ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
"ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტიის" საარჩევნო პროგრამა
"ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტიის" საარჩევნო პროგრამა
გორი იმსახურებს მეტ ყურადღებას


მეტი სამუშაო ადგილი გორელებისთვის


მე მშვენივრად მესმის, რომ როგორც მთელ ქვეყანაში, ასევე განსაკუთრებით გორში, უმთავრეს პრობლემას დასაქმების პრობლემა წარმოადგენს. შიდა ქართლის ეკონომიკა ძალიან მწირი და რთული პერსპექტივის გახდა განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდგომ და ამაში ლომის წვლილი ხელისუფლებას (როგორც წინას, ასევე არსებულს) მიუძღვის. გორის ეკონომიკაში მეტი წილი სოფლის მეურნეობას და ვაჭრობას აქვს, ვიდრე მრეწველობას. ეს უკანასკნელიც მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი რამდენიმე გაუმართავი საწარმოთი შემოიფარგლება. წინა ხელისუფლების დროს, რამდენიმე საწარმო სპეციალურად ლტოლვილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში გაიხსნა, მაგრამ არა გორში. ჩვენს ქალაქს არც ამ კუთხით ერგო პატივი. წინა ხელისუფლება არათუ ფიქრობდა სოფლის მეურნეობაში სუბსიდიების გაცემაზე, არამედ არცერთი სოფლის მეურნეობის პროგრამა არ წამოუწყია არა მარტო გორის, არამედ შიდა ქართლის მასშტაბით. არც “ქართული ოცნება” ჩამორჩა “ნაციონალურ მოძრაობას” ამ კუთხით და ქვეყანაში გამოცხადებული და “აგუგუნებული” 100 საწარმოდან არცერთი გორში არ ამუშავებულა. არაფერს აღარ ვამბობ ახალი ხელისუფლების მხრიდან იმ აშკარა უყურადღებობასა და დისკრიმინაციაზე, რაც გორმა და შიდა ქართლმა განიცადა სხვა რეგიონებთან შედარებით, სოფლის მეურნეობაში გაცემული სუბსიდიების კუთხით. 100- მილიონი ლარის სუბსიდია გაიცა კახეთში რთველის დროს, 50- მილიონი ლარის სუბსიდია აჭარაში ციტრუსის მოსავალზე (მათ შორის, ვაშლის მოსავალზე აჭარის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოყო თანხები), ხოლო გორმა და შიდა ქართლმა, მიუხედავად მისი პოტენციალისა სოფლის მეურნეობაში და გადამამუშავებელ მრეწველობაში, ზუსტად 0-ი თეთრი მიიღო მთავრობისგან, დახმარების სახით. “ქართული ოცნების” მხრიდან ამას დაემატა არანაკლები უყურადღებობა გორის მიმართ, როდესაც რუსეთის ბაზრის გახსნის დროს ღვინის თუ ციტურის ექსპორტს განსაკუთრებული ხელშეწყობა გამოუცხადეს, ხოლო ხილის თუ სხვა პროდუქციის შესახებ სიტყვაც არ დაძრეს.
2012 წელს გორის ბიუჯეტი 42–მილიონ ლარს შეადგენდა მიზნობრივი ტრანსფერების ჩათვლით. 2013 წელს ეს ციფრი 33-მილიონამდე დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” გორს ცენტრალური ბიუჯეტიდან 9- მილიონით შეუმცირა დაფინანსება, განსხვავებით თბილისისგან, რომელსაც განსაკუთრებული საგადასახადო პრივილეგიები აქვს, ან განსხვავებით სხვა ქალაქებისგან, სადაც არაერთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. დასკვნა მარტივია, გორის მიმართ ყურადღება 0-ი. ძალიან ვეჭვობ, ვინმე ჯირკველიშვილმა ცენტრალურ ხელისუფლებას ეს დამოკიდებულება შეაცვლევინოს.
გორის მერის თუ ადგილობრივი ხელისუფლების ძალებს აღემატება საწარმოების გახსნა და სამუშაო ადგილების შექმნა, გასაკუთრებით იმ მცირე ბიუჯეტის პირობებში, რომელიც გორს დარჩება, მაგრამ მე ვაპირებ, ამ საკითხში ცენტრალურ ხელისუფლებას ჩვენი ქალაქის მიმართ გამოჩენილი უყურადღებობა შევაცვლევინო. მე ვაპირებ, ვიბრძოლო გორისათვის მეტი ყურადღების, დამატებითი დაფინანსების, დამატებითი ტრანსფერების, საგადასახადო პრეფერენციების მოსაპოვებლად. დამერწმუნეთ, ამ საქმეში და არამარტო ამ საქმეში, ვინმე ჯირკველიშვილზე მეტი გამოცდილება ნამდვილად მაქვს, რომელსაც ენაც ვერ მოუბრუნდება ღარიბაშვილს, ან მთავრობის სხვა წევრს, შეჰბედოს გორის პრობლემებზე საუბარი, რადგან იგი იქნება მხოლოდ მისი პატრონების დაკვეთის შემსრულებელი.
იმისთვის, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევა და მონაწილეობაც თვალსაჩინო გახდეს სამუშაო ადგილების შექმნაში და მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლებისკენ არ გვიწევდეს ხელის გაშვერა, ჩვენ ვაპირებთ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოვყოთ 500 000 ლარი უპროცენტო სესხების გასაცემად კონკრეტული სამეწარმეო პროექტებისთვის, რომლებიც მინიმუმ 5-ი სამუშაო ადგილის შექმნას მაინც შეძლებენ თითო პროექტით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვაიძულოთ ცენტრალური ხელისუფლება გამოყოს სუბსიდიები ვაშლზე, როგორც ეს ხდება ყურძენთან და ციტრუსთან მიმართებაში. თუ ხელისუფლება ასეთ სუბსიდიებს არ გამოყოფს, ჩვენ მოვნახავთ ადგილობრივ ბიუჯეტში საკმარის თანხებს და 2015 წლის 1-ი იანვრიდან დავიწყებთ 3 –თეთრიან სუბსიდიას, მინიმუმ 20-25 ათასი ტონა მეორეხარისხოვანი ვაშლის მოსავლის ჩაბარებისათვის. ეს თანხა, ჯამურად, მაქსიმუმ 750 000 ლარს შეადგენს, ანუ ზუსტად იმდენს, რამდენი პრემიაც გაიცა 2013 წელს გორის გამგეობისა და საკრებუ-ლოს თანამშრომლებზე, გამგებლისა და საკრებულოს თავჯდომარის ჩათვლით.


დახმარება ყველა მრავალშვილიან ოჯახს

ჩვენი ქვეყნის მუდმივ და ყველაზე მწვავე პრობლემას წარმოადგენს დემოგრაფიული პრობლემა, დაბალი შობადობა და ემიგრაციის კატასტროფული დონე. ყოველწლიურად საქართველოს რამდენიმე ათეულობით ათასი ადამიანი ტოვებს. მხოლოდ გასულ წელს, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველო 95 000 ქართველმა დატოვა და სხვა ქვეყანაში მუდმივად საცხოვრებლად თუ სამუშაოდ გაემგზავრა. როგორც გამოცდილება აჩვენებს, ემიგრანტების დიდი ნაწილი უკან აღარ ბრუნდება. საბედნიეროდ, ჩემი ოჯახი იმ გამონაკლისს მიეკუთვნება, რომელიც დაბრუნდა. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ ემიგრაციის მაღალი დონე და დაბალი შობადობა არ არის პრობლემა. ყოველწლიურად ათეულობით ათასი უცხოელი შემოდის საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად. ისევ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2013 წელს 92 000 უცხოელი შემოვიდა საქართველოში და მოითხოვა მუდმივი ცხოვრების უფლება. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 92 000 შემოსული უცხოელი და 95 000 გასული ქართველი, ეს უკვე საგანგაშო ციფრებია. ჩვენ ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ არამარტო ადამიანების საქართველოში დამაგრებას და დასაქმებას, მათთვის აქ პერსპექტივის შექმნას, არამედ სტიმული უნდა მივცეთ ოჯახებს, რაც შეიძლება მეტი შვილი ჰყავდეთ. მე მრავალშვილიანი მამა ვარ და კარგად მესმის, რას ნიშნავს გყავდეს ბევრი შვილი. ოჯახების უმეტესობას ასეთი სურვილი აქვს, მაგრამ შესაძლებლობა – არა. შიდა ქართლის არცერთი სახელმწიფო უწყება, სამწუხაროდ, არანაირ ინფორმაციას არ ფლობს გორში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობის შესახებ. ჩვენ შევეცადეთ, ჩვენი ძალებით აღგვერიცხა ასეთი ოჯახები და მათი რაოდენობა გორში 400-სს არ აღემატება. ჩემი სურვილია, გორის ყველა მრავალშვილიან ოჯახს განსაკუთრებული დახმარება აღმოვუჩინოთ ქალაქის ბიუჯეტიდან, რათა სხვებსაც გაუჩნდეთ სტიმული იყოლიონ ბევრი შვილი. წელს “ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა ასეთი დახმარების პროგრამა სამეგრელო-სვანეთზე, რაჭა-ლეჩხუმსა და კახეთზე. აქაც არაფერი ქართლსა და გორზე. 2015 წლის 1–ი იანვრიდან გორში მცხოვრებ ყველა მრავალშვილიან ოჯახს, ვისაც ჰყავს ოთხი შვილი, გამოვუყოფთ ყოველწლიურ დახმარებას 1000-ი ლარის ოდენობით; ხუთშვილიან ოჯახებს 1500-ი ლარის ოდენობით; ხუთ შვილზე მეტის შემთხვევაში 2000-ი ლარის ოდენობით. ეს თანხა, ჯამურად, მაქსიმუმ 750 000 ლარს შეადგენს, ანუ ზუსტად იმდენს, რამდენი პრემიაც გაიცა 2013 წელს გორის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებზე, გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის ჩათვლით.


განათლება ჩვენი გადარჩენის ერთადერთი შანსი

100 ლარიანი დანამატი პედაგოგებს

ჩვენი ქვეყნის ხსნა და თავის დაღწევა ყველა იმ პრობლემებისგან, რამაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში დაისადგურა, განათლებასა და განათლებული თაობების აღზრდაშია. სამწუხაროდ, განათლების ხარისხი და დონე, უკანასკნელ დროს, საქართველოში ძალიან დაეცა. ამის მიზეზი არა კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობა, არამედ სწავლისადმი ნაკლები ინტერესი და იმ სტერეოტიპების შექმნაა, თითქოს, ცხოვრებაში განათლების გარეშეც შეიძლება წარმატების მიღწევა. ეს კი ტყუილია. ეს ყველაფერი მხოლოდ ოჯახში აღზრდით და ბავშვებისათვის პატარაობიდანვე შთაგონებით გამოსწორდება. სამწუხაროდ, დღეს ყალბი ფასეულობები სჭარბობს ჭეშმარიტს. ჩვენი შვილები კარგ ჩაცმაზე, ბოლო თაობის ტელეფონებზე, საზღვარგარეთ მოგზაურობასა და სხვა ამდაგვარ სიამოვნებაზე უფრო მეტად ოცნებობენ, ვიდრე სწავლაზე. ჩვენ მათ მთავარ რამეს არ ვასწავლით, ცხოვრებაში ყველაფერი სწავლით, კარგი განათლებით და შრომით მიიღწევა. 2014 წლის სექტემბრიდან, პედაგოგებთან შეჯერებით, გორის ყველა სკოლაში შემოვიღებთ წამახალისებელ პროგრამას, რომლის მიზანი იქნება, რაც შეიძლება მეტი დამატებითი წიგნი წაიკითხოს ბავშვმა (გარდა სასკოლო პროგრამებისა) და ამას მატერილური დაინტერესებითაც ვუზრუნველვყოფთ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ქალაქის მასშტაბით შემოვიღებთ იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიას ასი საუკეთესო ბავშვის გამოსავლენად, რასაც, ბუნებრივია, ოქროს მედლის ტოლფასი წახალისება ექნება. ბავშვი განათლების გარეშე იგივეა, რაც სახელმწიფო საზღვრების გარეშე. ასეთ სახელმწიფოს კი მომავალი არა აქვს.
2015 წლის 1–ი იანვრიდან, გორის ყველა სკოლის პედაგოგს, ხელფასზე, ყოველთვიურად დავუნიშნავთ 100-ი ლარის ოდენობის დანამატს. ეს თანხა (800 000 ლარი), ზუსტად იმდენია, რაც “ქართული ოცნების” ლიდერთა დასაქმებულ ნათესავებზე 2013 წელს, ხელფასის სახით გაიცა, გორის გამგეობის მიერ.


სოციალური დაცვა

საპენსიო დანამატი ყველა გორელ პენსიონერს


ჩემმა და ჩემმა შემდგომმა თაობებმა სათანადოდ ვერ ვისწავლეთ წინა თაობების დაფასება და ხშირად მათი ღვაწლის იგნორირებას ვახდენთ. ჩვენი პაპებისა და ბებიების თაობების მძიმე შრომის შედეგადაა საქართველოში უფრო ბევრი რამ შექმნილი, ვიდრე ჩვენ მიერ. დღეს საქართველოში საარსებო მინიმუმი 270-300 ლარს შეადგენს, თუმცა პენსიონერებს სახელმწიფო ამის ნახევრითაც ვერ უზრუნველყოფს. ჩვენი დათვლებით, სრულიად შესაძლებელია გორის ბიუჯეტიდან საპენსიო დანამატის გაცემა. არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ყველა გორელ პენსიონერს, საპენსიო დანამატის სახით, ძირითად პენსიაზე დაერიცხება:

2015 წლის 1 იანვრიდან 20 ლარი;
2016 წლის 1 იანვრიდან 35 ლარი;
2017 წლის 1 იანვრიდან 50 ლარი.


კულტურა

გორი ყოველთვის განთქმული იყო კულტურული ტრადიციებით. სამწუხაროდ, დღეისათვის კულტურული ღონისძიებები მხოლოდ თბილისიდან ჩამოსული სტუმრების დასახვედრად ორგანიზებული სანახაობებით, ან ადგილობრივი გუბერნატორ-გამგებლისათვის დადგმული წარმოდგენებით თუ შემოიფარგლება. გორის თეატრმა ჩაუყარა საარტისტო და თეატრის ისტორიას საძირკველი, თუმცა დღეისათვის გორის თეატრი, ან რომელიმე სხვა დასი თუ ანსამბლი, არაფრით გამოირჩევა საქართველოში. ყოველ წელს გორის ბიუჯეტი 500 000 ლარს ხარჯავს თეატრის შენახვაზე, თუმცა არავისთვის გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ არა მგონია გორის თეატრს, ბოლო დროს, რაიმე დასამახსოვრებელი სპექტაკლი დაედგას. 2013 წელს თეატრმა სულ რაღაც 4 პრემიერა გამართა, რომელიც არანაირი ლოგიკით იმ თანხის შესაბამისი არ არის, რასაც ამ საქმისათვის ადგილობრივი ბიუჯეტი გამოყოფს. ჩვენ მისაბაძს გავხდით გორის თეატრს მთელი საქართველოს თეატრალური საზოგადოებისათვის.


დევნილები-ჩვენი ტკივილი

მცირე დახმარება დევნილებს


დევნილებს ადგილობრივი ხელისუფლება არასდროს არ უწევდა სათანადო დახმარებას. ჩვენი სურვილია, დევნილებს შევუმსუბუქოთ ისედაც მძიმე ტვირთად დაწოლილი კომუნალური გადასახადები. 2014 წლის 1–ი დეკებრიდან, ამ მიზნით, ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ყველა დევნილ ოჯახს გამოვუყოფთ ოთხთვიან დახმარებას (დეკემბერი-მარტი) თვეში 25 ლარის ოდენობით, რომლებსაც მიიღებენ ვაუჩერების სახით და შეეძლებათ დაფარონ ნებისმიერი კომუნალური გადასახადი. ეს თანხა, ჯამურად, მაქსიმუმ 100 000 ლარს შეადგენს, რაც ბევრად ნაკლებია იმ თანხაზე, რასაც გორის გამგებელი და საკრებულოს თავჯდომარე მაწანწალა ძაღლების შენახვაზე ხარჯავენ ყოველწლიურად.


ეკლესიას დახმარება სჭირდება

ეკლესიას განსაკუთრებული ყურადღება და დახმარება სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან. მას სათანადო ყურადღება არასდროს ექცეოდა ადგილობრივი ხელისუფლებისგან. 2007 წელს ჩემი და ატენისა და გორის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას ინიციატივით დაიწყო გორის ახალი საკათედრო ტაძრის მშენებლობა კომბინატის დასახლებაში. ჩემი თხოვნით, იმ დროს საკრებულომ შესაბამისი მიწა და დაფინანსების ნაწილი, 300 000 ლარის ოდენობით, გამოუყო ეპარქიას. 2007 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ მშენებლობის პროცესი შენელდა და ტაძარი დღესაც დაუსრულებელია. 2017 წლის ოქტომბრამდე ჩვენ დავასრულებთ საკათედრო ტაძრის მშენებლობას, რისთვისაც ყოვეწლიურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოვყოფთ თანხებს. ბიუჯეტი თქვენს მიერ გადახდილი გადასახადებით ივსება და შესაბამისად, ეს იქნება თითოეული თქვენგანის მონაწილეობით აშენებული ტაძარი. გარდა ამისა, ადგილობრივ ეპარქიას ყოველწლიურად, დახმარების სახით, ბიუჯეტიდან გამოვუყოფთ დამატებით თანხებს საგანმანათლებლო, სასულიერო და სამეცნიერო საქმიანობისათვის.


სტალინის ძეგლი


სტალინის ძეგლის აღებით გორს სააკაშვილის ხელისუფლებამ შეურაცხყოფა მიაყენა. “ქართულმა ოცნებამ” იგივე განაგრძო ძეგლის უკან არდაბრუნებით. ვისაც ეს საკითხი აწუხებს ,ყველას ვპირდებით, არჩევნებიდან ათ დღეში ძეგლს დავდგამთ სტალინის სახლ-მუზეუმის წინ. თუ ძველი ძეგლი დაზიანებული ან განადგურებული აღმოჩნდა, ძეგლს დავდგამთ ზუსტად იმ დროში, რაც ახლის დამზადებას დასჭირდება.


ბაზრის პრობლემა


ახალი ხელისუფლება “ნაციონალურ მოძრაობაზე” არანაკლებ ცინიკოსი აღმოჩნდა ბაზრის საკითხის იმგვარად გადაწვეტით, რომ არ გაითვალისწინა იქ დასაქმებული ადამიანების ინტერესები და დღემდე უდიერად ეპყრობა მათ, როდესაც მალულად, ღამე ანგრევს ბაზარს. არჩევნებიდან 8 თვის განმავლობაში ბაზარი ძველ ადგილს დაუბრუნდება.


რა გავაკეთე დღემდე


საზოგადოებაში ყოველთვის არიან სკეპტიკოსი ადამიანები, რომლებსაც არასდროს არ სურთ კარგის დანახვა. არც თუ ისე ხშირად, მაგრამ ყურში მაინც მომხვედრია, ჩემი მისამართით, ასეთი კითხვა: ადრე რა გააკეთა გორისათვის და ეხლა რატომ გააკეთებს რამეს? მე ყოველთვის მაწუხებდა გორის სატკივარი იმაზე უფრო მეტად, ვიდრე სხვა ქალაქისა და ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალა არ დამიშურებია, რომ რაიმე გამეკეთებინა. ჩემს ხასიათში არ ზის ასეთი საქმეების ჩამოთვლა, მაგრამ რადგან კითხვა ისმის, პასუხი უნდა გავცე. არ დავალ სხვა პოლიტიკოსების დონემდე და არ დავიწყებ ისეთი პროექტების ჩამოთვლას, როგორიცაა პატრულის შექმნა, კრიმინოგენული მდგომარეობის გამოსწორება და ა.შ. ჩამოვთვლი რამდენიმე ძალიან კონკრეტულ საქმეს, რომელიც უშუალოდ გორს ეხება:

2006 წელს, დანგრეული და გაპარტახებული ქალაქის საავადმყოფოს ტერიტორიაზე, 8 თვეში ავაშენეთ სრულიად ახალი, თანამედროვე და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალი, რომლის მშენებლობაშიც მონაწილეობდა ასობით გორელი, რომელშიც დღესაც დასაქმებულია ათობით გორელი და რომელმაც ასობით ჩვენს თანამოქალაქეს სიცოცხლე შეუნარჩუნა. რომ არა ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ნებისმიერი სხვა თავდაცვის მინისტრი ამ ჰოსპიტალს სხვა ქალაქში ააშენებდა.

2005 წელს, ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, გორში დავიწყე ყველაზე მასშტაბური სამხედრო ბაზის მშენებლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიამაყეა, რომლის მშენებლობაზეც დასაქმებული იყო ათასამდე გორელი და რომლის გორში განთავსებამაც ქალაქს დამატებით რამდენიმე მილიონი ლარის შემოსავალი მოუტანა და კვლავაც მოაქვს. ასობით გორელი დღესაც მსახურობს ამ ბაზაზე მაღალი ანაზღაურებით. რომ არა ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ნებისმიერი სხვა თავდაცვის მინისტრი ამ ბაზას სხვა ქალაქში ააშენებდა.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, 2007 წელს დავიწყეთ გორის ახალი საკათედრო ტაძრის მშენებლობა, რომელსაც 2017 წელს აუცილებლად დავასრულებთ.

2004-2006 წლებში, ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს, ორიათასამდე გორელი (როგორც ქალაქიდან, ასევე სოფლიდან) მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში და საკუთარ ოჯახებს უზრუნველყოფდა.

2007 წელს, როდესაც გერმანულმა მხარემ ჩვენი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლზე, ატენის სიონზე დაზიანებული ფრესკების რესტავრაცია შეაჩერა და მათი აღდგენის პროცესს საფრთხე შეექმნა, ჩემი მეგობრების დახმარებით 100 000 დოლარი გადავრიცხეთ, რათა ფრესკების რესტავრაცია გაგრძელებულიყო.
ასობით სამხედრო ოფიცრისთვის ავაშენე თანამედროვე საცხოვრებელი სახლები. მათი ნაწილის (წმინდა წყლის სამხედრო ქალაქის) დამთავრება ვეღარ შევძელი და ის დღესაც, 7 წლის შემდეგაც, დაუმთავრებელია. ვერც “ნაციონალურმა მოძრაობამ” და ვერც “ქართულმა ოცნებამ ” მათი დამთავრება დღემდე ვერ შეძლო.
ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ უმჯობესია, საქმით დაგანახოთ, ვიდრე საუბრით.
მე მაქვს პრეტენზია ნებისმიერ ადამიანს შევეჯიბრო გორისათვის გაკეთებულ საქმეებში და ეჭვი მეპარება, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ვინმე მოიძებნოს საქართველოში, ვისაც გორისთვის, ასე მოკლე დროში, ამდენი გაუკეთებია, რაც მე შევძელი.
მინდა გაგებით მოეკიდოთ და სწორად გაიგოთ ის, რომ თითქმის ყველა დაპირების შესრულებას ვიწყებთ არა დაუყოვნებლივ, 16-ი ივნისიდან, არამედ 1-ი იანვრიდან. როგორც ხედავთ, წლის დაწყებიდან 6 თვე გავიდა და ნახევარი წლის ბიუჯეტი “ქართული ოცნების” ადგილობრივმა ელიტამ უკვე დახარჯა. მე დარწმუნებული არ ვარ, რომ შემდეგი 6 თვის ბიუჯეტიც უკვე დახარჯულ-განიავებული არა აქვთ, როგორც ეს 2013 წელს მოახერხეს, ამიტომ ყველა დაპირების განხორციელებას დავიწყებთ ახალი წლიდან.
როგორც იცით, ამ არჩევნებზე გარდა ქალაქის მერისა, ქალაქის საკრებულოსაც ირჩევთ. გორის საკრებულოში შედის 5 მაჟორიტარი დეპუტატი და ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატებისთვის თქვენი მხარდაჭერა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

ჭალა-სადგურის დასახლების კანდიდატი: ანდრია აზბარიანი

ანდრია აზბარიანი დაიბადა 1962 წლის 14 იანვარს ქ. გორში
1979 წელს დაამთავრა გორის №11 საშუალო სკოლა
1980-1982 წლებში მოიხადა სამხედრო– სავალდებულო სამსახური
1985-1991 წლებში სწავლობდა ტოლიატის ტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა ავტოინჟინრის სპეციალობით
1992-1993 მსახურობდა ეროვნული გვარდიის გორის ბატალიონში, არის აფხაზეთის ომის ვეტერანი. აქვს მიღებული ჭრილობები, არის მეორე ჯგუფის ინვალიდი
1993-1998 წლებში მუშაობდა ქ.გორში - დამზადების კანტორაში (მძღოლად)
2004 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა გორის სატყეო მეურნეობაში ტყის უფროსის თანაშემწედ
2006-2007 წლებში მუშაობა გორის წყალკანალში დირექტორის მოადგილედ 
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, ხუთი შვილიშვილი.

კომბინატის დასახლების კანდიდატი: გიორგი ამბოკაძე

გიორგი ამბოკაძე დაიბადა 1968 წლის 4 ნოემბერს ქ. გორში.
1985 წელს დაამთავრა გორის №3 საშუალო სკოლა.
1986-1988 წლებში მოიხადა სამხედრო– სავალდებულო სამსახური.
1989 წელს ჩააბარა ქ. გორის ეკონომიურ ინსტიტუტში, საბუღალტრო აღრიცხვის და ანალიზის სამეურნეო საქმიანობის ფაკულტეტზე. 1993 წელს ამავე ინსტიტუტში დაამთავრა სამართალმცოდნეობის მეორადი ფაკულტეტი.
არის სპორტის ოსტატი ჭიდაობაში, ძიუდოში, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის პრიზიორი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული.
2000-2012 წლებში იყო ქ.თბილისში ჭიდაობის კლუბ „ფალავანის“ პრეზიდენტი.

წმინდა წყლის დასახლების კანდიდატი: მაია გიგუაშვილი

მაია ნოდარის ასული გიგუაშვილი დაიბადა 1984 წლის 8 მარტს
2001 წელს დაამთავრა ტყვიავის საჯარო სკოლა, ამავე წელს სწავლა გააგრძელა გორის სახელწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 2006 წელს დაწყებითი განათლების პედაგოგის სპეციალობით
2006 -2009 წლებში მუშაობდა მოსწავლე –ახალგაზრდობის სასახლეში პედაგოგად.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ცენტრის კანდიდატი ილია მეტრეველი

ილია ნუგზარის ძე მეტრეველი დაიბადა 1967 წლის 14 აპრილს ქ. გორში
1984 წელს წარმატებით დაამთავრა ქ. გორის №3 საშუალო სკოლა
დამთავრებული აქვს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მექანიზაციის ფაკულტეტი, აგროინჟინრის სპეციალობით
1986-1988 წლებში მსახურობდა სამხედრო –სავალდებულო სამსახურში
1989 წლიდან ჩაება ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში. იყო „წმინდა ილია მართლის“ საზოგადოების წევრი. 1992 წელს ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ მოუწია ემიგრაციაში წასვლა, საიდანაც დაბრუნდა 2000 წელს.
2003 წლის თებერვლიდან იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელი გორისა და გორის რაიონში
2004-2011 წლებში მუშაობდა საქსტანდარტის შიდა ქართლის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელად, ხოლო შემდგომ სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გორის ცენტრის ხელმძღვანელად
2006-2010 წლებში იყო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი
2010 წლიდან არის ,,ქართული პარტიის“ წევრი
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ვერხვები-კვერნაკის დასახლების კანდიდატი: შოთა (მამუკა) გორგიაშვილი

შოთა (მამუკა) გორგიაშვილი დაიბადა 1965 წლის 2 მაისს, ქ თბილისში
1982 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 117-ე საშუალო სკოლა
1983-1985 წწ მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში
1985-1989 წწ მუშაობდა თბილისის გრეხილი ავეჯის კომბინატში - სახდელი დარბაზის ოპერატორად
1990 – მუშაობდა სსრ სახ. აგრომრეწვი სამშენებლო კომბინარში - მუშად
1990-1991 წწ მუშაობდა ქ თბილისის სატრანსპორტო - საექსპედიციო ოპერაციების საკვანძო კანტორაში - მუშად
1991 წლის დეკემბრიდან 2003 წლის ივნისამდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს №1 სასწავლო ცენტრში ოცეულის მეთაურად, ასეულის მეთაურად, ბატალიონის შტაბის უფროსად, მეთაურის მოადგილედ შეიარაღებისა და ტექნიკის დარგში
2003-2004 წწ მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის ბატალიონის ცალკეულ, შერეულ მექანიზირებულ ბატალიონში - ბატალიონის მეთაურად
2004 წლიდან - 2009 წლის 5 მაისამდე მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს ცალკეულ ჯავშან - სატანკო ბატალიონში - ბატალიონის მეთაურად
2009 წლის 5 მაისს დაკავებული და გასამართლებული იყო სააკაშვილის რეჟიმის მიერ.
მიღებული აქვს მონაწილეობა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლებში - სამაჩაბლოსა და აფხაზეთში 
დაჯილდოებულია:
1 „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის, თავდადების, მხედრული ვალის მოხდისა და უმწიკვლო სამსახურისათვის“ - მედლით - „მხედრული მამაცობისათვის“
2 მე-3 ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით
3 ოქროს მედლით - „საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისათვის“
1986 წელს გაიარა სამხედრო სამეთაურო კურსები
2005 წელს გაიარა საქართველოს შეიარაღებული ძალების სატანკო ბატალიონების სწავლება– „ჯავშანი 2005“
2007 წელს გაიარა მაღალი რანგის სამხედრო სამეთაურო - საშტაბო მომზადების კურსი
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენმა პარტიამ საკრებულოში მოიპოვოს უმრავლესობა, რათა ყველა დაპირება, რომელსაც აქ გაძლევთ, ასახული იყოს გორის ბიუჯეტში და დამტკიცდეს საკრებულოს მიერ.

ყველა დაპირებას უკლებლივ შევასრულებთ თუ:

1. გორის მერად აირჩევთ კახაბერ ერგემლიძეს
2. მაჟორიტარ დეპუტატად თქვენს უბანში აირჩევთ “ირაკლი ოქრუაშვილი – ქართული პარტიის” კანდიდატებს
3. საკრებულოს პროპორციულ ბიულეტენში შემოხაზავთ №14 “ირაკლი ოქრუაშვილი – ქართული პარტია“–ს და საკრებულოში უმრავლესობას მოგვაპოვებინებთ.
სხვა შემთხვევაში “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” კვლავ გამონახავენ საერთო ენას და ჩვენს ნებისმიერ ინიციატივას ჩააგდებენ. ნუ დაუშვებთ კოჰაბიტაციის გაგრძელებას.

გორს ცვლილება სჭირდება
ჩვენ შევცვლით გორს უკეთესობისკენ
მე მჯერა თქვენი
მე მჯერა ჩვენი მომავლის
მე მჯერა ქართული ნიჭის
მე მჯერა ქართული გენის
მე მჯერა თქვენი მხარდაჭერის


პატივისცემით, ირაკლი ოქრუაშვილი.
მაისი, 2014



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30