არ ვართ ისეთი მდიდრები, რომ იაფფასიანი საქონელი ვიყიდოთ, - მარნეულის გამგებელი
16 დეკემბერი, 2013 წ.
რაიონული გამგეობები ახალ ავტომობილებს ყიდულობენ. ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ამ შესყიდვისთვის გამოყოფილი ექვსნიშნა რიცხვი კი, მედიის ყურადღებას იქცევს. ერთ-ერთ ასეთ 170 000 ლარიან შესყიდვას 4 ავტომობილზე მარნეულის გამგეობა აცხადებს.

Humanrights.ge დაინტერესდა, რატომ და რომელი თანამდებობის პირებისთვის ყიდულობს გამგეობა აღნიშნული ღირებულების ავტომობილებს. მარნეულის გამგებელი ასეთ ფრაზას გვახსენებს. ,,ხომ იცით გამონათქვამი, - არ ვართ ისეთი მდიდრები, რომ ვიყიდოთ იაფფასიანი საქონელი. ჩვენ მუნიციპალიტეტს ავტოპარკი პრაქტიკულად არ აქვს. ის ავტომობილები, რომლებიც აქ, თანამდებობაზე დანიშნვის შემდეგ დამხვდა, მწყობრიდან გამოსულია. დავინტერესდი, რა გვიჯდებოდა ამ ავტომობილების შენახვა და გაირკვა, რომ წელიწადში გვეხარჯება 100 000 ლარამდე. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება ვიყიდო 4 ახალი ავტომობილი 5 წლის გარანტიით. მე არ მიმაჩნია, რომ 170 000 ლარი ოთხი ხუთწლიანი გარანტიის მქონე ავტომობილისთვის ძვირია. ჩვენ ამ გადაწყვეტილებით გაცილებით მეტი თანხის ეკონომიას ვახდენთ“, - საუბრობს მარნეულის გამგებელი, მერაბ თოფჩიშვილი. ამბობს, რომ გამგეობის რიგი სამსახურები ავტომობილის გარეშეა დარჩენილი. კითხვაზე ვინ ივლის აღნიშნული ახალი ავტომობილით გვაპასუხობს, რომ ეს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ სავარუდოდ, მათ შორის მისი მოადგილეებიც იქნებიან: ,,მე მყავს უკვე სამსახურეობრივი ავტომობილი და ნამდვილად არ ვყიდულობ ამათ ჩემთვის“, - დაძენს თოფჩიშვილი.

ქვემო ქართლის რეგიონში ახალი ძვირადღირებული ავტომობილების მიმართ ინტერესს გარდაბნის გამგეობაც გამოხატავს. ამაწლის ზაფხულში მათ 79 551 ლარის ღირებულების TOIOTA LANDCRUISER -ის ჯიპი შეიძინეს. აღნიშნული შესყიდვის განხორციელების შემდეგ გარდაბნის მწირ ბიუჯეტზე და ,,მორალზე“ თავად ის სამსხაური საუბრობდა, რომელმაც შესყიდვა განახორციელა: ,,კი ყველაფერი კანონიერად შევიძინეთ, მაგრამ კანონი ერთია და მორალი მეორეა. პირადად ჩემთვის მორალზე წინ არაფერი დგას. ასე, რომ ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება, საკრებულომ გადაწყვიტა ასე, ჩვენი სამსახური კი, ექვემდებარება საკრებულოს",- ამბობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსი, მარინა პირველი.

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი
http://humanrights.ge
ბეჭდვა