ბლოკი: ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართელო

ევროპული საქართველო  - მოძრაობა თავისუფლებისთვის

 

2017 წლის საარჩევნო პროგრამა

 

 

როგორია ჩვენი ხედვა ქალაქის განვითარების ძირითადი პრიორიტეტების შესახებ?

“ევროპული საქართველოს” ხედვით, თბილისის განვითარება მიმართული უნდა იყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, მძიმე სოციალური ფონის გაუმჯობესებასა და თითოეული მოქალაქისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაზე.

 

დასაქმების გაზრდა შესაძლებელია გადასახადების შემცირებით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებითა და ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენით. თბილისის შუაგულიდან რკინიგზის ხაზის გადატანა ათავისუფლებს 1,5 მილიონამდე კვადრატულ მეტრს, რომელსაც ბიზნეს-სექტორი ბინათმშენებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის აითვისებს, ხოლო თვითმმართველობა - ახალი სატრანსპორტო მაგისტრალის, “ცენტრალური პარკისა” და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ასაშენებლად.

 

“ევროპული საქართველოს” მიერ გატარებული პოლიტიკით, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თბილისში შეიქმნება 35 000 სამუშაო ადგილი, 200 000-ზე მეტი პენსიონერი მიიღებს 50-ლარიან ყოველთვიურ საპენსიო დანამატს, ხოლო 100 000-მდე სოციალურად დაუცველი - დამატებით 70 ლარის საარსებო შემწეობას თვეში.

 

“ევროპული საქართველო” გეგმავს, განავითაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქვეითთათვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის შექმნას მოსახერხებელი ინფრასტრუქტურა, მიმართოს რესურსი ავარიული სახლების პრობლემის აღმოფხვრელად, საბიუჯეტო სახსრების ეფექტური ხარჯვითა და კერძო ინვესტიციების ხელშემწყობი სხვადასხვა პროგრამის განხორციელებით მოახდინოს ქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია, სატვირთო რკინიგზის გადატანის მერე გათავისუფლებულ ტერიტორიაზე 20 ჰექტარზე გააშენოს “ცენტრალური პარკი”.

 

 

 

 

 

ქალაქის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების ჩვენეული ხედვა/გეგმა

 

დღეს საქართველოს ყველაზე დიდი გამოწვევა მძიმე სოციო-ეკონომიკური ფონია. 2016 წელს თბილისში გაიზარდა სიღარიბე და შემცირდა დასაქმება. “ევროპული საქართველოს” პოლიტიკა მიმართულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებასა და მოქალაქეების შემოსავლების მატებაზე.

 

“ევროპული საქართველო” გაანახევრებს ბიუროკრატიას, შეკვეცავს არაეფექტურ ხარჯებს და აღმოფხვრის კორუფციასა და ნეპოტიზმს. ასეთი მიდგომებით, ადგილობრივი ხელისუფლება საქართველოს მასშტაბით 400 მილიონ ლარზე მეტს დაზოგავს (მათ შორის, 200 მილიონი თბილისის 826-მილიონიანი ბიუჯეტიდან).

 

სწორედ ეს თანხები მიემართება გაჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად. კერძოდ, თბილისის მასშტაბით 200 000-ზე მეტი პენსიონერი მიიღებს 50-ლარიან ყოველთვიურ საპენსიო დანამატს, ხოლო 100 000-მდე სოციალურად დაუცველი - დამატებით 70 ლარის საარსებო შემწეობას თვეში. ეს ნაბიჯები შეამსუბუქებს მძიმე სოციალურ ფონს.

 

“ევროპული საქართველოს” პოლიტიკა ორიენტირებულია გადასახადების შემცირებაზე. ადგილობრივი ხელისუფლების ხელთ არსებული ბერკეტი ქონების გადასახადია. სწორედ ამიტომ, საქართველოს მასშტაბით, ყველგან, სადაც გაიმარჯვებს “ევროპული საქართველო”, ქონების გადასახადი 10%-ით შემცირდება. ეს ნიშნავს დამატებით ათეულობით მილიონი ლარის ხალხის ჯიბეში დატოვებას. თბილისში ეს თანხა დაახლოებით 16 მილიონი ლარი იქნება ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 36 მილიონი

 

თბილისის ცენტრიდან რკინიგზის გადატანა დასაქმების მნიშვნელოვანი წყაროა. პროექტი შექმნის არამხოლოდ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ სამუშაო ადგილებს, არამედ გაათავისუფლებს დაახლოებით 1.5 მილიონ კვადრატულ მეტრს, სადაც, შესაძლებელი იქნება თბილისის ახალი ცენტრის დაპროექტება და მშენებლობა, კერძოდ, შესაძლებელი იქნება აშენდეს დაახლოებით 800 ათასი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის სახით, 300 ათასი კვადრატული მეტრი - საოფისე ფართის სახით, ხოლო 200 ათასი კვადრატული მეტრი - სავაჭრო ცენტრების, სასტუმროებისა და კაფე-რესტორნების სახით. ამავე ტერიტორიაზე მოეწყობა 20 ჰექტარი ფართობის “ცენტრალური პარკი”.

 

“ ევროპული საქართველოს” ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია ქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია და იქ ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც ასევე დამატებით სამუშაო ადგილებს გააჩენს და გაზრდის ბიზნეს-აქტივობას. თბილისი უნდა იყოს ადგილი, სადაც მცირე, მაგრამ ეფექტიანი ბიუროკრატიის პირობებში, კერძო სექტორი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებსა და დოვლათს.

 

გრძელვადიან პერსპექტივაში, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 100% ეკოლოგიურად სუფთა უნდა გახდეს. ამ მიზნამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ. 10 წლის შემდეგ, მუნიციპალიტეტს საერთოდ აღარ ეყოლება დიზელსა და ბენზინზე მომუშავე, გამონაბოლქვის გამომყოფი ტრანსპორტი. ამისათვის 2018 წელსვე დაიწყება ავტოპარკის შევსება-განახლება. შემდეგ ეტაპზე, გაზზე მომუშავე ავტობუსები ეტაპობრივად ჩანაცვლდება ელექტროავტობუსებით. ავტობუსების ჩანაცვლების პარალელურად, მეტროსთან ერთად, განვითარდება ეკოლოგიისთვის აბსოლუტურად უვნებელი, თანამედროვე ტრამვაი და საბაგირო გზა. მოეწყობა ფეხით მოსიარულეთათვის ,,ზებრა“ გადასასვლელები, ველობილიკები, საფეხმავლო სივრცეები.

 

ჩვენი აზრით, რა არის ის მთავარი პრობლემები, რომლებიც თქვენი ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას ხელს უშლის

 

2016 წელს თბილისში გაიზრდა უმუშევრობა და სიღარიბე, რაც ინვესტიციების ნაკლებობითა და ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებითაა გამოწვეული. ამის მიზეზი კი, თავის მხრივ, გაუმართლებლად გაზრდილი ბიუროკრატიის მიერ თბილისის 826-მილიონიანი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილის კორუფციულ სქემებსა და არაეფექტიან პროგრამებში ფლანგვაა.

 

თბილისის მმართველობის ზედა რგოლები დაკომპლექტებულია ნეპოტიზმის საფუძველზე; არაკომპეტენტური მმართველები მხოლოდ თავის ფუფუნებასა და კეთილდღეობაზე ზრუნავენ. ბიუჯეტი დაგეგმილია არასწორად და სრულებით არ არის ორიენტირებული სიღარიბის აღმოფხვრასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქის განაშენიანებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ხშირად კანონდარღვევით, კორუფციული მოტივებით მიირება, რაც ქალაქის იერსახეს და საცხოვრებელ გარემოს სერიოზულად აზიანებს. აუცილებელია კორუფციისა და ნეპოტიზმის აღმოფხვრა, ქალაქის ნაკლებად ათვისებული ადგილების განვითარება და მჭიდროდ დასახლებული ადგილების განტვირთვა.

 

 

 

რა არის თქვენი ქალაქის ძირითადი შესაძლებლობები/უპირატესობები, რომელთა გამოყენებასაც შევეცდებით მისი ეკონომიკური და ურბანული განვითარების მისაღწევად

 

თბილისში საქართველოს მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს, თუმცა ის საქართველოს ეკონომიკის თითქმის ნახევარს ქმნის. ქალაქში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, საქართველოს სხვა ქალაქებთან და რეგიონებთან შედარებით, თითქმის 2.5-ჯერ მეტია. ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისი საკმაოდ დიდი ბაზარია და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაც საქართველოს სხვა ადგილებთან შედარებით ბევრად მაღალია.

 

თბილისი ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური ცენტრია. შესაბამისად, თბილისშია კონცენტრირებული ბიზნეს აქტივობის დიდი ნაწილი და სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ქალაქს აქვს რესურსი, მოიზიდოს დიდი ოდენობით ინვესტიციები, რაც გაზრდის ეკონომიკას და შეამცირებს სიღარიბესა და უმუშევრობას.

 

თბილისის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მსხვილი პროექტი რკინიგზის გადატანაა, სადაც გამონთავისუფლებული ადგილის სწორად ათვისების შემთხვევაში, ქალაქში შეიქმნება ათიათასობით სამუშაო ადგილი. ასევე, მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა უკეთეს გარემოში იცხოვროს და იმუშავოს.

 

 

 

ასევე, აუცილებელია თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობის დაჩქარება, რაც ორივე ქალაქის - მთლიანი აგლომერაციის ლოჯისტიკურ ფუნქციას კიდევ უფრო გააძლიერებს. ეს ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებს და მოსახლეობისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას.

 

როგორია ჩვენი საბიუჯეტო პრიორიტეტები და საბიუჯეტო პოლიტიკა

 

იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ ადამიანს უჭირს, იზრდება სიღარიბე და უმუშევრობა, ეკონომიკა დაბალი ტემპით იზრდება და როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი მთავრობა სრულიად არაპროფესიონალურად და არაკომპეტენტურად პასუხობს გამოწვევებს, თბილისში “ევროპული საქართველო” 200 000-ზე მეტ პენსიონერს პირდება 50-ლარიან ყოველთვიურ საპენსიო დანამატს, ხოლო 100 000-მდე სოციალურად დაუცველს - დამატებით 70 ლარის საარსებო შემწეობას თვეში. ეს ნაბიჯები შეამსუბუქებს მძიმე სოციალურ ფონს.

 

შესაბამისად, “ევროპული საქართველოს” საბიუჯეტო პრიორიტეტები გულისხმობს სოციალური დახმარებების ზრდას და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უფრო ეფექტიან ხარჯვას. განახევრდება ბიუროკრატია და თბილისის 826-მილიონიანი ბიუჯეტის დაახლოებით 5%, რომელიც ჩინოვნიკების ჯიბესა და კომფორტზე მიდის, დაიზოგება და მიიმართება სამუშაო ადგილების შესაქმნასა და სოციალური პრობლემების მოსაგვარებაზე. მარცხისთვის განწირული “მილიონი ხის” პროგრამის ნაცვლად, “ევროპული საქართველო” გადადგამს რეალურ ნაბიჯებს ქალაქის გამწვანების, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესიებისაა და თითოეული მოქალაქისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნისკენ.

 

რა ღონისძიებები გატარდება ქალაქის ბიზნეს და კომერციული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის ხელშესაწყობად

 

“ევროპული საქართველო” ბიზნესის ხელშეწყობისთვის ქონების გადასახადს 10%-ით შეამცირებს და ათეულობით მილიონ ლარს ხალხის ჯიბეში დატოვებს, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის გააქტიურებას და გაზრდის რეინვესტირების სტიმულს ბიზნესმენებისთვის. ქონების გადასახადის შემცირება მომავალშიც გაგრძელდება ეტაპობრივად.

 

„საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ“ (Public-Private Partnership) “ევროპული საქართველოს” ინიციატივის ფარგლებში, თბილისის მერია აქტიურად ჩაერთვება კერძო სექტორისთვის გარკვეული გარანტიების მიცემაში, რისკების გადანაწილებასა და ბიზნეს-შესაძლებლობების გაფართოებაში.

 

დღეს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურული ხარჯი 308 მილიონი ლარია, რაც არ ეტყობა ქალაქს, რადგან ამ თანხების საკმაოდ დიდი ნაწილი კორუფციასა და ნეპოტური ნიშნით ბიუროკრატიის ზრდაში იფლანგება; სახსრები არაპროფესიულად იხარჯება და საქმე კი არაკომპეტენტურად და უხარისხოდ კეთდება. “ევროპული საქართველო” აღმოფხვრის კორუფციასა და ნეპოტიზმს, დაზოგავს თანხებს და ფინანსურ რესურსს უფრო ეფექტიანად მიმართავს ინფრასტრუქტურული პროექტებისკენ.

 

ქალაქის ისტორიული უბნების - მაგალითად, მეტეხის უბნის, ხარფუხის, მაჭრისხევის - რეაბილიტაცია და იქ ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა განახლდება. ტურისტულად მიმზიდველი უბნებში არსებული შენობა-ნაგებობების რეაბლიტაციით მათ მესაკუთრეებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა, წამოიწყონ ბიზნესი და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები ისევე, როგორც ეს მოხდა კალაუბნის, აბანოთუბნის, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ.

 

ქალაქში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გონივრულად და ეფექტიანად განხორციელდება. ახალი სარეკრეაციო სივრცეების მოწყობით თუ არსებულის (დენდროლოგიური პარკი, თბილისის ეროვნული პარკი, ხუდადოვის ტყე) რეკონსტრუქციით, ახალი ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობით, სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე მისი დასრულების შემდეგ.

 

ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საფეხმავლო სივრცეების მოწესრიგებას იმგვარად, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იყოს რეაბილიტირებულ სივრცეებში ახალი მცირე ბიზნესების შექმნა (პატარა კაფეები, ატრაქციონები ბავშვებისთვის, სავაჭრო დახლები, მოწესრიგებული გარე ვაჭრობის ადგილები), რაც ქალაქში დამატებით ათასობით სამუშაო ადგილს გააჩენს.

 

სატვირთო რკინიგზის გადატანისა და ქალაქის ცენტრში უშუალოდ რკინიგზით დაკავებული ტერიტორიის გათავისუფლებისა და განვითარების შედეგად, აშენდება 800 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობის საცხოვრებელი ბინა, 300 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ოფისი, 200 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის სავაჭრო ობიექტი, სასტუმრო და კაფე-რესტორანი, 20 ჰექტარი ფართობის “ცენტრალური პარკი”.

 

რკინიგზის გადატანა 6 750 სამუშაო ადგილს შექმნის წელიწადში. ევროპული საქართველოს გათვლებით, ამისთვის საჭიროა დაახლოებით 135 მილიონი ლარის ინვესტიცია, რასაც 1.3 მილიონ კვადრატულ მეტრზე საცხოვრებელი და საოფისე ფართების, აგრეთვე, სავაჭრო ცენტრებისა და კაფე-რესტორნების გაშენება უზრუნველყოფს.,

 

20 ჰექტარზე “ცენტრალური პარკის” გაშენება წელიწადში 500 სამუშაო ადგილს შექმნის, ხოლო  ინფრასტრუქტურული ხარჯების ეფექტიანი და გონივრული გამოყენება - დაახლოებით 1000 სამუსაო ადგილს წელიწადში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქონების გადასახადის შემცირება დაახლოებით 16 მილიონ ლარს დატოვებს კერძო სექტორში, რაც დამატებით 500 სამუშაო ადგილს ნიშნავს. ჯამში 2018 წელსვე თბილისში 8 750 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსხვილი ინდუსტრიული საწარმოები ქალაქის ფართობის 17.4%-ს წარმოადგენდნენ. მათი დიდი ნაწილი დაიხურა, რამაც განაპირობა ქალაქის ფარგლებში უფუნქციო ტერიტორიების, ე.წ. “ბრაუნფილდების” გაჩენა. მოცემული ადგილების გამოყენება შესაძლებელია როგორც კომერციული, ასევე მუნიციპალური პროექტებისათვის, მათ შორის სარეკრეაციო ზონების, საზოგადოებრივი სივრცეების, სოციალური ინფრასტრუქტურისა და სხვადასხვა კერძო პროექტებისათვის. თბილისში ბრაუნფილდები ქალაქის თითქმის მთელს სიგრძეზე, მტკვრისა და რკინიგზის დერეფნის გასწვრივაა განლაგებული. ისინი იწვევენ ქალაქის სტრუქტურის ფრაგმენტაციას და უარყოფითად მოქმედებენ მიმდებარე ტერიტორიების განვითარების პოტენციალზე. მოცემული პრობლემის მოგვარება გააჩენს ახალ შესაძლებლობებს თბილისის მაცხოვრებლებისთვის, რაც დადებითად აისახება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.

 

რა ღონისძიებები გატარდება უკეთესი ხარისხის საბინადრო პირობების შესაქმნელად მოქალაქეებისთის

 

თბილისში განსაკუთრებით მწვავეა ავარიული საცხოვრებელი ფონდის, ასევე შეჩერებული (მიტოვებული) მშენებლობების საკითხი. დღეს ქალაქში 3000-ზე მეტი ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია (მათი დიდი ნაწილი ე.წ. “ხრუშოვკაა”). დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლებიდან ქირით 1 700-მდე ოჯახია გაყვანილი, ხოლო ქირაში გადახდილი თანხა ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონი ლარია. უმეტესობას უწევს საკუთარი სახსრებით, თვითნებურად გამაგრებულ, სიცოცხლისთვის საერთოდ შეუსაბამო სახლებში ცხოვრება. ბოლო სამი წლის განმავლობაში წელიწადში საშუალოდ 20 მილიონი ლარი დაიხარჯა და საშუალოდ მხოლოდ 45 შენობის გამაგრება მოხერხდა.

 

განსაკუთრებით მწვავეა რკინიგზის ზონის არეალში მოქცეულ 70-მდე ქუჩაზე არსებული მდგომარეობა. აქ სახლები განიცდის ზენორმატიულ ვიბრაციას, განსაკუთრებით იქ, სადაც რკინიგზის ხაზიდან დაშორება 25-30 მეტრია. საცხოვრებელი შენობების მდგომარეობა მუდმივი საფრთხის ქვეშაა; ვერ და არ ხდება ავარიული შენობების გამაგრება. ამასთან, რკინიგზის გასწვრივ მოქმედებს მშენებლობის შეზღუდვის საშუალოდ 120-მეტრიანი ზოლი. ამ შემაფერხებელი ფაქტორების გამო, იქ არსებული მიწის ნაკვეთების და საცხოვრებელი სახლების ღირებულება გაუფასურებულია და რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია არ არის მიმზიდველი ინვესტორებისთვის.

 

არსებული ბიუროკრატიული პროცედურების ან სხვა შეზღუდვების გამო, ადამიანები ვერ ახერხებენ მათ საკუთრებაში არსებული ავარიული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების აღდგენას ან, თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არაა, ძველის ახლით ჩანაცვლებას.

 

ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საბიუჯეტო სახსრებით გაგრძელდეს მწვავედ ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება, ქალაქის ისტორიული, ტურისტული პოტენციალის მქონე უბნების რეაბილიტაცია, თუმცა ამავდროულად საბიუჯეტო დაფინანსების ეფექტურად გამოყენებით უნდა შევქმნათ ამ პროცესში სამშენებლო ბიზნესისა და ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობის სტიმულირების სპეციალური პროგრამა, რომლის შედეგი ათასობით ავარიული, უკვე დანგრეული და ქალაქში არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გარანტიით, კერძო ინვესტორებთან ერთად გადაიჭრება.

 

შესაბამისად, “ევროპული საქართველო”:

 

გადაიტანს რკინიგზას, რის შედეგადაც მიმდებარე საცხოვრებელი გარემო გახდება უსაფრთხო, ჯანსაღი, ხოლო უძრავი ქონება - ინვესტორებისთვის მიმზიდველი. გაუქმდება რკინიგზის სიახლოვეს მოქმედი შეზღუდვა და შესაძლებელი გახდება მიმდებარე უბნების სამშენებლო განვითარება.

განახორციელებს ქალაქის ისტორიული, ტურისტული მიზიდულობის მქონე უბნების სრულ რეაბილიტაციას უბნების (შენობა-ნაგებობების) ავთენტურობის შენარჩუნების, უნიკალური ლანდშაფტის გადარჩენის პრინციპისა და იქ მაცხოვრებელი ადამიანების ინტერესების ურთიერთშეჯერებით.

აამოქმედებს ისეთივე ან მსგავს მიზნობრივ პროგრამებს, როგორიც იყო თუნდაც ,,ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“, რომლის ფარგლებშიც დასრულდა არაერთი დაუმთავრებელი მშენებლობა და ავარიულ სახლებში მცხოვრები ბევრი მოქალაქის საბინაო პრობლემა იქნა გადაწყვეტილი. პროგრამაში მონაწილეობა შეეძლება ნებისმიერ მენაშენეს, რომელსაც ავარიული შენობის ადგილზე ახალი პროექტის განხორციელების მიზნით, თბილისის მერიის მიერ წინასწარ მიცემული გარანტიის საფუძველზე, ბანკი მისცემს მშენებლობის დასრულებისათვის საჭირო კრედიტს.

დაიწყებს ავარიული სახლებით დაკავებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ქალაქის ისტორიულ ნაწილში, განაშენიანების რეგულირების გეგმების შექმნას, რომელთაგან თითოეული პრაქტიკულად იქნება ავარიული სახლების ადგილას ახალი მშენებლობისათვის საჭირო საინვესტიციო პროექტი. მერია თითოეული ასეთი პროექტის დამუშავების ფარგლებში დაადგენს თითოეული შენობისთვის კონკრეტული განაშენიანების მოცულობებს და განსაზღვრავს ყველა იმ  პარამეტრს, რომელიც ერთის მხრივ  ამ პროექტს საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველს გახდის და მეორეს მხრივ  შეინარჩუნებს ქალაქის ურბანულ ინტერესს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მერია აქტიურად მიაწოდებს ინფორმაციას ავარიულ უბნებში მცხოვრებ მოსახლეობას და პოტენციურ ინვესტორებს. მერია ამ პროცესში ავარიულ სახლში მცხოვრები პირისთვისაც და ინვესტორისთვისაც უნდა გახდეს პროექტის გარანტი, რაც გულისხმობს მის კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხის ეფექტურად გადაწყვეტაზე  ინვესტორისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას.

საბიუჯეტო სახსრებით გააგრძელებს მწვავედ ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია.

ქალაქის იმ უბნებში, სადაც ძირითადად ინდივიდუალური ავარიული სახლები და რთული საცხოვრებელი პირობებია (მაგალითდ, ნაძალადევი, სანზონა, ლოტკინი, ავჭალა, ვეძისი) შესაძლებელი გახდება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მდგარი სახლების რეკონსტრუქცია და ახალი ინდივიდუალური სახლების მშენებლობა მხოლოდ მერიის წერილობითი დასტურით, მსგავსად დღეს მოქმედი პირველი კლასის მშენებლობის რეგულაციისა.

 

ენერგოეფექტური საცხოვრებელი სახლები

 

თბილისში მოსახლეობის დიდი ნაწილი მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში (ე.წ. კორპუსებში) ცხოვრობს, რომლებიც ძირითადად მე-20 საკუნეში აშენდა საბჭოთა კავშირის დროს და მაშინ არსებული ტექნოლოგიების გათვალისწინებით ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით აბსოლუტურად შეუსაბამოა თანამედროვე სტანდარტებთან. დიდია თბოდანაკარგები და შესაბამისად მოსახლეობის ხარჯი ბუნებრივი გაზის თუ ელექტრონერგიის მოხმარებისას საკმაოდ მაღალი.

 

თბილისში ჩატარებული გამოკვლევების თანახმად თბილისში სიღარიბე და ფასების ზრდა ყველაზე მწვავე პრობლემებია. ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა კი განსაკუთრებით მძიმედ აისახება მოსახლეობის საოჯახო ბიუჯეტზე. 2014 წელს NDI-ს მიერ თბილისში გამოკითხულთა 74 % ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ პრობლემად კომუნალური გადასახადების ოდენობას ასახელებდა. მას შემდეგ ეს პრობლემა რა თქმა უნდა კიდე უფრო დამძიმდა კომუნალური გადასახადების გაზრდის გამო.

 

ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ეკონომიური და ეფექტური მოხმარება გარდა მოსახლეობისთვის თანხის დაზოგვისა, ასევე პირდაპირ კავშირშია ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნებასთან. კერძოდ, ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარება ემისიების შემცირებასთან და გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთანაა კავშირში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ენერგოდამზოგავი ღონისძიებების გატარება და თბილისის ბიუჯეტიდან ისეთი პროექტების დაფინანსება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, რომლებიც შესაძლებელს გახდის ენერგორესურსების მოხმარების ეფეტურობის ამაღლებას, ამით კომუნალური ხარჯების მკვეთრ დაზოგვას, უარყოფითი ემისიების შემცირებას, რაც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესის წინაპირობაა და საცხოვრებელი კორპუსების იერსახის მოწესრიგებსაც, რაც თბილისისათვის (მოუწესრუგებელი ფასადები) დღემდე რჩება ერთ-ერთ გადაუჭრელ პრობლემად.

 

პროექტი მიზნად ისახავს, კორპუსების გარემოსთან საკონტქატო (გარე) კედლები დათბუნებას (შეფუთვას) მაღალეფექტური თბოსაიზოლაციო და ხმის საიზოლაციო მასალით, რომელიც საშუალებას იძლევა შევინარჩუნოთ სასურველი ტემპერატურა და შევამციროთ ენერგოდანახარჯები შენობის გათბობისა და კონდიცირებისას, გააჩნია კარგი ხანძარსაწინააღმდეგო თვისებები. ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა და ეკოლოგიურად სუფთაა.

 

დაბალი თბოგამტარობა და მაღალი თბოიზოლაცია უზრუნველყოფს მოხმარებული ენერგიის დაახლოებით 30 %-მდე შემცირებას. ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 20 მილიონი ლარის გამოყოფის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება 150-მდე კორპუსის ამ მეთოდით შეფუთვა. კორპუსში მაცხოვრებელ ასობით ოჯახს ეს მისცემს მნიშვნელოვან (30 %-მდე) დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობას გათბობისა და ელექტროენერგიის მოხმარების კუთხით. ეს ხარჯები დღევანდელი გაანგარიშებით საქსტატის მონაცამებით ყოველთვიურად საშუალოდ საოჯახო ბიუჯეტის 10%-ია. ხშირ შემთხვევაში ეს დანახარჯი მეტია ან/და მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახები იძულებულები არიან ხელოვნურად დაზოგონ ეს ხარჯი გათბობისა და ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვის გზით.

 

ამ პროექტების განხორციელების შედეგად, მოსახლეობის ხარჯების შემცირებასან ერთად, შემცირდება ჰაერში მავნე ემისიები, გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა და კორპუსების ახალი ფასადების მოწყობის შედეგად, გაუმჯობესდება ქალაქის იერსახეც.

 

 

 

რა ღონისძიებების გატარება იგეგმება ქალაქის ქუჩების სისუფთავის გასაუმჯობესებლად

 

ქუჩების სისუფთავის უზრუნველყოფა და ნარჩენების მართვის სისტემის გამართულ ფუნქციონირება  ქალაქის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზოგადად ეკოლოგიური მდგომარეობის თვალსაზირისთ. 2006 წლიდან მოწესრიგდა ქუჩების დაგვა-დასუფთავების საკითხი; ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე განთავსდა ნარჩენების შეგროვებისათვის განკუთვნილი კონტეინერები; გაუმჯობესდა ნარჩენების გატანის სიხშირე და ხარისხი; დაიხურა გლდანის ნაგავსაყრელი, რომელიც ქალაქში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ფაქტორი იყო.

 

ჩამოთვლილი მიმართულებების ხარისხის შემდგომი სრულყოფის გარდა (ტექნიკისა და კონტეინერების მუდმივი განახლება, სპეციალური ტექნიკის დამატება და ა.შ), მთავარ გამოწვევად რჩება ნარჩენების საბოლოო უტილიზაციისთვის სპეციალური გადამამუშავებელი ქარხნის აშენება, რომელიც მოახდენდა ნარჩენების სეპარაციასა და გადამუშავებას.

 

თბილისში მოუგვარებელ პრობლემად რჩება სამშენებლო ნარჩენების სპეციალური პოლიგონის არარსებობა. სამშენებლო ნარჩენების არასათანადოდ განთავსება კი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას. დღეს ამ მიმართულებით მხოლოდ სტიქიური ნაგავსაყრელებია მოწყობილი. სწორედ ამიტომ ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სამშენებლო მასალების შეგროვება-გატანისა და საბოლოო უტილიზაციის პროცესის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგებაა.

 

რა ღონისძიებების გატარებას ვაპირებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის გაუმჯობესებისთვის

 

მსოფლიოს დიდ ქალაქებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი კარგადაა მოწესრიგებული და მომსახურება ხარისხიანია, ის ადამიანები კი, რომელიც ფლობენ მანქანებს, სამუშაო დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებიან; ეს ზოგავს კერძო და მუნიციპალურ მათ ფინანსურ სახსრებს, ინარჩუნებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს (ევროპის ქალაქების მერების შეთანხმების შესაბამისად, 2020 წლამდე თბილისში CO2 20%-ით უნდა შემცირდეს) და აძლევს ქალაქს შესაძლებლობას, განტვირთოს მოძრაობა გზებზე.

 

თბილისის ძირითადი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხობრივი და რაოდენობრივი უკმარისობა და, შესაბამისად, მისი არაპოპულარობაა. ამიტომ “ევროპული საქართველო”:

 

გაანახლებს ავტოპარკს

დღეს ქალაქს 680-მდე ავტობუს ჰყავს, საიდანაც ყოველდღიურად 96 საავტობუსო მარშუტზე მოძრაობს 510-მდე ავტობუსი. ყოველდღიურად ავტობუსებით 390 ათასამდე მგზავრობა ხორციელდება. ავტობუსების პარკი უკვე ამორტიზირებული, არაადაპტირებული და მგზავრობისთვის უკიდურესად არაკომფორტულია. ამჟამად 143 ახალი ავტობუსის შემოყვანა განხორციელდა და პარკის შემდგომი განახლების პერსპექტივა ბუნდოვანია. არ არის გაფორმებული ახალი კონტრაქტი, რომელიც მომავალში უწყვეტად უზრუნველყოფდა ახალი თანამედროვე, ადაპიტრებული, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შემოყვანას ქალაქში. ამასთან ხაზგასამელია, რომ რეალურად საკმარისი არაა ავტობუსების რაოდენობა და ქალაქს ესაჭიროება სულ მცირე 800 ავტობუსი. არსებული სამარშრუტო ქსელის ქალაქის რეალურ საჭიროებებზე მორგებასთან ერთად, ეს საშუალებას მოგვცემს, დავამატოთ ახალი მარშრუტები, გავაზრდოთ მოქმედ მარშუტებზე ავტობუსების რაოდენობა და ამით შევამციროთ ლოდინის დრო მგზავრებისთვის. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გავხადოთ მიმზიდველი.

 

განავითარებს ელექტროტრანსპორტს:

ტრამვაი

 

ტრამვაის მრავალი ღირსება აქვს: მაღალი გამტარუნარიანობა, ეკოლოგიურობა, ეკონომიურობა და უსაფრთხოება. ტრამვაი მოსახერხებელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვისაც. იგი მოძრაობს მისთვის განკუთვნილ ზოლში და, შესაბამისად უფრო სწრაფად მიდის დანიშნულების ადგილამდე. უკვე არსებობს კვლევა ტრამვაის ერთი ხაზის -  უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ორთაჭალის მიმართულებით - მშენებლობის დასაგეგმად და დასაწყებად. უცხოური საინვესტიციო ბანკებიდან აღებული 150 მილიონი ევროს ოდენობის იაფი სესხით დაიწყება დეტალური პროექტირებისა და შემდეგ მშენებლობის სამუშაოები, რაც შესაძლებელია დასრულდეს 4 წლის განმავლობაში. ამასთან უნდა გაგრძელდეს ტრამვაის ქსელის განვითარების სხვა შესაძლებლობების კვლევა-შესწავლა, პროექტირება და მომზადება მისი განხორციელებისთვის.

 

საბაგიროები

 

მნიშვნელოვანია საბაგიროს, როგორც თანამედროვე და კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ვინაიდან იგი წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს, რომელიც მოემსახურება მგზავრთა - როგორც ადგილობრივის, ისე ტურისტის - უკეთეს, უფრო სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას. დაიწყება შემდეგი ხაზების მშენებლობა: უნივერსიტეტი - ბაგები - წყნეთი; დიდუბე - ვაშლიჯვარი - ლისი; თბილისის ზღვა - ლოტკინი - სადგურის მოედანი; ზღვის უბანი - ახმეტელის თეატრი; ვაზისუბანი - მეტრო “სამგორი”; ვაკის პარკი/კუს ტბის დაკავშირება ახალ სადგურთან  მთაწმინდაზე და მთაწმინდის დაკავშირება ნარიყალა/რიყის არსებულთან.

 

თბილისის მეტრო

 

დღეს არსებული მდგომარეობით, მეტრო მგზავრების ერთ-ერთი მთავარი გადამყვანია ქალაქში. ყოველდღიურად მეტროთი 300 000-მდე  მგზავრობა ხორციელდება. გარდა იმისა, რომ განახლდება მეტროს არსებული ინფრასტრუქტურის კაპიტალური შეკეთება-განახლება, დაიწყება მეტროს ახალი ხაზების დაპროექტება.

 

რა ღონისძიებების გატარებას ვაპირებთ ქალაქში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის

 

ქალაქში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას განაპირობებს: მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა, ქვეითთა გადაადგილებისთვის ხელსაყრელი ინფრასტრუქტურის არსებობა და ეფექტურად ორგანიზებული საგზაო მოძრაობა.

 

გასული 5 წლის განმავლობაში ქალაქის საგზაო ინფრაქსტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა, რამაც პირდაპირი ასახვა ჰპოვა ქალაქში სატრანსპორტო მოძრაობის მნიშვნელოვნად დამძიმებაზე. შემოვლითი რკინიგზის პროექტის დასრულების (მაშინ როდესაც სამუშაოების 80% დასრულებულია) უმიზეზოდ და უვადოდ გადადებამ, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის (სამტრედიის ქუჩასთან) მშენებლობაზე უარის თქმამ, ფაქტობრივად, დედაქალაქს სატრანსპორტო განტვირთვის პერსპექტივა მოუკლა. ქალაქის მაცხოვრებლებისთვის საცობები აუტანელ პრობლემად იქცა.

 

წინა წლებში აშენებულმა ახალმა გზებმა, გვირაბებმა, ესტაკადებმა ბევრ მონაკვეთზე მოძრაობა განტვირთა და ააჩქარა, თუმცა ზემოაღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერება და ამ მიმართულებით ახალი ნაბიჯების გადაუდგმელობა განხორციელებული წარმატებული პროექტების შედეგებსაც ამცირებს. შესაბამისად, ქალაქის საგზაო ინფასტრუქტურის განვითარებისა და საცობებისგან განსატვირთავად აუცილებელია მინიმუმ შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება:

 

წყნეთი-სამადლოს დამაკავშირებილი საავტომობილო გზის აღდგენა

უნივერსიტეტის ქუჩის და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა

თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა ესტაკადით

გივი კარტოზიას ქუჩის ბახტრიონის გვირაბის თამარაშვილის ქუჩასთან დამაკავშირებელი უსახელო გზის გადაკვეთაზე მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა

ვერის ხეობიდან გამომავალი ახალი მაგისტრალის გვირაბით დაკავშირება გმირთა მოედანზე არსებულ, ლაგუნასკენ მიმავალ გვირაბთან

სარაჯიშვილის ქუჩის (ვაშლიჯვარი) მარშალ გელოვანთან დაკავშირება ესტაკადით

მარშალ გელოვნის მოედანზე (ვეფხვი და მოყმესთან) საგზაო მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა (გვირაბით)

გალაქტიონის ხიდის მარცხენა მხარეს (უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე ასასვლელი) პანდუსის მოწყობა

შეშელიძის და გობრონიძის ქუჩის კვეთასთან მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა (მუხიანიდან მოძრავი მანქანებისთვის)

მდინარე მტკვარზე მარნეულის და რუსთავის გზატკეცილის ქვემო სამგორთან დამაკავშირებელი ხიდის აშენება

აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი რკინიგზა მრავალ პრობლემას უქმნის როგორც მოსახლეობას ასევე ზოგადად თბილისის განვითარებას. გამჭოლი რკინიგზა ქალაქს ორ ნაწილად ხელოვნურად ყოფს, რის გამოც ქალაქი არათანაზომიერად ვითარდება. რკინიგზის მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო ქსელი განუვითარებელია, საავტომობილო კავშირები და მისადგომობა გართულებულია, უახლოესი სატრანსპორტო კავშირები მხოლოდ 4 კმ-შია. შესაბამისად, თბილისის ცენტრალური ნაწილი ქალაქისთვის გამოუყენებელი და განუვითარებელია, ხოლო სატრანსპორტო თვალსაზირისით რთულად მისადგომი.

 

რკინიგზის გადატანის შედეგად სატრანსპორტო ნაკადებისგან სრულად განიტვირთება მიმდებარე ქუჩები; მოეწყობა თბილისის აღმოსავლეთის (კახეთის) და დასავლეთის (მცხეთის) მიმართულებების შემაერთებელი უმოკლესი საავტომობილო მაგისტრალი, რაც გაადვილებს გადაადგილებას, როგორც გამჭოლი მიმართულებით, ისე ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან ორივე მიმართულებით; განვითარდება განივი სატრანსპორტო ქსელი, გაიზრდება საავტომობილო კავშირები და მისადგომობა.

 

რკინიგზის გადატანის შემთხვევაში 2000 მანქანა საათში მოაკლდება ქალაქის ცენტრალურ უბნებს. მაგისტრალის განივად მოეწყობა ახალი საავტომობილო კავშირები, მთლიანად განახლდება და განვითარდება რკინიგზის მიმდებარე სატრანსპორტო ქსელი. მოეწყობა რამდენიმე მნიშვნელოვანი ახალი კვანძი. ისნის ხიდის მიმდებარე გზა გაიყოფა ორად, ერთი არტერია გაყვება არსებულ სარკინიგზო მაგისტრალს და შეუერთდება ახალ გამზირს. ამგვარი ახალი შესაძლებლობების გაჩენა საგრძნობლად განტვირთავს ქალაქში სადღეისოდ არსებულ ქალაქის არტერიებს და მომავალში ხელს შეუწყობს საცობების პრობლემების მოგვარებას.

 

იმავდროულად, ქალაქის ცენტრალურ არეალებში, განსაკუთრებით მტკვრის გასწვრივ, ქვეითთა გადაადგილება არაპრაქტიკული და საშიშია. განხორციელდება ადაპტირებული ტროტუარების აღდგენის პროექტი, მოეწყობა ზებრა გადასასვლელები ფეხით მოსიარულეთათვის, ტროტუარები გათავისუფლდება პარკინგისგან, გაკეთდება ველობილიკები, სწორად დაიგეგმება და მოწესრიგდება საფეხმავლო სივრცეები. კვლევები აჩვენებს, რომ საფეხმავლო ქალაქები ეკონომიკურად უფრო ეფექტურია, რადგან ადგილობრივი ბიზნესის შემოსავალი მნიშვნელოვნად იზრდება საფეხმავლო სივრცეების ზრდასთან ერთად. რეაბილიტირებულ სივრცეებში შესაძლებელი გახდება ახალი მცირე ბიზნესების შექმნა (პატარა კაფეები, ატრაქციონები ბავშვებისთვის, სავაჭრო დახლები, მოწესრიგებული გარე ვაჭრობის ადგილები), რაც ქალაქში დამატებით ათასობით სამუშაო ადგილს გააჩენს.

 

საფეხმავლო და საველოსიპედო ქსელი წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს სატრანსპორტო სისტემისათვის. ქვეითთა ბილიკები ქალაქში ამცირებენ ავტომობილის გამოყენებას მოკლე მანძილებზე და აკავშირებენ მოქალაქეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტთან.

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ქალაქში ქვეითად გადაადგილებისთვის შეიქმნას სრულყოფილი ინფასტრუქტურა: მოხდეს ტროტუარების პანდუსებით აღჭურვა, ტროტუარებზე მოეწყოს სპეციალური ბილიკები და ხმოვანი მანიშნებლები უსინათლოებისათვის, ხმოვანი სიგნალით აღიჭურვოს შუქნიშნები, სპეციალური ლიფტები დამონტაჟდეს მიწისქვეშა გადასასვლელებში, ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტში იყოს ბრაილის შრიფტით შესრულებული წარწერები.

 

ტროტუარებზე პარკინგის აკრძალვა პარკირების ორგანიზებისა და კონტროლის საჭიროებას წარმოშობს. დღეს ქალაქში ყოველდღიურად 400 000-მდე მანქანა მოძრაობს, პარკირების ადგილი კი სულ 3800-მდეა. ტროტუარების მანქანებისგან გათავისუფლებასთან ერთდ, დაიწყება მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობა და პარკირების ზონების შექმნა. საცხოვრებელი, საოფისე და სხვა დანიშნულების შენობაში მცხოვრებთა და დასაქმებულთა რაოდენობისა და ფართობის მიხედვით დადგინდება პარკირების ზონების ზუსტი კრიტერიუმები და ავტოსადგომების მინიმალური ადგილების რაოდენობა, რაც მკაცრად იქნება დაცული მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისას. იმ ადგილებში, სადაც დასაქმებული პირების, ბიზნესის ოფისების, სასწავლო დაწესებულებების მაღალ კონცენტრაციას აქვს ადგილი, ამოქმედდება პარკირების საფასურის დროზე მიბმული სისტემა.

 

მოძრაობის ორგანიზება ასევე წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ქალაქში ნორმალური გადაადგილების შესაძლებლობისთვის. ამ თვალსაზრისით აუცილებელია გაგრძელდეს გზაჯვარედინებზე მართვის ერთიან სისტემაში ჩართული შუქნიშნების ქსელის მოწყობა, რაც არსებიტად აადვილებს და უფრო ეფექტურს ხდის ამ სატრანსპორტო კვანძევბზე საავტომობილო გადაადგილების რეგულირებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სხვა და სხვა მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე გეომეტრიული ცვლილებები, რაც გააუმჯობესებს იმ გზაჯვარედინების გამტარუნარიანობას და შესაბამისად შემცირდება სატრანსპორტო საცობები (მაგალითად, აღმაშენებელი - თამარ მეფის გზაჯვარედინი, რომლის ცვლილების განხორციელების შემდეგ მას გაეზარდა გამტარუნარიანობა საათში 350 ერთეულით). გაგრძელდება გზაჯვარედინების რეკონსტრუქცია და მოწყობა ე.წ. უსაფრთხოების კუნძულებითა თუ საგზაო მოძრაობის მიმმართველი სხვა ელემენტებით, რაც საგრძნობლად ზრდის ამ მონაკვეთების გამტარუნარიანობას.

 

რა ღონისძიებებს გავატარებთ შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ქალაქში გადაადგილების შესაძლებლობის გაუმჯობესებისთვის

 

თბილისის საზოგადოებრივი სივრცე - სადარბაზო, ლიფტი, ეზო, ქუჩა, გადასასვლელი, სკვერი, პარკი, საჯარო დაწესებულება - არამეგობრულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რის გამოც დროის უდიდეს ნაწილს ისინი სახლში ატარებენ. ეს გარემოება ზღუდავს მათ შესაძლებლობას, მიიღონ განათლება, დაეუფლონ პროფესიას და დასაქმდნენ, რაც ადამიანის თვითრეალიზაციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

“ევროპული საქართველო” გეგმავს:

 

დახვეწოს სამშენებლო რეგულაციები, რათა საზოგადოებრივი სივრცე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გადაადგილებაზე მორგებული გახდეს (პანდუსები და და ხმოვანი მანიშნებლებით აღჭურვილი სპეციალური ბილიკები ტროტუარებზე; ხმოვანი შუქნიშნები; სპეციალური ლიფტები მიწისქვეშა გადასასვლელებში);

დააწესოს შესაბამისი პირობები მუნიციპალურ სამშენებლო, სატრანსპორტო და სხვა ტენდერების რეგლამენტში;

გახადოს საზოაგდოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის; ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტში (ასევე საჯარო დაწესებულებების სივრცეებსა და საჯარო მოხმარების მუნიციპალურ აპარატებზე) იყოს ბრაილის შრიფტით შესრულებული წარწერები.

ჩაატაროს პერიოდულად კამპანიები საკითხზე საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად.

 

 

რა პროგრამებს განვახორციელებთ კულტურული ცხოვრების გაუმჯობესებისთვის

 

ძველი თბილისის რეაბილიტაციით და სხვა მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებით ევროპული საქართველო შეძლებს მრავალი კულტურული ძეგლის შენარჩუნებას. დამატებით, ჩვენ მეტ ყურადღებას და ძალისხმევას დავუთმობთ საბჭოთა ოკუპაციის უარყოფითი მემკვიდრეობის წარმოჩენას თბილისის მასშტაბით. ჩვენ აღვადგენთ და რეაბილიტაციას გავუწევთ იმ შენობებს, სადაც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ქართველი ოფიცრები, საჯარო მოხელეები და ანტი-კომუნისტური მოძრაობის წევრები. ასევე, შენობები, საიდანაც „ჩეკა“ ასამართლებდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ქართველ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ აქტივისტებს. ერთ-ერთი ასეთი შენობაა ჩეკას მაშინდელი სათაო ოფისი ინგოროყვას ქუჩაზე. ბოლო და არა უკანასკნელი ძალისხმევა, რასაც ევროპული საქართველო გააკეთებს, იქნება იმ ადგილების რეაბილიტაცია, მარკირება და მემორიალის სტატუსის მინიჭება შიდა და გარე ტურისტებისთვის, სადაც ადგილი ჰქონდა მასობრივ მკვლელობებს და აღმოჩენილია მასობრივი სასაფლაოები (მაგალითად, ვაკის პარკი და რუსთავისკენ მდებარე თბილისის გარეუბნები).

 

ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რას მოვიმოქმედებთ განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით

 

თბილისში ბაგა-ბაღების მომსახურებით სარგებლობის მსურველთა მწვავე პრობლემას  ბაღებში ადგილების სიმცირე წარმოადგენს.

 

2015 წლის მონაცემებით, თბილისში ფუნქციობდა 160 საბავშვო ბაგა-ბაღი და ირიცხებოდა საშუალოდ 56000-მდე აღსაზრდელი;  იმავე პერიოდში საბავშვო ბაგა-ბაღებს მიმართა 6 500 ბავშვის მშობელმა, მაგრამ ვერსად შეძლო რეგისტრაცია.

 

2017 წლის მონაცემებით, თბილისში ფუნქციობს 166 საბავშვო ბაგა-ბაღი და ირიცხება საშუალოდ 59589 აღსაზრდელი; საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის მიმართული აქვს და რეგისტრაციის გარეშე დარჩენილია 6 000 ბავშვი.

 

იმ პირობებში, როდესაც სისტემას დაემატა 6 საბავშვო ბაღი, რომელიც საერთო ჯამში უზრუნველყოფს დამატებით 2300 აღსაზრდელის მიღებას, მდგომარეობა ფაქტიურად არ გაუმჯობესებულა და მომლოდინეთა რიცხვი თითქმის უცვლელი დარჩა.

 

არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა კიდევ მინიმუმ 10 000 ადგილი. ერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გათვლილია საშუალოდ 250-300 ბავშვზე/აღსაზრდელზე, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია დამატებით რამდენიმე ათეული ბაღის მშენებლობა. ახალი ბაღების მშენებლობა არ წარმოადგენს პრობლემის დროული გადაწყვეტის გზას, ვინაიდან მშენებლობა, ფინანსური რესურსის გარდა, პროცედურულ და, სამშენებლო საჭიროებებიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდ ვადებს მოითხოვს. მშობლები, რომელთა შვილებიც დარჩნენ საბავშვო ბაღების გარეშე , დღეს საჭიროებენ ამ საკითხის გადაწყვეტას.

 

ევროპული საქართველოს” აზრით, ბაგა–ბაღების დაფინანსება ვაუჩერული გზით უნდა განხორციელდეს. ეს ნიშნავს, რომ  არცერთი ბავშვი არ დარჩება საბავშვო ბაღის გარეშე. აღნიშნული მეთოდი გულისხმობს იმას, რომ ბაგა–ბაღები ისევ უფასოდ შეძლებენ აღსაზრდელთა მიღებას, თუმცა ის ბავშვები, რომლებიც ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო ვერ მივიდნენ მუნიციპალურ  საბავშვო ბაღებში, კერძო საბავშვო ბაღებში სიარულს შეძლებენ ბიუჯეტის დაფინანსებით.

 

უფრო კონკრეტულად: “ევროპული საქართველო” შემოიღებს ყოველწლიურ 1500 -ლარიან ვაუჩერს საბავშო ბაღის ასაკის თითოეულ ბავშვზე (ამდენი იხარჯება ერთ აღსაზრდელზე თვეში მუნიციპალურ საბავშვო ბაღში), რომლითაც დაფინანსება მოხდება არა მხოლოდ მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში, არამედ კერძო საბავშვო ბაღებშიც.  ეს შესაძლებელს გახდის საბავშვო ბაღის ასაკის ყველა ბავშვის დაფინანსებას, რაც, ერთის მხრივ, სწრაფად მოაგვარებს მშობლებისთვის პრობლემას და უფრო ეფექტურად აღმოფხვრის საბავშვო ბაღებში ადგილების დეფიციტს, მეორეს მხრივ, გამოიწვევს კერძო საბავშვო ბაღების სისტემის განვითარებას და ამ სფეროში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

 

სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა მშობლები დღეს რთული არჩევანის წინაშე დგანან: ადრეული ინტერვენციისა და დღის ცენტრებში ბავშვის ტარების შემთხვევაში, მათ, პრაქტიკულად, ესპობათ საშუალება, ბავშვი პარალელურად საბავშვო ბაღსა და სკოლაში ატარაონ. ამიტომ სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას, “ევროპული საქართველო” გეგმავს:

 

3-დან 7 წლამდე ბავშვებზე ორიენტირებული მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების ინტეგრაციას საბავშვო ბაღებში და თბილისის ყველა საბავშვო ბაღში ადრეული ინტერვენციის ოთახის მოწყობას;

7-დან 18 წლამდე ბავშვებზე ორიენტირებული მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების სკოლებში ინტეგრაციის პილოტირებას და თბილისის 20 სკოლაში დღის ცენტრის მოწყობას.

 

 

ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რა ღონისძიებებს გავატარებთ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის, კრიმინალის პრევენციისთვის

 

2011-2013 წლებში თბილისმა ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქის სახელი დაიმსახურა ევროპაში. ეს კარგ სამსახურს უწევდა თბილისს ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისითაც. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქუჩები აღარაა იმდენად უსაფრთხო.

 

უახლოეს ოთხი წლის განმავლობაში, ადგილობრივი თვითმარეთველობის ორგანოების კომპეტენციის ფარგლებში, “ევროპული საქართველო”:

 

შექმნის მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების ინფრასტრუქტურა, რაც გულისხმობს:

გარე განათების პრობლემების მოგვარებას, განსაკუთრებით კი შემოერთებულ დასახლებებში;

მიწისქვეშა გადასასვლელების ინფრასტრუქტურის რებილიტაციასა და მოწესრიგებას;

ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობით კორპუსების მიმდებარე ტერიტორიისა და ეზოების განათების მოწესრიგებას, სადარბაზოების შესასვლელებისა და თავად სადარბაზოებების დაცულობის ხარისხის გაზრდას.

 

 

როგორი იქნება ჩვენი სოციალური პოლიტიკა და რა სოციალური პროგრამების განხორციელებაზე ვიზრუნებთ ქალაქში

 

დაბალი ეკონომიკური ზრდა, მთელი ქვეყნის მსგავსად, თბილისის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახა. ძალიან ცოტაა პენსიონერი და სოციალურად დაუცველი, რომლის ჯიბესაც სურსათისა და მედიკამენტების გაძვირება მნიშვნელოვნად არ შეეხო. ამიტომ ასეთ ვითარებაში “ევროპული საქართველო” გამოსავლად მიიჩნევს ყოველთვიური საპენსიო 50-ლარიანი დანამატის შემოღებასა და საარსებო შემწეობის ოდენობის გაზრდას.

 

მუნიციპალური ბიუჯეტის სწორი დაგეგმვა საშუალებას იძლევა, თბილისში მცხოვრებ 203,000 პენსიონერზე გაიცეს 50-ლარიანი ყოველთვიური დანამატი, ხოლო საარსებო შემწეობის მოცულობა გაიზარდოს 70 ლარით ერთ სოციალურად დაუცველზე თვეში.

 

იმავდროულად, მნიშვნელოვანია, დაიწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ორინტირებული ჯანდაცვისა და სოციალური სახელმწიფო პროგრამების მუნიციპალურ დონეზე გადატანა, მათი დაფინასებისა და ეფექტურობის გაზრდა, ამგვარი მუნიციპალური და (ეტაპობრივად) სახელმწიფო პროგრამების ინტეგრირება საბავშვო ბარებსა და სკოლებში.

 

ამ თვალსაზრისით, თბილისს, როგორც ყველაზე ძლიერ მუნიციპალიტეტს, შეუძლია წამყვანი როლი შეასრულოს და განახორციელოს პილოტ-პროექტები, რომლებიც შემდგომ სხვა მუნიციპალიტეტებში დაინერგება. მუნიციპალიტეტის როლის ზრდა უნდა მოხდეს თემთან დიალოგით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით, ეტაპობრივად, პილოტირებითა და თანადაფინანსებით

 

შესაძლებელია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქვეშ არსებული შემდეგი სახელმწიფო პროგრამების მუნიციპალურ დონეზე გადატანა:

 

ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის ის ნაწილი, რომელიც 3-დან 7 წლამდე ბავშვებზეა ორიენტირებული

ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა

დღის ცენტრების ქვეპროგრამა

სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა

“ევროპული საქართველო” გეგმავს:

 

3-დან 7 წლამდე ბავშვებზე ორიენტირებული მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების ინტეგრაციას საბავშვო ბაღებში და თბილისის ყველა საბავშვო ბაღში ადრეული ინტერვენციის ოთახის მოწყობას;

7-დან 18 წლამდე ბავშვებზე ორიენტირებული მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების სკოლებში ინტეგრაციის პილოტირებას და თბილისის 20 სკოლაში დღის ცენტრის მოწყობას.

ბაღებში ადრეული ინტერვენციის ოთახებისა და სკოლებში დღის ცენტრების მართვის outsourcing სერვისის მიმწოდებლებზე მოხდება.

 

 

 

რა ღონისძიებებს განვახორციელებთ ჯანდაცვის ზოგადი ინდიკატორების გასაუმჯობესებლად

 

ჯანდაცვის ზოგადი ინდიკატორების გაუმჯობესება დიდწილად ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ განვითარებასა და ცენტრალური ხელსიუფლების მიერ განხორციელებული ჯანდაცვისა და სოციალური პოდლიტიკის შედეგებზეა დამოკიდებული, თუმცა თბილისის თვითმმართველობას, ქალაქის მასშტაბიდან გამომდინარე, მასში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. ამ ინდიკატორებზე გავლენას მოახდენს:

 

თბილისში მცხოვრებ 203,000 პენსიონერზე 50-ლარიანი ყოველთვიური დანამატის გაცემა და ერთ სოციალურად დაუცველზე თვეში საარსებო შემწეობის მოცულობის 70 ლარით მომატება, რადგან ეს გაზრდის ჯანდაცვაზე (ძირითადად, მედიკამენტებზე) მათ ფინანსურ ხელმისაწვდომობას;

დასაქმების გაზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკა, რაც შედეგად მოიტანს 35 000-ით მეტ დასაქმებულს და გააუმჯობესებს თბილისში მცხოვრები ოჯახების სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას და, შესაბამისად, ჯანდაცვაზე მათ ფინანსურ ხელმისაწვდომობას;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ორინტირებული ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელება საზოგადოების ყველაზე დაუცველი პირებისათვის უკეთეს პირობებს შექმნის;

ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამების მიზნობრივ ჯგუფებზე უფრო ეფექტური მიმართვა.

 

 

 

 

რა ღონისძიებების გატარება იგეგმება ქალაქში მიუსაფრთა სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად

 

“ევროპული საქართველო” მიუსაფარ მოქალაქეებს მოუწესრიგებს სამოქალაქო რეგისტრაცია, რაც შესაძლებელს გახდის მათ ჩართვას საარსებო შემწეობის მიმღებთა სიაში.

 

 

 

რა ღონისძიებები გატარდება  ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად

 

თბილისში გარემოს დაბინძურებისა და ეკოლოგიის მხრივ მძიმე მდგომარეობაა და ეს პრობლემა კომპლექსურ ხასიათს ატარებს. დაბინძურების მთავარი წყაროები ავტომანქანები და მათი გამონაბოლქვი, მშენებლობები, მათი ნარჩენები და მტვერი, მოსახლეობის მიერ ტექნიკური პარამეტრების დაღღვევით დამონტაჟებული გამათბობლები და მწვანე საფარის ნაკლებობა. ეს ყოველივე გვაძლევს საკმაოდ მძიმე სურათას და პრობლემიდან გამოსავალიც კომპლექსური ხასიათის უნდა იყოს.

 

პირველ რიგში უნდა განიტვირთოს საავტომობილო მოძრაობა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ხოლოვნურად შემოღებული რეგულაციების გზით და ისედაც შეჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე. გრძელვადიან პერსპექტივაში თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 100% ეკოლოგიურად სუფთა უნდა გახდეს. ამ მიზნამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ. 10 წლის შემდეგ, მუნიციპალიტეტს საერთოდ აღარ ეყოლება დიზელზე და ბენზინზე მომუშავე, გამონაბოლქვის გამომყოფი ტრანსპორტი. იქამდე კი:

ავტობუსების ჩანაცვლების პარალელურად მეტროსთან ერთად, ერთად უნდა განვითარდეს ეკოლოგიისთვის აბსოლუტურად უვნებელი, თანამედროვე ტრამვაი და საბაგირო გზა.

მოეწყობა ფეხით მოსიარულეთათვის ,,ზებრა“ გადასასვლელები, ველობილიკები, საფეხმავლო სივრცეები;

ყოველივე ეს განტვირთავს საავტომობილო მოძრაობას და გარკვეულ შეღავათს მისცემს ქალაქის ეკოლოგიას. გარდა ამისა:

 

მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს მშენებლობის მიმდინარეობისა ისეთი ელემენტარული ნორმების დაწესებაზე, როგორიცაა მშენებლობის შეფუთვა და ნაგვის გატანა.

სპეციალურად სამშენებლო ნარჩენებისთვის უნდა გაიხსნას ცალკე ნაგავსაყრელი;

ყველა გადაწყვეტილება ახალი მშენებლობის შესახებ მიღებული იქნება კონკრეტული უბნის საცხოვრებელი გარემოს, ეკოლოგიური მდგომარეობის, საკომუნიკაციო ქსელების გათვალისწინებით.

თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდება პროექტები, რომლებიც მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში აამაღლებს ენერგორესურსების მოხმარების ეფეტურობას, ამით დაწევს კომუნალური ხარჯებს და შეამცირებს გარემოზე უარყოფით გავლენას.

ყოველივე ეს, რკინიგზის ცენტრიდან გადატანისა და მწვანე ნარგავების მასის გაზრდასთან ერთად, თვისობრივად გამოასწორებს თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობას.

 

რა ღონისძიებებს გავატარებთ ქალაქში რეკრეაციული ზონების, პარკების გაფართოებისა და განვითარებისთვის

 

“ევროპული საქართველოს” გეგმის ერთ-ერთი ქვაკუთხედი ქალაქის ცენტრიდან რკინიგზის გადატანაა. რკინიგზის გადატანის შედეგად, საცხოვრებელი გარემო გახდება უსაფრთხო, ჯანსაღი, ხოლო უძრავი ქონება ინვესტორებისთვის მიმზიდველი. საცხოვრებელ უბნებს მოეხსნებათ მუდმივი ხმაურის, ჰაერის დაბინძურების, მაღალი ძაბვის გამოსხივების ზემოქმედება და ეკოლოგიური საფრთხე. გაუქმდება რკინიგზის სიახლოვეს მოქმედი სამშენებლო შეზღუდვა და შესაძლებელი გახდება მიმდებარე უბნების განვითარება. გამოთავისუფლებული ტერიტორიის ნაწილზე, 20 ჰექტარზე გაშენდება “ცენტრალური პარკი”.

 

“ევროპული საქართველო” განაახლებს არსებულ პარკებს და არ დაუშვებს სტატუსებით მანიპულაციას, როგორც ეს მაგალითად ბოტანოკური პარკის მაგალითზე მოხდა. ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობით მოხდება ახალი სკვერებისა და მინი-პარკების განაშენიანება. მოხდება არა მხოლოდ ახალი სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა, არამედ არსებულის (დენდროლოგიური პარკი, თბილისის ეროვნული პარკი, ხუდადოვის ტყე) რეკონსტრუქცია, მცირე სარეკრეაციო ინფრაქსტრუქურის მოწესრიგება და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა თბილისელებისთვის.

 

ყველა გადაწყვეტილება ახალი მშენებლობის შესახებ მიღებული იქნება კონკრეტული უბნის საცხოვრებელი გარემოს, ეკოლოგიური მდგომარეობის, საკომუნიკაციო ქსელების გათვალისწინებით. ტურისტულ ინფარსტრუქტურის განვითარების პარალელურად, შეიქმნება ახალი რეკრიაციული ზონები.

 

დღეს თბილისის ბიუჯეტიდან გამწვანებაზე 25 მილიონი ლარი იხარჯება. ამ თანხის დიდი ნაწილი ისევ ბიუროკრატიის შენახვას ხმარდება, ხოლო ნაწილი უბრალოდ იფლანგება, რადგან ნარგავების დარგვისას და მოვლისას არ არის დაცული შესაბამისი სტანდარტები. ამ თანხით სავსებით შესაძლებელია ოთხი წლის განმავლობაში ქალაქის გამწვანების საკითხში მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა.

 

რის გაკეთებას ვაპირებთ სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებისთვის და სპორტულ-რეკრიაციული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად

 

დღეს თბილისის ბიუჯეტიდან სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებისთვის და სპორტულ-რეკრიაციული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 20 მილიონ ლარამდე  იხარჯება. ამ თანხის დიდი ნაწილი ისევ ბიუროკრატიის შენახვას ხმარდება, ხოლო ნაწილი უბრალოდ იფლანგება, მმართველი გუნდის პარტიულ ღონისძიებების ჩასატარებლად და ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ჯგუფების, მათ შორის ძალადობის ელემენტების შემცველის, წასახალისებლად. “ევროპული საქართველო” მნიშვნელოვნად შეამცირებს ბიუროკარტიულ დანახარჯებს, ხოლო ძირითადი თანხით მოახდენს:

 

მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობას ყოველ უბანში და ეზოში;

სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელისშეწყობა უნივერსიტეტებთან, სკოლებთან და ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობით;

სამოქალაქო აქტივობისა და განათლების წახალისებას;

სარეკრიაციო და გასართობი ზონების მოწყობას;

ველობილიკებისა და საფეხმავლო სივრცეების მოწყობას;

ამ სფეროში მერია მჭიდროდ ითანამშრომლებს ბიზნეს სექტორთან და საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან.

 

 

 

თბილისი

 

რა ღონისძიებების გატარებას გეგმავთ ქალაქში ქვეითთა გადაადგილების უსაფრთხოების და კომფორტის გასაუმჯობესებლად?

იხ. კითხვა 6, 9, 10, 11, 14.

 

რა ღონისძიებების გატარებას გეგმავთ ქალაქში საავტომობილი მოძრაობის მოწესრიგების და საცობების შემცირების მიზნით?

იხ. კითხვა 9, 10.

 

რა ღონისძიებების გატარებას აპირებთ უპატრონო ცხოველების პრობლემის მოსაგვარებლად?

დღეს თბილისის ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით დაახლოებით  3.2 მილიონი ლარი იხარჯება. ამ თანხის დიდი ნაწილი ისევ ბიუროკრატიის შენახვას ხმარდება, ხოლო ნაწილი უბრალოდ იფლანგება. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირებთ ბიუროკარტიულ დანახარჯებს, ხოლო ძირითად თანხებს მივმართავთ:

 

უპატრონო ცხოველების თავშესაფრების მოწყობისკენ. აქ გათვალისწინებული უნდა იყოს, როგორც მუნუციპალური თავშესაფრების მოწყობა, ისე უკვე არსებულ კერძო თავშესაფრებთან თანამშრომლობა;

შემუშავდება და განხორციელდება უპატრონო ცხოველების აღწერის, ვაქცინაციისა და სტერილიზაციის სპეციალური პროგრამები.

ამ სფეროში მერია მჭიდროდ ითანამშრომლებს ბიზნეს სექტორთან და საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან.

 

რა ღონისძიებების გატარებას გეგმავთ დაუსრულებელი მშენებლობების, ავარიული შენობა-ნაგებობების პრობლემების დარელიგურებისათვის?

იხ. კითხვა 7.

 

5. რა ღონისძიებების გაატარებთ ქალაქის ისტორიული იერსახის შესანარჩუნებლად?

 

იხ. კითხვა 6, 7.

 

6. როგორია თქვენი პოზიცია თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის საკითხზე?

 

“ევროპული საქართველოს” მიდგომები ამ საკითხზე ჩამოყალიბებულია 1, 2, 6, 7, 10, 19 კიტხვებზე პასუხებში, თუმცა აქვე გთავაზობთ ამ თემაზე ჩვენს ამომწურავ ხევდას:

 

არსებული მდგომარეობა:

 

ქალაქს ორ ნაწილად არა მხოლოდ ბუნებრივი გამყოფი, მდინარე მტკვარი ყოფს, არამედ ხელოვნური გამყოფიც - სარკინიგზო ლიანდაგი და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. სარკინიგზო მეურნეობის ტერიტორია თავის მხრივ სერიოზულ პრობლემებს უქმნის ქალაქის შემდგომ განვითარებას: ამის გამო ქალაქი საკმაოდ არათანაზომიერად ვითარდება - ისტორიული ნაწილის მდგრადობა განიცდის მეტად სახიფათო საინვესტიციო ექსპანსიას, ხოლო   ცენტრალური ნაწილი განუვითარებელი, დაბალი ურბანული ხარისხის მქონე რჩება.

 

რკინიგზის გასწვრივ მოქმედებს საშუალოდ 120-მეტრიანი შეზღუდვის ზოლი, რის გამოც სამშენებლო განვითარება შეზღუდულია. გარდა ნორმატიული შეზღუდვისა, რკინიგზა, რომელსაც აქვს მცირე რაოდენობის საავტომობილო გადაკვეთები, წარმოადგენს მიმდებარე უბნების განვითარების ერთ-ერთ ძირითად შემაფერხებელ ფაქტორს და მისგან გამოწვეული ფიზიკურ-ეკოლოგიური ზეგავლენის გამო, იქ არსებული მიწის ნაკვეთების და საცხოვრებელი სახლების ღირებულება გაუფასურებულია, შესაბამისად რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიები (უბნები) არ არის მიმზიდველი ინვესტორებისთვისაც.

 

რკინიგზის სანიტარულ-დაცვითი ზონის  (ლიანდაგის ღერძიდან 100+100 მ) არეალში ჯამში 70-მდე ქუჩაა მოქცეული, სადაც სახლები განიცდის მაღალი ძაბვის გამოსხივების მუდმივ ზემოქმედებასა და ზენორმატიულ ვიბრაციას (განსაკუთრებით იქ, სადაც რკინიგზის ხაზიდან დაშორება 25-30 მეტრია, ხმაურის დონე აღემატება (ზოგან 2-ჯერ) დასაშვებს).

 

ქალაქის სარკინიგზო დერეფნის მკვეთრად გამოხატულ ძირითად ფუნქციას სატვირთო გადაზიდვები წარმოადგენს. გადაზიდული ტვირთი ორ ნაწილად იყოფა: თხევადი და მშრალი, რომელთაგან ორივე მოიცავს ჯანმრთელობისათვის საშიშ და სახიფათო ტვირთებს. თბილისში მხოლოდ ღამის განმავლობაში (23:00 – 07:00 სთ) საშუალოდ 10-ზე მეტი სატვირთო შემადგენლობა გადაადგილდება.

 

ამასთან, ქალაქის ცენტრალური ნაწილში ზღვარსგადასულ სატრანსპორტო დატვირთა და მისით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემებია. ქალაქის ცენტრის ეკოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს სარკინიგზო საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივობა: ექსპლუატაციისას გამოიყენება საცხებ-საპოხი პროდუქტები და ნივთიერებები, რომლებიც ხვდება ნიადაგში და აბინძურებს მას.

 

რას წარმოადგენს შემოვლითი რკინიგზის იდეა:

 

ახალი რეგიონალური პირობები და გამოწვევები ქალაქში ახალი საზოგადოებრივ-საქმიანი ფუნქვიების განვითარებას მოითხოვს. რკინიგზის გადატანა გამოანთავისუფლებს ტერიტორიას, რომელიც მოგვცემს დედაქალაქის ახალი, ქვეყნისა და რეგიონული მასშტაბის საზოგადოებრივ-საქმიანი ცენტრის აშენების შესაძლებლობას.

 

რკინიგზის გადატანის შემთხვევაში:

 

საცხოვრებელი გარემო გახდება უსაფრთხო, ჯანსაღი, ხოლო დღეს არსებული რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება - ინვესტორებისთვის მიმზიდველი. ისტორიული ცენტრი და დამოუკიდებელ ტერიტორიაზე შექმნილი თანამედროვე საქალაქო ცენტრი ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყოფენ: ისტორიული ნაწილის შენარჩუნებასა და გაჯანსაღებას; ფუნქციების გადანაწილებას და, შედეგად, ქალაქის ორგანულ განვითარებას.

20 ჰექტარ ტერიტორიაზე დაპროექტდება და გაშენდება ქალაქის ცენტრალური პარკი; შეიქმნება ახალი გამწვანებული სივრცეები; მდინარის ცენტრალური ნაწილის მთელს სიგრძეზე მოეწყობა საერთო საქალაქო რეკრეაციული ზონა.

ქალაქის ახალ ღერძზე ერთიანად აიკინძება რკინიგზის და მეტროს სადგურები, აეროპორტი და აგლომერაციული ცენტრები (მცხეთა, რუსთავი, გარდაბანი); მოეწყობა თბილისის აღმოსავლეთის (კახეთის) და დასავლეთის (მცხეთის) მიმართულებების შემაერთებელი უმოკლესი საავტომობილო მაგისტრალი, რაც გააადვილებს გადაადგილებას, როგორც გამჭოლი მიმართულებით, ისე ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან ორივე მიმართულებით;

მაგისტრალის განივად მოეწყობა ახალი საავტომობილო კავშირები, განივად დაკავშირდება და ერთიან ქსელურ სისტემაში ჩაერთვება ქალაქის გამჭოლი გზები, გაუმჯობესდება საავტომობილო კავშირები და მისადგომობა; მოეწყობა რამდენიმე მნიშვნელოვანი ახალი კვანძი:  ბუხაიძის ქუჩა, გრანელისა და ლამის ქუჩების გადაკვეთა, ვახუშტის ხიდისა და დეპოს ქ, სამტრედიის ქ. შედეგად სატრანსპორტო ნაკადებისგან სრულად განიტვირთება მიმდებარე ქუჩები.

ისტორიულ ნაწილში მოიხსნება სატრანსპორტო დატვირთვები; ქალაქის ცენტრალურ უბნებს საათში 2000 მანქანა მოაკლდება.

შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები; ქალაქის ცენტრში უშუალოდ რკინიგზით დაკავებული ტერიტორიის გამოთავისუფლების შემდეგ და მიმდებარე ტერიტორიების განვითარების შედეგად აშენდება 800 ათას კვადრატულ მეტრამდე ახალი საცხოვრებელი ფართობი, 300 000 კვადრატულ მეტრამდე საოფისე ფართობი და 200 000 კვადრატულ მეტრზე მეტი სავაჭრო ობიექტები, სასტუმროები, კაფე-რესტორნები, რაც როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე მისი დასრულების შემდეგ შექმნილ ახალ მცირე ბიზნესებსა და სამუშაო ადგილებს ნიშნავს.

აუთვისებელი საწარმო-სამეურნეო სივრცის ნაცვლად, თბილისის ცენტრში მივიღებთ ახალ საზოგადოებრივ-საქმიან ცენტრს. თავის მხრივ, ახალი საზოგადოებრივ-საქმიანი ცენტრი ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პერიფერიულ საცხოვრებელ ტერიტორიებს (400 ჰა), თბილისის ზღვის რეკრეაციულ ტერიტორიასთან ერთობლიობაში, შესძენს პრესტიჟულობას. არსებული დაბალი ღირებულების საცხოვრებელი ფართი განახლდება, რაც, 50% რეკონსტრუქციის შემთხვევაში, გვაძლევს 3-3,5 მლნ კვ.მ. ახალ საცხოვრებელ ფართობს.

ბეჭდვა