ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
არასამთავრობოების ნაწილის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები თეთრიწყაროს ოლქში მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა
 არასამთავრობოების ნაწილის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები თეთრიწყაროს ოლქში მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა
20 ოქტომბერი, 2016 წ.
არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, N 32 თეთრიწყაროს ოლქში არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა, რამაც გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგზე.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა: ”სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი”, ”სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი” და ”ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საკუთარი ანგარიში წარადგინეს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ ანგარიშში საუბარია 2016 წლის 8 ოქტომბერის არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დოკუმენტებთან ერთად ვიდეომასალაც წარადგინეს, სადაც მათი მტკიცებით, საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა ხმის მიცემის პროცედურების უხეში დარღვევა.

”წინასაარჩევნო პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დაკავებული იყვნენ საარჩევნო სუბიექტების პლაკატების გაკვრით და სწევდნენ აგიტაციას პარტია ”ქართული ოცნების” და მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოდერძი ჩანქსელიანის სასარგებლოდ. ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან აგიტაცია გრძელდებოდა არჩევნების დღესაც, უშუალოდ საარჩევნო უბანზე. ხორციელდებოდა ღია იძულებითი ხმის მიცემა თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების უშუალო მონაწილეობით, საუბნო კომისიის წევრების ხელშეწყობით და დახმარებით. რამდენიმე საარჩევნო უბანზე დალუქულ ყუთში არსებული ბიულეტენების რაოდენობა იყო იმაზე მეტი ვიდრე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ხელმოწერები, რაც მიუთითებს არჩევნების აშკარა გაყალბებაზე. ასევე ხდებოდა ”ქართული ოცნების” ე.წ. კოორდინატორების მხრიდან უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესში, როგორც უშუალოდ უბნის შიგნით ასევე უბნის გარეთ”, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის ”ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” წარმომადგენელმა მანანა ანდღულაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, დაირღვა ამომრჩევლის ფუნდამენტური უფლება ხმა მიეცა მისთვის სასურველი კანდიდატისთვის, კერძოდ, რიგ საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრები ბიულეტენებს ხევდნენ იმგვარად, რომ საარჩევნო სუბიექტი N 1 „ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ არ იყო ასახული ბიულეტენზე. მათივე თქმით, ბათილად იქნა მიჩნეული 1 000-ზე მეტი ბიულეტენი, რაც N 32 ოლქში მოსული ამომრჩევლის 5%-ია, რამაც გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგეზე.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები თეთრიწყაროს ოლქში ჩატარდა არათანაბარ პირობებში.

”საპარლამენტო არჩევნები 32-ე თეთრიწყაროს ოლქში ჩატარდა არათანაბარ პირობებში, მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე. ასევე იკვეთებოდა საარჩევნო კომისიის წევრების ინტერესი სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ, რაც იძლევა გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ N 32 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელ ოქმში არსებული შედეგები არ ასახავს ამომრჩევლის რეალურ ნებას ”, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლადამცავთა რეფორმირების ცენტრის” წარმომადგენელმა ზვიად კუპრავამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, მათ დარღვევებთან დაკავშირებით არაერთი საჩივარი დაწერეს როგორც საოლქო კომისიაში, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თუმცა მათი საჩივრის განხილვა და მათზე რეაგირება არ მოხდა.

ipn.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა