გურჯაანის რაიონის სოფელ ჭერემის მოსახლეობამ შესაძლოა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს და კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები არ გამოცხადნენ. ამის მიზეზად ჭერემელები 14 წლიან უშუქობას ასახელებენ. როგორც რადიო “ჰერეთს” სოფელში განუცხადეს, 14 წლის მანძილზე არამარტო წინასაარჩევნოდ არაერთი დაპირება მიიღეს, რომ სოფელს ელ-ენერგიით უზრუნველყოფდნენ, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.
ადგილობრივების განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ ჭერემში არცერთი დეპუტატობის კანდიდატი არ მისულა და მათი პრობლემები არ მოუსმენია.“ჭერემი ისედაც მაღალმთიანი სოფელია და იქ ცხოვრება გაუსაძლისია. ჩვენს ყოფას გაჭირვებასთან ერთად უშუქობა ართულებს. სოფელში 100-მდე კომლია, თუმცა სახლების უმეტესობა უკვე მიტოვებულია. ჩვენ ვითხოვთ დანაპირების შესრულებას, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლებისგან არაერთხელ მივიღეთ”, - განუცხადეს, რადიო “ჰერეთს” ჭერემელებმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, რომ ბოლო პერიოდში მათი მხრიდან მსგავსი დაპირება არ ყოფილა. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გოგა პეტრუზაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში არ იგეგმება სოფლის ელ-ენერგიით მომარაგება, რადგან რაიონის ბიუჯეტში ამისათვის თანხები არ არის გათვალისწინებული.
HERETIFM.com
25.05.2010