ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
კვირის მიმოხილვა (12-18 მაისი)

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ქუთაისის მერობისთვის თემურ შაშიაშვილიც იბრძოლებს. შაშიაშვილი, რომელიც ერთხელ უკვე იყო ქუთაისის მერი, კონკურენციას ამ პოსტზე უკვე დასახელებულ კანდიდატებს შოთა მურღულიას და ასევე ქუთაისის ყოფილ მერს გიორგი თევდორაძეს გაუწევს. შაშიაშვილი არჩევებში მონაწილებას კოალიცია "ნინო ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის" სახელით მიიღებს.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკების და პარტიების რიგითი ნომრები დაადგინა. „ქართული ოცნების“ რიგითი ნომერი ისევ 41–ია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში მონაწილეობას კვლავ 5 ნომრით მიიღებს. 

საარჩევნო ბლოკ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობისთვის“ საარჩევნო ნომერი „5“-ის მინიჭებას „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ აპროტესტებს. საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლი მირდაპირ ითვალისწინებს, რომ თუკი ბლოკის რომელიმე სუბიექტს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არ აქვს მონაწილეობა მიღებული, საარჩევნო ბლოკის ნომერი გამოვლინდება წილისყრით. „ნაციონალური მოძრაობა“ კი ბლოკშია „ქრისტიანულ-კონსერვატიულ პარტიასთან“ (შოთა მალაშხიას პარტია), რომელიც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ შეიქმნა. „არასაპარლამენტო ოპოზიციას“ მიაჩნია რომ გადაწყვეტილება უსამართლოა, რადგან 2012 წელს ამავე კანონის საფუძველზე „ქართულ ოცნებას“ „7“ ნომერი წაართვეს.
ამ საკითხზე სასამართლო სხდომა 16 მაისს, 15:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. სასამართლომ გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ მიიღო. „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე თბილისის მერობის 10 კანდიდატია რეგისტრირებული. ესენი არიან: მიხეილ სალუაშვილი (უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე); გიორგი ლაღიძე (მომავალი საქართველო); ასმათ ტყაბლაძე (შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია); გიორგი გაჩეჩილაძე (გიორგი გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია); როინ ლიპარტელიანი (საქართველოს მშრომელთა საბჭო); დიმიტრი ლორთქიფანიძე (ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია); ირაკლი ღლონტი (ირაკლი ღლონტი-რეფორმატორები); კახა კუკავა (არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა ფიქრია ჩიხრაძე); დავით ნარმანია (საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“); გიორგი ლილუაშვილი (მერაბ კოსტავას საზოგადოება); ცესკო შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების, გამგებლობის და დანარჩენ თვითმმართველ ქალაქებში (თბილისის გარდა) მერობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაავრცელებს.

ცესკოს თავმჯდომარის 13 მაისის განკარგულებით „ქართულ დასს“ და „დემოკრატიულ მოძრაობას“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდათ. პარტიებმა თავად მიმართეს ცესკოს რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.
მომავალ არჩევნებში ნინო ბურჯანაძის გუნდი და ჯობდი ბაღათურია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ სახელით მიიღებენ მონაწილეობას.

"არასაპარლამენტო ოპოზიცია" მხარდამჭერებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებს ასახელებს. ზეწოლის ფაქტების შესახებ საარჩევნო ბლოკის "არასაპარლამენტო ოპოზიციის" პრეს-სპიკერმა, მანანა ნაჭყებიამ ისაუბრა. კონკრეტულად, მანანა ნაჭყებიამ დაასახელა ხარაგაულის და ქარელის მუნიციპალიტეტებში მათ მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტები.  

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე თამარ ჟვანია მრგვალი მაგიდის ფორმატში არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა .
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული შეხვედრის მთავარი მიზანი შეხვედრის მონაწილეებთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო თემების განხილვა იყო.
მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა არჩევნების დღეს მედიის მუშაობის გარემოს ხელშეწყობას და პოლიტიკური პარტიების კამპანიის შესაბამის პირობებში წარმოებას.

ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ისინი წინასაარჩევნო დარღვევებსა და დისკრიმინაციაზე საუბრობენ. კერძოდ: მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 12 - 12 მლნ ლარის უფასო საარჩევნო რეკლამით სარგებლობს მხოლოდ 3 სუბიექტი - „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, რაც უკვე წარმოადგენს დისკრიმინაციას დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტების მიმართ. გარდა ამისა, „მოქალაქთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულია საარჩევნო რეკლამის ხარჯების დასაფარად დამატებითი ფინანსების გამოყოფა იმ პარტიებისთვის, რომლებსაც ბოლო საერთო არჩევნების შემდეგ წარმოეშვათ დაფინანსების უფლება. მათი თქმით, ამ უფლებით მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სარგებლობენ, მიუხედავად იმის, რომ პირობას 11 სხვა საარჩევნო სუბიექტიც აკმაყოფილებს.

ცესკომ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავება დაასრულა (სააგენტომ ცესკოში მონაცემები 1 მაისს წარმოადგინა). შედეგად, კომისიაში არსებული მონაცემების მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 472 772-ს შეადგენს. ამასთან, ვინაიდან, ამომრჩეველთა სიაში კანონმდებლობით განსაზღვრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ჯერ არ ამოწურულა, აღნიშნული მონაცემი დაზუსტდება.
16 მაისიდან, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებისთვის საინფორმაციო ბარათების დარიგებას იწყებს.

"არასაპარლამენტო ოპოზიციამ" თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობის წინ, დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატები და თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. "არასაპარლამენტო ოპოზიცია" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია. როგორც "არასაპარლამენტო ოპოზიციის" მერობის კანდიდატმა , კახა კუკავამ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოსთან მაჟორიტარი კანდიდატებისა და თბილისის საკრებულოს წევრების კანდიდატების წარდგენის შემდეგ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მის ძალას არ აქვს ოპონენტების მსგავსი ფინანსური რესური, კანდიდატების გამოცდილებიდან გამომდინარე, ისინი მაინც მოახერხებენ არჩევნებში გამარჯვებას.

თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატების ათეული დაასახელა :
1. სევდია უგრეხელიძე, 2. ირაკლი აბესაძე, 3. მამუკა ახვლედიანი, 4. თამაზ შოშიაშვილი, 5. ირაკლი ნადირაძე, 6. თემურ გრიგალაშვილი, 7. ლევან მხეიძე, 8. მარიკა დათუკიშვილი, 9. ქეთევან ქოჩორაშვილი, 10. გიორგი ჩაჩანიძე.
საარჩევნო ბლოკი "ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების პროპორციული სია უკვე ცნობილია .
სია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსმა კახა კალაძემ და თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ მთაწმინდის პარკში წარადგინეს.
ასევე ცნობილი გახდა „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ოზურგეთის მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობაც 

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტში, კახეთში წინასაარჩევნო კამპანიის დროს არსებული დარღვევებიც მოხვდა.

კერძოდ კი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ 30 აპრილს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა - ბექა ბაიდაურმა და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ადგილობრივი შტაბის თავმჯდომარემ თუშეთში მოსახლეობისთვის სააღდგომო კალათებისა და მედიკამენტების გადაცემით დარღვიეს საარჩევნო კოდექსით დაწესებული შეზღუდვები. ანგარიშში ასევე მოხვდა , ყვარლის გამგებლის დავით ქევხიშვილის გადაყენების და დედოფლისწყაროს სკოლამდელი აღზრდის ცენტრის თანამშრომლებისთვის ხელფასების 30%-ნი გაზრდის ფაქტიც . "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს და მოუწოდებს არ მოხდეს წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ისეთი პროექტების ინიცირება რომელიც ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსით დაწესებულ შეზღუდვებთან ან შეიძლება აღქმული იყოს, როგორც საბიუჯეტო რესურსების კამპანიური მიზნით გამოყენება“.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, სალომე ზურაბიშვილს თბილისის მერობა სურს . ზურაბიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადს 16 მაისს 17:00 საათზე შეიტანა.
თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენის ვადა ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება.

16 მაისს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ საჩივარი განიხილა. საკითხი შეეხებოდა 22 აპრილს მთავრობის კანცელარიაში გამართულ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომას, სადაც მმართველი პარტიის წევრები და მთავრობის მეთაური ღარიბაშვილი საარჩევნო საკითხებს, სავარაუდო კანდიდატებს და პარტიულ სიას განიხილავდნენ.

კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული შენობა (ამ შემთხვევაში მთავრობის კანცელარია) არ შეიძლება გამოყნებული იყოს ერთი კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის. რის გამოც ირაკლი ღარიბაშვილი 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.

კოალიცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის ორგანიზაციის 35-მა წევრმა დღეს პარტიის რიგები დატოვეა და ეროსი კიწმარიშვილის "ჩვენი საქართველოს" რიგებს შეუერთდა. ამის შესახებ განცხადება, პარტიიდან წასულმა წევრებმა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.
როგორც "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ყოფილმა წევრმა, ამირან ბიწაძემ განაცხადა, "ჩვენი საქართველოს" მერობის კანდიდატ ეროსი კიწმარიშვილს უჭერს მხარს, "ქართული ოცნებიდან" წასვლის გადაწყვეტილება კი ბოლო დროს განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, კერძოდ კი პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამ მიაღებინა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30