ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
'ავტორიტეტები' მმართველი პარტიის სასარგებლოდ
29 სექტემბერი, 2012 წ.
„ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი მედიისთვის დახურულია. ამ დაწესებულებაში ჭირს ისეთი ინფორმაციის მიღებაც კი, როგორიცაა შტაბების თანამშრომელთა ვინაობა და რაოდენობა. ამის მიუხედავად „ბათუმელებმა“ მოიპოვა „ნაციონალური მოძრაობის“ ხუთი რაიონული შტაბის მონაცემები, რომლის გაცნობის შედეგადაც ცხადი ხდება, რომ შტაბების სტრუქტურა მთლიანად საჯარო მოხელეებზე დაყრდნობითაა აგებული.
ამ სტრუქტურით „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს, ძირითადად, 2008 წლიდან ატარებს. ხელვაჩაურის „ნაცმოძრაობის“ შტაბის ეს სქემა 2010 წელსაც მოქმედებდა. ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციაში მხოლოდ რამდენიმე ცვლილებაა შესული, აქ შტაბის უფროსად მითითებულია თეიმურაზ დუმბაძე, რომელიც გასული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს შტაბის ხელმძღვანელი იყო, ახლა კი ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

შტაბს ახლა კახა სირაბიძე, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, ხელმძღვანელობს. ამ სქემაში, წყაროს ინფორმაციით, მხოლოდ რამდენიმე ცვლილებაა შესული, შეცვლილია რამდენიმე პირის თანამდებობრივი მდგომარეობა, ძირითადი გუნდი კი ამ არჩევნებზეც შენარჩუნებულია.

„ბათუმელები" ინფორმაციის გადამოწმების მიზნით თემურ დუმბაძეს დაუკავშირდა. იგი განმარტავს, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია და სხვა დეტალებზე ჩვენთან საუბარი არ სურს.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს ხელვაჩაურის შტაბის წევრებმაც, მათ შორის შტაბის ხელმძღვანელმა, კახა სირაბიძემ.

მოქმედების სქემა თითქმის ყველა რაიონულ შტაბში მსგავსია. მაგალითად, ხელვაჩაური 12 ზონად არის დაყოფილი. ზონის კოორდინატორები სამინისტროების მაღალჩინოსნები არიან. ქვედა რგოლებში კი - რიგითი საჯარო მოხეელეები.

ხელვაჩაურის შტაბში ზონის, უბნის და მიკროუბნების კოორდინატორების რაოდენობა 276-ს აღწევს. ისინიც, ძირითადად, საჯარო მოხელეები არიან.

ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ირკვევა საინტერესო გარემოება: „ნაციონალების“ შტაბში არა მხოლოდ კოორდინატორთა შესახებ აქვთ ინფორმაცია, არამედ რიგითი მოქალაქეების პირადი ინფორმაციაც, მაგალითად, იურიდიული და ფიქტიური მისამართი, პირადი თუ მობილურის ნომრები. აქ ინახება პირადი ინფორმაცია ბიზნესმენების, სოდ-ის, საპატრულო პოლიციის, უნივერსიტეტის პედაგოგებისა და კონკრეტულ საარჩევნო ზონებში ცნობილი ადამიანების შესახებ.

ყოველ საარჩევნო ზონას ახლავს კონკრეტული სია ავტორიტეტული ადამიანებისა, რომლებიც შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოადგნენ.

ახალშენის საარჩევნო ზონაში ავტორიტეტულ მოქალაქეთა სიაში ვიპოვეთ სოდ-ის თანამშრომელი, ვალერი ფუტკარაძე.

"ბათუმელებთან" სატელეფონო საუბარში ვალერი ფუტკარაძემ დაადასტურა, რომ ის სოდის თანამშრომელია და მისი საკურატორო ზონა ახალშენი, კერძოდ, კიკნაძეების საარჩევნო უბანია.

„საარჩევნო კოდექსის თანახმად (45 მუხლი) სამართალდამცავს საარჩევნო პროცესში ჩართვის უფლება არ აქვს“, - აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი პარმენ ჯალაღონია. მისი განმარტებით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ისჯება 2000-ლარიანი ჯარიმით. ჯალაღონიას აზრით, აქ შეიძლება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასთან გვქონდეს საქმე, რაც სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

ემზარ დიასამიძე გასულ არჩევნებზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო, ახლა მომსახურების სააგენტოში მუშაობს. მისი საკურატორო ზონა ახალშენში ქვედა სამებაა. ის ადასტურებს, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის ამ არჩევნებზეც მუშაობს.

რამინ აბუსერიძე სამთავრობო დაცვის ყოფილი თანამშრომელია. იგი ადასტურებს, რომ წელსაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხმარება, თუმცა ამ სიაში შეტანილი არიან ის პირებიც, რომლებმაც უარი განაცხადეს საარჩევნო პროცესში ჩართვაზე, ან "ნაციონალურმა მოძრაობამ" საჭიროდ აღარ მიიჩნია მათთან დაკავშირება.

მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობის" ავტორიტეტულ პირთა სიაში შეყვანილი ჰყავს საზღვაო აკადემიის ლექტორი ზაურ ფუტკარაძე. ის „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თავს ნამდვილად მიიჩნევს ავტორიტეტულ ფიგურად, მაგრამ განმარტავს, რომ არაფერი აქვს საერთო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც არავინ დაკავშირებია. ამბობს, რომ არსდროს მიუღია მონაწილეობა მსგავს პროცესში.

ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორი ბიჭიკო დიასამიძეც ახალშენის ზონის ავტორიტეტებშია მოხვედრილი. ბიჭიკო დიასამიძემ ამ პროცესში მისი ჩართულობა ასე ახსნა: „თუ სამებაში, სადაც ვცხოვრობ, მოსახლეობასთან შეხვედრა იმართება, ტელეფონით მიკავშირდებიან და მივდივარ შეხვედრაზე. ცალკე აგიტაციას არ ვეწევი“.

სიაში ბათუმის საკრებულოს მთავარი სპეციალისტი ქეთევან ცივნარიძეც არის. ქეთავან ცივნარიძეს უკვირს მისი გვარის ამ სიაში მოხვედრა. როგორც განმარტავს, სოფლის გამგებელმა, გურამ წითელაძემ შესთავაზა მუშაობა, მაგრამ იმის გამო, რომ დედა ჰყავს ავად, ვერ დათანხდა.

სიის მიხედვით „ნაციონალებს“ კირნათში აგიტაციაში ეხმარება ხელვაჩაურის სტაციონარული კლინიკის დირექტორი როლანდ დიდმანიძე. ის „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროსაც და ახლაც, საპარლამენტო არჩევნებზე, ეხმარება „ნაციონალურ მოძრაობას“ კირნათსა და მარადიდში. იგი მის ფუნქციას ასე ხსნის: „მივდივარ, განწყობებს ვეცნობი, ხისტად კი არა, რბილად ვესაუბრები ადამიანებს“.

მსგავსი სამსახურისთვის ზონაზე მიმაგრებულ ავტორიტეტულ პირებს „ნაციონალური მოძრაობა“ თანხას არ უხდის.

„ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში ასევე შედის ინფორმაცია იმ პირებზე, ვინც საჯარო სამსახურებში მუშაობენ. მათთვის ცალკე ცხრილია შექმნილი. აქაც მითითებულია საჯარო მოხელეების ტელეფონისა და პირადი ნომრები, ასევე ფაქტიური, იურიდიული მისამართი და განსაზღვრულია მათი სამოქმედო არეალი. მარტო ახალშენის საარჩევნო ზონაში, კოორდინატორების გარდა, კიდევ 24-წევრიანი სათადარიგო, ავტორიტეტული და საჯარო პირთა სია აქვთ.

საარჩევნო ზონებზე მიმაგრებულ ავტორიტეტულ პირთა სიაში საჯარო მოხელეებისა და სამართალდამცავ სტრუქტურებში დასაქმებული პირების გარდა არიან ბიზნესით ან მცირე ბიზნესით დაკავებული პირები. ასევე, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები და მცირე რაოდენობით უმუშევარი ავტორიტეტებიც. აჭარის მასშტაბით "ნაციონალურ მოძრაობას" ავტორიტეტულ სიაში 300-მდე ასეთი პირი ჰყავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ შტაბებში ასობით ადამიანის შესახებ პირადი ინფორმაცია აქვთ, „ბათუმელებთან" კი რამდენიმე მათგანმა განმარტა, რომ მათ ნებაყოფლობით მსგავსი ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობისათვის" არ მიუწოდებიათ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის, პარმენ ჯალაღონიას თქმით, ამ ინფორმაციის მოპოვებას „ნაციონალური მოძრაობა“ ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენების გარეშე ვერ შეძლებდა, რადგან პირად ნომრებზე წვდომა მხოლოდ პოლიციასა და სამოქალაქო რეესტრს აქვს.
I VOTE



გაზეთი "ბათუმელები"

წყარო: http://www.netgazeti.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა