“სააპელაციო სასამართლომ ჩვენი არგუმენტები არ გაითვალისწინა და 65 000 ლარის გადახდა მოგვიწია”
  “სააპელაციო სასამართლომ ჩვენი არგუმენტები არ გაითვალისწინა და 65 000 ლარის გადახდა მოგვიწია”
27 თებერვალი, 2014 წ.
როგორც ქეთი ზაქარეიშვილმა “პირველ პრესკლუბში” გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “დემოკრატიული მოძრაობისთვის” დაკისრებული ჯარიმა იმაზე მიუთითებს, რომ “ქართული ოცნება” პარტიას მიზანმიმართულად ებრძვის.


“სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა “დემოკრატიული მოძრაობა” 65 000 ლარის ოდენობით დააჯარიმა. აუდიტის სამსახური სრულიად უსამართლოდ გვედავება, თითქოს ჩვენ შემოწირულობები 32 000 ლარის ოდენობით დავმალეთ. ჩვენ ზედმიწევნით ვაბარებდით აუდიტის სამსახურს იმ 5-დღიან დეკლარაციებს და 3-კვირიან დეკლარაციებსაც. სასამართლო განხილვის დროს მოსამართლე ილონა თოდუამ, რომელმაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ზარზეიმით ჩამოართვა, არ გაითვალისწინა ჩვენი არცერთი არგუმენტი და ერთი-ერთზე გადმოიწერა სამართალდარღვევის ოქმი და დააკმაყოფილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნა. ჩვენ ყველა სამართლებრივი ბერკეტი გამოვიყენეთ, რომელიც ჩვენს ხელთ იყო, მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს და მან კვლავ არ გაითვალისწინა ჩვენი არცერთი მტკიცებულება, არგუმენტი და არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ 65 000 ლარის გადახდა მოგვიწია”, - განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის” იურიდიული სამსახურის უფროსმა.

მისივე თქმით, “სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სადამსჯელო ფუნქცია აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი კონსტიტუციური არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან პრევენციული ხასიათის ღონისძიებები უნდა გაატაროს და მისი პირველი ფუნქცია, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მონიტორინგია”.

“ჩვენი არცერთი გადაწყვეტილება და მტკიცებულება აუდიტის სამსახურის და შესაბამისად, შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული, რაც სერიოზულ ეჭვს ბადებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არის ეს “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” საერთო ინტერესი, რადგან როგორც თქვენ გახსოვთ, თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობა” მიზანმიმართულად ებრძოდა “ქართულ ოცნებას” და ზუსტად ახლა, “ქართული ოცნება” ებრძვის “დემოკრატიულ მოძრაობას”, სხვანაირად ამ გადაწყვეტილების შეფასება მართლა შეუძლებელია”, - აღშნინა ზაქარეიშვილმა.

“დემოკრატიული მოძრაობა” სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არსებული კანონმდებლობის თანახმად ვერ გაასაჩივრებს.

http://pia.ge/show_news.php?id=5722&lang=geo
ბეჭდვა