ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
ანი მიროტაძე - ჩემი დამარცხება ოჯახების მოსყიდვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა
 ანი მიროტაძე - ჩემი დამარცხება ოჯახების მოსყიდვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა
13 ოქტომბერი, 2016 წ.
ჩემი დამარცხება ოჯახების მოსყიდვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, - ამის შესახებ „ეროვნული ფორუმის“ ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატმა ანი მიროტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ანი მიროტაძემ აღნიშნა, ჭიათურაში არჩევნები რამდენიმე მილიონზე გაიყიდა.

„ვაკეთებ პირველ შეფასებას ჭიათურის საარჩევნო ოლქში ჩატარებული და გაყალბებული არჩევნების შესახებ, სადაც მე და ჩემი ქალაქი დავმარცხდით სახელისუფლო სისტემის და ე.წ. მარგანეცის მაფიის ერთობლივი მცდელობის შედეგად, ისევე როგორც, პოლიტიკური სპექტრი და მთელი ქვეყანა დამარცხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სისტემურ შეთქმულებასთან საქართველოს წინააღმდეგ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჭიათურაში არჩევნები გაიყიდა რამდენიმე მილიონზე, რომელიც თითოეულ ოჯახში შევიდა „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატის მხრიდან, რომლის უკანაც, იდგა ე.წ. მარგანეცის მაფია, „ჯორჯიან მანგანეზის“ და მარგანეცის მომპოვებელი კომპანიების სახით“, - განაცხადა მიროტაძემ.

მიროტაძის თქმით, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, როდესაც მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი იყო შანსები და თითოეული კანდიდატის რეიტინგი, ცხადი გახდა, რომ მისი დამარცხება ოჯახების მოსყიდვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

„ამიტომ სახელისუფლო სისტემამ, ე.წ. მარგანეცის მაფიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“: თავის მხრივ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და განსაკუთრებით არჩევნების ღამეს, ხაზს ვუსვამ, არჩევნების ღამეს, საკუთარი კოორდინატორების და აგიტატორების მონაწილეობით, დაარიგეს გარკვეული რაოდენობის თანხები და მხოლოდ ასე მოიგეს არჩევნები. სამწუხაროდ, წესიერება და ამ ქალაქის მომავალი გაიყიდა დიდ ფულზე და მე ამ პროცესის შეჩერება ვერ მოვახერხე“, - განაცხადა მიროტაძემ.

როგორც „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, დღეს ჭიათურა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესშია - მეორე ტურში არჩევანი უნდა გააკეთოს ორ ცუდ არჩევანს შორის - „ქართული ოცნების“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატებს შორის.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების კანდიდატის სულხან მახათაძის უკან დგას ბიძინა ივანიშვილის და მაგული ივანიშვილი და მთელი სახელისუფლო რესურსი, ხოლო „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატის თემურ გაფრინდაშვილის უკან ე.წ. მარგანეცის მაფია, რომლის შემადგენელიც არის „ჯორჯიან მანგანეზი“ და მარგანეცის მომპოვებელი კერძო კომპანიები.

როგორც მიროტაძემ აღნიშნა, ორივე არჩევანი დამღუპველია ამ ქალაქისათვის, თუმცა ეს დამღუპველი არჩევანი გარდაუვალია.

„როდესაც ჭიათურის მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრა გადავწყვიტე, ზუსტად ვიცოდი, სადაც მივდიოდი და ვიცოდი, რასაც დამიპირისპირებდნენ, მაგრამ მაინც გავრისკე და წავედი ქალაქში, სადაც ჩემი ახლობლები და ნათესავები ცხოვრობენ და მათი და ზოგადად, ამ ქალაქის ბედი, ჩეთვის სულ ერთი არ არის. ვალდებულებაც მქონდა ამ ქალაქის წინაშე, რადგან ჩემი სამშობლო ჭიათურიდან იწყება. იმედი მქონდა გონიერება და მომავლის იმედი გაიმარჯვებდა, მაგრამ იმედი და გონიერება გაიყიდა ფულზე და გაიცვალა უიმედობაზე, რაც ძალიან სამწუხაროა.

ბევრი ვიფიქრე, უნდა მეთქვა თუ არა რამე ჭიათურაში განვითარებული პროცესების შესახებ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წინ მეორე ტურია და ქალაქს საბოლოო არჩევანი აქვს გასაკეთებელი. მაინც გადავწყვიტე, ძალიან ხმამაღლა ვუთხრა ამ ქალაქს - აღარ გაყიდოთ საკუთარი არჩევანი და თქვენი მომავალი ფულზე. არ შეიძლება. ეს საკუთარი თავის ღალატი და სამშობლოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობაა“, - განაცხადა მიროტაძემ.

როგორც „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, დღეს ჭიათურაში საგანგაშო ვითარებაა. ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. მისივე თქმით, თუ ის ნგრევა გაგრძელდა, რომელიც იმ ქალაქში მიმდინარეობს, ჭიათურა სიკვდილის ზონად გადაიქცევა. ეს გადაჭარბებული შეფასება არ არის, რეალობაა.

„სწორედ ამიტომ, მოგმართავთ თქვენ, ბატონო ბიძინა, მე მინდოდა ამ ნგრევის და რეგრესის შეჩერება და ამ ქალაქისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენაში ჩემი წვლილის შეტანა. ეს იქნებოდა რთული, მაგრამ შესაძლებელი. თუმცა მაფიამ და სახელისუფლო სისტემამ ამის შესაძლებლებლობა არ მომცა. არ ვიცი, როგორ იქნება ამ კანდიდატების შემთხვევაში, რადგან „ქართული ოცნების“ კანდიდატი ძალიან წარუმატებელი ყოფილი გამგებელია და მას რამის გაკეთების შნო და სურვილი ჰქონოდა და თვითონაც რომ არ ყოფილიყო ჩართული ე.წ. „ბიზნესვნებებში“ გამგებლობის პერიოდშიც მოახერხებდა. ხოლო მეორე კანდიდატი ბიზნესმენია, ვაზუსტებ, მემარგანეცე და ისიც ზუსტად ისევე მონაწილეობს ამ ქალაქის ნგრევაში, როგორც სხვები. და რადგან თქვენ გადაწყვიტეთ ბატონო ბიძინა, რომ ისევ იყოთ პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, სწორედ ამიტომ მოგმართავთ - შეაჩერეთ ამ ქალაქის ნგრევა, შეაჩერეთ ჭიათურის სიკვდილის ზონად ქცევა! მე მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ შანსი არ დამიტოვეთ“, - განაცხადა მიროტაძემ.

მან ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა, ვინც მხარი დაუჭირა, ვინც ბოლომდე იდგა მის გვერდით და იბრძოდა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში.

„მადლობა მათაც, ვისზეც გარკვეული ზეწოლები განახორციელეს სხვადასხვა მეთოდებით ( და ასეთი ბევრი იყო), რომ ხმა ჩემს წინააღმდეგ მიეცათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს და სახლში დარჩნენ. მადლობა ყველა ჩემს გულშემაკტივარს და ახლობელს. არ ვუხდი მადლობას და ამას შეგნებულად ვაკეთებ იმისთვის, რომ საკუთარ თავში და გულებში ჩაიხედონ, ვინც საკუთარი არჩევანი გაყიდა და ხმის მიცემაში ფული აიღო. არ გადაგიხდით ამისთვის მადლობას, რადგან თავმოყვარეობა და იმედი ასე არ იყიდება. განსაკუთრებით მოგმართავთ თქვენ - აღარასოდეს აღარ გააკეთოთ ეს. ასე ვერც თქვენს შვილებს და ოჯახებს უშველით, ვერც ქალაქს და ვერც სამშობლოს. რაც შემეხება მე - რა თქმა უნდა, ვრჩები ჩემი ქალაქის გულშემატკივრად, რა თქმა უნდა, მზად ვარ ვიყო თქვენს გვერდით და რა თქმა უნდა, ბრძოლა გრძელდება“, - განაცხადა მიროტაძემ.

ipn.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა