პოლიტიკური მოძრაობა “საქართველოს კონსერვატიული პარტია”
თავმჯდომარე: ზვიად ძიძიგური
გენერალური მდივანი: კახა კუკავა
საქართველოს კონსერვატიული პარტია დაფუძნდა 2001 წელს, ზვიად ძიძიგური პარტიის პირველ თავმჯდომარედ იქნა არჩეული. 2005 წლის მაისში ორი პარტიის –ეროვნული ძალთა გაერთიანება და კონსერვატიული პარტია- გაერთიანების საფუძველზე დაარსდა. მისი ამჟამინდელი ლიდერია ზვიად ძიძიგური.
პარტია ქართული პოლიტიკური ცენტრისტულ-მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელია. პარტიის ყურადღება ფოკუსირებულია მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენების- პენსიონერთა და უმუშევართა ინტერესების დაცვაზე.
კონსერვატიული პარტიის ძირითადი ხედვა ჩამოყალიბებულია 2007 წლის 17 ოქტომბრის საგურამოს მანიფესტში. ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკის სისტემაზე გადასვლა, არჩეული თვითმმართველობის დაწესება, დამოუკიდებელი სასამართლო, საკუთრების და ინვესტიციების გარანტიების შემოღება, თავისუფალი მედია, ევროპული ინტეგრაცია და ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოწესრიგება - ეს კონსერვატიული პარტიის პროგრამის ძირითადი მიმართულებებია. კონსერვატორები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია საქართველოს, როგორც უძველესი ქრისტიანული კულტურის ქვეყნის ეროვნული იდენტურობის შენარჩუნება, განსაკუთრებით თანამედროვე კულტურული და ეკონომიკური ექსპანიოზმის ეპოქაში. კონსერვატორებისთვის ევროპული ინტეგრაცია, პირველ რიგში, ნიშნავს ქვეყნის დაბრუნებას ევროპის კულტურულ და ეკონომიკურ სივრცეში და არა საკუთარი კულტურული საზღვრების წაშლას და უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზების განთავსებას.
პარტიის სტრუქტურა:
პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა პარტიის ყრილობა. იგი მოიწვევა საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე მაინც. ყრილობის წევრები არიან ეროვნული კომიტეტის წევრები, პარტიის პარლამენტის წევრები, პირველადი, რაიონული, რეგიონული და ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეები და რაიონული ორგანიზაციის საბჭოს წევრები. პარტიის აღნასრულებელი ორგანოა საერთო კრება, რომელიც 7 წევრისგან შედგება. პარტიას აქვს ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელსაც ლადო ბულბულაშვილი ხელმძღვანელობს და რომელშიც პარტიის 35 წლამდე ასაკის წევრები ერთიანდებიან. 2009 წლის გაზაფხულზე კონსერვატიული პარტიის მე-3 ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ზვიად ძიძიგური აირჩია, გენერალურ მდივნად - კახა კუკავა, ეროვნული კომიტეტის წევრებად: დავით ბაციკაძე, გიგა ბუკია, მერაბ კაჭახიძე, ბიძინა გუჯაბიძე და ლაშა ჩხარტიშვილი.
მისამართი:
ქ. თბილისი არაყიშვილის 15.
ტელ: 226123
ელ-ფოსტა: office@conservatives.ge
ვებსაითი: www.conservatives.ge