ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
1991 წლის 31 მარტის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების არჩევნების მიმოხილვა
25 აგვისტო, 2021 წ.

1990 წლის 14 ნოემბერს მიღებული „გარდამავალი პერიოდის შესახებ“ კანონის თანახმად, განისაზღვრა ადგილობრივი მმართველობის ორი დონე: პირველი დონე - ქალაქი, ქალაქის რაიონი, თემი, დაბა და სოფელი, მეორე დონე - რაიონი და რაიონული დაყოფის მქონე რეპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი. ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს ორივე დონეზე საკრებულოები, ხოლო აღმასრულებელ ორგანოს რაიონში და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქში პრეფექტურა (პრეფექტურას საქართველოს უზენაესი საბჭოს (შემდგომში პრეზიდენტის) მიერ 4 წლით დანიშნული პრეფექტი(თბილისში მერი) ხელმძღვანელობდა), მმართველობის პირველ დონეზე კი გამგეობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა პრეფექტის წარდგინებით საკრებულოს წევრებიდან არჩეული გამგებელი. საკრებულოები 3 წლით ირჩეოდნენ.

ცალკე კანონით დარეგულირდა თბილისის ადგილობრივი მმართველობა. კანონით ქალაქი დაიყო 10 რაიონად და 1 დაბად (წყნეთი). ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოები საკრებულოები პირდაპირი წესით ირჩეოდა თბილისის 10 რაიონში და დაბა წყნეთში, რომლებიც თავისი შემადგენობიდან თბილისის საკრებულოში წარგზავნიდნენ შვიდ-შვიდ წევრს (წყნეთიდან - 3), სულ თბილისის საკრებულოს შემადგენლობა განისაზღვრა 73 წევრით. ხოლო სახელმწიფო მმართველობის აღმასრულებელ ორგანოებს – თბილისის რაიონებში დანიშნული პრეფექტები და მერი ხელმძღვანელობდნენ.

საკრებულოებს საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, მხოლოდ მმართველობის პირველ დონეზე ირჩევდნენ, ხოლო მეორე დონეზე საქართველოს რაიონებისა და რაიონული დაყოფის მქონე ქალაქების საკრებულოები კომპლექტებოდა შესაბამისი რაიონის/ქალაქის ტერიტორიაზე შემავალი პირველი დონის საკრებულოების მდივნებით (დღევანდელი საკრებულოს თავმჯდომარე) და ამ საკრებულოთა მიერ თავისივე შემადგენლობიდან არჩეული წარმომადგენლებით.

არჩევნებში მონაწილეობის და კანდიდატთა წარდგენის უფლება ჰქონდათ პოლიტიკურ პარტიებს, მათ ბლოკებსა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეგისტრაციისათვის მიმართა 38-მა პოლიტიკურმა პარტიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა 26 პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი ორგანიზაცია. უარი უთხრა თორმეტს. აქედან სასამართლოს მიმართა ხუთმა ორგანიზაციამ. სასამართლოს გადაწყვეტილებით ადგილობრივი მმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღუდგათ საზოგადოებრივ ორგანიზაცია “ლემი” და საქართველოს ახალგაზრდულ ქრისტიანულ – დემოკრატიული კავშირს.

არჩევნებში მონაწილე პარტიები:

1. ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო’

• საქართველოს ჰელსინკის კავშირი;
• სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება;
• ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი;
• სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება;
• საქართველოს ეროვნული ფრონტი – რადიკალური კავშირი;
• საქართველოს ეროვნულ – ქრისტიანული პარტია;
• საქართველოს ეროვნულ – ლიბერალური კავშირი;

2. ბლოკი “განთავისუფლება და ეკონომიკური აღორძინება”

• საქართველოს კონსტიტუციურ- დემოკრატიული პარტია,
• საქართველოს პროგრესულ- დემოკრატიული პარტია,
• საქართველოს შრომის პარტია

3. საქართველოს ეროვნული ერთიანობისა და სოციალური სამართლიანობის პარტია;
4. სრულიად საქართველოს მიწათმოქმედთა კავშირი;
5. საქართველოს სოციალური სამართლიანობის კავშირი;
6. საქართველოს დამოუკიდებელი კომუნისტური პარტია;
7. საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების ეროვნული პარტია;
8. სრულიად საქართველოს სელიმ ხიმშიაშვილის – საზოგადოება;
9. სრულიად საქართველოს მშვიდობისა და თავისუფლების პარტია;
10. საქართველოს სახალხო ფრონტი;
11. საზოგადოებრივ – პოლიტიკური ორგანიზაცია “დემოკრატთა კავშირი” (ახალქალაქი);
12. საქართველოს რესპუბლიკური პარტია;
13. საქართველოს სამართლიანობისა და ეროვნული ერთიანობის პარტია;
14. საქართველოს დემოკრატიული სახალხო ფრონტი;
15. ივანე ჯავახიშვილის საზოგადოება;
16. საქართველოს საზოგადოებრივ – პოლიტიკური ორგანიზაცია “სვანეთი”;
17. სრულიად საქართველოს აპრილის კავშირი;
18. საქართველოს მთიელთა კავშირი;
19. საქართველოს ახალგაზრდული ქრისტიანულ – დემოკრატიული კავშირი;
20. საზოგადოებრივ ორგანიზაცია “ლემი”;

საარჩევნო ბლოკმა “თავისუფლება” (საქართველოს რესპუბლიკურ - ფედერალური პარტია, საქართველოს ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტია, საქართველოს მწვანეთა პარტია, საქართველოს ეროვნული თანხმობის ასოციაცია, საქართველოს ქრისტიანულ- დემოკრატიული კავშირი) უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე.

1991 წლის 31 მარტს არჩევნები ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა აფხაზეთისა და შიდა ქართლის ზოგიერთ ოლქში(ქ.ცხინვალი და ჯავა).

არჩევნები ჩატარდა მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში, პროპორციული წარმომადგენლობის ოჯახის, ერთადერთი გადასაცემი ხმის სისტემის საფუძველზე.

საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი იყო მოცემულ საარჩევნო ოლქში ასარჩევი დეპუტატობის კანდიდატთა სახელი და გვარი, დაბადების წელი, პროფესია, თანამდებობა (საქმიანობა), სამუშაო ადგილი, პარტიულობა, პარტიის (საარჩევნო ბლოკის) საინიციატივო ჯგუფის დასახელება, რომელმაც წარადგინა დეპუტატობის კანდიდატი. ყოველი გვარის წინ დაბეჭდილი იყოს ცარიელი უჯრედი მასში რიგითი ნომრის ჩასაწერად.

ბიულეტენის შევსებისას ამომრჩეველი პრეფერენციულ არჩევანს აკეთებდა, ანუ უფლება ქონდა ხმა მიეცა ერთი, ორი, სამი ან მეტი კანდიდატისათვის, რისთვისაც საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების წინ ცარიელ უჯრებში უნდა ჩაეწერა ციფრები შემდეგი მიმდევრობით: ციფრი”1” – იმ კანდიდატის გასწვრივ, რომელსაც აძლევდა უპირატესობას სხვების წინაშე; ციფრი “2” – იმ კანდიდატის გასწვრივ, რომელსაც პირველის შემდეგ აძლევდა უპირატესობას სხვების წინაშე; ციფრი “3” – იმის გასწვრივ, რომელსაც პირველი ორის შემდეგ აძლევდა უპირატესობას სხვების წინაშე და ა.შ. ასეთი საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფდა დამოუკიდებელი კანდიდატების წარმომადგენლობას არჩევით ორგანოში. ეს დადასტურდა არჩევნების შედეგებითაც. მაგალითად, თბილისის მასშტაბით ათ რაიონულ (და დაბა წყნეთი) საკრებულოში აირჩა 425 დეპუტატი, საიდანაც 93 (22%) დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი იყო. მმართველმა კოალიციამ - "მრგვალმა მაგიდა" - თბილისში 288 (68%) მანდატი მოიპოვა.

დანარჩენი მანდატები ასე გადანაწილდა:

ბლოკი “განთავისუფლება და ეკონომიკური აღორძინება” - 2

საქართველოს ეროვნული ერთიანობისა და სოციალური სამართლიანობის პარტია - 1
საქართველოს დამოუკიდებელი კომუნისტური პარტია 2
საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების ეროვნული პარტია - 5
საქართველოს სახალხო ფრონტი - 14
საქართველოს დემოკრატიული სახალხო ფრონტი - 1
საქართველოს საზოგადოებრივ – პოლიტიკური ორგანიზაცია “სვანეთი” - 1
საქართველოს ახალგაზრდული ქრისტიანულ – დემოკრატიული კავშირი - 2
საზოგადოებრივ ორგანიზაცია “ლემი” - 12
სრულიად საქართველოს მიწათმოქმედთა კავშირი - 2

საერთო ჯამში, საქართველოს მასშტაბით მეტ წილ საკრებულოებში კოალიციამ "მრგვალი მაგიდა" აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა