გასული კვირაში მედიაში აქტიურად შუქდებოდა ზეწოლის ფაქტების შესახებ ინფორმაცია. განცხადებას ავრცელებდნენ სხვადასხვა პარტიები და კონკრეტულ ფაქტებსაც ასახელებდნენ.
26 მაისს ლანჩხუთში "საქართველოს პარტიოტთა ალიანსის" გამგებლობის კანდიდატის, ბორის ჭყონიას შტაბში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც შტაბის წევრებმა კონკრეტულ ზეწოლის ფაქტებზე განცხადება გააკეთეს. როგორც ამბობენ, ზეწოლა "ქართული ოცნების" მხრიდან მათი კოორდინატორსა და კომისიის მდივანზე განხორციელდა. „ჩვენი კოორდინატორი დადიოდა კარდაკარ, საღამოს მიაკითხეს სახლში და განახორციელეს მასზე ზეწოლა, მოვიდა საღამოს ჩემთან ატირებული და მითხრა, მთელი გულით და სულით ვუჭერ ბატონ ბორისს მხარს, მაგრამ ვეღარ გავაგრძელებ მასთან მუშაობასო“, _ განაცხადა გელა კვერენილაძემ. სოფელ ჭყონაგორაში მეოცე უბანზე, კომისიის მდივანზე, ქალბატონ ირინა ორმოცაძეზე განხორციელდა ზეწოლა.
პარტია ,,სალომე ზურაბიშვილი -საქართველოს გზა" მათ მაჟორიტარ კანდიდატებზე დაფიქსირებულ ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და მათგან სასწარაფოდ რეაგირებას მოითხოვს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, 24 მაისს, მოვალეობის შესრულების დროს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატ თეონა ზოიძის მე-3 საარჩევნო უბანზე, საპატრულო პოლიციამ ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით უბნის წარმომადგენელი რეზო თედორაძე და კოორდინატორი, ნუკრი ყურსუბაძე დააკავა. 23 მაისს, საპატრულო პოლიციამ ასევე ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით დააკავა ძველი ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ირემაძე, რომელიც მიემართებოდა ამომრჩეველთან შეხვედრაზე. კანდიდატი გათავისუფლებულ იქნა ამომრჩეველთან შეხვედრის ჩაშლის შემდეგ. ახალციხის რაიონში პარტია "სალომე ზურაბიშვილი -,,საქართველოს გზის" როგორც ქალაქის პარტიულ სიაში, ასევე ახალციხის რაიონულ სიაში მყოფმა კანდიდატებმა მოხსნეს კანდიდატურები მათზე ზეწოლის განხორციელების შედეგად, რითაც ორივე სია გაუქმდა და პარტიას არ ჰყავს წარმომადგენილი კანდიდატები. ამჟამად ყველა მათგანი გათავისუფლებულია", - აცხადებენ პარტიაში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით პარტიამ რამდენჯერმე საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელიც სატელევიზიო სივრცეში დაბლოკეს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მტკიცებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მერობისა და გამგებლობის კანდიდატებისა და პარტიული სიების შესაბამის საოლქო კომისიებში წარდგენის შემდეგ ხელისუფლებამ საარჩევნო ბლოკ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ფორმა დაიწყო.
კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობა” დარეგისტრირებულ კანდიდატებზე ზეწოლაზე საუბრობს, რომლის მიზანსაც, მათი თქმით, წარმოადგენს ის, რომ მათ კანდიდატობაზე უარი “საკუთარი სურვილით” განაცხადონ.
“ნაციონალურ მოძრაობაში” განმარტავენ, რომ “საკუთარი სურვილით” კანდიდატობაზე უარი 11 პირმა განაცხადა.
კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ სიის პირველმა ნომერმა, ზაზა ვეკუამ საგანგებო ბრიფინგი გამართა:
„რამდენიმე დღეა კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ნინოწმინდის შტაბის წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რათა ამ რაიონში პარტიული სია განულებულიყო.
მინდა გაცნობოთ, რომ ეს ოპერაცია წარმატებით დასრულდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კოალიცია ნინოწმინდაში არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს“,-განაცხადა ზაზა ვეკუამ.
„საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ“ 29 მაისს განცხადება გაავრცელა, სადაც შეხვედრის ჩაშლის მცდელობაზე საუბრობენ. "დღეს, 29 მაისს, დილით 11 საათზე საჩხერის ცენტრში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე წინასაარჩევნო შეხვედრაზე ჩასულ შალვა ნათელაშვილს დაუპირისპირდა ივანიშვილის სპეცსამასახურების მიერ წინასწარ მომზადებული პროვოკატორების ბრბო, რომლებმაც სცადეს შეხვედრის ჩაშლა, რაც არ გამოუვიდათ.
პროვოკატორების საქმიანობას ორგანიზებას უწევდა შორიახლიოს მობილიზირებული “პიკაპი”-ს მარკის პოლიციის მანქანებში მყოფი სპეც-სამსახურის თანმშრომლები“,-აღნიშნულია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციური პარტიების კანდიდატებზე ზეწოლაზე საუბრობენ. ამასთან დაკავშირებით 30 მაისს "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ, "საერთაშორისო "გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა და საიას ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ ერთობლი პრესკონფერენცია გამართეს.
მათი განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატები, რომლებიც პროპორციული ან მაჟორიტარული სიით აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, საკუთარ კანდიდატურებს ზეწოლის შედეგად ხსნიან. მათი ინფორმაციით ამ ეტაპზე საუბარია 32 კანდიდატზე, რომელთაც უკვე მოხსნეს კანდიდატურები ზეწოლის შედეგად. ისინი ძირითადად, არ აკონკრეტებენ თუ ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას. ძირითადად ზეწოლას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგელები ახორციელებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას, დაინტერესდნენ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებით და აღკვეთონ საარჩევნო კანდიდატებსა თუ პარტიების აქტივისტებზე ყოველგვარი ზეწოლა. არასამთავრობოები ასევე მიმართავენ უწყებათაშორის კომისიას, შეისწავლოს კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტები და შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართოს სამართალდამცავ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს მთავრობას ოპოზიციური პარტიის კანდიდატების დაშინებასა და დაშანტაჟებაში ადანაშაულებს .
როგორც პარტიის 1 ივნისის განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერ მინისტრის ოზურგეთში გაკეთებული განცხადება ადასტურებს იმას, თუ რის გამო განაცხადეს უარი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა არჩევნებში მონაწილეობაზე. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, "არც ერთ რაიონში ჩვენ არ უნდა დავუშვათ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვება"."ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, ამ მხრივ განსაკუთრებული აქტივობაა რეგიონებში და მათ შორის ქვემო ქართლში, სადაც პროცესს რეგიონში სამხარეო პოლიციის უფროსი კვიციანი ხელმძღვანელობს. "ნაციონალური მოძრაობა" ცესკო-ს, უწყებათაშორის კომისიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საკითხის შესწავლისა და რეაგირების თხოვნით მიმართავს.
დაპირისპირება მოჰყვა რუსთავში ,,ქართული ოცნების” საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების ტრენინგს .
კოალიციის წევრების მტკიცებით, ტრენინგის ჩაშლის მიზნით, ოფისში ,,ნაციონალური მოძრაობისა” და "თავისუფალი ზონის" წევრები შეიჭრნენ და ადგილზე მყოფებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
მომხდარს ეხმაურება ,,ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის მერობის კანდიდატი. მამუკა ჩიქოვანის თქმით, საუბნო კომისიის წევრებს ტრენინგი უკანონოდ უტარდებოდათ, შენობაში მისვლის მიზეზი კი მხოლოდ ინფორმაციის გადამოწმება იყო. ჩიქოვანი საოლქო საარჩევნო კომისიასა და ცესკო-ს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
საარჩევნო ბლოკმა „ქართულმა ოცნებამ“ რუსთავში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 28 მაისს, განცხადება გაავრცელა და მომხდარი ფაქტი დაგმო, „ნაციონალური მოძრაობა“ კი პროვოკაციულ ქმედებაში დაადანაშაულა.
ცენტრალური სააარჩევნო კომისია “სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ რუსთავის ოფისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ტრენინგის შესახებ არ ყოფილა ინფორმირებული. ამასთან, კანონმდებლობიდან გამომდინარე არც შეიძლებოდა არსებულიყო რაიმე სახის შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით. საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე. ცესკო-ში განმარტევენ, რომ რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიამ დაიწყო ზემოაღნიშნული ფაქტის მოკვლევა. საკითხის სათანადო შესწავლის საფუძველზე საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებს.
12 მაისს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გორში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრას დაესწრო და ამომრჩეველს კოალიცია „ქართული ოცნების“ გორის მერობისა და შიდა ქართლის გამგებლების კანდიდატები წარუდგინა.
მედიაში გავრცელდა კადრები სადაც ჩანს, რომ შეხვედრაზე დასწრების მიზნით მოხდა საჯარო მოხელეების მობილიზება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. გავრცელებულ ვიდეო მასალაში კასპში დასაქმებული საჯარო მოხელეები აცხადებენ, რომ გორში მიდიან „ექსკურსიაზე“ ან საერთოდ იკავებენ თავს კითხვაზე პასუხის გაცემისგან. მოცემულ პირთა გადაადგილება კი უზრუნველყოფილია ფორსირებულად, სამარშრუტო ტაქსებით. კანონმდებლობით აკრძალულია თანამდებობის პირის მიერ დაქვემდებარებულ პირთა ჩაბმა კონკრეტული სუბიექტების მხარდამჭერ აგიტაციაში. ასევე შესწავლას საჭიროებს ის ფაქტი, თუ რა სახსრებით მოხდა კასპიდან გორში საჯარო მოხელეების გადაადგილებისთვის გამოყენებული ტრანსპორტის იჯარის თანხის დაფარვა.
„არასაპარლამენტო ოპოზიციამ“ აღნიშნულ საკითხზე ცესკოში საჩივარი შეიტანა, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას ითხოვს.
კაჭრეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ფარული აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც თორნიკე წინწალაშვილი საუბნო კომისიის თავმჯდომარეებს გურჯაანის ყოფილი გამგებლის სასარგებლოდ აგიტაციის გაწევას ავალებს. მომხდარი მეთორმეტე საარჩევნო კომისიამ განიხილა, სადაც საუბნო კომისიის თავმჯდომარეებმა დაადასტურეს, რომ თორნიკე წინწალაშვილი მათ ემზარ ჯიქურაშვილის სასარგებლოდ მუშაობას ავალებდა. ფაქტს თავად წინწალაშვილიც ადასტურებს, თუმცა კომისიის წევრებზე ზეწოლას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მისი სიტყვები დამახინჯებულია. დაეკისრება თუ არა წინწალაშვილს აგიტაციისთვის 2000-ლარიანი ჯარიმა, სასამართლო გადაწყვეტს.
ცსკ-მ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების კომუნიკაციის სტრატეგია შეიმუშავა. დოკუმენტი საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარესთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და კომუნიკაციის ახალი ფორმატების დანერგვას ისახავს მიზნად .
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების კომუნიკაციის სტრატეგია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით მომზადდა. სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც IFES-ის ექსპერტმა კარენ ლუის ბუთმა ცსკ-ის წევრებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად შეიმუშავა, თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება.
ცენტრალური საარჩევნო კომისია იმედოვნებს, რომ ამ ინიციატივის და გაწეული მუშაობის შედეგად მისი კომუნიკაცია ამომრჩეველთან და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარესთან კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება.
27 მაისს ზურაბ ჭიაბერაშვილს აბაშიძის N22-ში მდებარე "ლიტერატურულ კაფეში" თავს დაესხნენ რეზო თაბუკაშვილი უმცროსი და რეჟისორი გიორგი მგელაძე. დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, ზურაბ ჭიაბერაშვილს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 120-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
რეზო თაბუკაშვილი და გიო მგელაძე პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ისინი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ. "ჩემთვის გაუგებარია, როდესაც ხდება საკმაოდ რბილი სასჯელის გამოყენება მსგავსი დანაშაულისთვის,“-აღნიშნა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა.
22 აპრილს მთავრობის კანცელარიაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. „არასაპარლამენტო ოპოზიციამ“ ამ საკითხზე ცესკოში საჩივარი შეიტანა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან სამთავრობო შენობის გამოყენება პარტიული ინტერესებისთვის, წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მთავრობის კანცელარიის მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
30 მაისს სასამართლომ განიხილა საქმე და მთავრობის კანცელარია 1000 ლარით დააჯარიმა.
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები