ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ბლოკი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" საარჩევნო პროგრამა
ბლოკი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" საარჩევნო პროგრამა
პრეამბულა

საქართველოს მოქალაქეთა მტკიცე ნებაა, განავითარონ თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოება, განამტკიცონ კანონის უზენაესობა და ყოველი მოქალაქის კანონის წინაშე თანასწორობაზე დაფუძნებული, გამჭვირვალე, ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მმართველობის სისტემა, რომელიც ყველა მოქალაქისათვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების, გაერთიანების შექმნის და მასში მონაწილეობის უფლების გარანტიაა. ასეთი პოლიტიკური სისტემა ქვეყნის განვითარების უმთავრესი წინაპირობაა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში განხორციელებული სისტემური დემოკრატიული რეფორმების შედეგად, საქართველოში შესაძლებელი გახდა ხელისუფლებაში პოლიტიკურ ძალთა მშვიდობიანი მონაცვლეობა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამოცანაა, ქვეყანამ შეინარჩუნოს ეს წარმატება და ძალაუფლების დემოკრატიული განახლების პროცესი შეუქცევადი გახადოს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომმა პერიოდმა აჩვენა, რომ მთელ რიგ სფეროებში მოხდა რეფორმების გაჩერება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კი გადაიდგა ნაბიჯი უკან. დღეს უკვე აშკარაა, რომ მთავრობა ვერ ართმევს თავს ისეთ ამოცანებს, როგორიცაა ეკონომიკის ზრდის ტემპის შენარჩუნება, ინფრასტრუქტურის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და როგორც შედეგი, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; კრიმინალთან ბრძოლა და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება; ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ადექვატური რეაგირება.

ასეთ რეალობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამოცანაა, იღვწოდეს საგარეო კურსის უცვლელობისა და საქართველოს მოსახლეობის ევრო-ატლანტიკური არჩევანის განხორციელებისთვის; ამავე დროს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოიყენებს საპარლამენტო ოპოზიციის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იმისათვის, რომ მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ იზრუნოს მოსახლეობის პრობლემების მოგვარებასა და ქვეყნის წინსვლაზე. 

ეყრდნობა რა წინა წლებში დაგროვილ გამოცდილებას, მიღწეულ დადებით შედეგებსა და დაშვებული შეცდომების ანალიზს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს მომავლის ხედვას შემდეგ საკითხებზე:


საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და თავდაცვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხედვით, საქართველო უნდა მიისწრაფვოდეს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში ქვეყნის, მისი მოქალაქეებისა და ინსტიტუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. ამისთვის საქართველომ ყველა სახელმწიფოსთან საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებზე დაფუძნებული მშვიდობიანი ურთიერთობები უნდა ჩამოაყალიბოს.

2008 წლის აგვისტოს სამხედრო აგრესიამ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ და იქ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებამ მნიშვნელოვნად გააუარესა ქვეყნის უსაფრთხოების გარემო. ამ ომმა ცხადყო, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება არ ეგუება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს, მის მიერ დემოკრატიის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს, ქვეყნის დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიზნად ისახავს ისეთი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება/გატარებისათვის ხელშეწყობას, რომელიც აღადგენს და შეინარჩუნებს ტერიტორიულ მთლიანობას, უზრუნველყოს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დაცვას მის ხელთ არსებული ყველა სამართლიანი და მშვიდობიანი საშუალების გამოყენებით.
საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია, იქ მცხოვრები მოსახლეობის სამოქალაქო რეინტეგრაცია, დევნილთა დაბრუნება და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სუვერენიტეტის აღდგენა ამ პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია.

დეოკუპაციის წარმატებით განსახორციელებლად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საჭიროდ მიიჩნევს საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო მეტ აქტიურობას რუსეთის ფედერაციაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, რათა მან აიღოს საქართველოს მიმართ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის, სუვერენული ქვეყნის თანხმობის გარეშე მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგების დაუშვებლობის პრინციპი, და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი უკლებლივ ყველა ვალდებულება, პირველ რიგში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი შეიარაღებული ძალების გაყვანის თაობაზე.

დეოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია საერთაშორისო პოლიტიკურ და სამართლებრივ დოკუმენტებში უკვე დამკვიდრებული ტერმინის - „ოკუპაცია“ - შენარჩუნება; საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და ამ რეგიონებში ეთნიკური წმენდისა და ეთნიკურ ნიადაგზე დევნის ფაქტების აღიარება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ საქართველო ყველა პოლიტიკური, სამართლებრივი და მშვიდობიანი საშუალებით წინ უნდა აღუდგეს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, რომლებიც მიმართული იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის დემოგრაფიული შემადგენლობის და ქონებრივი მდგომარეობის უკანონოდ შეცვლისკენ.
იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნება, მათი ქონებრივი უფლებების აღდგენა და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს სამართლიანობის, თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვით, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით და სხვა იმგვარი პირობების შექმნით, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, ისარგებლონ უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების უფლებით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოწოდებულია, საქართველომ შექმნას ისეთი ფორმატები და წამახალისებელი მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ოკუპირებული ტერიტორიების
მოსახლეობის დაახლოებას ქვეყნის დანარჩენი რეგიონების მცხოვრებლებთან, ოკუპაციის შედეგად გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული საქართველოს მოქალაქეების ურთიერთობათა გაღრმავებას და ამ მოსახლეობის ეტაპობრივ ინტეგრაციას ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში. ამ მიზნით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შემუშავდა „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ − ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა“.
* * *
საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილია. შესაბამისად, მისი განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანია ევროპაში მიმდინარე ინტეგრაციული პროცესები, კერძოდ, ნატოს და ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება.
ეყრდნობა რა 2008 წლის პლებისციტზე საქართველოს მოქალაქეების მიერ მკაფიოდ გამოხატულ ურყევ ნებას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ესწრაფვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი. ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს, მოახდინოს დემოკრატიის კონსოლიდაცია, ასევე განამტკიცოს თავისი მოქალაქეების კეთილდღეობა და ეროვნული უსაფრთხოება. საქართველო იზიარებს პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს მომავალი განვითარების გზა და ის ალიანსები, რომელთა წევრობაც სურს.
ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაცია საქართველოს პოლიტიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ევროკავშირთან ურთიერთობის განვითარება ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ წინსვლას, პოლიტიკური სისტემის და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და უსაფრთხოების განმტკიცებას.
ამიტომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირთან თანამშრომლობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაფართოებას. საქართველომ უნდა მიაღწიოს ევროკავშირთან ოთხი თავისუფლებით (ხალხის, საქონლის, მომსახურების, კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება) სარგებლობის შესაძლებლობას, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას მისცემს ბიძგს და შექმნის უკეთეს პირობებს საქართველოს მოქალაქეთათვის.
ამ მიზნით საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ევროკავშირის მხრიდან დღეს არსებული თანამშრომლობის მექანიზმები (პირველ რიგში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა“) და ესწრაფოდეს, ევროპული პერსპექტივის დაფიქსირების გზით, მიიღოს დამატებითი ინსტიტუციონალური ჩარჩო და ფორმატები.
ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის სტრატეგიული საგარეო- პოლიტიკური ამოცანაა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აზრით, ნატოს წევრობა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მყარ გარანტიებს შექმნის და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მთლიანად რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებაში.
ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმების პროცესი ხელს უწყობს როგორც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ისე თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კვლავაც მიესალმება, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რომელთა ფარგლებში ქართული შენაერთების მიერ საბრძოლო ამოცანების წარმატებით შესრულება არა მხოლოდ ზრდის საქართველოს მნიშვნელობას ტრანსატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებისათვის, არამედ ასევე ამდიდრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო გამოცდილებას.
თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ მიმართული ღონისძიებების მიზანი უნდა იყოს განათლებისა და წვრთნის სისტემის თანამედროვე სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა, მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება, ნატოსთან თავსებადობის გაზრდა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა.ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობით საქართველო ახდენს შეიარაღებული ძალების ადაპტირებას ახალ გამოწვევებთან, ოპერატიულ გარემოსა და ამოცანებთან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობის ზრდისკენ მიმართული რეფორმები, რომელიც მოახდენს უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ინსტიტუტებს შორის უფრო მჭიდრო კოორდინაციას, უზრუნველყოფს სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტების ურთიერთქმედების ხარისხის გაუმჯობესებას და შესაძლებელს გახდის სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორში ჩართული ინსტიტუტების შესაბამისი უწყებრივი სტრატეგიების შემუშავებას. ამ პროცესის ქვაკუთხედია სამხედრო ძალებსა და მთელს უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის მექანიზმთა შემდგომი გაძლიერება.
* * *
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობას და კავკასიის ეკონომიკურად მიმზიდველ, მშვიდობიან და უსაფრთხო რეგიონად გადაქცევას. საქართველოს ტრადიციულად კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს მოსაზღვრე ქვეყნებთან: აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან, უკრაინასთან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აზრით, მეზობელ სახელმწიფოებთან ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა და საერთო ბაზრის განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის სტაბილურობასა და კეთილდღეობას.
საქართველო აღრმავებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც ასახულია 2009 წლის იანვარში გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატები-საქართველოს ქარტიაში. ეს დოკუმენტი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, დემოკრატიის გაძლიერებისა და კულტურული გაცვლის სფეროებში შესაბამისი სამუშაო ჯგუფების ფარგლებში მიღწეული კონკრეტული გადაწყვეტილებების განხორციელების გზით.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ რეგიონის ქვეყნებთან, ევროკავშირთან, შეერთებულთან შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება საქართველოსა და მისი მეზობლებისათვის ზრდის ენერგიის წყაროებისა და ტრანსპორტირების გზების დივერსიფიკაციის შესაძლებლობას. საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდა დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებაზე, ასევე მის მოქალაქეთა კეთილდღეობაზე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აზრით, აუცილებელია გაღრმავდეს და კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს ევროპულ სახელმწიფოებთან არსებული ორმხრივი ურთიერთობები, რაც დაეხმარება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და მეტ კეთილდღეობას მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს. უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა აზიის, აფრიკის, ამერიკისა და ოკეანიის სახელმწიფოებთან არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებისა და ოკუპირებული რეგიონების აღიარების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს რეგიონული ეკონონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებასა და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, მის კიდევ უფრო აქტიურად ჩართვას საერთაშორისო ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტებში.
იმავდროულად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლის არარსებობა და, ზოგადად, საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპირებული რეგიონების არსებობა ხელსაყრელ გარემოს ქმნის საერთაშორისო ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისათვის. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აზრით, სახელმწიფო ინსტიტუტებმა ამ საკითხებს ჯეროვანი ყურადღება უნდა დაუთმონ.

დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულია და მათ საფუძველზე იღვწის მმართველობის დემოკრატიული სისტემის დასამკვიდრებლად, რომელშიც ძალაუფლება კანონით არის შეზღუდული და გადანაწილებული. მმართველობის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს კანონის უზენაესობას, პლურალიზმს და უმცირესობათა უფლებების დაცვას, ხელს უნდა უწყობდეს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას. მნიშვნელოვანია სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის უფრო მეტად განმტკიცება.
კანონის უზენაესობის განმტკიცებას უნდა ემსახურებოდეს სასამართლო ხელისუფლების გაძლიერება, ხოლო ამ სფეროში მიმდინარე რეფორმები მიმართული უნდა იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ზრდისკენ. რეფორმის ყველა ელემენტი, რამაც ქართული პოლიცია საზოგადოების სამსახურში ჩააყენა და საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილ ინსტიტუტად აქცია, უნდა გავრცელეს მართლმსაჯულების სხვა სფეროებზე, განსაკუთრებით კი პენიტენციურ სისტემაზე, რომელიც ადამიანის რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციაზე უნდა იყოს მიმართული.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნისათვის კორუფცია დღეს აღარ არის ძირითადი პრობლემა, მასთან ბრძოლა მოითხოვს მუდმივ ძალისხმევას სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. ამ მიზნით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გააგრძელებს იმ პოლიტიკის მხარდაჭერას, რომელიც ხელს შეუწყობს მთავრობის გამჭვირვალობის კიდევ უფრო გაზრდას.
* * *
თანამედროვე საზოგადოების განვითარება და კეთილდღეობა შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ თვითმართველობის ინსტიტუტების მაქსიმალურად განვითარების და ამოქმედების გზით. საარჩევნო სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს მრაფალფეროვან წარმომადგენლობას როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიზანია ხელი შეუწყოს სახელმწიფო სისტემის მაქსიმალურ დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივ თვითმმართველობებზე მეტი პასუხისმგებლობის გადატანას. თვითმართველობა, როგორც ინსტრუმენტი უნდა იძლეოდეს იმის გარანტიას, რომ სისტემა და მისი ცალკეული ელემენტები დაცულები იქნებიან ამა თუ იმ არჩევნების შედეგად მომხდარი პოლიტიკური ცვლილებებისგან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აქტიურად ჩაერთვება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული სისტემის მოწყობის რეფორმაში, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმართველობის ინსტიტუტების გაძლიერებას და მათი, როგორც სახელმწიფო მართვის სისტემის რეალური ფუნდამენტის განვითარებას.
ეტაპობრივად უნდა მოხდეს ცენტრალური და რეგიონალური ორგანოების - სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის ფუნქციების მკაფიო გამიჯვნა და ქვედა დონეზე დელეგირება. ამ თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონულ დონეზე მმართველობის ფორმის განსაზღვრას და არჩევითობის პრინციპის დამკვიდრებას.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აზრით, უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ფისკალური სისტემის დეცენტრალიზაციისთვის. ფისკალური სისტემის დეცენტრალიზაცია გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის გარკვეული ფისკალური კომპეტენციების გადაცემას. ასეთი სისტემის ჩამოყალიბება გააძლიერებს ადგილობრივ თვითმმართველობებს, აღჭურვავს მათ მეტი პასუხისმგებლობით და შექმნის კონკურენტულ გარემოს სხვადასხვა ფისკალურ სისტემებს შორის.
მსგავსი დეცენტრალიზაციის შემდეგ, მნიშვნელოვანია ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა მიიღონ იმდენი საგადასახადო შემოსავლები, გადასახადების შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, რამდენიც აუცილებელი იქნება მათთვის გადაცემული კომპეტენციების ეფექტურად შესასრულებლად. იმავდროულად, შენარჩუნებული უნდა იყოს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და არ უნდა მოხდეს ქვეყნის ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების ისეთი შემცირება, რომ პრობლემები შეიქმნას ცენტრალური ხელისუფლების მიერ საკუთარი კომპეტენციების განხორციელების პროცესში.
* * *
სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს თავისი მოქალაქეების ინტერსების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. ამისათვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ისწრაფვის ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ეფუძნება კანონის წინაშე თანასწორობას, შემწყნარებლობას, სამართლიანობას და პლურალიზმს. მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქართველი ერის წარმომადგენლების თანაბარი ჩართულობა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აზრით, აუცილებელია კულტურული მრავალფეროვნებისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და განვითარება, სხვდასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარებაში ჩართვისათვის ხელშეწყობა. უნდა შეიქმნას პირობები ამ ჯგუფების იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება-განვითარებისათის.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გამყარებას, დიასპორების წარმომადგენლებისათვის მშობლიური ენის სწავლებისა და მათ მიერ კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობას.
იმავდროულად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის უმთავრესია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების პრინციპი. ამის გარეშე შეუძლებელია ადამიანის უფლებების პატივისცემა და პროგრესი. სახელმწიფო უნდა იცავდეს ყველა დენომინაციის კანონიერ უფლებებს და წინ უნდა აღუდგეს ქსენოფობიის ნებისმიერ გამოვლინებას.
სეკულარიზმის დაცვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძირითადი პრიორიტეტია. იგი იღვწის, რათა ხელი შეეწყოს რელიგიისა და პოლიტიკის გამიჯვნას, დაცული იყოს კონსტიტუციური დებულებები, მათ შორის, საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება მიაკუთვნოს თავი ნებისმიერ რელიგიას, აღმსარებლობასა თუ კონფესიას.

ეკონომიკა, ბიზნესის გარემო, სამუშაო გარემო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აღიარებს, რომ კეთილდღეობისკენ სწრაფვა არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება და მისი მაქსიმალური რეალიზაცია მხოლოდ თავისუფალ გარემოშია შესაძლებელი. თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აზრით, საქართველომ უნდა ჩამოაყალიბoს ქვეყნის მდგრადი განვითარების ისეთ მოდელი, რომელიც ეფუძნება თავისუფალი ეკონომიკური გარემოს შექმნას.
ეს გამოიხატება მცირე მთავრობის პრინციპით, ფისკალური დისციპლინით, პასუხისმგებლობიანი მაკროეკონომიკური და ჯანსაღი მონეტარული პოლიტიკით, დაბალი გადასახადებით, კაპიტალის მოზიდვისთვის საჭირო საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებით, მიზნობრივი სოციალური პროგრამების დანერგვით.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიზანია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ყოველივე ამის შედეგად - მეტი კეთილდღეობის, განვითარებისა და სოციალური დაცულობის მოტანა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.
სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტემპის დღევანდელი შემცირება გამოწვევაა საქართველოსათვის. ეკონომიკის არასათანადო ტემპით განვითარებამ და უმუშევრობის უკიდურესმა ზრდამ შესაძლოა ხელი შეუწყოს სოციალურ დაძაბულობას და დაემუქროს ქვეყნის განვითარებას, სტაბილურობას და ეროვნულ უსაფრთხოებას.
* * *
საქართველო მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დერეფნების ნაწილია. საქართველოს შავი ზღვის პორტები, ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის ნავთობსადენები, ასევე ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი უკვე მოქმედი, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტებია.
აცნობიერებს რა იმ როლს, რომელიც საქართველოს ენიჭება კასპიის ზღვისა და შუა აზიის რეგიონებიდან დანარჩენი მსოფლიოსთვის ენერგორესურსების ალტერნატიული გზებით მიწოდების პროცესში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოწოდებულია, უზრუნველყოფილ იქნას მათი ეფექტიანი ფუნქციონირება და სხვა პერსპექტიული პროექტების განვითარება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აზრით, საქართველოსთვის პრიორიტეტულია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ენერგომატარებლების მოწოდების წყაროების დივერსიფიკაციის შენარჩუნება. საქართველო უნდა გახდეს ელექტროენერგიის მსხვილი რეგიონული ექსპორტიორი, რისთვისაც, ენერგიის გამომუშავების ზრდის გარდა, აუცილებელია ქვეყნების დამაკავშირებელი ახალი გადამცემი ხაზების მშენებლობაც.
საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების განხორციელებისას საგანგებო მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ეკოლოგიურ უსაფრთხოებას. აქტიურად უნდა გაგრძელდეს უცხოელ ინვესტორებთან თანამშრომლობა განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების კუთხით. ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტად უნდა დარჩეს ჰიდრორესურსების უფრო ეფექტიანი ათვისება.
მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, მისი სატრანსპორტო, სატრანზიტო და საკომუნიკაციო ფუნქციის გაძლიერების მიზნით. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, რომლის საშუალებითაც საქართველო სრულფასოვნად ჩაერთვება საერთაშორისო სარკინიგზო კავშირებში, ხელს შეუწყობს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოებას და ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებას. ანაკლიის ყურეში ლაზიკის პორტის აშენება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას ახალ სიმაღლეზე აიყვანს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აზრით, ევროკავშირთან დაახლოება და ახალი საექსპორტო ბაზრების გახსნა მკვეთრ სტიმულს მისცემს სამუშაო ადგილების შექმნის პროცესს. ამიტომ, უნდა დაჩქარდეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მოლაპარაკებები აშშ–სთან.
* * *
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცება უნდა მოხდეს საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებისა და გამარტივების, ფისკალური მდგრადობის შენარჩუნებისთვის საბიუჯეტო დეფიციტის თანამიმდევრული შემცირების, კონსერვატიული ფისკალური და ჯანსაღი მონეტარული პოლიტიკის გატარების, ინფლაციის მინიმალური დონის მიღწევისა და შენარჩუნების, საჯარო ხარჯების შემცირებისა და სახელმწიფო ვალის მინიმიზაციის გზით.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ესწრაფვის, საქართველოში შეიქმნას მოსახლეობისთვის ხარისხიანი საქონლისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის წინაპირობა. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს დასაქმების ზრდა და ამ მიზნების მისაღწევად კონკურენტული შრომის ბაზრის ჩამოყალიბება. ეკონომიკისა და მოქალაქეების კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია კვალიფიციური მუშახელის მომზადების ხელშეწყობა.
ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროცესის სტიმულირების მიზნით, აუცილებელია მოხდეს გადასახადების შემცირება ისე, როგორც ეს იყო დაგეგმილი საგადასახადო კოდექსში 2012 წლის დეკემბერში მიღებულ ცვლილებებამდე და მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნეს შრომის ბაზრის თავისუფლება. დაბალი გადასახადები ნიშნავს მეტ ინვესტიციებს, მეტ ეკონომიკურ აქტივობას, მეტ სამუშაო ადგილებსა და დაბალ ფასებს.
სამუშაო ადგილებს ქმნის ბიზნესი. ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აზრით, დაცულობისა და სტაბილურობის განცდა კერძო სექტორში მნიშნელოვანია დასაქმების ხელშეწყობისთვის. შესაბამისად, უნდა გამოცხადდეს 5 წლიანი მორატორიუმი ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის ფინანსურ–ეკონომიკურ გარემოზე; საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს კანონი ფინანსურ–ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის ამნისტიისა და დაფარული გადასახადების ლეგალიზაციის შესახებ; მოხდეს ფინანსურ–ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის დეკრიმინალიზაცია; აიკრძალოს სასამართლოს ნებართვის გარეშე კერძო მფლობელობაში არსებული კომპანიების შემოწმება სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების მიერ; სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში უნდა დაემატოს ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ინფორმაციის პარლამენტისთვის წარდგენის ვალდებულება.
დასაქმების ზრდა შეუძლებელია უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გარეშე. ამისათვის კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ესწრაფვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნება, ხოლო, შესაძლებლობის შემთხვევაში, გაუმჯობესება, რათა მოხდეს მთავრობის სუვერენულ რეიტინგებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება. ეს ნიშნავს მეტ ინვესტიციებს, დაბალ საპროცენტო განაკვეთებს სესხებზე, გაზრდილ ბიზნეს აქტივობას და ახალ სამუშაო ადგილებს.
მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ადგილები იქმნებოდეს არა მხოლოდ ქალაქებში, არამედ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოები ამოქმედდეს რაიონულ ცენტრებში. ეს გაზრდის მოთხოვნას სოფლის მეურნეობის ხარისხიან პროდუქციაზე, რაც, თავის მხრივ, სოფლის მეურნეობაში ახალი კაპიტალდაბანდებების საფუძველი უნდა გახდეს.
ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა
საქართველოს სოციალურმა პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს სიღარიბის დაძლევას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აზრით, ამისათვის აუცილებელია სამუშაო ადგილების შექმნისთვის უკეთესი გარემოს შექმნა, ასევე სოციალური დაცვის სისტემის იმგვარი განვითარება, რომ იგი კიდევ უფრო მეტად იყოს ორიენტირებული სიღარიბის ზღვრის ქვემოთ მყოფი ოჯახების მიზნობრივი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფაზე.
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ამოცანა უნდა იყოს სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხელმისწვდომობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ უნდა გაგრძელდეს სამედიცინო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა ყველა რეგიონში მაღალი სტანდარტითა და ეფექტურად შეძლონ მკურნალობა. ამიტომ აუცილებელია სადაზღვევო სისტემის მოდერნიზება, ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრება, მოქალაქეებისათვის კერძო თუ სახელმწიფო სადაზღვევო სქემების გაუმჯობესება.
აუცილებელია, სადაზღვევო პაკეტები მოიცავდეს მედიკამენტების გაფართოებულ ჩამონათვალს, რაც სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ, ხოლო მნიშვნელოვანი შეღავათებით ისარგებლებენ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.
ფარმაცევტულ სექტორში საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს კონკურენციას, რაც შეამცირებს ფასებს და უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის ხარისხიანი და ეფექტური მედიკამენტების მიწოდებას.
პირველად ჯანდაცვა, სოფლის და ოჯახის ექიმის ინსტიტუტი მეტად უნდა იყოს მხარდაჭერილი ფინანსურად და სადაზღვევო სქემებში ფართო ჩართულობის გზით. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლების გაუმჯობესებისათვის აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტულობა, ძალისხმევა ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად.

განათლება და კულტურა
განათლებისა და მეცნიერების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ღირსეული მომავლის უზრუნველყოფა, თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში დამკვიდრებულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. მწყობრი და გამართული, ინოვაციასა და ტექნოლოგიურ სრულყოფაზე ორიენტირებული განათლების სისტემა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნის და შესაბამისად ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესების მთავარი წინაპირობაა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამოცანაა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რესურსები და ინფრასტრუქტურა იმისათის, რომ მიიღონ განათლება მსოფლიოს მოწინავე სტანდარტების შესაბამისად, როგორც საშუალო განათლების, ისე უმაღლესი და პროფესიული განათლების დონეზე, მათი გლობალური კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით.
ამისათვის გასაგრძელებელია განათლებისა და მეცნიერების სისტემის რეფორმირება იმდაგვარად, რომ შენარჩუნებულ უნდა იქნეს ბოლო წლებში გატარებული რეფორმის მთავარი მონაპოვრები.
აუცილებელია, სასკოლო ინფრასტრუქტურის შემდგომი განახლება. ყველა სკოლის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად რენოვაცია, აღჭურვა და საჭირო რესურსებით მომარაგება; აუცილებელია ერთ მოსწავლეზე გამოყოფილი სასწავლო გრანტის მოდელის შენარჩუნება, ამავდროულად გრანტის ოდენობის ზრდა, რაც სისტემას საშუალებას მისცემს გაზარდოს პედაგოგთა ანაზრაურება და სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი სხვა ხარჯები დაუახლოვოს საერთაშორისო სტანდარტებს.
აუცილებელია, სკოლის მართვის ბერკეტების მაქსიმალური თავმოყრა არჩეულ სამეურვეო საბჭოთა ხელში. სასკოლო განათლების მართვის დეცენტრალიზაციის პირობებში სახელმწიფო განსაზღვრავს ეროვნულ სასწავლო გეგმას და ახორციელებს განათლების ხარისხის კონტროლს, ხოლო უშუალოდ სკოლის მართვა, ბიუჯეტის განკარგვა, საგანმანათლებლო მიზნების მიღწევისათვის აუცილებელი პედაგოგიური და მეთოდოლოგიური მიდგომების სრულყოფა სკოლის თვითმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება.
უმაღლესი განათლების მიმართულებით აუცილებელია უნივერსტეტების სრული აკადემიური, ადმინისტრაციული და ფინანსური ავტონომიისაკენ შემდგომი სვლა. თანამედროვე ცივილიზებული უმაღლესი განათლების სისტემა და მეცნიერება წარმოუდგენელია აკადემიური თავისუფლების გარეშე. ამიტომ, უნივერსიტეტის ავტონომია უნდა იყოს თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი.
უმაღლესი განათლების სისტემამ უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო დონის განათლება საქართველოს ახალგაზრდობის გლობალური კონკურენტუნარიანობისათვის როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის დონეზე, მათ შორის ბოლონიის პროცესის ფარგლებში ევროპულ და გლობალურ აკადემიურ სისტემაში ინტეგრაციის გზით.
უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ინტეგრირებული და უზრუნველყოფდეს პედაგოგიური და სამეცნიერო პროცესების სინერგიას.
ნაციონალური მოძრაობის მიერ განხორციელებული რეფორმების ერთ-ერთი წარმატებული მიმართულებაა ერთიანი ეროვნული გამოცდები, რამაც უზრუნველყო აბიტურიენტთა შორის უმაღლესებში ჩასარიცხად სამართლიანი, თანასწორი პირობების შექმნა. მომდევნო ეტაპები უნდა იყოს ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საშუალო სკოლის დამამთავრებელი გამოცდების ინტეგრაცია. მოსწავლეს აღარ უნდა სჭირდებოდეს ორი ტიპის გამოცდების ჩაბარება.
აუცილებელია უნივერსტეტების დაფინანსების საგრანტო პრინციპის შენარჩუნება, სახელმწიფოს მიერ და კერძოდ დაფუძნებული უმაღლესებს შორის უფლებრივი თანაბრობის დაცვა. აუცილებელია საგრანტო ოდენობის ზრდა, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის და დოქტორანტურის ეტაპზე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აზრით, პრიორიტეტულია ტექნოლოგიების სფეროში განათლებისა და განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერა, რისი შესანიშნავი მაგალითი იყო ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსტეტის პროექტი. ეს და მსგავსი პროექტები გაგრძელებულ უნდა იქნეს სახელმწიფოსა და კერძო ინიციატივების მხარდაჭერით. ასევე უნდა გაგრძელდეს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე ჩვენი სტუდენტების სწავლის დაფინანსება.
პროფესიული განათლების განვითარება ერთერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. პროფესიული განათლების სისტემა უნდა პასუხობდეს ადგილობრივი და გლობალური ბაზრის მოთხოვნებს, უნდა იყოს მაქსიმალურად მრავალფეროვანი და ყალიბდებოდეს ბიზნესთან მჭიდრო კოოპერაციის გზით.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამოცანას წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მოვლა-პატრონობა, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი კულტურის, როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მისი წარმოჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის გამოყენებას. ეს გულისხმობს ქართული კულტურის მიღწევების გატანას საზღვარგარეთ, რათა მსოფლიოს უკეთ გავაცნოთ საქართველო, როგორც ევროპის ისტორიული ნაწილი.
ამავე დროს მნიშვნელოვანია ეროვნული საგანძურის წარმოჩენა ქვეყნის შიგნით, მისი გაცნობა ახალგაზრდობისთვის. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და მისი წარმოჩენისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ მნიშვნელოვანია მუზეუმების მოდერნიზაცია, მათი გარდაქმნა, (რეკონსტრუქცია) თანამედროვე, მიმზიდველ სივრცეებად.
ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და წარმოჩენის პარალელურად მნიშვნელოვანია თანამედროვე ხელოვნების განვითარება, სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში განათლების პოლიტიკის შემუშავება, ბიბლიოთეკების მოდერნიზაცია, მათი გარდაქმნა თანამედროვე სივრცეებად თბილისის მედიათეკების მაგალითზე, რამაც ბიბლიოთეკაში დააბრუნა ახალგაზრდობა, შექმნა მიმზიდველი, მრავალფეროვანი გარემო, როგორც განათლების მიღების, ასევე ინტელექტუალური დასვენებისთვის.
* * *
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები ზემოაღანიშნულ სფეროებში ჩამოყალიბებული პოლიტიკის გასატარებლად. ახლა ქართულ დემოკრატიას კონსილოდირების შანსი აქვს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აპირებს, თავისი წვლილი შეიატნოს ამ პროცესში, როგორც ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობით აღსავსე ოპოზიციამ. პარტია მიზნად ისახავს ყველა შემდგომ არჩევნებში წარმატების მიღწევას, რათა გაგრძელდეს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, თითოეული ქართულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანა. ამ გზაზე გადამწყვეტ როლს თამაშობს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო უნდა იყოს ევროპული დემოკრატიული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თაოსნობით ქართველი ხალხი ამ ისტორიულ მისიას აუცილებლად შეასრულებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30