ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
კვირის მიმოხილვა (5-11 მაისი)

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის პროცესი დაასრულა . ცესკო-ს ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეგისტრაციის მიზნით, 34-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა.
აქედან 26 პოლიტიკური გაერთიანება დარეგისტრირდა, ხოლო 6-ს უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე.
2014 წლის 1 მაისს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკო-ს პოტენციურ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემები გადასცა, რომელიც 3 553 673 პოტენციურ ამომრჩეველს ითვლის. ამ მონაცემებს შესაბამისი წესის თანახმად, ცესკო დაამუშავებს და ამომრჩეველთა სიას გამოაქვეყნებს. "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შესული ცვლილებების შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მიწოდებულ მონაცემებში შეტანილია მოქალაქეთა უახლესი ფოტოსურათები, რაც წინაპირობაა იმისა, რომ 15 ივნისს საქართველოში პირველად ჩატარდება არჩევნები ფოტოსურათიანი ამომრჩეველთა სიებით.

5 მაისს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული დოკუმენტით არჩევნებში ჩართული მხარეები წინასაარჩევნო კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ერთგვაროვან აღქმასა და გამოყენებაზე თანხმდებიან.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო კამპანიის ფონდებს არეგისტრირებს. საინიციატივო ჯგუფი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს საარჩევნო კამპანიის ფონდი და დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
საბანკო ანგარიშის გახსნის მოთხოვნის შემთხვევაში, საჯარო რეესტრში საარჩევნო სუბიექტის საინიციატივო ჯგუფის მიერ დაფუძნებული ფონდის სახელზე საბანკო დაწესებულებაში ანგარიში უფასოდ გაიხსნება.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება თუ არა “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო ნომერი “5″, 16 მაისამდე გადაწყდება“,-ამის შესახებ ცესკო-ს პრეს-სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც აზარაშვილმა განმარტა, ნომრის მინიჭების საკითხი ცესკო-ს თავმჯდომარის კომპეტენციაში არ შედის და მას ცესკო-ს კომისია გადაწყვეტს.
მისივე თქმით, საარჩევნო ნომერთან დაკავშირებულ საკითხზე ცესკო არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა იმსჯელებს.
ცესკო-ს თავმჯდომარის წერილში, რომელიც გაიგზავნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელზე, მითითებულია საარჩევნო კოდექსის 145-ე მუხლის მე-8 მუხლი, სადაც წერია, რომ საკრებულოს არჩევნებისთვის თუ ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ.

„რადგანაც ბლოკის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემადგენლობაში ერთი პარტია აკმაყოფილებს ამ პირობას, მეორე – არა, ასეთ შემთხვევაში ეს საკითხი გადაწყდება ცესკო-ს მიერ არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა, რომელიც საარჩევნო გრაფიკის მიხედვით 16 მაისია”,-განაცხადა ეკა აზარაშვილმა.
15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კახეთის რეგიონში 147 საინიციატივო ჯგუფია რეგისტრირებული. ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოს და გურჯაანის საარჩევნო ოლქებშია, ყველაზე დაბალი დედოფლისწყაროსა და სიღნაღში. საგარეჯოს საოლქო კომისიამ 37 საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა, გურჯაანმა 31, სიღნაღმა და დედოფლისწყარომ ორ–ორი. ქალაქების და სოფლების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა ქალაქ საგარეჯოში, ყვარელში, ყვარლის სოფელ გავაზში და გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარშია.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ", რომელსაც შოთა მალაშხია ხელმძღვანელობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბლოკის შექმნის თაობაზე განაცხადი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შაბათს შეიტანა. საარჩევნო ბლოკს ერქმევა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". „კანონით ყველა პარტიას აქვს უფლება, ბლოკში გაერთიანდეს და ჩვენც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა.

აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში" “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა და მასზე მხოლოდ მედიასაშუალებები მიიწვიეს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 46% მიიჩნევს , რომ პოლიტიკასთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებულ გადაცემებში "რუსთავი 2" ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს გამოხატავს.
რაც შეეხება ნდობის ფაქტორს, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი, 36% "იმედის" მიერ გადმოცემულ ახალ ამბებს ენდობა, 30% - "მაესტროს", 26% - "რუსთავი 2"-ს. კვლევა ამა წლის 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა. პირისპირი ინტერვიუს მეთოდით 3 942 ქართულენოვანი რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი ± 2,1%-ია.
NDI-ის კვლევის თანახმად, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დავით ნარმანიას აქვს , მეორე-მესამე ადგილებს კი გია გაჩეჩილაძე და კახა კუკავა იკავებენ.
აღნიშნული მონაცემები მხოლოდ თბილისის მასშტაბით გამოკითხულთა შორის დაფიქსირდა. ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი 23%-ით შემცირდა. ივანიშვილი გამოკითხულთა 51%-ს მოსწონს, 24%-ს არ მოსწონს, ხოლო 20%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ნოემბერში, ყოფილი პრემიერი კვლევაში მონაწილეთა 74%-ს მოსწონდა.

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკოსებს შორის მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ირაკლი ალასანიას აქვს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში კითხვაზე - მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (96%) პატრიარქს აქვს.

შემდეგ ადგილებს კი, რეიტინგში უკვე პოლიტიკოსები ინაწილებენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი მთავრობის წევრებს შორის რესპონდენტებს ყველაზე მეტად მოსწონთ. ალასანიას აღნიშნულ რეიტინგში დადებითი კუთხით 67%-იანი მაჩვენებელი აქვს, რესპონდენტთა 12%-ს ალასანია არ მოსწონს, 17%-ს კი მასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს.
შეკითხვაზე რომელ პარტიას მიიჩნევს ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 51 %-იანი რეიტინგი აქვს, შემდეგ ადგილს 8%-ით იკავებს "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობა, მესამე პოზიცია კი 4%-ით ლეიბორისტულ პარტიას უჭირავს.

მინისტრთა კაბინეტის წევრები NDI-ს კვლევებს არ ენდობიან. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ განუცხადა, ის საერთოდ არ ენდობა NDI-ს კვლევებს, რადგან კარგად ახსოვს, რომ NDI თავის დროზე ამბობდა, თითქოს "ქართულ ოცნებას" ჰქონდა 12%-იანი რეიტინგი, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" – 60%-იანი, რომელიც შემდეგ არ დადასტურდა.
აღნიშნულ კვლევებს არ ენდობა არც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია მიესალმება „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის 2014 წლის 2 მაისის ანგარიშსა და მხედველობაში იღებს რა მათ მოსაზრებებს, რეკომენდაციით მიმართავს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს. პარტიებს მოუწოდებენ შიდაპარტიული დისციპლინის განმტკიცებისკენ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციის მიზნით. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს კი ურჩევენ თავი შეიკავონ წინასაარჩევნო პერიოდში სერიოზული საკადრო ცვლილებებისგან და საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო პროცედურებისგან.

არასაპარლამენტო ოპოზიციის" ზუგდიდის საკრებულოს წევრობის კანდიდატი ბეჟან გუნავა კოალიცია "ქართულ ოცნებას" ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გუნავამ 8 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" კოორდინატორები მიდიან მოსახლეობასთან, მათგან მოითხოვენ იმ ადამიანების სიას, რომელთაც სურთ სოციალური დახმარების აღდგენა, ასევე სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადება. როგორც ბეჟან გუნავა აცხადებს, მათ ამის თაობაზე ინფორმაცია რამდენიმე პირმა მიაწოდა. მისივე განცხადებით, ეს არის ამომრჩევლების მოსყიდვა და რესურსის გამოყენება.
ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს "ქართული ოცნება" . კოალიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. გვასალია გუნავას ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავს ქმედებებს სწორედ გუნავა ახორციელებდა.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” თბილისის მერობის კანდიდატად ირმა ინაშვილი დაასახელა . პრეზენტაცია სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაიმართა, რომელსაც ალიანსის ლიდერი დავით თარხან-მოურავი უძღვებოდა.
დავით თარხან-მოურავმა ალიანსის თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. კერძოდ, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა მხარდამჭერებს ის 5 დაპირება გააცნო, რასაც ირმა ინაშვილი თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში შეასრულებს.
საარჩევნო პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია მოსახლეობის საცხოვრისით უზურნველყოფაზე, ჯანდაცვაზე, მინი და მიკრო ბიზნესისთვის ხელშეწყობაზე, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ადამიანების მომზადებასა და ადამიანების სოციალურ ხელშეწყობაზე.

6 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით „არასაპარლამენტო ოპოზიციამ“ საარჩევნო პროგრამის და კანდიდატთა ნაწილის პრეზენტაცია გამართა.
თბლისის მერობისთვის „არასაპარლამენტო ოპოზიციიდან“ კახა კუკავა იბრძოლებს. კუკავამ პირდაპირ ეთერში ბლოკის პროგრამის ყველა პრინციპულ საკითხზე ისაუბრა.
„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ პროგრამა 4 ბლოკისგან შედგება:
• დასაქმება და ეკონომიკური განვითარება;
• ქალაქის განვითარება;
• თბილისის ბიუჯეტის სოციალური ხარჯები;
• გრძელვადიანი ვალდებულებები - ეს ბლოკი მოიცავს საკითხებს, რომლებიც უშუალოდ არ შედის თვითმმართველობის კომპეტენციაში, თუმცა „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ მათი გადაწყვეტისთვის იბრძოლებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

8 მაისს სპორტის სასახლეში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ყრილობა გაიმართა. ყრილობა ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე – ევროპის დღე.
ყრილობას პარტიის ლიდერები და თვითმმართველობის არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები დაესწრნენ. ყრილობაზე დაასახელეს თბილისსა და რეგიონებში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობისა და გამგებლობის კანდიდატებიც.

ასევე ცნობილი გახდა კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებიც. ისინი "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ წარადგინა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30