თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები (2014 წლის 5 მაისი)


საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას და ამ მიზნით საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციასა და დარღვევებზე რეაგირებას, მიესალმება „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის 2014 წლის 2 მაისის ანგარიშსა და მხედველობაში იღებს რა მათ მოსაზრებებს, რეკომენდაციით მიმართავს
1. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს:
შიდაპარტიული დისციპლინის განმტკიცებისა და საარჩევნო კანონმდებლობის
დარღვევის პრევენციის მიზნით, წევრებისა და საარჩევნო კამპანიაში მონაწილე ყველა
პირისათვის შეიმუშაონ, გამოაქვეყნონ და დაიცვან პარტიის ქცევის კოდექსი, რომელშიც განსაზღვრული იქნება წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისას სავალდებულო ქცევის წესები; ასევე, უზრუნველყონ ქცევის კოდექსით (წესებით) გათვალისწინებული დებულებების მათი თითოეული წევრისათვის (აქტივისტისათვის) გაცნობა და ამ დებულებებით გათვალისწინებული წესების შესრულების მონიტორინგი.
2. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს:
ა) წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების განხორციელებისაგან, მათ შორის, ხელმძღვანელი პირების (გამგებლების, საკრებულოს თავმჯდომარეების) თანამდებობიდან გადაყენებისაგან, მათ შორის, იმპიჩმენტის წესით, რათა ეს არ იქნეს პირთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებისა და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობად აღქმული;
ბ) წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო- საატესტაციო პროცედურებისაგან, რათა გამოირიცხოს პოლიტიკურ ნიადაგზე მათი სამსახურიდან გათავისუფლების, თუნდაც, აღქმის საფრთხე, ხოლო იმ თვითმმართველმა ერთეულებმა, სადაც ატესტაცია შეიძლება უკვე იყოს დაწყებული, კენჭისყრის დღემდე შეაჩერონ მიმდინარე პროცესები.
ბეჭდვა