"2011 წლის ბოლო დღეებში პარლამენტის მიერ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების მიღების პროცესთან დაკავშირებით გვსურს, ხაზი რამდენიმე გარემოებას გავუსვათ: 1) "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის დროს პარლამენტმა რეგლამენტით დადგენილი პროცედურა დაარღვია, კერძოდ, ამ კანონის მე-2 მუხლი ტექსტში მე-2 მოსმენის გვერდის ავლით, კანონის მესამე მოსმენით მიღების დღეს გაჩნდა, რაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევაა; 2) საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით ისე მიიღო, რომ პარლამენტის წევრებს ამ მუხლზე არც რედაქციული და არც შინაარსობრივი შენიშვნები გამოუთქვამთ. მიუხედავად ამისა, "საკანონმდებლო მაცნეს" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ტექსტი ("მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 261-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც დაფინანსება კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით აქვთ მიღებული და ეს თანხები ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ დაუხარჯავთ, ვალდებული არიან, აღნიშნული თანხები ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა მათ გამცემს დაუბრუნონ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხები სახელმწიფოს საკუთრებაში მიექცევა") პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიღებული ტექსტის რედაქციას არ ემთხვევა, რომელშიც ვკითხულობდით: "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 261-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც დაფინანსება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით აქვთ მიღებული"; 3) "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების რედაქცია პარტიების მიერ წინა წლის განმავლობაში კანონიერი გზით მიღებულ შემოწირულობებს უკანონოდ აცხადებდა. აღასანიშნავია პარლამენტის მიერ ახალი წლის წინა დღეებში კანონში ახალი მუხლის ნაჩქარევი გაჩენის ფაქტი. აღნიშნული მუხლის ინიცირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ზეპირსიტყვიერად მოხდა. სხდომაზე კანონპროექტის განსახილველად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მიწვეულები ვიყავით. კომიტეტს ამ საკითხზე არ უმსჯელია და მით უმეტეს ამ წინადადებისთვის კენჭი არ უყრია. აღნიშნული საკითხი არც კი განხილულა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმდინარე კონსულტაციებზე, რომელიც თვეზე მეტხანს გრძელდებოდა. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული ნაჩქარევი ცვლილება 2011 წელს საქართველოს იურიდიული პირების მიერ რიგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის კანონიერად გაკეთებული ფინანსური შემოწირულობების ჩამორთმევის სურვილს პირდაპირ უკავშირდებოდა. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ აშკარად ანტიკონსტიტუციური აქტის მიღებამ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის შეშფოთება და პროტესტი გამოიწვია, რის შემდეგაც "საკანონმდებლო მაცნეში" უკვე ჩასწორებული რედაქცია გაჩნდა; 4) ამ მოვლენებიდან რამდენიმე დღეში - 3 იანვარს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" უფლებამოსილი გახდა, განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომის ან შეცდომების გასწორებას, რითაც ნორმატიული აქტის შინაარსი არ შეიცვლება. ეს ცვლილება ძალაში 29 დეკემბერს შევიდა. ამ ფაქტმა ირიბად დაადასტურა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, ქართული არასამთავრობოებისა და დიპლომატების პროტესტის საპასუხოდ უკვე კენჭისყრის შემდეგ ჩასწორდა. ყოველივე ზემოაღნიშნული ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს, მის მიერ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის დროს ჩადენილ უკანონო ქმედებებს კანონიერი სახე მისცეს, ამ შესწორებით გაამართლოს "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნებული ტექსტის განსხვავება პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ტექსტთან, სინამდვილეში კი აქამდე ჩადენილ უკანონო ქმედებებს კიდევ ერთ უკანონობას უმატებს, რადგანაც გამოდის, რომ იუსტიციის მინისტრმა თავისი ბრძანებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - "საკანონმდებლო მაცნეს" საკანონმდებლო საქმიანობაში ის უფლება მიანიჭა, რაც აქამდე მხოლოდ პარლამენტს კანონის მესამე წაკითხვისას ჰქონდა. "საკანონმდებლო მაცნემ" უკვე 4 იანვარს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ "საკანონმდებლო მაცნეს" აღნიშნული უფლებამოსილება საქართველოს კანონების ტექსტისა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სხვა ნორმატიული აქტების გამოქვეყნებაზე არ ვრცელდება. პარლამენტის მიერ მიღებული აქტების მომზადების, განხილვისა და მიღების, ისევე, როგორც მათი გამოქვეყნების წესი საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითაა განსაზღვრული, რომელიც კანონის ძალის მქონე აქტია." ბუნებრივია, რომ ეს განცხადება კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს. საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს ნორმატიული აქტები საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად იყოფა, ანუ იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული 2011 წლის 157-ე ბრძანების მე-5 პუნქტი -"საქართველოს საკანონმდებლო მაცნე უფლებამოსილია, განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება" სწორედ "საკანონმდებლო მაცნესთვის" პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში ცვლილებების შეტანის უფლებას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.
კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის" საქართველოს მთავრობასა და იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის N157-ე ბრძანების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანისკენ მოუწოდებს.
"ამასთან, ვიზიარებთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ საარჩევნო გარემოს დახვეწის პროცესი უნდა გაგრძელდეს. ამ მიზნით კოალიცია როგორც ამ კანონზე, ასევე პარლამენტის მიერ მიღებულ სხვა აქტებზე სამართლებრივ დასკვნას ამზადებს, რომლის საფუძველზეც პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე წარსადგენად საკანონმდებლო წინადადებები მომზადდება. ინიციატივა შეეხება როგორც "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, ასევე იმ საკანონმდებლო აქტების მიღებას, რომელიც საქართველოში სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. იმედს გამოვთქვამთ, რომ საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტი აღნიშნულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან დიალოგის გასაგრძელებლად საშუალებას გამონახავს", - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“