ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას საარჩევნო პროგრამა
ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას საარჩევნო პროგრამა

 

"ავამუშაოთ    თბილისი"

 

2014 წლის 15 ივნისს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. შესაბამისად,  თბილისი პირდაპირი წესით აირჩევს ქალაქ თბილისის მერს.  ამ არჩევანზეა დამოკიდებული თუ რა გზით მოხდება შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი დედაქალაქის მართვა და განვითარება.

ვფიქრობთ, რომ თბილისელები იმსახურებენ გაეცნონ ნათელ და დეტალურ ხედვას თუ როგორ წარმოუდგენია ჩვენ გუნდს ქალაქის მომავალი, რა კონკრეტული პრიორიტეტები გვექნება, რა მიმართულებით დავხარჯავთ ძალისხმევას და რისი მიღწევა გვსურს ჩვენ თანაქალაქელებთან ერთად.

ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თბილისელებს მივცეთ ინფორმირებული არჩევანის საშუალება - არჩევანის, რომელიც არა დაუმთავრებელ პოლიტიკურ კინკლაობასა და ავტორიტეტების ბრმად გაყოლას, არამედ თითოეული კანდიდატის ნათელი და გასაგები ხედვის შეფასებას ემყარება .

რა თქმა უნდა, თბილისის მერი პოლიტიკური თანამდებობაა, მაგრამ ჩვენი სურვილია პოლიტიკაც გავიგოთ ისე, როგორც ეს თბილისელებს სჭირდებათ. პოლიტიკა არა ურთიერთდაპირისპირების, ინტრიგების და კინკლაობის სახით, არამედ პოლიტიკა დასაქმების, ინფრასტრუქტურული განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, თანამედროვე სატრანსპორტო მოწყობის და ა.შ. გაგებით.

შესაბამისად, გვსურს დეტალურად წარმოვადგინოთ ქალაქის მომავალი განვითარების ჩვენი ხედვა. რატომ გადავწყვიტეთ ამ არჩევნებში ჩაბმა? რას უნდა ელოდონ თბილისელები ჩვენი არჩევის შემთხვევაში? რა იქნება ის საქმე, რასაც, დარწმუნებულნი ვართ ერთად გავაკეთებთ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში? რას ვგულისხმობთ კონკრეტულად, როდესაც ვამბობთ, რომ გვსურს თბილისი გახდეს ნამდვილი ევროპული სტილის დედაქალაქი და თან შეინარჩუნოს თავის უნიკალურობა?

 

თბილისელთა უმთავრესი პრობლემა სამუშაო ადგილებია!

სამუშაო ადგილების უმრავლესობა უნდა შეიქმნას კერძო სექტორში. სახელმწიფოს ყველაზე კარგი დახმარება ხელის არ შეშლაა. სწორი კანონები, სტაბილური და უსაფრთხო გარემო აუცილებელია ხალხის დასაქმებითვის. პოლიტიკური შურისძიება ანგრევს ეკონომიკას, ზრდის უმუშევრობას. ამის სანაცვლოდ, ჩვენ ვგეგმავთ:

-         გადასახადების შემცირებას -  მათ შორის საშემოსავლო გადასახადის შემცირებას     5 % -ით, რაც ბიზნესს მისცემს საშუალებას გაფართოვდეს და მეტი ადამიანი დაასაქმოს. ცხადია, რომ სამუშაო ადგილების შექმნის უპირველესი რეცეპტი ყველა ქვეყანასა და ყველა ეპოქაში სწორედ გადასახადების დაწევაა. რაც მეტი ფული რჩება ბიზნესს, მით მეტ სამუშაო ადგილს ქმნის. ბიზნესის ბუნებრივი ინსტიქტი გაფართოებაა და რაც მეტად ფარდოვდება ბიზნესი, მით უფრო მეტი ადამიანი სჭირდება - ადამიანი კვალიფიკაციითა და ნორმალური ანაზღაურებით.

 

-         საწვავზე და გაზზე აქციზური გადასახადის გაუქმებას - რაც დაახლოებით 25 თეთრით გააიაფებს საწვავს და 8 თეთრით გაზს მოსახლეობისთვის, ხოლო ბიზნესს გაუიაფებს საწარმოო ხარჯებს და შესაბამისად მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას მისცემს. საწვავის გაიაფების საჭიროებაზე წლებია მიდის საუბარი. ჩვენ გთავაზობთ ერთადერთ არაპოპულისტურ და რეალურ გზას - გავაიაფოთ საწვავი. თქვენ გეტყვიან, რომ ამით მთავრობას მოაკლდება საბიუჯეტო თანხები - მოდით ერთად გადავწყვიტოთ რა გვირჩევნია - თანხა ბიზნესს დარჩეს და ჩვენთვის სამუშაო ადგილები შექმნას, თუ ფული მთავრობაში შევიდეს და ბიუროკრატიის ზრდას მოხმარდეს? მგონი პასუხი ცხადია!

 

-         ბიზნესთან დაკავშირებული გადაცდომების და დარღვევების დეკრიმინალიზებას - რაც ნდობას გააჩენს ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის და ბიზნესს შეუქმნის ზრდის სტიმულს. პოლიტიკური პარტიები ხშირად ვდაობთ - როდის უფრო იყო ბიზნესზე ზეწოლა? ხდება თუ არა დღეს ბიზნესის შევიწროება და ხდებოდა თუ არა გუშინ? ამ დავაში ყველაზე მნიშვნელოვანია - რა იქნება ხვალ? ყველას გვესმის, რომ ბიზნესი და სახელმწიფო თუ არ იქცნენ პარტნიორებად და თუ დარჩნენ მოწინააღმდეგეებად - ეს მხოლოდ გააღრმავებს უმუშევრობის პრობლემას!

 

-         საგადასახადო ამნისტიას - რაც ერთხელ და სამუდამოდ გამოიყვანს ბიზნესს ჩრდილიდან;  მეწარმეებს   არ უნდა ჰქონდეთ იმის შიში, რომ სახელმწიფო მუდმივად მათი წარსულის ქექვით იქნება  დაკავებული. მათ მომავალზე უნდა იფიქრონ -  უნდა იქცნენ უფრო აქტიურ დამსაქმებლებად. დღეს გადასახადის გადახდის ჩვევა და ტრადიცია უკვე დანერგილია. ბიზნესმენთა უმეტესობას ურჩევნია იყოს ლეგალური, კანონმორჩილი, სახელმწიფოსთან პირნათელი. ამიტომ წარსულის ფურცელი უნდა  გადავშალოთ და წინ გავიხედოთ.

 

-         მორატორიუმი ახალ რეგულაციებზე - ყოველი დამატებითი რეგულაცია არის ტვირთი ბიზნესისთვის. ხშირად საუბრობენ, რომ მთავრობამ გააკონტროლოს მაგალითად პურის, რძის, პირადი ავტომობილების და ყველაფრის ხარისხი. ყოველი უგუნური კონტროლი ზრდის კორუფციის საფრთხეს. ხოლო, იქ სადაც კორუფციაა სამუშაო ადგილები ვერ იქმნება. მაგალითად, მანქანების ტექნიკური დათვალიერება, რომლის აღდგენასაც დღეს მთავრობა გეგმავს, ის მხოლოდ კორუფციის მახე იყო და მისი გაუქმებით მანქანები უფრო უვარგისი არ გამხდარა. დღეს უფრო გემრიელი და დიდი ასორტიმენტის პური ცხვება ვიდრე ათი წლის წინ, როცა მას კვების ინსპექცია ამოწმებდა. ბიზნესს თავისუფლება და კონკურენცია ამუშავებს და არა მაკონტროლებელი ბიუროკრატი.

შეჩერებული პროექტები უნდა გაგრძელდეს!

ბიზნესისათვის მშვიდი და პროგნოზირებადი გარემოს შექმნის გარდა მერიამაც უნდა შექმნას სამუშაო ადგილები. რა თქმა უნდა არ ვგულისხმობთ ზედმეტ ბიუროკრატიას, ურიცხვ სამსახურებს, დეპარტამენტებსა და კომისიებს. ვგულისხმობთ რეალურ სამუშაო ადგილებს, რომელსაც სახელმწიფო ქმნის დიდი და სტრატეგიული პროექტების განხორციელებით.

-         აუცილებელია გაგრძელდეს და დასრულდეს ისეთი გლობალური მნიშვნელობის პროექტები, როგორიც ქალაქიდან რკინიგზის გატანაა. ეს პროექტი განხორციელების სხვადასხვა სტადიაზე 6000-მდე ადამიანს ასაქმებდა. მისი გაგრძელების შემთხვევაში კიდევ რამოდენიმე ათასი დასაქმდებოდა. ნახევარზე მეტი საქმე გაკეთებული იყო, მაგრამ მუშაობა შეწყდა. მთავრობამ განაცხადა, რომ გააგრძელებს პროექტს, მაგრამ სამუშაოები არ განახლებულა. სწორად ასეთი პროექტები უწყობს ხელს დასაქმებას მთავრობის მხრიდან. დამატებით, შედეგად ვიღებთ - 100 ჰექტრამდე ტერიტორიას ქალაქის ცენტრში - განაშენიანებისთვის, გამწვანებისთვის, ახალი ბიზნესების გახსნისთვის, განვითარებისთვის!

 

-         აუცილებელია განახლდეს დიღომი - დიდუბის შემაერთებელი სამანქანო ხიდის პროექტი. (მარშალ გელოვანის გამზირი - სამტრედიის ქუჩა). ჩვენ ქალაქში ძნელად თუ მოიძებნება ვინმე ვინც არ აღიარებდეს, რომ ვერეს მდინარის გასწვრივ ახალმა გზებმა და საბურთალოსთან დამაკავშირებელმა გვირაბმა სრულიად  ახალი, უნიკალური განვითარება მისცა ქალაქს. ზუსტად ასევე აუცილებელი და სრულიად ახალი რეალობის შემქმნელია ეს ხიდიც. სწორად ასეთი საჭირო და უნიკალური პროექტები ქმნის სამუშაო ადგილებს. ათასობით ადამიანი საქმდება ხიდებსა და ესტაკადებზე!  პროექტი დამტკიცებულია, ყველაფერი მზადაა - მთავარია ავამუშაოთ!

რას გააკეთებთ ახალგაზრდებისათვის? მათი განათლებისა და დასაქმებისათვის?

-         პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ყველა სწავლასა და ცოდნას მოწყურებულ ახალგაზრდას თანაბარი შესაძლებლობა და შანსი უნდა მივცეთ, რომ მომავალს თვალი გაუსწოროს. აქამდე მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს უმაღლესში სწავლის საფასურის ნახევარს უფარავდა. მაგრამ იმ მეორე ნახევრის გადაუხდელობის გამო ბევრი ვერ აგრძელებს სწავლას და შესაბამისად იმცირებს შანსს ღირსეული დასაქმებისა. მე ვფიქრობ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან სტუდენტებს, სწავლის საფასური მთლიანად უნდა დაუფაროს ქალაქმა. განათლება სიღარიბის დაძლების აუცილებელი წინაპირობაა.

 

-         წარჩინებული სტუდენტი თავისთავად ძალიან მოტივირებული და პერსპექტიული კადრია ყველასათვის. ჩვენ უნდა მეტად გამოვიყენოთ ეს რესურსი და მუნიცეპალიტეტში, ჩვენ სამსახურებში, გამგეობებში - მათ ანაზღაურებადი სტაჟირება შევთავაზოთ!

 

-         განსაკუთრებულად ნიჭიერი და წარმატებული სტუდენტები ურბანისტიკის, არქიტექტურიის, საინჟინრო, სამშენებლო, სოციალური მუშაკის და სხვა სპეციალობებით, მერიამ უცხოეთის წამყვან სასწავლებებში სწავლის გასაგრძელება უნდა დააფინანსოს! ეს დიდ ინვესტიცია იქნება თბილისის მომავალში!

 

-         თბილისში დღეს მუშაობს უფასო Wi Fi - Tbilisi loves you.  სიმძლავრეები აშკარად არასაკმარისია. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ეს სისტემა. ამასთანავე ვფიქრობ თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს დავუფინანსოთ უფასო ინტერნეტი სახლში! რადგან მიმაჩნია, რომ სწორედ ცოდნის ხელმისაწვდომობა არის მომავალი დასაქმების საუკეთესო გარანტია

თანამედროვე ევროპული დედაქალაქების ინფრასტრუქტურული განვითარება ფეხით მოსიარულეზეა ორიენტირებული! რაც უფრო კომფორტულად გრძნობს თავს ფეხით მოსიარულე მოქალაქე, მით უფრო განტვირთულია ქალაქი, მით უფრო ეკოლოგიურად სუფთაა ქალაქის გარემო, მით უფრო უსაფრთხო და კეთილმოწყობილია მისი ქუჩები!

გასული წლების მოდერნიზაციის პოლიტიკა სჭირდებოდა თბილისს. სამანქანო გზები, ხიდები, ესტაკადები - ამის გარეშე არ არსებობს თანამედროვე ქალაქი! მაგრამ ერთი თვალის შევლებაც საკმარისია - ქალაქი ერთ დიდ საცობად გადაქცევის რისკის წინაშე დგას. როგორ პარადოქსალურადაც არ უნდა ჟღერდეს დამატებით და გამალებით ახალი გზების, ხიდების, გვირაბებისა და ესტაკადების მშენებლობით ამ პრობლემას უფრო გავაღრმავებთ.

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ განვტვირთოთ ჩვენი ქალაქი?  როგორ იგრძნოს თბილისში ფეხით მოსიარულე მოქალაქემ თავი პრიორიტეტულ ადამიანად. ქალაქების განმვითარების თანამედროვე სტრატეგია, ხომ სწორედ ფეხით მოსარულე მოქალაქეზეა ორიენტირებული. სწორედ ქალაქი ჰარმონიულად განვითარდება თუ განვითარების ღერძი ფეხით მოსარულე ადამიანი იქნება. მას უნდა მოემსახუროეს მანქანაც, ავტობუსიც, საგზაო თუ სხვა ინფრასტრუქტურა. მინდა შემოგთავაზოთ ჩემეული ხედვა თბილისის განვითარების:

ფეხით მოსიარულე ადამიანი ნიშნავს:

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის;
  • სასეირნო და რეკრიაციული ზონების;
    • ტროტუარებისა და საფეხმავლო სივრცეების აქტიურ მომხმარებელს.

თბილისის მოსახლეობის 75% ფეხით მოსიარულე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელია. ამიტომ ქალაქის პრიორიტეტი სწორედ, თქვენ, ფეხით მოსიარულე თბილისელები უნდა იყოთ.

ამ მიზნის მისაღწევად გთავაზობთ:

-         ავტობუსების პარკის სრულ განახლებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში; ახალი ავტობუსები იქნება უფრო კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა და უნარშეზღუდულ მოქალაქეთათვის ადაპტირებული.

 

-         აუცილებელია მეტროპოლიტენის შემდგომი განვითარება. თბილისის მეტრო ქალაქის დიდი სიმდიდრეა და დიდი შეცდომაა მიმდინარე პროექტების შეჩერება! დასასრულებელი და გასაშვებია ახალი სადგურები. მაგალითად უნივერსტეტის მაღლივის ახალი სადგურის შეჩერებული პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს!

 

-         არსებობს თანამედროვე ტრამვაის პროექტი, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ. გარდა იმისა, რომ ეს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის თვალსაზრისით გარღვევა იქნება - საქალაქო ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა და ეფექტურობაც რამდენჯერმე გაიზრდება

 

-         ერთიანი ქსელის ნაწილად უნდა ვაქციოთ საბაგირო ტრანსპორტიც. აქაც მნიშვნელოვანია უკვე დაგეგმილი და დამუშავებული ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიც უნივერიტეტის მაღლივი კორპუსი - წყნეთის საბაგიროა! მეტრო სადგურ სამგორისა და ვაზისუბნის დამაკავშირებელი, ლისისა და კუს ტბის, რუსთაველის მთაწმინდის პარკთან დამაკავშირებელი საბაგირო სისტემები.

 

თბილისის რელიეფიდან გამომდინარე საბაგიროს სწრაფი და სასიამოვნო გადამყვანის ფუნქცია ექნება თბილისელებისთვის.

 

ყველგან და ყველასათვის ხელმისაწვდომი, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი

-         რაც გულისხმობს როგორც ახალი, კომფორტული ტრანსპორტის ამოქმედებას არსებულ სატრანსპორტო ხაზებზე, ასევე ახალი ხაზების დანიშნვას როგორც შიდა, ასევე საქალაქთაშორისო მასშტაბით. მაგრამ რაც მთავარია მინდა გითხრათ შეღავათების ფართო სისტემის შესახებ, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ:

-         თბილისში არსებობს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეღავათების სისტემა, რომელიც მოიცავს უფასო მგზავრობას სკოლის მოსწავლეებისათვის, შეღავათიან ფასს მგზავრობისას სტუდენტებისათვის, სოციალურად დაუცველთათვის, პედაგოგებისთვის. ვფიქრობთ ქალაქმა კიდევ უნდა დახვეწოს შეღავათების სისტემა.

 

თბილისელებს ვთავაზობ შეღავათების ახალ სისტემას:

-         საზოგადოებრივი ტრასპორტით სარგებლობა იქნება უფასო ყველა სტუდენტისათვის, ყველა სკოლის მოსწავლისათვის, ყველა პენსიონერისათვის და ყველა სოციალურად დაუცველი თანამოქალაქისათვის.

როგორც აქამდე სკოლის მოსწავლეები უფასოდ მგზავრობდნენ,  მათ მსგავსად უფასოდ იმგზავრებენ ისინი ვისაც აქამდე მხოლოდ ნაწილობრივი შეღავათი ჰქონდათ. ვიმეორებ - სტუდენტები, სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, პედაგოგები!

სისტემა შეეხება ყველა დანარჩენსაც - ნაცვლად დღეს დადგენილი 50 თეთრიანი ფასისა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მეტროში მგზავრობის ფასი გახდება 20 თეთრი!

 

-         ტროტუარები მანქანებისაგან უნდა განთავისუფლდეს. ეს სჭირდება ფეხით მოსიარულე ადამიანს. ამისათვის ქალაქის სხვადასხვა წერტილში ასაშენებელია როგორც მრავალსართულიანი, ასე მიწისქვეშა თანამედროვე სამანქანო პარკინგები. დღეს თბილისში 30 000 პარკინგის ადგილია და ყველა მათგანი ქუჩის ან ტროტუარის ნაწილს იკავებს. ეს დიდი პრობლემაა. საჭიროა 70 000 ახალი სამანქანო სადგომი. ასეთი პარკინგების მოწყობის ტექნოლოგიები და ტიპები მრავალგვარია. პროექტები არსებობს, ადგილებიც მონიშნულია - მთავარია ეს პროექტი ავამუშაოთ! მხოლოდ ასე მივაღწევთ ჰარმონიას ფეხით მოსიარულე და მანქანით მოსარგებლე თბილისელებს შორის

 

-         სამშენებლო ნებართვის გაცემისის უნდა გავამკაცროთ შესაბამისი რაოდენობის მანქანაზე  პარკინგის მოთხოვნა და ეს რეგულაცია მკაცრად უნდა დავიცვათ;

თბილისის, როგორც ევროპული, ფეხით მოსიარულეზე ორიენტირებული დედაქალაქის კონცეფციისთვის აუცილებელია ქალაქის სარეკრიაციო ზონების, ბაღებისა და პარკების განვითარება. ასევე ახალი პარკების მოწყობა.

სიმწვანე თუ მშენებლობა?  - ეს სტრატეგიული დილემა  არა  მარტო თბილისისთვის, არამედ ყველა მზარდი და განვითარებადი ქალაქისთვისაა აქტუალური. უნდა მოვახერხოთ საზოგადოებასთან და აქტიურ მოქალაქეებთან სწორი კომუნიკაციის გზით არცერთი ინტერესი არ დავაზარალოთ.

გასულ წლებში არაერთი პარკი და ბაღი კეთილმოეწყო - დასასვენებელი და რეკრეაციული ზონები მკაცრი რეგულაციებით უნდა დავიცვათ და ქალაქის ბიუჯეტიდან წონადი თანხები გამოვყოთ ახალი ,,მწვანე ზონების“ შექმნისა და განვითარებისათვის

იაფი გათბობა და ცხელი წყალი თბილისელებს

-         ნაძალადევის რაიონში, თემქის დასახლებაში უკვე გამოიცადა თანამედროვე ჰელიო სისტემის მუშაობის ეფექტურობა თბილისის პირობებში. ეს გამოცდილება ფართოდ დაინერგება. მზის ენერგიისა და გაზმომარაგების სინთეზური სისტემა 30 პროცენტით აიაფებს კომუნალურ ხარჯებს,  უსაფთხოდ გათბობის და  24 საათიანი ცხელი წყალით მომარაგებას ითვალისწინებს! ამასთანავე 5 კორპუსზე სამი ადამიანის, თბილისის მასტაბით კი 8 000-მედე, ადგილობრივი მაცხოვრებლის, დასაქმებას ითვალისწინებს.

 

თბილისი - რეგიონის შეხვედრების ქალაქი

2015 წელს თბილისი ახალგაზრდულ ოლიმპიადას და ფეხბურთში ევროპის სუპრ თასს უმასპინძლებს. ყოველი ასეთი ღონისძიება ზრდის ქალაქის პოტენციალს, ხდის მას მულტიფუნქციურ, მრავალმხრივ შეხვედრების ადგილად: ბიზნესისთის, დასვენების და ტურიზმისთვის. თბილისს ისტორიულად ჰქონდა ამბიცია ყოფილიყო რეგიონის ცენტრი. თბილისს დღეს უკვე აქვს წინაპირობები გახდეს რეგიონის ცენტრი. ამისათვის აუცილებელია, კერძო და მუნიციპალური პარტნიორობით, მინიმუმ 5000 კაცზე გათვლილი სივრცის აშენება საერთაშორისო კონგრესების, ფორუმებისა და დიდი ღონისძიების მისაღებად. მხოლოდ ეს ერთი ობიექტი 3000 მდე ახალ სამუშაო ადლის შექმნის. ბიძგს მისცემს სატუმროების და მომსახურების სფეროს განვითარებას.

თბილისელთა უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია!

ბოლო წლებში თბილისმა ევროპაში ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქის სახელი დაიმსახურა. უსაფრთხოება არაა მხოლოდ მშრალი კრიმინოგენული სიტუაციის სტატისტიკა. ის პირველ რიგში არის ადამიანის განცდა, თუ რამდენად უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს თავს ქალაქში თუ ქვეყანაში. ამ განცდას ერთობლიობაში აყალიბებს პოლიციის და პატრულის ეფექტური მუშაობა, განათებული, მოვლილი და დასუფთავებული ქუჩები, სკვერები და ბაღები. დაცული და განათებული სადარბაზოები. მოქალაქის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მერის და ცენტრალური მთავრობის ერთობლივი საქმეა.

თბილისის მერიამ შსს-თან ერთად ააშენა, აამუშავა 112 და მის ერთობლივ მართვას ანხორციელებს. ეს თანამშრომლობის კარგი მაგალითია. ამასთანავე ცენტრალური მთავრობის არასწორმა სამართლებრივმა პოლიტიკამ აშკარად შეარყია მოქალაქეთა უსაფრთხოების განცდა. დღეს სამწუხაროდ ვხედავთ, რომ კრიმინალმა ზრდა დაიწყო. განსაკუთრებით სახიფათოა ძალადობრივი დანაშაული - ყაჩაღობა, ქურდობა, ძარცვა.

თბილისის მერია თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს ცენტრალურ მთავრობასთან თანამშრომლობის კუთხით, რომ თბილისი ისევ უსაფრთხო ქალაქი გახდეს!

თბილისი განსაკუთრებული ქალაქია - ტოლერანტული, შემწყნარებელი, თბილი და გახსნილი. ჩემი მიზანია ყველა ეს თვისება შეინარჩუნოს და განავითაროს ჩვენმა ქალაქმა. სიახლისა და ტრადიციისაკენ ერთდროული ლტოლვა სწორედ დიდ და ნამდვილ ევროპულ ქალაქებს ახასიათებთ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა