ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები (2014 წლის 11 აპრილი )

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის აცხადებს, რომ აკისრია პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას,
მნიშვნელოვან ინსტიტუციურ მექანიზმებად თვლის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მის მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს,
ითვალისწინებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს კანონმდებლობაში მოცემული დებულებები შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს აგიტაციისა და აგიტაციაში მონაწილეობის ცნებების განმარტებისათვის,
და გამოსცემს შემდეგ რეკომენდაციებს:
1. საჯარო მოხელეებს, პოლიტიკურ პარტიებს, მათ წევრებსა და აქტივისტებს:
წინასაარჩევნო აგიტაციად უნდა ჩაითვალოს წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა, წინასაარჩევნო ღონისძიებისას საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ მიმართული, ამომრჩეველთა აზრის ფორმირების მიზნით განხორციელებული ქმედება (სიტყვით მიმართვა, ტაში, სტვენა, ზეპირი ან წერილობითი მოწოდება), მსვლელობა, მაისურის ან სხვა ატრიბუტის ტარება შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის მხარდამჭერი გამოსახულებით, სოციალურ ქსელებში აგიტაცია ან კონტრაგიტაცია.
2. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს: უზრუნველყონ შიდაპარტიული დისციპლინა და კანონმორჩილება და მოუწოდონ თავიანთ წევრებსა და აქტივისტებს, თავი შეიკავონ სხვა პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო ღონისძიებების ორგანიზებასა და წარმართვაში ხელის შეშლისგან. ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, გამოხატოს პროტესტი ან/და უკმაყოფილება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის თუ პოლიტიკოსის მიმართ, მაგრამ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უნდა თავსდებოდეს კანონის ფარგლებში, პროტესტის ფორმა არ უნდა არღვევდეს საზოგადოებრივ წესრიგს და მან ხელი არ უნდა შეუშალოს პოლიტიკური პარტიის/პოლიტიკოსის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას.
პოლიტიკურმა პარტიებმა გასცენ მკაფიო მითითება, რომ მათმა აქტივისტებმა თავი შეიკავონ კონკურენტი კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისაგან კონტრაგიტაციის თუ სიტყვით გამოსვლის მიზნით, რათა გამოირიცხოს პოლიტიკურ ნიადაგზე თუნდაც სიტყვიერი დაპირისპირება, და კანდიდატებმა შეფერხების გარეშე შეძლონ ამომრჩეველთან კონტაქტი.
პოლიტიკურმა პარტიებმა, აგრეთვე, გასცენ მკაფიო მითითება იმის შესახებ, რომ მათ აქტივისტებს/წარმომადგენლებს კატეგორიულად ეკრძალებათ კონკურენტი ან მათთვის მიუღებელი პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანება ან განთავსებაში ხელის შეშლა.
3. სამინისტროებს:
საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით მინისტრის ბრძანების რანგში აიყვანონ ყველა ის განმარტება (ინსტრუქცია), რაც მათ მიერ შემუშავებულ იქნა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში სამინისტროს სისტემის ფარგლებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისათვის; ხოლო იმ სამინისტროებმა, რომლებმაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში შემუშავებული განმარტებები (ინსტრუქციები) მინისტრის ბრძანებით დაამტკიცეს, უზრუნველყონ არსებული ბრძანებებით გათვალისწინებული დებულებების მათი სისტემის ფარგლებში დასაქმებული თითოეული საჯარო მოსამსახურისათვის შეხსენება.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა მოსამსახურე ვალდებულია, მკაცრად დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი − არ მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოებულ აგიტაციასა და კამპანიაში, დაიცვას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 12 სექტემბრის №713 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით დადგენილი სხვა მოთხოვნები. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის მიერ ორგანიზებული აგიტაციისა და კამპანიის (შეკრების) დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული მოსამსახურე ვალდებულია:
− ეცვას დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელი;
− იმ შემთხვევაში, თუ სააგიტაციო კამპანია (შეკრება) იმართება შენობის გარეთ, არ მიუახლოვდეს ამგვარი შეკრების მონაწილეებს 5 მეტრის მანძილზე (გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა) და არ დაუშვას შეკრების მონაწილეებთან დაპირისპირებული ძალის მიახლოვება;
− იმ შემთხვევაში, თუ სააგიტაციო კამპანია (შეკრება) იმართება შენობაში ან სხვა დახურულ სივრცეში, დაიცვას შენობის მხოლოდ გარე პერიმეტრი და არ დაუშვას შენობაში დაპირისპირებული ძალის შესვლა. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს კატეგორიულად ეკრძალება ამგვარ შენობაში შესვლა, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.
5. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს:
მათ სტრუქტურებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისთვის გამოსცენ დეტალური და მკაფიო განმარტებები იმასთან დაკავშირებით, თუ რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ მათ წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე/გამოქვეყნებამდე, რა სანქციებია დაწესებული კანონის მოთხოვნების დარღვევებზე და როგორ არის დაცული მათი არჩევანის თავისუფლება და ფარულობა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა სახელმძღვანელო პრინციპებად მიიღონ თანდართული განმარტებები; თავის მხრივ, განავრცონ და ჩამოაყალიბონ კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულში არსებული რეალობის შესაბამისად და უმოკლეს ვადაში მიაწოდონ ისინი ადგილობრივ საჯარო მოხელეებს.
ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეთხოვოთ განმარტებებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებასთან თუ დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაციის უწყებათაშორისი კომისიისათვის პერიოდული მოწოდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეთხოვოს თვითმმართველი ერთეულებისათვის ინფორმაციის კიდევ ერთხელ მიწოდება და მათთან განმარტებითი სამუშაოს წარმოება აღნიშნული რეკომენდაციის შესრულების მიზნით.
დანართი №1
არჩევნები 2014
განმარტებები
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისათვის:
 „საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით, რომელიც ქვეყნის უზენაესი კანონია, საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება.
 ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს, წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. თუმცა, აკრძალულია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობისას სხვა ადამიანების უფლებების ხელყოფა, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტის ამომრჩეველთან შეხვედრის ხელშეშლა, ჩაშლა, განსხვავებული აზრის მქონე პირებთან დაპირისპირება, მათი შეურაცხყოფა, ძალადობა ან ამგვარის მცდელობა.
 ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს, მათ შორის, გამგებელს, საკრებულოს წევრებსა და თავმჯდომარეს, წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ეკრძალებათ ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე არსებული ნებისმიერი ქონების გამოყენება.
 ასევე, მათ ეკრძალებათ სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა წინასაარჩევნო პროცესებში.
 არჩევნების ჩატარებამდე 60 დღით ადრე არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, ასევე,აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობის გაზრდა.
 ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ჩაითვლება, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სოციალური რეკლამის, სააგიტაციო მასალის, ვიდეო- ან აუდიომასალის დამზადება, ვებგვერდის ან მისი ნაწილის შექმნა, რომელშიც/რომელზეც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი/პოლიტიკური პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო ინფორმაციას.
 დაუშვებელია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული აკრძალვა ვრცელდება ყველა საჯარო მოხელეზე, განურჩევლად თანამდებობისა. მსგავსი ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად.
 ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს სამუშაო საათების განმავლობაში ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების დროს ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ადგილობრივი ხელისუფლების იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით ითვლებიან პოლიტიკური თანამდებობის პირებად. ესენი არიან: წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს წევრები; საკრებულოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი (მერი/გამგებელი).
 ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები – საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი/მერი, ასევე, მათი მოადგილეები არ შეიძლება დაინიშნონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად.
 საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე აკრძალულია ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31