭარის სოფელი ბეშუმი იმოინახულა, სადაც რეგიონებიდან ჩასული ადამიანები ადგილობრივებთან ერთად, ტრადიციულ დღესასწაულს "შუამთობას" აღნიშნავენ. მიხეილ სააკაშვილმა კურორტზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართაა და საქართველოს სამთო კურორტების მნიშვნელობასა და მათ პოტენციალზე ისაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რაჭის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სოფელ ხიხამთის სათიბებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ახალი სამთავრობო პროგრამის, „მეტი სარგებელი ხალხს" ფარგლებში, საქართველოში მეცხოველეობის დარგის განვითარებაზე და ამ პროცესში ხიხამთის მსგავს ალპურ სათიბებზე, თანამედროვე ტექნიკით თივის მოპოვებისა და დამზადების მნიშვნელობაზე. საუბრის დროს ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ რაჭის რეგიონში მეცხოველეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგია და ამიტომ მას განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ძლიერი გლეხი ნიშნავს ძლიერ საქართველოს.

დასაქმების მინისტრი პაატა ტრაპაიძე გასულ ორშაბათს მშობლიურ სურებს ესტუმრა და მოსახლეობას, მთავრობის მიერ გაკეთებულ და გასაკეთებელ საქმეებზე ვრცლად ესაუბრა. ტრაპაიძემ მისი წარმომავლობაც გაიხსენა და სურებლებს კარგი მომავლის პირობაც მისცა.

"ქრისტიან-დემოკრატები"

"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერებმა, მორიგი მასშტაბური შეხვედრა ამომრჩევლებთან გორში გამართეს. შეკრებილი საზოგადოების წინაშე სიტყვით გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია, გიორგი ახვლედიანი და მაგდა ანიკაშვილი გამოვიდნენ. მოძრაობის ლიდერებმა გორელებს "ქრისტიან-დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს: "ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის! ბავშვებს განათლება, მშობლებს დასაქმება, ხოლო პენსიონერებს დაფასება!" მოძრაობის ლიდერებმა თავის გამოსვლებში ყურადღება პარტიის წინასაარჩევნო პრიორიტეტებზე გაამახვილეს და მოსახლეობას როგორც განათლებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამები, ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "ქრისტიან-დემოკრატების" ხედვები გააცნეს.

"ჩვენ ვპირდებით გორელებს, რომ ჩვენი, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მოგვარდება ყველა ის პრობლემა რომელიც მოსახლობას აწუხებს - იქნება ეს სოფლის მეურნეობის დარგის სუბსიდირება, ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების მიღება, დასაქმება მშობლებისთვის, თუ დაფასება და პატივისცემა პენსიონერებისთვის",- განაცხადა გიორგი თარგამაძემ. შეხვედრა გორის კულტურის სახლში გაიმართა, რომელსაც შიდა ქართლიდან ჩამოსული მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

„თავისუფალი საქართველო“

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა თერჯოლის რაიონს ესტუმრა და მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. ალისუბანის შემდეგ, კუკავა სოფელ ჩხარის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთნ შეხვედრისას კუკავამ ყურადღება პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაზე გაამახვილა. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პრობლემებს და აგრალური სექტორის განვითარებაზე „თავისუფალი საქართველოს“ ხედვებს. კუკავამ მოსახლეობასთან შეხვედრისას სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზეც ისაუბრა.

კუკავამ ქართული ეკონომიკისთვის რუსეთის ბაზრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას მისი დაბრუნების პერსპექტივები გააცნო. კახა კუკავას თქმით, „თავისუფალი საქართველო“ რუსული ბაზრის საკითხს, წელიწადზე მეტია ლობირებს.

„ახალი მემარჯვენეები“

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია მარტვილის რაიონის სოფელ კურზუში იმყოფებოდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მოსახლეობასთან შეხვედრას პოლიტიკური დატვირთვა ნაკლებად ჰქონდა. შეხვედრის მიზანი იყო ნაჭყებიების საგვარეულო დღესასწაულზე, ქეჯვარობაზე დასწრება. მაგრამ, როგორც მანანა ნაჭყებიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ის პოლიტიკურ დატვირთვას მაინც ვერ ასცდა.

მანანა ნაჭყებია და საპარლამენტო არჩევნებში „ახალი მემარჯვენეების“ გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო ივანაური გარდაბნის რაიონის სოფელ მუხროვანის მოსახლეობას შეხვდნენ. სოფელს არ აქვს წყალი, გაზი, გზა, ბაღი, სკოლა ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ მშობლებს ურჩევნიათ, ბავშვები რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სოფელში ატარონ", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ მანანა ნაჭყებიამ. მისივე თქმით, პარტიის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სოფელი და სოფლის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაა. "ახალი მემარჯვენეების" მიერ პარლამენტში შეტანილი პირველივე კანონპროექტი სწორედ სოფლის შესახებ კანონი იქნება, რომელიც საკანონმდებლო დონეზე მოაგვარებს სოფლების წინაშე მდგარ პრობლემებს", - განაცხადა ნაჭყებიამ.

„ქართული ოცნება“

„ქართული ოცნების“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ორხეველებს კოალიციის პროგრამა გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა, შემდეგ კი ადგილობრივთა უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი ბინები დაათვალიერა და მათი პრობლემების გადაჭრის პირობა დადო.

"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ბეშუმში იქ შეკრებილი აჭარლებისთვის სახალხო დღესასწაულის შუამთობის მისალოცად ჩავიდა. კოალიციის ლიდერსა და მის მხარდამჭერებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გზა გადაუღობეს და შეკრებილ მოსახლეობასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს. ინციდენტს თვალს ადევნებდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები, რომლებიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უკან დაჰყვებოდნენ. დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, ბიძინა ივანიშვილმა ბეშუმი დატოვა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31