"არჩევნების მოახლოებასთან ერთად "ნაციონალური მოძრაობა" გარკვეულ პროვოკაციებს დაგეგმავს"
15 ივლისი, 2013 წ.
საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის კახი კახიშვილის აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დასავლეთის თვალში დევნილი ოპოზიციის რანგში წარმოჩენას ცდილობენ".
კახიშვილი გასული წლების განმავლობაში წინასაარჩევნო პერიოდებს იხსენებს და აცხადებს, რომ "დღეს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე საქართველოში არსებული მდგომარეობის შედარებაც კი არ შეიძლება იმ ვითარებისთვის, რაც ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში წინასაარჩევნოდ ხდებოდა".

"თუ დღეს რაიმე ირღვევა, ეს ისევ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღებული საარჩევნო კოდექსის მეშვეობით ხდება, რომელშიც ადმინისტრაციული რესურსის მხრიდან ფაქტიურად ყველა მოქმედება, დაშვებულად არის ცნობილი. შეუძლებელია, შევადაროთ დღეს არსებული მდგომარეობა გასული 9 წლის განმავლობაში წინასაარჩევნოდ არსებულ პერიოდებს, როცა ყოველი არჩევნების წინ ოპოზიციის აქტივისტების დაჯარიმება, საგამოძიებო უწყებებში დაბარება და დაკავება ხდებოდა და არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, საქმეში მძიმე არტილერია - სოდ-ი, კუდ-ი და პროკურატურა ერთვებოდა. გავიხსენოთ 2011 წელი, როცა თვითმმართველობის არჩევნებამდე არსებულ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში, ოპოზიციის აქტივისტები დაკითხვაზე ერთ დღეს დაიბარეს. თუ გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე არავინ უნდა დაიკითხოს, ეს არასწორი მიდგომაა. ამმხრივ იცით, რომ პრემიერმა სამართალდამცველ ორგანოებს მოუწოდა, დაკითხვებისგან თავი შეიკავონ", - აღნიშნავს კახიშვილი.

მისივე აზრით, წინასაარჩევნო პერიოდში დაძაბული ფონის შექმნას თავად "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს.

"დარწმუნებული ვარ, "ნაციონალები" ცდილობენ საერთაშორისო ორგანიზაციებში ისეთი განცხადებები გაავრცელონ, რომ დასავლეთის თვალში დევნილი ოპოზიციის რანგში წარმოჩნდნენ. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ისინი რაღაც-რაღაცეებს მოიფიქრებენ. თუნდაც მაგალითისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება მოვიყვანოთ, რომლის თანახმადაც, ამომრჩევლები, რომლებიც ადრე მითითებული მისამართებიდან ამოწერილები არიან, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. გამოდის, რომ დაახლოებით, 100 000 ადამიანს ცსკ არჩევანის დაფიქსირების გარეშე ტოვებს, ანუ შეიძლება ისეთი სურათი შეიქმნას, რომ არჩევნებზე მისულმა მოსახლეობამ საკუთარი გვარი სიაში ვერ იპოვოს. ეს ცუდია. იცით, რომ ვილნიუსის სამიტი მოდის, რომელზეც პრეზიდენტი დასწრებას აპირებს, თუმცა როგორ, არ ვიცი. სამიტზე კი პრეზიდენტმა შესაძლოა, განაცხადოს, რომ მისი მმართველობის პერიოდში არჩევნები დემოკრატიულად ტარდებოდა, ახლა კი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ოპოზიციის დევნას ჰქონდა ადგილი, ასევე ამომრჩევლებს ხმების დაფიქსირების საშუალება არ მისცესო. აი, ასეთი კონფიგურაციის შექმნა სურთ", - აცხადებს კახიშვილი.

პირველი
ბეჭდვა