,,ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ოქტომბერში ჩვენი ოცნების მხოლოდ მცირე ნაწილი ასრულდება, შემდეგ კიდევ ბევრი რამ გვექნება გასაკეთებელი.
ივანიშვილის განცხადებით, აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურების ძალაუფლებები გადაანაწილონ და ყველაფრის ცენტრიდან მართვა არ უნდა მოხერხდეს.
,,დღეს სახელმწიფო სტრუქტურები ერთი კაცის ხელშია და სააკაშვილი უზურპატორად გვევლინება. ჩვენ უნდა გადავანაწილოთ სახელმწიფო სტრუქტურების ძალაუფლებები. უნდა მოხერხდეს ის, რომ ყველაფერი ცენტრიდან არ იმართებოდეს. უნდა გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობები და მათ უნდა ჰქონდეთ იმდენი უფლებები, რამდენის განხორციელებასაც შეძლებენ. საქართველოს პარლამენტი უნდა გათავისუფლდეს ძალადობისგან და ჩვენ ამას გავაკეთებთ, რადგან პარლამენტის დანიშნულება რეალურად ისეთი კანონების მიღებაა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა ივანიშვილმა.
"ქართული ოცნების" ლიდერი თავისი გუნდის მოვალეობად საქართველოს კონსტიტუციისთვის ღირსების აღდგენას მიიჩნევს, რომელიც "აბსოლუტურად შეურაცხყოფილია ერთი კაცის მიერ".
"სააკაშვილი მუდმივად ახერხებს ქვეყნის ძირითადი კანონის საკუთარ თავზე მორგებას და მას ფარატინა ქაღალდის დონის პატივს სცემს, რაც წარმოუდგენელია. გპირდებით, ეს მიდგომა შეიცვლება და მივაღწევთ აღმასრულებელი ხელისუფლების გადანაწილებას და დაბალანსებას. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და ხელისუფლება ჩვენს მიერ არის ნაქირავები. ის ანგარიშვალდებულია ჩვენთან და არა პირიქით. რეალური თვითმმართველობის დამყარების შემდეგ ჩვენ მოგვეცემა საშუალება, რომ თუ ჩვენს მიერ არჩეული დეპუტატი თავის მოვალეობას ვერ შეასრულებს, ის უკან გამოვიწვიოთ“,-განაცხადა ივანიშვილმა.
"ქართული ოცნების" ლიდერმა ასევე მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც მისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდნენ და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად თავიანთი ნების გამოვლენისთვის საჩხერლები დაისაჯნენ.
კოალიციის ლიდერმა ასევე მიმართა პოლიციას, ნუ ემორჩილებიან მიხეილ სააკაშვილის უკანონო ბრძანებებს და ნუ არღვევენ კანონმდებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი პირობას დებს, რომ უკანონობაზე ისინი კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს.
შეგახსენებთ, კოალიცია "ქართული ოცნების" საჩხერის ოფისი დღეს გახსნა და კოალიციის ლიდერმა ამ განცხადებებით საზოგადოებას ოფისის გახსნისას მიმართა.
www.presage.tv