გარდაბნისა და მარნეულის ბაზრებში ორი საინფორმაციო აქცია გაიმართა
გარდაბნისა და მარნეულის ბაზრებში ორი საინფორმაციო აქცია გაიმართა
06 ივნისი, 2014 წ.
"15 ივნისს აირჩიე შენ!!!", "ნუ დარჩები სახლში!!!", "შენი ხმა გადამწყვეტია!!!", "ხმა მიეცი შენს კეთილდღეობას!!!" ამ სლოგანით ორი საინფორმაციო აქცია გარდაბნისა და მარნეულის ბაზრებში ერთდროულად გაიმართა.
აქციის ორგანიზატორები, არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფის" წევრები ბაზარში მყოფ მოსახლეობას 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ.

მარნეულისა და გარდაბნის ბაზარში მისული მოსახლეობითვის სპეციალურ მაისურებსა და კეპებში გამოწყობილი აქტივისტები არჩევნების პროცედურების შესახებ ფლაერებსა და სპეციალურ საგაზეთო ჩანართებს არიგებდნენ. ექსპერტ-ფასილიტატორები კი დაინტერესებულ მოსახლეობას საარჩევნო პროცედურების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას და მათ ყველა შეკითხვას დეტალურად პასუხობდნენ, უწევდნენ კონსულტაციას საარჩევნო საკითხებზე.
"15 ივნისს აირჩიე შენ!!!" საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტია, მისი განხორციელება 15 მაისს დაიწყო. პროექტის ფარგლებში მარნეულისა და გარდაბნის ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ 25 სოფელში ორმა ჯგუფმა 25 საინფორმაციო ტიპის შეხვედრა გაიმართა სახელწოდებით – "საუბრები არჩევნებზე ჩაისთან ერთად".
აზერბაიჯანულ ენაზე მოსაუბრე პროფესიონალი ექსპერტ-ფასილიტატორები ქვემო ქართლის ეროვნულ უმცირესობებს ახალ, საარჩევნო კანონმდებლობას, საარჩევნო პროცედურებს, ამომრჩეველთა უფლებებსა და მოვალეობებს აცნობდნენ.
პროექტი "საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფმა" განახორციელა.

ინტერპრესნიუსი
ბეჭდვა