ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
"გასაკეთებელი კიდევ ბევრია" ანუ რა ეცოტავება ხელისუფლებას
20 მაისი, 2010 წ.

ნატო გოგელია, გურია ნიუსი

19.05.2010 - 10 მაისს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ ბრიფინგი გამართა. ხარატიშვილის განცხადებით, მიმდინარე პერიოდში, მოიმატა საბიუჯეტო შემოსავლებმა და ადგილობრივ ბიუჯეტში გაჩნდა საბიუჯეტო დანაზოგების განკარგვის შესაძლებლობა. საარჩევნო პერიოდში დასაშვებია მხოლოდ იმ ტრანსფერების გახორციელება, რომელიც არჩევნების გამოცხადების დანიშვნის დღემდე იყო დაგეგმილი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდა, რომ არ განახორციელონ ისეთი პროექტები, რომელიც არჩევნების გამოცხადებამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტში, ან არ განახორციელონ დაუგეგმავი საბიუჯეტო ტრანსფერები, რათა არ იქნას დარღვეული საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 პრიმა პუნქტი.

ის, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, უცხო არ არის ოპოზიციისთვის _ ჩოხატაურში მოღვაწე ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა ძალა და რესურსი გამოიყენა: კეთდება ნოდარ დუმბაძის სკვერი, იგება ფილები, აქტიურად მიმდინარეობს შუა ფარცხმის წყალსადენის მშენებლობა, დაბის გამრიცხველიანების პროცესიც დაჩქარებულ ტემპში ხდება. ოპოზიცია ამბობს, რომ მუნიციპალიტეტების გამგებლების მმართველი პარტიის ხელმძღვანელებად დანიშვნაც სწორედ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მიზნით მოხდა.

 

მამუკა დოლიძე, რომელიც რამდენიმე დღეა, რაც გამგებელი აღარ არის, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა:

ყველა სამუშაო, რაც ახლა ჩოხატაურში მიმდინარეობს, 2009 წელს დაიგეგმა, _ გვითხრა დოლიძემ.

ხელისუფლებამ ძალიან კარგი გათვლა გააკეთა. ბუნებრივია, რომ 2009 წელს იცოდით არჩევნების თარიღი, ამიტომაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, დაიწყეთ სარემონტო სამუშაოები.

სარემონტო სამუშაოები ჩოხატაურში შარშან და შარშანწინაც კეთდებოდა, მაშინ არ იყო არჩევნები. არ შეიძლება ყველა საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, არჩევნებს დავუკავშიროთ.

ეს ყველას უხარია, მაგრამ რატომ არ გააკეთეთ უფრო ადრე?

ამინდების გამო. ალბათ, არავინ შემეკამათება, რომ გაზაფხულის დასაწყისში ძალიან ცუდი მეტეოროლოგიური პირობები იყო. ავდარში კი შეუძლებელია სარემონტო სამუშაოების ჩატარება.

ავდარში იმის შესაძლებლობა ხომ არის, რომ გამგეობაში მოსულ ადამიანებს დახმარება გაუწიოთ, თბილად მოექცეთ და ის არ უთხრათ, რომ მათი დანახვა ყელში ამოგივიდათ?

ვერავინ იტყვის, რომ ჩემთან მოსულ ადამიანს უხეშად მოვექეცი ან შეურაცხყოფა მივაყენე. მარტო გასულ წელს, ერთჯერად დახმარებაზე 42 000 ლარი გაიცა, წლეულს კი  32 000 ლარი. შემიძლია, ისიც გითხრათ, შარშანწინ რამდენი გაიცა. მაშინაც ხომ არჩევნები არ იყო? ყველაფრის არდანახვა არ შეიძლება.

არ შეიძლება ისიც არ დავინახოთ, რომ არსებობს უამრავი გაჭირვებული ადამიანი, არ დავინახოთ, რომ ამ ფონზე თქვენი ხელფასი ათას ლარს აღემატება, არ დავინახოთ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს თავისუფალი სიტყვის შესაზღუდად...

ვერ დამისახელებთ ერთ ფაქტსაც, როდესაც მე ვინმეს სიტყვის თავისუფლება შევუზღუდე. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველაფერი იდეალურადაა. პირიქით, ვამბობთ რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

გაკეთებული კი ძალიან ცოტა...

ვერ დაგეთანხმებით. გაკეთებული ნამდვილად არ არის ცოტა. ცოტას ვერ დავარქმევთ, რომ დაბა მთლიანად გაზიფიცირებულია და ბევრ სოფელს აქვს საშუალება ისარგებლოს ბუნებრივი აირით, რომ ყველას სახლში 24 საათის განმავლობაში შუქი ანთია, ცოტა არ არის, რომ გზები დაიგო და იგება...

მაგალითად, ძალიან ცოტაა დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი.

გეთანხმებით. ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა დასაქმებაა. მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე.

გასულ კვირას, რედაქციაში მცირე მეწარმეების წერილი შემოვიდა, სადაც აღნიშნულია, რომ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა ნებადართულია სხვა რაიონების წარმომადგენლებისთვის. ისიც გვითხრეს, რომ როცა კითხვა დაისვა, ჩვენი ხმა საჭირო აღარ არისო? ერთი ჩინოვნიკის დედას უთქვამს, ერთი და ორი ხმა ვერაფერს წყვეტსო. ეს მიდგომა მისაღებია?

ჩვენ ხმების გულისთვის არაფერს ვაკეთებთ _ საქმე საჭიროების მიხედვით კეთდება. გარევაჭრობის საკითხზე მუნიციპალიტეტის ხელისუფლება კარგა ხანია მუშაობს და ეს ის საკითხი ნამდვილად არ არის, რომლის მოგვარება ერთი ხელის მოსმით არის შესაძლებელი.

გამგეობის შენობაში ბოლო დღეებში ხშირად დადიხართ. ვიცით, რომ რწმუნებულებს ხვდებით. კანონი ამას გიკრძალავთ და სწორედ ამას ჰქვია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

ერთხელ უკვე ვთქვი თქვენთან საუბრისას, რომ რაც გამგებლის თანამდებობიდან გადავდექი, არც გამგეობაში ვყოფილვარ და არც რწმუნებულებს შევხვედრილვარ.

ბატონო მამუკა, ვლადიმერ სიხარულიძეს საკმაოდ დიდი თანამდებობა ჩააბარეთ, თუმცა მან იქ დიდხანს ვერ გაძლო და დღეს ოპოზიციის კანდიდატია. მისი თქმით, ოპოზიციაში მხოლოდ იმიტომ გადავიდა, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მისი საკრებულოში მოხვედრის სურვილი. თუკი სიხარულიძე თქვენთვის ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, რომ ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობა ჩააბარეთ, რატომ არ შეიყვანეთ პარტიულ სიაში ან რატომ არ დააყენეთ თქვენი პარტიის სახელით კანდიდატად?

ვლადიმერ სიხარულიძეს ჰქონდა სამსახური, სადაც თავის საქმეს აკეთებდა. მე, როგორც პარტიის ხელმძღვანელმა, მივიღე გადაწყვეტილება და შუაგანახლებაში ისეთი კანდიდატი დავაყენე, რომელსაც უფრო ახლებური მიდგომა აქვს და უფრო ენერგიულია.

სარწმუნო წყაროები ამბობენ, რომ ვლადიმერ სიხარულიძე ოპოზიციას თქვენ შეუგდეთ, რათა იცით, რომ შუაგანახლებაში გაიმარჯვებს და შემდგომ ამისა, სათქმელი გექნებათ, ჩვენი საკრებულო ერთპარტიული არ არისო.

არავითარ შემთხვევაში.

ორი დღის წინ, სოფელ ბუკისციხის მაჟორიტარმა კანდიდატმა "ალიანსი საქართველოდან" კოტე სიხარულიძემ კანდიდატურა მოხსნა, როგორც გვითხრეს "ნაციონალებთან გარკვეული გარიგების სანაცვლოდ. რა როლი ითამაშა მამუკა დოლიძემ ედიშერ სიხარულიძის კონკურენტის ჩამოშორებაში?&ნბსპ;

როცა დეპუტატობის კანდიდატებზე შევჩერდით და სოფლებში წარვადგინეთ, მთავარი განმსაზღვრელი ის იყო, რომ ყოფილიყვნენ ავტორიტეტულები და დაეკმაყოფილებინათ ის მოთხოვნები, რაც უნდა გააჩნდეს ადამიანს ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. აქედან გამომდინარე, არავისთან გარიგება არ გვჭირდება. ჩვენ არჩევნებს მოვიგებთ გაკეთებული საქმეებით და იმით, რომ საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ რისი გამკეთებელია, თუმცა დავამატებ, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ნაციონალური  ლოზუნგი არ ავიწყდება დოლიძეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა