ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
ქარელის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცდა
26 დეკემბერი, 2011 წ.


ქარელის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტს საკრებულოს სხდმომაზე დამსწრე დეპუტატებმა (მათ შორის ოპოზიციამაც) ერთხმად დაუჭირეს მხარი და შესაბამისად მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მომავალი წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.



 



ქარელის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით, მომავალი წლის ასიგნების საერთო მოცულობა განსაზღვრულია 6 200,9 ათასი ლარით (2011 წელი 7898,8 - ათასი ლარი), აქედან შრომის ანაზღაურებას 1 116,3 ათასი ლარი უნდა მოხმარდეს (2011 წელი -1 555,9 ათასი ლარი), შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე გათვალისწინებულია 86,8 ათასი ლარი (2011 წელი 63,8 ათასი ლარი), მივლინებებზე  7,5 ათასი ლარი (2011 წელი - 7,0 ათასი ლარი), ოფისის ხარჯები - 229,0 ათასი ლარი (2011 წელი - 202,0 ათასი ლარი), მათ შორის მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის შეძენა და დამონტაჟების ხარჯი - 6,5 ათასი ლარი, საოფისე ინვენტარის შეძენა და დამონტაჟების ხარჯი - 7,5 ათასი ლარი, ოფისისათვის სანიტარული საგნებისა და საჭირო მასალების შეძენა 2,0 ათასი ლარი, საოფისე მოწყობილობების მიმდინარე რემონტის ხარჯი - 3,0 ათასი ლარი, კავშირგაბმულობის ხარჯი - 32,5 ათასი ლარი, კომუნალური ხარჯი - 53,0 ათასი ლარი, ოფისის ხარჯი რომელიც არ არის კლასიფიცირებული - 77,5 ათასი ლარი. სამედიცინო ხარჯები 9,0 ათასი ლარი (2011 წლის ბიუჯეტში ამ საკითხზე თანხა გამოყოფილი არ იყო), რბილი ინვენტარის, უნიფორმისა და პირადი ჰიგიენის საგნების შეძენის ხარჯები - 5,0 ათასი ლარი, ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლოატაციის და მოვლა-შენახვის ხარჯი - 119,0 ათასი ლარი (2011 წელი - 111,4 ათასი ლარი), საწვავ -საპოხი მასალის შეძენის ხარჯი - 73,0 ათასი ლარი, მიმდინარე რემონტის ხარჯი - 11, 0 ათასი ლარი, სათადარიგო ნაწილების შეძენა -16,0 ათასი ლარი, ტრანსპორტის დაქირავების (გადაზიდვა-გადაყვანა) ხარჯი - 18,0 ათასი ლარი, მცირეფასიანი ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების შეძენა-შენახვის ხარჯი - 1,0 ათასი ლარი, სხვა დანარჩენი ხარჯები და მომსახურება - 604,8 ათასი ლარი. სოციალური უზრუნველყოფა - 376,0 ათასი ლარი (2011 წელი -328,3 ათასი ლარი). რაც შეეხება სხვა საკითხებს, თავდაცვის ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულია 118,8 ათასი ლარი, მაშინ როდესაც 2011 წლის ბიუჯეტში ამ საკითხზე გამოყოფილი იყო 98,6 ათასი ლარი. მომავალი წლისათვის ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 535,0 ათასი ლარი (2011 წელი - 3 450,4 ათასი ლარი), გზის მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და მოვლა-შენახვას მოხმარდება - 71,0  ათასი ლარი (2011 წელი - 1 004,4  ათასი ლარი), სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობას, ექსპლოატაციასა და რეაბილიტაციას - 60, 0 ათასი ლარი ( 2011 წელი - 147,7 ათასი ლარი), გამწვანების ღონისძიებები - 40,0 ათასი ლარი (2011 წელი - 20,0 ათასი ლარი), გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 105.0 ათასი ლარი (2011 წელი - 180,9 ათასი ლარი).



 



ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პაატაა ღვინიაშვილის განცხადებით ბიუჯეტის შედგენის პროცესში მოსახლეობას საკუთარი სურვილიდან გამომდინარე შეეძლო მონაწილეობის მიღება, მისივე განმარტებით ბიუჯეტის დამტკიცებამდე მისი საჯარო განხილვაც მოეწყო, რომელსაც მოსახლეობაც ესწრებოდა და მათ შეხვედრის მიმდინარეობისას კითხვის დასმის საშუალებაც ჰქონდათ, თუმცა ჩვენს მიერ მიერ გამოკითხულ ადამიანებს შორის არც ერთი აღმოჩნდა ისეთი ვინც რაიმე იცოდა  2012 წლის ბიუჯეტზე და ან იმაზე თუ რა წერია შიგ. მოსახლეობა იმასაც ამბობს, რომ ისინი არც ბიუჯეტის საჯარო განხილვას დასწრებიან და არც ის იციან თუ საერთოდ მოეწყო მსგავსი რამ ქარელში.



 



ავთანდილ მეტრეველი: „2012 წლის ბიუჯეტზე საერთოდ არაფერი გამიგია, მე სოფელ კეხიჯვარში ვცხოვრობ და იქ რა პრობლემები გვაქვს ამაზე შემიძლია გესაუბროთ, სოფელში გზები საშინელ მდგომარეობაშია, ტაქსის მძღოლს ფული რამდენიც არ უნდა გადაუხადო ჩვენამდე მაინც არ წავა ისეთი ცუდი გზებია. წელს ვაშლის მოსავალიც ნაკლები მაქვს, შხამ-ქიმიკატების სიძვირის გამო ვაშლის ხეები ვერ შევწამლე და კარგი მოსავალი არ მომივიდა. სოფელში სარწყავი წყალი შედარებით კარგად გვქონდა, თუმცა არხებია გასაწმენდი.“



 



მანანა მჭედლიშვილი: „ბიუჯეტზე ნამდვილად არაფერი გამიგია ან ჩვენ ვინ რას გვაკითხებს?! შესაძლოა ბიუჯეტის საჯარო განხილვა მართლაც ჩატარდა და მას მხოლოდ ის ადამიანები დაესწრობოდნენ, ვინც სახელმწიფო სამსახურშია, ჩემნაირ გლეხს ვინ რას ეტყვის?! ჩვენთვის მაგ საკითხზე სასაუბროდ არავინ მოსულა და არც ისეთ ადამიანს ვიცნობ ვინც იტყვის, რომ რაღაც იცის ბიუჯეტზე.“



 



კარლო ჩიბიაშვილი: „პირველად მესმის თქვენგან ბიუჯეტზე რამე, მე მაგაზე ადრე არაფერი გამიგია. საშუალება, რომ მომცენ სიამოვნებით ჩავერთობოდი, მაგრამ ჩვენ რას გვაკითხებენ?! პენსიონერი კაცი ვარ, მარტოხელა, შეშა არ მაქვს და სულ სიცივეში ვარ, პოლისი მაქვს, მაგრამ ექიმთან ვერ მივდივარ.“



 



ავთო ფილიშვილი: „რა ბიუჯეტი, რის ბიუჯეტი, მე მაგ საკითხზე საერთოდ არაფერი გამიგია და არც ის ვიცი შიგ რა წერია, ხალხს ძალიან უჭირს, ზოგს უმუშევრობა აწუხებს, ზოგს უშეშობა.“



 



ნათია კახიძე: „მე არც 2012 წლის ბიუჯეტზე გამიგია რამე და არც იმაზე თუ ჩატარდა საერთოდ მისი საჯარო განხილვა, პირველად მესმის თქვენგან... ხალხს უკიდურეს ეკონომიკურ სიდუხჭირეში უწევს ცხოვრება, სახლში ორი დიპლომი მაქვს და მაღაზიაში გამყიდველად ვმუშაობ, პირად პრობლემებზე, რომ დავიწყო საუბარი ალბათ დღეს ვეღარ გავჩერდები.“



 



დალი აღნიაშვილი: „ბიუჯეტზე ნამდვილად არაფერი გამიგია, მაგრამ იმაზე შემიძლია გელაპარაკოთ, რაც ყველა ადამიანს აწუხებს, ხალხი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, ჩვენს ქვეყანაში დღეს ყველაფერი პრობლემაა. მე სოფელში ვცხოვრობ და იქ არსებულ ვითარებაზე ლაპარაკით თავს აღარ მოგაწყენთ, ყველამ კარგად იცის ისედაც რა სიტუაციაა სოფლად. სოფლის პროგრამის ფარგლებში, წელს კი რიტუალების სახლი აშენდა, რაც ყველა ჩვენგანის დიდი სურვილი იყო, სოფლის კრება ჩატარდა და მე განსაკუთრებით ვაქტიურობდი, ჭირისა თუ ლხინის დროს სახლში შეუძლებელია ბევრ ადამიანზე სუფრის გაშლა და ამით ეს პრობლემა მოგვეხსნა.“



 



ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით ბიუჯეტის შედგენის პროცესში აქტიურად იყო ჩართული ოპოზიცია და შესაბამისად ერთმანეთის აზრის გათვალისწინებით დაიგეგმა ბიუჯეტიც, რაც თავის მხრივ ოპოზიციამაც დაადასტურა. მისივე თქმით, ქარელის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის სფეროების დაფინანსება წინა წლებთან შედარებით გაზრდილია.



 



პაატა ღვინიაშვილი: „2012 წლის ბიუჯეტის შედგენის პროცესში მოსახლეობა ნამდვილად იყო ჩართული, რომ გითხრათ მთელი რაიონი იყო ჩართული-მეთქი მართალი არ ვიქნები, თუმცა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი იღებდა მონაწილეობას ამ პროცესში, ვინც დაინტერესებული იყო ყველა ჩაერთო. ბიუჯეტის საჯარო პროექტის განხილვა მოეწყო საზოგადოებაში, რომელსაც 30-40 ადამიანი ესწრებოდა. ხალხი საჯარო განხილვის შესახებ საქმის კურსში იყო, ინფორმაციის მიტანა საკრებულოს წევრებმა უზრუნველყვეს, ყველა სოფელს ყავს საკუთარი წარმომადგენელი საკრებულოში. არასამთავრობო სექტორი ბიუჯეტის შედგენაში არ იყო ჩართული, თუმცა ოპოზიცია აქტიურად იღებდა მონაწილეობას, საკრებულოში 5 ოპოზიციონერია და ყველა მათგანი ჩართული იყო ბიუჯეტის შედგენისას. ბიუჯეტი ისე გვაქვს დაგეგმილი, რომ ყველა საკითხი მათთვისაც მისაღები იყო და მხარიც დაუჭირეს. წინა წლებთან შედარებით სოციალური სფეროს დაფინანსება გაიზარდა მხოლოდ, ინფრასტრუქტურის ხარჯები იგივე დარჩა.“



 



რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ „მრეწველების“ ქარელის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ბონდო ლომიძესა და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრს ოლეგ მარგველაშვილს დავუკავშირდით, რომლებიც საკრებულოს წევრებიც არიან. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, როგორ დაძაბულად მიმდინარეობდა ბიუჯეტის განხილვის პროცესი შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებში და განსაკუთრებით აღსანიშნავია ოპოზიციური პარტიების წევრების ღია უკმაყოფილება მათი მუნიციპალიტეტების მომავალი წლის ბიუჯეტის მიმართ ( ოპოზიცია ბიუჯეტში ჩადებულ მთელ რიგ საკითხებში არ ეთანხმება ხელისუფლებას და მიიჩნევენ, რომ იგი არასწორადაა დაგეგმილი). კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, აქ ოპოზიციამ მომავალი წლის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა. გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტი ჯერ არ დამტკიცებულა, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები აქაც ამბობენ, რომ ბიუჯეტში არსებული მათთვის მიუღებელი მთელი რიგი საკითხების გამო, ისინი მომავალი წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ, თუმცა ქარელის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის დამტკიცებისას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სრული იდილია სუფევდა, „მრეწველების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტში არ არსებობს საკითხი რომელსაც არ ეთანხმება და შესაბამისად მან ამ ბიუჯეტს მხარი დაუჭირა. „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრი კი ამბობს, რომ იგი ბიუჯეტის დამტკიცებისას საკრებულოს სხდომაზე არ იმყოფებოდა, თუმცა როგორც თავად აღნიშნა ბიუჯეტში არსებობს რაღაც საკითხები, რომელსაც არ ეთანხმება.



 



ბონდო ლომიძე: „ბიუჯეტის შედგენის პროცესში ოპოზიცია აქტიურად იყო ჩართული და ჩვენი მოსაზრებების გაზიარებაც მოხდა, მე ის კაცი არ ვარ სადმე ჩემი აზრი გამოვხატო და ვინმემ არ გაიზიაროს. 2012 წლის ბიუჯეტი ჩემთვის მისაღებია, ყველაფერი დაიგეგმა იმის მიხედვით, რის საშუალებაც აქვს მუნიციპალიტეტს. მოსახლეობას რაც შეეხება, გამოკითხვა ჩატარდა და ისე მოხდა მათი აზრის გაგება.“



 



ოლეგ დემეტრაშვილი: „მე პირადად საკრებულოს სხდომას არ დავსწრებივარ ბიუჯეტის დამტკიცებისას, თუმცა მასში არის საკითხები, რომელსაც ვიზიარებ და არის საკითხები, რომელსაც არ ვიზიარებ.“   



 



ჩვენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგელებთანაც ვცადეთ გასაუბრება, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ შევძელით.







შორენა ხაბალაშვილი

 


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა