ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
კვირის მიმოხილვა (9-14 ივნისი)

2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარდგენილ საარჩევნო სიის თანახმად, ვერც ერთი პარტია ვერ აკმაყოფილებს ნორმას, რომლის მიხედვითაც ისინი სიებში ქალების წარმოდგენისთვის ფინანსურ დანამატს მიიღებენ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო. ცესკო-ს ინფორმაციით, 2014 ბეჭდვის პროცესს ცესკოს წევრებთან ერთად 3 არასამთავრობო ორგანიზაცია: "საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი"; "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი" და "ჩვენ-ჯანსაღი მომავლისთვის" აკვირდებიან.
9, 611, 100 ბიულეტენიდან იბეჭდება: პროპორციული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის - 3, 203, 700; მაჟორიტარული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის - 3, 203, 700; 12 თვითმმართველი ქალაქის მერების არჩევნებისთვის - 1, 389, 550; 59 მუნიციპალიტეტში გამგებლების არჩევის მიზნით - 1, 814, 150. ბიულეტენები ასევე იბეჭდება ეთნიკური უმცირესობების: სომხურ-ქართულ, აზერბაიჯანულ-ქართულ და ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე (სულ - 748, 500 ბიულეტენი).

არჩევნების დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული უბნები და სპეციალური კაბინები მოეწყობა. საარჩევნო უბნებზე მხედველობა დაქვეითებული პირებისთვის, სპეციალური გამადიდებელი ლინზებიც იქნება გამოყენებული.

სიახლეები 10 ივნისს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო.
ცესკომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ამორმჩეველთა მონაცემების დამუშავება დაასრულა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3,429,748 შეადგინა, რაც 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიის საბოლოო მონაცემია. სააგენტომ კომისიას 3, 501, 198 მოქალაქის მონაცემები 1 ივნისს გადმოსცა.

გურჯანის რაიონულმა სასამართლომ 12 ივნისის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ კუთვნილ ელექტრობოძებზე საარჩევნო ბანერის გაკვრის გამო სამართალდარღვევად ცნო, თუმცა არ დააჯარიმა. აღნიშნული ფაქტი იწვევდა პირის 50 ლარით დაჯარიმებას. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ წარმომადგენლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო ბანერები 4 ივნისს გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე და აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 6 ივნისს კი სოფელ ბაკურციხეში ჩამოხსნეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე ბრალი კიდევ ერთი პირს წარედგინა. პასუხისგებაში მიეცა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის „EXIMUS HOLDING“-ის დირექტორი ალექსანდრე გოგოხია. რომელიც წარსულში ხელმძღვანელობდა შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიას“. ვინაიდან ალექსანდრე გოგოხია თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას მას ბრალდება წარედგინება დაუსწრებლად.
9 ივნისს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ადგილობრივმა აქტივისტებმა ცაგერში მათი შეხვედრის ჩაშლა სცადეს. როგორც გიგი წერეთელმა განაცხადა, როცა გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და პარტიის სხვა წარმომადგენლები ამომრჩევლებთან შეხვედრას მართავდნენ, "რაღაც ჯგუფი მივიდა", ისროლეს კვერცხები, ადგილი ჰქონდა გარკვეულ გაწევ-გამოწევას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ახმედ იმამყულიევი მარნეულის გამგებლობის კანდიდატად დატოვა. ამის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ 10 ივნისს მიიღო. იმამყულიევი "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატია. იმ მოტივით, რომ საქართველოში ბოლო 2 წლის მანძილზე არ უცხოვრია, საოლქო სასამართლომ იმამყულიევი რეგისტრაციიდან მოხსნა, რაც ცესკომ ძალაში დატოვა. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე მიესალმება სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გაუქმდა და ახმედ იმამყულიევს, როგორც ყველა კანდიდატს, პოლიტიკურ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეეძლება.

ფინანსური ანგარიშების წარუდგენლობის გამო, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური არჩევნებში მონაწილე 160-მდე დამოუკიდებელი კანდიდატის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. კანონის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები ვალდებული არიან 3 კვირაში ერთხელ ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში ფინანსური ანგარიშები წარმოადგინონ, რაც არჩევნებში მონაწილე 821 პირიდან 160-მა კანდიდატმა არ შეასრულა. ოქმების გადაგზავნის შემდეგ საქალაქო სასამართლო 1000-ლარიანი ჯარიმის გამოყენებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობისა და დარეგისტრირებულ კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ ბოლო პერიოდში გამოთქმულმა ბრალდებებმა ჩრდილი მიაყენა საარჩევნო კამპანიას, რომლის მშვიდობიან გარემოში წარმართვის პირობა პოლიტიკურმა ლიდერებმა დადეს. წინასაარჩევნო პერიოდში, 30-ზე მეტ შემთხვევაში კანდიდატურის მოხსნა პოლიციის მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლას უკავშირდება , თუმცა NDI-მ დეტალების დადასტურება ვერ შეძლო, - ასეთია წინასაარჩევნო პოლიტიკური გარემოს შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ანგარიშში დაფიქსირებული დასკვნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო კამპანიას სხვადასხვა მიზეზით 400-მდე კანდიდატი გამოეთიშა.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური არჩევნებში მონაწილე სამ პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულების დარღვევაში ადანაშაულებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამსახურის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა განუცხადა, აღნიშნულის გამო "კონსერვატიული პარტიის", "საქართველოს გზისა" და "პატრიოტა ალიანსის" წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავენ.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საარჩევნო პროცესების მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ იქნა 3 პოლიტიკური პარტიის მიერ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულების დარღვევების ფაქტები

კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" სამტრედიის შტაბი განცხადებას ავრცელებს კოალიციის სამტრედიის შტაბის წევრების მიმართ ზეწოლის შესახებ.
"ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" სამტრედიის შტაბს ამის დამადასტურებელი რამდენიმე მაგალითიც აქვს მოყვანილი. აღნიშნული ფაქტები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მრჩეველს, პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელს ტობიას ტიბერგს გადასცეს შესასწავლად. შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებულ სხვადასხვა დარღვევის ფაქტებზეც გამახვილდა ყურადღება.
"ნაციონალური მოძრაობის" დასაფინანსებლად შექმნილი სქემის მონაწილე საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს ჰყვება. „გიორგი ღონიაშვილი გიგი უგულავას დავალებით დამიკავშირდა, რომ მათ საარჩევნოდ თანხების გათეთრებაში და საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოტანაში დავხმარებოდი“, – ამის შესახებ ღონიაშვილის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ბიზნესმენმა გიორგი კაპანაძემ "ტელეიმედის" ეთერში გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა.

ბიზნესმენმა ყველა ის დეტალი გაიხსენა, რაც აღნიშნულ საქმეს უკავშირდება და განაცხადა, რომ გიგი უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი მას ორი თვის წინ დაუკავშირდა.
საია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. „საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა თავდასხმის 2, ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის - 4, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის - 9, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 2, სავარაუდოდ აგიტაციის წესების დარღვევის - 1, სამსახურიდან გათავისუფლების - 2, პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესების დარღვევის - 1 ფაქტი. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობრივი აქტებისა და დაპირისპირების შემცველი ინციდენტების სათანადო პრევენცია ვერ შეძლო,“- ნათქვამია ანგარიშში.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისთან, 11 ივნისს, სატყეო დეპარტამენტის რეინჯერის დავით ცინდელიანისა და კონტრდაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავამ ოჯახის წევრებმა ერთობლივი აქცია გამართეს. სამართალდამცველებმა გააკეთეს ჯაჭვი და აქციის მონაწილეებს ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ახლოს არ უშვებდნენ, რასაც პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ენმ-ის ოფისთან მისვლას და საპროტესტო აქციის იქ გამართვას. ცინდელიანისა და ქარდავას გაუჩინარების საქმის გახსნაზე განცხადებები შს სამინისტრომ გააკეთა. შსს-მ მათ მკვლელობაში ბრალდებულად კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი რომან შამათავა ცნო. ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა. მისი განცხადებით, ”დღეს, როდესაც ხელისუფლება ხედავს, რომ თენგო გუნავას აქვს გამარჯვების დიდი შანსი, ისევე ბინძურად აბრალებს აბსურდულ დანაშაულს, როგორც მას დააბრალეს ოქტომბრის არჩევნების დროს ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა”.

11 ივნისს რუსთავში, N6 მაჟორიტარულ ოლქში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის დავით სულაძის საარჩევნო შტაბის შენობის ვიტრაჟი ჩაამტვრიეს. შემთხვევის ადგილზე დილიდან მუშაობდა საპატრულო პოლიცია და კრიმინალური სამსახური. "როგორც კი ფაქტის შესახებ გამაგებინეს, მაშინვე მოვედი. გამოვიძახე საპატრულო პოლიცია, შემდეგ კრიმინალური პოლიცია მოვიდა და მიმდინარეობს გამოძიება. ჩემი მომხრე ამას არ გამიკეთებდა, არც ისეა, რომ ვინმე გამვლელს შემთხევით გაეკეთებინა, აშკარად განზრახ არის გაკეთებული“, - განაცხადა დავით სულაძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სამართალდამცველ ორგანოებს და უწყებათშორის კომისიას თეთრიწყაროს რაიონში ქართული ოცნების სიის პირველი ნომრის და შტაბის უფროსის, გოჩა თედორაძის საკითხით დაინტერესების მოთხოვნით მიმართავს. ნაციონალური მოძრაობა გოჩა თედორაძეს მათი კანდიდატზე ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თედორაძე არჩევნებიდან უნდა მოიხსნას.

ბლოკის გურჯაანის გამგებლობის კანდიდატის ვალერი შოშიაშვილის მტკიცებით, საგარეჯოში ხელისუფლება პატიმრების ოჯახებზე ახდენს ზეწოლას. მისივე თქმით, ახმეტაში, გურჯაანსა და ლაგოდეხში, სამთავრობო ბლოკი წინასარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციულ რესურს იყენებს. “ლაგოდეხში სკოლის დირექტორები წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად არიან ჩართული. ასევე ახმეტაში სათნოების სახლის მოხუცებს ეუბნებიან, რომ 41 ნომერი უნდა მოხაზონ. საგარეჯოში კი რამდენიმე პატიმრის ოჯახში მივიდნენ და აიძულებენ, რომ თუ ნეიტრალურ პოზიციას არ დაიკავებენ, მათ შვილებს სასჯელი გაუორმაგდებათ. გურჯაანის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გუჯა გიორგაძე კი სოფლების რწმუნებულებს აიძულებს, ყველაფერი გააკეთონ, რომ მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს“, - აცხადებს შოშიაშვილი.

მთავარი პროკურატურა საარჩევნო სუბიექტების მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს პროკურატურამ საარჩევნო სუბიექტების მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის 80 ფაქტი გამოიკვლია, საიდანაც უწყებამ გამოძიება მხოლოდ 4 შემთხვევაში დაწყო. დანარჩენ 76 შემთხვევაში ზეწოლის ფაქტები არ დადასტურდა.
პროკურატურის ამ განცხადებას ბლოკ “არასაპარლამენტო ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია გამოეხმაურა. „დღესაც თუ ვინმეს ჰგონია, რომ პროკურატურაში მივა ის ადამინი, რომელსაც ზეწოლის გამო შეეშინდა და კანდიდატურა მოხსნა, ის ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს და წარმოდგენა არა აქვს არც ადამიანის ფსიქოლოგიაზე და არც პროკურატურის და სუს-ის მეთოდებზე. მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ და ნურც სხვა მოვატყუებთ”, - განაცხადა ნაჭყებიამ.

13 ინვისს “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა პარტიის ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათ კოალიციის მარნეული გამგებლობის კანდიდატის მოხსნის რეკომენდაცია გააპროტესტეს. “ჩვენ გვინდა რომ მერაბ თოფჩიშვილის კანდიდატურა დარჩეს. ჩვენ ყველა - აზერბაიჯანელებიც და ქართველებიც მხარს ვუჭერთ ამ კანდიდატს”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გაბილ ხალილოვმა. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, კანდიდატურის მოხსნის ვადები ამოწურულია, ბიულეტენების ბეჭდვაც უკვე სრულდება და ამ ეტაპზე ცვლილებები შეუძლებელია. ამის გამო, საარჩევნო ბიულეტენზე მერაბ თოფჩიშვილის გვარი მაინც დაიბეჭდება და მისი ხმებიც დაითვლება. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავად მერაბ თოფჩიშვილი საკუთარ კანდიდატურას არ ხსნის არჩევნებზე. თოფჩიშვილის განცხადებით, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მან კანდიდატურა მოხსნა, რაც სიმართლეს არ შეეფერება და წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. იგი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს. კითხვაზე - აქვს თუ არა მას კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალური შტაბის მხარდაჭერა, თოფჩიშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია მხარს უჭერს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ დეტალური კონსულტაციების გავლისა და პარტიის ლიდერებთან შეხვედრისთვის ვერ მოიცალა, რადგან სოფელ-სოფელ დადიოდა და საკუთარ ამომრჩეველს ინფორმაციას აწვდიდა, რომ კანდიდატურა არ მოუხსნია. უკვე 14 ივნისს კი მერაბ თოფიჩაშვილმა განცხადება გაავრცელა და საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნა.
მაკა მოსიაშვილის თქმით, სოფელ ბაკურციხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მეუღლე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გუშინ გურჯაანის პოლიციაში გადაიყვანეს. “განყოფილებაში სამართალდამცავებისგან იყო პირდაპირი ზეწოლა კანდიდატის ოჯახის წევრებზე. აიძულებდნენ, რომ ან კანდიდიატურა მოახსნევინე შენს ცოლს, ან კიდევ დაწერე, რომ ბაკურციხეში ბანერი თქვენებმა დააზიანეს და არა „ოცნებამო“, - განაცხადა მოსიაშვილმა. პარტია მომხდარ ფაქტზე რეაგირებას მოითხოვს.

"ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, თბილისში, თვითმმართველობის არჩევნებში მერობის სამი კანდიდატი ლიდერობს. "ახალგაზრდა ადვოკატებმა" სოციოლოგიური გამოკითხვის პრეზენტაცია 13 ივნისისს სასტუმრო "ვერე პალასში" გამართეს. სოციოლოგიური კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ხმების 52.8% დავით ნარმანიამ მოიპოვა, 22.8% - დიმიტრი ლორთქიფანიძემ, 13.8% - ნიკა მელიამ. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, გამოკითხვების თანახმად, დედაქალაქის ამომრჩევლები მიდიან არჩევნებზე და მათი არჩევანი არის გააზრებული.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესის დასრულების შესახებ შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. „15 ივნისს, დილის 8:00 სთ-დან კენჭისყრისთვის გაიხსნება 3, 637 საარჩევნო უბანი, რომლებსაც უკვე გადაეცათ საარჩევნო ბიულეტენები, ოქმები და ყველა სხვა საჭირო მასალა. ხმის მიცემის პროცესი საღამოს 20:00 სთ-ზე დასრულდება. საარჩევნო კომისიის ყველა წევრს გავლილი აქვს საარჩევნო ტრენინგები და ისინი მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა