ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
რურუა „სისულელეს“ უწოდებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გამონათქვამს „ლენინიზმზე“
24 აგვისტო, 2012 წ.
საქართველოს კულტურის მინისტრმა, ნიკა რურუამ „სისულელე“ უწოდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკარდო მილიორის შეფასებას იმის თაობაზე, რომ „არის ლენინიზმის მცირედი ნაწილი ამ საარჩევნო კამპანიაში“. "ლენინიზმი არის, როდესაც ხდება არა პროგრამების წარმოდგენა, არამედ მცდელობა გაანადგურო მტრები", – განუცხადა 22 აგვისტოს მილიორიმ ჟურნალისტებს თბილისში სამდღიანი ვიზიტის დასასრულს.

„გამოთქმა აბსოლუტურად უადგილოდ მიმაჩნია“, – განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა 23 აგვისტოს, როცა მას ჟურნალისტებმა თხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის „ლენინიზმთან“ დაკავშირებულ გამონათქვამზე, „აბსოლუტურად არ ვეთანხმები და ეს არის სრული სისულელე“.

„მისი გამომთქმელის მოტივაციას დავაყენებდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ლენინიზმი ან კარგად არ იცის რა არის იმიტომ, რომ ამის ისტორიული ფაქტები არსებობენ. ლენინიზმი ნიშნავს არათავისუფალ ქვეყანას, არანაირ შეჯიბრებითუნარიანობას, სიტყვის თავისუფლების აბსოლუტურად არ ყოფნას და პოლიტიკური ოპონენტების პირდაპირ დახვრეტას. მას თუ ასეთი შთაბეჭდილება დარჩა საქართველოზე, ეს ადამიანი უმჯობესია აღარ იყოს...“, – თქვა მან და ამ მომენტში ჟურნალისტმა შეაწყვეტინა სიტყვა იმის შესახსენებლად, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტზე იყო საუბარი.

„არ აქვს მნიშვნელობა“, – განაგრძო რურუამ, „სისულელე სისულელეა ნებისმიერი ადამიანისგან“.

წინასაარჩევნო გარემოს შემფასებელი სამდღიანი ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ოთხწევრიანმა მისიამ შეშფოთება გამოხატა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის „საეჭვო გადაწვეტილებებზე“, ასევე სასამართლო სისტემასთან მიმართებაში და გამოთქვა იმედი, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ კვირებში საქართველოს ხელისუფლება „ყველა პარტიისთვის თანაბარ პირობებს შექმნის“. დელეგაციამ ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება ძალისხმევას, რომელიც მიზნად ამომრჩეველთა სიის დაზუსტებას, ასევე საარჩევნო კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობას და ქვეყნის მასშტაბით მედიის ხელმისაწვდომობას ისახავდა. ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა რომ საქართველომ კავკასიაში უმნიშვნელოვანესი ქვეყანა და დემოკრატიის კუთხით ნათელი წერტილია.

მმართველი პარტია მიესალმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის რეკომენდაციებს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ზოგიერთი ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც დელეგაციის წევრებმა შეფასებები გააკეთეს, ივანიშვილის ოპოზიციური კოალიციის „ლობისტების“ მიერ იყო მიწოდებული და არ იყო ზუსტი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავიმარჯვოთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში. ამ მიზნით, უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, ადრეულ ეტაპზე მოვიწვიეთ საერთაშორისო ორგანიზაციები წინასაარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად... ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მზად არის არჩევნებამდე დარჩენილი დღეები [38] მაქსიმალურად გამოვიყენოთ იმისათვის, რომ საკუთარი წვლილი შევიტანოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში და დადებითად ეხმიანება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის რეკომენდაციებს“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერმა, დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა 23 აგვისტოს და იმ დადებით მომენტებს გაუსვა ხაზი, რაც დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს თავიანთ განცხადებაში.

თუმცა მან ასევე განაცხადა: „კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ის ინფორმაცია, რომელიც წარდგენილი არის საერთაშორისო დამკვირვებლებისათვის კონკრეტული პარტიის ლობისტების მიერ, არ არის ზუსტი“.

სიტყვა „ლობისტები“ გამოიყენა საქართველოს მთავრობამ კოალიცია „ქართული ოცნების“ საბანკო ანგარიშების დაყადაღებაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც კონკურენტი ძალა „ცილისწამების კამპანიის“ წარმოებაში დაადანაშაულა.

ეს განცხადება იმავე დღეს მოგვიანებით გავრცელდა მას შემდეგ, რაც 21 აგვისტოს ევროპის საბჭოს თანამომხსენებლებმა შეშფოთება გამოთქვეს „ქართული ოცნების“ საბანკო ანგარიშების საწინააღმდეგო ზომების გატარების გამო. ამას დაერთო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შეფასებები წინასაარჩევნო გარემოზე.

22 აგვისტოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება დროებით გადადოს კოალიციაში შემავალი პარტიებისთვის დაკისრებული ჯარიმის ამოღების პროცესი.

ამას გარდა, დღეს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ ოფისის გარშემო მდებარე ღობე აიღეს და ტერიტორია სამშენებლო ნაგავისგან გაათავისუფლეს, რასაც კოალიცია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პერმანენტულად ითხოვდა.

ივანიშვილის კოალიციამ ხელისუფლების ბოლო დროინდელი ქმედებები მმართველი პარტიის მიმართ საერთაშორისო „ზეწოლას“ დაუკავშირა.

„ეს იყო ძალიან სერიოზული ზეწოლა საქართველოს მთავრობისთვის და ნაციონალური მოძრაობისთვის დასავლელი პარტნიორების მხრიდან და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მათ რამდენიმე ასეთი ქმედება განახორციელეს ამის შემდეგ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ ეს ჯერ დასაწყისია და „აუცილებლად გაძლიერდება მომავალ კვირებში“.

„საბოლოო ჯამში ეს [ზეწოლა] არის ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს თანაბარი სათამაშო პირობების შექმნას არჩევნების წინ“, – აღნიშნა მან.

წყარო: http://www.civil.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა